პარასკევი, ივნისი 27, 2025
30.8 C
Tbilisi
Home Blog Page 30

“იმ არჩევნებში, რომელსაც ატარებს ბიძინა ივანიშვილი, არსებობს გაყალბების დიდი საფრთხე” – პაატა ბურჭულაძე

ქართველი საოპერო მომღერალი, მსოფლიო ბანი, პაატა ბურჭულაძე კომენტარს აკეთებს ელექტრონული არჩევნების პროექტთან დაკავშირებით და ასევე აცხადებს, რომ არსებული სისტემით ჩატარებული არჩევნები გაყალბების დიდ საფრთხეს შეიცავს და პარტიებს მოუწოდებს, არ მიიღონ ამ არჩევნებში მონაწილეობა:

,,ჩვენ უნდა ჩავატაროთ ისეთი არჩევნები, მომავალში, რომელიც არის აბსოლუტურად თავისუფალი და შეუძლებელია გაყალბება. იმ არჩევნებში, რომელსაც ატარებს ბიძინა ივანიშვილი, არსებობს გაყალბების დიდი საფრთხე. ამიტომ, ასეთ არჩევნებში ვინც აპირებს მონაწილეობის მიღებას, – თავს იტყუებს.

ჩვენ გვინდა, რომ გავიდეთ ხალხში და მოვუწოდოთ ყველას, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღონ, უნდა დაიბლოკოს ეს თვითმმართველობის არჩევნები.

ახლა, რაც შეეხება ინტერნეტ არჩევნებს ჩვენ დღეს ჩავატარეთ პრეზენტაცია, რომელიც არის უტყუარი და რომელიც აუცილებლად გამოიღებს თავის შედეგს. ცოტა ხანში, მაქსიმუმ 2 თვეში ჩვენ გვექნება უკვე მთლიანად აღჭურვილობა ამის.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა არავინ უნდა მიიღოს“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

ავტორები:
მარიამ ხაჩირაშვილი
პაატა კვირკვაია

“როცა რეჟიმმა სული ეშმაკს მიჰყიდა, ჩვენ გვჭირდება მეტი ერთიანობა და მეტი გამბედაობა” – გიორგი ვაშაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე საქართველოში აშშ-ს ელჩთან შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილის უარს ეხმიანება და მწვავე პოლიტიკურ შეფასებებთან ერთად კონკრეტულ პუნქტობრივ განმარტებებს აკეთებს:

ამერიკის ელჩთან შეხვედრაზე უარის თქმა – ეს არის უარი ამერიკასთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე და მეგობრობაზე და იმ ყველა სიკეთეზე, რასაც საქართველო დასავლელი პარტნიორებისგან 34 წლის განმავლობაში იღებს.

ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან, რომ ივანიშვილს უარი ეთქვა ძალადობაზე, გაყალბებულ არჩევნებზე, ძალაუფლების მიტაცებაზე და ახალი, დემოკრატიული, სამართლიანი არჩევნებით ქვეყანა დაბრუნებულიყო დასავლური ცივილიზაციის ოჯახში.

ივანიშვილმა ამ შანსზე უარი თქვა.

ეს ნიშნავს მხოლოდ ერთს – საქართველო რჩება მარტო, კიდევ უფრო დაუცველი და ეს გამოიწვევს:

• მეტ სანქციებს;

• მეტ იზოლაციას;

• მეტ სიღარიბეს;

• უფრო მეტი ქართველის იძულებას, დატოვოს ქვეყანა.

ეს არ არის პოლიტიკა. ეს არის მიზანმიმართული მტრული ნაბიჯი და ღალატი.

როცა რეჟიმმა სული ეშმაკს მიჰყიდა, ჩვენ გვჭირდება მეტი ერთიანობა და მეტი გამბედაობა”, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

“ოპოზიციის პლატფორმები დროებითია, როგორ შეიძლება მათ შორის რაიმე ერთობა, როცა სხვადასხვა მსოფლმხედველობა აქვთ” – კახა კალაძე

„ოპოზიციაში დაპირისპირება ყოველთვის იყო, მათი ლიდერების განცხადებებშიც იკვეთება, რა განწყობები აქვთ ერთმანეთისადმი“, – თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებას თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან გამოეხმაურა.

ოპოზიციაში დაპირისპირება ყოველთვის იყო. გვახსოვს არაერთი ფაქტი იმისა, რომ რაღაც პლატფორმები იქმნებოდა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დროებითია, როგორ შეიძლება მათ შორის რაიმე ერთობა, როცა სხვადასხვა მსოფლმხედველობა აქვთ. რა განწყობა და დამოკიდებულება აქვთ ერთმანეთის მიმართ იკვეთება იმ განცხადებებშიც, რასაც მათი ლიდერების მხრიდან ვისმენთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, ოპოზიცია იმოქმედებს ისე, როგორც თავიანთი პატრონები გარედან ეტყვიან.

არ მინდა, მათ პოლემიკაში შევიდე, თუ ვინ იღებს ან არ იღებს მონაწილეობას არჩევნებში. ეს არ არის ჩვენი საქმე. რაც შეეხება ჩვენს გუნდს, მზადება გვაქვს დაწყებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის.

ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში, თუმცა ბევრი პრობლემა რჩება, არსებობს გამოწვევები. ამ ყველაფერს სჭირდება ღირსეული პასუხი. საზოგადოებას უნდა ვუთხრათ, რას ვგეგმავთ და როგორ ვაპირებთ მათ მოგვარებას.

მე მგონია, რომ ოპოზიციას რასაც თავიანთი პატრონები გარედან ეტყვიან, ისე მოიქცევიან“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

“ჩვენი მიზანია ივანიშვილის დამხობა და ამის შემდეგ არჩევნების ჩატარება, სადაც ხალხი გადაწყვეტს ვინ იქნება ხელისუფლებაში, ვინ კოალიციაში და ა.შ.” – ლევან ხაბეიშვილი

დღევანდელ შეხვედრაზე ყველა მონაწილე ვთანხმდებით ერთ რამეზე – საქართველო ივანიშვილის გარეშე, ივანიშვილის პირობებში საქართველოში არანაირი არჩევნები არ იქნება”, – განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ:

მნიშვნელოვანია ყველას ესმოდეს, რომ სანქცირებული ივანიშვილი სანქცირებული კალანდარიშვილით საქართველოში არჩევნებს არასდროს არ ჩაატარებს, შესაბამისად უკვე რომ გარკვეულ ჯგუფებს დაწყებული აქვთ მზადება ე.წ. არჩევნებში მონაწილეობისთვის, ეს არანორმალურია.

ამიტომ აქ პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ვთანხმდებით ერთ რამეზე – საქართველო ივანიშვილის გარეშე, ივანიშვილის პირობებში საქართველოში არანაირი არჩევნები არ იქნება, ეს იქნება უბრალოდ სპექტაკლი, სადაც ის სხვადასხვა მსახიობებს შესთავაზებს როლებს, ზოგი დაირქმევს რომ პოლიტიკოსია, ზოგი მერობის კანდიდატი.

ჩვენი მიზანია ივანიშვილის დამხობა და ამის შემდეგ არჩევნების ჩატარება, სადაც ხალხი გადაწყვეტს ვინ იქნება ხელისუფლებაში, ვინ კოალიციაში და ა.შ.” – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ინფორმაციას “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პრესცენტრი ავრცელებს

“ბოლო სერიაში კობახიძე ტიტლიკანა დარბის ქუჩაში და ბუტბუტებს დიფსთეითი, დიფსთეითი, დიფსთეითი…” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია “კავკასია”-ს გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, ირონიული მინიშნებით, თავის ვარაუდს გამოთქვამს მთავრობის მეთაურ, ირაკლი კობახიძესთან დაკავშირებით:

წინ ძალიან დრამატული თვეები გველის და მაგრად უნდა დავდგეთ, ოღონდ არ ინერვიულოთ, ბოლო სერიაში კობახიძე ტიტლიკანა დარბის ქუჩაში და ბუტბუტებს დიფსთეითი, დიფსთეითი, დიფსთეითი, დიფსთეითი, დიფსთეითი… ოღონდ თბილისის ქუჩებში არა, მოსკოვის ქუჩებში დარბის“, – წერს ნინო ჯანგირაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

“იმედია, დამოუკიდებელი ენჯეოები და მედიები არც დარეგისტრდებით და არც საქმიანობას შეწყვეტთ” – მერაბ მეტრეველი

31 მაისიდან “FARA” ძალაში შევა და კონკრეტულ ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციის, მედიისა თუ კომპანიის წარმომადგენლებს მოუწევთ გადაწყვეტილება მიიღონ – დარეგისტრირდებიან თუ არა მმართველი პარტიის მიერ მიღებული კანონის შესაბამისად. აღნიშნულთან დაკავშირებით თავის პოზიცია-შეთავაზებას აფიქსირებს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი:

იმედია, დამოუკიდებელი ენჯეოები და მედიები არც დარეგისტრდებით და არც საქმიანობას შეწყვეტთ.

მესმის, რომ ეს კანონი წინასგან გასხვავებით ციხეს ითვალსიწინებს, მაგრამ ზის მზია, სხედან აგერ აქციებზე დაკავებული ბავშვები და უძლებენ.

თან თუ ბევრი გამოიჩენს პრინციპულობას, დარწმუნებული ვარ, ამ კანონსაც ისევე ვერ აღასრულებენ, როგორც წინა ვერ აღასრულეს“, – წერს მერაბ მეტრეველი ფეისბუქის პირად გვერდზე.

“მხოლოდ ჩემთან შეხვედრის მოთხოვნას აქვს ერთადერთი ახსნა, რომ ამგვარ შეხვედრას მხოლოდ პირადი შანტაჟის ფონზე აქვს ფასი” – ბიძინა ივანიშვილი

ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ვრცელი საპასუხო წერილით ეხმაურება საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებას და კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს საკუთარ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით:

დღეს გავრცელდა საქართველოში აშშ-ს საელჩოს განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მე 22 მაისს უარი განვაცხადე ამერიკის ელჩთან შეხვედრაზე, სადაც „ტრამპის ადმინისტრაციის“ გზავნილი უნდა მომესმინა. ეს განცხადება ჩემთვის გაუგებარია, რადგან საელჩომ ძალზე კარგად იცის ყველა დეტალი, რომელიც ამ საკითხთან არის დაკავშირებული.

ვადასტურებ, რომ რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და ხელისუფლების სხვა თანამდებობის პირებთან ნამდვილად შედგა საელჩოს კომუნიკაცია შეხვედრასთან დაკავშირებით. ამერიკის ელჩმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეატყობინა, რომ მას სურდა ჩემთან შეხვედრა და “მდივან რუბიოს გზავნილის გადაცემა”, რასთან დაკავშირებითაც მე ღრმა პატივისცემა გამოვხატე, თუმცა, შეხვედრაზე უარი განვაცხადე.

ამერიკულ მხარესთან შეხვედრებზე უარის მიზეზი ადრეც საჯაროდ განვმარტე და ის კვლავაც უცვლელია. გავიხსენებ, რომ პირადი შანტაჟის პირობებში, შარშან ბატონ ო’ბრაიენსაც ვუთხარი უარი შეხვედრაზე, როდესაც ჩემს მიმართ ჯერ მხოლოდ არაფორმალური სანქციები მოქმედებდა. შეხვედრის შეთავაზება მანამდეც რამდენჯერმე მივიღე და მაშინაც იგივე მიზეზით ვთქვი უარი, რაც წინა ადმინისტრაციას არაერთხელ წერილობითაც განვუმარტე.

წინა ადმინისტრაციის დროიდან მოყოლებული, ამერიკულმა მხარემ დამიწესა ჯერ არაფორმალური და შემდეგ, ფორმალური სანქციები. (ჩემს მიმართ არაფორმალური სანქციები ძალზე უხეში ფორმით მოქმედებს. მაგალითად, შვეიცარიული ბანკი „იულიუს ბერი“ ჩემს მიერ სასამართლოს გზით მოგებულ თანხას, რომელიც არავითარ ფორმალურ სანქციას არ ექვემდებარება, სრულიად თავხედურად არ მიბრუნებს, რაშიც ამერიკელი ადვოკატებიც არიან ჩართული.

ამგვარი პირადი შანტაჟის ფონზე, ჩემთვის ელჩთან შეხვედრა და სახელმწიფო საქმეებზე საუბარი არასწორად მიმაჩნია. ასეთ დროს, აუცილებლად მექნება კომპლექსი, რომ გადაწყვეტილებას სახელმწიფო საკითხებთან დაკავშირებით ჩემი პირადი ინტერესების საპირწონედ ვიღებ, რაც ჩემთვის პრინციპულად მიუღებელია. ეს კომპლექსი მაშინაც კი დამრჩება, როდესაც მექნება, თუნდაც, განცდა, რომ შეთანხმება ორივე მხარისთვის სასარგებლო შეიძლება იყოს. ამასთან, ეს კომპლექსი აუცილებლად დამრჩება არა მხოლოდ ჩემს თავთან, არამედ გუნდთანაც და საზოგადოებასთანაც.

ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი პირადი ინტერესი სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა არ დამიყენებია არც 2012 წელს და არც 10 წლის შემდეგ – 2022 წელს, როდესაც, სწორედ სახელმწიფო ინტერესების სასარგებლოდ, ჩემი პირადი ინტერესები უდიდესი რისკის ქვეშ დავაყენე.

გავიხსენებ იმასაც, რომ როდესაც გასული წლის შემოდგომაზე, არაფორმალური სანქციების მოქმედება მცირე დროით შეჩერდა და გარკვეული თანხები გათავისუფლდა, მე თავადვე შევთავაზე ამერიკის ელჩს შეხვედრა, რაზეც ის თავდაპირველად დამთანხმდა, თუმცა, შეხვედრა ჯერ რამდენჯერმე გადადო, ხოლო შემდეგ მასზე საერთოდ უარი განაცხადა.

იმდენად ვარ დაინტერესებული ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვით, ამერიკულ მხარეს ისიც კი ვაცნობე, რომ მზად ვიყავი, დაბლოკილი თანხა არა პირადი მიზნებით, არამედ მათ მიერ ნაკარნახევი ნებისმიერი დანიშნულებით დამეხარჯა, რამეთუ ფული არც მანამდე და არც ახლა არ არის ჩემი ინტერესი. მკაფიოდ განვმარტე, რომ დაბლოკილი თანხა მიქმნის ერთი მხრივ კომპლექსს, მეორე მხრივ კი განცდას, რომ შანტაჟის ქვეშ რაიმე გადაწყვეტილება არ მივიღო. თუმცა, ამაზე არავითარი პასუხი არ მიმიღია. შესაბამისად, ჩემთვის ცხადი გახდა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციას არა ჩემი თანხა, არამედ მხოლოდ ამ თანხით შანტაჟი აინტერესებდა.

აქვე მინდა დავაზუსტო, რომ უართან ერთად, ელჩს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა შევთავაზეთ. პრემიერ-მინისტრი არ არის არც ფორმალური და არც არაფორმალური სანქციების ქვეშ და შესაბამისად, მას პირად შანტაჟთან დაკავშირებული ვერავითარი კომპლექსი ვერ ექნება. თუმცა, ელჩმა ამაზე უარი განაცხადა, რაც გვიმყარებს რწმენას, რომ ისინი სწორედ პერსონალურ შანტაჟს განიხილავენ წამყვან ფაქტორად ქართული მხარის მიერ სახელმწიფო ინტერესებთან დაკავშირებული პოტენციური გადაწყვეტილების მიღებისას.

შეიძლება მათ თქვან, რომ მე, როგორც მმართველი პარტიის დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს, მაქვს განსაკუთრებული გავლენა გადაწყვეტილებების მიღებაზე. თუმცა, ამასთან დაკავშირებით, მინდა დაგარწმუნოთ, რომ მმართველ პარტიაში არცერთი პრინციპული გადაწყვეტილება არ მიიღება გუნდის და მით უმეტეს, პრემიერ-მინისტრის ჩართულობის გარეშე. აქედან გამომდინარე, მხოლოდ ჩემთან შეხვედრის მოთხოვნას აქვს ერთადერთი ახსნა, რომ ამგვარ შეხვედრას მხოლოდ პირადი შანტაჟის ფონზე აქვს ფასი.

იმედი მაქვს, ამერიკის საელჩო დადებითად უპასუხებს საქართველოს მთავრობის შეთავაზებას ქართულ-ამერიკული სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით განახლების შესახებ. საქართველოს ხელისუფლების თითოეული ლიდერი გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, ამერიკული მხარის რეალური დაინტერესების შემთხვევაში, აქტიურად ჩაერთოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვის პროცესში“, – ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის წერილში.

“სრული პასუხისმგებლობა დარჩა ირაკლი კობახიძეს. მარტო მოუწევს დიფ სფეიტთან ბრძოლა” – ელისო კილაძე

შს მინისტრის თანამდებობიდან ვახტანგ გომელაურის წასვლას, კონკრეტული მოსაზრებებით, ეხმაურება და მთავრობის მეთაურის პასუხისმგებლობაზე აკეთებს მინიშნებას “ქრონიკა +”-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე:

ვახტანგ გომელაური თანამდებობიდან გადადგა.

ბიძინა ივანიშვილის ბოლო კადრი გავიდა მთავრობიდან.

სრული პასუხისმგებლობა დარჩა ირაკლი კობახიძეს.

მარტო მოუწევს დიფ სფეიტთან ბრძოლა.

დაპირისპირება ხელისუფლებაში გადმოინაცვლებს ქუჩაში!

მარტივი არ იქნება‼️” – წერს ელისო კილაძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

“აშშ უნდა იყოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ჩვენი მეგობარი და არა მბრძანებელი” – კახა კალაძე

ურთიერთობების გადატვირთვა პრინციპულად მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ ის დამოკიდებულება, რაც იყო წლების განმავლობაში, კატეგორიულად მიუღებელია – აშშ უნდა იყოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ჩვენი მეგობარი და არა მბრძანებელი“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას აშშ-ის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაზე დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.

როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, საელჩოს განცხადებას, სადაც საუბარია იმაზე, რომ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა აშშ-ის ელჩ დეგნანთან შეხვედრაზე, ივანიშვილი თავად უპასუხებს.

მე დარწმუნებული ვარ, ბატონი ბიძინა თავად გააკეთებს განმარტებას ამასთან დაკავშირებით, თუმცა მე გეტყვით ჩემს პირად დამოკიდებულებას: ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ მინდა, დავადასტურო, რომ პრინციპულად მნიშვნელოვანია ურთიერთობის ახალი ფურცლიდან დაწყება. ჩვენ ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით.

ურთიერთობების გადატვირთვა პრინციპულად მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ ის დამოკიდებულება, რაც იყო წლების განმავლობაში, კატეგორიულად მიუღებელია. აშშ უნდა იყოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ჩვენი მეგობარი და არა მბრძანებელი.

რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ აღდგეს ურთიერთობები, ჩვენ ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით, მაგრამ ეს უნდა იყოს მეგობრული და პარტნიორული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, მერმა ხაზი გაუსვა, რომ აშშ-ის მიერ სანქცირებულია რამდენიმე თანამდებობის პირი, ასევე, ბიძინა ივანიშვილი.

როდესაც სანქცირებულია ჩვენი ქვეყნის რამდენიმე თანამდებობის პირი, დასანქცირებულია ბატონი ბიძინა ივანიშვილი, თან რის გამო? იმისთვის, რომ დავიცავით ჩვენი ქვეყნის ინტერესები და არავის მივეცით შესაძლებლობა, რომ იგივე პროცესები წარმართულიყო საქართველოში, რაც მოხდა უკრაინასთან მიმართებაში. ჩვენ ვიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესს, არავის ვერძით და ვებრძვით, ვიცავთ საკუთარ ქვეყანას და ხალხს, ჩვენი ქვეყნის მომავალს.

თქვენ ნახეთ გუშინ აშშ-ის პრეზიდენტის მილოცვა პრეზიდენტ ყაველაშვილის მიმართ, ქართველი ხალხის მიმართ და ამას, რა თქმა უნდა, მივესალმებით. მნიშვნელოვანია, რომ ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლიდან“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

“ეს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის შიდა რყევების და კრიზისის ნიშანია” – პაატა მანჯგალაძე “ქართული ოცნების” ხელისუფლების საკადრო ცვლილებებზე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე “ქართული ოცნების” ხელისუფლების საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს:

ჯერ ღარიბაშვილი და ლილუაშვილი, ახლა გომელაური – ეს უბრალოდ საკადრო ცვლილება არ არის. ეს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის შიდა რყევების და კრიზისის ნიშანია.

როდესაც სისტემას ტოვებენ ივანიშვილის ყველაზე ერთგული, ინფორმირებული და გავლენიანი ფიგურები, მხოლოდ ორი ახსნა რჩება:

პირველი, ან ისინი ტოვებენ სისტემას, რომ მომავალში თავიანთი გადარჩენა უზრუნველყონ, გრძნობენ, რომ გემი იძირება.

ან მეორე, თავად რეჟიმი ხვდება, რომ არსებული სტატუს-კვოთი ვეღარ ინარჩუნებს ძალაუფლებას და იწყებს გადაჯგუფებას, დროის მოსაგებად.

ორივე შემთხვევაში ფაქტი ერთია, რეჟიმს უჭირს და იწყებს შიგნიდან ჩამოშლას, კრიზისი რეალურია.

ეს უკვე ნანახი გვაქვს: სერბეთი, 2000 წელი – მილოშევიჩის რეჟიმი დაიშალა მას შემდეგ, რაც ძალოვან სტრუქტურებში შიდა რყევები და გადადგომები დაიწყო. რეჟიმი მალე დაემხო.

საქართველო, 2003 წელი :

ვარდების რევოლუციამ იმიტომ იმუშავა, რომ ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელების ნაწილი მანამდე გადადგა, ახალ დანიშნულების ნაწილმა კი შევარდნაძის მხარდაჭერა შეწყვიტა.

ტუნისი, 2011 წელი – როდესაც ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებმა ბენ ალის რეჟიმის დატოვება დაიწყეს, სულ მალე დიქტატორი გაიქცა და რეჟიმი ჩამოიშალა.

ახლა უკვე ყველაფერი ჩვენზეა, ეს კრიზისი რეალურ გამარჯვებად უნდა ვაქციოთ.

საქართველოს მომავალი არ ეკუთვნის შიშზე აშენებულ ერთი კაცის ავანტიურას, რომელიც საკუთარი კეთილდღეობისა და უსაფრთხოების გამო წირავს ადამიანებს.

ეს ქვეყანა ეკუთვნის თავისუფლების მოყვარე ხალხს და მათი გამარჯვების რწმენას!” – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს