დამატებითი შეზღუდვა შესაძლოა საღამოსა და ღამის საათებში გადაადგილების აკრძალვა იყოს – მაია ცქიტიშვილი

133

საკორდინაციო საბჭოს სხდომაზე, ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა და განაცხადა თუ რა დამატებითი ღონისძიებების დაწესებაა შესაძლებელი კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად:

„ახალი მონაცემებით, ისევე როგორც მთელი მსოფლიო, ჩვენც შევდივართ ახალ ფაზაში. დღეს დაფიქსირდა 2400 შემთხვევა. გასაგებია, რომ პოლიტიკური პროცესი ჩვენს ქვეყანაში ძალიან აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა ხშირ შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ, რომ ეს პროცესები ყოველგვარი წესების დაცვის გარეშე მიმდინარეობს და ბუნებრივია ეს ყველაფერი პირდაპირ აისახება ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდაზე.

თუ პოლიტიკური პროცესის ყველა მონაწილემ არ გაიაზრა, რომ მათ პასუხისმგებლობა აქვთ ამ პროცესში და არ დაიწყო ყველა წესის შესრულება, ეს მოგვიტანს ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრ ზრდას.

ჩვენთვის აუცილებელია, რომ მოხდეს, მთელი საზოგადოების კონსოლიდაცია, ყველა ჩვენგანის ამოცანაა, რომ დავიცვათ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა, თანამოქალაქეები და ეკონომიკა. ეს ძალიან მარტივია, ჩვენ უნდა დავიცვათ ყველა ის წესი, რომელიც არის დადგენილი და აპრობირებული მთელ მსოფლიოში.

მე შეგახსენებთ, რომ დღეისთვის პირბადის ტარება არის სავალდებულო, როგორც დახურულ სივრცეში ასევე ღია სივრცეებშიც. ასევე ქვეყნის მასშტაბით ყველა რესტორანი და საკვები ობიექტი მუშაობს 22 საათამდე. კვლავ იკრძალება ხალხმრავალი სოციალური აქტივობებისა და ღონისძიებების გამართვა.

რა თქმა უნდა საკორდინაციო საბჭო მსჯელობს იმაზე, თუ რა დამატებითი ღონისძიებები და რა წერტილოვანი შეზღუდვების დაწესება არის შესაძლებელი, რათა გავუმკლავდეთ და შევამციროთ ვირუსის გავრცელება. ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა სახის ღონისძიებები, როგორიც არის საღამოსა და ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა. ასევე, შეიძლება უქმე დღეებში, ან კვირის რომელიმე ერთ დღეს, ან სხვადასხვა დასახლებებში როგორც ტრანსპორტის, ისე სხვადასხვა ტიპის სავაჭრო ცენტრის ან სხვადასხვა სახის დიდი გადაადგილების, ბაზრობების ან ბაზრების მუშაობის შეჩერება.

ყველა არის წერტილოვანი ხასიათის ღონისძიება, რომელიც იქნება გამოყენებული იქ და იმ დროს, რომლის აუცილებლობაც იქნება ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე“ – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ავტორი
ნუცა ჯოხაძე

კომენტარები