პარტია “სტრატეგია აღმაშენებელი” ოპოზიციონერი ლიდერის, პატიმრობაში მყოფი ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს:
“მთელი საქართველო შეშფოთებით ვადევნებთ თვალს რეჟიმის ტყვეობაში მყოფი ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრ გაუარესებას.
სრულიად აბსურდული და პოლიტიკურად მოტივირებული მიზეზებით ოთხი შვილის დედისა და ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის ციხეში გამოკეტვა სხვა არაფერია, თუ არა რეჟიმის მხრიდან პირადი ანგარიშსწორება. ეს არის ხელისუფლების ნულოვანი თანაგრძნობის პოლიტიკის კიდევ ერთი მკაფიო გამოვლინება.
დღეს უკვე ნათელია, რომ ამ სისასტიკეს ზღვარი აღარ აქვს. ელენე ხოშტარიას არ აძლევენ ნორმალური და სრულფასოვანი სამედიცინო მკურნალობის შესაძლებლობასაც კი, მიუხედავად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის აშკარა გაუარესებისა.
სახეზეა ჰუმანიტარული კრიზისი და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა, როდესაც პოლიტიკური დევნა პირდაპირ საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს. საპატიმრო პირობებში მისი მდგომარეობის დამძიმებაზე სრული პასუხისმგებლობა მოქმედ ხელისუფლებას ეკისრება.
ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვთ:
-
დაუყოვნებლივ მიეცეს ელენე ხოშტარიას სრულფასოვანი, კვალიფიციური და დამოუკიდებელი სამედიცინო დახმარების მიღების შესაძლებლობა;
-
შეწყდეს პოლიტიკური შურისძიების მიზნით ადამიანის სიცოცხლითა და ჯანმრთელობით მანიპულირება;
-
დაუყოვნებლივ გადაიდგას ყველა საჭირო ნაბიჯი, რათა თავიდან ავიცილოთ გამოუსწორებელი შედეგები.
ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვა დღეს ჰუმანურობის, პასუხისმგებლობისა და ელემენტარული ადამიანურობის ტესტია. ყოველი დაკარგული დღე ზრდის რისკს, რომლის შედეგებზეც სრული პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დაეკისრება“, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

