პარასკევი, აპრილი 26, 2024

ქუთაისის მერიამ 84 ათასი ლარით ყვავილები თურქეთიდან შეისყიდა, მაშინ, როცა ქართველ მეწარმეებს ყვავილები უხმებათ – ვანო კაპანაძე

იმერეთის „ლელოს“ ოფისის წარმომადგენლებმა ქუთაისის მერიასთან ბრიფინგი გამართეს. „ლელო საქართველოს“-ს წევრებმა ადგილობრივ თვითმმართველობის მიერ გამწვანებისათვის 84 ათასი ლარის ღირებულების ყვავილების თურქეთში შესყიდვა გააკრიტიკეს და ხელისუფლებას ადგილობრივ მეწარმეთან თანმშროლობისაკენ მოუწოდეს:

ჩვენ არაერთხელ მივმართეთ ქუთაისის მერიას, პანდემიის გამო ცვლილებები შეეტანათ ბიუჯეტში და გამოთავისუფლებული თანხებით მოსახლეობასა და ადგილობრივ ეკონომიკას დახმარებოდა. მიუხედავად ამისა, ქალაქის მერიამ ბიუჯეტში ცვლილებები არცერთი მიმართულებით არ შეიტანა, თითქოს პანდემია არც ყოფილიყოს. დაიწყო გამწვანებისთვის გამოყოფილი 850 ათასი ლარის ხარჯვა და 84 ათასი ლარით ყვავილები თურქეთიდან შეისყიდა, მაშინ, როცა ქართველ მეწარმეებს ყვავილები უხმებათ,’’- განაცხადა „ლელო საქართველოსთვის’’ იმერეთის ოფისის საარჩევნო სპეციალისტმა ვანო კაპანაძემ.

ინფორმაციას “ლელო საქართველოსთვის” იმერეთის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

შეგახსენებთ, ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურმა ყვავილების და დეკორატიული მცენარეების დარგვა დაიწყო მთელი ქალაქის მასშტაბით. საგაზაფხულო სამუშაოები კორონავირუსის პანდემიის გამო მოგვიანებით დაიწყო. პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მერიამ სულ 80 ათასი ლარის ყვავილის ნერგი შეიძინა. ყვავილები უკვე დაირგო ქალაქის ცენტრალურ ბულვარში, ასევე გამარჯვების, საფიჩხიისა და ვაკისუბნის ადმინისტრაციულ ორგანოებში, იქ, სადაც უსაფრთხოების კუნძულებია მოწყობილი. საერთო ჯამში, ქუთაისში სულ 120 ათასი ძირი ყვავილი დაირგვება.

ავტორი
ლიკა დევდარიანი
სააგენტო “პარალელის”
რეგიონალური კორესპონდენტი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული