ოთხშაბათი, ივნისი 25, 2025
15.8 C
Tbilisi
Home Blog Page 42

“ივანიშვილი-კობახიძის წერილი არის ღია დეკლარაცია, რომ მათ უნდათ საქართველო დატოვონ მარტო და დაუცველი” – გიორგი ვაშაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე, აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვანსისადმი მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ ღია წერილით მიმართვას, მწვავე შეფასებებით ეხმაურება:

ივანიშვილი-კობახიძის წერილი არის ღია დეკლარაცია, რომ მათ უნდათ საქართველო დატოვონ მარტო და დაუცველი.

მათ არ სჭირდებათ განვითარებული საქართველო ძლიერ პარტნიორებთან ერთად. მათ უნდათ, რომ საქართველო დააბრუნონ ჭაობში.

ეს წერილი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად სახიფათოა ქვეყნისთვის ხალხი, რომელიც მზად არის ძალაუფლებისთვის ქვეყანა გაყიდოს.

ბიძინა ივანიშვილს არ აქვს მორალური უფლება, საქართველოს სახელით ელაპარაკოს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს და დააზიანოს წლობით ნაშენები ურთიერთობები. მან უკვე უღალატა ჩვენი ქვეყნის დასავლურ კურსს, უღალატა თავისუფლებას და ქართველ ხალხს.

ჩვენ გვჭირდება თავისუფალი, განვითარებული და უსაფრთხო საქართველო, რომელიც ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრია. ჩვენი გეგმაა დაინიშნოს ახალი არჩევნები, გათავისუფლდნენ სინდისის პატიმრები, ქვეყანა სწრაფად გამოვიყვანოთ იზოლაციიდან, აღვადგინოთ კავშირები დასავლელ პარტნიორებთან და დაჩქარებული წესით გავხდეთ ევროკავშირის წევრი.

გავერთიანდეთ და დავდგეთ ერთად საქართველოსთვის!” – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

“ერთი რამ ვიცი ზუსტად, ვლადიმერ პუტინი არ დათმობს შავ ზღვას, ოდესამდე მივა…” – ნუკა არველაძე

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე თავის მოსაზრებას გამოთქვამს გეოპოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით:

რაც უნდა იტრამპაცუმპონ, ერთი რამ ვიცი ზუსტად, ვლადიმერ პუტინი არ დათმობს შავ ზღვას, ოდესამდე მივა, იქ შეიძლება ერთი-ორი მიიმატოს, ევროპაც მიუცუცქდება, მაგრამ ჯერ ამერიკას მიუგდებს საჯიჯგნად!

და მერე დასრულდება პროექტი – უკრაინანატოში თუ ნატოუკრაინაში.

მოკლედ, ვერავინ გაიგებს ვისი ვისაში!!!

ვინ დაიჯერეთ, რომ ოდესმე დასმული ზელენსკი წყვეტდა რამეს უკრაინაში?
ფილმი რომ იყოს მეორეხარისხოვანი რილისთვის ნომინაციაში შეიძლება წარედგინათ!

და ამაში დავრწმუნდი სი ძინ პინის მოსკოვში ხანგრძლივი და ნაყოფიერი ვიზიტის შედეგებით!

ჩვენ? ჩვენ ვიქნებით ან ისე ან ასე, ფაქტია, მეტანიებს და გვემას ამერიკა-ევროკავშირთან აზრი არ აქვს, ყველაფერი ხელისგულზე დევს – ვინ საიდან როგორ გოთვერნობს. აი ბუღალტერია რაში ჭირდებოდათ ეს ვერ გავიგე
🤣🤣🤣🤣🤣🤣🤣

როგორც ჩანს, მაინც მაღლა კულისებში გადაწყდა ყველაფერი!“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნუკა არველაძე.

“დაიმახსოვრეთ, ისეთ ხათაბალაში აღმოჩნდებით, მთელი ცხოვრება ვერ ჩამოირეცხავთ სირცხვილს…” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია “კავკასიას” გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი საზოგადოებას კონკრეტული რჩევა-შეთავაზებით მიმართავს:

რა ვიცი, ბოლოჯერ გეტყვით და მერე ყველამ თქვენი საქმის თქვენ იცით:

გამოეცალეთ ყველა დროზე, ვისაც არ გინდათ სამშობლოს ღალატის თანამონაწილე გახდეთ. პოლიციელი, მასწავლებელი, დეპარტამენტის უფროსი, მოადგილე, მოადგილის თანაშემწე, უფროსი სპეციალისტი, უმცროსი სპეციალისტი, დამლაგებელი, სიპის და აიპის ბუღალტერი, ჟურნალისტი, ოპერატორი, მეტროს მემანქანე, ავტობუსის მძღოლი, ბირჟავიკი, უბნის ზონდერი, რა ვიცი, ყველა…

დაიმახსოვრეთ, ამათ რუსეთში მაინც არავინ არ გაატანს ამ ქვეყანას და თქვენ ისეთ ხათაბალაში აღმოჩნდებით, მთელი ცხოვრება ვერ ჩამოირეცხავთ სირცხვილს.

დროზე გამოეცალეთ, რომ ნაკლები ზიანით მოხდეს ამათი გაყრა, ნაკლები ზიანით ქვეყნისთვის და ყველა ჩვენგანისთვის!” – წერს ნინო ჯანგირაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

“ქართული ოცნება” სასოწარკვეთილ მდგომარეობაშია, ხვდება რომ მისი დასასრული ახლოვდება – პაპუნა ჯანელიძე

“ქართული ოცნების” ხელისუფლების ყოფილი ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი, პაპუნა ჯანელიძე, აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვანსისადმი მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ ღია წერილით მიმართვას ეხმაურება:

სამარცხვინო და მტკივნეულია, რაც ჩვენი ქვეყნის თავს ხდება.

კარგი, რაც შეიძლება დავინახოთ დღეს კობახიძის მიერ გამოქვეყნებული ღია წერილიდან, არის რომ “ქართული ოცნება” სასოწარკვეთილ მდგომარეობაშია, ხვდება რომ მისი დასასრული ახლოვდება“, – წერს პაპუნა ჯანელიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

“ვერა და ვერ გამოვიდა კოლექტიური დასავლეთი, განსაკუთრებით აშშ, “ვარდების რევოლუციის” ნირვანიდან” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის კონკრეტული პრეტენზიები დასავლეთის მიმართ:

ვერა და ვერ გამოვიდა კოლექტიური დასავლეთი, განსაკუთრებით აშშ, “ვარდების რევოლუციის” ნირვანიდან.

ისევ ოცნებობენ 2003 წლის სცენარის გამეორებაზე და ღლიან ტვინის ხვეულებს იმის გამოსაცნობად, მოიქცევა თუ არა “ქართული ოცნება” ისე, როგორც შევარდნაძე, რომელმაც საეჭვოდ ჩააბარა ხელისუფლება მის მიერვე გამოზრდილ “რევოლუციონერებს“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ზაალ ანჯაფარიძე.

სს “თელასი”: 14 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის რამდენიმე რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით კონკრეტული სამუშაოების გამო:

14 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ) და დემეტრე თავდადებულის ქუჩის მოსახლეობას.

ისნის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის II მიკრორაიონის და აჩაბეთის ქუჩის მოსახლეობას.

გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბარალეთის და ლიბანის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების IV, X მიკრორაიონების, თემქის დასახლების III, IV მიკრორაიონების, ქობის, მარკ ბრონშტეინის, ლევან რჩეულიშვილის, ზღვისუბნის, რომელაშვილის, ლაგურაშვილის, ბობოხიძის, ლურჯქედის, გაბაშვილის, მარგიანის, საგუბარის, გორგაძის და ავშნის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

16 მაისამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება

გარემოს ეროვნული სააგენტოს გამაფრთხილებელი ინფორმაცია:

⛈️ 16 მაისამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

❗️მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

“კობახიძის წერილი არის რუსული პროპაგანდის ბოდვა, ეს არ არის დიპლომატიური ტექსტი” – პაატა მანჯგალაძე

აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვანსისადმი მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ ღია წერილით მიმართვას მწვავე შეფასებებით ეხმაურება “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე:

კობახიძის წერილი არის რუსული პროპაგანდის ბოდვა, ეს არ არის დიპლომატიური ტექსტი.

ეს არის უმადური რუსის ბოდვა, რომელიც სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკას, სდებს ბრალს იმაში, რაც ივანიშვილმა გაუკეთა საქართველოს: კორუფცია, ჩაგვრა, ანტიდასავლური კანონი,ხალხის წინააღმდეგ ომი, საქართველოს იზოლაცია და დაუცველად დატოვება.

არავითარ „გადატვირთვაზე“ არ არის საუბარი! თავად წერილია გადატვირთული რუსული პროპაგანდით. ის იმეორებს ყველა რუსულ კონსპირაციას იმ ქვეყნების წინააღმდეგ, ვინც 1991 წლიდან იცავს ჩვენს თავისუფლებას;

ითხოვს პასუხს იმაზე, რატომ სჯიან კორუმპირებულ რეჟიმს, რომელსაც ფული ურჩევნია თავისუფლებას და ძალაუფლება – საკუთარ ხალხს.

ეს წერილი არ არის ქვეყნის ინტერესებისთვის.

ეს არის ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ქვეყნის გაყიდვის მტკიცებულება. გაყიდული ქვეყანა, გაყიდული მომავალი, უფრო დაუცველი ხალხი – ესაა კობახიძის წერილის მიზანი.

მაგრამ ჩვენ ივანიშვილს უნდა ვუთხრათ მკაფიოდ:

საქართველო არ არის კობახიძე!

საქართველო არ არის ივანიშვილი და მისი კორუმპირებული ბანდა!

საქართველო არის:

• ახალგაზრდობა, ხალხი რომელიც ქუჩაში იცავს თავისუფლებას და ევროპულ მომავალს;

• მასწავლებლები, ექიმები, ჟურნალისტები, რომლებიც ამბობენ – “არ გვინდა რუსული ჭაობი!

თავისუფლების წყარო არის ხალხში, რომელიც არ გაჩერდება სანამ საქართველო არ გახდება თავისუფალი, დაცული და ევროპული!” – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

“ფარცხალაძე წარმოადგენდა “ქართულ ოცნებასა” და ივანიშვილს 9 მაისს რუსეთში აღლუმზე” – ლევან სანიკიძე

დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფარცხალაძე წარმოადგენდა “ქართულ ოცნებასა” და ივანიშვილს 9 მაისს რუსეთში აღლუმზე, რადგან ის არის ივანიშვილის მარჯვენა ხელი, რომელიც პუტინის კარზე მსახურობს”, – განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, ლევან სანიკიძემ, 9 მაისს რუსეთში გამართულ სამხედრო აღლუმზე, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დასწრებასთან დაკავშირებით:

ჩვენ ამ ინფორმაციის შესახებ დიდი ხნის წინ გვქონდა ცნობა, რომ ფარცხალაძე იყო მიწვეული 9 მაისს და არა მხოლოდ ფარცხალაძე, “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნებიც იყვნენ მიწვეულები, უბრალოდ წლევანდელი 9 მაისის ღონისძიება ფაქტობრივად ჩაეშალა პუტინს და ეს არის ჩვენი დასავლელი მეგობრების ძალიან დიდი დამსახურება.

რაც შეეხება საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს, რომელიც იბარებდა იმ არმიის აღლუმს, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს 20% და რომელიც ყოველდღიურად კლავს უკრაინელ მშვიდობიან მოქალაქეებს, ეს არის ნათელი დასტური იმისა, რაც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა თავის დროზე გააკეთა და დაასანქცირა “ფსბეს” თანამშრომლობის გამო, ის არის ივანიშვილის ემისარი, რომელიც დავალებებს აძლევს “ოცნებას” რუსეთის სხვადასხვა სპეცსამსახურებიდან, ის არის მთავარი მოკავშირე “ოცნებისა” და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებს შორის და ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის წარმოადგენდა “ქართულ ოცნებას” და ივანიშვილს, რადგან ის არის ივანიშვილის მარჯვენა ხელი, რომელიც პუტინის კარზე მსახურობს”, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.

ინფორმაციას “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

ირაკლი კობახიძის ღია წერილი დონალდ ტრამპს და ჯეი დი ვანსს

მთავრობის მეთაური, ირაკლი კობახიძე ღია წერილით მიმართავს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს და ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვანსს:

ღია წერილი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ბატონ დონალდ ტრამპს
ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს, ბატონ ჯეი დი ვანსს

რამდენიმე კვირის წინ, მოგმართეთ წერილით ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებით. აღნიშნულ წერილს წინ უსწრებდა ჩემი საჯარო განცხადებები, სადაც ღიად გამოვხატავდი საქართველოს მზაობას, სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით განგვეახლებინა სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და აშშ-ს შორის. თუმცა, პასუხი ჩვენს წერილზე და საჯარო განცხადებებზე დღემდე არ მიგვიღია. მეტიც, დღემდე უმაღლეს დონეზე არ შემდგარა არავითარი კომუნიკაცია საქართველოს და აშშ-ს ხელისუფლებებს შორის.

აღნიშნული დუმილი გასაკვირია ქართველი ხალხისთვის და საქართველოს ხელისუფლებისთვის რამდენიმე მიზეზის გამო:

– პირველ რიგში, უკვე მრავალი წელია, საქართველო არის აშშ-ს ყველაზე საიმედო პარტნიორი ჩვენს ურთულეს რეგიონში, რომელსაც აშშ-სთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. საქართველო მხარში ედგა აშშ-ს ყველაზე ცხელ წერტილებში, მათ შორის ერაყში და ავღანეთში, სადაც საქართველო ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მეტი ჯარისკაცით იყო წარმოდგენილი. მხოლოდ ამ ორ მისიაში მონაწილეობით, ჩვენმა პატარა ქვეყანამ აშშ-ს 2.5 მილიარდი დოლარი დაუზოგა, რაც აშშ-ს ბიუჯეტიდან საქართველოსთვის გაწეულ რეალურ (!) დახმარებას მრავალჯერ აღემატება (რეალურ დახმარებაში არ ვთვლით თანხებს, რომელიც აშშ-ს ბიუჯეტიდან ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის გადასარჩენად გამოიყო 2008-11 წლებში, მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა “დიფ სთეითის” დავალებით რუსეთთან ომი დაიწყო; რეალურ დახმარებაში, ასევე, არ ვთვლით თანხებს, რომელიც ამერიკის საელჩოს, USAID-ის, NED-ის, სოროსის ფონდის და სხვა არხებით, საქართველოში რადიკალიზმისა და სიძულვილის გასაღვივებლად, რევოლუციების მოსაწყობად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იმიჯის შესალახად, რელიგიური ექსტრემიზმის წასახალისებლად, სახელმწიფო ინსტიტუტების დასასუსტებლად, გენდერული და ლგბტ-პროპაგანდის საწარმოებლად და სხვა მსგავსი მიზნებით გამოიყოფოდა). იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქართველო მრავალი წლის მანძილზე აშშ-სთვის ნამდვილ სტრატეგიულ პარტნიორად რჩებოდა და ამგვარი სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის მზაობას დღესაც გამოხატავს, ახალი ადმინისტრაციის დუმილი როგორც საქართველოს ხელისუფლებისთვის, ისე ქართველი ხალხისთვის გასაკვირია;

– საერთაშორისო რეიტინგების თანახმად, საქართველო არის ლიდერი რეგიონში დემოკრატიის, სამართლის უზენაესობის, ადამიანის უფლებების, მედიის თავისუფლების, სასამართლოს დამოუკიდებლობის, სახელმწიფო ინსტიტუტების სიძლიერის, კორუფციის სიმცირის და სხვა კრიტერიუმების მიხედვით. საქართველოს ლიდერობას ადასტურებენ ისეთი ინსტიტუტებიც, რომელთა მიმართ თქვენს ადმინისტრაციას განსაკუთრებული ნდობა აქვს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით და იმ ფონზე, რომ თქვენ არაერთ, თუნდაც, ღიად არადემოკრატიულ და ავტორიტარულ სახელმწიფოსთანაც აწარმოებთ აქტიურ დიალოგს და კომუნიკაციას, საქართველოსთან დაკავშირებით თქვენს დუმილს ჩვენთვის ლოგიკური ახსნა არა აქვს;

– რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ დავაკვირდებით ჩვენი ხელისუფლებისა და თქვენი ადმინისტრაციის საჯარო რიტორიკას, თვალშისაცემია სრული ღირებულებითი და იდეოლოგიური თანხვედრა ჩვენს ხედვებს შორის. ჩვენ ღიად ვსაუბრობდით „დიფ სთეითის“, USAID-ის, NED-ის და სხვა შესაბამისი სუბიექტების დანაშაულებრივ საქმიანობაზე რამდენიმე წლით ადრე, ვიდრე თქვენ იდენტურ განცხადებებს გააკეთებდით. ჩვენ გვაქვს სრულიად იდენტური შეფასებები უკრაინის ომთან, გენდერულ და ლგბტ-პროპაგანდასთან და მრავალ სხვა საკითხთან დაკავშირებით. ამგვარი ღირებულებითი და იდეოლოგიური თანხვედრის ფონზე, ქართველი ხალხის პირვანდელი მოლოდინი იყო, რომ საქართველო იქნებოდა ერთ-ერთი პირველი, რომლის მიმართაც თქვენი ადმინისტრაცია განსაკუთრებულ ინტერესს გამოხატავდა. ამგვარი ინტერესი თქვენ გამოხატეთ რუმინეთისა და გერმანიის მიმართ, სადაც ევროპული ბიუროკრატიის მხარდაჭერით, არადემოკრატიული აქტები განხორციელდა. თუმცა, ქართველი ხალხის და ჩვენდა გასაკვირვად, საქართველოსთან მიმართებით ამგვარი ყურადღება თქვენ დღემდე არ გამოგიჩენიათ.

მეტიც, კვლავაც ძალაშია სრულიად გაუგებარი სანქციები საქართველოს ვიცე-პრემიერის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების მიმართ, რომლებმაც ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილი და USAID-ის ხაზით დაფინანსებული რევოლუციის მცდელობა და ძალადობა ეფექტურად აღკვეთეს. გარდა ამისა, რამდენიმე დღის წინ ამერიკის კონგრესმა მიიღო აბსურდული კანონი – ე.წ. „მეგობარი აქტი“, რომელიც არის მტრულად გამსჭვალული ქართველი ხალხის და მის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ. სიტყვა „მეგობარის“ მნიშვნელობიდან გამომდინარე, ეს კანონი გვახსენებს ჯორჯ ორუელის მოდელს, რომლის მიხედვითაც ომი არის მშვიდობა, მტერი კი – მეგობარი. სხვადასხვა პარლამენტისგან აბსურდული აქტების მიღებას ჩვენ ბოლო პერიოდში მიჩვეული ვართ და ამდენად, „მეგობარი აქტზე“ საერთოდ არ გავამახვილებდით ყურადღებას, რომ არა ის გარემოება, რომ ამ აქტს არაერთი სუბიექტი თქვენს ადმინისტრაციას მიაწერს. ამ აღქმას ამყარებს ის გარემოებაც, რომ თქვენს ადმინისტრაციას „მეგობარი აქტზე“ არავითარი კრიტიკული განცხადება არ გაუვრცელებია. ამ ყველაფრის გამო, ეს კანონი ამცირებს ქართველი ხალხის ნდობას არა მხოლოდ კონგრესის, არამედ, სამწუხაროდ, თქვენი ადმინისტრაციის მიმართაც, რომელსაც ქართული საზოგადოება სხვაგვარი იმედით შეჰყურებდა.

ბოლოდროინდელი მოვლენები ქართულ საზოგადოებაში აჩენს განცდას, რომ განცხადებები „დიფ სთეითის“ დამარცხების შესახებ მხოლოდ ამ უკანასკნელის რებრენდინგის მცდელობაა და სხვა არაფერი. ხალხისთვის გასაკვირია, რომ თქვენ ბაიდენის გადაწყვეტილებებს მკაცრად აკრიტიკებთ, მაგრამ მის დანაშაულებრივ გადაწყვეტილებებს დღემდე არ ასწორებთ.

თუმცა, ჩვენი ხელისუფლება საჯარო განცხადებებში კვლავაც გამოხატავს ოპტიმიზმს იმასთან დაკავშირებით, რომ თქვენი ადმინისტრაცია „დიფ სთეითის“ დამარცხებას რეალურად შეძლებს, რაც ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვაზე და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენაზე უსათუოდ აისახება. რეალურადაც, ამის ძალზე დიდი იმედი გვაქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კვლავაც გაგრძელდება ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში დაგეგმილი რევოლუციური სცენარის მოქმედება.

შეგახსენებთ, რომ USAID-ისა და NED-ის მიერ დატრენინგებული და დაფინანსებული 250-მდე ადამიანი დღემდე ყოველდღიურად იკრიბება ქვეყნის დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე, რაც იმის უტყუარი მტკიცებულებაა, რომ „დიფ სთეითს“ რევოლუციის გეგმა თაროზე ჯერაც არ შემოუდია.

როგორც უკვე აღინიშნა, მიუხედავად იმისა, რომ კითხვები კითხვებს ემატება, ჩვენ მაინც ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს და გვაქვს იმედი, რომ „დიფ სთეითთან“ თქვენი დაპირისპირება გულწრფელია და ის „დიფ სთეითის“ დამარცხებით დასრულდება. საქართველოს ხელისუფლება მოთმინებით ელოდება ამ მომენტს, რაც საფუძვლად უნდა დაედოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვას და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენას ჩვენს ქვეყნებს შორის.

წარმატებებს გისურვებთ ამ ბრძოლაში!
ამერიკის შეერთებულ შტატებს ვუსურვებთ სიმტკიცეს და კეთილდღეობას!“, – ნათქვამია ირაკლი კობახიძის წერილში.