შაბათი, ივნისი 21, 2025
24.8 C
Tbilisi
Home Blog Page 62

მიხეილ სააკაშვილი: “შემდეგ დღეებში გაფორმდება უკრაინის გამარჯვება!”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქართულ და უკრაინულ ენებზე პოზიტიურ მიმართვას ავრცელებს, ოპტიმისტური მოლოდინებით:

აღდგომა არის გაზაფხულის, სითბოს და სინათლის გამარჯვება ცივ სასტიკ და დაუნდობელ ზამთარზე, რომელიც ძალიან გაგვიგრძელდა. შემდეგ დღეებში გაფორმდება უკრაინის გამარჯვება!

Великдень — це перемога весни, тепла й світла над холодною, жорстокою та безжальною зимою, яка тривала для нас занадто довго. У найближчі дні перемогу України буде закріплено офіційно!” – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

“ამ წმინდა უვიცობაში ქოცები დაწინაურდებიან” – გიგი უგულავა

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, გიგი უგულავა სოციალურ ქსელში ირონიულ სტატუსს აქვეყნებს, მეორე უცხოური ენის სტატუსით, საქართველოს სკოლებში ჩინური ენის სწავლების საკითხზე, მმართველი პარტიის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით:

,,ბოლოს ჩინურის ცოდნა დაერქმევა იმას, რის გაგნებაშიც არ ვართ. ფიზიკა, ქიმია, ლიტერატურა, კომპიუტერი, ინგლისური – ყველაფერი რაზეც ვამბოთ – მოაშორე აქედან, ჩინურია ეგ ჩემთვის.

ისიც უდავოა, ამ წმინდა უვიცობაში ქოცები დაწინაურდებიან. მათთვის ყველაფერი ჩინურია😂🙈” – წერს გიგი უგულავა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

“საზოგადოება ვერ ამარცხებს დიქტატურას, რადგან ოპოზიცია არ ვარგა” – მიშა მშვილდაძე

ტელეწამყვანი, ტვ ,,ფორმულას” თანადამფუძნებელი, მიშა მშვილდაძე, ქვეყანაში შექმნილი რეალობის შეფასებისას, პოზიციას აფიქსირებს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ვერ ხერხდება მმართველი პარტიის დამარცხება:

,,ძალიან მოკლედ ვიტყვი, ძალიან:

საზოგადოება ვერ ამარცხებს დიქტატურას, რადგან ოპოზიცია არ ვარგა – არის მათემატიკური, სოციოლოგიური და მორალური აბსურდი”, – წერს მიშა მშვილდაძე და იქვე კომენტარებშიში აღნიშნავს:

,,აქვე დავაზუსტებ დაგვიანებით, მაგრამ კვლავ ყოველი შემთხვევისთვის, რომ ოპოზიციაში იგულისხმება მთელი სპექტრი და არა რომელიმე კონკრეტული პარტია“.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

“უკვე მეორე წელია რაც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ეს უბადრუკი ბიომასა საპროტესტო აქციებით ხვდება” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მძიმე შეფასებებით ეხმაურება საპროტესტო აქციების მონაწილეების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აღდგომის დღესასწაულის ქაშვეთის ეკლესიასთან აღნიშვნასთან დაკავშირებით:

უკვე მეორე წელია რაც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ეს უბადრუკი ბიომასა საპროტესტო აქციებით ხვდება.

მიჩნდება კითხვა: მათთვის ეს ქრისტიანული დღესასწაული საერთოდ რამეს ნიშნავს?

ან ქაშვეთთან რაღაც ყალბი რიტუალის ჩატარებით, ვის დააჯერებენ რომ რამის სწამთ?” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ზაალ ანჯაფარიძე.

“მიჭირს, მაგრამ გწერთ, ვინც აქამდე სიყვარულით და უდიდესი ენერგიით მგულშემატკივრობდით, გჯეროდათ ჩემი, ვგრძნობ, ისევ გვერდში დამიდგებით და ამიტომაც” – ხათუნა სამნიძე

პარლამენტის ყოფილ დეპუტატს, “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერს, ხათუნა სამნიძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდებს. მან, მძიმე დაავადების გამო, მკურნალობის კურსი გაიარა, თუმცა დამატებით აუცილებელია გაუკეთდეს ძვირადღირედული ოპერაცია, რის გამოც საზოგადოებას ემოციური პოსტით მიმართავს, მხარდაჭერის მოლოდინით:

უჰ, გამომწერეს მორიგი ოპერაციის მერე და სახლში ვარ ერთკვირიანი პალატაში მარტოობის შემდეგ❤️✊ მადლობა “კლინიკა ინოვა”-ს უსაყვარლეს მედდებს და გამორჩეული პროფესიონალიზმის ქირურგ ირაკლი თოდუას🥰

მაგრამ წინ კიდევ ერთ დიდ ბრძოლას, სერიოზულ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მომზადებასთან ერთად, ეს პოსტიც დასჭირდა🥹❤️ მიჭირს, მაგრამ გწერთ, ვინც აქამდე სიყვარულით და უდიდესი ენერგიით მგულშემატკივრობდით, გჯეროდათ ჩემი, ვგრძნობ, ისევ გვერდში დამიდგებით და ამიტომაც. არც მაქვს სხვა გამოსავალი, ისეთი რამ დამჭირდა.

მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში კეთდება ის მასშტაბური და რამდენიმე ათეული ათასი ევროს ღირებულების ოპერაცია, რომელიც გადამარჩენს. ეს უნდა შევძლო ახლობლების დახმარებით, მოვიძიო ეს თანხები და შევიდე კიდევ ერთ რთულ ბრძოლაში. მოვიგებ? კი, ამ ომს მოვიგებ მე. მაგრამ თქვენი დახმარებით და სიყვარულით, როგორც წინა ბრძოლაში ერთი წუთითაც არ მიგვრძვნია თავი მარტოდ მიუხედავად იმისა, რომ ასე შორს ვიყავი✊❤️❤️❤️❤️❤️

ოპერაცია სასწრაფოაო ონკოლოგებმა და სამშაბათს მეტი დეტალი მეცოდინება.
ბედნიერი და სიყვარულით სავსე აღდგომა❤️❤️❤️” – წერს ხათუნა სამნიძე ფეისბუქის პირად გვერდზე და აქვეყნებს ანგარიშების ნომრებს:

ჩემი ანგარიშია თიბისი ბანკში
#GE52TB7129045068100001

ჩემი შვილის საქართველოს ბანკში
#GE46BG0000000545865833
სალომე დიასამიძე

და ჩემი ძმა pay pal
@IrakliSamnidze”

სააღდგომო ეპისტოლე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ მისი მტრები და მისი მოძულენი ივლტოდნენ პირისგან მისისა; და როგორც ქრება კვამლი, – განქარდნენ … მართლები კი განიხარებენ და იზეიმებენ ღმერთის წინაშე და სიხარულით დატკბებიან (ფს. 67. 2-3).

როგორი დიდი ნუგეშია წმ. დავით მეფის ამ წინასწარმეტყველურ სიტყვებში! როგორი იმედითა და სულიერი სიხარულით გადაეცემოდა თაობიდან თაობას ბოროტებაზე გამარჯვების ეს საგალობელი. დიადი ჟამის აღსრულებას კი უკვე თითქმის 2000 წელია გამორჩეულად აღნიშნავს კაცობრიობა; ჩვენც დღეს ამ ზეიმის მონაწილენი ვართ.
კიდევ ერთხელ მინდა მოკლედ შეგახსენოთ, თუ როგორია გზა სამოთხიდან, მიწიერი ყოფის გავლით, ცათა სასუფევლამდე.

წმინდა წერილიდან ვიცით, რომ ღმერთმა ხილულ სამყაროში თავის ხატად მხოლოდ ადამიანი შექმნა და დაადგინა სხვა ქმნილებათა განმგებლად; მისცა თავისუფლება და ედემის ბაღის პატრონობა დაავალა; იგი უნდა ყოფილიყო ამ ბაღის და ცნობადისა და სიცოცხლის ხეთა ბრძენი მცველი; დანარჩენი ქმნილებები კი მას უნდა დამორჩილებოდნენ. ამით შემოქმედმა განსაკუთრებული პატივი მიაგო ადამიანს და არჩევანი ბოროტებასა და სიკეთეს, სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის მის ნებას მიანდო.
ჩვენს პირველმშობელთა მიმართ ამგვარი ამაღლებული დამოკიდებულების გამო შურით აღძრულმა ბოროტმა სულმა აცდუნა ისინი და განაშორა ღვთის დიდებას; ქვეყნიერება კი დარჩა უფლისგან დადგენილი მზრუნველის გარეშე.

ბოროტი ძალა მხოლოდ ადამისა და ევას შეცდენით არ დაკმაყოფილებულა; ათასგვარი ხერხით იგი დღემდე ცდილობს, თავისკენ გადაიბიროს კაცობრიობა და საბოლოოდ აღხოცოს მასში ღვთის ხატება.

მაგრამ ადამიანი ცოდვამ და სიკვდილმა ბოლომდე მაინც ვერ დასცა. ყოვლადძლიერი, ცოცხალი, კურთხეული, უხილავი ღმერთის (როგორც ძველ აღთქმაში ხშირად იხსენიება შემოქმედი) რწმენა განსაკუთრებით დიდი იყო რჩეულ ერში; მძიმე და დაძაბუნებულ მდგომარეობაშიც კი, ამ წიაღში საუკუნეთა მანძილზე ჩნდებოდნენ ღვთისსათნო და რჩეული პიროვნებები, რომლებიც ზეცისკენ მიმავალ გზას უჩვენებდნენ ხალხს.

ისინი იმ იმედით იყვნენ აღვსილნი, რომ შემოქმედი არ დაუშვებდა მუდმივ დასჯილობაში ცხოვრებასა და სიკვდილს და დაგვიბრუნებდა დასაბამისეულ პატივს.
ამიტომაც, გულდასმით იძიებდნენ სამოთხისეული მდგომარეობის დაკარგვის მიზეზებს და საზოგადოებაში მარადიული ღირებულებების განმტკიცებისთვის ძალისხმევას არ იშურებდნენ; ამასთან, ღვთისსათნო ცხოვრების მაგალითს, პირველ რიგში, თვითონ იძლეოდნენ.

* * *

მაცხოვარმა დედამიწაზე იმ წყევლის ქვეშ იცხოვრა, რაც ადამის მოდგმამ ცოდვის გამო დაიმსახურა. თავად ყოვლად უცოდველმა იტვირთა უბრალო ადამიანის ყოფა, დაიბადა რა ხუროს ოჯახში, რომელიც ყოველდღიური შრომით მოიპოვებდა სარჩოს. ამასთან, განკაცებული უფალი თავისი ნებით ითმენდა ტკივილს, შიმშილს, დაღლას… შემდეგ კი, – უმადურობას, სიცრუეს, ცილისწამებას, შეურაცხყოფას, ღალატს…

როგორი წარმოუდგენელია, რომ ღმერთი შენს გვერდით, შენი ცხოვრებით ცხოვრობს; უცოდველი ცოდვილთა შორის ჩვენს მძიმე ხვედრს ტვირთულობს, რათა მოგვცეს მაგალითი რწმენის, სიწმინდის, დათმენის, სიკეთის, სიყვარულის… და რეალურად დაგვანახოს, როგორი უნდა იყოს ადამიანი.

30 წლის იესო უცხადებს კაცობრიობას, რომ აღსრულდა საუკუნეთა მოლოდინი, განკაცდა მხსნელი, რათა შემოქმედი დაეხმაროს თავის ქმნილებას და ჩვენთვის ყოველი კეთილი შესაძლებელი გახადოს.

ამასთან, ხილული სასწაულებით უფალი მრავალგზის ამოწმებს, რომ აქვს ძალმოსილება, განკურნოს ნებისმიერი უძლურება და სნეულება, გაათავისუფლოს ადამიანები ბოროტი სულებისგან, აზიაროს ისინი ღვთის სიბრძნეს; რომ მხოლოდ მას შესწევს ძალა, დაამყაროს მშვიდობა, დაამარცხოს თვით სიკვდილი და აღადგინოს მკვდრები… მაგრამ ღვთის რჩეული ერის დიდი ნაწილი და მისი სულიერი წინამძღოლნი საბოლოოდ მაინც უგრძნობნი დარჩნენ უფლის მოწოდების მიმართ, ზურგი აქციეს ცხოვრების წინამძღვარს და მისი დასჯა მოითხოვეს.

იგივე მოხდა ყველაზე ძლიერ და, ფაქტობრივად, იმ დროის ყველაზე წარმატებულ სახელმწიფოშიც, – რომის იმპერიაში, რომლის ნაწილსაც ისრაელი მაშინ წარმოადგენდა. რომმა ღვთის სიბრძნეს და სამართალს თავისი იურიდიული კანონები შეაგება. აქ კი წესად ჰქონდათ: იმათგან, რომელნიც არ იყვნენ რომის მოქალაქენი, თუკი ვინმე იმპერიულ ღირებულებებთან და მისწრაფებებთან შეუთავსებელი იქნებოდა, თუნდაც იგი ჭეშმარიტების მქადაგებელი ყოფილიყო, ყველაზე დამამცირებელ სასჯელს უქვემდებარებდნენ – ჯვარზე აკრავდნენ. ჯვარი წარმოადგენდა სიმბოლურ სახეს იმისას, რაც სიბნელეს, უმეცრებას, ბოროტებას უკავშირდებოდა და, მათი აზრით, სიკეთისა და ცივილიზაციის მტრობას ნიშნავდა.

საერთო შედეგი კი ასეთი დადგა: ცოდვას დამონებულმა და სიკვდილს შეგუებულმა კაცობრიობამ ღმერთის მეუფებას თავისი ჩვეული ყოფა ამჯობინა, ჭეშმარიტ სიმართლეს სრულიად უსამართლო განაჩენი გამოუტანა და თავად სიცოცხლეს ჯვარზე სამარცხვინო სიკვდილი მიუსაჯა.

ამაზე დიდი დაცემა აღარ არსებობს! ამაზე დიდი ცოდვის წარმოდგენა შეუძლებელია!
მაშინ ზეციური ძალები შეძრწუნდნენ, ანგელოზები განცვიფრდნენ, სტიქიონები შეირყა, მთელი ქმნილება შეიძრა, მზე განერიდა, ქვეყანა სიბნელემ მოიცვა, კრეტსაბმელი განიპო, ანგელოზმა ტაძარი დატოვა … (წმ. კირილე ალექსანდრიელი).
მაგრამ როგორ უპასუხა უფალმა ამ ენითაუწერელ დანაშაულს?
გამაოგნებლად! მიუთხრობელი დათმენით, სიბრალულითა და სიყვარულით.
მან მორჩილად და უდრტვინველად მიიღო განაჩენი და არ შეეწინააღმდეგა. არ გამოიყენა ღვთიური ძალა და არ გასცდა ადამიანური შესაძლებლობების ფარგლებს, რათა მთავარი მიზანი ბოლომდე აღესრულებინა, – თავისი ყოვლადუცოდველი კაცობრივი სულის ღმრთეებრივი ძალმოსილებით ჯოჯოხეთი დაეთრგუნა და სიკვდილი შეემუსრა, ბოროტი ძალისთვის გამანადგურებელი დარტყმა მიეყენებინა და მართალთათვის ცათა სასუფევლის გზა გაეკვალა.

* * *

გავიხსენოთ ისიც, რომ ჯვარცმის წინ უფალი გულმხურვალედ ლოცულობდა გეთსიმანიის ბაღში და, ცხადყოფდა რა თავის ადამიანურ ბუნებას, ევედრებოდა მამა-ღმერთს, თუ შესაძლებელი იყო, აეცილებინა მისთვის მოსალოდნელი ხვედრი.

ამავე დროს, იგი სთხოვდა თავის ერთგულ სამ მოწაფეს, ლოცვით შესწეოდნენ, რადგან მისი სული დამძიმებული იყო სიკვდილის მოლოდინით; მაგრამ მათ ეს ვერ შეძლეს, – ადამიანური უძლურებით ჩაეძინათ.

სამგზის სცადა მათი სიფხიზლის შენარჩუნება უფალმა, მაგრამ ამაოდ, რითაც დედამიწამ აჩვენა, რომ რჩეულ მოწაფეთაც იმჟამად არ ქონდათ შინაგანი ძალა, უმძიმეს განსაცდელში მაცხოვრისთვის მცირედი თანადგომა გაეწიათ.

* * *

უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი არა მარტო იესო ქრისტეს გამოუტანა, არამედ საკუთარ თავსაც, რადგან ამიერიდან ქრისტეს მიმდევართათვის ხსნა სულიერ ჯვარცმას დაუკავშირდა.

რა თქმა უნდა, მძიმეა ეს გზა, ეს ჯვარი, მაგრამ, ამასთან, მადლმოსილია იგი და მიმზიდველი, ერთადერთია და გადამრჩენელი; ამიტომაც ჰყავს ქრისტეს ეკლესიას ჩვენთვის ცნობილი თუ უცნობი ამდენი წმინდანი და ერთგული შვილი.

როდესაც ჩვენი მიწიერი ყოფა შენც უსამართლოდ დაგამცირებს, შეურაცხგყოფს და გაგრიყავს, რადგან ჭეშმარიტებას ეძიებ და უარს ამბობ ცოდვილ კეთილდღეობაზე, იცოდე, ამით სოფელი აცხადებს, რომ შენ მისი არ ხარ; ეს კი ნიშნავს იმას, რომ შენ უფლისა ხარ; ანუ იმ ჯვრის მტვირთველი ხარ, რომელიც ქრისტეს მიმდევართათვის იქცა სამართლიანობის, ერთგულების, ღირსების, სიკეთის, ჭეშმარიტების ხატად და მარადიული სიცოცხლის ნიშნად.

მაცხოვარი გვიხმობს ყველას და განგვამტკიცებს: „განსაცდელი გექნებათ ამქვეყნად, მაგრამ გამხნევდით, მე ვძლიე სოფელს“ (ინ.16,33) და „თქვენთანა ვარ, დღემუდამ, ვიდრე აღსასრულამდე ქვეყნისა“ (მთ.28,20) … „დაიცავით ჩემი მცნებები და რასაც ითხოვთ ჩემი სახელით, შეგისრულდებათ“, (ინ.14;15,13) ოღონდ, როგორც „მე შეგიყვარეთ თქვენ, ასევე თქვენც გიყვარდეთ ერთმანეთი“ (ინ.13,34).

* * *

დღეს მსოფლიოში მრავალგვარი რთული პროცესი მიმდინარეობს; დროც, თითქოს, დაჩქარდა; მოვლენებიც და შეხედულებებიც სწრაფად იცვლება; დაპირისპირებულობა, არასტაბილურობა, ეკოლოგიური პრობლემები, მუდმივი სტრესი, ომები … ჩვენს საერთო რეალობად იქცა. მშვიდობის მოსურნეთა მონდომება დიდია, თუმცა შედეგის მიღწევა იოლად არ ხდება…

ღმერთმა დალოცოს მშვიდობისმყოფელნი, ღმერთმა მშვიდობით აკურთხოს მსოფლიო!
არსებულმა ვითარებამ ყველა უფრო მეტად უნდა დააფიქროს სიცოცხლის არსზე და მარადიულ ღირებულებებზე.

ჩვენ მარადიული ნეტარებისთვის ვართ შექმნილნი; აქ, ამქვეყნიურ ყოფაში, კი დროებითის და წარუვალის, მიწის და ზეცის კავშირით უნდა ვიცხოვროთ, მაგრამ სწრაფვა მარადიულობასთან სიახლოვისკენ, მუდამ უნდა გვქონდეს, რაც პირველ რიგში ეკლესიის საშუალებით მიიღწევა.

მხოლოდ ეკლესია გვიცხადებს სიცოცხლის ნამდვილ მიზანს, გვახედებს ჩვენს სულში და სიკეთისა და ბოროტების გარჩევის ყველაზე ჭეშმარიტ და სწორ შესაძლებლობას გვთავაზობს. ის არ გვთხოვს შეუძლებელს; პირიქით, გვიხმობს ჩვენი სისუსტეებით და მათ დასაძლევად ძალას გვაძლევს. ის გულში გვიკრავს, მაგრამ უკეთურ ქმედებას არ მოგვიწონებს. ამასთან, ჩვენს სულიერ და შინაგან ძალებს განამტკიცებს და ყველაზე რთულ ვითარებაშიც იმედს არ გვაკარგვინებს.

საეკლესიო დღესასწაულთა შორის ყველაზე გამორჩეული ადგილი აღდგომას აქვს, რადგან სწორედ იგია წინასახე ზეციურ უხრწნელებაში ჩვენთვის მარადიული სიცოცხლის მონიჭებისა.

რას ნიშნავს ეს?

როდესაც ჩვენ ვზეიმობთ უფლის აღდგომას, ამავე დროს, ვდღესასწაულობთ უხრწნელი სხეულით ჩვენს მომავალ დამკვიდრებას ცათა შინა. იესო ქრისტემ მოგვცა მაგალითი როგორც ამქვეყნად სწორად ცხოვრებისა, ისე გვიჩვენა მისი შედეგიც,- სასუფეველში მართალთა დამკვიდრებისა.

„ვინაიდან კაცის მიერ იქმნა სიკვდილი, და კაცის მიერვე აღდგომა მკვდრეთით და როგორც ადამში კვდებიან ყველანი, ისე ქრისტეში იცოცხლებს ყველა“ (I კორ.15.21-22).

კაცობრიობის საყოველთაო აღდგომის რწმენა არის ქვაკუთხედი ქრისტიანული აზროვნებისა; ვისაც ეს არ სწამს და თავს მაინც ქრისტიანად თვლის, ძალიან ცდება და, სინამდვილეში, მაცხოვნებელ ჭეშმარიტებასთან საერთო არაფერი აქვს, რადგან, როგორც პავლე მოციქული ბრძანებს, „თუ მკვდრები არ აღდგებიან, არც ქრისტე აღმდგარა და … თუ ქრისტე არ აღმდგარა, ფუჭია ჩვენი ქადაგებაც და ჩვენი რწმენაც“ (I კორ.15.16,14).
„…მაგრამ როგორ აღდგებიან მკვდრები? ან რომელი სხეულით მოვლენ?

რასაც შენ თესავ (იგულისმება მცენარის თესლი), ვერ იცოცხლებს, თუკი არ მოკვდა; ასევე მკვდართა აღდგომისასაც: ითესება ხრწნილებაში, აღდგება უხრწნელებაში; ითესება დამცირებაში, აღდგება დიდებაში… ითესება სხეული მშვინვიერი, აღდგება სხეული სულიერი“ (Iკორ. 15,35-36; 42-44).

სწორედ რწმენა მარადიულ ნეტარებაში დაბრუნებისა, აძლევს აზრს ჩვენი ყოფის იმ წესს, რაც უფალმა გვასწავლა და გულისხმობს: სხვათადმი მსახურებას, თავმდაბლობას, დათმენას, თანაგრძნობას, თანადგომას, ზნეობრიობას, მშვიდობისმყოფელობას, გულის სიწმინდეს, სულის სიმტკიცეს, უშურველობას, თავდადებას…

ჯვარცმის შემდეგ ისინი, რომლებიც საფლავთაგან აღდგნენ, გახდნენ პირველი მქადაგებელნი ქრისტეს აღდგომისა. და როგორ არ დაიჯერებდნენ აღდგომის სასწაულს ისინი, რომლებიც საკუთარი თვალით ხედავდნენ გახსნილ სამარეებს და ისმენდნენ საფლავთაგან გამოსულთა ქადაგებას?!

როგორ არ დაიჯერებდნენ აღდგომის სასწაულს მენელსაცხებლე დედები და მოწაფეები, როცა 40 დღის განმავლობაში ჰქონდათ ურთიერთობა უხრწნელი სხეულით აღმდგარ უფალთან და მისგან დარიგებებს კვლავ იღებდნენ!?

როგორ არ დაიჯერებდნენ მომხდარს იესო ქრისტეს ასობით სხვა თვითმხილველნიც და მისი ცად ამაღლების მოწმენი!?

ეს ურყევი რწმენა და უფლის სწავლებანი შინაგანად სულიერად განბრძნობილმა და განმტკიცებულმა მოციქულებმა და ეკლესიამ მთელ ქვეყანაზე განავრცეს.

* * *

წმ. ეფრემ ასური წერს: „მკვდართა აღდგომისას მიწა უკან აბრუნებს ადამიანს ისეთივეს, როგორიც იყო; იმათაც, ვინც ზღვამ შთანთქა, ვინც მხეცებმა და ფრინველებმა შეჭამეს, ვინც ცეცხლში დაიწვა … აქ ერთმანეთის უნახავნი, იქ იხილავენ ერთურთს; დედა იცნობს, რომ ეს მისი შვილია, და შვილი იცნობს, რომ ეს მისი დედაა … ამასთან, თითოეულის სხეული თავის საქმეებს აჩვენებს, რადგან თითოეული ჩვენგანი ამ საქმეებს საკუთარი სხეულით ატარებს და ყველას შესაბამისად მიეგება საზღაური“.

ადამიანი არ არის ცალკე არც სული და არც სხეული, არამედ – მათი ერთობა. ასე შეიქმნა იგი თავიდანვე; ამ ერთობას არღვევს სიკვდილი, რაც ცოდვის შედეგია; აღდგომით ჩვენი განახლებული სხეული და სული კვლავ შეერთდება და ღირსთათვის სამოთხისეული მდგომარეობა უფრო აღმატებული სახით დაბრუნდება.

ეს კი მეორედ მოსვლის შემდეგ აღესრულება, როცა შეიქმნება ახალი მიწა, ახალი ცა, სიკვდილი სრულად განქარდება და მარადისობაშიც ჩვენი საბოლოო დამკვიდრება მოხდება.

მაგრამ ვიდრე არ დამდგარა ჟამთა აღსასრული და გარდაცვლილთა სულები თავისი უხრწნელი სხეულით შემოსვის მოლოდინში არიან, ვიდრე შესაძლებელია როგორც საკუთარი თავის, ოჯახის წევრებისა და სხვათადმი, ასევე, იმქვეყნად წასულ ჩვენს ახლობელთათვის ლოცვა და სიკეთის ქმნა, ადამიანთა გამოხსნის პროცესი ბოლომდე დასრულებული არ არის.

გვჯერა ეს თუ არ გვჯერა, გვსურს ეს თუ არა, რეალობა ერთია, – ჩვენი არსებობა ამ წუთისოფლით არ მთავრდება.

ამქვეყნად აღვასრულებთ არსებობის იმ სახეს, რაც გარდაცვალების შემდეგ ჩვენს მომავალ ცხოვრებას განაპირობებს. ასე რომ, ჩვენი ყოველდღიური მოქმედებით, აზროვნებითა და მეტყველებით, ჩვენ თვითონ ვძერწავთ, ჩვენ თვითონ ვქმნით ჩვენს მარადიულობას, – კარგს ან ცუდს.

და როგორც სამოთხეში, ისე აქაც, დედამიწაზე, ჩვენზეა დამოკიდებული, რას ავირჩევთ მიზნად: სიკეთეს თუ ბოროტებას, სიცოცხლეს – თუ სიკვდილს?

აირჩიე სიკეთე და სიცოცხლე! ამით დაამტკიცებ, რომ აფასებ ღვთის სიყვარულსა და მსხვერპლს შენს გადასარჩენად გაღებულს და აფასებ საკუთარ სიცოცხლეს, – შემოქმედის უდიდეს წყალობას შენდამი.

მადლისმიერი განღმრთობის შესაძლებლობაზე დიდი რა უნდა იყოს ადამიანისთვის! ამიტომაც რა პროფესიისა და ასაკისაც არ უნდა იყო და რა საქმესაც არ უნდა აკეთებდე, ყოველივე მიმართე ღვთის სადიდებლად და მის სამსახურად; და „ნუ იქნება ცოდვის სუფევა თქვენს მოკვდავ სხეულში, ნუ დაემორჩილებით მის (სხეულის) სურვილებს“ (რომ 6.12).

„თქვენი სხეული ტაძარია თქვენში დამკვიდრებული სულის წმინდისა, რომელიც გაქვთ ღმრთისაგან და არ ეკუთვნით თქვენს თავს.
ადიდეთ ღმერთი, თქვენი სხეულითა და თქვენი სულით, რომელნიც არიან ღვთისა“! (რომ. 18,19-20)

დღეს მსოფლიოს ეფინება საოცარი საგალობელი:

„ნათელ-იღე, ნათელ-იღე, იერუსალემ, რამეთუ მოწევნულ არს ნათელი შენი და დიდებაი უფლისაი შენ ზედა გამობრწყინდა, და ვიდოდიან ყოველნი ნათესავნი ნათელსა შენსა!
განიღვიძე, განიღვიძე, სიონ! განიღვიძე და აღდეგ იერუსალემ! და დაიდგ გვირგვინი სიკეთისა შენისაი, სიონ, და შეიმოსე დიდებაი შენი, იერუსალემ!

განიძარცუე სამოსელი გლოვისა შენისაი და შეიმოსე სამკაული სიხარულისა შენისაი, ქალაქო წმიდაო, რამეთუ „აჰა ესერა მწუხრსა განისუენა ტირილმან და ცისკარსა მას მოიწია სიხარული აღდგომისაი” (მელეტი ანტიოქიელი).

აღდგომილმა მაცხოვარმა თქვენც მოგმადლოთ სიხარული!

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხებით, ყოვლადწმინდა სამებამ დაგლოცოთ, სულიერად განგამტკიცოთ და განგაძლიეროთ თითოეული თქვენგანი!

მუდამ გახსოვდეთ, აღდგომა არის მარადიულობის იმედი და მწუხარების განქარვების დღე, აღდგომაა მტრობის დამარცხება, შურზე, ბოროტებაზე და სიკვდილზე გამარჯვება; აღდგომაა პატიება, გამოსყიდვა და სიხარული; აღდგომაა სიყვარულის ზეიმი და შესაძლებლობა საუფლო სხეულში ყველას განახლებისა და ქრისტეში გაერთიანებისა.

ქრისტე აღდგა!
ჭეშმარიტად აღდგა!

თქვენთვის მლოცველი,
ილია II
სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი
თბილისი,
აღდგომა ქრისტესი,
2025 წ.

“სამყაროში ყველაფერს თავისი ფასი აქვს, რომლის გადახდაც ადრე თუ გვიან გიწევს. აი როგორი იქნება მათი ძალაუფლებაში ყოფნის ფასი, ეს ცალკე თემაა” – ლელა ჯეჯელავა “ქართულ ოცნებაზე”

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა კონკრეტული მძიმე ფაქტების ჩამოთვლას ახდენს “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებთ და მის პასუხისმგებლობაზე მიანიშნებს:

არა ერთი პოლიტიკოსის სტატუსი შემხვდა: ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება “ქართულ ოცნებასო”.

და მერე ვინ თქვა რომ პასუხისმგებლობას გაურბიან ან ვიზალიბერალიზაციაზე, ან გაზით დაწამლულ ადამიანებზე, ან უსამართლოდ დატყვევებულ ახალგაზრდებზე, ან საქართველოს იზოლაციაზე, ან დასჯილ კარგ რეჟისორზე, მსახიობებზე, სამსახურებიდან გაშვებულ, შიმშილისთვის გამეტებულ ადამიანებზე, ასი ათასობით ადამიანის გაუარესებულ ცხოვრებაზე, ჩვენს ძვირფას დროზე, რომლისგანაც გაგვძარცვეს. ეს მათი ცნობიერი არჩევანია.

მაგრამ სამყაროში ყველაფერს თავისი ფასი აქვს, რომლის გადახდაც ადრე თუ გვიან გიწევს. აი როგორი იქნება მათი ძალაუფლებაში ყოფნის ფასი, ეს ცალკე თემაა.

ნუ შეგშურდებათ იმ სათამაშაოების, რომლითაც ისინი ახლა ერთობიან!! ადამიანი ისე არ გადის ამ ქვეყნიდან, რომ არ დაუდგეს ჟამი, როცა ჰგონია ყველაფერი აქვს, მაგრამ აღმოჩნდება რომ არაფერი აქვს და როცა ჯერა რომ არაფერი აქვს და მთელი სამყარო მისი ხდება. აღდგომა ჯვარცმულისთვის დგება და არა ჯვარზე გამკვრელუსთვის“, – წერს ფეისბუქის

“მდიდარ ქოცს უვიზო მხოლოდ შოპინგი ჰგონია” – სერგო ჩიხლაძე

ევროკავრშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხთან დაკავშირებით მმართველი გუნდის განცხადებებს კონკრეტულ ფაქტებზე მითითებით, შესაბამისი განმარტებებით და პოლიტიკური შეფასებებით ეხმაურება “სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, სერგო ჩიხლაძე:

რა მოხდა მერე უვიზო თუ დავკარგეთო, ამბობს ბობოლა ქოცი. მდიდარ ქოცს უვიზო მხოლოდ შოპინგი ჰგონია, მაგრამ შენ, ჯერ კიდევ “მოაზროვნე ქოცო”, დაფიქრდი რა შეიძლება დაკარგო:

სამკურნალოდ სწრაფად, უვიზოდ წასვლის შესაძლებლობა, როცა ყოველი დღე გადამწყვეტია.

მოკლევადიანი დასაქმება, სეზონური სამუშაო, რომ ოჯახი შეინახო. უვიზო გაძლევს საშუალებას 6 თვე წელიწადში ლეგალურად იმუშავო ევროპაში.

ტრენინგები, სტაჟირებები, სწავლა საზღვარგარეთ, როცა ვიზის ლოდინი და ბიუროკრატია წინ არ გეღობება.

ოჯახის გადახვეწილი, დიდი ხნის უნახავი წევრის მონახულება, მარტივად და როცა მოგიხერხდება.

იაფი ბილეთი ნახე ან სასტუმრო სასურველ ფასად? უვიზოდ დაკრავ ფეხს და მიდიხარ.
გარდა ამისა, ინვესტორები უფრო თამამად თანამშრომლობენ ქვეყნებთან, სადაც მისვლა-მოსვლა თავისუფალი და მარტივია.

არაფერს ვამბობ კულტურულ, გაცვლით, და ახალგაზრდულ პროგრამებზე, რაც ქოცმა უკვე უვიზოდაც გააუქმა“, – წერა სერგო ჩიხლაძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

“არ იფიქროთ, რომ ისინი საკუთარ თავს ეკუთვნიან ან თავად იღებენ გადაწყვეტილებას – ყველაფერი იმართება გარედან” – კახა კალაძე ოპოზიციაზე

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის წარმომადგენლების მონაწილეობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა დავალებებს მიიღებენ ისინი ქვეყნის გარედან“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ის აგენტურა, რომლის შესაქმნელადაც, ბოლო წლების განმავლობაში, ქვეყანაში ასეულობით ლარი იხარჯებოდა, დღეს რადიკალური დაჯგუფების სახითაა წარმოდგენილი.

ოპოზიციის მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მითითებებს მისცემენ გარედან. არ იფიქროთ, რომ ისინი საკუთარ თავს ეკუთვნიან ან თავად იღებენ გადაწყვეტილებას – ყველაფერი იმართება გარედან, მით უმეტეს, ეს აგენტურა, ჩვეულებრივი დაქირავებული ადამიანები არიან, ხელფასებს, ფულს იღებენ.

ბოლო წლების განმავლობაში, ასეულობით მილიონია დახარჯული ქვეყანაში აგენტურის შექმნაში. ეს უსამშობლო აგენტურაა წარმოდგენილი დღეს რადიკალური დაჯგუფების სახით. დღეს შეიძლება უთხრან, არ იღებთ არჩევნებში მონაწილეობასო, ხვალ, როგორც კი მიიღებენ მითითებებს, რომ კი, უნდა მიიღოთ მონაწილეობა, ადგებიან და თავჩაღუნულები მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას. ამ ადამიანებს არანაირი პრინციპი არ გააჩნიათ; არ გააჩნიათ სამშობლო, მისი სიყვარული. როდესაც ხარ აგენტი, რაზე უნდა ვისაუბროთ?“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

19 აპრილი, 15:36 თბილისის დროით – წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა

იერუსალიმში, მაცხოვრის აღდგომის ტაძარში მყოფი მრევლი და სრულიად სამყარო მორიგ ჯერზე ისევ გახდა სასწაულის მოწმე. დღეს, 19 აპრილს, 15:36 თბილისის დროით, წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა მოხდა.

უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან, კუვუკლიადან წმინდა ცეცხლი, ამჯერადაც, იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა თეოფილე III-მ გამოიტანა.

 

ინფორმაციისთვის – ისტორიული ფაქტები:
წმინდა ცეცხლს “ჭეშმარიტების ნათელს” უწოდებენ, რომელიც სიმბოლურად იესო ქრისტეს აღდგომას განასახიერებს.

პირველი ცნობები ზეციული ცეცხლის გარდამოსვლის შესახებ უკვე ადრე შუა საუკუნეებში გვხვდება. V-VI საუკუნიდან ამ მოვლენაზე საუბარია სხვადასხვა წყაროებში, თუმცა მინიშნებების დონეზე. პირველი მკაფიო ისტორიული ცნობა უფლის საფლავზე ”ზეციური ნათელის” შესახებ მემატიანეებთან ჩნდება IX საუკუნიდან.

ეკლესიის წმინდა მამების რწმუნებით, პეტრე მოციქულმა საფლავთან მისვლისას გონიერი და სხეულებრივი თვალით ხელთუქმნელი ღვთაებრივი სინათლე იხილა, რომელმაც გაანათა მაცხოვრის საფლავი.

ევსები კესარიელი”საეკლესიო ისტორიაში” წერს იმის შესახებ, რომ დიდი სააღდგომო ღამისთევისას დიაკვნებს დააკლდათ ზეთი, რის გამოც მთელი ხალხი სასოწარკვეთილებაში ჩავარდა, ხოლო იერუსალიმის პატრიარქმა ნარცის I-მა (185–213) უბრძანა მათ, ვისაც მზადყოფნაში მოჰყავდათ განათება, ჩამოესხათ წყალი და მოეტანათ. შემდეგ სილოამის ემბაზიდან კანდელებში წყლის ჩასხმის კურთხევა გასცა. ამ წყალმა მიიღო ზეთის თვისება, ზეციდან ცეცხლი გადმოვიდა და კანდელები აანთო, რომლებიც მთელი ლიტანიობის განმავლობაში არ ჩამქრალა.

მაცხოვრის საფლავი მდებარეობს იერუსალიმში, აღდგომის ტაძარში, რომელიც IV საუკუნეში დედოფალ ელენეს ბრძანებით აშენდა.

საინტერესო ცნობაა დაცული ლუდოლფ ზუდჰაიმის 1347 წლის ცნობაში: “ქართველებს აქვთ წმინდა საფლავის ეკლესიის გასაღებიო“.