შაბათი, ივნისი 21, 2025
21.8 C
Tbilisi
Home Blog Page 1910

ფეხბურთი, ერთა ლიგა: ყაზახეთი – საქართველო 0:2

ახალი ტიპის საფეხბურთო ჩემპიონატი –  უეფას ერთა ლიგა, რაღაც დონეზე, ბევრ ამხანაგურ მატჩს შეცვლის.

ერთა ლიგა 4 (A, B, C, D) ლიგისგან შედგება. პირველი ლიგა, ანუ ლიგა – A, ე.წ. ევროპული საფეხბურთო “გრანდების” ლიგაა – გერმანია, საფრანგეთი, ჰოლანდია, ბელგია, შვეიცარია, ირლანდია, პორტუგალია, იტალია, პოლონეთი, ესპანეთი, ინგლისი, ხორვატია. ეს გუნდები 4 ჯგუფადაა დაყოფილი და ჯგუფის გამარჯვებულები ერთმანეთს შეეჯიბრებიან საუკეთესო გუნდის სახელისთვის.

საქართველო ე.წ. “აუტსაიდერ” – D ლიგაშია, სადაც ასევე 4 ჯგუფია და აქაც გამარჯვებულები შეეჯიბრებიან ერთმანეთს წინა, C ლიგაში გადასასვლელად.

ერთა ლიგაში სულ 16 ჯგუფია, ჯგუფებში გამარჯვებული გუნდები, დამატებით, ერთმანეთს შეეჯიბრებიან და 4 საუკეთესო გუნდი (ვისაც ევროპის მომავალი ჩემპიონატის ფინალური ტურნირის საგზური არ ექნება მოპოვებული) მიიღებს პირდაპირ საგზურს ევრო-2020-ის საფეხბურთო ჩემპიონატისთვის.

საქართველოს ნაკრები, როგორც აღვნიშნეთ, D ლიგაში ასპარეზობს. ჯგუფში მასთან ერთად არიან ლატვიის, ყაზახეთისა და ანდორას საფეხბურთო ნაკრები გუნდები.

წარმატებული გამოდგა საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრების სტარტი ერთა ლიგაზე. ჩვენმა ნაკრებმა სტუმრად ყაზახეთი დაამარცხა ანგარიშით 2:0.

ერთა ლიგის საფეხბურთო ჩემპიონატზე პირველი გოლით ისტორიაში შევიდა ჩვენი ნაკრების ფეხბურთელი – გიორგი ჩაკვეტაძე.

საქართველოს ნაკრების შემდეგი თამაშები:

9 სექტემბერი, საქართველო – ლატვია
13 ოქტომბერი, საქართველო – ანდორა
16 ოქტომბერი, ლატვია – საქართველო
16 ნოემბერი, ანდორა – საქართველო
19 ნოემბერი, საქართველო – ყაზახეთი

შენიშვნა: ფოტოები, აღებულია საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერიდან

მანჩო გიორგობიანი: “ჰო დეკრიმინალიზაციას, არა ლეგალიზებას! ვერ მოგვიგებთ! შეგაკვდებით! სანამ ცოცხალი ვარ, ეს არ მოხდება, პირობას გაძლევთ!!!”

ცნობილი სამოქალაქო აქტივისტი მანჩო გიორგობიანი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ნარკოტიკების თემას ეხმაურება და საზოგადოებას აცნობა, რომ პარლამენტში კანონპროექტი შეიტანეს, აღნიშნული საკითხთან დაკავშირებით:

“ლეგალიზაციის წინააღმდეგ, დეკრიმინალიზაციიისთვის ვიბრძვით და მოგიწოდებთ ყველას დაგვიდგეთ გვერდში – ჩვენი მომავლისათვის!
კანონპროექტს ხელი მოვაწერეთ და პარლამენტში შევიტანეთ: Koba Davitashviliირმა ინაშვილი, Lali Moroshkina, Xatuna JordaniaNini KarseladzeShota GlurjidzeRevaz BenidzeKeburia George Gia Nishnianidze, @გია ლომია.., ზურაბ მახარაძე ინგა ბიწაძეLuka Davitashvili, თემურ ივანიშვილი მალხაზ თოფურია და მე, თქვენმა მონა-მორჩილმა მანჩო გიორგობიანმა…
(კობა, ხელისმომწერებიდან ვინც გამომრჩა, შემახსენე და ჩავამატებ).. ასევე, დეკრიმინალიზაციის მხარდამჭერები და ლეგალიზების წინააღმდეგ არიან პროფესიონალები, ფსიქიატრი Khatuna Chkoidze, ჰოლანდიაში მცხოვრები , ფსიქიატრ-ანალიტიკოსი, ექსპერტი ნინი ჭელიძე და ა.შ… დეკრიმინალიზაციის მომხრეა ძალიან ბევრი საღად მოაზროვნე ნარკოლოგი, ფსიქიატრ.ფსიქოლოგი, ნევროპათოლოგი, ..

ლეგალიზება უნდათ “გირჩს” “თეთრ ხმაურს” და მათ მიმდევრებს , ასევე ნარკოტიკის შემომ ოფიციალურ დილერებს- ზოგიერთს აწყობს რომ ნარკოტიკული საშულებების დიდ ბრუნვაზე იმუშაოს, გამდიდრდეს და არ დაგიდევთ შედეგებს… ზოგიერთ ე.წ. კლუბს და მათ მესვეურებს აწყობთ, რომ ბარის სტოიკებზე პირდაპირ დახლები გაშალონ და მარიჰუანის გასაღებაზე იშოვონ მილიონები და ა.შ.. მოკლედ
ასეთები ტყუილად ირჯებიან, ლეგალიზებას ვერ ეღირსებიან!..

ლეგალიზაცია დამღუპველია, ეს გამოჩნდა პორტუგალიაშიც, საადაც იმატა ნარკომომხმარებელ დეკრისიკვდილიანობამაც… მაგრამ დეკრიმინალიზაცია აუცილებელია, როგორც ყველა განვითარებულ ქვეყანაში!

ძალიან დაგვჭირდება თქვენი, საზოგადოების უდიდესი ნაწილის, თანადგომა და აქტიურობა, სხვანაირად შესაძლოა ეს ბრძოლა წავაგოთ! მალე დავიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას და ასევე, 15 სექტემბრის მერე გავმართავთ საპროტესტო აქციებსაც!

მეტი სიცხადისთვის, კიდევ ერთხელ წარმოგიდგენთ თუ რას ნიშნავს დეკრიმინალიზაცია და რას ნიშნავს ლეგალიზაცია… ორივე შემთხვევაში ნარკომანი ავადმყოფია და მას სჭირდება მოვლა-პატრონობა და არა ციხე! დეკრიმინალიზაცია ითვალისწინებს ჯანდაცვის მიერ, სამედიცინო პრეპარატად აღიარებული ნარკოტიკული საშუალებების უფასოდ, ან ხელმისაწვდომ ფასებში, დარიგებასაც, თუ ამას პაციენტი და სამედიცინო კომისია მოითხოვს…
დეკრიმინალიზაცია კრძალავს უპრაგონოდ გასაღება -გავრცელებას -კოფი-შოპებს (რაც ასევე აწყობთ კლუბების მლობელებს, გამდიდრება-განდიდების მიზნით..)… , ასევე სუბოქსინ-სუბუტექსის და მეტადონის ჩვეულებრივ აფთიაქებში ურეცეპტოდ გაყიდვა- გასაღებას ( რაც უნდა ზოგიერთი პროგრამის ხელმძღვანელს, რომ ოფიციალურადაც გაყიდოს აფთიაქებში, რადგან თვითონ არიან შემომტანები და იციან , უამრავი გაეყიდებათ!… არა ლეგალიზებას, ბევრ ნაკლოვანებებთან ერთად, რომ არ მივიღოთ იგივე შედეგი, რაც სააფთიაქო ნარკომანიაში გვაქვს!… სახელმწიფოს უჭირს აფთიაქების კონტროლი!… ყველა არა, მაგრამ ბევრი არაკეთილსინდისიერი აფთიაქია, ვინც მოზარდებზეც გასცემს ურეცეპტოდ აკრძალულ პრეპარატებს და ა.შ…
ლეგალიზაცია მორგებულია “ბარიგების” ინტერესზე, ვისაც უნდა რომ პირდაპირ “დახლებიდან” ყიდონ ნარკოტიკული საშუალებები, საკუთარი გამორჩენის და გამდიდრების მიზნით..

ჰო -დეკრიმინალიზაციას, არა ლეგალიზებას! ვერ მოგვიგებთ! შეგაკვდებით! სანამ ცოცხალი ვარ, ეს არ მოხდება, პირობას გაძლევთ!!!

დეკრიმინალიზაცია
კონკრეტული ქმედებისთვის ,,დანაშაულის” სტატუსის მოხსნა, რის შედეგადაც აღნიშნული ქმედება აღარ ითვლება სისხლის სამართლის წესით დასჯადად. ნარკოტიკებთან მიმართებაში ეს ძირითადად ეხება: მის შეძენას, შენახვასა და მოხმარებას. დეკრიმინალიზაციის შედეგად ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, შენახვა და შეძენა, ზოგ შემთხვევაში კი იმპორტი დღესაც უკანონოა, მაგრამ უკვე აღარ ითვლება სისხლის სამართლის დანაშაულად. ასეთი ქმედებებისთვის გამოიყენება ადმინისტრაციული სანქციები, მაგალითად: ჯარიმა, მართვის მოწმობის ან იარაღის უფლების დროებით ჩამორთმევა ან უბრალოდ გაფრთხილება.
Source: პოლიცია და ნარკოტიკები. (სტუდენტის სახელმძღვანელო),–ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო,–თბ,.–200

ლეგალიზაცია
კანონის ფარგლებში ისეთი საქმიანობის მოქცევა, რაც მანამდე უკანონო, აკრძალული ან მკაცრად რეგლამენტირებული იყო. ნარკოტიკებთან დაკავშირებით ეს ტერმინი ყველაზე ხშირად გამოიყენება მიწოდებასთან, წარმოებასთან, დამზადებასთან ან არასამედიცინო მიზნით გაყიდვასთან მიმართებაში.”

 

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 30 ნოემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება მარიხუანის მოხმარებასთან დაკავშირებით:

“საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ცალკე აღებული მარიხუანის მოხმარების ფაქტი, აღნიშნული ქმედების ბუნებიდან გამომდინარე,  ნაკლები საფრთხის შემცველია საჯარო ინტერესისთვის, რადგან ამ დროს მცირეა ნარკოტიკული საშუალების გავრცელების შესაძლებლობა. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ნარკოტიკული საშუალების მოხმარებას წინ უძღვის მისი შეძენა ან/და დამზადება, სასამართლომ მიიჩნია, რომ მარიხუანის მოხმარების აკრძალვა წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისკენ გადადგმულ ნაბიჯს, თუმცა სისხლისსამართლებრივი სასჯელის დაწესება იმ მიზნით რომ პირმა არ დააზიანოს საკუთარი ჯანმრთელობა წარმოადგენს სახელმწიფოსგან გამოვლენილი პატერნალიზმის ისეთ ფორმას, რომელიც არ არის თავსებადი თავისუფალ საზოგადოებასთან.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლს, ვინაიდან იგი სისხლისსამართლებრივი წესით ბლანკეტურად, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე აწესებს სისხლისსამართლებივ პასუხისმგებლობას მარიხუანის განმეორებით მოხმარებისთვის მოხმარების ადგილის, ვითარების და სუბიექტის, საზოგადოებრივი წესრიგისთვის საფრთხის რეალურობის მიუხედავად.

გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“  (კონსტიტუციური სარჩელი №732) მიღებულ იქნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის მიერ.”

უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას მოჰყვა საზოგადოების არაერთგვაროვანი შეფასება.

ქართული კულტურის ფესტივალი მინსკში – “თბილისობა 2018”

ბელორუსის დედაქალაქ მინსკში მეოთხედ გაიმართა ქართული კულტურის, უკვე ტრადიციად ქცეული, ფესტივალი. “თბილისობა 2018”-ის საპატიო სტუმრებს შორის იყო თბილისის მერი, კახა კალაძეც.

“ის ურთიერთობები, რაც ჩვენს ქვეყნებს და ქალაქებს შორის არსებობს, არის საფუძველი იმის, რომ მინსკი და თბილისი დაძმობილებული ქალაქები არიან. თუმცა, ვფიქრობ ამ ურთიერთობების გაღრმავება კიდევ უფრო მეტად შეგვიძლია. ასევე, მინდა ქართულ დიასპორას მივესალმო და წარმატებები ვუსურვო ყველაფერში. თქვენი როლი ჩვენი ქვეყნის წარმოჩინებაში არის მნიშვნელოვანი” – აღნიშნავს კახა კალაძე.

ღონისძიების მთავარი ორგანიზატორი, მინსკის საქალაქო აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე ანდრეი შორეცი:
“გვიხარია, რომ აქ ხართ და ასეთ კეთილ ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი. მინსკში თბილისობას აღვნიშნავთ. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, მინსკელებს ქართული კულტურა, სამზარეულო და ტრადიციები ვაჩვენოთ. ვფიქრობ, თქვენი ვიზიტი იქნება შემდეგი ნაბიჯი ჩვენი ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის“.

“თბილისობა 2018”-ის ფარგლებში, ბელორუსის დედაქალაქ მინსკში, გაიმართება სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება, ნაჩვენები იქნება ქართული ფილმები, ბელორუსის მაცხოვრებლები და სტუმრები გაეცნობიან ქართულ სამზარეულოს, ქართული ღვინის კუთხე კი დამატებით ხიბლს შესძენს ამ დღესასწაულს.

გიორგი მარგველაშვილი: “არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აღარ ვაპირებ, სხვა ფორმით გავაგრძელებ ჩვენი ქვეყნის სამსახურს”

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. აღნიშნული განცხადება დღეს საქართველოს პრეზიდენტმა სასახლეში ლატვიის ყოფილ პრეზიდენტთან ვალდის ზატლერსთან საჯარო ლექციაზე გააკეთა, რომელსაც სტუდენტები და აკადემიური წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

“მიხარია, რომ მაქვს შესაძლებლობა შევხვდე ქართველ სტუდენტებს, პროფესურას, საზოგადოებას, რომელსაც ვემსახურებოდი ამ ბოლო, 5 წლის განმავლობაში და სწორედ თქვენთან გავაზიარო ის ძირითადი მიზნები და მიმართულებები, რომლებიც ჩვენ გვექნება მომავალში.
ჩვენთვის ნიშანდობლივი და მნიშვნელოვანია, რომ ეს შეხვედრა, გარკვეული ანგარიშის ჩაბარება და მომავალზე საუბარი იყოს სწორედ საქართველოს რიგით მოქალაქეებთან, ახალგაზრდობასთან იმიტომ, რადგან, როგორც პრეზიდენტობის 5 წლის განმავლობაში, ასევე მანამდეც და მომავალშიც ჩემი სამსახური საქართველოს სამსახური იქნება. არ ყოფილა მომენტი, რომ მე ელიტას, ან სხვა ჯგუფს ვემსახურებოდე. ეს საქმე იწყებოდა თქვენით, საქართველოს მოქალაქეებით და გრძელდება საქართველოს მოქალაქეებით.
მინდა, სწორედ თქვენ გითხრათ იმის შესახებ,თუ რა მნიშვნელოვან პერსპექტივებს ვხედავ ჩვენი ქვეყნისთვის მომავალში, ჩვენს მეგობრებთან და პარტნიორებთან ერთად და გაგიზიაროთ ის პოზიციაც, რომ ამ არჩევნებში მე მონაწილეობის მიღებას აღარ ვაპირებ, არამედ სხვანაირად, სხვა ფორმით გავაგრძელებ ჩვენი ქვეყნის სამსახურს. რამდენიმე მნიშვნელოვანი რამ, რაც მინდა გაგიზიაროთ მომავალთან მიმართებაში: პირველი
არის ის, რომ ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია და საქართველოს მოქალაქეების გადასაწყვეტია როგორი იქნება საქართველო მომავალში. საქართველოს მოქალაქეების აქტიური ჩართულობით ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ქვეყანა იყოს თავისუფალი, დემოკრატიული და იდგეს სწორედ საქართველოს მოქალაქეების სამსახურში.
მეორე – პოლიტიკოსი, რომელიც ამ სამსახურს ჩაუდგება სათავეში, ჩემი აზრით, იგივე მთავარი გამოწვევა აქვს. მისი ერთადერთი შემკვეთი და მისი ერთადერთი ბარომეტრი, თუ როგორ უნდა ემსახუროს და როგორ უნდა იმსახუროს პრეზიდენტად, უნდა იყოთ თქვენ, საქართველოს მოქალაქეები და არა რაიმე, ან ვინმე, სხვა ადამიანი, ან ძალაუფლების მქონე ჯგუფი.
მინდა, ამ თვალსაზრისით, ხაზი გავუსვა კიდევ ერთ მნიშვნელოვან რამეს, რომელიც მომავალმა პრეზიდენტმა უნდა აკეთოს, – ეს არის ის, რომ პრეზიდენტის მიზანი უნდა იყოს გააერთიანოს და არა გახლიჩოს ერი. ეს არის ერთერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა ქართველი პოლიტიკოსისთვის. არ უნდა იყოს არცერთი მცდელობა იმისა, რომ ძალიან პატარა ერი დააპირისპიროს ერთმანეთთან. ყველა საშუალება უნდა გამონახო და ყველა ხერხი უნდა იხმარო იმისთვის, რომ ერი ძირითად ღირებულებებზე გაერთიანდეს.
და ამ გაერთიანების პროცესში არ დაკარგო ჩვენი ერისა და ჩვენი ქვეყნის მთავარი მრავალფეროვნება და განსაკუთრებულობა. ჩვენი ძალა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ვართ განსხვავებულნი, მაგრამ ამ განსხვავებულობით ვემსახურებით მთავარ ღირებულებას – ჩვენს სამშობლოს და დემოკრატიას.
დღეს მინდა მადლობა ვუთხრა ჩემს ოჯახს, რომელმაც ამ 5 წლის განმავლობაში ძალიან რთული პერიოდი გამოიარა და არც ერთხელ ჩემთვის ამის გამო პრობლემა და დისკომფორტი არ შეუქმნია.
მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს გუნდს, რომელიც ამ იდეალებს ემსახურებოდა 5 წლის განმავლობაში, მაგრამ ყველაზე დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ქართველ ხალხს და ქართულ საზოგადოებას, რადგან ამ პერიოდის განმავლობაში, მე მათგან გამორჩეული მხარდაჭერა მქონდა.
დამიჯერეთ, ძალიან ცოტა ქვეყანა მოიძებნება, სადაც მთელი პოლიტიკური ელიტა ერთ ადამიანთანაა დაპირისპირებული და ყველა მანქანას ხმარობს იმისთვის, რომ მისი დისკრედიტაცია მოახდინოს, შეარყიოს მისი მმართველობა, და აი ამ რთულ მომენტებში, არა მასმედიით, არა გამოჩენილი თუ აზრის შემქმნელი ადამიანებისგან, არამედ დუშეთისა და თბილისის ქუჩებში ჩემი მთავრი ბარომეტრი იყო ის, როგორ მხვდებოდა ხალხი და ამ განცდით ვრწმუნდებოდი, რომ მე სწორი გზით მივდიოდი თქვენთან ერთად და ამ გზას მე თქვენთან ერთად გავაგრძელებ“, – განაცხადა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

მოსახლეობის სიღარიბის გამომწვევი მიზეზები – ბანკები, უმუშევრობა თუ…? – ალექსი ნონიაძე

დღეს საქართველოში 2,6 მილიონი ადამიანი სიღარიბეში ცხოვრობს. ყოველი 10 მოქალაქიდან 7-ს ბანკის ვალი აქვს. 2017 წელს ლომბარდს 609 ათასმა მოქალაქემ მიმართა. ასეთ სიტუაციაში ბუნებრივია ჩვენი მოქალაქეების უდიდესი ნაწილისთვის პრობლემას სიღარიბე, ბანკის ვალები, უმუშევრობა, ინფლაცია, გაზრდილი ფასები წარმოადგენს, რაც NDI უახლოესმა კვლევებმაც ნათლად დაადასტურა (დიაგრამა N1).

დიაგრამაN1

ბოლო პერიოდში პრესით, ტელევიზიით ხშირად გვესმის, რომ საქართველოში მძიმე სოციალური ფონი ფინანსური სისტემის, კერძოდ ჭარბვალიანობის ბრალია. სინამდვილეში პრობლემა უფრო სიღრმისეულია. ისმება მარტივი კითხვა – რატომ სჭირდება ჩვენს მოქალაქეებს ბანკიდან ვალის აღება და თუ იღებენ რატომ უჭირთ მისი გასტუმრება? პასუხი მარტივია – მოსახლეობის დიდი ნაწილი უმუშევარია და სტაბილური შემოსავალი არ გააჩნიათ.

საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ეკონომიკური გამოწვევა დღეს უმუშევრობაა. ქვეყანაში იმაზე მეტი უმუშევარია ვიდრე საჯარო და კერძო სექტორში დასაქმებული ერთად აღებული. საქსტატის მონაცემებით უმუშევრობის დონე 13,9 პროცენტიან მაჩვენებელს არ აღემატება. მაგრამ ეს მაჩვენებელი ბევრად უფრო მაღალია და შემცირებულია თვითდასაქმებულთა (მაგალითად, სოფლად მცხოვრები მოქალაქეები, რომელთაც საკუთარი შინამეურნეობა გააჩნიათ და ტაქსის მძღოლები) ხარჯზე.

გლეხი, რომელიც 1 ჰა მიწაზე თოხით და ბარით საოჯახო მეურნეობას ეწევა, ანდა ტაქსის მძღოლი, რომელიც საკუთარი ავტომობილით გვემსახურება, ვერ შექმნის სინერგიის ეფექტს ეკონომიკაში, ვერ განავითარებს მრეწველობას, ვერ გაზრდის მწარმოებლურობას, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას და ექსპორტის ზრდას. რატომ ექსპორტის ზრდას, რით არის ექსპორტი ჩვენთვის მნიშვნელოვანი. ქვეყანა, რომელიც უფრო მეტს მოიხმარს ვიდრე ქმნის ყოველთვის ღარიბია. და ამის საუკეთესო მაგალითი ჩვენ ვართ, საქართველო. ამიტომ ჭარბვალიანობის პრობლემა მდგომარეობს არა ბანკებში არამედ უმუშევრობაში. ის, რომ ქვეყანაში არ არსებობს სამუშაო ადგილები და მოსახლეობა გადახდისუუნაროა ეს არის შედეგი იმ ეკონომიკური პოლიტიკისა, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ატარებს. ან უფრო ზუსტი იქნება, თუ ვიტყვით ჩვენს ქვეყანაში მსგავსი პოლიტიკის არარსებობისა.

შეუძლებელია კონკრეტული ეკონომიკური ხედვის გარეშე, სპონტანურად განვავითაროდ ეკონომიკის ცალკეული დარგები, თუნდაც სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, ტრანსპორტი, მრეწველობა და ა.შ. თუ არ იქნება კარგად გააზრებული და პოლიტიკურ ნებაზე დამყარებული ეკონომიკური სტრატეგია. სადაც განსაკუთრებული ადგილი საფინანსო ინსტიტუტებს, კერძოდ ბანკებს უკავიათ. თუ დღეს ბანკები არ ასულებენ ან ვერ ასრულებენ იმ ფუნქციებს სრულად, რომელიც განვითარებული ქვეყნების ეკონომიკაში მათ აკისრიათ, ვფიქრობ ეს არა ამ ინსტიტუტების არამედ სახელმწიფოს არასწორი მონეტარული პოლიტიკის შედეგია.

დღეს ექსპერტთა უმრავლესობას მიაჩნია ქართული ეკონომიკის განვითარება შესაძლებელია მხოლოდ მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მეშვეობით. მაგრამ ამასთან დაკავშირებით ჩნდება კითხვის ნიშნები. როგორ ვაპირებთ ხელი შევუწყოთ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას საბანკო სისტემის გარეშე. ნებისმიერი ბიზნესის დაწყებას და განვითარებას ფინანსები ესაჭიროება. ფინანსურ ბაზარზე კაპიტალური საქონლის ინვესტირების ერთ-ერთი დიდი წყარო ბანკებია, რადგან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ინტერესის სფერო ყოველთვის მსხვილი ბიზნესი იყო და რჩება ასეთად.

ბანკების მიერ გაცემული სესხების ოდენობა (ფიზიკური პირები და ბიზნესი) ყოველწლიურად იზრდება. მოთხოვნილი სესხების ოდენობის წლიური ცვლილება უფრო მაღალი იყო 2015 წელს (23.5%) ვიდრე 2017 წელს (17.9%) (ცხრილი 1.1). ბიზნეს სესხებზე მოთხოვნის ზრდა მნიშვნელოვნად შემცირდა 2015 წლის III კვარტლიდან 2017 წლის III კვარტლამდე პერიოდში (დიაგრამა 1.1).

შემდგომ პერიოდში ბიზნეს სესხებზე მოთხოვნა მზარდია პროცენტულად ისეთ სფეროებში, როგორიცაა ენერგეტიკა, მრეწველობა. კლებადია – ვაჭრობაში, სოფლის მეურნეობაში,  ტრანსპორტში. მშენებლობაში  სტაბილურად მზარდია (ცხრილი 1.2).

ბანკების მიერ დაფინანსებული სუბიექტების უმეტესობა ფიზიკური პირებია. სამომხმარებლო სესხები ჯამში შეადგენს 56%-ს, ხოლო ბიზნეს სესხები 44%-ს (დიაგრამა 1.2). რაც იმაზე მიუთითებს, რომ საბანკო სესხების დიდი ხვედრითი წილი იხარჯება ეკონომიკის მოხმარებით და არა წარმოებით ნაწილზე. ასევე ყურადღება უნდა მიექცეს იმ ფაქტორსაც, რომ სამომხმარებლო  და ბიზნეს სესხების დიდი ნაწილი (ავტომობილები, საოჯახო და კომპიუტერული ტექნიკა, მობილური ტელეფონები, სარემონტო მასალები-იარაღები, მანქანა-დანადგარები, ნედლეული და სხვა) ხმარდება იმპორტირებული და არა სამამულო საქონლის შეძენას.

ფინანსური სახსრების ინვესტირება ხდება არა ეკონომიკის „წარმოებით“ არამედ „მოხმარებით“ ნაწილში. რაც წარმოქმნის შიდა ბაზარზე მიწოდების დეფიციტს (დიაგრამა N1.3). განსხვავებას ბუნებრივია იმპორტი ფარავს. შედეგად იზრდება უმუშევრობის დონე, ქვეყნის უარყოფითი სავაჭრო სალდო, სიღარიბეში მყოფი მოსახლეობის რაოდენობა.

 

დიაგრამა N1.3

დღესდღეობით ბანკებს დიდი ფინანსური პოტენციალი გააჩნიათ, მაგრამ საბანკო სისტემა სრულყოფილად ვერ ასრულებს ბიზნესის განვითარების სტიმულატორის როლს. სწორი და გააზრებული პოლიტიკის მეშვეობით შესაძლებელია ამ რესურსების გამოყენება ეკონომიკის სასარგებლოდ. ამისთვის საჭიროა ურთიერთთანამშრომლობა და ერთობლივი ძალისხმევა რათა  მცირე და საშუალო ბიზნესი ჩვენს ქვეყანაში განვავითაროთ.

ნუ დაგვავიწყდება ის ფაქტიც, რომ ილია ჭავჭავაძემ ზოგადად დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა საბანკო საქმიანობას. იგი კარგად ხვდებოდა, რომ ძლიერი სახელმწიფოს შესაქმნელად აუცილებელი იყო ისეთი მძლავრი ფინანსური ინსტიტუტის შექმნა, რომელიც მოგებაზე იმუშავებდა და რენტაბელური იქნებოდა. ამიტომ მან 1874 წელს მრვალი წინააღმდეგობის მიუხდავათ დიმიტრი ყიფიანთან ერთად თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკი დაარსა. ბანკის დანიშნულება და ფუნქციები ილიამ თავად ასე განმარტა: „ბანკი თავად-აზნაურობამ დააწესა იმ განზრახვით, რომ მისგან შეწირული ფული სესხად მოეფინოს ჩვენს ქვეყანასა, მაგრამ ისე მოეფინოს, რომ მაგ ფულს ერთი გროშიც არ დაეკარგოს, სესხმა ფული ასარგებლობს, ფულმა ფული მოიგოს და მხოლოდ ამ მოგებიდან უფრო ბევრი წილი ჩვენი ქვეყნის საერთო საჭიროებას მოხმარდეს და ზოგი კიდევ ღარიბთაც გაუნაწილდეს. იმ ღარიბთ, რომერლნიც რომელიმე უბედურობის გამო სიღარიბეში ჩაცვივნულან და არა იმათ, ვინც გულაღმა წვანან, გულზე ფაფუკი ხელები დაუკრეფნიათ, პირი დაუღიათ და ჰყვირიან მასვით და მაჭამეთო“. ილია ჭავჭავაძემ ჯერ კიდევ XIX საუკუნის დასასრულში ზუსტად განსაზღვრა არამარტო კომერციული ბანკის მისია და ფუნქციები, არამედ ფინანსური სფეროს საზოგადოებრივი როლი და სოციალური ვალდებულებებიც სახელმწიფოში.

წყარო:

საქსტატი – http://www.geostat.ge/;

საქართველოს ეროვნული ბანკი – https://www.nbg.gov.ge

 NDI-ის კვლევები – https://www.ndi.org/eurasia/georgia;

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო – https://www.mof.ge/;

საქართველოს პარლამენტი – http://www.parliament.ge/ge/.

დავით უსუფაშვილი: “იმედს ვიტოვებ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელიც კანდიდატურის დასახელების გადავადებაზე საუბრობდა”

„კონსტიტუცია არ ითვალისწინებს პრეზიდენტის მიერ სასამართლოს თავმჯდომარის „კანდიდატურის არ წარდგენას“; მაქსიმუმი, რასაც კონსტიტუცია უშვებს, არის პრეზიდენტის მიერ „კანდიდატურის ჯერ ვერ წარდგენა“. იმედს ვიტოვებ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელიც სწორედ კანდიდატურის დასახელების გადავადებაზე საუბრობდა, რაც დასაშვებია, და არა ამ ვალდებულების საერთოდ შეუსრულებლობაზე, რაც კონსტიტუციის დარღვევა იქნება.

პრეზიდენტის და მმართველი პარტიის ლიდერის მხრიდან საჭირო იყო ნაბიჯების გადადგმა მართლმსაჯულების სისტემის გაჯანსაღებისთვის. თუმცა, ამის ნაცვლად, ახალი პრობლემა მივიღეთ პრეზიდენტის კონსტიტუციური ფუნქციის და უფლება-მოვალეობების გააზრების მიმართულებით… თუ ასე გაგრძელდა, მმართველი უმრავლესობა მარტივად მიჩქმალავს საკუთარ „წვლილს“ ამ პროცესებში და აქეთ გადმოვა კონტრ-შეტევაზე – „აი, ამიტომაც დავასუსტეთ პრეზიდენტი კონსტიტუციურად და ამიტომაც ვცდილობთ მასზე „ზედმეტი“ წარმოდგენების გაქარწყლებასო“.

ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად და, რაც მთავარია, მართლმსაჯულების სისტემაში პოზიტიური ცვლილებების შესატანად დარჩა ერთადერთი გზა – იქნებ სასამართლოს თავმჯდომარის კონკრეტული კანდიდატურა აღმოჩნდეს პროცესის განახლების და შედეგამდე მიყვანის კატალიზატორი.

გასაგები მიზეზების გამო, ჯერ დეტალებზე არ ვისაუბრებ. მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ მხედველობაში მაქვს არაორდინარული კანდიდატურა, რომელსაც ყველა საჭირო პროფესიონალურ პარამეტრთან ერთად აქვს ერთი უნიკალური მახასიათებელიც, რაც გადამწყვეტი უნდა იყოს ყველასთვის, ვინც მართლა არის დაინტერესებული სასამართლოს თავმჯდომარის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ძალიან მაღალი ხარისხით. ამ ეტაპზე მთავარია, პროცესი საბოლოოდ დახურულად არ გამოვაცხადოთ არც უფლებამოსილმა სუბიექტებმა და არც დაინტერესებულმა საზოგადოებამ.“

დავით უსუფაშვილი ლევან ჩხაიძის დღის ამბებში.
27.08.2018

დავით ნებიერიძე: ბიძინა ივანიშვილმა “არმაგედონი” მოუწყო ახალგამომცხვარ პრემიერ ბახტაძეს

“სანდო წყაროს ინფორმაციით ბიძინა ივანიშვილმა საკადრო პოლიტიკის და რიგი სხვა არა ადექვატური გადაწყვეტილებების გამო “არმაგედონი” მოუწყო ახალგამომცხვარ პრემიერ ბახტაძეს და ფაქტიურად მთლიანად შეზღუდა ფუნქციებში. ამის შემდეგ ბახტაძეს პრემიერ მინისტრის პოსტთან საერთო მხოლოდ იმ სავარძლით აქვს რომელშიც ზის. ბიძინა ივანიშვილის განკარგულებით პრემიერ მინისტრის ფუნქციები გახარიას გადაეცა.

ფაქტიურად ჩვენ მივიღეთ არაფორმალური მმართველობის ყველაზე მახინჯი ფორმა, როდესაც პრემიერ მინისტრიც კი ფორმალურად იკავებს თავის სავარძელს. მის ფუნქციებს კი ასრულებს შინაგან საქმეთა მინისტრი გახარია.”

წერს თავის ფეისბუკ გვერდზე, დავით ნებიერიძე

ხატია ჯანაშია: “გასარკვევია ვინ ლობირებს მსგავს არაპროფესიონალებს, არაკომპეტენტურებსა და საქმის მიმართ აბსოლიტურად უვიცებს?!”

ა.წ. 27 აგვისტოს ფეისბუკის საკუთარ გვერდზე სკანდალური ბრალდებები გამოაქვეყნა ხატია ჯანაშიამ:

“ძალიან დიდი იმედი მაქვს იმისა, რომ სახელმწიფო აუდიტი და შინაგან საქმეთა სამინისტრო დაინტერესდებიან ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემებით! გასარკვევია რა ხდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის დაქვემდებარებაში არსებულ გაერთიანებულ აიპიებში?! რატომ მოხდა წელს ორჯერ ხელფასის სეკვესტრი?! რატომ არ დაგვერიცხა იანვრის ხელფასი?! რატომ არის საქართველოს შრომის კოდექსი დარღვეული?! რატომ დაიწყო სეკვესტრის მერე არამიზნობრივი რემონტი კომბინატის ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრში?! რატომ აყარეს პარკეტი და რატომ მოუწიათ ცხრაჯერ მეტლახის დაგება?! რატომ არის ბიუჯეტის თანხები გაფლანგული და რატომ მოაკლდა ხალხს ისედაც მიზერულ ხელფასზე 20-20%?! რატომ გვეუბნებიან მერიაში “შრომის კოდექსით კარგახანია არ ვხელმძღვანელობთო”?! თუ ბიუჯეტს უჭირს, (ჯერ გასარკვევია რატომ გაუჭირდა)!!! რატომ ეჭრებათ ხელფასი მხოლოდ ააიპ-ებში და რატომ იცავს კანონი მერიის, ზოგადად საჯარო მოხელეების უფლებებს და რატომ არის ფეხქვეშ გათელილი ააიპ-ების თანამშრომლების უფლებები?! აი ასეთი პასუხით გამომისტუმრეს მერიიდან და რას ნიშნავს იქნებ ესეც აახსნევინონ სახელმწიფო აუდიტიდან ჩამოსულებმა ამ კომპეტენტურებს!!! ამ კომენტარის მერე არ გამოვრიცხავ მერიაში მესამედ დამიბარონ და მუქარითა და გონორით მითხრან: “რა იყო ხატია, კანონის ენაზე დაგვიწყე საუბარი”-ო?!…. ოღონდ კანონის ენაზე საუბარი უკანონობად როდის მერე ითვლება ეგ ვერ გავიგე და მაინც, კომბინატის ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრთან რამოდენიმე ააიპ-ის გაერთიანების და ახალი დირექტორ-იურისტის დანიშვნის მერე რა ჯანდაბა ხდება ეგაა გასარკვევი თან სასწრაფოდ!!! ამდენი ცინიზმი, ამდენი აგრესია, ამდენი დაცინვა, არამიზნობრივი ხარჯები, ყოველი კონცერტისთვის განათების დაქირავებაში გადახდილი 2100 ლარები! მაშინ როცა ბიუჯეტში თანხა არ გვყოფნისო და ორჯერ მოახდინეს ხელფასის სეკვესტრი! უხარისხო მეტლახში გადახდილი 30000 ლარი!!! რაც იმას ნიშნავს რომ კანონი დაირღვა, რადგანაც, როდესაც ხდება სახელფასო სეკვესტრი, სახელფასო ფონდის ხელის ხლება, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, სარემონტო თუ ინფრასტრუქტურული საქმიანობის ან კიდევ სხვა ღონისძიების განხორციელება, მიუხედავად იმისა, ბიუჯეტში რემონტისთვის გამოყოფილიც რომ იყოს თანხა, უნდა შეჩერდეს!!!!
თუ არსებობდა 2100 ლარები, 30000 ლარები უაზრობებში დასახარჯად ისედაც გამათხოვრებულ ხალხს რატომ ასეკვესტრებდით 40%-ით?!…
გასარკვევია ვინ ლობირებს მსგავს არაპროფესიონალებს, არაკომპეტენტურებსა და საქმის მიმართ აბსოლიტურად უვიცებს?! ხელოვნებისა და კულტურის განვითარების გარდა მანდ ყველაფერი ხდება!!!! რატომ ახდევინებენ საკუთარ თანამშრომლებს, საკუთარი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებაში, საკუთარ სამსახურში არენდის თანხას?! ეგეც გაერთიანების და ახალი დირექტორის დანიშვნის მერე ხდება!!!! ერთ დროს ვთქვი და განვმეორდები, კულტურაში უკულტუროებს არაფერი ესაქმებათთქო, ხელოვნურობისა და უკულტურობის განვითარების ცენტრად იქცა ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრი.
ყველაფერი გამოსაძიებელია, აქ ვერ დავწერ (ფორმატი არ მეყოფა) კიდევ უამრავ დარღვევაზე სალაპარაკოდ, ამიტომაც უნდა მოხდეს სახელმწიფო აუდიტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ამ ყველაფრის გამოძიება!!!”

და აღნიშნულ ბრალდებებზე რეაგირებისთვის მიმართა ცალკეულ უწყებებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
საჯარო სამსახურის ბიურო / Civil Service Bureau of Georgia

ამ ბრალდებებს გამოეხმაურა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი, ლაშა გოგია:
“დღესვე დავავალე შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურს მოიკვლიონ და შეისწავლონ კონკრეტულ ააიპ-ში არსებული ვითარება. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არც ერთ უკანონო ქმედებას არ დავუშვებ და ნებისმიერი მოქალაქის მსგავსი განცხადება უყურადღებოდ არც რჩებოდა და არც მომავალში დარჩება. აუდიტის დასკვნის შემდეგ, უკანონო ქმედების გამოვლენის შემთხვევაში, ფაქტზე უმკაცრესი და სწრაფი რეაგირება მოხდება”.

მერიის მხრიდან გაკეთებული განცხადება ლოგიკურ გაგრძელებად მიიჩნია ხატია ჯანაშიამ, რაც ახალ სტატუსში გააჟღერა:

“ოფიციალური რეაგირება მერისგან მოყვა სტატუსს, რომელიც გამოვაქვეყნე 2 დღის წინ, შიდა აუდიტის სამსახურის მიერ მიმდინარეობს მოკვლევა იმ ფაქტებზე რაც დავწერე. იმედს ვიტოვებ რომ სწორად წარიმართება გამოძიება, რადგან ამას არა მხოლოდ მე, არამედ საზოგადოება და სხვა საჭირო ინსტანციებიც ადევნებენ თვალს!
P.S “ისეთ საფუძველს შეგითხზავ, ვერც ერთ ინსტანციაში ვერ მოიგებ”!!! იმედი მაქვს ასეთი მუქარის ავტორი იურისტი მალე აღმოჩნდება “ღირსეულ” ადგილას!!!!”

ლარის კურსი

ლარის კურსი – სააგენტო რეგულარულად გამოაქვეყნებს მასალებს ეროვნული ვალუტის კურსის შესახებ, სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

ანა გოგოლაძე: “კომერციულმა ბანკებმა უნდა გადახედონ ბიზნეს სესხებზე საპროცენტო განაკვეთს და დამატებითი რეგულაციების შემოღების ნაცვლად წაახალისონ ბიზნესის წამოწყება”

ბოლო პერიოდის განმავლობაში საზოგადოების მხრიდან ბანკების მიმართ გაზრდილი ინტერესის გამო ამ საკითხებზე სასაუბროდ მივმართეთ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ლექტორს, ეკონომისტ ანა გოგოლაძეს

დიდი მადლობა ანა, რომ დათანხმდით სააგენტო “პარალელის” (ინტერნეტ მედია ჰოლდინგი) ინტერვიუზე.

პირველ რიგში მინდა გკითხოთ ის, რაც თითოეულ ჩვენგანს ყველაზე მეტად აწუხებს. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ლარის კურსი სხვა ვალუტებთან მიმართებაში მკვეთრად ეცემა. რა არის ამის გამომწვევი მიზეზი?

თუ დავაკვირდებით ბოლო სამი წლის ტენდენციას ვნახავთ, რომ ზაფხულის ბოლოსკენ ლარი იწყებს გაუფასურებას და პიკს აღწევს შემოდგომაზე, გაუფასურების მთავარ მიზეზად კი საგარეო ფაქტორები და მეზობელი ქვეყნების ფინანსური კრიზისები სახელდება. წელსაც  მთავრობა მიიჩნევს, რომ ლარის დევალვაციის მთავარ მიზეზი თურქული ლირის გაუფასურებაა, რაც  არის არაზუსტი შეფასება. იმის მიუხედავად, რომ თურქეთი ჩვენი ქვეყნისთვის ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია, ასეთ მოკლე დროში, ლირის გაუფასურება ვერავითარ შემთხვევაში ვერ მოახდენდა ზეგავლენას ლარზე. ლირის გაუფასურებით გამოწვეულ იმპორტის ზრდას თურქეთიდან და შესაბამისად ქვეყნიდან მეტი ვალუტის გადინებას ხანგრძლივი პერიოდი სჭირდება. მაგრამ წინა წლებშიც, როდესაც ლარის დევალვაციას ლირას უკავშირებდნენ, არ მომხდარა თურქეთიდან იმპორტის იმ ოდენობით ზრდა, რომ ლარის გაუფასურებაზე მოეხდინა ზეგავლენა.

ლირის გაუფასურებას ლარზე მხოლოდ ერთადერთი ზეგავლენა შეეძლო მოეხდინა და ეს არის მოლოდინების ეფექტი, რომელიც ვალუტის გაუფასურებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.  ასევე მთავრობა წლების განმავლობაში ვერ ახერხებს  სწორი პრევენციული პოლიტიკის გატარებას, რომელიც უზრუნველყოფს, როგორც შიდა ასევე გარე მოსალოდნელი საფრთხეების ზემოქმედების შესუსტებას და სტაბილური გაცვლითი კურსის შეინარჩუნებას.

რა ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას თქვენი აზრით მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის გასამყარებლად?

იმისთვის, რომ კურსი დასტაბილურდეს და თავიდან ავიცილოთ ლარის უფრო მეტად გაუფასურება, საჭიროა ინტერვენცია, როგორც ეროვნული ბანკის, ასევე ფინანსთა სამინისტროს მხრიდან. ეროვნულ ბანკმა უნდა გაზარდოს რეფინანსირების განაკვეთი, რათა შეამციროს ფულის მასა და ასევე  შეუძლია გამოიყენოს რეზერვები გაუფასურების შესაჩერებლად. რაც შეეხება მთავრობას, იმისათვის, რომ წინა წლების მსგავსად, არათანმიმდევრული ხარჯვის გამო, წლის ბოლოს არ მოხდეს ლარის კიდევ უფრო მეტად გაუფასურება, საჭიროა ფინანსთა სამინისტრომ გადახედოს და დააკორექტიროს საბიუჯეტო ხარჯები.

ბოლო პერიოდის  განმავლობაში ხშირად გვესმის პრესით და ტელევიზიით მოსაზრება, რომ ბანკები და მხოლოდ ბანკები არიან დამნაშავენი საქართველოში მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებაზე. ეთანხმებით თუ არა ამ მოსაზრებას?

აღნიშნულ მოსაზრებას არ აქვს არავითარი საერთო რეალობასთან. დღეს არსებულ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, თავისი გამომწვევი ეკონომიკური ფაქტორები გააჩნია – ისეთი როგორიცაა, დაბალი ეკონომიკური ზრდა, გაუფასურებული ლარი, გაძვირებული პროდუქცია, არასახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა კლება  და ასე შემდეგ.

როგორ ფიქრობთ, რა განაპირობებს ფინანსურ-საკრედიტო ბაზარზე  კომერციული ბანკების მიერ შეთავაზებულ პროდუქტებზე ქართველი მომხმარებლის მხრიდან ასეთ მაღალ მოთხოვნას. რა ფაქტორებით არის იგი განპირობებული?

როგორც უკვე ავღნიშნეთ, მრავალმა ეკონომიკურმა ფაქტორმა განაპირობა ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება. დღეს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა ერთ სულ მოსახლეზე , გამოხატული მყარ ვალუტაში,  არის იმაზე ნაკლები ვიდრე იყო 2014 წელს. UNICEF-ის ბოლო კვლევაც ადასტურებს ქვეყანაში სოცალური მდგომარეობის გაუარესებას. კერძოდ,  2015 წელთან შედარებით ქვეყანაში გარზდილია, როგორც ზოგადი, ასევე უკიდურესი სიღარიბე. კვლევის მიხედვით, ჩვენი ქვეყნის ყოველი მეხუთე მოქალაქე დღეს ღარიბია.  შესაბამისად მოქალაქეები, გაუარესებული ეკონომიკური პირობების გამო  ყოველდღიური საჭიროებების უზუნველსაყოფად და ხშირ შემთხვევაში, არსებობისათვის საჭირო სახსრების მოსაპოვებლად მიმართავენ ბანკებს.

რამდენად მწვავეა ქვეყანაში ჭარბვალიანობის პრობლემა და როგორ ახსნიდით მას? და თუ მწვავედ დგას ეს პრობლემა, მაშინ რაში ხედავთ გამოსავალს?

საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2015 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ყოველ 1000 კაცზე 676 მოსახლეს აქვს ბანკის ვალი. ის ფაქტი, რომ ადამიანი სესხულობს ბანკიდან თანხას, იმისათვის, რომ გარკვეული მოთხოვნილებები დაიკმაყოფილოს დღეს და გადაიხადოს ხვალ, ეს ფაქტი და პრაქტიკა ცუდი არ არის. მაგრამ პრობლემა ჩვენს შემთხვევაში სხვაა. თუ რამდენად ახერხებენ მოქალაქეები ბანკის ვალის გასტუმრებას. იმ ფაქტს, რომ მოსახლეობა ვერ ახერხებს აღებული ვალდებულებების გასტუმრებას, ადასტურებს ბანკების მიერ ჯარიმებიდან მიღებული მზარდი შემოსავალი. 2017 წელს  7 მილიონი ლარით გაიზარდა და 77 მილიონს მიაღწია კლიენტებზე დაკისრებული ჯარიმებიდან და საურავებიდან მიღებულმა შემოსავლებმა, რაც თავისთავად მეტყველებს ძალიან დაბალ გადახდისუნარიანობაზე. სიტუაციიდან გამოსავალის ძიებას ისევ მივყავართ მაღალ ეკონომიკურ ზრდასა და ქვეყანაში ზოგადი ეკონომიკური მდგომარების გაჯანსაღებასთან.

ხშირად გვესმის ბანკის კლიენტებისგან, რომ კრედიტზე პროცენტი ძალიან მაღალია. როგორ ფიქრობთ რით არის ეს განპირობებული. შეიძლება საქართველოს ფინანსურ-საკრედიტო ბაზარი ოლიგოპოლიურია და კარტელურ გარიგებებს აქვს ადგილი და შესაბამისად სესხზე ფასი მონოპოლიურია, თუ თქვენი აზრით არის კიდევ სხვა მოქმედი ფაქტორები?

ევროპის ქვეყნებთან შედარებით,  საქართველოში საბანკო სესხი  „ძვირია“.  ის თუ რამდენი უნდა იყოს სესხის განაკვეთი, ამას არეგულირებს კაპიტალის ბაზარი, სადაც ერთ მხარეს ისინი დგანან ვინც ზოგავს, ხოლო მეორე მხარეს ის ვინც სესხულობს. საქართველოში , სესხის პროცენტის გარდა, ასევე მაღალია დანაზოგზე დარიცხული საპროცენტო სარგებელიც. შესაბამისად, ბანკი, რომელიც შუამავალია ამ გარიგებაში, თუ ძვირად სესხულობს თანხას (ანაბრები) , ასევე ძვირად გადაასესხებს მას (სესხები) და მისი იაფად გასესხება შეუძლებელი ხდება. ეს განსაზღვრავს სესხის „სიძვირესაც“. ამის გარდა, თქვენ სწორად აღნიშნეთ, საპროცენტო განაკევთზე გავლენას ახდენს ბაზარზე ბანკებს შორის კონკურენციის დონე. 2017 წლის მონაცემებით, საქართველოს ბაზარზე 16 კომერციული ბანკი ოპერირებდა, მაგრამ მთლიანი სექტორის  მოგების 87%  მხოლოდ 4 ბანკზე მოდის. შესაბამისად, ეს ოთხი ბანკი თავისებურად ახდენს ზეგავლენას და განსაზღვრას საბანკო სექტორის  მთავარ ტენდენციებსაც. საპროცენტო განაკვეთზე ასევე მოქმედებს ინფლაციის დონე და პოლიტიკური რისკები (როგორც საშინაო ასევე საგარეო).

ცალკე განხილვის საგანია ასევე ის ფაქტი, რომ გაცხადებული და ეფექტური საპროცენტო განაკვეთები რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისაგან და საკმაოდ მაღალი ბანკის მომსახურების საკომისიოები.

სწორად მიგაჩნიათ თუ არა მოსაზრება, რომ კომერციულმა ბანკებმა­ კრედიტი უნდა გასცენ არა გირაოს უზრუნველყოფით, არამედ  კლიენტების შემოსავლების მიხედვით?

აღნიშნული პოლიტიკა გრძელვადიან პერსპექტივაში იქნება უარყოფითი ეკონომიკური შედეგების მომტანი. ჩვენ მოქალაქეებს ვუზღუდავთ თავისუფალ ნებას, საკუთარი უძრავი ქონების სანაცვლოდ, გარკვეული პერიოდით მიიღონ ფულადი სახსრები/სასტარტო კაპიტალი და შემდგომ მოახდინონ მათი ბიზნესში/წარმოებაში ინვესტირება და შექმნან დამატებითი დოვლათი. შემოსავლების მიხედვით გაცემული სესხების მოცულობა,  ვერ უზრუნველყოფს ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის ზრდას, ვინაიდან ყველამ კარგად ვიცით, რომ დღეს საქართველოში საშუალო ხელფასი 1000 ლარის ფარგლებშია.

აღნიშნული რეგულაცია რეალურად არ იმუშავებს, ვინაიდან ბანკები თუ აღარ გასცემენ სესხს  უძრავი ქონების უზრუნველყოფით, ბაზარზე გამოჩნდებიან კერძო სუბიექტები, რომლებიც დიდი ალბათობით უფრო მაღალ პროცენტად გაწევენ იმავე მომსახურებას, რაც რეალურად უფრო სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანს.

დღეს მომხმარებელთა მხოლოდ 44% მიმართავს ბანკებს ბიზნესსესხის გამოსატანად. კლიენტების 56% სამომხმარებლო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად აკითხავს ბანკს. თქვენი აზრით რა უნდა გააკეთოს ა) სახელმწიფომ,  რომ ბიზნესსესხებზე მოთხოვნა გაიზარდოს, ბ) კომერციულმა ბანკმა და გ) ეროვნულმა ბანკმა?

2017 წლის მონაცემებით, საშუალო წლიური საბაზრო საპროცენტო განაკვეთი ლარში გაცემულ სესხზე ხოლო იურიდიული პირებისათვის 11,4% იყო, რაც დამეთანხმებით,  არც ისე დაბალი პროცენტია ბიზნესისათვის. ამავდროულად, რაც ყველაზე საგანგაშოა, ბანკები აფინანსებენ ეკონომიკაში მოხმარებას და არა წარმოებას. შესაბამისად, იმისათვის, რომ მეტ ადამიანს გაუჩნდეს საკუთარი საქმის წამოწყების სურვილი, ხოლო უკვე არსებულმა ბიზნესებმა გააფართოონ წარმოება,  მთავრობამ, უნდა გადახედოს საგადასახადო განაკვეთებს. მაგალითისთვის მთავრობას შეუძლია იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების წლიური ჯამური ზედა ზღვარი გაზარდოს, რაც საშუალებას მისცემს პირებს ისარგებლონ შეღავათიანი საგადასახდო პირობებით. კომერციულმა ბანკებმა უნდა გადახედონ ბიზნეს სესხებზე საპროცენტო განაკვეთს და დამატებითი რეგულაციების შემოღების ნაცვლად (რაზეც წინა ნაწილში ვისაუბრეთ) წაახალისონ ბიზნესის წამოწყება და იფიქრონ, რომ თითოეული მათ მიერ დაკრედიტებული ბიზნესი მათი პარტნიორია და არა კლიენტი, იფიქრონ მათ განვითარებაზე, რაც  გრძელვადიან პერსპექტივაში პოზიტიურად აისახება, როგორც ბიზნესებზე ასევე ბანკებზე.

თქვენი აზრით არის ისეთი ფუნქცია, რომელსაც თქვენი აზრით კომერციული ბანკები უნდა ასრულებდნენ ქვეყნის განვითარების საქმეში და დღეს ვერ  ან არ ასრულებენ?

თუ გადავხედავთ მონაცემებს ვნახავთ, რომ დღეს ბანკები აფინანსებენ ძირითადად იმპორტს და არა ადგილობრივ წარმოებას, აფინანსებენ ეკონომიკაში მოხმარებას და არა წარმოებას.  ქვეყნის სწრაფ და სტაბილურ განვითარებას კი სჭირდება წარმოების დაფინანსება და ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობა.

ანა დიდი მადლობა საინტერესო ინტერვიუსთვის!

ავტორი
ალექსი ნონიაძე
სააგენტო “პარალელის” ექსპერტი, ანალიტიკოსი