ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024

“გადაწერა თუ ვინმეს უნდა, ეს კომპიუტერითაც შესაძლებელია” – სტუდენტების აქცია ქუთაისში

ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა, სასწავლებელთან აქცია გამართეს. ისინი ადმინისტრაციასთან შეხვედრას და გამოცდების მობილური ტელეფონით ჩაბარების ნებართვას ითხოვენ. მათი თქმით, ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ფინალური გამოცდების ჩაბარება მხოლოდ კომპიუტერებით იქნება შესაძლებელი, პრობლემებს უქნით, რადგან სტუდენტების უმეტესობას კომპიუტერი საერთოდ არ აქვს.

ადმინისტრაციამ გვითხრა, რომ ფინალურ გამოცდებს ტელეფონით ვერ ჩავაბარებთ, თურმე გადაწერის საფრთხე არსებობს. გადაწერა თუ ვინმეს უნდა, ეს კომპიუტერითაც შესაძლებელია.

პრობლემა ის არის, რომ სტუდენტების უმეტესობა რაიონებიდანაა და მათ კომპიუტერი არ აქვთ. არის ასევე შემთხვევები, როდესაც ოჯახში ორი სტუდენტია და ორივეს მათგანს გამოცდა ერთსა და იმავე დროს აქვს.

მსგავსი პრობლემის გამო, 350-მა სტუდენტმა შუალედური გამოცდა ვერ ჩააბარა. გამოცდები ახლოვდება და საკითხის მოგვარებას ვცდილობთ, მაგრამ ადმინსტრაციასთან კომუნიკაცია გვიჭირს,” – განაცხადეს სტუდენტებმა.

უნივერსიტეტის რექტორის მოადგილის, შალვა კირთაძის განცხადებით, გამოცდის კომპიუტერით ჩაბარება ცოდნის რეალური მაჩვენებლის გამოვლენას ემსახურება, რასაც მობილური ტელეფონი ვერ უზრუნველყოფს. მისივე განმარტებით, იმ სტუდენტებს, რომლებსაც კომპიუტერთან წვდომა არ ექნებათ, გამოცდების ჩაბარების საშუალება 5 ივლისიდან საუნივერსიტეტო სივრცეში მიეცემათ.

ლიკა დევდარიანი
სააგენტო “პარალელის”
რეგიონალური კორესპონდენტი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული