არის თუ არა 64 მლნ ლარით გაზრდილი განათლების სამინისტროს ბიუჯეტი უკეთესი ხარისხის გარანტია 2021 წლისთვის? – ნანა ტოხვაძე

541

საქართველოს პარლამენტში შესული ბიუჯეტის პროექტის ცალკეულ პარამეტრებთან, კერძოდ განათლების სამინისტროსთვის განსაზღვრულ დაფინანსებასთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას პოლიტიკური პლატფორმა “სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელი ნანა ტოხვაძე. მისი აზრით განათლების სისტემა სრულად ჩამოშლილია და ფუნდამენტური რეფორმირების გარეშე შედეგების მიღწევა გამორიცხულია, მზარდი ბიუჯეტი ან დამატებითი სახსრების გამოყოფა თავის მოტყუებაა და სხვა არაფერი:

2021 წლის ბიუჯეტის პროექტი განახლებული პარამეტრებით გაეგზავნა საქართველოს პარლამენტს, სადაც განათლების სამინისტროს დაფინანსება 64.5 მილიონითაა გაზრდილი და ჯამურად მილიარდ 802 მლნ. ლარს შეადგენს. ცხადია, ხარისხიანი განათლების სერვისების მიწოდებისთვის ფინანსური უზრუნველყოფა და მზარდი ბიუჯეტი მნიშვნელოვანი კომპონენტია. თუმცა, არის თუ არა 64 მლნ.-ით გაზრდილი განათლების სამინისტროს ბიუჯეტი უკეთესი ხარისხის გარანტია 2021 წლისთვის?

იმის გათვალისწინებით, რომ განათლების სისტემა სრულად ჩამოშლილია და ფუნდამენტური რეფორმირების გარეშე შედეგების მიღწევა გამორიცხულია, მზარდი ბიუჯეტი ან დამატებითი სახსრების გამოყოფა თავის მოტყუებაა და სხვა არაფერი. ერთადერთ სარგებლად შეიძლება მივიჩნიოთ მასწავლებელთა ხელფასების ზრდა და 100 ლარიანი დანამატი, რომელიც ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური კრიზისის გათვალისწინებით, დიდი ვერაფერი შეღავათია. ვისთვის იზრდება განათლების ბიუჯეტი? ნუთუ კვლავ  ბიუროკრატების შენახვას და პარტ-მუშაკებით გადავსებული სსიპ-ების რჩენას უნდა მოხმარდეს? ამის ნიშნებიც მრავლადაა ახალი ბიუჯეტის პროექტში.

განათლების ხარისხზე, მოსწავლე-მასწავლებლის საჭიროებასა და განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაზე რომ არ არის ორიენტირებული სისტემა, ამის საფუძვლიან ეჭვს აჩენს ის ფატქიც, რომ დისტანციურ, ონლაინ სწავლებაზე გადასული საჯარო სკოლების წარჩინებულ მოსწავლეთა კუთვნილი კომპიუტერების გადაცემა წელს რატომღაც ვერ „მოხერხდა“ და მომავალი წლისთვის გადაიდო. ცენტრალიზებული და პოლიტიზირებული სისტემის  გაჯანსაღებისთვის ვერც დამატებითი მილიონები გამოდგება და არც საერთაშორისო თუ ეროვნულ შეფასებაში გაუმჯობესდება მოსწავლეთა აკადემიური მიღწევები. 2021 წელს კვლავ გვეყოლება პოლიტიკური ნიშნით შერჩეულ-დანიშნული დირექტორები, უინტერნეტოდ დარჩენილი ათიათასობით მოსწავლე და წლიდან წლამდე გაუარესებული შედეგები საერთაშორისო რეიტინგებში.

COVID_19 პანდემიის გამო საზოგადოების მთავარი საზრუნავი ჯანმრთელობის უსაფრთხოების დაცვაა და ამ ფონზე, განათლების სისტემაში არსებულმა მწვავე პრობლემებმა დროებით უკანა ფლანგზე გადაინაცვლა.

თუმცა, ჩვენ ვერ დავემალებით იმ კატასტროფულ შედეგებს, რაც სისტემის გაუმართაობით და სამინისტროს უპასუხსმგებლო დამოკიდებულებით გვატყდება თავს,” – აცხადებს ნანა ტოხვაძე.

კომენტარები