სამშაბათი, ივნისი 24, 2025
15.8 C
Tbilisi
Home Blog Page 47

პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ IX ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს. დელეგატებმა ირაკლი კობახიძის კანდიდატურას ერთხმად დაუჭირეს მხარი.

პარტიის ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თანაგუნდელებს ნდობის გამოცხადებისთვის მადლობა გადაუხადა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეობა, რა თქმა უნდა, არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ამასთან ერთად, ბუნებრივია, არის ძალიან დიდი პატივი. მხარდაჭერისთვის და გამოცხადებული ნდობისთვის თითოეულ თქვენგანს ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ- აღნიშნა კობახიძემ.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ არის პოლიტიკური ძალა, რომელსაც, როდესაც საქმე საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ეხებოდა, არასდროს არცერთი ნაბიჯით არ დაუხევია უკან.

ახლახან შესრულდა 13 წელი „ქართული ოცნების“ დაფუძნებიდან. ეს იყო საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, მშვიდობიანი განვითარებისთვის, კეთილდღეობისთვის, ქართველი ხალხის ღირსების დაცვისთვის უთანასწორო, მაგრამ მართალი და წარმატებული ბრძოლის 13 წელიწადი.

ამ ბრძოლას საფუძველი ჩაუყარა ჩვენი პარტიის დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა. მე თავს უფლებას მივცემ, თითოეული თქვენგანის სახელით, მას გადავუხდი უდიდეს მადლობას ქართული საქმის კეთებისთვის. კიდევ ერთხელ მადლობა: სამშობლოსთვის თავდადებისთვის, უდიდესი სიბრძნით, შორსმჭვრეტელობითა და მოთმინებით ქართული საქმის კეთებისთვის, საქართველოში ავტორიტარიზმის დასრულებისა და ქვეყანაში დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და ადამიანის უფლებების განმტკიცებისთვის.

ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, რომ დღეს საქართველოს ჰყავს პირველი ხელისუფლება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის პირობებშიც, ჩვენს ქვეყანას ომი არ ჰქონია და ჩვენ გვქონდა უწყვეტი 13-წლიანი მშვიდობა. ჩვენი ქვეყანა ინარჩუნებს მშვიდობას, სტაბილურობასა და ეკონომიკური განვითარების სწრაფ ტემპს. და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დღეს ჩვენი პატარა, მაგრამ ამაყი ქვეყანა არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს.

მთელი 13 წლის განმავლობაში, ჩვენ გვიწევდა და გვიწევს უკომპრომისო ბრძოლა: საქართველოს სუვერენიტეტისთვის, ქართველი ხალხის კეთილდღეობისთვის, დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობისთვის; გვიწევს ბრძოლა: ქრისტიანობის დასაცავად, მშვიდობის შესანარჩუნებლად, ტრადიციული ღირებულებებისა და საზოგადოებრივი მორალის განსამტკიცებლად. ეს არის უთანასწორო ბრძოლა, სადაც უპირატესობის შენარჩუნების შესაძლებლობას მხოლოდ სიმართლე გაძლევს. ეს არის ურთულესი ბრძოლა, სადაც სიმტკიცის შენარჩუნების ძალას გაძლევს რწმენა, რომ ნებისმიერი სისუსტის გამოვლენა შენს ქვეყანას განადგურებად შეიძლება დაუჯდეს და შესაბამისად, ნებისმიერი უკან დახევა არის დანაშაული საკუთარი ქვეყნის წინაშე.

დიდი მადლობა ქართველ ხალხს, რომელმაც გასული რამდენიმე წლის მანძილზე გამოავლინა განსაკუთრებული გამოცდილება და სიბრძნე და მყარად დადგა საქართველოს ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე. სწორედ ქართველი ხალხის – საზოგადოების ნდობა და მხარდაჭერა იყო მთავარი, რაც ჩვენ ყველაზე რთულ მომენტებში ყველაზე რთული გამოწვევების გადალახვის საშუალებას გვაძლევდა. ქართველი ხალხის მხარდაჭერით, შარშან ჩვენ გავიმარჯვეთ რეფერენდუმის ტოლფას არჩევნებში, რამაც საქართველოს მშვიდობა და განვითარების შესაძლებლობა შეუნარჩუნა.

დიდ მადლობას ვუხდით ჩვენს თითოეულ პატრიოტ თანამოქალაქეს საქართველოს ეროვნული ინტერესების მტკიცედ დაცვისთვის”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინფორმაციას “ქართული ოცნების” პრესსამსახური ავრცელებს

ცნობისათვის: ყრილობაზე არჩეული იყო ასევე პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრები.

1. ბიძინა ივანიშვილი – პარტიის საპატიო თავმჯდომარე
2. ირაკლი კობახიძე – პარტიის თავმჯდომარე
3. კახა კალაძე – გენერალური მდივანი
4. შალვა პაპუაშვილი
5. მამუკა მდინარაძე – აღმასრულებელი მდივანი
6. გია ვოლსკი
7. თეა წულუკიანი
8. ვახტანგ გომელაური
9. ირაკლი ჩიქოვანი
10. მაკა ბოჭორიშვილი
11. ნიკოლოზ სამხარაძე
12. მარიამ ქვრივიშვილი
13. დიმიტრი სამხარაძე
14. სულხან თამაზაშვილი
15. ნინო წილოსანი

“🇬🇪🇺🇸 გიორგობის დღესასწაულისთვის ამერიკის კონგრესმა დიდი საჩუქარი გაუკეთა ქართველ ხალხს” – მიხეილ სააკაშვილი

აშშ-ს კონგრესში “მეგობარი აქტის” მიღებას ემოციური შეფასებებით ეხმიანება საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი:

🇬🇪🇺🇸 გიორგობის დღესასწაულისთვის ამერიკის კონგრესმა დიდი საჩუქარი გაუკეთა ქართველ ხალხს. “მეგობარი აქტის” მიღება პოლონური ტელევიზიის არ იყოს ნამდვილი ატომური ბომბის დაცემა იყო “ოცნებაზე”.

ამ თითქმის ერთხმად მიღებული (წინააღმდეგ ხმა მისცეს მხოლოდ უკიდურესმა იზოლაციონისტებმა, რომლებიც ყველაფერს, რაც სხვა ქვეყნებთანაა დაკავშირებული ეწინააღმდეგებიან) კანონებით “ქართული ოცნება” გამოცხადებულია ქართულ კოშმარად და მთლიანად არალეგიტიმურ ხელისუფლებად.

ამერიკის დახმარება საქართველოსადმი (რომელიც თავის დროზე სიმწრით მოვიპოვეთ ზურაბ ჟვანიამ და მე, მივაღწიეთ რა იმას, რომ საქართველოს ერთ სულ მოსახლეზე ფინანსური დახმარებით მსოფლიოს ქვეყნების სამეულში შედიოდა) უქმდება და ივანიშვილის რეჟიმისადმი სანქციები მკვეთრად ძლიერდება.

სინამდვილეში საქართველოს ასეთი იზოლაცია მთლიანად ივანიშვილის და რუსეთის ინტერესებში შედის, თუმცა, თუ ჩვენ ამხელა მხარდაჭერა ჭკვიანურად გამოვიყენეთ ქვეყნის შიგნით, ჩვენს აქტიურ ბრძოლაში, “მეგობარი აქტი” მართლაც ის ატომური ბომბი აღმოჩნდება, რომელიც რეჟიმისგან არაფერს დატოვებს და სამშენებლო მოედანს გაწმენდს საქართველოს ასაღორძინებლად“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

“ქვეყანა ღრმა კრიზისშია – ივანიშვილი იმალება, კობახიძე კი ზიზღითა და სარკაზმით ელაპარაკება როგორც საზოგადოებას, ისე დასავლელ მეგობრებს, თითქოს არაფერი ხდება” – გიორგი ვაშაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე ქვეყანაში შექმნილ ღრმა პოლიტიკური კრიზისზე საუბრობს და პასუხისმგებლობას მმართველ გუნდს, ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი კობახიძეს აკისრებს:

ივანიშვილსა და კობახიძეს არ უნდათ იმ რეალობის აღიარება რომ ქვეყანა ჩააგდეს ქაოსსა და საერთაშორისო იზოლაციაში.

მივმართავ ივანიშვილს: რა არის თქვენი გზა? მეტი დაჭერები, მეტი ჯარიმები და მეტი იზოლაცია? საქართველოს მარტო დატოვება რუსეთის პირისპირ?

ივანიშვილი იმალება, კობახიძე კი ზიზღითა და სარკაზმით ელაპარაკება როგორც საზოგადოებას, ისე დასავლელ მეგობრებს, თითქოს არაფერი ხდება. რეალურად ფსკერზე ეშვებიან და ქვეყანასაც თან მიათრევენ.

ისინი ცდილობენ კრიზისი სიმშვიდედ გაასაღონ, სანქციები – ჯილდოდ მაგრამ რეალობა ბევრად მძიმეა მათთვის.

სახეზეა ღრმა პოლიტიკური კრიზისი, რომელიც მხოლოდ ჩვენ არ დაგვინახავს, დაინახეს ამერიკაში, ოკეანის გაღმა, საქართველოს მეგობრებმა. სწორედ ამიტომ მიიღო აშშ-ის კონგრესმა საქართველოს მხარდამჭერი “მეგობარი აქტი“ .

გამოსავალი არსებობს:

• ახალი, სამართლიანი არჩევნები

• სინდისის პატიმრების გათავისუფლება

• და დასავლეთთან ურთიერთობის აღდგენა.

საქართველო დგას არჩევანის წინაშე: იქნება ძლიერ ამერიკასა და ევროპასთან ერთად დაცული თუ მარტო, დაუცველი, მიტოვებული, რუსულ ჭაობში ჩაძირული?

დღეს, ამ რეალობის უარყოფა და ბრიყვული გაჯიუტება არის საქართველოს ღალატი და ხალხის გაწირვა.

სწორედ ამიტომ რეჟიმი ვალდებულია დანიშნოს ახალი არჩევნები.

სხვა ყველა მათი გზა ჩიხია და რაც უფრო შორს წავლენ ამ გზით, მით უფრო მძიმე იქნება მათი პოლიტიკური მომავალი!” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

თბილისის მერია ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს ფინანსურად დაეხმარება – კახა კალაძის განმარტებები

თბილისის მერია ამუშავებს დახმარების პაკეტს, რომლითაც სადგურის მოედანთან არსებულ ერთ-ერთ ბაზრობაზე რამდენიმე დღის წინ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს გარკვეულ ფინანსურ დახმარებას გაუწევს.

ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძის ინფორმაციით, მერიამ სარეზერვო ფონდიდან საჭირო სახსრები გამოყო და მოვაჭრეთა თხოვნის გათვალისწინებით, შესაბამისმა კომპანიამ შემთხვევის ადგილზე სადემონტაჟო სამუშაოები დაიწყო.

როგორც იცით, გასულ კვირას ხანძარი გაუჩნდა სადგურის მოედანთან არსებულ ერთ-ერთ ბაზრობას, რომლის შედეგადაც, დაახლოებით, 400 ადამიანი დაზარალდა. სამწუხაროდ, მთლიანად არის განადგურებული პროდუქცია და ადგილზე არსებული ინფრასტრუქტურა. იმდენად მძიმე მდგომარეობაა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შემთხვევის ადგილზე ჯერ კიდევ მუშაობს.

თბილისის მერიამ მყისიერად დაიწყო კომუნიკაცია დაზარალებულ მოვაჭრეებთან, რომელშიც ჩართულია ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე. გაიმართა არაერთი შეხვედრა, სადაც ჩვენი კომპეტენციისა და შესაძლებლობების ფარგლებში, დაზარალებულებს ყველა მიმართულებით დახმარება აღვუთქვით.

პირველი, რაც მათ ითხოვეს, ხანძრის შედეგად დამწვარი ბაზრობის ტერიტორიის დასუფთავება და დაზიანებული კონსტრუქციების დემონტაჟი გახლდათ. მუნიციპალიტეტის მერიამ სარეზერვო ფონდიდან საჭირო სახსრები გამოყო და თბილისის მუნიციპალური ინსპექციის კონტრაქტორ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდა. აღნიშნულმა კომპანიამ შემთხვევის ადგილზე სადემონტაჟო სამუშაოები დაიწყო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დაზარალებულ მოვაჭრეთა საინიციატივო ჯგუფთან სამუშაო შეხვედრები ინტენსიურად გაგრძელდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ჩვენ მოვისმინეთ ბევრი ტყუილი, სიბინძურე, თუმცა ამას ყურადღება არ უნდა მივაქციოთ და ყველამ ჩვენი გასაკეთებელი გავაკეთოთ. გვერდით უნდა დავუდგეთ ამ ადამიანებს, რომელთა უკან დგას ოჯახები, მათ ჰყავთ შვილები, შვილიშვილები და ჩვენ, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, დახმარება უნდა აღვუთქვათ მხარდაჭერა.

გარდა ამისა, ჩვენ ინტენსიურად ვმართავთ სამუშაო შეხვედრებს დაზარალებულ მოვაჭრეთა საინიციატივო ჯგუფთან. მუნიციპალიტეტი ამუშავებს დახმარების პაკეტს, რომლითაც დაზარალებულებს გარკვეულ ფინანსურ დახმარებას გავუწევთ. მესმის, რომ ეს დახმარება ვერ იქნება იმის საპირწონე, რა ზიანიც მოვაჭრეებმა მიიღეს, თუმცა, საქმიანობის გასაახლებლად, გარკვეულწილად ხელს გაუმართავს. უკვე მზად ვართ, მივიღოთ კონკრეტული გადაწყვეტილებები, საინიციატივო ჯგუფის ჩართულობით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

აქვე მერმა მადლობა გადაუხადა საბანკო სექტორს, რომელმაც გაითვალისწინა მომხდარი და დაზარალებულ მოვაჭრეებს შეღავათები დაუწესა.

ვინაიდან მოვაჭრეებს ფინანსური ვალდებულებები აქვთ აღებული, მომხდარის გამო, გარკვეული პერიოდით, საქმიანობის შეჩერება მოუწევთ. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია როგორც „საქართველოს ბანკთან, ისე „თიბისი ბანკთან“. მინდა, მათ პირადად გადავუხადო მადლობა მხარდაჭერისა და თანადგომისთვის ამ ოჯახების მიმართ, ვინაიდან მათი მხრიდან გამოთქმული იყო მზაობა, რომ ამ ადამიანებს, რომელთაც ფინანსური ვალდებულებები აქვთ აღებული, საშეღავათო პედიოდი ექნებათ. შემდეგ უკვე თავისუფლად მიეცემათ შესაძლებლობა, გააგრძელონ ეკონომიკური საქმიანობა, რასაც აქამდე ეწეოდნენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეება ტერიტორიის მოწესრიგების საკითხს, კახა კალაძის ინფორმაციით, კონტრაქტორ კომპანიასთან მუშაობის შედეგად, დადგენილია, დაახლოებით, ერთთვიანი ვადა სადემონტაჟო სამუშაოებისა და ნარჩენების გასატანად. მისივე თქმით, შემდეგი ეტაპი აღდგენითი სამუშაოები იქნება.

ჩვენ აქაც ბევრი სპეკულაცია მოვისმინეთ, რაც იყო მორიგი ტყუილი, პოლიტიკური სპეკულაცი და სიბინძურე. რა თქმა უნდა, ყველაფერი იქნება აღდგენილი. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია კომპანიასთან, რომელიც ოპერირებს აღნიშნულ ტერიტორიაზე და იჯარით აქვს ამ ადამიანებზე გაცემული ფართები. მან აიღო ვალდებულება, რომ მთლიანად მოაწესრიგებს ტერიტორიას, მას შემდეგ, რაც დასუფთავდება ჩვენი კონტრაქტორი კომპანიის მიერ“, – აღნიშნა მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

“ეს სანქციები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენ დასავლეთის ნაწილი ვართ” – ირაკლი ფავლენიშვილი

ამ დასასანქცირებელთა სიით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საქართველოს აღიქვამენ ჯერ კიდევ დასავლეთის ნაწილად და რომ საქართველოს პრობლემა აღიქმება, როგორც ევროატლანტიკური სივრცის პრობლემად და გამოწვევად”, – განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა.

ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით – “გუშინ კიდევ ერთხელ გამოჩნდა თუ ვინ არიან ორგანიზატორები იმ დესტრუქციული ქმედებების, რომელთა მიზანია საქართველოში სახელმწიფოებრიობის ლიკვიდაციის გეგმა. ამ დესტრუქციული ქმედებების წარმომადგენლები არიან ბიზნესის, პოლიტიკური წრის, სასამართლო სისტემის წარმომადგენლები, რომლებიც ვიხილეთ დასასანქცირებელთა სიაში. ეს ადამიანები სამწუხაროდ შავი ასოებით საქართველოს ისტორიაშიც, რადგან ქართული სახელმწიფოს დემოკრატიის წინააღმდეგ ბრძოლაში ეს არის უდიდესი გალაშქრება, როდესაც ამ ადამიანებმა არა მხოლოდ გადაუხვიეს დასავლური კურსისგან, არამედ საფრთხე შეუქმნეს ევროატლანტიკურ სივრცეს.

ეს სანქციები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენ დასავლეთის ნაწილი ვართ და საქართველოს პრობლემა აღიქმება არა მხოლოდ როგორც ჩვენი პრობლემა, არამედ მთელი ევროატლანტიკური სივრცის გამოწვევად და პრობლემად”, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ინფორმაციას ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის პრესსამსახური ავრცელებს

“აჭარაში ნარკოტიკების რეალიზაციას მფარველობდა თორნიკე რიჟვაძის მამა” – ელისო კილაძე

“ქრონიკა +”-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს აჭარის ა.რ. მთავრობის ყოფილი მეთაურის, თორნიკე რიჟვაძის მამასთან დაკავშირებით:

აჭარაში ნარკოტიკების რეალიზაციას მფარველობდა თორნიკე რიჟვაძის მამა.

ბარიგები ისე იყვნენ განაგლებული, გაჩერებებზე ტოვებდნენ ფაქტებს!

სიტუაცია შეიცვალა და სპეცოპერაციების დიდი ტალღა დაიწყება‼️‼️‼️

სხვისი სიკვდილის ხარჯზე მიღებული ფული არმად მოხმარდება ყველას‼️‼️‼️‼️“, – წერს  ელისო კილაძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

სს “თელასი”: 8 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის კრწანისის და საბურთალოს რაიონების კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით კონკრეტული სამუშაოების გამო:

8 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

ნაძალადევის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ზღვისუბნის დასახლების X, Xა Xბ კვარტლების, თემქის დასახლების IV მიკრორაიონის, ჭოჭუას, ხევძმარის და დუმბაძის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), გოთუას, გაგარინის, შარტავას, ფანჯიკიძის, იოსებიძის, კანდელაკის, ონიაშვილის და ბუდაპეშტის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის III კვარტლის (ნაწილობრივ), დიღმის მასივის IV კვარტლის (ნაწილობრივ), რობაქიძის გამზირის და ბალანჩინის ქუჩის მოსახლეობას.

გლდანის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის II, III, IV, V, VI მიკრორაიონების (ნაწილობრივ), გლდანის ხევის დასახლების, ლესელიძის, ხიზანიშვილის, ხერგიანის, ვეკუას, მამკოდის, შენგელაიას, მორეტის და ქურდაძის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

“თუ გაინტერესებთ, რეგიონში ვინ ვისკენაა ინდოეთ-პაკისტანის დაპირისპირებაში…” – ზურაბ ბატიაშვილი

აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ზურაბ ბატიაშვილი შეფასება-განმარტებებს აკეთებს ინდოეთ-პაკისტანის სამხედრო დაპირისპირებასთან დაკავშირებით:

თუ გაინტერესებთ, რეგიონში ვინ ვისკენაა ინდოეთ-პაკისტანის დაპირისპირებაში:

✅ ინდოეთისკენ:
– ირანი;
– სომხეთი;
– ისრაელი.

✅ პაკისტანისკენ:
– ჩინეთი;
– თურქეთი;
– აზერბაიჯანი;
– ავღანეთი;
– სუნიტური არაბული ქვეყნები.

ერთი შეხედვით კი უცნაურია, რომ ერთმანეთის მოსისხლე მტრები ირანი და ისრაელი ამ დაპირისპირებაში ერთ ბანაკში აღმოჩნდნენ და რომ კომუნისტური ჩინეთი მხარს უჭერს ისლამურ პაკისტანს (ქვეყნის ოფიციალური დასახელებაა პაკისტანის ისლამური რესპუბლიკა), მაგრამ ეს კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რამდენად კომპლექსურია საერთაშორისო ურთიერთობები, სადაც მამოძრავებელი ძალა ინტერესებია და არა იდეოლოგია“, – წერს ზურაბ ბატიაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

“ტლუ ქოცებო, ახლა მაინც მიხვდით რატომ გაიპარა ღარიბაშვილი?” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია “კავკასიას” გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი “ქართული ოცნების” ლიდერებს და მხარდამჭერებს მიმართავს:

ტლუ ქოცებო, ახლა მაინც მიხვდით რატომ გაიპარა ღარიბაშვილი?

პაპუ, მამუ, ირაკლი, სად ხართ? ზარქუას და ბოჟაძის იმედზე დატოვეთ ამოდენა გეოპოლიტიკური გამოწვევა?” – წერს ნინო ჯანგირაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

“მეგობარი აქტის” მიღება არის ძალიან მკაცრი გაფრთხილება ივანიშვილისთვის” – თინა ბოკუჩავა

მეგობარი აქტის მიღება არის ძალიან მკაცრი გაფრთხილება ივანიშვილისთვის – ის ან დათმობს ხელისუფლებას, ან მიიღებს უმძიმეს სანქციებს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისგან. ფინანსური სანქციის ქვეშ ასევე მოჰყვებიან მისი გარემოცვის წევრები, პროპაგანდისტები და კორუმპირებული ბიზნესი, ე.წ. ფინანსური ელიტა, რომელზეც დგას მისი რუსული დანაშაულებრივი რეჟიმი. კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ივანიშვილის რეჟიმის პირობებში არანაირი რესტარტი აშშ-თან არ მოხდება”, – განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ.

ოპოზიციონერი ლიდერი პოლიტიკური შეფასებებით ეხმაურება აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატის მიერ მიღებულ “მეგობარი აქტს”:

აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატამ უდიდესი უმრავლესობით მიიღო მეგობარი აქტი, რაც არის ქართველი ხალხის უდიდესი მიღწევა და მე მინდა მივულოცო საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომელიც იბრძვის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, ევროატლანტიკური მომავლისთვის, აშშ-ის ასეთი მხარდაჭერა.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მოქალაქეებმა იცოდნენ, რომ იმ 349 კონგრესმენისგან, რომლებმაც გუშინ მხარი დაუჭირეს მეგობარ აქტს, 168 კონგრესმენი რესპუბლიკელია, ხოლო 181 არის დემოკრატი. ეს კიდე ერთხელ ცხადყოფს იმას, რასაც ჩვენ მრავალი თვის მანძილზე ვამტკიცებდით, რომ აშშ-ში არის ორპარტიული მხარდაჭერა ქართველი ხალხის ევროატლანტიკური არჩევანის და სწორედ ეს გახდება განმსაზღვრელი აშშ-ის პოლიტიკის საქართველოსთან მიმართებით.

იცით, რომ მეგობარი აქტის ინიციატორი საქართველოს ძალიან კარგი მეგობარი, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონია, რომელიც ბოლოს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე ვნახე, სადაც ის საქართველოს და აშშ-ის ბროშებს არიგებდა მსოფლიო ლიდერებისთვის, რომელთაგან ერთ-ერთი მეც მისახსოვრა, იმისთვის, რომ მოიპოვოს მხარდაჭერა საქართველოს და ამერიკის ორმხრივი ურთიერთობისთვის.

მეგობარი აქტის მიღება ასევე არის ძალიან მკაფიო და მკაცრი გაფრთხილება ივანიშვილისთვის, ის ან დათმობს ხელისუფლებას, რომელიც მიტაცებული აქვს ქართველი ხალხისგან 26 ოქტომბრის არჩევნებზე სპეცოპერაციის შედეგად, ან მიიღებს დამატებით და უმძიმეს სანქციებს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისგან. ფინანსური სანქციის ქვეშ ასევე მოჰყვებიან მისი გარემოცვის წევრები, მისი პროპაგანდისტები და კორუმპირებული ბიზნესი, ე.წ. ფინანსური ელიტა, რომელზეც დგას მისი რუსული დანაშაულებრივი რეჟიმი.

გუშინდელი მიღებული აქტი ქვედა პალატის მხრიდან, ახლა გადაეცემა ზედა პალატას ანუ სენატს, სადაც დარწმუნებული ვარ, რომ მეგობარი აქტი ასევე მიიღებს ძალიან დიდ მხარდაჭერას.

მინდა გაცნობოთ, რომ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა” გეგმავს ვიზიტს აშშ-ში მომავალ კვირას სწორედ იმისთვის, მათ შორის, რომ ვიმუშაოთ განსაკუთრებით ინტენსივობით სენატთან, ზედა პალატასთან, რომ იქაც იყოს ასეთი ორპარტიული მხარდაჭერა. ჩვენი მოლოდინი ქვედა პალატაზე გამართლდა და გვჯეროდა, რომ მეგობარი აქტი მოიპოვებდა უდიდეს მხარდაჭერას და ეს ასეც მოხდა.

კიდევ ერთხელ მინდა საზოგადოებას შევახსენო თუ რა იყო ივანიშვილის წინა საარჩევნო დაპირება, ეს იყო მშვიდობა და არჩევნების შემდეგ, სპეცოპერაციის შემდეგ, რომელიც მან ჩაატარა, ხედავთ რომ აშშ-მა ივანიშვილს გამოუცხადა ომი. ივანიშვილი ევროპულ მშვიდობას ჰპირდებოდა ქართველ ხალხს და მიიღო ცივი ომი როგორც აშშ-თან, ისე ევროკავშირთან.

ივანიშვილი მშვიდობას ჰპირდებოდა ქართველ ხალხს და ძალადობრივი ომი გამოუცხადა, განსაკუთრებული რეპრესიებით დაუპირისპირდა ახალგაზრდობას. დროა, გააცნობიეროს ივანიშვილმა და მეგობარი აქტი არის სწორედ გაფრთხილება, რომ მისი დრო ამოიწურა და რომ ერთადერთი ხსნა ქვეყნისთვის და ერთადერთი გადარჩენა მათ შორის მისთვის არის ძალაუფლების დათმობა და ქვეყანაში ახალი არჩევნების ჩანიშვნა. გუშინ დამტკიცდა, რომ ივანიშვილის პროპაგანდა ხალხს ატყუებს და რომ ვერანაირი რესტარტი და გადატვირთვა აშშ-თან ვერ მოხდება ივანიშვილის რეჟიმის პირობებში, ერთადერთი გამოსავალი არის ახალი, თავისუფალი, სამართლიანი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ამ ყველაფერს ჩვენ მივაღწევთ ერთიანი ძალებით”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ინფორმაციას “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს