პარასკევი, აპრილი 19, 2024

EMC და საიამ სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პაქტის შესრულებაზე გაეროში ალტერნატიული ანგარიში წარადგინეს

17 აგვისტოს, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (GYLA), გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთშორისო პაქტის შესრულებასთან დაკავშირებით კოალიციური ალტერნატიული ანგარიში წარუდგინეს. ალტერნატიული ანგარიში მომზადებულია, საქართველოს სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პაქტის შესრულების განხილვის მეხუთე ციკლის ფარგლებში.

ანგარიში აფასებს პაქტში წარმოდგენილ ყველა სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებასთან მიმართებაში ბოლო 6 წლის მანძილზე განვითარებულ ძირითად მოვლენებს, ასევე შეფასებულია წინა, მეოთხე ციკლის ფარგლებში კომიტეტის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა.

ამასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავჯდომარე სულხან სალაძემ:

როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი ჩვენ 17 აგვისტოს ერთობლივად  წარვადგინეთ სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პაქტის შესრულების ანგარიში გაეროში. ეს არის ალტერნატიული ანგარიში. საიას წარმომადგენლები მოხარული ვართ, რომ ამ კონკრეტულ ანგარიშზე მუშაობის დროს გვქონდა შესაძლებლობა გვემუშავა EMC-ისთან ერთად, მინდა მადლობა გადავუხადო საიას თანამშრომლებს და ასევე EMC-ის ამ ანგარიშის მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღებისთვის.

რაც შეეხება უშუალოდ ანგარიშს და იმ მნიშვნელოვან საკითხებს, რასაც ეს ანგარიში ეხება – მიუხედავად იმისა, რომ ანგარიში გაიგზავნა 17 აგვისტოს და დღეს უკვე ერთ თვეზე მეტია გასული, ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ გვესაუბრა მედიასთან ამ საკითხზე. ეს ანგარიში ფარავს მთელ რიგ ჩამონათვალს საკითხებისა, რომელიც დღესაც აქტუალურია, თქვენ ნახავთ ამ ანგარიშში ძალიან ბევრ ისეთ საკითხს რომელიც ჩვენი ცხოვრების ყოველდღიურ გამოწვევას წარმოადგენს, ეს ანგარიში ბოლო 6 წლის მანძილზე განვითარებულ მოვლენებს მიმოიხილავს. ასევე მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ აქ საუბარია საყურადღებო რეკომენდაციებზე,  მათ შორის ისეთ საკითხებზე რომელიც დაკავშირებულია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებასთან, რაც უკავშირდება  გამოძიების არაეფექტურობას, ოჯახური ძალადობის გამოწვევებს და პრობლემებს ქვეყანაში, ოკუპაციის პირობებში თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას, მედიის თავისუფლებას.

პირველ რიგში, მინდა შევეხო ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც უკავშირდება ძალადობის შემთხვევებს, ჩვენ მუდმივად გვიწევს ამ თემაზე საუბარი, მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანი რეფორმები გარკვეულწილად, საკანონმდებლო დონეზე, სახელმწიფოს მხრიდან გატარდა. გამოძიების არაეფექტურობა არის ასევე ერთ-ერთი მნიშნელოვანი ნაწილი წარმოდგენილ ანგარიშში, აქ ნახავთ 3 საქმეზე გაცემულ რეკომენდაციას, ასევე ეს საქმეებია 2008 წლის დროს ჩადენილი დანაშაულები, სამართალდამცავთა მიერ დანაშაულების გამოძიებისა და პასუხისმგებლობაში მიცემის პრობლემები, ციხის ბუნტის საქმეები. უნდა ვთქვათ, რომ არცერთ ამ საქმეზე გამოძიება არ წარმართულა ეფექტურად და არ დამდგარა  შედეგი, ეს წარმოადგენს  მოქმედი ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას.

რაც შეეხება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საქმეს, ყველას კარგად გვახსოვს ლუკა სირაძის საქმე. ამ საქმეში საია წარმოადგენდა დაზარალებულის ინტერესებს და ამ კონკრეტულმა საქმემ აჩვენა ის ნაკლოვანი მხარეები, რაც დღეს არსებობს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში. ვიმედოვნებთ, რომ სახელმწიფო, რეკომენდაციებს და შენიშვნებს, რაც არის გამოთქმული, პასუხისმგებლობით მოეკიდება და პრაქტიკაში შეცვლის იმ რეალობას რასაც სამწუხაროდ ვხვდებით.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, ეს არის დიდი და ვრცელი თემა, რომელზეც პრაქტიკულად ჩვენ მუდმივად გვიწევს საუბარი. სამწუხაროდ ამ თემაზე საუბარში ხელს გვიწყობს ხელისუფლება, რომელიც პერიოდულად ისეთ მასშტაბური ტიპის ღონისძიებებს აორგანიზებს, რომელიც თავისი არსით, შემდგომში  კიდევ ერთხელ გვაჩვენებს და გვახსენებს ამ კონტექსტის მძიმე მხარეს.

ჩვენ ამ ანგარიშში ვსაუბრობთ რიგ გამოწვევებზე კოდექსთან მიმართებაში, მათ შორის საუბარია 2019 წლის  20-21 ივნისის მოვლენებზე და ამ მოვლენების პროცესში, სახელმწიფოს მიერ, როგორც რეპრესიული და  არათანაზომადი რესურსი. მოგეხსენებათ, რომ გასულ წელს ჩვენ ცალკე გამოვაქვეყნეთ ანგარიში 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში. მათ შორის, ამ ანგარიშში, საუბარია დაკავებებსა და ადმინისტრაციულ პატიმრობასთან დაკავშირებულ საკითებზე.

20-21 ივნისი, იყო კონკრეტული თარიღი, რომელმაც სხვა უამრავ პრობლემასთან ერთად კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ ამ ქვეყანაში ჯერ კიდევ მოქმედებს საბჭოთა მმართველობის დროინდელი ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა კოდექსი, რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.

კიდევ ერთი საკითხი, რასაც მინდა შევეხო უკავშირდება სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიებას. 20-21 ივნისის მოვლენების დროს სახელმწიფოს მხრიდან, ხშირ შემთხვევაში, დაწყებული გამოძიება, რომელიც უფლებამოსილების გადამეტებად აღქმება და იმ ტიპის დანაშაულებზე, რომელზეც ჩვენ ხშირად ვაპელირებთ, მიუთითებს იმაზე, რომ სახელმწიფო, ხელისუფლება და განსაკუთრებით ის ორგანოები ვისაც ხელეწიფება ამ ტიპის საქმეების გამოძიება, არ არის მზად  სწორი კვალიფიკაცია მისცეს მათ.

როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით პროპორციაზე და განსხვავებაზე, რამდენი სამოქალაქო პირი იყო  პასუხისგებაში მიცემული და რამდენი სამართალდამცავი, ეს აბსოლუტურად შეუთავსებელი ციფრებია ერთმანეთთან. კიდევ ერთი საკითხი, რაზეც მინდა გავამახვილო ყურადღება, ეხება 2008 წლის ომის დროინდელ ჩადენილ დანაშაულებებს, ვფიქრობთ რომ ბევრად უფრო ეფექტურად შეიძლება მუშაობდეს პროკურატურა და ასევე გამოძიება. მძიმე სოციალურ- ეკონომიკური პირობების ფონზე, ადამიანებისთვის რომლებიც ომის შემდგომ გახდნენ დევნილები, მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს ის, რომ ამ ომის შემდეგ დანაშაულებები არ არის სათანადოდ გამოძიებული და დღესაც, ადამიანები არიან ამ საქმეების გამოძიების მოლოდინში“, – განაცხადა სულხან სალაძემ.

ავტორი
ემილი ფეიქრიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული