შაბათი, აპრილი 27, 2024

დღეს სოფლად ცხოვრობს ჩვენი მოქალაქეების დიდი ნაწილი და ძლიერი სოფელი პირდაპირ ნიშნავს ძლიერ ქვეყანას და ძლიერ სახელმწიფოს – გიორგი გახარია

მთავრობის მეთაურმა გიორგი გახარიამ და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა სოფლის მეურნეობის მიმართულების ანტიკრიზისული გეგმა – „ზრუნვა სოფელზე და ფერმერზე” წარადგინეს. როგორც პრემიერმა აღნიშნა ფერმერები სახელმწიფოსგან რამდენიმე მიმართულებით დახმარებებს მიიღებენ, კერძოდ გრანტს ტექნიკის შესაძენად, საწვავს დაბალ ფასად. ასევე თითოეული ფერმერი, რომელსაც აქვს დარეგისტრირებული მიწა, ერთ ჰექტარზე სახელმწიფოსგან 200 ლარს მიიღებს.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით კრიზისის პერიოდში განსაკუთრებით მწვავედ გამოჩნდა, რას ნიშნავს ქვეყნისთვის სასურსათო უსაფრთხოება და აგროპროდუქტების შიდა წარმოება, ამიტომ აგრარული პროცესი არ უნდა გაჩერდეს არც ერთი წამით, სოფლად ფერმერებმა უნდა გააგრძელონ მუშაობა და მიწა არ უნდა დარჩეს დაუმუშავებელი:

“დღეს სოფლად ცხოვრობს ჩვენი მოქალაქეების დიდი ნაწილი და ძლიერი სოფელი პირდაპირ ნიშნავს ძლიერ ქვეყანას და ძლიერ სახელმწიფოს. ქართველი კაცის დამოკიდებულება მიწასთან ყოველთვის განსაკუთრებული სპეციფიკით გამოირჩეოდა, ამიტომ ჩვენ შევიმუშავეთ პროგრამა, რომელიც დამყარებულია როგორც ფერმერის და ფერმერობის მხარდაჭერაზე, ისე იმ ხარისხობრივი ნიშნების შემოტანაზე ფერმერულ მეურნეობაში, რომელმაც ერთმნიშვნელოვნად უნდა გაზარდოს ჩვენი სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობა.

ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონებთან და ჩვენს ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, ამ დარგში არსებული კრიზისებისა და გამოწვევების მართვის ძალიან კარგი გამოცდილება აქვს. ეს შეიძლება იყოს მაგალითად აზიური ფაროსანა, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო ფერმერებთან და ასოციაციებთან ერთად აბსოლუტურად ეფექტურად გაუმკლავდა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ამ პროგრამის შედეგი უნდა იყოს, რომ აგრარული პროცესი ქვეყანაში არც ერთი დღით არ უნდა გაჩერდეს და ქვეყანაში არ დარჩეს დაუმუშავებელი მიწა. ამ მიზნით მთავრობამ შეიმუშავა იმ პროგრამების კონკრეტული გეგმა, იმ პროგრამების დაფინანსების გასაზრდელად, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროში ფერმერების დასახმარებლად უკვე არსებობს. ამასთან ერთად, შევიმუშავეთ სპეციალური დამატებითი ღონისძიებებიც.

ანტიკრიზისული გეგმის შესაბამისად, თითოეული ფერმერი, რომელსაც აქვს დარეგისტრირებული მიწა, ერთ ჰექტარზე სახელმწიფოსგან 200 ლარს მიიღებს.

სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის საწვავის ფასი არის კრიტიკულად, სისტემურად მნიშვნელოვანი და ჩვენ ვმუშაობთ ამ პრობლემის გადასაწყვეტად, არა მხოლოდ კრიზისში, არამედ მომავალი წლებისთვის და გარანტირებულად შემიძლია გითხრათ, რომ აგროდიზელის ფასი მნიშვნელოვნად იაფი იქნება, ვიდრე დიზელის საბაზრო ფასი.

ყველა ფერმერი, ერთ ჰექტარზე 150 ლიტრ დიზელის საწვავს მიიღებს, რომელიც გარანტირებულად, საბაზრო ფასზე ერთი ლარით იაფი იქნება. საქართველოში ყველა ფერმერი, რომელთა რაოდენობა 42 000-ია, სრულად გათავისუფლდება საირიგაციო საფასურისგან. ფერმერებს, 2020 წლის განმავლობაში სარწყავი წყალი უფასოდ ექნებათ. ხოლო იმ ფერმერებს, რომლებსაც ტექნიკის შეძენა დასჭირდებათ, სახელმწიფო, გრანტის სახით 50 პროცენტს დაუფინანსებს.

ყველა ადამიანი, ვისაც შეიძლება რაიმე მიზეზით მიწა არ აქვს დარეგისტრირებული და წლის ბოლომდე ამას მოახერხებს, ამ შეღავათებით და დახმარებებით ისარგებლებს. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ პროგრამის გარკვეული ნაწილი მომავალი წლის რაღაც პერიოდსაც მოიცავს. ჩვენ ვეხმარებით ფერმერებს, სოფელს, ესაა ზრუნვა არა მხოლოდ სოფელში მცხოვრებ ადამიანებზე, არამედ ჩვენს თითოეულ მოქალაქესა და ქვეყნის აგროსასურსათო უსაფრთხოებაზე,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული