პარასკევი, მარტი 29, 2024

ჩემი დაპატიმრება დიდ ფულთანაა დაკავშირებული – ავთანდილ ხურციძე (“ჩაქუჩა”)

ამერიკაში დაკავებული ქუთაისელი მოკრივე, პატიმრობიდან ერთი წლის შემდეგ, სასამართლო განაჩენის გადახედვას და ხელახალი ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს. დამატებითი დეტალების გასარკვევად სააგენტო “პარალელი” უშუალოდ დაუკავშირდა ავთანდილ ხურციძეს.
გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს:

  • ერთი წელია უკვე, რაც ამერიკის ფედერალურ ციხეში იმყოფებით და როგორც ცნობილია სამშობლოდან არანაიარი დახმარება მიგიღიათ. ამ დროის განმავლობაში გქონდათ თუ არა კომუნიკაცია საქართველოს მთავრობასთან ან თქვენს ოჯახს თუ მიუმართავს ხელისუფლებისათვის ოფიციალური თხოვნის წერილით?

– ხელისუფლების ვალდებულებაა საკუთარი მოქალაქე, რომელიც ქვეყანას ასახელებდა ერთხელ მაინც მოიკითხოს. სხვა ქვეყნის დროშა რომ ამეწია მაშინ ალბათ ერთ ამბავს ატეხდნენ. ფაქტია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ჩემი საქმე სერიოზულ დონეზე არც კი განიხილა, მიუხედავად იმისა რომ ერთი წლის განმავლობაში უწყვეტად ვწერდი. ჩემს წარსულსა და ბავშვობაზეც კი მივწერე, არც კი მნახეს, დახმარებაზე ზედმეტია საუბარი. რამდენჯერმე დედაჩემმაც მისწერა ოფიციალური წერილი ხელისუფლებას, მაგრამ შედეგი არანირი. ახლა მხოლოდ მედიის და ხალხის იმედი მაქვს.

  • რა არის თქვენი მთავარი თხოვნა და თავისუფლების დასაბრუნებელ სტიმულს რა გაძლევთ?

– უდანაშაულო ვარ, ამიტომ განმეორებითი ექსპერტიზის დანიშვნას ვითხოვ, რათა ჩემი ბრალდება და საქმეში არსებული მტკიცებულებები თავიდან იქნას შეფასებული.
ერთადერთი რაც ახლა მაძლიერებს გულშემატკივრების მხარდაჭერაა. ჩემი ადვოკატი გაოცებულია, ისეთი რაოდენობის წერილები შემოდის. ამ ჯოჯოხეთშიც ვგრძნობ, რომ ხალხს ძალიან ვუყვარვარ, ეს სიხარულით მავსებს და თითოეული წერილის კითხვისას თვალები ცრემლებით მევსება. მინდა ყველას მადლობას გადავუხადო.
გარდა ამისა, არ მინდა ის ახალგაზრდები, ვისთვისაც მისაბაძი ვიყავი, მცდარ გზას დაადგნენ და იფიქრონ, რომ თუ ჩემპიონობა გინდა კრიმინალი უნდა გახდე.
„ჩაქუჩა“-ს წარმატების განსხვავებულია და მინდა ეს დავამტკიცო.

  • როგორც ვიცით, მკაცრი რეჟიმის ციხეში იხდი სასჯელს. მოგვიყევით როგორია თქვენი იქაური ყოფა? რატომ წერდით, რომ კაციჭამიებთან ერთად იხდით სასჯელს?

– დიახ. ერთხელ დამჭრეს და 2 ლიტრი სისხლი დავკარგე, იმდენად მძიმე ჭრილობა იყო ადგილზე ვერ დაამუშავეს და სამოქალაქო საავადმყოფოში გადამიყვანეს, სადაც 10 ნაკერი დამადეს. სასამართლო პროცესზე გადახოტრილი თავით მივედი, მაგრამ მოსამართლემ ვითომ ვერაფერი დაინახა.
ზოგადად ცუდ პირობებში ვარ, ძალიან პატარა საკანში 2 კაცი ვზივართ. ცუდი ხარისხის საკვებს გვაჭმევენ. მოკლედ, რა გითხრათ, შავ დღეში ვარ.

  • როგორც ამბობთ უდანაშაულო ხართ. როგორ ფიქრობთ, ციხეში რატომ დაგტოვეს?

– ჩემი დაპატიმრება დიდ ფულთანაა დაკავშირებული. WBC, WBA, IBO,WBO ვერსიებით მსოფლიოს 15 საუკეთესოს შორის ვიყავი და როგორც კი დამიჭირეს იმ დღესვე ყველა ქამარი დავკარგე. ეს ჩემთვის იყო ქამრები, თორე ისე დიდი ფულია.
ჩემს მეგობარს, რაჟდენ შულაიას კრედიტით ჰქონდა ყველაფერი ნაყიდი და გაათავისუფლეს, რადგან მისგან ვერაფერს გამორჩებოდნენ. მე კი რადგან უფრო ბევრი ფული მქონდა პატიმრობაში დამტოვეს, ჩემი ანგარიშიდან თანხის 50% მალევე ჩამომაჭრეს, ნახევარმილიონიანი ბრძოლა წამართვეს. ჩემი ქამარი სხვას გადასცეს.
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ოთხი თარჯიმანი თარგმნიდა პროცესს და როგორც რუსი ისე გამასამართლეს. ჩემს ადვოკატებს საპასუხო სიტყვა მსაჯულების თანდასწრებით არ ათქმევინეს და აბსურდული ბრალდებებით 10 წელი მომისაჯეს. უბრალოდ, რაჟდენი დაიჭირეს თავისი 46 აგენტით და მეც მიმაყოლეს. ასე სჭირდებოდა „სასწრაფო“ საქმეს.
დღემდე არცერთ ბრალდებას ვაღიარებ. ვისაც ჩემი ნამდვილი ბიოგრაფია დააინტერესებს შეუძლია ნახოს როგორ ვრეკეტიორობდი, როცა მოწინააღმდეგეებს ქამრებს ვართმევდი. ნამდვილი კრიმინალი ვარ, ოღონდ რინგზე.

ინტერვიუ ჩაიწერა 2020 წლის 28 ივნისს

ლიკა დევდარიანი
სააგენტო “პარალელის”
რეგიონალური კორესპონდენტი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული