პარტია “თავისუფალი საქართველოს” თანათავმჯდომარემ ქუთაისის პოლიციის მეორე რაიონული განყოფილების შენობას “ცერცვი” შეაყარა. ამ პერფორმანსით გოგი წულაიამ შერჩევითი სამართალი გააპროტესტა და მოქალაქეებს მოუწოდა დაკისრებული ჯარიმები არ გადაიხადონ.
მისი თქმით, ქუთაისის მერიის თანამშრომლებმა პანდემიის დროს, როდესაც 3 კაცზე მეტის შეკრება აკრძალული იყო, კანონი დაარღვიეს. წულაიას განმარტებით, მერიის შენობის აივანზე 8 თანამშრომელი დისტანციის დარღვევით იყო გამოსული, თუმცა სხვა მოქალაქეებისაგან განსხვავებით მათ ჯარიმა არ დაკისრებიათ:
“ორი თვის წინ ფოტოები მივიტანე, როგორ იყვნენ მერიის თანამშრომლები შეკრებილები, მაგრამ საქმის გამოძიება არ მომხდარა. ამათზეა ნათქვამი, “შეაყარე კედელს ცერცვი”, ასეც მოვიქეცი, პოლიციას ცერცვი შევაყარე, ნიშნად იმისა, რომ რეალურად, გამოძიება არ ხდება.
მე რამდენჯერმე დამაჯარიმეს, მერიის თანამშრომლებს კი პასუხს არავინ თხოვს. ეს არის შერჩევითი სამართალი!
მოვუწოდებ მოქალაქეებს, არ გადაიხადონ პანდემიის დროს დაკისრებული ჯარიმები და ისინი მართლები იქნებიან,” – განაცხადა გოგი წულაიამ.
ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის 5 ივნისს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პირობებში, კანონი 8 737-მა პირმა დაარღვია. სულ, გამოვლენილი სამართალდარღვევისთვის 26 მილიონი ლარის ჯარიმაა გამოწერილი. დაჯარიმებულებიდან 8 716 ფიზიკური, ხოლო 21 იურიდიული პირია.
ლიკა დევდარიანი
სააგენტო “პარალელის”
რეგიონალური კორესპონდენტი