პარასკევი, მაისი 16, 2025
8.8 C
Tbilisi
Home Blog Page 1874

დღე, როცა ვერ მოჰკლეს ილია…

2018 წელი, 12 სექტემბერს გაიმართება ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც მიმდინარე წელს მეხუთედ ხორციელდება.

   

 პროექტის ორგანიზატორები არიან საზოგადოებრივი და შემოქმედებითი გაერთიანება „ეროვნული იმპერატივი“ და „ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდი“, რომლებიც მეხუთე წელია ახორციელებ ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დღისადმი მიძღვნილ, ყოველწლიურ სოციო-კულტურულ პროექტს „დღე როცა ვერ მოჰკლეს ილია“. პროექტის ფარგლებში თბილისის მასშტაბით, არა ერთი ღონისძიებაა დაგეგმილი.

პროექტის წლევანდელი ფორმატი:

13:00 – ღონისძიების გახსნა – თბილისში, სიონის ტაძრის ეზო  (საიდანაც გამოასვენეს ილია ჭავჭავაძე 1907 წლის 9 სექტემბერს – ძვ.სტლ.) – საზოგადოებას სიტყვით მიმართავენ გიორგი კეკელიძე /მწერალი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი/, მზია ხეთაგური /პოეტი, მწერალი/ ისაუბრებენ ილიას ხსოვნის და მისი მოღვაწეობის მნიშვნელობაზე მომავალი თაობებისათვის;

14:00მსვლელობა – სიონის ტაძრიდან პროცესია ფეხით გაემართება მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონისაკენ (იმ გზაზე რა გზითაც ილიას ცხედარი ააბრძანეს მთაწმინდაზე). გზად მსვლელობის პროცესს, ფონად გაჰყვება ილიას ნაწარმოებების ჩანაწერები, სხვადასხვა მოღვაწეების მიერ ილიაზე წარმოთქმულ სიტყვათა ჩანაწერები (რასაც რეპროდუქტორში მოისმენს ნებისმიერ გამვლელიც კი);

15:00ღონისძიება მთაწმინდის პანთეონში – გაიმართება ლიტერატურულ-თეატრალიზებული ინტერმედია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მწერლები: თამურ ჩალაბაშვილი, ტარიელ ხარხელაური, ელგუჯა მარღია, თინათინ მღვდლიაშვილი და მსახიობები: დარეჯან ხაშილაძე და ია სუხიტაშვილი/რუსთაველის თეატრი/, ქეთევან შერვაშიძე, ქეთი ქიტიაშვილი, გიორგი იარაჯული /ნ. დუმბაძის სახ. თეატრი/, მზია ტალიაშვილი/ახმეტელის თეატრი/.

დაჯილდოების ცერემონია – „ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდის“ ჯილდოთი – „ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემია-საზოგადოების განვითარებისათვის გაწეული ღვაწლისათვის“ – დაჯილდოების ცერემონია  (სკულპტურის ავტორი – მხატვარი, მოქანდაკე გია ჯაფარიძე) რომელიც წელს მეორედ გაიცემა (დაფუძნდა გასულს წელს, ილიას 180 წლის საიუბილეო წელს, როგორც ყოველწლიური პრემია და პირველად გადაეცა კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს);

17:30დასკვნითი ღონისძიება – დამსწრე აუდიტორია და დევნილი მოზარდები დაათვალიერებენ ილიას სახლ-მუზეუმს და ჩაერთვებიან თბილისის მუზუმების გაერთიანების შემეცნებით პროგრამაში „მუსიკა ილია სახლში“ და „ცოცხალი სურათები“.

 

ონისძიების ყველა ეტაპზე, მსურველთათვის დასწრება თავისუფალი იქნება.

 

სოციალური პასუხისმგებლობა:

პროექტის ყველა ღონისძიებაზე დასაწრებად ჩამოგვყავს 2008 წლის ომის შედეგად შიდა ქართლიდან დევნილი მოზარდები კარალეთის, მოხისის, ფრეზეთის და შაუმიანის კომპაქტურ დასახლებებიდან (150 მოზარდი).

პროექტის მიზანია: ილია ჭავჭავაძის სახელის პოპულარიზაცია, მისი იდეების საჯარო დამკვიდრების სტიმულირება, ილიას მოღვაწეობის საბჭოთა პოლიტკონიუნქტურის გარეშე გადააზრების ხელშეწყობა, ეს ყოველივე საჯარო, სანახაობრივი და შემეცნებითი აქტივობებით იქნება მოწოდებული. 2008 წლის ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით, პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები, ანტიოკუპაციური შინაარსით იქნება დატვირთული და აქცენტი გაკეთდება რუსული ჩაგვრის წინააღმდეგ ილიას მოღვაწეობის წარმოჩენაზე. პროექტის ავტორია რეჟისორი, საზოგადოებრივი აქტივისტი გიორგი სავანელი.

პროექტის მხარდამჭერები არიან :

თბილისის მერიის ღონისძიებების დეპარტამენტი;

საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული მოძრაობა „დავითიანნი“;

სოციალური ნაწილის მხარდამჭერები:

შპს „ნაყინი – ლიდერი XXI“

შპს „საირმე მინერალ ვოთერს“

ტელეკომპანიები: „იბერია“, „ერთსულოვნება“.

საინფორმაციო პორტალები: „კვირა“, „ლიბერალი“, „არტინფო“.

საპროტესტო აქციების ახალი ტალღა რუსთაველზე: ზაზა სარალიძემ და მალხაზ მაჩალიკაშვილმა შიმშილობა დაიწყეს

3 თვის შემდეგ ისევ განაახლეს აქციები შვილმოკლულმა მამებმა და სრულიად საქართველოს, განურჩევლად რელიგიისა თუ პროფესიისა, მოუწოდეს მხარდაჭერისთვის.

მალხაზ მაჩალიკაშვილი: “როგორც ხედავთ, 3 თვის შემდეგ ისევ მოგვიწია ქუჩაში გამოსვლა, იქედან გამომდინარე, რომ არანაირი სამართალი არაა და გვექნება თხოვნა ყველა ქართველისადმი, საქართველოში მაცხოვრებელი ადამიანებისადმი, გამოვიდნენ და დაგვიდგნენ გვერდში, იმისთვის რომ, ბოლოდაბოლოს დაისაჯონ ის ადამიანები, ვინც მე, ჩემთან ერთად ზაზაც და დანარჩენებიც ჩაგვყარეს ამ შავ დღეში“.

მალხაზ მაჩალიკაშვილი მოუწოდებს საზოგადოებას მხარში დგომისკენ, რომ არ გაგრძელდეს მსგავსი დანაშაულები და ამ დანაშაულების დაფარვა.

მე ქართველი ერის წინაშე თავს დავდებ, რომ არ იყო არც თემირლანი რამეში დამნაშავე და როგორც მე გამომაცხადეს ტერორისტად, მე არასოდეს არ მქონია ასეთი მიზნები. მე ვარ საქართველოს შვილი და ქართველების ძმა და ვიქნები ბოლომდე” – აცხადებს  მალხაზ მაჩალიკაშვილი, თემირლან მაჩალიკაშვილისა და მის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებთან დაკავშირებით

აქციის მონაწილეებს მიმართა ზაზა სარალიძემაც:

დღეს, ისევ და ისევ, 9 თვის შემდეგ, გვიწევს ქუჩაში გამოსვლა და ქუჩაში გვიწევს სამართლის ძებნა. დღეს ხელისუფლებამ უკვე გადაწყვიტა, რომ ჩემი შვილის მკვლელები უნდა იყვნენ გარეთ, დღეს ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ყველა ის თანამდებობის პირი, ვინც გააყალბა ეს საქმე, უნდა იყვნენ თანამდებობებზე, რომ არავის შეუშლია ხელი გამოძიებისთვის. თავად ხელისუფლება არის დღეს მკვლელი და მკვლელებზე ხელის დამფარებელი! მე დღეს აქედან ფეხს არ მოვიცლი, აქ ვიქნები მანამ, სანამ სამართლიანობა არ აღდგება ჩვენს ქვეყანაში“.

ამ უმკაცრესი შეფასებების შემდეგ ზაზა სარალიძე აყენებს კონკრეტულ მოთხოვნებს. კერძოდ, დაიწყოს მსჯელობა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე:

ჩემი კონკრეტული მოთხოვნა არის, რომ გადადგეს ეს ხელისუფლება! არავითარი წულუკიანი, არავითარი გახარია, ხელისუფლება გადადგეს, იმიტომ რომ ისინი დღეს მფარველობენ ამ მკვლელობებს, არა მარტო ჩემი შვილის მკვლელობას, არამედ ჩვენ ნათლად დავინახეთ რამდენი ადამიანი, რამდენი შვილი მოკლეს” – აცხადებს ზაზა სარალიძე.

თავისი გამოსვლის ბოლოს, ზაზა სარალიძემ გამოაცხადა შიმშილობის დაწყება და საქართველოს მოსახლეობას მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

გიორგი კვირიკაშვილის პოლიტიკური ბუმერანგი

გიორგი კვირიკაშვილი ქართულ პოლიტიკაში 1999 წელს გამოჩნდა და იგი გახდა პარლამენტის დეპუტატი “საქართველოს მოქალაქეთა კავშირის” სიით. 2000 წელს, პარლამენტის სხვა წევრებთან ერთად გამოეყო “მოქალაქეთა კავშირს”, შექმნეს “ახალი მემარჯვენეების” საპარლამენტო ფრაქცია, რომლის წევრიც იყო 2004 წლამდე.

2012 წლის არჩევნებში “ქართული ოცნების” გამარჯვების შემდეგ იგი გახდა ახალი ხელისუფლების სამთავრობო გუნდის წევრი – 2012-15 წლებში იყო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, 2015 წელს, რამდენიმე თვის განმავლობაში, ხელმძღვანელობდა საქართველოს საგარეო უწყებას, ხოლო 2015 წლის 30 დეკემბრიდან 2018 წლის 13 ივნისამდე ეკავა საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტი.

საინტერესო იყო კვირიკაშვილის პრემიერ-მინისტრობიდან წასვლა-არწასვლის ამბავი.

2018 წლის მარტის ბოლოს გიორგი კვირიკაშვილმა კატეგორიულად უარყო მოარული ხმები, მისი მოსალოდნელი გადადგომის თაობაზე:

ცვლილებები არის ჩვეულებრივი ამბავი. მე, ჯერჯერობით არსად წასვლას არ ვაპირებ. ძალიან მნიშვნელოვანი საქმეები გვაქვს კიდევ გასაკეთებელი. დამშვიდდით, დაწყნარდით. ქვეყანას სჭირდება სტაბილურობა და ყველაფერი კარგად იქნება“.

და მეტი დამაჯერებლობისთვის განაცხადა:

მინდა მივმართო იმ ადამიანებს რომლებიც ყვავ-ყორნებივით დასტრიალებენ კანცელარიის 11-ე სართულს, პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის გადადგომის საკითხს. მინდა გითხრათ, რომ ეს ტაიმერი რამდენიმე წელიწადი არ დარეკავს, მათი საცოდაობით აღარ ვარ, მინდა ვუთხრა გამოიძინონ და დაისვენონ კარგად

უცნაური იყო კვირიკაშვილის ეს განცხადებები. ხელისუფლების ფაქტიურად (თუ თანამდებობრივად) პირველი პირი, პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე სხვებს ამშვიდებს (რატომ?!) თუ თავს იმშვიდებს გაუგებარია…

აპრილის შუა რიცხვებში, ჟურნალისტებთან შეხვედრისას, ერთ-ერთი ჟურნალისტის შეკითხვაზე – რას იზამდა, ივანიშვილი მას თანამდებობიდან წასვლას თუ შესთავაზებდა, იმ დროს ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრი, კიდევ ერთხელ შეეცადა მეტი დამაჯერებლობა შეეძინა აღნიშნულ თანამდებობაზე, დიდი ხნის განმავლობაში დარჩენას:

არ გაგცემთ ამ კითხვაზე პასუხს, იმიტომ რომ ასეთი რამ გამორიცხულია. მე არ ვაპირებ არსად წასვლას. გამაჩნია ძალიან ჯანსაღი ამბიცია. მე ვარ დღეს იმ ასაკის, როცა გარკვეული გამოცდილება დამიგროვდა, მაქვს მართვის გამოცდილება, მაქვს საერთაშორისო გამოცდილება,  ამიტომ მე ვფიქრობ რომ ჩემი ქვეყნისთვის შემიძლია ძალიან მნიშვნელოვანი ბიძგის მიცემა განვითარების კუთხით, მე მჯერა ამისი. მე მჯერა, რომ ჩვენ შევკრებთ იმ  გუნდს, ახლანდელ თანაგუნდელებთა ერთად, მნიშნველოვან შედეგს დავდებთ ჩვენს ქვეყანაში და ამას ყველა დაინახავს“.

შემდეგ 2 თვიანი ერთგვარი ნერვების თამაში და მკითხაობა – დაატოვებინებს თუ არა კვირიკაშვილს თანანმდებობას ივანიშვილი? და დადგა “ნანატრი” დღეც. 2018 წლის 13 ივნისს ბრიფინგი გამართა გიორგი კვირიკაშვილმა, საზოგადოებას ანგარიში ჩააბარა გაწეული საქმიანობის შესახებ, ხაზი გაუსვა დაპირისპირებას მასსა და “ქართული ოცნების” გუნდს შორის, ბოლოს კი გადადგომის თაობაზე ამცნო:

როგორც იცით, გუშინ გაიმართა მმართველი პოლიტიკური ძალის შეხვედრა, რომლის შემდეგ გაკეთდა საჯარო განცხადებები. ჩემსა და მმართველ გუნდს შორის, გარკვეული მიმართულებებით, აზრთა სხვადასხვაობა გამოიკვეთა. კონკრეტულად, საუბარი იყო ჩემი მეთაურობით მთავრობის მიერ გატარებულ ეკონომიკურ პოლიტიკასთან დაკავშირებით. ასევე, მინდა აუცილებლად აღვნიშნო, რომ, განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში, იყო რიგი ფუნდამენტური საკითხებისა, რომლებშიც პარტიის თავმჯდომარესთან განსხვავებული მოსაზრებები და პოზიციები მქონდა“.

ჩემთვის ეს თანამდებობა ყოველთვის იყო მხოლოდ და მხოლოდ ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა, რაც კი შეიძლება ადამიანს, მოქალაქეს დაეკისროს და ყოველთვის ვცდილობდი, უდიდესი პატივის გრძნობით მეტარებინა ეს უდიდესი პასუხისმგებლობა მთელი ამ ხნის განმავლობაში. 

მე ვეცადე, ვყოფილიყავი თითოეული მოქალაქის პრემიერ-მინისტრი. დიახ, მიმიღია გადაწყვეტილებები საკუთარი თავის საზიანოდ, მაგრამ ყოველთვის, მთელი გულით მჯეროდა და მჯერა, რომ ყველა გადაწყვეტილება, ყველა ნაბიჯი იყო ჩემი ქვეყნის, ჩემი სამშობლოს სასიკეთოდ ნაკარნახევი, იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში სიტუაცია უკეთესობისკენ შეგვეცვალა. 

მე ყოველთვის ვიყავი და ვარ გუნდური მოთამაშე. აქედან გამომდინარე, ვხედავ გუნდში განწყობებს და, რა თქმა უნდა, მივიღე ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩემს სიტუაციაში უნდა მიეღო ნებისმიერი გუნდის ხელმძღვანელს. მე ვტოვებ დღეს ჩემს თანამდებობას.”

საყურადღებოა, რომ ჯერ კიდევ წინა დღისით, “ქართული ოცნების” მთავარ ოფისში რამდენიმე საათიანი შეხვედრის შემდეგაც, რომელსაც ესწრებოდნენ პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, პოლიტსაბჭოს და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, არაფერი თქმულა კვირიკაშვილის შესაძლო გადადგომის თაობაზე.

აი ასეთი პოლიტიკური ბუმერანგი დატრიალდა გიორგი კვირიკაშვილის თავზე.

გიორგი ვაშაძე: “სამარცხვინოა, როცა ქვეყანაში იუსტიციას ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელიც არის პირველი კანონდამრღვევი და ყველა სტანდარტს არღვევს საარჩევნო პროცესებისას”

7 სექტემბერს გამართულ უწყებათაშორისო კომისიის სხდომას ეხმიანება გაერთიანებული ოპოზიციის – “ძალა ერთობაშია”, საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე და ამ თემას მიუძღვნა საგანგებო ბრიფინგი.

გუშინ ჩვენ ვნახეთ საგანგაშო განცხადებები უწყებათაშორისი კომისიის ხელმძღვანელის, წულუკიანის მხრიდან. როგორც ჩანს მას ავიწყდება, რომ ის არ წარმოადგენს „ქართული ოცნების“ შტაბს, ამ კომისიაში და ეს უწყებათაშორისი კომისია შექმნილია იმისთვის, რომ პირიქით უზრუნველყოფილი იყოს სამართლიანი საარჩევნო გარემო. მაგრამ, სამწუხაროდ, პირველივე სხდომებიდან მან აბსოლიტურად არაადეკვატური განცხადებები და გადაწყვეტილებები მიიღო. ჯერ უარი თქვა მედიის დაშვებაზე ამ სხდომებზე, არადა მათი ვალდებულებაა უზრუნველყოს საჯაროობა ამ კუთხით, შემდეგ თავს დაესხა სამოქალაქო სექტორს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას და გარჩევები დაუწყო პირდაპირ სამოქალაქო სექტორს, მათ განცხადებებთან და დაკვირვებებთან დაკავშირებით“.

გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, რომ წულუკიანმა დაცვა დაახვედრა კომისიაში შემავალ წევრებს და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის გარდა ყველას ჩამოართვა მობილური ტელეფონები.

ფაქტობრივად მან ჩამოაყალიბა პოლიციური რეჟიმი, ამ უწყებათაშორის კომისიაზე და აუკრძალა ყველას ტელეფონებით შესვლა კომისიის სხდომაზე. მე მინდა ერთი რამ ვთქვა, რომ, სხვათაშორის გუშინვე, მხოლოდ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ტელეფონით იმყოფებოდა ამ სხდომაზე, ყველა დანარჩენს კი აკრძალული ჰქონდა“.

ამასთან დაკავშირებით გიორგი ვაშაძე უშუალოდ თეა წულუკიანს მიმართავს:

კარგად გაიაზრეთ თქვენი ფუნქცია, რომელიც გაქვთ – თქვენ არ ხართ „ქართული ოცნების“ იუსტიციის მინისტრი, თქვენ არ ხართ ივანიშვილის უწყების რაღაცა კომისიის ხელმძღვანელი,  თქვენ ხართ ჩვენი, მათ შორის ჩემი და თითოეული საქართველოს მოქალაქის გადასახადებით დაქირავებული ადამიანი, რომელმაც უნდა შეასრულოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები. და მაინტერესებს – რომელი კანონის ნორმა კრძალავს ტელეფონებით შესვლას ამ შეხვედრაზე?

გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, ყოველივე ამაში ხედავს არჩევნების გაყალბებისკენ მიმართულ ძალისხმევას და ამასთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას და მიმართავს ხელისუფლებას.

ჩვენ ბოლომდე ჩამოვხსნით ფარდას თქვენს მოქმედებას, რომელიც გაყალბების სისტემას აყალიბებს საარჩევნო პროცესში და ერთ პირობას გაძლევთ, რომ არ მოგცემთ უფლებას გამოიყენოთ თქვენი თანამდებობები ბოროტად. ჩვენ მძლავრად ვართ მომზადებული და პირველი, რისიც თქვენ შეგეშინდათ, შეგეშინდათ სწორედ იმ არგუმენტირებული პოზიციების, რომელსაც ჩვენ წარვადგენდით ამ კომისიაზე”.

გიორგი ვაშაძე კიდევ ერთხელ მკვეთრად ნეგატიურად აფასებს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ქმედებებს და სამარცხვინოს უწოდებს მათ.

სამარცხვინოა, როცა ქვეყანაში იუსტიციას ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელიც არის პირველი კანონდამრღვევი და ყველა სტანდარტს არღვევს საარჩევნო პროცესებისას. ჩვენ, არ გეგონოთ, რომ პროტესტის ნიშნად რამეს დავტოვებთ, არ გეგონოთ რომ კომფორტს შეგიქმნით ამ კომისიაში მუშაობით, დღეიდან გაორმაგებული ძალისხმევით კიდევ ერთხელ დავანახებთ საზოგადოებას თქვენ რეალურ სახეს და პირობას გაძლევთ ამ არჩევნებს თქვენ ვერ გააყალბებთ, 28 ოქტომბერს აუცილებლად დამარცხდებით. ძალიან კარგად მესმის თქვენი შიშები – თქვენ გეშინიათ გაერთიანებული ოპოზიციის და გეშინიათ ერთიანი ძალის – “ძალა ერთობაშია” ბლოკის და თქვენ გეშინიათ გრიგოლ ვაშაძის, რომელიც მართლაც ღირსეული კანდიდატია და აუცილებლად გაიმარჯვებს ამ არჩევნებზე”.

 

ირაკლი კობახიძე ეხმიანება კახა კალაძის განცხადებას

თბილისის მერის განცხადებას ეხმიანება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე:

“მინდა გამოვეხმაურო თბილისის მერის, კახი კალაძის დღევანდელ განცხადებას უცხოელებზე ბინადრობის ნებართვის გაცემის წესის რეგლამენტაციის შესახებ.

ეს არის ეროვნული ინტერესების დაცვის თვალსაზრისით, ძალზე მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელსაც პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე განიხილავს. აუცილებლად აღმოიფხვრება ის ხარვეზები, რომლებიც მანიპულაციის გზით ბინადრობის ნებართვის მიღების შესაძლებლობას ქმნის. ამავდროულად, საქართველო დარჩება ღია უცხოელებისთვის, რომლებსაც სურთ, კანონმდებლობის დაცვით, ჩვენს ქვეყანაში იცხოვრონ და აწარმოონ საინვესტიციო საქმიანობა.”

 

შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ შემდეგი სახის განცხადება გააკეთა:

“საქართველოში ბინადრობის უფლების მოპოვების თაობაზე კანონმდებლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევა.

ჩვენ მივესალმებით და არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო, უცხო ქვეყნის მოქალაქეები ჩამოვიდნენ საქართველოში, აწარმოონ კანონიერი ეკონომიკური საქმიანობა, მიიღონ განათლება, მაგრამ კანონი და წესი შესაბამისობაში უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის ინტერესებთან. ამ საკითხთან დაკავშირებით მქონდა საუბარი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან. ასევე, ვესაუბრე კანონის ინიციატორებს ილია წულაიას და გოჩა ენუქიძეს. პარლამენტში განხილვა უკვე მოხდა და მინდა პარლამენტარებს მივმართო, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს ეს ცვლილებები. გვინდა, რომ 35 000 დოლარის ნაცვლად, ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად მოთხოვნილი იქნეს 100 000 დოლარის ღირებულების უძრავი ქონება. ასევე, იმ შემთხვევაში თუ პირი, რომელმაც მიიღო ერთწლიანი ბინადრობის უფლება, გაასხვისებს ან გადასცემს სხვას თავის ქონებას, ბინადრობის უფლებას დაკარგავს. ანუ შეუძლებელი იქნება ერთი უძრავი ქონებით რამდენიმე ადამიანმა ისარგებლოს.

არსებული კანონმდებლობით ერთწლიანი ბინადრობის მოწმობის მისაღებად უცხო ქვეყნის მოქალაქემ უნდა შეიძინოს 35 000 დოლარის ღირებულების უძრავი ქონება, თუმცა კანონში ხარვეზია.

ხარვეზი მდგომარეობს იმაში, რომ თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე შეიძენს საქართველოში 35 000 დოლარის ღირებულების უძრავ ქონებას, ის იღებს ერთწლიანი ბინადრობის უფლებას, მაგრამ თუ ამ საკუთრებას გადასცემს სხვას, ისიც მოიპოვებს ბინადრობის მოწმობას. ძალიან ბევრია შემთხვევები, როდესაც ერთი ადამიანი ბინას ყიდულობს, შემდეგ სხვა პიროვნებებზე ფიქტიურად გადააფორმებს და ისინიც ანალოგიურად იღებენ ბინადრობის უფლებას. ე.წ. კარუსელს ატრიალებენ, რაც ჩვენთვის მიუღებელია.

დღეს მოქმედი წესით თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე 300 ათასი ლარის ოდენობის ინვესტიციას განახორციელებს, მას განუსაზღვრელი ვადით ბინადრობის უფლება ენიჭება, რაც შეიცვლება.

ჩვენი ინიციატივაა, რომ 300 ათასი ლარი 300 ათასი დოლარით, ხოლო მუდმივი ბინადრობის უფლება 5-წლიანი ბინადრობის უფლებით შეიცვალოს. ვფიქრობ, რომ კანონში არსებული ხარვეზების გამოსწორება ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან და ეროვნული უსაფრთხოებიდან გამომდინარე. მე დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტიც მხარს დაგვიჭერს.

🔹კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით ზედამხედველობის სამსახურში შემოვიდა ზარი და მაშინვე მოხდა რეაგირება. მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არსებობს პრინციპები, რომელსაც არ უნდა გადავაბიჯოთ. ჩვენ ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ქალაქში გვაქვს მწვანე სივრცეების პრობლემა. სახეზეა ყველაფერი ის, რაც ბოლო 20 წლის განმავლობაში ხდებოდა დედაქალაქში. ვფიქრობ, ამ რეალობის გამოსწორება მერიამ, მოსახლეობამ და დეველოპერებმა, ყველამ ერთად უნდა შევძლოთ. ეს კონკრეტული პროექტი უნდა განხორციელებულიყო მწვანე სივრცეში, ფოტომასალაც არის, მწვანე ზონაში ჰქონდათ მშენებლობის ნებართვა. ჩვენ გავაბათილეთ აღნიშნული ნებართვა. რა თქმა უნდა, არ უნდა დაზარალდეს მესაკუთრე, რომელიც არის ამ ფართის კეთილსინდისიერი მყიდველი. შესაბამისად, საქმის მოგვარება უნდა მოხდეს ცივილურად.

🔹რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც თითქოს ზედამხედველობის სამსახური გარემოვაჭრეებს არბევდა. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ჩვენ არავის ვართმევთ მოსავალს, ჩვენ ვიცავთ კანონს და ქალაქს. ეს კანონი დღეს არ მიგვიღია და მე არ მიმიღია. თბილისში გარევაჭრობა კანონდებლობით აკრძალულია და ზედამხედველობის სამსახური ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს იმისათვის, რომ თბილისში აღვკვეთოთ ყველანაირი გარე ვაჭრობა. დედაქალაქში არსებობს სავაჭრო სივრცეები იმისათვის, რომ კანონის დაცვით განხორციელდეს ეკონომიკური საქმიანობა და არავინაა შეზღუდული ამ მიმართულებით, თუმცა ცენტრალურ ქუჩებზე ამგვარი საქმიანობა კატეგორიულად მიუღებელია. თუ ჩვენ ამაზე თვალს დავხუჭავთ, ქალაქში მივიღებთ სრულ ქაოსს და განუკითხაობას. შესაბამისად, გარე ვაჭრობის აღკვეთა კანონის სრული დაცვით უნდა მოხდეს.

სოციალურ ქსელში განთავსებულ ვიდეოში გარემოვაჭრე საუბრობდა, თითქოსდა ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა მას სამარშრუტო ტაქსიდან ჩამოსვლისთანავე ჩამოართვეს მოსავალი, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. აღნიშნული პირი, მიუხედავად გაფრთხილებისა, ორი დღის განმავლობაში ახორციელებდა კანონით აკრძალულ საქმიანობას, მესამე დღეს კი, კანონის ფარგლებში მისი საქონლის კონფისკაცია განხორციელდა.

ეს ადამიანი რამდენიმე დღის განმავლობაში იდგა იმ კონკრეტულ ადგილზე და ცდილობდა ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლების გამოწვევას – მოიხსენიებდა უხეში სიტყვებით, აყენებდა შეურაცხყოფას. აშკარად ჩანდა, რომ ეს იყო პროვოკაცია. ჩვენ, რა თქმა უნდა, დავიწყეთ ამის მოკვლევა. დავავალე ჩვენს შესაბამის სამსახურებს, ოფიციალურად მივმართეთ დინამოს სტადიონის დირექციას, რომ ამოგვეღო ვიდეო კადრები, რომელსაც თქვენც მოგაწვდით, რათა ყველაფერი ნათელი იყოს. იდენტიფიცირება მოხდა ამ ადამიანის, რომელიც თავს გლეხად ასაღებდა. ის გახლავთ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი, უბრალოდ მე ახლა თავს შევიკავებ და არ გავაგრძელებ საუბარს, თუ ვინ არის და რას წარმოადგენს ეს ადამიანი. მგონი, საზოგადოება ყველაფერს მიხვდება და გაიგებს.

თუ არის საჭიროება, მივმართოთ გამგეობებს, გამოვყოთ ერთი დღე ყველა რაიონში, სადაც მოეწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ცივილურად, როგორც ბევრ ქვეყანაში ხდება ამ ტიპის ბაზრობების მოწყობა ერთი დღით. მობრძანდნენ და ყოველგვარი გადასახადის გარეშე, მივცემთ ამის შესაძლებლობას.

🔹თბილისში ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება. პროექტი გეგეშიძის ბაღიდან კეკელიძის ქუჩის ბოლომდე 1-კილომეტრიანი მონაკვეთის მოწესრიგებას ითვალისწინებს, რაშიც დედაქალაქის ბიუჯეტიდან დაახლოებით 1 მილიონი ლარი დაიხარჯება.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საავტომობილო გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია და ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა, ასევე, მოეწყობა ტროტუარები, ბორდიური, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ადაპტირებული გადასასვლელები და დამონტაჟდება ახალი, თანამედროვე განათებები.

🔹პროექტის ფარგლებში „შენი იდეა ქალაქის მერს“ მერია კიდევ რამდენიმე იდეის განხორციელების შესაძლებლობას განიხილავს.

სულ მალე ვიხილავთ დედაქალაქში ცხოველთა კვებისთვის განკუთვნილ მოწყობილობებს და ვიწყებთ ნარჩენების მართვას. ამჟამად კი განიხილება კიდევ რამდენიმე პროექტი, რომელთა შორის ერთ-ერთია სწორედ საათი „გიგანტურ ბორბალზე.

ამ იდეამ, როგორც სხვა განსახილველმა იდეებმა, დააგროვა მოწონებათა განსაზღვრული რაოდენობა, რის შემდეგაც, მე დავავალე „თბილსერვისის“ ხელმძღვანელს, ჩაეტარებინათ ბაზრის კვლევა, თუ რამდენად შესაძლებელი იყო ამ პროექტის განხორციელება და დაახლოებით, რა თანხები იქნებოდა საჭირო ამისთვის. არის ორი მსხვილი კომპანია, ვინც დაინტერესდა და გვითხრეს, რომ შესაძლებელია ამ პროექტის განხორციელება. ეს გახლავთ „ფილიპსი“ და „იგუცინი“. ჩვენ განვიხილავთ მის განხორციელებას, მიუხედავად იმისა, რომ ტელეკომპანია რუსთავი ორმა ბატონ ლევან ჯღარკავას მიერ მოწერილი წერილი საზოგადოებას მიაწოდა, როგორც გაფორმებული ხელშეკრულება, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ასეთი მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდეს. ძალიან საინტერესო იყო თვითონ ამ პროექტის ავტორის მოსაზრებაც. პროექტის აღწერაში ის მიუთითებდა, რომ გიგანტური ბორბლის საათი ქალაქის სავიზიტო ბარათად იქცევა და ტურისტული თვალსაზრისით ძალიან მიმზიდველი შეიძლება აღმოჩნდეს, რაშიც, რა თქმა უნდა ვეთანხმებით.

🔹ასევე განიხილება მთაწმინდის ფერდობზე ქართულ-ინგლისური წარწერის – „თბილისი“ განთავსების იდეა.

ვფიქრობ, ჩვენი ქალაქის ყველაზე მიმზიდველ ფონზე ეს წარწერა იქნება თვალშისაცემი და მიიქცევს ტურისტების ყურადღებას, თუმცა ამ საკითხს ჩვენ განსახილველად გავიტანთ მერიასთან არსებულ ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის საბჭოზე, რამდენადაც მთაწმინდის მთა ისტორიულ-კულტურულ ზონაში მდებარეობს და მინდა, რომ ვიკითხოთ, რამდენად შესაძლებელია ამ პროექტის განხორციელება და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას.

🔹ძალიან ბევრი ადამიანი მოგვმართავს სოციალურ ქსელში, ჩემს პირად ფეისბუქ გვერდზე, თუ რა ხდება “სვეტის” პროექტებთან დაკავშირებით. ეს არის ერთ-ერთი პრობლემური სამშენებლო კომპანია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, სამშენებლო ნებართვების გაცემასთან თვალსაზრისით, ყველანაირად დავეხმარეთ, მშენებლობას ვერ ახერხებენ. პარალელურად გამოძიება დაწყებულია. ჩვენ რამდენჯერმე გვქონდა შეხვედრა საინიციატივო ჯგუფთან და ამ ადამიანებთან კავშირი ყოველთვის გვაქვს.

როდესაც შესაბამისი სამსახურები საგამოძიებო მოქმედებებს დაასრულებენ და ჩვენი მხრიდან გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება შესაძლებელი იქნება, იცოდეთ ყველამ, რომ დედაქალაქის მთავრობის მხრიდან თანადგომა იქნება, რომ “სვეტის“ მიერ არსებული ყველა პროექტი დავასრულოთ და არცერთი დაზარალებული ადამიანი არ დარჩეს. ხალხი ემიგრაციაშია წასული, იქ შრომობს, წვალობს. იქიდან გადმორიცხული თანხებით ბინები შეისყიდეს და დღესაც გაურკვეველია, რა ბედი ეწევა.”

საოლქო საარჩევნო კომისიებში დასრულდა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის მსურველ კონკურსანტთა რეგისტრაცია

2018 წლის 6 სექტემბერს, საოლქო საარჩევნო კომისიებში დასრულდა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის მსურველ კონკურსანტთა რეგისტრაციის ვადა. ამასთან დაკავშირებით დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. ცესკოს პრეს-სპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, ცესკომ საოლქო საარჩევნო კომისიებთან ერთად კონკურსის შესახებ აწარმოა საინფორმაციო კამპანია, მათ შორის სოციალური ქსელების საშუალებითაც, დაინტერესებული მოქალაქეების ინფორმირების და მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველსაყოფად.

„73 საარჩევნო ოლქის 3 637 საარჩევნო უბანზე არსებულ 21 822 ვაკანტურ ადგილზე  შევიდა 29 797 კონკურსანტის განცხადება, საშუალოდ ერთ ვაკანტურ ადგილას 1. 37 განცხადება. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესი შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებში გაიმართება 8-12 სექტემბრის პერიოდში, ხოლო 13 სექტემბრიდან დაიწყება უფლებამოსილი, 4 საპარლამენტო პარტიის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა დანიშვნა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 3 სექტემბერს, ცესკომ უკვე მიმართა რეკომენდაციებით საოლქო საარჩევნო კომისიებს, რათა მათ  საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესში გაითვალისწინონ შემდეგი კრიტერიუმები:

  • კარგი პროფესიული და საარჩევნო გამოცდილება;
  • საარჩევნო ადმინისტრაციაში კვალიფიციურად და მიუკერძოებლად მუშაობის გამოცდილება;
  • საარჩევნო ადმინისტრაციის საგანმანათლებლო პროგრამებში, მათ შორის „საარჩევნო განვითარების სკოლა“, „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები“ და სხვა მონაწილეობა;
  • საარჩევნო ადმინისტრაციაში საქმიანობისას, ბოლო 2 წლის განმავლობაში არაერთგზის დაკისრებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების არქონა“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.

მისივე თქმით, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესი ღიაა უფლებამოსილი პირებისთვის და შესაბამის სხდომებზე დასწრება შეუძლიათ რეგისტრირებული კანდიდატის/პარტიის/საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს, დამკვირვებლებსა და აკრედიტებულ მედიას.

„ცესკო მიმართავს არჩევნებში ჩართულ მხარეებს, ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებლებს, მედიას, აქტიურად დააკვირდნენ საოლქო საარჩევნო კომისიებში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევას, რაც ხელს შეუწყობს პროცესის გამჭვირვალობას და სანდოობას. ცესკო კიდევ ერთხელ მადლობას უხდის კონკურსში მონაწილე მოქალაქეებს საარჩევნო პროცესებში ჩართულობის მზაობისთვის და დარწმუნებულია, რომ საუბნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესი წარიმართება კანონმდებლობის შესაბამისად და საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა იქნება მორიგი წარმატებული და სანდო არჩევნების მნიშვნელოვანი გარანტი“, – განაცხადა ცესკოს პრეს-სპიკერმა.

ცენტრალური საარჩევნო კომისია

ფეხბურთი, ერთა ლიგა: ყაზახეთი – საქართველო 0:2

ახალი ტიპის საფეხბურთო ჩემპიონატი –  უეფას ერთა ლიგა, რაღაც დონეზე, ბევრ ამხანაგურ მატჩს შეცვლის.

ერთა ლიგა 4 (A, B, C, D) ლიგისგან შედგება. პირველი ლიგა, ანუ ლიგა – A, ე.წ. ევროპული საფეხბურთო “გრანდების” ლიგაა – გერმანია, საფრანგეთი, ჰოლანდია, ბელგია, შვეიცარია, ირლანდია, პორტუგალია, იტალია, პოლონეთი, ესპანეთი, ინგლისი, ხორვატია. ეს გუნდები 4 ჯგუფადაა დაყოფილი და ჯგუფის გამარჯვებულები ერთმანეთს შეეჯიბრებიან საუკეთესო გუნდის სახელისთვის.

საქართველო ე.წ. “აუტსაიდერ” – D ლიგაშია, სადაც ასევე 4 ჯგუფია და აქაც გამარჯვებულები შეეჯიბრებიან ერთმანეთს წინა, C ლიგაში გადასასვლელად.

ერთა ლიგაში სულ 16 ჯგუფია, ჯგუფებში გამარჯვებული გუნდები, დამატებით, ერთმანეთს შეეჯიბრებიან და 4 საუკეთესო გუნდი (ვისაც ევროპის მომავალი ჩემპიონატის ფინალური ტურნირის საგზური არ ექნება მოპოვებული) მიიღებს პირდაპირ საგზურს ევრო-2020-ის საფეხბურთო ჩემპიონატისთვის.

საქართველოს ნაკრები, როგორც აღვნიშნეთ, D ლიგაში ასპარეზობს. ჯგუფში მასთან ერთად არიან ლატვიის, ყაზახეთისა და ანდორას საფეხბურთო ნაკრები გუნდები.

წარმატებული გამოდგა საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრების სტარტი ერთა ლიგაზე. ჩვენმა ნაკრებმა სტუმრად ყაზახეთი დაამარცხა ანგარიშით 2:0.

ერთა ლიგის საფეხბურთო ჩემპიონატზე პირველი გოლით ისტორიაში შევიდა ჩვენი ნაკრების ფეხბურთელი – გიორგი ჩაკვეტაძე.

საქართველოს ნაკრების შემდეგი თამაშები:

9 სექტემბერი, საქართველო – ლატვია
13 ოქტომბერი, საქართველო – ანდორა
16 ოქტომბერი, ლატვია – საქართველო
16 ნოემბერი, ანდორა – საქართველო
19 ნოემბერი, საქართველო – ყაზახეთი

შენიშვნა: ფოტოები, აღებულია საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერიდან

მანჩო გიორგობიანი: “ჰო დეკრიმინალიზაციას, არა ლეგალიზებას! ვერ მოგვიგებთ! შეგაკვდებით! სანამ ცოცხალი ვარ, ეს არ მოხდება, პირობას გაძლევთ!!!”

ცნობილი სამოქალაქო აქტივისტი მანჩო გიორგობიანი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ნარკოტიკების თემას ეხმაურება და საზოგადოებას აცნობა, რომ პარლამენტში კანონპროექტი შეიტანეს, აღნიშნული საკითხთან დაკავშირებით:

“ლეგალიზაციის წინააღმდეგ, დეკრიმინალიზაციიისთვის ვიბრძვით და მოგიწოდებთ ყველას დაგვიდგეთ გვერდში – ჩვენი მომავლისათვის!
კანონპროექტს ხელი მოვაწერეთ და პარლამენტში შევიტანეთ: Koba Davitashviliირმა ინაშვილი, Lali Moroshkina, Xatuna JordaniaNini KarseladzeShota GlurjidzeRevaz BenidzeKeburia George Gia Nishnianidze, @გია ლომია.., ზურაბ მახარაძე ინგა ბიწაძეLuka Davitashvili, თემურ ივანიშვილი მალხაზ თოფურია და მე, თქვენმა მონა-მორჩილმა მანჩო გიორგობიანმა…
(კობა, ხელისმომწერებიდან ვინც გამომრჩა, შემახსენე და ჩავამატებ).. ასევე, დეკრიმინალიზაციის მხარდამჭერები და ლეგალიზების წინააღმდეგ არიან პროფესიონალები, ფსიქიატრი Khatuna Chkoidze, ჰოლანდიაში მცხოვრები , ფსიქიატრ-ანალიტიკოსი, ექსპერტი ნინი ჭელიძე და ა.შ… დეკრიმინალიზაციის მომხრეა ძალიან ბევრი საღად მოაზროვნე ნარკოლოგი, ფსიქიატრ.ფსიქოლოგი, ნევროპათოლოგი, ..

ლეგალიზება უნდათ “გირჩს” “თეთრ ხმაურს” და მათ მიმდევრებს , ასევე ნარკოტიკის შემომ ოფიციალურ დილერებს- ზოგიერთს აწყობს რომ ნარკოტიკული საშულებების დიდ ბრუნვაზე იმუშაოს, გამდიდრდეს და არ დაგიდევთ შედეგებს… ზოგიერთ ე.წ. კლუბს და მათ მესვეურებს აწყობთ, რომ ბარის სტოიკებზე პირდაპირ დახლები გაშალონ და მარიჰუანის გასაღებაზე იშოვონ მილიონები და ა.შ.. მოკლედ
ასეთები ტყუილად ირჯებიან, ლეგალიზებას ვერ ეღირსებიან!..

ლეგალიზაცია დამღუპველია, ეს გამოჩნდა პორტუგალიაშიც, საადაც იმატა ნარკომომხმარებელ დეკრისიკვდილიანობამაც… მაგრამ დეკრიმინალიზაცია აუცილებელია, როგორც ყველა განვითარებულ ქვეყანაში!

ძალიან დაგვჭირდება თქვენი, საზოგადოების უდიდესი ნაწილის, თანადგომა და აქტიურობა, სხვანაირად შესაძლოა ეს ბრძოლა წავაგოთ! მალე დავიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას და ასევე, 15 სექტემბრის მერე გავმართავთ საპროტესტო აქციებსაც!

მეტი სიცხადისთვის, კიდევ ერთხელ წარმოგიდგენთ თუ რას ნიშნავს დეკრიმინალიზაცია და რას ნიშნავს ლეგალიზაცია… ორივე შემთხვევაში ნარკომანი ავადმყოფია და მას სჭირდება მოვლა-პატრონობა და არა ციხე! დეკრიმინალიზაცია ითვალისწინებს ჯანდაცვის მიერ, სამედიცინო პრეპარატად აღიარებული ნარკოტიკული საშუალებების უფასოდ, ან ხელმისაწვდომ ფასებში, დარიგებასაც, თუ ამას პაციენტი და სამედიცინო კომისია მოითხოვს…
დეკრიმინალიზაცია კრძალავს უპრაგონოდ გასაღება -გავრცელებას -კოფი-შოპებს (რაც ასევე აწყობთ კლუბების მლობელებს, გამდიდრება-განდიდების მიზნით..)… , ასევე სუბოქსინ-სუბუტექსის და მეტადონის ჩვეულებრივ აფთიაქებში ურეცეპტოდ გაყიდვა- გასაღებას ( რაც უნდა ზოგიერთი პროგრამის ხელმძღვანელს, რომ ოფიციალურადაც გაყიდოს აფთიაქებში, რადგან თვითონ არიან შემომტანები და იციან , უამრავი გაეყიდებათ!… არა ლეგალიზებას, ბევრ ნაკლოვანებებთან ერთად, რომ არ მივიღოთ იგივე შედეგი, რაც სააფთიაქო ნარკომანიაში გვაქვს!… სახელმწიფოს უჭირს აფთიაქების კონტროლი!… ყველა არა, მაგრამ ბევრი არაკეთილსინდისიერი აფთიაქია, ვინც მოზარდებზეც გასცემს ურეცეპტოდ აკრძალულ პრეპარატებს და ა.შ…
ლეგალიზაცია მორგებულია “ბარიგების” ინტერესზე, ვისაც უნდა რომ პირდაპირ “დახლებიდან” ყიდონ ნარკოტიკული საშუალებები, საკუთარი გამორჩენის და გამდიდრების მიზნით..

ჰო -დეკრიმინალიზაციას, არა ლეგალიზებას! ვერ მოგვიგებთ! შეგაკვდებით! სანამ ცოცხალი ვარ, ეს არ მოხდება, პირობას გაძლევთ!!!

დეკრიმინალიზაცია
კონკრეტული ქმედებისთვის ,,დანაშაულის” სტატუსის მოხსნა, რის შედეგადაც აღნიშნული ქმედება აღარ ითვლება სისხლის სამართლის წესით დასჯადად. ნარკოტიკებთან მიმართებაში ეს ძირითადად ეხება: მის შეძენას, შენახვასა და მოხმარებას. დეკრიმინალიზაციის შედეგად ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, შენახვა და შეძენა, ზოგ შემთხვევაში კი იმპორტი დღესაც უკანონოა, მაგრამ უკვე აღარ ითვლება სისხლის სამართლის დანაშაულად. ასეთი ქმედებებისთვის გამოიყენება ადმინისტრაციული სანქციები, მაგალითად: ჯარიმა, მართვის მოწმობის ან იარაღის უფლების დროებით ჩამორთმევა ან უბრალოდ გაფრთხილება.
Source: პოლიცია და ნარკოტიკები. (სტუდენტის სახელმძღვანელო),–ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო,–თბ,.–200

ლეგალიზაცია
კანონის ფარგლებში ისეთი საქმიანობის მოქცევა, რაც მანამდე უკანონო, აკრძალული ან მკაცრად რეგლამენტირებული იყო. ნარკოტიკებთან დაკავშირებით ეს ტერმინი ყველაზე ხშირად გამოიყენება მიწოდებასთან, წარმოებასთან, დამზადებასთან ან არასამედიცინო მიზნით გაყიდვასთან მიმართებაში.”

 

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 30 ნოემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება მარიხუანის მოხმარებასთან დაკავშირებით:

“საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ცალკე აღებული მარიხუანის მოხმარების ფაქტი, აღნიშნული ქმედების ბუნებიდან გამომდინარე,  ნაკლები საფრთხის შემცველია საჯარო ინტერესისთვის, რადგან ამ დროს მცირეა ნარკოტიკული საშუალების გავრცელების შესაძლებლობა. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ნარკოტიკული საშუალების მოხმარებას წინ უძღვის მისი შეძენა ან/და დამზადება, სასამართლომ მიიჩნია, რომ მარიხუანის მოხმარების აკრძალვა წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისკენ გადადგმულ ნაბიჯს, თუმცა სისხლისსამართლებრივი სასჯელის დაწესება იმ მიზნით რომ პირმა არ დააზიანოს საკუთარი ჯანმრთელობა წარმოადგენს სახელმწიფოსგან გამოვლენილი პატერნალიზმის ისეთ ფორმას, რომელიც არ არის თავსებადი თავისუფალ საზოგადოებასთან.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლს, ვინაიდან იგი სისხლისსამართლებრივი წესით ბლანკეტურად, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე აწესებს სისხლისსამართლებივ პასუხისმგებლობას მარიხუანის განმეორებით მოხმარებისთვის მოხმარების ადგილის, ვითარების და სუბიექტის, საზოგადოებრივი წესრიგისთვის საფრთხის რეალურობის მიუხედავად.

გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“  (კონსტიტუციური სარჩელი №732) მიღებულ იქნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის მიერ.”

უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას მოჰყვა საზოგადოების არაერთგვაროვანი შეფასება.

ქართული კულტურის ფესტივალი მინსკში – “თბილისობა 2018”

ბელორუსის დედაქალაქ მინსკში მეოთხედ გაიმართა ქართული კულტურის, უკვე ტრადიციად ქცეული, ფესტივალი. “თბილისობა 2018”-ის საპატიო სტუმრებს შორის იყო თბილისის მერი, კახა კალაძეც.

“ის ურთიერთობები, რაც ჩვენს ქვეყნებს და ქალაქებს შორის არსებობს, არის საფუძველი იმის, რომ მინსკი და თბილისი დაძმობილებული ქალაქები არიან. თუმცა, ვფიქრობ ამ ურთიერთობების გაღრმავება კიდევ უფრო მეტად შეგვიძლია. ასევე, მინდა ქართულ დიასპორას მივესალმო და წარმატებები ვუსურვო ყველაფერში. თქვენი როლი ჩვენი ქვეყნის წარმოჩინებაში არის მნიშვნელოვანი” – აღნიშნავს კახა კალაძე.

ღონისძიების მთავარი ორგანიზატორი, მინსკის საქალაქო აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე ანდრეი შორეცი:
“გვიხარია, რომ აქ ხართ და ასეთ კეთილ ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი. მინსკში თბილისობას აღვნიშნავთ. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, მინსკელებს ქართული კულტურა, სამზარეულო და ტრადიციები ვაჩვენოთ. ვფიქრობ, თქვენი ვიზიტი იქნება შემდეგი ნაბიჯი ჩვენი ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის“.

“თბილისობა 2018”-ის ფარგლებში, ბელორუსის დედაქალაქ მინსკში, გაიმართება სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება, ნაჩვენები იქნება ქართული ფილმები, ბელორუსის მაცხოვრებლები და სტუმრები გაეცნობიან ქართულ სამზარეულოს, ქართული ღვინის კუთხე კი დამატებით ხიბლს შესძენს ამ დღესასწაულს.

გიორგი მარგველაშვილი: “არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აღარ ვაპირებ, სხვა ფორმით გავაგრძელებ ჩვენი ქვეყნის სამსახურს”

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. აღნიშნული განცხადება დღეს საქართველოს პრეზიდენტმა სასახლეში ლატვიის ყოფილ პრეზიდენტთან ვალდის ზატლერსთან საჯარო ლექციაზე გააკეთა, რომელსაც სტუდენტები და აკადემიური წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

“მიხარია, რომ მაქვს შესაძლებლობა შევხვდე ქართველ სტუდენტებს, პროფესურას, საზოგადოებას, რომელსაც ვემსახურებოდი ამ ბოლო, 5 წლის განმავლობაში და სწორედ თქვენთან გავაზიარო ის ძირითადი მიზნები და მიმართულებები, რომლებიც ჩვენ გვექნება მომავალში.
ჩვენთვის ნიშანდობლივი და მნიშვნელოვანია, რომ ეს შეხვედრა, გარკვეული ანგარიშის ჩაბარება და მომავალზე საუბარი იყოს სწორედ საქართველოს რიგით მოქალაქეებთან, ახალგაზრდობასთან იმიტომ, რადგან, როგორც პრეზიდენტობის 5 წლის განმავლობაში, ასევე მანამდეც და მომავალშიც ჩემი სამსახური საქართველოს სამსახური იქნება. არ ყოფილა მომენტი, რომ მე ელიტას, ან სხვა ჯგუფს ვემსახურებოდე. ეს საქმე იწყებოდა თქვენით, საქართველოს მოქალაქეებით და გრძელდება საქართველოს მოქალაქეებით.
მინდა, სწორედ თქვენ გითხრათ იმის შესახებ,თუ რა მნიშვნელოვან პერსპექტივებს ვხედავ ჩვენი ქვეყნისთვის მომავალში, ჩვენს მეგობრებთან და პარტნიორებთან ერთად და გაგიზიაროთ ის პოზიციაც, რომ ამ არჩევნებში მე მონაწილეობის მიღებას აღარ ვაპირებ, არამედ სხვანაირად, სხვა ფორმით გავაგრძელებ ჩვენი ქვეყნის სამსახურს. რამდენიმე მნიშვნელოვანი რამ, რაც მინდა გაგიზიაროთ მომავალთან მიმართებაში: პირველი
არის ის, რომ ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია და საქართველოს მოქალაქეების გადასაწყვეტია როგორი იქნება საქართველო მომავალში. საქართველოს მოქალაქეების აქტიური ჩართულობით ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ქვეყანა იყოს თავისუფალი, დემოკრატიული და იდგეს სწორედ საქართველოს მოქალაქეების სამსახურში.
მეორე – პოლიტიკოსი, რომელიც ამ სამსახურს ჩაუდგება სათავეში, ჩემი აზრით, იგივე მთავარი გამოწვევა აქვს. მისი ერთადერთი შემკვეთი და მისი ერთადერთი ბარომეტრი, თუ როგორ უნდა ემსახუროს და როგორ უნდა იმსახუროს პრეზიდენტად, უნდა იყოთ თქვენ, საქართველოს მოქალაქეები და არა რაიმე, ან ვინმე, სხვა ადამიანი, ან ძალაუფლების მქონე ჯგუფი.
მინდა, ამ თვალსაზრისით, ხაზი გავუსვა კიდევ ერთ მნიშვნელოვან რამეს, რომელიც მომავალმა პრეზიდენტმა უნდა აკეთოს, – ეს არის ის, რომ პრეზიდენტის მიზანი უნდა იყოს გააერთიანოს და არა გახლიჩოს ერი. ეს არის ერთერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა ქართველი პოლიტიკოსისთვის. არ უნდა იყოს არცერთი მცდელობა იმისა, რომ ძალიან პატარა ერი დააპირისპიროს ერთმანეთთან. ყველა საშუალება უნდა გამონახო და ყველა ხერხი უნდა იხმარო იმისთვის, რომ ერი ძირითად ღირებულებებზე გაერთიანდეს.
და ამ გაერთიანების პროცესში არ დაკარგო ჩვენი ერისა და ჩვენი ქვეყნის მთავარი მრავალფეროვნება და განსაკუთრებულობა. ჩვენი ძალა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ვართ განსხვავებულნი, მაგრამ ამ განსხვავებულობით ვემსახურებით მთავარ ღირებულებას – ჩვენს სამშობლოს და დემოკრატიას.
დღეს მინდა მადლობა ვუთხრა ჩემს ოჯახს, რომელმაც ამ 5 წლის განმავლობაში ძალიან რთული პერიოდი გამოიარა და არც ერთხელ ჩემთვის ამის გამო პრობლემა და დისკომფორტი არ შეუქმნია.
მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს გუნდს, რომელიც ამ იდეალებს ემსახურებოდა 5 წლის განმავლობაში, მაგრამ ყველაზე დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ქართველ ხალხს და ქართულ საზოგადოებას, რადგან ამ პერიოდის განმავლობაში, მე მათგან გამორჩეული მხარდაჭერა მქონდა.
დამიჯერეთ, ძალიან ცოტა ქვეყანა მოიძებნება, სადაც მთელი პოლიტიკური ელიტა ერთ ადამიანთანაა დაპირისპირებული და ყველა მანქანას ხმარობს იმისთვის, რომ მისი დისკრედიტაცია მოახდინოს, შეარყიოს მისი მმართველობა, და აი ამ რთულ მომენტებში, არა მასმედიით, არა გამოჩენილი თუ აზრის შემქმნელი ადამიანებისგან, არამედ დუშეთისა და თბილისის ქუჩებში ჩემი მთავრი ბარომეტრი იყო ის, როგორ მხვდებოდა ხალხი და ამ განცდით ვრწმუნდებოდი, რომ მე სწორი გზით მივდიოდი თქვენთან ერთად და ამ გზას მე თქვენთან ერთად გავაგრძელებ“, – განაცხადა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.