შერიგების და თანასწორობის საკითხებში, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების თემაზე მომუშავე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა და ერთგვარი ანგარიში ჩააბარა საზოგადოებას:
„როგორც მოგეხსენებათ, ზუსტად ორი თვეა, რაც სახელმწიფო მინისტრის საპასუხისმგებლო პოსტს ვიკავებ. ამ პერიოდის განმავლობაში როგორც შერიგების, ასევე სამოქალაქო თანასწორობის მიმართულებით და აქტუალურ საკითებზე, ძალიან ინტენსიურად მუშაობასთან ერთად, გავმართეთ მრავალი შეხვედრა ადგილობრივ პარტნიორებთან, საერთშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წევრებთან.
ვეწვიე გამყოფი ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებს, ადგილზე გავეცანი საოკუპაციო ხაზზე არსებულ ვითარებას, შევხვდი ადგილობრივ მოსახლეობას, მოვისმინე მათი პრობლემები. დღეს ვესაუბრე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და არასამთვრობო ორგანიზაციებს, რომელთაც აქვთ მრავალწლიანი გამოცდილება კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების საკითხებში. დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ განვიხილეთ საქართველოს ჩართულობის და შერიგების, პოლიტიკის განხორციელების მდგომარეობა. ვიმსჯელეთ მისი შემდგომი რეალიზაციის ეფექტიან გზებზე, ასევე გავცვალეთ ინფორმაცია ჩვენი საქმიანობის თაობაზე და შევჯერდით სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტულ გზებზე.
ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან და მეგობარ სახელმწიფოსთან, კონსტრუქციულ რეჟიმში დიალოგის გზით, გვაქვს შეუთანხმებელი საზღვრის მონაკვეთებზე მსჯელობა და ვართ გადაწყვეტის პროცესში. ყოველი სახელმწიფო ცდილობს, საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე გადაჭრას ამგვარი თემები, ჩვენ განვაგრძობთ შესაბამის პროცესებს, არგუმენტებზე და ისტორიულ ფაქტებზე დაყრდნობით.
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული მდგომარეობის ფონზე, განსაკუთრებით მიუღებელია რუსეთის ფედერაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რამაც გამოიწვია საერთაშორისო მოლაპარაკების მორიგი რაუნდის ჩაშლა. ბუნებრივია ეს არის, ძალიან ნეგატიური გავლენის მქონე ქმედება, რომელიც საფრთხის ქვეშ აყენებს ზოგადად სამშვიდობო პროცესს, ისევე როგორც საქართველოს ხელისუფლების და საერთაშორისო პარტნიორობის ერთობლივ ძალისხმევას, რომელიც მომართულია ომით დაზარალებული მოსახლეობის, კიდევ უფრო დამძიმებული გამოწვევების დასაძლევად.
იმედი მაქვს, რომ რუსეთი დაუბრუნდება მოლაპარაკებების მაგიდას, ეს არის მნიშვნელოვანი ერთადერთი საერთაშორისო ფორმატი, სადაც საქართველო და რუსეთი მართავს პირდაპირ დიალოგს, ომის შედეგად რუსეთის მიერ, საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებების აღსრულების მხრივ.
სამწუხაროდ პანდემიის დროსაც კი არ შეჩერებულა დესტრუქციული ქმედებები საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან, რომელიც ვლინდება სხვადასხვა სახით, მათ შორის ბორდერიზაციის თუ ჩვენი მშვიდობიანი მოქალაქეების დაკავების მხრივ. ამ დროისთვის არის რამდენიმე დაკავებული მოქალაქე, როგორც ცხინვალის ტერიტორიაზე, ასევე ოკუპირებულ აფხაზეთში. ასეთი შემთხვევების დროს, ჩვენ დაუყონებლივ ვრეაგირებთ ჩვენს ხელთ არსებული ყველანაირი ბერკეტის გამოყენებით, აქტიურდება ასევე ცხელი ხაზი, ინფორმირებულები არიან საერთაშორისო პარტნიორები, რათა მათ გააძლიერონ ზეწოლა საოკუპაციო რეჟიმზე, რომ მოხდეს ამ ადამიანების უპირობო და დაუყონებლივი განთავისუფლება. რაც შეეხება კონკრეტულად ირაკლი ბებუას მდგომარეობას, ჩვენ ყოველდღიურად ვიღებთ ინფორმაციას მის შესახებ და დღევანდელი ინფორმაციით ირაკლის ჯანმრთელობას საფრთე არ ემუქრება“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.
ავტორი
ემილი ფეიქრიშვილი