spot_img
მთავარიანალიტიკა"უხილავი მემკვიდრეობა: რა დაგვრჩა საბჭოთა სისტემიდან - კორუფცია...

“უხილავი მემკვიდრეობა: რა დაგვრჩა საბჭოთა სისტემიდან – კორუფცია როგორც ჩვევა და არა მხოლოდ პრობლემა” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკა

რამდენჯერმე გადავწყვიტე ამ თემაზე სტატიის დაწერა — და იმდენჯერვე გადავდე. არა იმიტომ, რომ სათქმელი არ მქონდა, არამედ იმიტომ, რომ ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რამდენად სწორად გაიგებდა ამას მკითხველი. ხომ არ აღიქვამდა ჩემს აზრს კრიტიკად, ან უარეს შემთხვევაში — პირად შეურაცხყოფად.

ბოლოს მაინც გადავწყვიტე. რადგან მიმაჩნია, რომ ეს ტექსტი არ არის საზოგადოებასთან „ბრძოლა“ — ეს არის მცდელობა, გულწრფელად შევხედოთ ჩვენს სუსტ მხარეებს და, თუ შესაძლებელია, შევცვალოთ ისინი.

ჩვენმა ქვეყანამ გასული საუკუნის შვიდი ათეული წელი საბჭოთა კავშირის სისტემაში გაატარა. სახელმწიფო დაიშალა, მაგრამ ის მენტალური კლიშეები და ყალბი ღირებულებები, რაც იმ სისტემას ახლდა, ბევრ შემთხვევაში, კვლავ ჩვენთან დარჩა. ალბათ, კიდევ არაერთი თაობა იქნება საჭირო, რომ მათგან ბოლომდე გავთავისუფლდეთ.

ფორმალურად საბჭოთა სისტემა აცხადებდა, რომ სოციალური უთანასწორობა არ არსებობდა. იდეაში ეს ლამაზად ჟღერდა, თუმცა რეალობა სხვაგვარი იყო. საზოგადოება ფაქტობრივად ორ ფენად იყოფოდა: ერთ მხარეს იდგა პროლეტარიატი — რიგითი მოქალაქეები, ხოლო მეორე მხარეს — პარტიული ელიტა. სწორედ ეს ელიტა სარგებლობდა იმ პრივილეგიებით, რაც დანარჩენებისთვის მიუწვდომელი იყო: სამსახურეობრივი ავტომობილები, პერსონალური მძღოლები, დიდი კაბინეტები, პირადი თანაშემწეები. დეფიციტის პირობებში მათთვის არსებობდა სპეციალური მაღაზიები და უკეთესი სამედიცინო მომსახურებაც.

სისტემის ბოლო წლებში ამას თან ერთვოდა ფარული კორუფცია. რიგით მოქალაქეს, რომელსაც ასეთი პირობები არ ჰქონდა, მაინც რჩებოდა იმედი, რომ ერთ დღეს თავადაც შეძლებდა „ზემოთ“ ასვლას და უკეთეს ცხოვრებას. ამ მოლოდინმა ბევრი ადამიანი სისტემის მიმართ ლოიალურად განაწყო. მეტიც — ხშირად იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ გარკვეული მცირე „დაშვებები“ ყველასთვის არსებობდა, სისტემაც ნაწილობრივ „უზიარებდა“ მოქალაქეებს თავის მანკიერ წესებს (“თუ შეგიძლია მოიპარო – მოიპარე“).

საბჭოთა იმპერიის დასასრულს, გასული საუკუნის 80-იან წლებში თითქოს გარდატეხა მოხდა ამ მხრივ. მართალია უკმაყოფილება იზრდებოდა, მაგრამ ეს ყოველთვის არ იყო პრინციპული პროტესტი კორუფციისა და უსამართლობის წინააღმდეგ. ხშირად უფრო იმ განცდას ჰგავდა, რომ ასეთ შესაძლებლობებზე წვდომა ყველას არ ჰქონდა.

ამ კონტექსტში ხშირად მახსენდება სპარტაკი და მისი აჯანყება ძველ რომში. როგორც მოგვიანებით გავაცნობიერე, მისი ბრძოლა ნაკლებად იყო მიმართული სისტემის ფუნდამენტური ცვლილებისკენ (მიუხედავად იმისა, რომ სკოლაში ხშირად სხვაგვარად გვასწავლიდნენ) — ის პირველ რიგში საკუთარი თავისუფლებისთვის იბრძოდა და, გარკვეულ პირობებში, არც იმავე წესებით ცხოვრების შესაძლებლობას გამორიცხავდა, მათ შორი,ს მონების ფლობასაც. ეს მაგალითი გვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ბრძოლა, არამედ ის ღირებულებები, რომლებიც ამ ბრძოლას საფუძვლად უდევს.

მაშინდელი საბჭოთა საზოგადოებაც, გარკვეულწილად, ჰგავდა ამ მოდელს — სისტემა ბევრს არ მოსწონდა, თუმცა ბევრსაც სურდა, მისგან პირადი სარგებელი მიეღო. ამიტომ პრობლემა ხშირად უფრო ღირებულებით ნაწილში იკვეთება, ვიდრე მხოლოდ პოლიტიკურ სისტემაში ან ინსტიტუციურ მოწყობაში. როცა საზოგადოება ეგუება უსამართლო წესებს და ზოგჯერ თავადაც ცდილობს მათგან სარგებლის მიღებას, სისტემა კი არ ცვლის ადამიანებს — ადამიანები ამაგრებენ სისტემას.

თუ დღევანდელ რეალობას დავაკვირდებით, გარკვეული პარალელების გავლება კვლავ შესაძლებელია. ბიზნესისა და საჯარო სექტორის წარმომადგენელთა ნაწილში მაღალი სტატუსის ატრიბუტებად ისევ აღიქმება პერსონალური ავტომობილები, კაბინეტები, მძღოლები და თანაშემწეები.
და, ალბათ, ყველაზე რთული საკითხიც აქ იწყება: საზოგადოების კრიტიკული დამოკიდებულება ყოველთვის არ არის მხოლოდ კორუფციის პრინციპული მიუღებლობით განპირობებული. ზოგჯერ ის დაკავშირებულია იმ განცდასთან, რომ მსგავსი რესურსები ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომი არ არის.

შესაბამისად, როცა ვისმენთ კორუფციისა და ნეპოტიზმის ფაქტებს, საზოგადოების რეაქცია ხშირად არ არის ისეთი მწვავე, როგორიც განვითარებულ ქვეყნებში გვხვდება. ეს, შესაძლოა, მიუთითებდეს იმაზე, რომ პრობლემა მხოლოდ ინსტიტუტებში არ არის — ის ნაწილობრივ ჩვენშიცაა.
საბჭოთა კავშირი დაიშალა, მაგრამ მისგან გადმოყოლილი მიდგომები და ღირებულებები ჯერ კიდევ ძლიერად არის ფესვგადგმული. და სანამ ამ შიდა წინააღმდეგობას არ გავუმკლავდებით — სანამ კორუფციას და საჯარო რესურსების ბოროტად გამოყენებას ერთმნიშვნელოვნად მიუღებლად არ შევაფასებთ — განვითარებაზე საუბარი ყოველთვის ნაწილობრივ დაუსრულებელი დარჩება.

ავტორი
ალექსი ნონიაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“როგორ შევაფასოთ “ბაზისბანკის” მიერ “ლიბერთი ბანკის” შეძენის ფინანსური შედეგები პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით? გაიზარდა...

“ბაზისბანკის” მიერ “ლიბერთი ბანკის” შეძენასთან დაკავშირებით შექმნილ რეალობაზე საუბრობს...

“პრემიერის” აქტით გენერალ-მაიორად შერაცხული გაუყენეს რუსული ხომალდის გზას” – ნიკა გვარამია

მმართველ გუნდში განხორციელებილ საკადრო ცვლილებების გამომწვევ სკანდალურ მიზეზებზე აკეთებს...

“ჩვენც უნდა გვახსოვდეს და სხვამაც უნდა იცოდეს, რომ პასუხისმგებლობას ყველანი თანაბრად ვიღებთ და ვინაწილებთ”...

საზოგადოებაში წამოწეულ კონკრეტულ საკითხებს თუ შეკითხვებს, ერთგვარი მინიშნებებით და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სანამ ამ ქვეყანაში მათი გმირებად ხსენება იქნება, მანამდე თქვენი სახელი მონა იქნება” – ლელა...

მმართველი პარტიის წარმომადგენლებს 9 აპრილის მემორიალთან მწვავე შეძახილებით დახვდნენ...

“იძულებული ვართ ჩვენით ავხსნათ, თუ რატომ ცვლის ერთი ქოცი პუსტა-პუსტა მეორეს ამა თუ იმ...

მმართველ გუნდში განხორციელებულ მორიგ საკადრო ცვლილებებს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

“არცერთი სიტყვის არ მჯერა, რასაც ბორიას კანტორა თხზავს ელისო კილაძის წინააღმდეგ” – ანი ნადარეიშვილი

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს ყოფილი თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის...

“ავტორიტარული მმართველობაა, როდესაც “უფლისწული” შემოგყავს პოლიტიკაში” – გოჩა მირცხულავა

პოლიტიკურ პროცესებში "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის უმცროსი...