ძილის წინ ხელებს გულზე დავიკრეფდი და წარმოვიდგენდი, ვითომ მოვკვდი – ვერიკო ანჯაფარიძე

76

6 ოქტომბერი გენიალური მსახიობის, ვერიკო ანჯაფარიძის დაბადების დღეა.

ქართული კინო-თეატრის ლეგენდარული მსახიობის, ვერიკო ანჯაფარიძის დაბადებიდან 120 წელი გავიდა, მისი რეალური დაბადების წელი 1897-ია, თუმცა იმის გამო რომ მას წლებზე საუბარი არ უყვარდა, ოფიციალურ დოკუმენტში დაბადების თარიღად 1900 წლის 6 ოქტომბერია მითითებული (ძვ. სტილით 23 სექტემბერი).

ვერიკო თეატრალურ ოჯახში იზრდებოდა, ადრეული ასაკიდანვე დგამდა წარმოდგენებსა და ირგებდა მისთვის სასურველ როლებს. როდესაც აკაკი წერეთელს პატარა ვერიკო უნახავს, მოხიბლულა მისი ნიჭით, ხელში აუყვანია და უთქვამს: “შენ უნდა ასახელო ჩვენი საყვარელი სამშობლო მეოცე საუკუნეში, კარგად დაიხსომე!’’.  პოეტის ეს შეგონება წინასწარმეტყველური აღმოჩნდა, ვერიკო არა მარტო მეოცე საუკუნის, არამედ ქართული თეატრისა და კინოს სახედ იქცა.

 

მიხეილ ჭიაურელი იხსენებს…

მოდიოდა ქალი დიდი ნაბიჯებით. ეცვა აბრეშუმის გრძელი კაბა. ვერ გაიგებდი, თვალებით ვის უყურებდა, ოდნავ მოზრდილი ცხვირი, უწესრიგოდ, ფაფარივით გადმოყრილი თმა… ყველას მოგვესალმა და მე მომეჩვენა, რომ განსაკუთრებული ყურადღებით მე შემომხედა. მე მას პირველად ვხედავდი… და ვხედავდი მხოლოდ მას! ეზოში მწვანეზე ჩამოვსხედით ყველა. მოხდა ისე, რომ ვერიკო ჩემთან ახლოს დაჯდა. რა ბედნიერებაა! ბედნიერებას განვიცდიდი და არ მესმოდა, რას ნიშანავდა ეს… ჯაბადარმა ახალგაზრდა მსახიობს სთხოვა რამე წაეკითხა. ვერიკომ სასტიკი უარი განაცხადა. სთხოვდნენ ჩვენი მსახიობებიც… “ვთხოვ, იქნებ, დამიჯეროს”,- გავიფიქრე და თითქმის ჩურჩულით ვთქვი, – მეც გეხვეწებით-მეთქი. მან ერთი შემომხედა და დაუყოვნებლივ დაიწყო… რატომ დაიწყო მაინცდამაინც მაშინ, როცა მე ვთხოვე? არ ვიცი… რა ახლოს იყო მისი ხელი დაბლა… ვერაფერს ვგრძნობდი… მე ტაში არ დავუკარი, დავიხარე და ხელზე ვაკოცე…

 

ვერიკო ანჯაფარიძის ანდერძი

„თუ დამბლა დამეცემა, გაფიცებ ყველას, – მამისა და ძმის ხსოვნას, შენი შვილების სიცოცხლეს, – ნუ გამიმეტებ ტანჯვისთვის. სულერთია, სიცოცხლისკენ რომ მომაბრუნონ, მაინც ხეიბარი დავრჩები – ეს კი მე არ დამიმსახურებია! ძალით ნუ წამიყვან საავადმყოფოში. აქ, საკუთარ საწოლში, უფრო ადვილი იქნება სიკვდილი. არადა, რამდენი ხანია, მინდა, ჩემი ვაჟის გვერდით განვისვენო. სწორედ ამისთვის არსებობს ძლიერი დასაძინებელი საშუალება – უნდა გაკეთდეს ინექცია, ერთი პატარა ნემსი! გეცოდინება, რომ ამით მომგვრი სიმშვიდეს. მხოლოდ ამას გთხოვ!” – წერ­და ვერიკო ანჯაფარიძე ან­დერ­ძში…

 

1940 წელს გენიალურ მსახიობს ლექსი მიუძღვნა პოეტმა ლადო ასათიანმა
მიძღვნილი ლექსი

“სხვა რომ არ იყოს, ჩვენ ამ ლამაზი
ქალების ეშხი დაგვიფარავდა,
თორემ მტრებს ისიც კი შეაშინებს,
ერთხელ ხმამაღლა რომ ვთქვათ – მარაბდა!

მიხარის, როცა სცენაზე გიმზერ,
ანათებ, როგორც ზღაპრული დალი
და როგორც ნისლი უფსკრულის პირზე,
ირხევა შენი ლამაზი ტანი.

ირხევა შენი ლამაზი ტანი
და განა ძალმიძს არ გითვალთვალო,
საქართველოს მზით სახედამწვარო,
ანჯაფარიძის ზვიადო ქალო!

მინდოდა ერთი ნატვრა მენატრა
და სანატრელი ისევ შენა ხარ:
მოვმკდარიყავ და ამ ჩვენს სცენაზე
შენი ქართული ქალი მენახა.

მოვმკვდარიყავ და ქართულ ლეჩაქში
მენახა შენი ქართველი დედი,
დამიბრმავებდა, ვერიკო, მაშინ
შენი მიმქრალი შარავანდედი!

როცა გიყურებ შავ სამოსელში,
ვხედავ – ჩაუცვამს ძაძა ბუნებას.
მე ნუ მომასწროს შენზე ტირილი
და შენი სიტყვის დაძაბუნება!

სხვა რომ არ იყოს, ჩვენ მარტო შენი
და ნატოს ეშხი დაგვიფარავდა,
თორემ მტრებს ისიც კი შეაშინებს,
ერთხელ ხმამაღლა რომ ვთქვათ – მარაბდა!’’

 

კადრი ფილმიდან “გიორგი სააკაძე”

კადრი ფილმიდან “ოთარაანთ ქვრივი”

კადრი ფილმიდან “მამლუქი”

ავტორი
ანა რობაქიძე

კომენტარები