პარასკევი, აპრილი 26, 2024

სოფელზე ზრუნვა თუ მთავრობის წინასაარჩევნო მარათონი?

საქართველოს მთავრობამ მაისის შუა რიცხვებში „ზრუნვა სოფელზე, ანტიკრიზისული გეგმა“ პომპეზურად წარადგინა. თუ შემოთავაზებული პროგრამის შინაარს დეტალურად ჩავუღრმავდებით თვითონ სახელწოდება „ანტიკრიზისული გეგმაც“ პომპეზურია. ხელისუფლების მიერ წარდგენილი პროგრამა უფრო სოციალურ ხასიათს ატარებს და საარჩევნო წლისთვის სოფლად მცხოვრები ელექტორატისთვის, მოკლევადიან პერიოდში, გულის მოგებას უფრო ემსახურება, ვიდრე სოფლის მეურნეობისათვის პანდემიისგან მიღებული შედეგების აღმოფხვრას. წინ მძიმე ზამთარი გველოდება. ქვეყანაში სასურსათო თვითუზრუნველყოფის მხრივ ცუდი მდგომარეობა გვაქვს და ამის შესახებ ჩვენს წინა სტატიებშიც აქტიურად ვსაუბრობდით და ვცდილობდით ამ პრობლემებისადმი ფართო საზოგადოების ყურადღება მიგვექცია. ჩვენს მიერ მოხმარებული სურსათის 80% იმპორტირებულია. დოლარის კურსის ცვლილება ან მსოფლიო ბაზარზე რომელი სახეობა საკვებ პროდუქტზე დეფიციტი  ადგილობრივ ბაზარზე ფასების მნიშვნელოვან ზრდას იწვევს. თუ იმისაც გავითვალისწინებთ, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ამ პანდემიის გამო შემოსავლის გარეშე დარჩა ადვილი მისახვედრია, რომ წინ დიდი გაჭირვება გველოდება.

ამიტომ ვირუსთან ბრძოლის პარალელურად, ხელისუფლების მხრიდან დიდი ყურადღება სოფლად საგაზაფხულო სამუშაოების ჩატარებას უნდა დათმობოდა. საჭირო და დროული იქნებოდა სახელმწიფოს მხრიდან ყველა აგროსუბიექტის (როგორც ფერმერული, ისე საოჯახო მეურნეობების) საკვები პროდუქტების წარმოების პროცესში აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის მასობრივი წარმოებისთვის ხელშეწყობა. მართალია საოჯახო მეურნეობებს სასურსათო ბაზრისთვის მასშტაბის ეფექტის შექმნა არ ძალუძთ, მაგრამ სასურსათო თვითუზრუნველყოფის თვალსაზრისით მშვენივრად ართმევენ თავს საქმეს. ხშირ შემთხვევაში ასეთი ოჯახები ქალაქში მცხოვრებ ახლობლებლებსაც საკვებით აქტიურად ეხმარებიან და ხელს უმართავენ. მეტიც, პანდემიის დროს, ოჯახის გამოკვების მიზნით, ქალაქის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა  სოფლად მიწის დამუშავება დაიწყო. ამ შემთხვევაში ხელისუფლების მხრიდან საოჯახო მეურნეობებისათვის მხარდაჭერა დარგის განვითარებას დიდად ხელს არ შეუწყობდა (წინა წლების გამოცდილება ამაზე მეტყველებს), მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან, მოკლევადიან პერიოდში მსგავსი მიზნების მიღწევა ჩვენი მოსახლეობისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კი ნამდვილად იქნებოდა.

სამწუხაროდ აგრო სექტორში მთავრობის მიერ წარმოდგენილი ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც 20 მაისს ამოქმედდა, ჩვენი საზოგადოების წინაშე არსებულ ამ და სხვა გამოწვევებს ვერ პასუხობს. მეტიც, ზოგიერთ შემთხვევაში მისი პრაქტიკაში გამოყენება დაგვიანებულიც კი არის.

მოდით პუნქტობრივად გავიაროთ ანტიკრიზისული გეგმა რას სთავაზობს ფერმერულ და საოჯახო მეურნეობებს.  150 ლიტრი დიზელი 1 ჰა-ზე, შეღავათიანი ფასით (1 ლიტრზე 1 ლარის ფასდაკლებით) მნიშვნელოვანი დახმარებაა ფერმერული მეურნეობებისთვის, მაგრამ ნათესი ფართობებისა და შესაბამისად წარმოებული პროდუქციის მოცულობის ზრდას ნაკლებად შეუწყობს ხელს იმიტომ, რომ ძირითადი ხვნა-თესვის სამუშაოები ამ პერიოდისათვის დასრულებულია (არსებობს გამონაკლისი შემთხვევებიც, მაგალითად ნედლი ბოსტნეული კულტურების მოყვანა). პროგრამა წლის ბოლომდე იმოქმედებს და როგორც გაირკვა ფერმერები და საოჯახო მეურნეობები ეტაპოვრივად მიიღებენ ტალონებს საწვავზე. ტენდერში გამარჯვებული კომპანიის „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ ბენზინგასმართ სადგურებში ევრო დიზელის საცალო ფასი 1.90 ლარია. მთავრობის მოცემული პირობიდან გამომდინარე ფერმერებს საწვავი 0.90 ლარში უნდა მიეღოთ, მაგრამ ყველაფერი ასე მარტივად არ არის. სოკარის ოფიციალურ საიტზე, როგორც ვკითხულობთ ამ პროგრამის ბენეფიციარები ავტოგასამართი სადგურებიდან დიზელს კონსოლიდირებულ ტენდერში დაფიქსირებულ ფასზე 16 თეთრით იაფად შეიძენენ, ხოლო საბითუმო ბაზებიდან – 20 თეთრით იაფად. მაისის თვეში კონსოლიდირებულ ტენდერში დაფიქსირებული დიზელის ფასი 1.32 ლარია. შესაბამისად მიწის დასამუშავებლად მცირე ფერმერული და საოჯახო მეურნეობები საწვავს მიიღებენ 1.16 ლარში, ხოლო მსხვილი მიწათმფლობელები – 1.07 ლარში. მომდევნო თვეებში საწვავზე საბაზრო ფასის ცვლილების შესაბამისად ამ პროგრამაში მონაწილე ბენეფიციარებისთვის საწვავის ფასი შეიცვლება  (ან უფრო გაძვირდება, ან უფრო გაიაფდება). შეგახსენებთ, რომ ამ პერიოდისთვის არაბრედირებულ ბენზინგსამართ სადგურებში დიზელის საწვავი 1.40 ლარი ღირს. სოკარის ბენზინგასამართი სადგურების ქსელი დიდ დასახლებულ პუნქტებში მჭიდროდ არის განლაგებული. რასაც ვერ ვიტყვით სოფლებსა და გარეუბნებზე. ზოგიერთი სოფლის მოსახლეობას შეღავათიან საწვავის ასაღებად ათეულობით კილომეტრი გზის დაფარვა მოუწევს ტრანსპორტით, რომ მთავრობის მიერ გამოყოფილი დახმარებით ისარგებლობს, რაც ცალკე დანახარჯებთან არის დაკავშირებული. ადვილი დასათვლელია, 50 ლიტრი დიზელის საწვავის შეძენა მაისის თვეში ფერმერს სოკარში 58 ლარი დაუჯდება, ხოლო არაბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურში 70 ლარი. ფასში 12 ლარის განსხვავებად უღირს, თუ არა ფერმერს მუნიციპალიტეტებიდან მოშორებული სოფლებიდან ჩამოსვლა ეს უკვე მისი გადასაწყვეტი იქნება.

ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ პროდუქციაზე მოთხოვნის ზრდა მასზე ფასის ზრდის პროპორციულია. მაგალითად, 2013 წელს ფერმერებისათვის ვაუჩერების დარიგებამ სასოფლო-სამეურნეო იარაღებზე მოთხოვნის ზრდა გამოიწვია. უბრალო ვაზის სეკატორი, რომელიც მანამდე 15-20 ლარი ღირდა, დახმარების მიღების მომენტში მაღაზიებში 40-45 ლარად იყიდებოდა. იმედია, რომ დიზელზეც საბაზრო ფასი არ მოიმატებს და ფერმერები რეალურად მიიღებენ საწვავის ფასში შეღავათს.

რაც შეეხება 0.25-დან 10 ჰა-მდე რეგისტრირებული მიწის მესაკუთრეებისათვის სასოფლო-სამეურნეო საქონლისა და ხვნის მომსახურების სუბსიდირებას, აქ პროგრამით 1 ჰა-ზე 200 ლარია გამოყოფილი და იგეგმება, რომ 200 000 ათასი ფერმერი მიიღებს დახმარებას. ეს იმას ნიშნავს, რომ მეურნეობების მხოლოდ ერთი ნახევარი არის პროგრამით გათვალისწინებული, ხოლო მეორე ნახევარს დახმარების გარეშე ვტოვებთ. 2014 წლის აღწერის მონაცემებით 402 605 მეურნეობა ამუშავებდა მათ მფლობელობაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობს. ასევე მეურნეობების დიდი ნაწილი მცირემიწიანია (77.1%) 1ჰა-ზე ნაკლებ მიწის ფართს ფლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პროგრამით მათზე სასუქის, საჩითილე მასალისა და ბიოლოგიური მოვლის საშუალებების შესაძენად მხოლოდ 50-200 ლარის ფარგლებში დაეხმარება არის გათვალისწინებული. აგროტექნიკური მომსახურებით ისარგებლებენ მხოლოდ 1.25-დან 10 ჰა-მდე მიწის მფლობელები. აქ გაურკვეველია აგროტენიკურ მომსახურებაში მხოლოდ ხვნა-თესვითი სამუშაოები შედის (რაც პრინციპში უკვე დაგვიანებულია), თუ აგროკულტურების მოვლის სხვა მექანიზებული სამუშაოებიც იგულისხმება. ბუნებრივია ჩნდება სამართლიანი კითხვა ხელისუფლების მისამართით, – რა პრინციპით ეხმარება ფერმერული მეურნეობების ერთ ნაწილს, ხოლო მეორე ნაწილს გამორიცხავს და რატომ არ არის დახმარება ყველაზე გათვალისწინებული?

ანტიკრიზისული გეგმის შემდეგი პუნქტი – სამელიორაციო მომსახურების ღირებულების განულება, ვფიქრობთ მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება ფერმერული და საოჯახო მეურნეობებისათვის. პანდემიის პირობებში ეს გარკვეულ სახსრებს დაუზოგავს ფერმერებს, რომელთა გამოყენებაც სხვა მიმართულებითაც შეეძლებათ. მელიორაციაში დაგროვილ პრობლემებზე მომდევნო სტატიებში გვექნება საუბარი, აქ არ შევჩერდებით.

რაც შეეხება პრეზენტაციაში წარმოდგენილ სხვა ინიციატივებს, ისეთს მაგალითად როგორიცაა: 50%-იანი გრანტი ტექნიკისა და სასათბურე მეურნეობისთვის მოწყობილობების შესაძენად, 80%-მდე გრანტი მერძევეობისთვის, 17%-მდე თანადაფინანსება სესხებზე, 70%-იანი თანადაფინანსება აგროდაზღვევაზე, გრანტები საერთაშორისო სტანდარტების დანერგვაზე, ქაღალდზე ლამაზად ჩანს და პიარის თვალსაზრისითაც მიმზიდველია, მაგრამ ნაკლებად პრაქტიკულია. პროგრამების დიდი ნაწილი კაბინეტებში იწერება  ისე, რომ მათი შედგენისას ფერმერების აზრსა და საჭიროებებს, ასევე ქვეყნის რეგიონალურ თავისებურებებს არ ითვალისწინებენ. რაც  ცხოვრებაში მათ გამოყენებას ხშირ შემთხვევაში გამოუსადეგარს ხდის. რათქმაუნდა აღნიშნული პროექტებით გარკვეული ბენეფიციარები უკვე სარგებლობენ და გარკვეულ შეღავათებსაც ნახულობენ, მაგრამ სამწუხაროდ ეს ვერ ქმნის ამინდს სოფლის მეურნეობაში. როგორც წესი დღევანდელი სახელმწიფოს პოლიტიკა აგრარულ სექტორში უფრო პასუხია უკვე მომხდარ მოვლენებზე, ვიდრე რისამე პრევენცია ანდა წინასწარ გადასადგმელი ნაბიჯების პროგნოზი და გათვლა. ამაზე მთავრობის წარმოდგენილი ანტიკრიზისული გეგმაც მეტყველებს.

სტატიაში გამოყენებული მასალა:

  1. https://www.geostat.ge/ka
  2. https://www.facebook.com/DaneliaOfficial/photos/pcb.2715127635282989/2715125061949913/?type=3&theater
  3. http://arda.gov.ge/faq#26
  4. https://sgp.ge/ge/news/details/70

ავტორი
ალექსი ნონიაძე
სააგენტო “პარალელის” ექსპერტი, ანალიტიკოსი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული