“რა რეჟიმში და სირთულეში მოგვიწია მუშაობა, ეს მხოლოდ ექიმებმა ვიცით” – ინტერვიუ თეიმურაზ ნადირაძესთან

328

ექიმობა მისი ცხოვრების არჩევანია. 30 წელზე მეტია, რაც ამ პროფესიას ემსახურება. თეთრ ხალათში გამოწყობილს მხოლოდ პაციენტები და კოლეგები ხედავდნენ, ვიდრე 2020 წელს მსოფლიო პანდემია არ დაიწყო.

მიუხედავად იმისა, რომ 68 წლის ექიმი, თვითონაც მაღალი რისკის ჯგუფში შედიოდა, გუნდთან ერთად პროფესიული მოვალეობის შესრულებაზე უარი არ თქვა. როგორც ღირსეულ კაპიტნებს სჩვევიათ, ბოლომდე თავის გემზე დარჩა და უხილავ ვირუსთან ბრძოლაში გაიმარჯვა.

სააგენტო “პარალელი” ესაუბრა კლინიკა „ლჯ და კომპანია – დასავლეთ საქართველოს ფილტვის და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრი”-ს მთავარ ექიმს ბატონ თეიმურაზ ნადირაძეს.

  • ბატონო თემურ, „ლჯ და კომპანია“ იყო ქუთაისში ერთადერთი კლინიკა, რომელიც სრულად კოვიდის მიმღებ ცენტრად გადაკეთდა და მთელ დასავლეთ საქართველოს ემსახურებოდა. ცხელების ცენტრის გახსნამდე საეჭვო პაციენტების დიაგნოსტიკაც ამ კლინიკაში ხდებოდა, 400-მდე პირველადი კვლევა, 43 დადასტურებული შემთხვევის სტაციონირება, არცერთი ლეტალური შემთხვევა – ასეთია თქვენი სტატისტიკა.
    ვიდრე ამ შედეგს მიაღწევდით, რა გზა გაიარეთ? როგორია ექიმის თვალით დანახული პანდემია?

– ეს იყო ძალიან რთული პერიოდი. მოულოდნელად ისეთი საფრთხის წინაშე აღმოვჩნდით, რომლის მართვის გამოცდილებაც არ არსებობდა. ვირუსი რთული იყო, როგორც დიაგნოსტიკის კუთხით, ასევე იმ თავისებურებით და სიმძიმით, რაც მსოფლიოს მოუტანა.

მიუხედავად იმისა, რომ მე და ჩემს გუნდს სხვდასხვა ტიპის ინფექციებთან მუშაობის გამოცდილება გვქონდა, კორონავირუსთან შეხვედრა აბსოლუტურად მოუმზადებლად მოგვიწია, თუმცა საჭირო სიახლეებს ალღო მალე ავუღეთ. თავისი მიმდინარეობით და მოულოდნელი გართულებებით, შეუსწავლელი ვირუსის მართვა, დღემდე მთავარ გამოწვევად რჩება, რადან ჯერ მედიკამენტიც კი არაა. ამ მასშტაბის ვირუსულ ინფექციასთან ბრძოლის ზუსტი სტანდარტი 3-4 თვეში ვერ ჩამოყალიბდება.

მიუხედავად ამისა, კლინიკამ ამ უცნობ საფრთხესთან ბრძოლას თავი გაართვა. Covid19-ით 43 პაციენტი მივიღეთ, 10 მათგანი იყო მძიმე პნევმონიით და ჟანგბად დამოკიდებული. სამედიცინო პერსონალის 24 საათიანი მუშაობის შედეგად არცერთი მათგანი ხელოვნურ აპარატზე არ გადაგვიყვანია და არც ლეტალური შემთხვევა დამდგარა. ამ დროინდელი მდგომარეობით სტაციონარულ მკურნალობაზე 3 პაციენტი რჩება, დანარჩენი გამოჯანმრთელდა და გავწერეთ.

  • პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ყველაზე რთული რომელი პერიოდი იყო?

– პირველი თვე, ვიდრე საკითხში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და ჯანდაცვის სამინისტრო ჩაერთვნენ. როცა გაიდლაინი და მკურნალობის შესახებ სისტემური მითითებები ჩამოყალიბდა,უკვე ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი მოხისნა, რამაც პროცესი გაამარტივა და მოქმედების საშუალება მოგვცა.

  • საინტერესოა, თვითონ დაინფიცირებული პაციენტების ემოციური მდგომარეობა, ამ კუთხით გართულებები თუ გქონიათ?

– უნდა ითქვას,რომ პაციენტები საკუთარ მდგომარეობას გაგებით შეხვდნენ.
მართალია, ზოგიერთი მათგანის ფსიქოლოგიაზე იზოლაციის ერთვიანი პერიოდი გამაღიზიანებლად მოქმედებდა, რასაც გაგებით ვეკიდებოდით. სხვა სირთულეები არ გვქონია.

  • რამდენად ელოდით ამ დადებით შედეგებს და ხომ არ გქონიათ შიშის მომენტი?

– როდესაც მაღალი დონის მედიცინის მქონე ქვეყნებში სიკვდილიანობის მაჩვენებელი ასეთი საგანგაშო იყო, ჩვენ, ცხადია, შეგვეშინდა. სიმართლე გითხრათ, უფრო მძიმე სცენარს ველოდით. ამ დროს ქვეყანაში მოქმედი ყველა შესაბამისი უწყების მობილიზება დაიწყო, და ვიგრძენი რომ სახელმწიფოში ვცხოვრობდი. ყველა პასუხისმგებელმა უწყებამ ექიმებისა და ეპიდემიოლოგების მითითებებით დაიწყო მოქმედება, რამაც ძლიერი ჯაჭვი შეკრა და ყველამ ერთად მივიღეთ ის ციფრები, რაც ჩვენს კარგ შედეგს განაპირობებს.

  • პროფესიული მოვალეობის შესრულების პრალელურად მედიასთან ინტენსიური კომუნიკაცია გიწევდათ. ფაქტიურად ყველა ახალ ინფორმაციას საზოგადოება თქვენგან იგებდა. იმ რთულ პერიოდში, მედიასთან ასეთ მშვიდ ტონში საუბარს როგორ ახერხებდით?

– დიახ, ამასაც სისტემური ხასიათი ჰქონდა. ყოველდღე 10:30 წუთზე ყველა მედიასაშუალება იკრიბებოდა და წინა დღის მდგომარებაზე კომენტარს ვაკეთებდი. როდესაც ყველაფერი კარგად მიდიოდა, ინტერვიუც იმედიანი გამოდიოდა. მოქალაქეები მეუბნებოდნენ,რომ ეს ინფორმაციები ამშვიდებდათ, რაც სტიმულს მმატებდა.

  • რა ეტაპზეა ახლა პანდემია და რას უნდა ველოდოთ?

– პიკი ჩავლილია, 10-15 შემთხვევა ჯერ იქნება. როცა უკვე მედიკამენტი და აცრა გვექნება, კოვიდ19 კლასიფიცირდება,როგორც ერთ-ერთი გრიპის ნაირსახეობა. მედიკამენტის შექმნის სავარაუდო დროდ ნოემბერი განიხილება. ჩვენ მძიმე სამუშაო გველოდება წინ,იმის გათვალისწინებით რომ დეკემბრიდან სეზონური გრიპები იწყება და დიფერენციაცია უნდა მოვახდინოთ. ამ დროისათვის სტაციონარებში ადგილზე უნდა იყოს „პისიარ“ კვლევის ლაბორატორიები, რათა 2-3 საათში პასუხი გვქონდეს.
პანდემიამ ექიმების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება და ნდობის ხარისხი მკვეთრად გააუმჯობესა. გვახსოვს სხვადასხვა ტიპის სოლიდარობის აქციები.

  • როდესაც საკუთარი ჯანმრთელობით და სიცოცხლით რისკავდით თუ გიფიქრიათ, რომ ისტორიული პროცესის ნაწილი გახდებოდით?

– რა რეჟიმში და სირთულეში მოგვიწია მუშაობა, ეს მხოლოდ ექიმებმა ვიცით. ჩვენ მოსახლეობისთვის ვმუშაობთ და ასეთი დამოკიდებულება ძალიან სასიამოვნოა. ზოგჯერ უცნობი ადამიანები ქუჩაში მაჩერებენ და მადლობას მეუბნებიან, ექიმისთვის ამაზე დიდი ბედნიერება რა უნდა იყოს?!

მინდა მადლობა გადავუხადო კორონავუირუსთან მებრძოლ მედიკოსების გუნდს და ამ პრობლემასთან შეჭიდებულ ყველა უწყებას.

21-ე საუკუნეში მსგავსი გამოწვევები ალბათ ისევ იქნება, მაგრამ მოსალოდნელ ეტაპებს უკვე არსებული გამოცდილებით შევხვდებით და ყველაფერს უფრო იოლად გავივლით. ყველას გამარჯვებას ვუსურვებ!

ინტერვიუს ავტორი
ლიკა დევდარიანი
სააგენტო “პარალელის”
რეგიონალური კორესპონდენტი

კომენტარები