სამშაბათი, აპრილი 30, 2024

დღის გმირი ძაღლი, რომელმაც 5 წლის ბავშვი გველის ნაკბენისგან გადაარჩინა

ტაბახმელაში, ძაღლმა 5 წლის ბავშვი ყველაზე საშიში გველისგან, გიურზისგან იხსნა. აღნიშნული ინფორმაცია, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ვახტანგ ლომჯარიამ სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქის” პირად გვერდზე გამოაქვეყნა. გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმადაც გველმა მოასწრო ძაღლისთვის კბენა, თუმცა ოჯახის წევრებმა დროულად მოახერხეს მისი კლინიკაში გადაყვანა. ჰასკი ახლა თავს კარგად გრძნობს:

,,დღევანდელი დღე დატვირთული იყო განცდებით, ემოციებით, გულშემატკივრობით ერთ ჰასკზე.

წარმოიდგინეთ ეზო ტაბახმელაში, სადაც მშობლებს ხუთი წლის პატარა უსაფრთხოდ ეგულებათ. თამაშობენ, მხიარულობენ და მოულოდნელად ძაღლი იწყებს წარმოუდგენელ ყეფას. ებრძვის ,,რაღაცას” ეს ,,რაღაცა” კი საქართველოში გავრცელებული ყველაზე საშიში გველი გიურზაა, რომელმაც ჩვენდა გასაოცრად ტაბახმელას გრილ ჰაერზე მოისურვა გასეირნება.

სამწუხაროდ გველმა მოასწრო ძაღლისთვის ეკბინა, ოჯახის წევრებმა მალევე გაიაზრეს სიტუაციის სირთულე. განარიდეს ბავშვი ტერიტორიას, ჩართეს შესაბამისი სამსახურები და ძაღლი სასწრაფოდ გააქანეს კლინიკაში.
მისი მდგომარეობა იყო ძალიან რთული და დღის განმავლობაში ბევრჯერ განვიცადეთ მისი დაკარგვის შიში. მის გადარჩენას მერიის მთელი ხელმძღვანელობა გულშემატკივრობდა.

და მინდა სიხარულით გამცნოთ პატარა ჯარისკაცის გამარჯვების შესახებ. ვფიქრობ საპატიოდ დაიმსახურა დღის გმირის წოდებაც. წარმოდგენაც კი მაშინებს რა შეიძლება მომხდარიყო ეზოში ბავშვი, რომ ძაღლის გარეშე ყოფილიყო.

სახეზე დროებითი სასაცილო ასიმეტრიაა აქვს და სწორედ ეს ხდის სასაცილოს და მეტად საყვარელს,” – წერს ვახტანგ ლომჯარია.

ავტორი
ქეთა გაბრიაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული