ქართველი მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე კონკრეტულ ფაქტებზე აკეთებს მინიშნებას და ცრუ მოლოდინებისთვის უარის თქმას სთავაზობს საზოგადოებას:
“განწყობა ბევრ რამეს განსაზღვრავს ბრძოლის პროცესში, მაგრამ რამდენჯერ გამოვცადეთ, რომ არასწორი მოლოდინების შექმნის შემდეგ უარეს ფრუსტრაციაში ვვარდებით.
ღმერთმა ქნას, მოლოდინი გამართლდეს და რეჟიმმა კარი გაუხსნას ჩვენს სინდისის პატიმრებს, მაგრამ ისტორიული და მიმდინარე გამოცდილება გვასწავლის, რომ რეჟიმი – სადიზმის ამა თუ იმ ხარისხით – ყველაფერს გააკეთებს, რომ სულ მცირე საბაბიც არ მოგცეს ბედნიერებისთვის, შვებისთვის, ამოსუნთქვისთვის, რადგან ბედნიერების განცდა მოქმედების ენერგიასაც იძლევა, ეს კი ყველა რეჟიმს აშინებს.
აიათოლების რეჟიმი დახოცილთა გვამებსაც კი არ აძლევს მშობლებს, გამოსასყიდს ითხოვს და ბოლომდე ჯეგავს…
სტალინური ტერორის დროს ხის მორებზე აწერდნენ დახვრეტილთა და გამქრალთა სახელებს, რომ უბედურ ხალხს მანდ მაინც მიეგნო ოჯახის წევრის კვალისთვის.
ესენი ჯერ წამების ფაზაზე არიან – რად უნდათ ციხეში ნინო ბარძიმიშვილი ან რომელიმე სხვა სინდისის პატიმარი, არაფრის გამო აყვანილი მძევლად, მაგრამ რუსული ტერორის იდეაც ესაა: ულოგიკო სისასტიკე, სადაც სისუსტე სისტემის მარცხის საწინდარია.
ნუ ველით ივანიშვილის რეჟიმისგან კეთილ ჟესტს – თუ მოხდება, ამას რა აჯობებს, მაგრამ თუ მოლოდინი არ გაგვიმართლდა, ის მაინც გვახსოვდეს, რომ არც თავი მოგვიტყუებია ივანიშვილის და მისი სატრაპ-მარიონეტების “სიკეთეზე“, – წერს ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში.

