შაბათი, აპრილი 27, 2024

საქართველოს დემოკრატიული ოპოზიცია ვთანხმდებით, რომ ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობა ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის უმძიმეს გამოწვევას წარმოადგენს – ოპოზიციამ მემორანდუმი გააფორმა

დღეს, 30-მდე ოპოზიციურმა პარტიამ, ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომელიც 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ერთმანეთის ხმების დაცვას ითვალისწინებს:

საქართველოს დემოკრატიული ოპოზიცია ვთანხმდებით, რომ ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობა ქვეყნისთვის და მისი დემოკრატიული განვითარებისთვის უმძიმეს გამოწვევას წარმოადგენს.

ივანიშვილი და მისი გუნდი ყველაფერს აკეთებს, რათა საზოგადოებაში ნიჰილიზმი დანერგოს, მთელი პოლიტიკური პროცესის დისკრედიტაცია მოახდინოს, ამ პირობებში ჩვენი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა არჩევნების მიმართ საზოგადოებრივი ნდობა და მხარდაჭერა გავაძლიეროთ.

არჩევნების გზით, მშვიდობიანად ხელისუფლების ცვლილება, არის ის ერთადერთი სწორი გზა, რომელიც ჩვენს საზოგადოებას მისცემს საშუალებას მტკიცე ნაბიჯებით განაგრძოს სვლა დასავლური დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისკენ. სწორედ ასეთ საზოგადოებებშია ხელისუფლების ცვლა ნორმალური მოვლენა, რომელსაც მოქალაქეების დაყოფა და ურთიერთანგარიშსწორება არ მოჰყვება.

ივანიშვილის რეჟიმის ხელშია მობილიზებული როგორც ადმინისტრაციული, ისე ფინანსური რესურსის დიდი ნაწილი, სახელმწიფო ინსტიტუტები კი საზოგადოების ნაცვლად მმართველი გუნდის ინტერესებს ემსახურება. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი დემოკრატიული ოპოზიციის კოორდინირებული მუშაობა თითოეული ხმის დასაცავად და საარჩევნო მანიპულაციების გამოსარიცხად.

ოპოზიციური პარტიები კოორდინირებულად ვიმუშავებთ ყველა ოლქში, მათ შორის იქაც, სადაც ერთმანეთს კონკურენტი კანდიდატები დავუყენეთ. პარტიების ამოცანა არა ცალკეული პოლიტიკური გემოვნების ამომრჩეველთა ხმების დაცვა, არამედ მთელი საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობისა და თითოეული მოქალაქის არჩევანის დაცვა იქნება.
ამ ამოცანის მისაღწევად ჩვენ ვაპირებთ თანამშრომლობის კონკრეტული მექანიზმების შემუშავებას.

ქვეყნის შიგნით, საარჩევნო პროცესისადმი ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერისა და ხმების დაცვის მიზნით კოორდინაციასთან ერთად, ოპოზიციური პარტიები ვთანხმდებით, რომ ერთობლივად, შეთანხმებულად ვიმუშავებთ საერთაშორისო დამკვირვებლებთან, რათა არჩევნების ლეგიტიმურობის გარშემო კითხვის ნიშნები არ გაჩნდეს.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ივანიშვილის დამარცხებით, საქართველოში საარჩევნო მანიპულაციების მავნე ტრადიციას წერტილი უნდა დაესვას,“ – ნათქვამია ოპოზიციურ პარტიათა მიერ ხელმოწერილ მემორანდუმში.

ავტორი
ეკა ქაჩლიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული