შაბათი, მაისი 18, 2024

“ქართული ოცნება ეს არის დამსხვრეული ოცნებების გამომხატველი ძალა” – გიორგი ვაშაძე

პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე ეხმიანება “ქართული ოცნების” მიერ მაჟორიტარი კანდიდატების სიის პრეზენტაციას. გიორგი ვაშაძის აზრით მმართველი პარტიის ამ ღონისძიებით აშკარა გახდა ივანიშვილისა და “ქართული ოცნების” მოწყვეტა რეალობასთან:

დღევანდელმა ღონისძიებამ კიდევ ერთხელ აშკარა გახადა ივანიშვილისა და ქართული ოცნების მოწყვეტა რეალობასთან და აცდენა საქართველოსა და საქართველოს მოქალაქეების საჭიროებაზე.

ქართული ოცნების პრეზენტაციის სახით დღეს ჩვენ ვიხილეთ მორიგი მასკარადი, ფუჭი და ცრუ დაპირებების ახალი ტალღა. იგივე სახეებითა და იგივე პათოსით.

მე მინდა ვუთხრა ჩვენს მოქალაქეებს, ეს არ არის ქართული ოცნება, ეს არის დამსხვრეული ოცნებების გამომხატველი ძალა. უკანასკნელი რვა წლის მანძილზე ვერ დავასახელებთ თუნდაც ერთ დაპირებას რომელიც მათ გასცეს და შეასრულეს.

ახდენილი ოცნებების ნაცვლად, მათ ქვეყანას, ახალგაზრდებს, პენსიონერებს, ფერმერებს, ვისაც ამის სჯეროდათ მოუტანეს იმედგაცრუება, უიმედობა, უმუშევრობა და სიღარიბე.
დღეს ჩვენ ვიხილეთ ძვირადღირებული, ცივი ღონისძიება მდიდრულ კოსტუმებში გამოწყობილი ადამიანებითა და დაბურულ შუშებიან შავი ჯიპებით. ისინი არ კმაყოფილდებიან იმით, რომ რვა წლის მანძილზე ძარცვავდნენ თითოეულ ჩვენგანს, ლუკმა პურის ფულის პარავდნენ პენსიონერებს, ბავშვებს, უმწეოებს, იმ ხალხს რომელთაც არ იციან დღიდან დღემდე როგორ გაიტანონ თავი და გამოკვებონ საკუთარი ოჯახები. ამის ფონზე, მერვე წლის თავზე, მილიარდელი და ქართული ოცნების კორუმპირებული ლიდერები ისევ ცარიელი ტექსტებითა და ცრუ დაპირებებით კვებავენ მოსახლეობას. ეს არა მხოლოდ უსამართლობაა არამედ უსინდისობაც. უფრო მეტიც, ეს არის პოლიტიკური უტიფრობა, რომელიც რაც შეიძლება მალე უნდა დავასრულოთ.

მივმართავ ჩვენს მოქალაქეებს, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ბიძინა ივანიშვილისა და ქართული ოცნებისთვის ხმის მიცემა არ იქნება მხოლოდ შეცდომა, ეს იქნება დანაშაული. ეს ნიშნავს რომ მათ კიდევ ოთხი წლით ვაძლევთ ძარცვის, ეკონომიკის დანგრევისა და ქართული გენოფონდის განადგურების უფლებას. ქართული ოცნების 8 წლიანი მმართველობის პირობებში, საქართველოს საგარეო ვალი გაიზარდა 6 მილიარდიდან 19 მილიარდამდე, სამუშაო ძალა შემცირდა 100 000 ადამიანით, შემცირდა შობადობა, განქორწინება გაიზარდა 7 000 დან 11 000 მდე, გაზრდილია კრიმინალი, არ დარჩენილა მიმართულება სადაც არ გაუარესებულა მაჩვენებლები.

მე ვსვამ მარტივ კითხვას: რა საერთო აქვს ამ ყველაფერს ქართულ ოცნებასთან. ეს პარტია, ეს გუნდი რეალურად არის ქართული ოცნებების სასაფლაო და ეს რაც შეიძლება მალე უნდა დავასრულოთ.

მე გიორგი ვაშაძე როგორც საქართველოს ერთი მოქალაქე, ჩემს გუნდთან ერთად ვივლი კარდაკარ, სოფელ-სოფელ, რათა ხალხს შევთავაზოთ აღმშენებლობის და ქვეყნის გადარჩენისა და განვითარების რეალური გეგმა.
მე და ჩემი გუნდი გთავაზობთ არა ფუჭ და ყალბ ოცნებებს, არამედ კონკრეტულ გეგმას, რომელზეც წლების განმავლობაში, ქართველ და უცხოელ სპეციალისტებთან ერთად შევიმუშავეთ. ჩვენ ვიცით თქვენი პრობლემები, ვიცით როგორ დავამარცხოთ სიღარიბე, როგორ განვავითაროთ ეკონომიკა და როგორ დავუბრუნოთ სიამაყე საქართველოს, მის თითოეულ მოქალაქეს,” – აცხადებს გიორგი ვაშაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული