ტელე-რადიო კომპანია “თრიალეთი” წარდგენილ განცხადებაზე საქართველოს სახალხო დამცველისგან პასუხს ელოდება და ამასთან დაკავშირებით კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს:
“შპს „ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთი“ აცხადებს, რომ საქართველოს სახალხო დამცველისთვის 2026 წლის 29 იანვარს წარდგენილი განცხადებიდან თითქმის ექვსი თვე გავიდა, თუმცა კომპანიას დღემდე არ მიუღია სამართლებრივი შეფასება ხელისუფლების მხრიდან შესაძლო შერჩევითი და დისკრიმინაციული მოპყრობის საკითხზე.
კომპანიის ინფორმაციით, ამ პერიოდში სახალხო დამცველის აპარატს არაერთხელ გადაეგზავნა დამატებითი დოკუმენტები და ახალი გარემოებები, მათ შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრის საჯარო განცხადების ჩანაწერი, სადაც პრემიერი ადასტურებს სხვადასხვა მედიასაშუალების მიმართ განსხვავებული საგადასახადო მიდგომების არსებობას.
„თრიალეთი“ სახალხო დამცველს საჯაროდ მიმართავს კითხვებით: შეისწავლა თუ არა პრემიერ-მინისტრის განცხადება, მიიჩნია თუ არა იგი საქმისთვის მნიშვნელოვან გარემოებად, რა მიზეზით არ დასრულდა საქმის განხილვა ექვსი თვის განმავლობაში და როდის უნდა ელოდოს „თრიალეთი“ სამართლებრივ შეფასებას.
კომპანია აღნიშნავს, რომ მედიის თავისუფლებასთან, კანონის წინაშე თანასწორობასთან და შესაძლო შერჩევით მოპყრობასთან დაკავშირებული საქმეები დროულ და ეფექტიან რეაგირებას საჭიროებს. „თრიალეთი“ სახალხო დამცველს მოუწოდებს, უმოკლეს ვადაში დაასრულოს საქმის შესწავლა, წერილობით აცნობოს მიღებული გადაწყვეტილება და წარმოადგინოს სამართლებრივი შეფასება.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, აღნიშნულ წერილს საჯაროდ აქვეყნებენ, რადგან, მათი შეფასებით, საკითხი მხოლოდ ერთი რეგიონული მაუწყებლის ინტერესებს აღარ ეხება და მედიის თავისუფლების, კანონის უზენაესობისა და თანასწორობის პრინციპებთან არის დაკავშირებული“, – ნათქვამია ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
განცხადების ლინკი: https://trialeti.ge/akhali-ambebi/mimarthva-saqarthvelos-sakhalkho-damtsvels-levan-ioselians

