სამშაბათი, ივლისი 22, 2025
21.8 C
Tbilisi
Home Blog Page 1931

ექიმის რეცეპტით, ანტივირუსულ მედიკამენტ “ტამიფლუს” გაცემა უფასოდ მოხდება

ანტივირუსულ მედიკამენტ „ტამიფლუს“ უფასოდ გაცემა მთელი საქართველოს მასშტაბით დაიწყო.

სააფთიაქო ქსელებსა და პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებს ექიმის დანიშნულებით უკვე არაერთმა მოქალაქემ მიმართა. მათ ანტივირუსული მედიკამენტი ქვეყანაში შემოტანილი ახალი მარაგიდან მიიღეს. 13 ათასი კოლოფი “ტამიფლუ” სააფთიაქო ქსელებში, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიგზავნა. დამატებითი მარაგის ქვეყანაში შემოტანისა და შესაბამის დაწესებულებებზე განაწილების პროცესს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო პირადად დაესწრო.

ყველა პირი პრეპარატ “ტამიფლუს” უფასოდ სააფთიაქო ქსელებში რეცეპტის, ხოლო საოჯახო მედიცინისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში – ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა №100-ის წარდგენის შემთხვევაში მიიღებს. მედიკამენტების სააფთიაქო ქსელებში განაწილების შესახებ ინფორმაცია კი, სამინისტროს ცხელ ხაზზე (1505) იქნება ხელმისაწვდომი.

ანტივირუსული მედიკამენტის ქვეყნის ყველა მოქალაქეზე უფასოდ გაცემის შესახებ გადაწყვეტილება გუშინ გახდა ცნობილი. ინიციატივა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ეკუთვნის.

ირაკლი კობახიძე: “განსხვავებულ მოსაზრებებს ჩვენ გუნდის შიგნით პატივს ვცემთ, თუმცა მთავარია, რომ იყოს გუნდურობის პრინციპი”

პარლამენტის თავმჯდომარემ შეფასება მისცა ბოლო პერიოდში “ქართული ოცნების” გუნდში შექმნილ მდგომარეობას და დააფიქსირა კონკრეტული პოზიცია:

„ჩვენთვის მთავარია გუნდურობის პრინციპის დაცვა. უამრავ დეპუტატს ჰქონდა სხვადასხვაგვარი პოზიცია სასამართლოს საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის, ვადებთან, სიასთან დაკავშირებით და ა. შ. ბევრი ასეთი დეპუტატი იყო გუნდში, თუმცა არცერთ შემთხვევაში არ დამდგარა მათი რაიმე სანქცირების, თუ რაიმე სხვა გადაწყვეტილების მიღების საკითხი, იმიტომ, რომ ჩვენ პატივს ვცემთ აზრთა სხვადასხვაობას გუნდის შიგნით“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 


მისივე თქმით, აზრთა სხვადასხვაობა, ბუნებრივია, ვერ გახდება გარკვეული სანქციის საფუძველი, თუ რაიმე სხვა მსგავსი მიდგომის გამოვლენის საფუძველი და ასეთი რამ შეიძლება დღის წესრიგში დადგეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე დეპუტატი არღვევს გუნდურობის პრინციპს.


„ეს პრინციპი დაირღვა, სამწუხაროდ, არაერთგზის ამ დღეების განმავლობაში. შევხედავთ, ჩვენ არ ვჩქარობთ, ვნახოთ, როგორ გაგრძელდება პროცესები. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა დეპუტატი, რომელიც წარმოდგენილია საპარლამენტო უმრავლესობაში, დაიცავს ამ პრინციპს და იმოქმედებს გუნდის ინტერესების შესაბამისად. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ განსხვავებულ მოსაზრებებს ჩვენ, გუნდის შიგნით პატივს ვცემთ, თუმცა მთავარია, რომ იყოს გუნდურობის პრინციპი. მათ შორის, მთავარი არის ის, რომ არასწორი ინფორმაცია არ მივაწოდოთ საზოგადოებას გარკვეულ მოვლენებთან და პროცესებთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, არაერთი ტყუილი მოვისმინე კონკრეტული დეპუტატების მხრიდან ამ დღეების განმავლობაში, სხვადასხვა მიმართულებით. ეს ძალიან სამწუხაროა და იმედია, ასე არ გაგრძელდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ეკა ბესელიას იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან წასვლის საკითხი ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში იყო გადაწყვეტილი.

საქართველოს პრეზიდენტის პირველი პრესკონფერენცია

საქართველოს პრეზიდენტმა პირველი პრეს-კონფერენცია გამართა, სადაც ქვეყნის შიდა და გარე გამოწვევებზე ისაუბრა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

ნოვაციების, ქველმოქმედებისა და საინტერესო ინიციატივების განხორციელების მიზნით დაანონსდა პრეზიდენტის ახალი ფონდის შექმნა, რომელიც დაფუძნებული იქნება საზოგადობრივ და კერძო საწყისზე. პრეზიდენტი საკუთარ ხელფასს სწორედ ამ ფონდს შესწირავს.

აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია მზადაა, საზოგადოებასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად აქტიური დისკუსია გამართოს ცილისწამების შესახებ კანონთან დაკავშირებით, რომლის შემოღებაც საჭირო და უკვე დანერგილი პრაქტიკაა არაერთ ევროპულ ქვეყანაში.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი მთავარი მიზანი იქნება საქართველო უფრო აქტიურად იყოს წარმოდგენილი მსოფლიო რუკაზე ყველა მიმართულებით.

სალომე ზურაბიშვილმა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებითაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას და აღნიშნა, რომ თუ საქართველოს ეკლესია და საპატრიარქო ფრთხილობენ, რაღაც შედეგების გამო, არ შეიძლება, რომ ის, როგორც საქართველოს პრეზიდენტი იყოს ნაკლებად პასუხისმგებლიანი და გააკეთოს ხმამაღალი განცხადება, როგორც პრეზიდენტმა.

“მოსამართლეთა სიის” შეესახებ პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მას არ აქვს უფლება ისაუბროს კონკრეტულ გვარებზე, მაგრამ ხაზი გაუსვა, რომ სასამართლოს რეფორმა არის უმნიშვნელოვანესი საკითხი და მის მიმართ მიღწეულ უნდა იქნას უდიდესი ნდობა, რაც ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი მთავარი საწინდარია.

საქართველოს პრეზიდენტმა “ლუგარის” ლაბორატორიის წინააღმდეგ, სოციალური ქსელებით, აგორებულ ნეგატიურ ინფორმაციას რუსული პროპაგანდის ნაწილი უწოდა და აღნიშნა, რომ ეს ლაბორატორია უდიდესი სიკეთის მომტანია ჩვენი ქვეყნისთვის და საზოგადოებას ამ საკითხთან დაკავშირებით სიფრთხილისაკენ მოუწოდა.

საქართველოს პრეზიდენტის პრეს-კონფერენცია ათონელის სასახლეში დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

თბილისის მერიის განცხადება სასწრაფო დახმარების ბრიგადების მუშაობასთან დაკავშირებით

გვინდა გამოვეხმაუროთ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მისამართით ბოლო პერიოდში გამოთქმულ უსაფუძვლო ბრალდებებს, თითქოს სასწრაფო დახმარების ბრიგადები გაუმართავად და არაორგანიზებულად მუშაობენ.

ოპოზიციის მიერ გაკეთებული მსგავსი შინაარსის განცხადებები მიზნად ისახავს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დისკრედიტაციას და ლახავს იმ ექიმების ღირსებას, რომლებიც პროფესიონალურად და პასუხისმგებლობის სრულად გაცნობიერებით, პრაქტიკულად, საგანგებო რეჟიმში ემსახურებიან პაციენტებს.

თბილისის მერია პასუხისმგებელია როგორც ცენტრის გამართულ მუშაობაზე, ასევე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის თითოეული პერსონალის წინაშე და არ დაუშვებს მათი პროფესიული ღირსების შელახვას.

თბილისის მერია მადლობას უხდის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ბრიგადებს თავდაუზოგავი მუშაობისთვის და მოუწოდებს ყველას, პატივი სცენ ადამიანებს, რომლებიც 24 საათის განმავლობაში კეთილსინდისიერად ემსახურებიან ქალაქს და ყველაფერს აკეთებენ ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად.

საშობაო ისტორია: წარსულის ტკბილი მოგონებები…

“25-სა დეკემბერსა ალილო”, ფრაზა რომელიც ყველა ადამიანს ბავშვობის ერთ-ერთ ყველაზე ტკბილ დროს მოაგონებს და სახეზე ბედნიერების ღიმილს მოჰგვრის. ფიქრები ჩქარი მატარებლის მსგავსად სადღაც შორს, ახალგაზრდობაში გაგაქროლებს და უფასოდ გამოგზაურებს. შეიძლება მან შენ სახეზე მრავალი ნაოჭი დაგავიწყოს, სულ არ გაგახსენდეს თავზე თეთრი თმა, მაგრამ ის ყველაზე ტკბილი პერიოდი, რასაც სიჭაბუკე ჰქვია აუცილებლად მოგაგონოს. ხასიათს ისე გამოგიკეთებს აღარ ინერვულებ წინა წუთებზე, თვალზე ცრემლ მომდგარი როგორ გაჰყურებდი ბავშვების ფაცი-ფუცს, უსმენდი მათ ალილოს სიმღერას და ყველას სახეში შენ თავს ხედავდი. ერთ დროს ხომ შენც ასე მხიარულად ხვდებოდი ქრისტეშობას და კარგად გახსოვს, რომ ყველა ოჯახი თბილად გხვდებოდა. ჰქონდათ თუ არა მაინც გინაწილებდნენ თავის ტკბილეულობას. გულით ნამღერისთვის აუცილებლად იღებდით შენ და შენი მეგობრები საჩუქრებს, მერე მიდოდით და ინაწილებდით. ის თუ გახსოვს ამ დღის მობრძანებას როგორ ელოდებოდი? რა თქმა უნდა, გემახსოვრება მთელი ღამე არ გეძინა, აბა რა დაგაძინებდა ბედნიერებისგან. თან მთელი ღამე რომ ტკბილი ალილო ჩაგესმოდა ყურებში იავნანასავით და არც მთავრდებოდა, თითქოს გაკვეთილს იზეპირებდი. ისიც კარგად გახსოვს, შენ სარეცელთან როგორ ანთებდი სანთელს, რადგან მშობლებისგან იცოდი, რომ ეს არ იყო გამოგონილი მხოლოდ ბავშვების გასახარებლად, ამ დღეს ჩვენი უფალი იესო ქრისტე იშვა. შენც არ აყოვნებდი და რწმენა აღვსილი, მოწიწებით ანთებდი სანთელს. უფალს აუცილებლად შესთხოვდი რომ შენთან მოსულიყო და მალე ტკბილი და ღრმა ძილიც გესტუმრებოდა, მაგრამ იქაც ვერ ისვენებდი და ხედავდი როგორ დადიოდი ოჯახიდან ოჯახში ალილოს სამღერად. დილა რა თქმა უნდა მშვენიერებით აღვსილი იყო. საღამოც ასეთივე მშვენიერებით დამატკბობელი. მზე თავის სხივებს ნაზად მალავდა ნელ-ნელა და მთვარეც ნაზად გამოცურდებოდ ღრუბლებიდან თავისი შვილებითურთ, კაშკაშა ვარსკვლავებთან ერთად. აი ის სანატრელი წუთებიც დგებოდა შენ რომ სიხარულით გადააცილებდი სახლის ზღურბლს ფეხს და იქ იწყებოდა ნამდვილი თავგადასავალი.

ახლა კი შენს ოთახში სიჩუმე გამეფებულა, მაგრამ ამ დუმილს გარეთ ბავშვების ჟრიამული არღვევს. ზიხარ შენს სავარძელში მოკალათებული, სარკმელში შენი სანთელი მოკაშკაშე მთვარესავით ანათებს და სიო ნაზად აქეთ-იქით არხევს. ელოდები, ელოდები, ქრისტეშობას და როდის მობრძანდება უფალი შენთან. იცი, რომ აუცილებლად მოვა, რადგან შენ გწამს ისევე, როგორც ბავშვობაში გწამდა. სწორედ ის განიჭებდა ამხელა ბედნიერებას, რომელსაც ალილო ჰქვია. გჯერა, რომ ერთხელ კიდევ დაესწრები ამ მშვენიერ, ბედნიერებითა და რწმენით აღსავსე დღესასწაულს.

თამარ ტოჩილაშვილი

ეკა ბესელია “სიკეთის მოლოდინიდან” ხისტი პოზიციების დაფიქსირების რეჟიმში გადადის

მაქვს სიკეთის მოლოდინი, გავაგრძელებ სამართლიანობისთვის ბრძოლას, – განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ეკა ბესელიამ, რომელიც სამების საკათედრო ტაძარში, საშობაო ლიტურგიაზე კოლეგასთან, გედევან ფოფხაძესთან ერთად მივიდა. ჟურნალისტები დაინტერესდნენ, ​დატოვებს თუ არა ის „ქართული ოცნების“ რიგებს.

რატომ, ასე არის საქმე? ხვალ ვისაუბროთ. მაქვს სიკეთის მოლოდინი და დანარჩენზე ხვალ ვისაუბროთ. გავაგრძელებ სამართლიანობისთვის ბრძოლას. ბევრი თანამოაზრე მყავს” – განუცხადა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ.

“სიკეთის მოლოდინი” დიდხანს არ გაგრძელებულა და 7 იანვარს მთელი დღის განმავლობაში ეკა ბესელიას შემდეგი სახის განცხადებები ვრცელდებოდა:

სასამართლოსთან დაკავშირებული თემა მხოლოდ უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა სია არ არის. ჩემი კრიტიკული პოზიცია ბევრმა ადამიანმა იცის არა მხოლოდ გუნდში, არამედ გუნდის გარეთაც, მათ შორის, ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა და ექსპერტებმა, რომლებიც ჩემთან ერთად სასამართლო რეფორმის მეოთხე ეტაპზე მუშაობდნენ” – განაცხადა ეკა ბესელიამ “ტვ პირველის“ ეთერში და ირაკლი კობახიძე სიცრუეში დაადანაშაულა იმის გამო, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა – ეკა ბესელიას მხრიდან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტის დატოვების გადაწყვეტილების მიზეზი არ უკავშირდება სასამართლოს თემასო.

ეკა ბესელიამ, ასევე გაიხსენა ისიც, რომ პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან მოსამართლეთა საკითხის დაჩქარებული წესით განხილვის სურვილის მიუხედავად იგი ამის წინააღმდეგი იყო და იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადადგომით, ეს პროცესი გადადო.

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომ ქალბატონი ეკა ჯერ არ დამკავშირებია, თუმცა თუ გამოთქვამს სურვილს, მე ყოველთვის მზად ვარ გუნდის წევრებს შევხვდე, ეკა ბესელია ასე პასუხობს:

მდინარაძესთან გასარკვევი არაფერი მაქვს. მდინარაძეს ვურჩევ გააკონტროლოს რას ლაპარაკობს და რატომ ლაპარაკობს. ფრაქციასთან და უმრავლესობასთან შეხვედრის საკითხი მე თვითონ დავსვი. არ ვფიქრობ, რომ მდინარაძეს უნდა ველაპარაკო. მე უნდა ველაპარაკო კოლეგებს, რომლებთანაც საჭიროა ამ საკითხზე დისკუსია“.

როგორც ჩანს, წინ კიდევ სერიოზული გარჩევებია, ხისტი, მწვავე პოზიციებითა თუ  ურთიერთბრალდებებით…

საშობაო მსვლელობა – ალილო 2019

დამკვიდრებული ტრადიციის შესაბამისად წელსაც გაიმართა საშობაო მსვლელობა – ალილო.

V-VI საუკუნეებიდან იღებს სათავეს ალილოს ტრადიცია საქართველოში, გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეწყვეტილი იყო და  სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია II კურთხევით ტრადიცია 2000 წელს ისევ აღდგა.

საშობაო მსვლელობა დაიწყო პირველი რესპუბლიკის მოედნიდან 14:00 საათზე და რუსთაველის გამზირის გავლით გაემართა სამების საკათედრო ტაძრისკენ. მსვლელობის მონაწილეები გზად რამდენჯერმე შეჩერდნენ სხვადასხვა ადგილას, სადაც შემომწირველებისგან მიიღეს საშობაო ნობათი – ხილი, ტკბილეულები, რომლებიც შემდგომ დაგანაწილდება ბავშვთა და მოხუცებულთა თავშესაფარებში.

ვიდეოზე: საშობაო მსვლელობა შეჩერდა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან, თბილისის კლასიკური გიმნაზიის წინ, სადაც მსვლელობის მონაწილეებთან მივიდა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.

ოქროს გლობუსის დაჯილდოება: მოსალოდნელი თუ მოულოდნელი შედეგები

იმ დროს, როცა საქართველოში შობის დღე თენდებოდა, ლოს ანჯელესში, ბევერლი ჰილტონში “ოქროს გლობუსის” დაჯილდოების 76-ე ცერემონია იმართებოდა.

ცერემონიაზე დაჯილდოვდნენ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები – საუკეთესო მხატვრული ფილმები (დრამა, მიუზიკლი), მსახიობები, საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი, სერიალი და სხვა, სულ 25 ნომინაცია.

გაგაცნობთ რამდენიმე ნომინაციაში გამარჯვებულს:

– საუკეთესო მხატვრული ფილმის ნომინაციაში “ოქროს გლობუსი” წილად ხვდა ფილმს “ბოჰემური რაფსოდია” (“Bohemian Rhapsody“), რომელიც ლეგენდარულ ჯგუფ “ქუინ”-ის შესახებაა გადაღებული;

– საუკეთესო მამაკაცის როლის ნომინაციაში გამარჯვებულად აღიარეს რემი მალეკი (Rami Malek), რომელმაც ფრედი მერკურის როლი შეასრულა ფილმში “ბოჰემური რაფსოდია”;

– ქალის როლის საუკეთესო შემსრულებლად აღიარეს და “ოქროს გლობუსის” გამარჯვებული გახდა გლენ ქლოუზი (Glenn Close), მთავარი როლის შესრულებისთვის ფილმში “ცოლი” (“The Wife“);

– კომედიის ან მიუზიკლის ჟანრის საუკეთესო ფილმის ნომინაციაში გამარჯვებულია ფილმი “მწვანე წიგნი” (Green Book);

– უცხოენოვანი საუკეთესო ფილმის ნომინაციაში გამარჯვებულია ალფონსო ქუარონის ავტობიოგრაფიული ფილმი “რომი” (“Roma“). ფილმის სახელწოდებად შერჩეულია მეხიკოს ერთ-ერთი რაიონის დასახელება – რომი, სადაც რეჟისორი გაიზარდა;

– “ოქროს გლობუსი” ასევე გადაეცა მსოფლიო კინოს ლეგენდას – მაიკლ დუგლასს. მას ეს პრიზი გადაეცა სენდი კომინსკის როლის საუკეთესო შესრულებისთვის, სერიალში “კომინსკის მეთოდი“.

როგორც ზემოთ ითქვა, სულ 25 ნომინაციაში გამოვლინდა გამარჯვებული. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ “ოქროს გლობუსის” ყოველი დაჯილდოება სერიოზულ გავლენას ახდენდა “ოსკარის” ნომინანტების შერჩევაზე. ვნახოთ, რა მოხდება “ოსკარის” წლევანდელ დაჯილდოებაზე.

საშობაო ისტორია: პატარა გოგონას განცდები…

ამაყი მთების ძირს, ველზე, თანდათანობით იღვიძებს თოვლის ფუმფულა ”ქურქში” გახვეული სოფელი.

”ესეც შობის დილა, მაგრამ, სამწუხაროდ, საჩუქრები არ იქნება”, – დანაღვლიანებული ფიქრები ამოტივტივდა გოგონას გონებიდან, ნამძინარევი თვალების გახელვისთანავე… წამოჯდა საწოლზე და მოწყენილად გაიხედა თავისი დედისაკენ, რომელსაც, ერთი შეხედვით, თითქოს, საკმაოდ მშვიდად ეძინა, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით სჩანდა ასე. ”ეჰ, როგორ ხშირად ავადმყოფობს დედა, ეს ბოლო დღეები”, – გოგონას ფიქრები ისევ სევდით გაიჟღინთა, აღარაფერი ახარებს საკმაო ხანია. მისი მამა, უკვე, მრავალი წელია, რაც ოჯახს არის მოწყვეტილი და უცხო მხარეში გადახვეწილი სამუშაოს საძიებლად, რათა თავის ახლობლებს არაფერი მოაკლოს. ოჯახიც, მართალია, ყოველდღიურად გრძნობს ოჯახის უფროსის ზრუნვას, მაგრამ მის გარეშე გატარებული ყოველი დღე, დედა-შვილისათვის, მაინც, უფერული და მოწყენილია…

ძალზე მძიმე დღეები დადგა ყველგან. ”ადრე, თითქოს, სამუშაო უფრო მეტი იყო ვიდრე ხალხი, ახლა კი…”, ალბათ ეს გაიფიქრა გოგონას დედამ, რადგანაც ტკივილიანად ამოიოხრა. ძალიან ენატრება ქმარი, ენატრება ოჯახური სითბო, სიხარული ენატრება… უფრო მეტად მოიწყინა გოგონამ და ისევ გაიხედა დედის საწოლისკენ. ”ო, ღმერთო, როგორ მტკივნეულია ყოველივე ეს”, – ცრემლებით აევსო გოგონას თვალები და უცნაური სიცივე იგრძნო, როცა ცრემლი ლოყაზე ჩამოუგორდა. მხოლოდ ახლა იგრძნო პაწაწინამ, თუ როგორ ცივა ოთახში. ”სწრაფად უნდა ავდგე და ღუმელი დავანთო, – გაიფიქრა მან, – დედა სიცივემ არ უნდა შეაწუხოს”. უღიმღამო დილა კი შუადღისკენ მიიზლაზნება…

ცოტა ხანში დათბა სახლში. დედა სიამაყით უყურებდა თავისი გოგონას ფუსფუსს და მთელი გულით ხარობდა, ასეთი გამრჯე შვილი რომ ჰყავს. ხმის ამოუღებლად, დაუზარებლად, რომ ეხმარება ყოველთვის და ყველაფერში. ”როგორ გამეზარდა ამ ბოლო წლის განმავლობაში, ჩემი პაწაწინა, – სიხარულს ვერ იტევდა დედის გული, – ხვალ კი დაბადების დღე აქვს, 12 წლის უნდა გახდეს ჩემი ანგელოზი და რა საწყენია მამა, თავისი ჩამოსვლით, რომ ვერ გაახარებს”, – ისე ამოიოხრა დედამ, თითქოს გული ამოაყოლაო. ჯერ კიდევ გუშინ ელოდა მეუღლეს, მაგრამ ის არა და არ სჩანს. მეზობლებმა თქვეს, საშინელი თოვლია გზებზე და მოძრაობა ფაქტიურად შეჩერებულიაო. ტელევიზორშიც კი არაერთხელ აღინიშნა უხვნალექიანობის თაობაზე და, შესაძლოა, 2-3 დღე ვერ აღდგეს მოძრაობაო. ”კიდევ კარგი, ჩემმა პატარამ არ იცის, რომ მამამისი უკვე გამოემგზავრა საზღვარგარეთიდან და, სავარაუდოდ, უკვე სამშობლოშია. ეგ რომ სცოდნოდა, უფრო დაიტანჯებოდა მოლოდინით და ყოველი წუთი უსასრულოდ მოეჩვენებოდა” – გაიფიქრა დედამ. ”ეს ჩემი და, მაინც, სადღაა ამდენ ხანს, რატო არ მოვიდა? ჩვენ ხომ ყოველ წელს, წინასაშობაოდ ერთად ვიკრიბებით აქ?! წუხელვე ხომ უნდა მოსულიყო, მით უმეტეს, რომ იცოდა ავად ვიყავი?!” – უფრო მეტად დაუმწუხრდა ფიქრები ქალს.

– ჩემო ანგელოზო, იქნებ დეიდასთან გასულიყავი და გაგეგო რაშია საქმე, რატომ არ მოვიდა გუშინ ჩვენთან? რაიმე ხომ არ უჭირს?

– ეხლავე, დედიკო, უცებ საჭმელს მოგიმზადებ და გადავალ დეიდასთან.

უცებ მოამზადა გოგონამ საუზმე, რომელიც ალბათ უკვე სადილიც კი უნდა ყოფილიყო, იმდენად განუცალკევდნენ დროს უსიამოვმო ფიქრებსა თუ მოგონებებში გართულებს. დედა უდიდესი მზრუნველობით დასვა მაგიდასთან, თვითონ კი ფეხზე მდგომმა შეჭამა ორიოდ ლუკმა, დააპურა შინაური ცხოველები და ფრინველები, სახლ-კარი მიალაგა, შემდეგ თბილად ჩაიცვა, დედას სიყვარულით აღსავსე მზერა დაუტოვა და წავიდა დეიდას სანახავად.

”კარგა შორია დეიდას სახლამდე”, – გაიფიქრა გოგონამ და საკმაოდ დიდი სოფლის ერთი ბოლოდან მეორესკენ გაემართა. ”სჯობს მოკლე გზით წავიდე, თორემ ასეთ თოვლში საღამომდე ვერ მივაღწევ დეიდას სახლამდე” – გადაწყვიტა და უცებ შეიმუშავა გონებაში ახალი მარშრუტი. მოკლე გზა საკმაოდ ამცირებდა მანძილს, მაგრამ, მაშინ მოუწევდა ღობე-ყორე ძრომიალი და უხერხული აღმართ-დაღმართის გავლა, მაინც, რამოდენიმე კილომეტრის მანძილზე. იცოდა, ყოველივე ეს გოგონამ, მაგრამ მას ბავშვობიდან უყვარდა სიძნელეების გადალახვა. მართლაც, რომ ძნელი აღმოჩნდა გზა, მუხლებს ზემოთ იყო თოვლი, ეს კი, უფრო, აძნელებდა მოძრაობას და გაუვლელს ხდიდა მას. გოგონას  სუსტი და ნაზი ფეხები ვერ უძლებდნენ ასეთ დატვირთვას, არართხელ დაეცა და გაეხვია იგი თოვლის საფარში, მაგრამ მაინც შეუპოვრად მიიწევდა წინ. ასე წვალებ-წვალებით ავიდა მოზრდილ ბორცვზე და ჰორიზონტზე გამოჩნდა დეიდას სახლიც. ”ახლა დაღმართი იწყება და უფრო ფრთხილად უნდა ვიყო”, – გაიფიქრა გოგონამ და ირგვლივ მიმოიხედა, ჩასასვლელად საუკეთესო გზის შესარჩევად. იქვე ახლომახლო შუახნის ქალბტონი იდგა, რომელიც შიშით ვერ ბედავდა გზის გაგრძელებას და დაბლა ჩასვლას. ქალს ხელში პროდუქტებით სავსე ჩანთა ეჭირა, მის სახეზე კი უმწეოების განცდა იყო აღბეჭდილი. უმალ შენიშნა ეს გოგონამ და გაემართა მის დასახმარებლად, მაგრამ ნაბიჯის გადადგმაც ვერ მოასწრო, რომ მოულოდნელად ქალი ძირს დაეცა და მთელი სისწრაფით დაეშვა ბორცვის ძირისკენ. გოგონა დაუფიქრებლად გაიქცა საშველად და მართლაც საოცრება იყო, რომ თითქოს ფრთები გამოესხაო, ისე ჩაირბინა, ერთხელაც არ დაცემულა. ქალი კი მძიმედ სუნთქავდა. მის სახეზე ერთდროულად გაირჩევოდა როგორც ტკივილის, ისე შიშისა და უმწეოების კვალი. კიდევ კარგი, ფაფუკმა თოვლმა შეამცირა დაცემის ძალა, თუმცა ეს, მაინც, ვერაფერი შვება იყო შეშინებული ქალისათვის, რომელიც ხელ-ფეხს ვეღარ იმორჩილებდა. ისე წამოაყენა გოგონამ დათრგუნული ქალი, რომ მისი მადლიერი თვალები ვერც კი შენიშნა, თვითონაც შეძრწუნებულმა, ქალის უმწეო მდგომარეობით. მხარი შეაშველა, ცალი ხელი წელზე შემოხვია, მეორეში ქალის ჩანთა დაიჭირა და დაყოვნება-დაყოვნებით გაუდგნენ გზას. ჩანთა საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა. ”საოცარია, როგორ ახერხებდა ასეთი სიმძიმის ტარებას?”, – გაიფიქრა გოგონამ, თუმცაღა სახეზე სიმშვიდე შეინარჩუნა, რათა ქალს, კიდევ უფრო, უხერხულად არ ეგრძნო თავი, რომელიც ისედაც განიცდიდა იმას, თუ რაოდენ ძნელი იქნებოდა გოგონასთვის ასეთი დატვირთვა და თოვლის ”ბარიკადების” გადალახვა. ძალზე დაიღალა გოგონა, გზას კი დასასრული არ უჩანს, მაგრამ მაინც შეუპოვრად მიიწევს წინ, ფიქრებში ჩაფლული. ფიქრები კი გზას მართლაც რომ ამცირებენ და ამასობაში ქალის სახლთანაც მისულან. ”თურმე როგორ ცივა, ხელები გამეყინა”, – ფიქრებიდან გამოერკვა გოგონა, მაგრამ არაფერი შეიმჩნია, მთელი ეს პერიოდი, ხომ, იმაზე ფიქრობდა – ასაკოვანმა ქალბატონმა რაიმე სერიოზულად ხომ არ იტკინაო? სახლის შესასვლელთან ჩანთა დადო, თავი ასწია, ქალბატონს სითბოთი და სიყვარულით სავსე თვალები შეაგება და ხელი გაუწოდა დასამშვიდებლად. ქალი კი ემოციებს ვერ იკავებდა, გოგონას მოეხვია და ღმერთს შეევედრა – ”ღმერთო, ბედნიერება არგუნე ამ პატარა ანგელოზს!”. გოგონა კი ფიქრებმა მოსწყვიტეს ადგილს – ”ნეტა როგორაა ჩემი დედიკო?”, პასუხად კი, თითქოს, ყურში დედის ხმა ჩაესმა – ”სადა ხარ ჩემო პაწაწინავ, როგორ მინდა ახლა გულში ჩაგიკრა და გაგათბო!” და უცებ სადღაც გაქრა დაღლაც და სიცივეც, თითქოს, ძალებიც გაუათკეცდა და გახალისდა გოგონა. ამასობაში ქალბატონმა ჩანთიდან ამოიღო დიდი, სისხლივით წითელი ვაშლი და უდიდესი სიყვარულით გაუწოდა მის მხსნელს. გამოართვა ვაშლი, გოგონამ, მადლობა გადაუხადა, გულთბილად დაემშვიდობა ქალს და გზა გააგრძელა.

აი დეიდას სახლიც გამოჩნდა.

– ჩემო კარგო, დეიდაშენი ახლახანს წამოვიდა თქვენსკენ. გუშინ ცოტა შეუძლოდ იგრძნო თავი და ვერ წამოვიდა, სახლში დარჩა. უთხრა გოგონას დეიდას მეზობელმა, რომელიც სახლის ახლომახლო და შესასვლელს თოვლისგან ასუფთავებდა.

მადლობა გადაუხადა გოგონამ და დაემშვიდობა დეიდას მეზობელს. ”როგორც სჩანს გზაში ავცდით, დეიდა დიდი გზით წამოვიდოდა”, – გაიფიქრა, გეზი სახლისკენ აიღო და გონებაში თან გადაითვალა, თუ რა დრო დასჭირდებოდა უკან დასაბრუნებლად, რადგანაც ამასობაში თოვა დაიწყო და მოკლე გზით სახლში დაბრუნება უფრო რთული იქნებოდა, თანაც შიშობდა გზაში არ დაღამებოდა. მით უფრო, რომ მოკლე გზის გავლას, მაინც, თითქმის ორჯერ მეტი დრო მოანდომა, ვიდრე იმედოვნებდა. ”მოდი ამ მადისამღძვრელ ვაშლს მაინც შევჭამ, თანაც, ცოტა არ იყოს და მომშივდა”, – გაიფიქრა გოგონამ და დაკვირვებით შეათვალიერა ვაშლი, რომელსაც ნერვიულად ატრიალებდა ხელში, მაგრამ მის თვალებს, მოულოდნელად პატარა ბიჭუნას დაჟინებული მზერა შეეჩეხა, რომელიც თავის წარმოდგენებში, ალბათ, უკვე მადიანად შეექცეოდა ამ ვაშლს. არც კი დაფიქრებულა ისე გაუწოდა ბიჭუნას ვაშლი, ის კი გაოცებული უყურებდა გოგონას, შემდეგ  დაუფიქრებლად გამოსტაცა ხელიდან ვაშლი, არ გადაიფიქროსო და სახლისაკენ გაიქცა გახარებულმა. არანაკლებ უხაროდა, ბიჭუნას სიხარული, ოქროს გულის მქონე გოგონასაც.

მთელი გზა, სახლისკენ, ფიქრებში გაატარა გოგონამ. სულ მამაზე ფიქრობდა. იხსენებდა ყოველ დღეს, როცა მამა მათთან ერთად იყო. იხსენებდა, თუ როგორ ანებივრებდა მამა, როგორ უზომოდ უყვარდა. ”ღმერთო, როგორ მენატრება მამა”, – სევდიანად ამოიოხრა გოგონამ და ირგვლივ მიმოიხედა. სანამ ასეთ ლამაზ მოგონენებში იყო იგი, თითქმის, მთელი გზა გაევლო. უკვე ბინდდებოდა. მალე ბნელდება სოფლად, ზამთარში და მხოლოდ ქათქათა თოვლი ახერხებდა ბინდის გაფანტვას. ”აი ჩემი ლამაზი სახლიც, მთელს დუნიას მირჩევნია იგი”, – სიხარულს ვერ მალავდა გოგონა. სახლიდან უსიამოვნო ხმები გამოდიოდა და იგრძნობოდა, რაღაცნაირი, ნერვიული ატმოსფერო. გაიგონა დეიდის ხმა, დედის ტირილი, მოესმა მამაკაცის ხმაც. დაძაბულმა და შეშინებულმა გააღო, გოგონამ, კარები, კარებთან კი მამაკაცი იდგა, იგი ქურქს იცვამდა და გარეთ გამოსასვლელად  ემზადებოდა, მის უკან კი დაინახა დედისა და დეიდის ცრემლიანი სახეები. გაოცებული აკვირდებოდა გოგონა მამაკაცს. ”ღმერთო, ეს ხომ ჩემი უძვირფასესი მამიკოა?”, – თვალებს არ უჯერებდა გოგონა.

– როგორ შეგვაშინე, პატარავ! უკვე მოსაძებნად მოვდიოდი, ჩემო ანგელოზო. ეუბნება მამა, რომელსაც ერთ წამში თვალები ცრემლებით აევსო.

– უზომოდ მიყვარხარ, მამიკო! – იყვირა გოგონამ, მაგრა, მაგრა ჩაეხუტა მამას და მის პაწაწინა ლოყებზე კიდევ ერთხელ ჩამოცვივდნენ ცრემლები. ო, რა თბილი იყო, უკვე, ეს ცრემლები, სიკეთითა და სიყვარულით გამთბარი…

ბინდი ჩამოწვა, ნათელი და რომანტიკული ბინდი. ქრისტეშობის მადლით ხარობდა სოფელი და მთელი ქვეყანა. ოცნების ახდენით უბედნიერეს ადამიანად თვლიდა თავს გოგონაც, მას ხომ ღმერთმა უძვირფასესი საშობაო საჩუქარი გაუკეთა…

06.01.2012

edi (163x156, 30Kb) ედნარ მგელაძე

პუბლიკაციაში გამოყენებული გრაფიკულ გამოსახულებები ნინო ჩაკვეტაძის ნამუშევრებია:
1. შობის დილა Christmas Morning – 2015
2. სახლის ანგელოზი Home Angel – 2019
2. თოვლი snow – 2012
3. დაათოვა ზამთრის ბაღებს Winter Gardens – 2011

საპარლამენტო თანამდებობების გადანაწილება “ქართული ოცნების” გუნდში

საქართველოს პარლამენტში გრძელდება ურთიერთობის გარკვევა “ქართული ოცნების” გუნდის შიგნით. როგორც ცნობილია პოსტი დატოვა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ, მანამდე იგივე კომიტეტში, თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოსტი დატოვა “ქართული ოცნების” დეპუტატმა ვანო ზარდიაშვილმა. თანამდებობის დატოვებამდე, ეკა ბესელიამ, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობაზე დანიშნა გედევან ფოფხაძე, რომელიც მანამდე იკავებდა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობას.

დღეს, პარლამენტის ბიურომ განიხილა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გედევან ფოფხაძის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი განიხილა.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო კილაძემ განაცხადა, პარლამეტის რეგლამენტის თანახმად, გედევან ფოფხაძემ მას განცხადებით მიმართა, სადაც აღნიშნულია, რომ გედევან ფოფხაძე არჩეულია პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ და აქედან გამომდინარე, ის ტოვებს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობას.

ცვლილებები ამით არ დასრულებულა, ჯერი უკვე გედევან ფოფხაძეზე მიდგა და იგი გაიწვიეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან, შესაბამისად გედევან ფოფხაძე საკომიტეტო თანამდებობის გარეშე დარჩა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა – “გედევან ფოფხაძესთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების ერთი მიზეზი იყო რეგლამენტის უხეში დარღვევა, მეორე კი – გუნდურობა

და განმარტა, რომ:
იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან გედევან ფოფხაძის გაწვევის გადაწყვეტილებას ჰქონდა ორი მიზეზი. ერთი იყო რეგლამენტის უხეში დარღვევა და ყველა კვალიფიციური იურისტი თანხმდება იმაზე, რომ რეგლამენტის უხეში დარღვევით იქნა არჩეული იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოსტზე ბატონი გედევან ფოფხაძე და მეორე პრობლემა იყო გუნდურობა – ეს იყო გუნდში განსახილველი საკითხი“.

 

ირაკლი კობახიძის თქმით, ეს გადაწყვეტილება აუცილებლად უნდა მიღებულიყო იმიტომ, რომ არ არსებობს რეგლამენტის თანახმად ინსტანცია, რომელიც დაადგენს კომიტეტში თავმჯდომარის პირველი მოადგილის არჩევის ლეგიტიმურობას.

აქედან გამომდინარე, ეს ხარვეზი უნდა გამოესწორებინა იმ ინსტანციას, რომელსაც შეეძლო. ეს იყო, ამ შემთხვევაში, ფრაქცია და ამ ორი მიზეზის გამო იქნა ფრაქციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება კომიტეტიდან ბატონი გედევან ფოფხაძის გამოწვევის თაობაზე“.


პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ეკა ბესელიას და გედევან ფოფხაძის თანამდებობიდან წასვლის დაკავშირება მოსამართლეების საკითხთან არის ან ინფორმაციის არქონის შედეგი ან პოლიტიკური სპეკულაცია.

მე იმედი მაქვს, რომ ამ შემთხვევაში ეს იყო ინფორმაციის არქონის შედეგი. რაც შეეხება ქალბატონი ეკა ბესელიას გადადგომას, როდის იყო ეს გადაწყვეტილი, რატომ და როგორ, ამაზე ჩვენ ნაწილობრივ გვქონდა უკვე საუბარი და შეგვიძლია უფრო დეტალურადაც ვისაუბროთ საზოგადოების წინაშე. რაც შეეხება გედევან ფოფხაძის თანამდებობიდან წასვლას, ამის მიზეზები უკვე განვმარტეთ. ამიტომ, ყველას მოგიწოდებთ ან დაინტერესდით რა იყო მიზეზი და მიიღეთ მეტი ინფორმაცია, ან თუ პოლიტიკური სპეკულაციაა, ჯობია პოლიტიკური სპეკულაცია არ განვახორციელოთ. ეს იქნებოდა ჩემი მოწოდება” – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

ბიურომ ასევე ცნობად მიიღო ფრაქცია „ქართული ოცნების“ მომართვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან პარლამენტის წევრის, გედევან ფოფხაძის გაწვევისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ფრაქცია „ქართული ოცნება – მწვანეების“ მიერ დათმობილი კვოტით პარლამენტის წევრის, გოგა გულორდავას, ხოლო ფრაქცია „ქართული ოცნების“ კუთვნილი კვოტით პარლამენტის წევრის, მამუკა მდინარაძის გაწევრიანების შესახებ.

 

და ბოლოს, როგორც საპარლამენტო კულუარებიდან ხდება ცნობილი, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე “ქართული ოცნების” ერთ-ერთი აქტიური დეპუტატი, ანრი ოხანაშვილი განიხილება.