შაბათი, ივნისი 21, 2025
17.8 C
Tbilisi
Home Blog Page 60

“ოპოზიციას არჩევნებში მონაწილეობის მიღების არანაირი რესურსი არ აქვს, მკვდარს ხომ ვერ გააცოცხლებ?” – კახა კალაძე

ოპოზიციას ჰქონდა შესაძლებლობა წარმოედგინა არჩევნების გაყალბების ფაქტები, მაგრამ რაც ბუნებაში არ არსებობს, იმას ხომ ვერ წარმოადგენდნენ?“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ისაუბრა.

კახა კალაძე გამოეხმაურა ცესკო-ს ღია წერილს, რომელიც ევროპის საბჭოს ასამბლეას გაეგზავნა. მისი თქმით, საპარლამენტო არჩევნების გაყალბების ფაქტი არ არსებობს და ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ სპეკულაციები ოპოზიციის მხრიდან.

არ არსებობს არანაირი ფაქტი, რომ არჩევნები გაყალბდა და შესაბამისად, ოპოზიციონერებმა პროკურატურაში სათანადო მტკიცებულებები ვერ წარადგინეს. ეს იყო პოლიტიკური სპეკულაციები. მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში, გარეთ არ გასულან, მოსახლეობას არ შეხვედრიან, კაფეებში დადიოდნენ, ცხელ ყავასა და ჩაის მიირთმევდნენ და შესაბამისი შედეგიც მიიღეს. ისინი ჯერ ხალხს არწმუნებდნენ, რომ გაიმარჯვეს და შემდეგ გაირკვა, რომ დამარცხდნენ.

არჩევნებში მხოლოდ რადიკალები კი არა, არამედ ის ევროპელი ბიუროკრატებიც დამარცხდნენ, რომლებიც ქვეყანას ებრძვიან. ეს ადამიანები აგრძელებენ დისკრედიტაციას, ევროპაში საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოში არჩევნები თითქოს გაყალბდა, თუმცა, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. ოპოზიციას ჰქონდა შესაძლებლობა წარმოედგინა მსგავსი ფაქტი, მაგრამ რაც ბუნებაში არ არსებობს, იმას ხომ ვერ წარმოადგენდნენ?“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებს და მასში ოპოზიციის მონაწილეობა-არ მონაწილეობის საკითხს, კახა კალაძის თქმით, ისინი მითითებებს ქვეყნის გარედან, თავიანთი პატრონებისგან ელოდებიან.

არანაირი რესურსი არ აქვს ოპოზიციას, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს. მკვდარს ხომ ვერ გააცოცხლებ? ასე არის დღეს ჩვენი ოპოზიციის საქმე.

რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებს, ოპოზიციას არ აქვს უფლება, რომ ეს თავისით გადაწყვიტოს. ისინი მითითებებს ელოდებიან გარედან, თავიანთი პატრონებისგან და რასაც უბრძანებენ, იმას თავდახრილი გააკეთებენ.

დღეს, შეიძლება თქვან, რომ მონაწილეობას არ ვიღებთო, მაგრამ როგორც კი ხვალ წამოვა ბრძანება, რომ უნდა ჩაერთონ, რა თქმა უნდა, შეიცვლიან დამოკიდებულებას და მონაწილეობას მიიღებენ“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ ისაუბრა ვიზალიბერალიზაციის საკითხზეც და აღნიშნა, რომ ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებს ყოველთვის იყენებენ, რათა ქვეყანაში დაძაბულობა შექმნან, მაგრამ ხელისუფლება ყოველთვის ქვეყნის ინტერესებს გაატარებს.

ზოგადად ევროინტეგრაციის პროცესს ყოველთვის იყენებენ იმისთვის, რომ შიდა დაძაბულობა იყოს, რადიკალური დაჯგუფებები გამოაღვიძონ, ხალხი ერთმანეთს დააპირისპირონ. უახლოეს წარსულში ასე ხდებოდა. ჯერ კანდიდატის სტატუსის მოცემა-არ მოცემის საკითხს იყენებდნენ რევოლუციის მოსაწყობად. შემდეგ მოლაპარაკებების გახსნა არ-გახსნის საკითხს, ახლა კი ვიზალიბერალიზაციის გაუქმება-არ გაუქმების საკითხს. მერწმუნეთ, არაფერი გამოუვათ.

დარწმუნებული ვარ, ყველა ქართველი, ვისაც თავისი სამშობლო უყვარს, ამაყობს იმით, რომ დღეს ვერავინ ბედავს ხელისუფლებას მბრძანებლური ტონით მითითებები მისცეს“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

“ვუერთდები მსოფლიო სამძიმარს, პაპი ფრანცისკეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით” – მიხეილ სააკაშვილი

რომის პაპის, ფრანცისკეს გარდაცვალების ფაქტს ეხმიანება საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და ყურადღებას ამახვილებს პაპის მთავარ პრიორიტეტებზე:

რომის პაპმა ფრანცისკემ, გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე, სააღდგომო ქადაგებაში ყურადღება გაამახვილა უკრაინაში მიმდინარე ომზე და მოუწოდა გრძელვადიანი მშვიდობისკენ.

პაპ ფრანცისკე გამოირჩეოდა კეთილგონიერებითა და ჰუმანურობით, რისი იდეალური მაგალითიცაა ეს ქადაგება სადაც ხაზი გაუსვა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის მნიშვნელობას და მოუწოდა სომხეთს და აზერბაიჯანს სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერისკენ. აგრეთვე მოუწოდა ყველას სამხედრო ტყვეებისა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებისკენ.

ვუერთდები მსოფლიო სამძიმარს, პაპი ფრანცისკეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

“უსამართლობა და ცინიზმია იმ ჟურნალისტის ციხეში ჯდომა, რომელმაც მიუკერძოებელი და ობიექტური მედია პლატფორმები შექმნა!” – ნანუკა ჟორჟოლიანი

გამოცემების “ბათუმელების” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მხარდამჭერ პოსტს აქვეყნებს სოციალურ ქსელში ტვ “პირველის” საავტორო გადაცემის წამყვანი, ნანუკა ჟორჟოლიანი, მიიჩნევს მას უსამართლო პატიმრად და ამასთანავე პოლიციელების მიერ ჩადენილი კონკრეტული დანაშაულების ჩამოთვლას ახდენს:

მზია ამაღლობელი უკვე 100 დღეა უსამართლო პატიმარია.

უსამართლობაა ჟურნალისტის დილეგში გამომწყვდევა, მაშინ როცა სისტემა გჩაგრავს და სილის გაწნა ერთდერთი ლოგიკური რეაქციაა.

უსამართლობაა დილეგში გამომწყვდევა მაშინ, როცა არ დასჯილა არცერთი პოლიციელი.

პოლიციელი, რომელმაც ხუჭუჭა ბიჭი სასიკვდილოდ სცემა.

პოლიციელი, რომელმაც გურამ როგავა სასიკვდილოდ სცემა.

პოლიციელები, რომლებმაც ათობით მოქალაქე სასივდილოდ სცემეს, დაამცირეს, გაძარცვეს, პირში აფურთხეს!

უსამართლობაა მაშინ როცა არ დასჯილა არცერთი ტიტუშკა, რომელიც მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორს თავს დაესხნენ და სასიკვდულოდ გაიმეტეს!

აი, ასეთ დროს, უსამართლობა და ცინიზმია იმ ჟურნალისტის ციხეში ჯდომა, რომელმაც მიუკერძოებელი და ობიექტური მედია პლატფორმები შექმნა!

თავისუფლება მზიას!
თავისუფლება სინდისის პატიმრებს!
თავისუფლება საქართველოს!” – წერს ნანუკა ჟორჟოლოანი ფეისბუქის პირად გვერდზე.

“ივანიშვილმა საფრთხე დაინახა პატაა ბურჭულაძეში…” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფრედი მერკურისა და მონსერატ კაბალიეს ვიდეოს და ამ ფონზე, იხსენებს რა პაატა ბურჭულაძეს, კონკრეტული ფაქტების გამო, მძიმე შეფასებებს აკეთებს “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ:

ეს ქალი პაატა ბურჭულაძემ ჩამოიყვანა თბილისში. კაცი ვინაა, ამას დიდი ცოდნა არ სჭირდება.

ფონდ “იავნანას” იმდენი ვარსკვლავი ჰყავს ჩამოყვანილი უფასოდ, ფული რომ მოეთხოვათ, თბილისის ბიუჯეტის ნახევარი არ ეყოფოდა, პაატას კი ედავებიან, ფონდის ფულით თვითმფრინავის ბილეთი რატომ შეიძინეო. ივანიშვილმა საფრთხე დაინახა პატაა ბურჭულაძეში და ფონდი გაანადგურა. რამდენი ბავშვი დარჩა დახმარების გარეშე, კიდევ რამდენი მსოფლიოში ცნობილი ადამიანი ჩამოვიდოდა საქართველოში და მის პოპულარობას კიდევ უფრო შეუწყობდა ხელს.

უზნეო რეჟიმი, რამდენჯერაც ქუჩაში გავა პაატა ბურჭულაძე, იმდენ 5 ათას ლარიან ჯარიმას უწერს. მგონი ასი ათასს მიაღწია უკვე.

ბოღმაში იხრჩობა ივანიშვილი და ვერც კი აცნობიერებს, რომ კიდევ უფრო დასაცინი ხდება“, – წერს რომან გოცირიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

“საინტერესოა რატომ ნერვიულობს ბატონი პაპუაშვილი ვინ ჩავა და ვინ დაესწრება პუტინის სისხლიან პარადს, ეს მისი საქმე რატომ არის?!” – ლევან სანიკიძე

საინტერესოა რატომ ნერვიულობს ბატონი პაპუაშვილი ვინ ჩავა და ვინ დაესწრება პუტინის სისხლიან პარადს, ეს მისი საქმე რატომ არის?! მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება არალეგიტიმურია, მაინც უმძიმესი იქნება მათი ხილვა მოსკოვში, წითელ მოედანზე”, – განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, ლევან სანიკიძემ პაპუაშვილის განცხადებაზე.

ჩვენ და პირადად მე ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ გავავრცელე ინფორმაცია, რომ 9 მაისს რუსეთის ფედერაცია დაინტერესებული, რომ ბატონი მიხეილ ყაველაშვილი, რომელიც თავს ასაღებს პრეზიდენტად, დაესწროს წითელ მოედანზე პუტინის მიერ ჩატარებულ სისხლიან აღლუმს.

საინტერესოა რატომ ნერვიულობს ბატონი პაპუაშვილი ვინ ჩავა და ვინ დაესწრება პუტინის სისხლიან პარადს, ეს მისი საქმე რატომ არის?!

“ოცნება” ყოველდღე ტესტავს ჩვენს ეროვნულ თავმოყვარეობას 9 აპრილზე საუბრით, რომ თითქოს უკრაინელებმა და ბალტიისპირეთის ქვეყნებმა მოაწყვეს, გიორგი ანწუხელიძეზე საუბრით, რომ ის პიარს შეეწირა. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება არალეგიტიმურია, მაინც უმძიმესი იქნება მათი ხილვა მოსკოვში, წითელ მოედანზე”, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.

ინფორმაციას “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

23-25 აპრილს საქართველოში მოსალოდნელია ცვალებადი ამინდი, დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია 23-25 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ:

⛈ უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

⛈ ქ. თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება.

🌊 სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება.

🌧 დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება.

🌧 დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +23 გრადუსი დაფიქსირდება.

🌨 დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +18 გრადუსი დაფიქსირდება.

⛈ ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება.

⛈ კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება.

🌧 აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): ზოგან ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +23 გრადუსი დაფიქსირდება.

🌧 აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, +17 გრადუსი დაფიქსირდება.

“უპირველეს ყოვლისა ჩვენი ქვეყანა და ჩვენი სამშობლო” – კახა კალაძე ვილიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებაზე

ერთადერთი ხელისუფლება ვართ, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, რომლის პირობებში ქვეყანას ომი არ ჰქონია“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა ქვეყანაში მშვიდობა იყოს შენარჩუნებული.

ერთადერთი ხელისუფლება ვართ, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, რომლის პირობებში ქვეყანას ომი არ ჰქონია. გრძელვადიანი მშვიდობის შენარჩუნება პრინციპულად მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში არის უამრავი მტერი და ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ, რომ საქართველო ჩართულიყო ომში, გახსნილიყო მეორე ფრონტი, იყო ძალიან დიდი შემოტევები უცხოეთიდან, რომელიც დღესაც გრძელდება, მიმდინარეობს სხვადასხვა ტიპის შანტაჟი, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა, სიმშვიდე, მოვახდინოთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და არავის მივცეთ შესაძლებლობა, ჩვენი ქვეყნის ინტერესები დავთმოთ სხვა დიდი ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ. უპირველეს ყოვლისა ჩვენი ქვეყანა და ჩვენი სამშობლო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებას, დედაქალაქის მერის თქმით, პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ამ ტიპის განცხადებები კეთდება, რადგან ევროპულ ინტეგრაციას ყოველთვის იყენებენ შანტაჟის მექანიზმად.

შანტაჟი უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს და გრძელდება. ჯერ იყო კანდიდატის სტატუსის მოცემა-არმოცემა, შემდეგ მოლაპარაკებების გახსნა-არგახსნა. ევროპულ ინტეგრაციას ყოველთვის იყენებენ შანტაჟის მექანიზმად. წარმოუდგენელია ეს დამოკიდებულება.

ჩვენ არავის ვერჩით, არავის ვესხმით თავს, უბრალოდ ვიცავთ საკუთარ ქვეყანას, მის ინტერესს და არ გვინდა, ვინმეს მივცეთ ჩვენი ქვეყნის გამოყენების შესაძლებლობა, ცუდ კონტექსტში, სათავისოდ. არავის მიეცემა შესაძლებლობა, ჩვენი ქვეყანა აშანტაჟოს.

ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა, სუვერენული სახელმწიფო. ევროპა და ევროპული ღირებულებები რატომ გვინდა? რა არის მისი მთავარი ფუნდამენტი? ეს არის სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, საკუთრების უფლება, ბიზნესის ხელშეუხებლობა.

გვახსოვს წლები, როდესაც ყველა ეს ღირებულება ფეხქვეშ იყო გათელილი, როდესაც ბიზნესს ატერორებდნენ, განსხვავებულ აზრს დევნიდნენ, ხალხს იჭერდნენ და ღამის საათებში ციხეებში ბიზნესებს აფორმებინებდნენ, ამ ყველაფერს კი ეს ევროპელი ბიუროკრატები წლების განმავლობაში „დემოკრატიის შუქურად“ მოიხსენიებდნენ. ასეთი „დემოკრატიის შუქურა“ თავისთვის დაიტოვონ.

ჩვენ ვაშენებთ ძლიერ, დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოს, სადაც, პირველ რიგში, ქართველი ხალხის ინტერესები იქნება გათვალისწინებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

“რეალური დაკვირვების აკრძალვას ასე არ გაგიტარებენ და ვერც ეს “ღია წერილი” გიშველით” – ანა კობახიძე ცესკო-ს მიმართვას ეხმიანება

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას ღია წერილით მიმართავს ცენტრალური საარჩევნო კომისია, სადაც ცალკეულ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება, ერთგვარი უკმაყოფილება გამოხატა საერთაშორისო პარტნიორებთან მიმართებაში და ბრალდებები გამოთქვა ოპოზიციისა და მესამე სექტორის მიმართ, კერძოდ ბრალად დასდო მათ პოლარიზებაში – “საბოლოო ჯამში თავიანთი ქმედებით ხელი შეუწყეს ქვეყნაში არსებული პოლარიზებული გარემოს გამწვავებას“. ცესკოს ამ პოზიციას კრიტიკული შეფასებებით და კონკრეტული განმარტებებით ეხმიანება “სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ანა კობახიძე:

ცესკო ღია წერილს წერს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას…

ცესკო-მ თავისი მოქმედებით და უმოქმედობით თვითონ გამოიწვია პოლარიზაცია. არჩევნების დღეს მასობრივად ყველა უბანზე დარღვეული იყო ფარულობის პრინციპი, რაც დადასტურებულია არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის მიერ.

ამას მოჰყვა არა ანალიზი და რეაგირება, არამედ ცინიკური პასუხები და „დამშვიდება“, რომ „საჩივარი ცოტა იყო“, რაც ტყუილია!

როდესაც საარჩევნო ადმინისტრაცია თავად იქცევა პოლიტიკური დაპირისპირების წყაროდ, ნუ გაგვიკვირდება, რომ საზოგადოებას აღარ სჯერა არც პროცესის და არც დაწერილი შედეგის. ახლა კი წერილი, რომლის ტონალობაც დიპლომატიურ ფორმატსაც კი სცდება – აგდებული და მტრულად განწყობილი ტექსტია საერთაშორისო პარტნიორების მიმართ, რომლებიც წლებია საქართველოში დემოკრატიულ პროცესს მხარს უჭერენ.

ეს წერილი წარმოადგენს ზუსტად იმ დამოკიდებულებას, რომელიც ცესკო-ს აქვს სხვადასხვა მიმართულებებით (ოპოზიცია, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციები, ამომრჩევლები).

არ არსებობს ნეიტრალური ადმინისტრაცია და წერილები, ასევე სხვა ყველა მოქმედება, ისინი ქოცების ოფისში იწერება და იგეგმება.

რეალური დაკვირვების აკრძალვას ასე არ გაგიტარებენ და ვერც ეს „ღია წერილი“ გიშველით“, – მიმართავს ცესკო-ს ანა კობახიძე.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

ელისო კილაძე: “ჩემი მოკრძალებული რჩევაა, ახალ ფორმატზე იფიქრეთ!”

“ქრონიკა +”-ის დამფუძნებელი, ელისო კილაძე ქვეყანაში საპროტესტო მოძრაობის ახალი ფორმატის საჭიროებაზე მიუთითებს:

ჩაიარა აღდგომამ!

რუსთაველზე ისევ დააკავეს აქტივისტები!

ჩემი მოკრძალებული რჩევაა, ახალ ფორმატზე იფიქრეთ!

აქცია, ბევრი ხალხი, მოთხოვნა, შესრულებამდე არ დაშლა!” – წერს ელისო კილაძე, ფეისბუქის პირად გვერდზე.

ცესკო: ღია წერილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ღია წერილით მიმართავს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას:

ღია წერილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას

ქალბატონებო და ბატონებო,

ამ წერილის დაწერა მას შემდეგ გადავწყვიტეთ, რაც 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიდან 5 თვის თავზე კვლავ არ წყდება ამ არჩევნების და საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის კამპანია. ბოლო წვეთი კი ამ მიმართულებით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაში იმ დადგენილების საკითხის წამოჭრა იყო, რომელიც აბსოლუტურად ტექნიკური ხასიათისაა და საარჩევნო ადმინისტრაციამ ამ გადაწყვეტილებით მხოლოდ დააზუსტა კანონის ჩანაწერი, რომელიც უკვე წლებია არსებობს საარჩევნო კოდექსში.

ჩვენ გავეცანით თქვენს პოზიციას დადგენილებასთან დაკავშირებით და გვსურს აღვნიშნოთ, რომ იმ ფონზე, როცა ამ დადგენილებასთან მიმართებაში, არაერთგზის იქნა ჩვენი საჯარო პოზიცია და განმარტება ცხადად დაფიქსირებული, გვქონდა მოლოდინი, რომ სანამ ჩვენ საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე გადაწყვეტილებას მიიღებდით, დაინტერესდებოდით ჩვენი პოზიციითაც, თუმცა დოკუმენტში ასახული ინფორმაცია არ შეესაბამება რეალობას.

ამიტომ, გვინდა საკითხთან დაკავშირებით წარმოგიდგინოთ ჩვენი პოზიცია. შესაბამისად, გაცნობებთ, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსი კრძალავდა და კრძალავს ამომრჩევლის პერსონალური მონაცემების დამუშავებას და/ან გამჟღავნებას.

აქვე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჯერ კიდევ 2017 წელს ჩატარებულ არჩევნებთან მიმართებით ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშში1 აისახა რეკომენდაცია, დამკვირვებელთა ხმის მიცემის პროცესის ყველა ასპექტზე დაკვირვების უფლების შეზღუდვის გარეშე, კენჭისყრის დღეს ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების მოპოვების და შემდგომი დამუშავების აკრძალვის მიზნით კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შესახებ.

აღნიშნულის შემდგომ, 2018 წელს კანონმდებლობაში განხორციელდა ცვლილებები და კენჭისყრის დღეს აიკრძალა ისეთი ინფორმაციის ან მონაცემების ფოტოვიდეოგადაღება ან სხვაგვარი დამუშავება, რომელიც არ განეკუთვნება საჯარო ინფორმაციას2. თავის მხრივ, ზემოაღნიშნული ცვლილების შესახებ ეუთო/ოდირის მიერ შესაბამისი აღნიშვნა გაკეთდა 2018 წელს3.

შესაბამისად, პერსონალური მონაცემების არასათანადო დამუშავების აკრძალვის შესახებ დიდი ხანია ცნობილია ჩართული მხარეებისთვის, ამასვე ადასტურებს, ის რომ კანონის თანახმად არსებობს ამომრჩევლის სიების ორი ვერსია:

ერთი, სიის საჯარო ვერსია, რომელიც გაიცემა ყველა დაინტერესებულ უფლებამოსილ მხარეზე და მეორე, საარჩევნო კომისიისთვის განკუთვნილი ვერსია – ვერიფიკაციის აპარატებში ჩატვირთული სიები ამომრჩეველთა ყველა პერსონალური მონაცემების ჩათვლით. ეს უკანასკნელი ვერსია არ წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას და შესაბამისად, მისი გადაღება ან სხვაგვარი დამუშავება კანონით აქამდეც აკრძალული იყო.

დამკვირვებელთა უფლებებიც სრულადაა გაწერილი საქართველოს საარჩევნო კოდექსის 41-ე მუხლით და არცერთი აღნიშნული უფლება ცესკოს დადგენილებით არ შეუზღუდავს და ვერც შეზღუდავდა.

ზემოხსენებული დადგენილებით ცესკომ მხოლოდ დააზუსტა კენჭისყრის პროცედურები ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით. ამის საჭიროება კი განპირობებული იყო გასულ არჩევნებზე დაფიქსირებული არაერთი ინციდენტით, როცა ზოგიერთი ჩართული მხარის მიერ ირღვეოდა კანონი საარჩევნო პროცედურებზე დაკვირვების, ფოტოვიდეოგადაღებისა და ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დაცვის კუთხით.

აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ ფოტოვიდეოგადაღების მიმართულებით რეკომენდაცია ეუთო/ოდირის დასკვნაშიც იყო გაცემული4, ამდენად აღნიშნული დადგენილებით სწორედ ეს რეკომენდაცია შესრულდა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ალბათ გასაგები უნდა იყოს თუ რატომ დასრულდა ამ საკითხთან დაკავშირებით სასამართლო დავა ყველა ინსტანციაში საარჩევნო ადმინისტრაციის სასარგებლოდ. მომჩივან პოლიტიკურ სუბიექტსა და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციას საკუთარი პოზიციის დასაცავად არც ერთი არგუმენტი არ წარმოუდგენიათ და ვერც წარმოადგენდნენ, რადგან ასეთი არგუმენტები რეალურად არ არსებობს.   შესაბამისად,  იმთავითვე ნათელი იყო, რომ  მათი სარჩელის მიზანი  არა საარჩევნო პროცესის “სამართლიანობაზე” ზრუნვა, არამედ ქვეყნის შიგნით და გარეთ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის და ზოგადად საარჩევნო პროცესის დისკრედიტაცია იყო. სამწუხაროდ, მათ საკუთარ მიზანს ნაწილობრივ მიაღწიეს კიდეც, ვინაიდან მათი ე.წ “არგუმენტების” გაზიარება და გადაუმოწმებელად გავრცელება ზოგიერთი საერთაშორისო პარტნიორის თუ პოლიტიკოსის დღის წესრიგად იქცა.

ხსენებული დადგენილების კრიტიკოსები, ადამიანები, ვინც თქვენ აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მოგაწოდათ მიზანმიმართულად ცდილობენ რეალობის დამახინჯებულად ინტერპრეტაციას. სხვაგვარად, რთულია აიხსნას ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დაცვის მაღალი სტანდარტის, დამკვირვებელთა მიერ რეგისტრაციის პროცესზე დაკვირვების შეზღუდვად გასაღების ეს მცდელობა.

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ აღნიშნულ დადგენილებას დაინტერესებული პირები იმ მოსაზრების დამკვიდრებისთვის იყენებენ, თითქოს საქართველოში არჩევნების ადმინისტრირება სათანადო სტანდარტით არ ხდება და წინასწარ ქმნიან ნეგატიურ განწყობას 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნების მიმართ.  სინამდვილეში, პროცესში ჩართულმა ყველა მხარემ კარგად იცის, რომ როგორც დადგენილებასთან, ისე 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებული  ბრალდებები უსაფუძვლოა.

გვინდა შეგახსენოთ, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, „სავარაუდო გაყალბებასთან“ დაკავშირებით გავრცელებული განცხადებებიდან გამომდინარე, საარჩევნო ადმინისტრაციამ საკუთარი ინიციატივით მიმართა საქართველოს პროკურატურას და მოითხოვა გამოძიების დაწყება გავრცელებული ბრალდებების ობიექტურად შესაფასებლად. პროკურატურის შუალედური განცხადებით, რომელიც არაერთ საგამოძიებო ექსპერიმენტს თუ ჩვენებას ეფუძნებოდა, ცნობილი გახდა, რომ არავის, მათ შორის არც ერთ პოლიტიკურ აქტორს და სადამკვირვებლო ორგანიზაციას, არ წარუდგენია გახმოვანებული ბრალდებების რაიმე კონკრეტული მტკიცებულებები. შესაბამისად, ახლა უკვე ყველასთვის ცხადია, რომ ოპონენტების მიზანი სხვადასხვა ტიპის ცრუ ბრალდებებით საარჩევნო ადმინისტრაციის და ზოგადად საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობის შემცირებაა. ნდობის შელახვის ამ ტაქტიკას კი შეიძლება გრძელვადიანი შედეგები ჰქონდეს, რადგან ის აღძრავს ამომრჩევლებს შორის უნდობლობას და ეჭვს, რაც აზიანებს საარჩევნო პროცესის მთლიანობას და ასუსტებს ინსტიტუციის რეპუტაციას და მისდამი ნდობას.

რეალობა ერთია – საარჩევნო ადმინისტრაციამ 26 ოქტომბრის არჩევნების ადმინისტრირება განახორციელა მაღალ პროფესიულ დონეზე და კანონმდებლობის სრული დაცვით, რაც, როგორც მინიმუმ, დადასტურებულია ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის შეფასებითაც.

26 ოქტომბრის არჩევნებს უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის დამკვირვებელი ადევნებდა თვალს (110 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის 23 342 დამკვირვებელი, 76 საერთაშორისო ორგანიზაციის 1 712 დამკვირვებელი, 176 მედიასაშუალების 2 827 წარმომადგენელი) და არჩევნების დღეს არ დაწერილა საჩივრები, რომლებსაც შეეძლოთ არსებითი გავლენა მოეხდინათ არჩევნების პროცესზე.  ამასთან, საუბნო საარჩევნო კომისიების 53 000-ზე მეტი წევრიდან, ნახევარზე მეტი პოლიტიკური პარტიების მიერ იყო დანიშნული, თითოეული კომისიის 17 წევრიდან 8 ე.წ. ოპოზიციური პარტიების კვოტით იყო დანიშნული და არჩევნების დღეს შედგენილ შემაჯამებელ ოქმებში განსხვავებული აზრი მათგან მხოლოდ ცხრამ დააფიქსირაა.

უფრო მეტიც, პოლიტიკურმა აქტორებმა კენჭისყრის დასრულების შემდეგ, იზეიმეს კიდეც არჩევნებზე მათ მიერ მიღწეული შედეგი, თუმცა როცა დათვლის პროცესი დაიწყო და რეალობა სხვაგვარი აღმოჩნდა, სტრატეგია შეცვალეს. მაგალითად, საარჩევნო სუბიექტმა „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, რომელიც ხმების დათვლას ალტერნატიულ რეჟიმში საკუთარ ვებგვერდზე აწარმოებდა, მას შემდეგ რაც დაინახა, რომ მისი შედეგი საარჩევნო ადმინისტრაციისას ემთხვეოდა, მიუწვდომელი გახადა ვებგვერდი. ხოლო ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ „სამართლიანი არჩევნები“ უარი თქვა PVT-ის გამოქვეყნებაზე, როცა მისი და საარჩევნო ადმინისტრაციის შედეგები ერთმანეთს დაემთხვა. აღნიშნულის შესახებ საჯაროდ განაცხადეს კიდეც და საბოლოო ჯამში თავიანთი ქმედებით ხელი შეუწყეს ქვეყნაში არსებული პოლარიზებული გარემოს გამწვავებას.  საგულისხმოა, რომ ეს უკვე  მეორე შემთხვევაა, როცა „სამართლიანი არჩევნები“ მის მიერვე განხორციელებული PVT-ის შედეგებით მანიპულირებს. საზოგადოებას ახსოვს 2020 წლის პარლამენტის არჩევნებთან დაკავშირებული შემთხვევა, როცა ორგანიზაციამ არასწორი შედეგი გამოაქვეყნა, რითაც ქვეყანაში პოლარიზაციას შეუწყო ხელი. მაგრამ ახლა დავუბრუნდეთ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებს.

საკითხი, რომელიც ამ არჩევნების დისკრედიტაციის ერთ-ერთი მთავარი საფუძველია არჩევნებიდან მხოლოდ  3 დღის შემდეგ გახდა აქტუალური. სწორედ ამ დროიდან დაიწყო დაინტერესებული მხარეებისგან პედალირება იმაზე, რომ ბიულეტენის ფურცელზე მარკერი ჟონავდა და ეს ნიშნავდა იმას, რომ ფარულობა დაირღვა. ეს მაშინ, როცა კენჭისყრის და შემდგომი 2 დღის განმავლობაში ამ საკითხთან მიმართებაში საოლქო საარჩევნო კომისიებში წარმოდგენილი იყო სულ 5 საჩივარი, რაც ცალსახად ადასტურებს, რომ მარკერის სითხის გაჟონვა,  მით უფრო ჩარჩო-კონვერტის პირობებში, არ იყო პრობლემა და ამიტომ არც ყოფილა აღქმული როგორც პრობლემა.  უბრალოდ, როცა სხვა ხელშესახები ხარვეზი ვერ აღმოაჩინეს, დაინტერესებულმა მხარეებმა გადაწყვიტეს ამ საკითხით დასხმოდნენ თავს საარჩევნო ადმინისტრაციას, რაც ერთ-ერთმა მათგანმა ღიად განაცხადა კიდეც სატელევიზიო ეთერში.

 

ჩვენ თვალყურს ვადევნებთ იმ ქვეყნების პრაქტიკას, სადაც საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიებია დანერგილი და როგორც ჩვენთვის, ისე თქვენთვის ცნობილია ის ფაქტი, რომ განსხვავებით საქართველოსგან, ბევრი ქვეყანა ამ პროცესში კონვერტს საერთოდ არ იყენებს  და ამომრჩევლის არჩევანი ხილვადია. თუმცა რატომღაც მათ შემთხვევაში ეს საკითხი პრობლემური არ არის, ჩვენ შემთხვევაში კი ჩარჩო კონვერტში ჩასმული, ამობრუნებული ბიულეტენი, სადაც არ აღიქმება თუნდაც გამოჟონილი მარკერის კვალი რომელი საარჩევნო სუბიექტის გასწვრივაა, ფარულობის დარღვევის მტკიცებულებაა. ასეთი ორმაგი სტანდარტით საკითხისადმი მიდგომა კი რბილად რომ ვთქვათ გაუგებარია. თუ დავუბრუნდებით 26 ოქტომბრის არჩევნების ეუთო/ოდირის ანგარიშს და მას სხვა ქვეყნებში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით მომზადებულ ანგარიშებს შევადარებთ, დავინახავთ, რომ ზოგ შემთხვევაში სხვა ქვეყნების მიმართ ბევრად მწვავე შენიშვნებია, თუმცა მათ შემთხვევაში არავინ საუბრობს არჩევნების გაყალბებაზე. და მაშინ ლოგიკურად ისმის რიტორიკული კითხვა – რატომ?

იდეალური არჩევნები არ არსებობს, არსად არც ერთ ქვეყანაში. ყოველთვის არსებობს რესურსი პროცესის კიდევ უფრო დახვეწის. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაც არჩევნებიდან არჩევნებამდე ცდილობს სულ უფრო სრულყოფილი გახადოს პროცესი. სწორედ ამ მიზნიდან გამომდინარე გასულ წელს ჩვენ განვახორციელეთ მასშტაბური სამუშაო და ქვეყანაში წარმატებით დავნერგეთ საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიები. თუმცა სამწუხაროდ ამჟამად სახეზეა  მთელი ამ პროცესის გაუფასურების მცდელობა და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალებმა მათთვის სასურველი შედეგი ვერ მიიღეს.

სინამდვილეში, უდიდესი გამოწვევების მიუხედავად საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციამ უმაღლეს დონეზე  შეძლო  მასშტაბური საარჩევნო რეფორმის იმპლემენტაცია და ეს დადასტურებულია ტექნოლოგიების შესაბამისობის აუდიტით, რომელიც საარჩევნო ტექნოლოგიების ტესტირების ლაბორატორია „Pro V&V“-მ ჩაატარა. აღნიშნულ კომპანიას ამერიკის შეერთებულ შტატებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და იმ ორი კომპანიიდან ერთერთია, რომელსაც გააჩნია ამერიკაში შესაბამისი ინსტიტუციების სათანადო აკრედიტაცია. ამასთან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე საარჩევნო ადმინისტრაციამ გამოიყენა დამატებითი მექანიზმები მოდერნიზებული საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობისა და სანდოობის ხელშეწყობისთვის. ამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ე.წ. „ქაღალდის კვალის“ არსებობა, რომელიც პირდაპირ პასუხობდა ევროპულ სტანდარტებს და იძლეოდა ვერიფიკაციისა და ხმის დათვლის პროცესის ყველა ეტაპის გადამოწმების/მონიტორინგის საშუალებას, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფდა კენჭისყრის პროცედურებთან მიმართებით მანიპულაციების პრევენციის დამატებით გარანტიებს. შესაძლო მანიპულაციების თავიდან აცილების და კიბერჩარევების გამორიცხვის მიზნით ჩვენ შევქმენით უსაფრთხო და დაცული, უინტერნეტო ელექტრონული არჩევნების მოდელი.

და თუ ვინმეს გულწრფელად აინტერესებს სიმართლე საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებზე, ან საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ მიღებულ ამა თუ იმ გადაწყვეტილებაზე, ჩვენ მზად ვართ არგუმენტებით ვუპასუხოთ ნებისმიერ კითხვას.

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციას ყოველთვის მჭიდრო კავშირი ჰქონდა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებთან და ჩვენ კვლავ ვრჩებით ღია თანამშრომლობისთვის.  სწორედ ამ მიზნით გადავწყვიტეთ თქვენთვის აღნიშნული წერილით მომართვა და რეალური ფაქტების შეხსენება, რათა ჩვენთან დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობისას დაეყრდნოთ გადამოწმებულ ფაქტებს და არა აღქმებს, რომლის დათესვასაც ასე ძლიერ ცდილობენ დაინტერესებული მხარეები. წინააღმდეგ შემთხვევაში აზრი დაეკარგება თანამშრომლობის წარმატებულ პრაქტიკას, რომელიც ჩვენს ინსტიტუციებს შორის წლების განმავლობაში არსებობს.

მოგმართავთ თხოვნით დაინტერესებული მხარეების მიერ თქვენთვის მოწოდებული ინფორმაცია გადაამოწმეთ შესაბამის უწყებასთან, ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციასთან და მიიღეთ რეალური ინფორმაცია პირველწყაროსგან. ნუ შეხედავთ პროცესს ზედაპირულად, ვინაიდან თქვენი ნებისმიერი საჯარო მოსაზრება/შეფასება საქართველოში არსებულ პოლარიზებულ გარემოზე გარკვეულ გავლენას ახდენს.

ჩვენის მხრივ გამოვთქვამთ სრულ მზაობას, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, განვიხილოთ და შესაძლებლობის ფარგლებში გავითვალისწინოთ ყველა რეკომენდაცია, რომელიც გამოითქვა საარჩევნო პროცესის გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად. სრულიად დარწმუნებული ვართ, რომ ახლა სწორედ მსგავსი პროცესის ინიცირების და ჩართულ მხარეებს შორის მშვიდ გარემოში მსჯელობის დროა და არა პროცესში კიდევ უფრო მეტი სიმძაფრის შემოტანის მცდელობის.

პატივისცემით, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია

________
1ეუთო/ოდირის 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საბოლოო ანგარიში, გვ. 24:
2საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-8 მუხლის 25-ე პუნქტი.
3ეუთო/ოდირის 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო ანგარიში, გვ. 6.
4ეუთო/ოდირის 2024 წლის 26 წლის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო ანგარიში, გვ. 30:   ,,სასურველია, გატარდეს ეფექტური ზომები რათა მოქალაქეებმა კენჭისყრის დღეს ხმის მიცემა შეძლონ დაშინებისა და ზეწოლისგან თავისუფალ გარემოში, ხოლო პასუხისმგებელმა უწყებებმა, საჭიროა, გამოავლინონ მსგავსი პრაქტიკები და მყისიერად მოახდინონ რეაგირება დაფიქსირებულ შემთხვევებზე“.

 

ინფორმაციას საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი ავრცელებს