საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, რომ 1 ოქტომბრიდან საკლასო ოთახებს დაუბრუნდებიან 1-დან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეები, ხოლო სტუდენტები 19 ოქტომბრიდან შეძლებენ აუდიტორიებში სწავლას. რაც შეეხება ბაგა-ბაღებს, ისინი ფუნქციონირებას განაახლებენ 12 ოქტომბრიდან:
,,1 ოქტომბერს იმ სკოლებში, რომლებშიც სასწავლო პროცესი დისტანციურად მიმდინარეობდა, 1-დან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეები ბრუნდებიან საკლასო ოთახებში. რასაკვირველია, ეს არ ეხება აჭარას.
მინდა გავიმეორე ის მნიშვნელოვანი გარემოება, რასაც განათლების სამინისტრო სთავაზობს მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეების მშობლებს. თუ მათ ურჩევნიათ თავიანთმა შვილებმა სწავლა გააგრძელონ დისტანციურად, ეს იქნება სრულად უზრუნველყოფილი.
რაც შეეხება დღევანდელ სიახლეებს, 12 ოქტომბრიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით, აჭარის გარდა, ფუნქციონირებას განაახლებენ საბავშვო ბაღები.
ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 19 ოქტომბერს სტუდენტები სწავლას გააგრძელებენ სასწავლო დაწესებულებებში. ასე რომ უნივერსიტეტები და პროფესიული სასწავლებლები სწავლას გააგრძელებენ არა დისტანციურად, არამედ, აუდიტორიებში.
საზოგადოებას მინდა ვთხოვო, რომ ყველამ ზედმიწევნით დაიცვას ჯანდაცვის რეკომენდაციები, რათა მოსწავლეებმა და სტუდენტებმა შეძლონ ჩვეულ ფორმატში სწავლის გაგრძელება“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე