სამშაბათი, მაისი 20, 2025
13.7 C
Tbilisi
Home Blog Page 1796

რომან გოცირიძის შეკითხვები და შალვა თადუმაძის დუმილნარევი პასუხები

საქართველოს პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენაზე ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ უზენაესი მოსამართლეობის მსურველ, მოქმედ გენერალურ პროკურორ შალვა თადუმაძესთან კითხვა-პასუხის საკმაოდ ორიგინალური მეთოდი აირჩია, თუმცაღა შეკითხვების ძირითადად დაწუნებული და იგნორირებული იყო ადრესატისგან:

შეკითხვა 1: “ბატონო შალვა, ორ ნაწილად მინდა გავყო ჩემი შეკითხვები და ამოირჩიეთ ადვილით დავიწყოთ თუ ძნელით?”. გადაწყდა ადვილით დაწყება, თუმცა გომან გოცირიძემ, მაინც, აღნიშნა, რომ “დავიწყებ ადვილით, მაგრამ ნებისმიერი ადვილი იქნება მაინც ძნელი”.

შეკითხვა 2: “რადგანაც თქვენ არაეთიკურად თვლით, რომ დაასახელოთ თანაკურსელების სახელ-გვარები, მაშინ გკითხავთ – რამდენი სტუდენტი იყო კურსზე?”, რაზეც თადუმაძემ უპასუხა – “ბევრი, რამდენიმე ათეული”.

ამის შემდეგ რომან გოცირიძე უკვე მიმართავს შალვა თადუმაძს თანაკურსელებს და მათ სახინკლეში ეპატიჟება.

მე მინდა მივმართო თქვენს კურსელებს, მეგონა იქნებოდა ჯგუფში 20 კაცი, მაგრამ თქვენ ახლა თქვით, რამდენიმე ათეული – ასი. ალბათ, მთელი ჩემი ერთი თვის ხელფასი ამით, სამწუხაროდ, აორთქლდება, მაგრამ, მე მათ ვთავაზობ, ყველას, მთელ თქვენს ჯგუფს, ვინც დაადასტურებს, რომ იყო თქვენი თანაკურსელი, ოღონდ არ მომატყოთ, მე მექნება ხელში ეს თქვენი დიპლომი, ვინც ასეთ დიპლომს მოიტანს, ზუსტად ასეთ დიპლომს, ყველას ვეპატიჟები თბილისის უმაგრეს სახინკლეში“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეკითხვა 3: “ვინ იყო სამართლიანობის ქალღმერთი?”, რაზეც თადუმაძემ უპასუხა, “ვიკიპედია არ მაქვს, თქვენ მაქედან ამოიკითხეთ”. თემიდაა პასუხი, შეახსენა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, რომ ადრე, სხვა შეკითხვაზე, უკასუხა.

შეკითხვა 4-9 (შეკითხვები “სამართლებრივი მითოლოგიიდან”):

  • რატომ აქვს თემიდას თვალები ღია და იუსტიციას თვალები ახვეული?
  • რატომ იყო სამართლიანობის ღმერთი ქალი?
  • რა ერქვა გამარჯვების ქალღმერთს? (ნიკე ერქვა, შეახსენა შეკითხვის ავტორმა )
  • თემიდა და ნიკე იყვნენ თუ არა დები?
  • რომელი ღმერთის ცოლი იყო თემიდა? (და პასუხობს – თემიდა იყო ზევსის ცოლი).
  • იგი ზევსის ცოლი რომ არ ყოფილიყო დანიშნავდა იუსტიციის მინისტრად?

მითოლოგიაში არ ვარ ძლიერიო, განაცხადა მოქმედმა გენერალურმა პროკურორმა და თან მიზანშეწონილად არ ჩათვალა ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემა.

შეკითხვა 10: თქვენ რომ “ქართუ ბანკის” იურისტი არ ყოფილიყავით, თქვენ რომ ბიძინა ივანიშვილის დაქირავებული პირი არ ყოფილიყავით, გახდებოდით გენერალური პროკურორი? გახდებოდით უზენაესი სასამართლოს წევრი? გახდებოდით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე?

რაზეც შალვა თადუმაძე პასუხობს:

„რომ არა ნაციონალური “მოძრაობის ხელისუფლება”, რომელმაც შესაძლებლობა მომცა უმძიმესი ზეწოლის ქვეშ მყოფი ადამიანების უფლებები დამეცვა, მე ვერ გავხვდებოდი ვერც გენერალური პროკურორი, ამაში თქვენი წვლილიც არის“.

შემდეგი შეკითხვები ეხებოდა მმართველობის წესის…

შეკითხვა 11-12: “რა არის პლუტოკრატია?” და პასუხობს, რომ ეს ნიშნავს მდიდრების მმართველობას. ხოლო შეკითხვეაზე “არის თუ არა საქართველოში პლუტოკრატია?”, თადუმაძე პასუხობს – “არა”. რაც აბსოლიტურ სწორ პასუხად ჩაუთვალა რომენ გოცირიძემ და დამატა, რომ საქართველოში პლუტოკრატია კი არა საქართველოში დღეს არის “ქართუკრატია”.

იყო შეკითხვა ლიტერატურიდანაც – “ვინ დაწერა დიდოსტატის მარჯვენა?”, თუმცა ეს შეკითხვაც უპასუხოდ დარჩა.

 

კრიზისიდან თავის დაღწევის ფორმულა აღმშენებლობის იდეის გარშემო გაერთიანებაშია – გიორგი ვაშაძე

8 ოქტომბერს კამპანია, სტრატეგია “აღმაშენებლის” ფარგლებში პირველი თემატური პრეზენტაცია გაიმართა. იდეის ავტორმა და “ახალი საქართველოს” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ “ივენთ ჰოლში” შეკრებილ საზოგადოებას წარუდგინა გეგმა, თუ როგორ შევქმნათ სამუშაო ადგილები და გავზარდოთ თითოეული ოჯახის შემოსავალი წარმოების განვითარების გზით. ქვეყნის ინდუსტრიული განვითარების თემატურ პრეზენტაციაზე, როგორც დაინტერესებული მოქალაქეები, ასევე დარგის სპეციალისტებიც იმყოფებოდნენ, რომლებმაც აღნიშნული გეგმა დადებითად შეაფასეს. როგორც სტრატეგია “აღმაშენებლის” იდეის ავტორები აცხადებენ, აღნიშნული გეგმა ქართულ რეალობაზეა მორგებული და სახელმწიფოს სწრაფ განვითარებას შეუწყობს ხელს. მათი განცხადებით – გეგმები და იდეები, რომელიც საქართველოსთვის ინდივიდუალურად შეიქმნა ქვეყანას კრიზისიდან თავის დაღწევაში დაეხმარება.

“სამწუხაროდ ვდგავართ იმ რეალობის წინაშე, სადაც ქვეყანაში მოსახლეობის უმრავლესობას არ აქვს სამუშაო ადგილები. სტრატეგია “აღმაშენებელი”. ეს არის ფორმულა, თუ როგორ დავამარცხოთ ის პრობლემები რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს. დავამარცხოთ ის გასაჭირი რაც დღეს ქვეყანაშია. ჩვენი მთავარი მიზანია აღმშენებლობის იდეის მიხედვით შევქმნათ ის კონკრეტული მიმართულებები და გეგმები, რაც ქვეყანაში განსავითარებელია. ყველას მინდა ვუთხრა, რომ არსებობს კრიზისიდან თავის დაღწევის ფორმულა, ამისათვის კი საჭიროა, რომ აღმშენებლობის იდეის გარშემო გავერთიანდეთ”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ სტრატეგია “აღმაშენებლის” გუნდი საზოგადოებას ქვეყნის განვითარების თემატურ გეგმებს ყოველკვირეულად წარუდგენს და როგორც ამ ახალი იდეის ავტორები აცხადებენ საქართველოს პროგრესული წინსვლის პროექტი 20 ყველაზე განვითარებული ქვეყნის მაგალითზე შეიქმნა და მასზე სტრატეგიის გუნდთან ერთად 50-მდე ქართველი და უცხოელი ექსპერტი მუშაობდა.

ჩიჩხიტურისა და უდაბნოს მონასტრებთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვა გიორგი გახარიას, დავით ზალკალიანისა და ვახტანგ გომელაურსადმი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჩიჩხიტურის და უდაბნოს მონასტრებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურსა და რელიგიურ საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელ ზაზა ვაშაყმაძეს მიმართავს.

,,მოგესალმებით პატივისცემით და მოგმართავთ, ჩვენი აზრით, მეტად მნიშვნელოვანი საკითხის გამო: საქმე ეხება ორ მნიშვნელოვან მონასტერს – უდაბნოს და ჩიჩხუტურს. იურიდიულად და კარტოგრაფიულად ყველაფერი ნათელია: საქართველოს ხელისუფლებას აზერბაიჯანის მხარესთან 1938 წლის 5-7 მარტს და 1996 წლის 13 ივნისს ორმხრივად მიღწეული აქვს შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო საზღვარი უნდა გაივლოს 1936-1938 წლებში შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის მიერ (შსსკ) გამოცემული 1:200 000 მასშტაბის რუკის მიხედვით. ორმხრივად აღიარებული ამ რუკით, „უდაბნოს“ და „ჩიჩხიტურის“ მონასტრები საქართველოს ტერიტორიაზეა დაფიქსირებული (განსხვავებით „ბერთუბნისა“, რომელიც ასევე, გარეჯის განუყოფელი ნაწილია და აზერბაიჯანის მხარეს არის მოქცეული). ამიტომაც იყო, 1991 წლის 21 აპრილის საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის N315 დადგენილებით, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე გამოთავისუფლებული პოლიგონის ფართობი (იქ, სადაც მონასტრები მდებარეობს) სხვა მიწასთან ერთად, საკუთრებაში გადმოეცა საქართველოს საპატრიარქოს. ეს საკუთრება სამართლებრივად კიდევ უფრო განმტკიცდა 2002 წლის 14 ოქტომბერს საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს ეკლესიას შორის დადებული კონსტიტუციური შეთანხმებით, სადაც ვკითხულობთ: ყველა ტაძარი, მონასტერი და მიწა, რომელზეც ისინია განლაგებული, აღიარებულია ეკლესიის საკუთრებად (7,1). ამიტომაც, ჩვენთვის სრულიად გაუგებარია აზერბაიჯანული მხარის ის ქმედებები, რომლითაც „უდაბნოს“ და „ჩიჩხიტურის“ მონასტრები 2019 წლიდან ფაქტობრივად ჩამოგვართვეს და აქ სრულიად შეზღუდეს მომლოცველებისა და ტურისტების, ასევე სასულიერო პირების ასვლა. გამოდის, რომ ამდენი ხნის რეალობა წელს ყოველგვარი ლოგიკის გარეშე შეიცვალა, რასაც ჩვენ ვერ შევეგუებით.

ვითხოვთ, ვიდრე დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესი არ დასრულებულა, აღდგეს აქამდე არსებული სტატუს-კვო და სასულიერო პირებს, მომლოცველებსა და ჩვენი ქვეყნის კულტურის გაცნობისთვის ჩამოსულ ტურისტებს არ შეექმნათ პრობლემა „უდაბნოსა“ და „ჩიჩხიტურის“ მონახულებაზე. მით უმეტეს, რომ ასეთ ტერიტორიაზე ფაქტობრივი მდგომარეობის შენარჩუნება საერთაშორისო სამართლის მიხედვითაც, სავალდებულოა, ხოლო მეორე სახელმწიფოსთან სამართლის მიხედვითაც, სავალდებულოა ხოლო მეორე სახელმწიფოსთან შეუთანხმებლად, და მით უმეტეს, ძალისმიერი ნაბიჯებით ვითარების შეცვლა, – დაუშვებელი.

ვფიქრობთ, ქართველი ერის მეგობარი აზერბაიჯანელი ხალხი და მათი სახელმწიფოს ხელისუფლება სწორად შეაფასებენ შექმნილ ვითარებას, მიიღებენ სამართლიან გადაწყვეტილებას და ჩვენს ერებს შორის კეთილმეზობლურ და მეგობრულ ურთიერთობებს ალტერნატივა არ ექნება.

ვიმედოვნებთ, ბატონო გიორგი, თქვენი ჩარევით, საკითხი დადებითად გადაწყდება და საერთაშორისო ნორმებით განმტკიცებული ისტორიული სამართლიანობა აღდგება“, – აღნიშნულია პატრიარქის მიმართვაში, რომელიც საპატრიარქოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ამავე საკითხთან დაკავშირებით ილია მეორე კავკასიის მუსლიმთა სასულიერო სამმართველოს თავმჯდომარეს, შეიხ-ულ-ისლამ ალაჰ შუქურ ფაშა-ზადესაც მიმართავს.

 

“3 წელია შენგან ვისმენ…”: ლევან გოგიჩაიშვილისა და მიხეილ ყაველაშვილის 3-წლიანი “დუელი”

ხმაური იყო პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც საქართველოს 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილებოდა. ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ “ქართული ოცნების” ყოფილი და მოქმედი წევრები – ლევან გოგიჩაიშვილი და მიხეილ ყაველაშვილი. კამათი კი გამოიწვია სკოლებში სპორტული ინფრასტრუქტურის სფეროში არსებული პრობლემების განხილვამ. “ადგილი არაა, რომ აშენდეს სპორტული კომპლექსები – ეს მთავრობის ბრალია და იმ ხალხის, ვინც უპასუხისმგებლოდ ეკიდება საკითხს“, შეახსენა ლევან გოგიჩაიშვილმა, უმრავლესობის დეპუტატს:

3 წელია შენგან ვისმენ ამ ლაპარაკს, რომ უნდა შეიქმნას პროგრამა. რა ვერ შექმენით?! რა ვერ გააკეთე აქამდე? იმიტომ ხდება ეს, რომ არაფერს აკეთებ და არ გეწყინოს ახლა. მინდა რომ იქ აღარ აშენდეს კორპუსი და მინდა აშენდეს სკოლა… რამე ცუდს ვამბობ?“, – აცხადებს ლევან გოგიჩაიშვილი.

თავის მხრივ კი მიხეილ ყაველაშვილია უკმაყოფილო ოპონენტის კრიტიკით:

3 წელია შენგან ვისმენ ერთი და იგივეს. მე ვიცი როგორ უნდა გაკეთდეს და შენ არ იცი“,- მიმართა ყაველაშვილმა გოგიჩაიშვილს.

თბილისის მერიამ ტაქსის მანათობლების დარიგება დაიწყო

თბილისის მერიამ ნებართვის მქონე ტაქსებისთვის მანათობლების დარიგება დაიწყო. დილიდან, შარტავას N7-ში, მერიის შენობის მეორე სართულზე ტაქსის მძღოლებისთვის სპეციალური მომსახურების სივრცეა მოწყობილი, სადაც მუნიციპალიტეტის მიერ შესყიდული მანათობლები გაიცემა. გარდა ამისა, მერიის საპარკინგე სივრცე მხოლოდ A კატეგორიის ტაქსის მფლობელებისთვის არის გამოყოფილი, რათა მანათობლების მიღებამდე ავტომანქანების კომფორტულად დაპარკინგება და მანათობლების დამონტაჟება შეძლონ.

ამ ეტაპზე, დაახლოებით 100-ზე მეტი მანათობელია გაცემული. ნიშნების გაცემას უზრუნველყოფს მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო. რეგისტრირებული ტაქსების რაოდენობის მიხედვით, დაგეგმილია გაიცეს დაახლოებით 6500-ზე მეტი ნიშანი. მანათობლები გაიცემა მხოლოდ A კატეგორიის ნებართვის მქონე ტაქსებზე. მანათობლის მიღებისათვის, ტაქსის ნებართვის მფლობელმა უნდა წარადგინოს მხოლოდ პირადობის მოწმობა, ხოლო სტატუსის შემოწმება ხდება www.taxi.tbilisi.gov.ge-ზე. ტაქსის ნიშნების გაცემა მოთხოვნის შესაბამისად გაგრძელდება.

მანათობლები თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 15 000 ერთეულის ოდენობით შეისყიდა, მათგან 13 000 ერთეული არის სტანდარტული ფორმის, ხოლო – 2000 ერთეული – პანორამა სახურავისათვის. ტაქსის ნიშნებს ორი რეჟიმი აქვთ, რომელიც ფერებით გამოიხატება – მწვანე და წითელი. მწვანე ფერი მიანიშნებს, რომ ავტომანქანა თავისუფალია, ხოლო წითელი მგზავრზე მიუთითებს.

მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო საქართველოს პარლამენტის დეპუტატის მანდატი – ვანო ზარდიაშვილი

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი ფეისბუკის საკუთარი გვერდის მეშვეობით მიმართავს საზოგადოებას, საუბრობს მასთან დაკავშირებულ კონკრეტულ საკითხებზე და პარლამენტის დეპუტატის მანდატის დატოვების თაობაზე აკეთებს განცხადებას:

“2016 წლიდან მქონდა პატივი ვყოფილიყავი მე-9 მოწვევის პარლამენტის და „ქართული ოცნების“ საპარლამენტო გუნდის წევრი, სადაც ბევრი ღირსეული ადამიანი გავიცანი. საზოგადოება ყოველდღიურად ხედავს, რომ სხვადასხვა მხრიდან თითოეული მათგანის მიმართ მუდმივად მიდის ტალახის სროლა, თუმცა ერთ-ერთი მთავარი სამიზნე, სხვადასხვა გარემოების გამო, ამ გუნდში მე აღმოვჩნდი.

მიუხედავად იმისა, რომ 2003-2012 წლებში ჩემი ყველაზე დიდი თანამდებობა განყოფილების უფროსობა იყო, მე ამომარჩიეს იმ დროსთან დაკავშირებული შავი პიარის სამიზნედ. ამისდა მიუხედავად ამ სამწლიანი ბინძური, ნეგატიური კამპანიის ფონზე ვერ მოიძიეს ვერცერთი ფაქტი, ვერც ერთი მტკიცებულება,რომ რამე ცუდი ჩამედინოს.

სამწუხაროდ პოლიტიკაში მრავლად აღმოჩნდნენ ასეთი კამპანიის ავტორი ადამიანები – ხალხი, რომლებსაც არანაირი პოლიტიკური მორალი არ გააჩნიათ. პირად მორალს არც არასდროს შევხებივარ და არც დღეს ვაპირებ ამის გაკეთებას. ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ სამ წელზე მეტი ვიმუშავე საქართველოს მთავარი აუდიტორის პირველ მოადგილედ და ყველამ იცის, რომ სერიოზული პოზიტიური შედეგებიც მქონდა, მაგრამ როგორც ჩანს, მაშინ შავი პიარის სამიზნე არ ვიყავი. განტევების ვაცის გამოყვანა ჩემგან მხოლოდ პარლამენტში შემოსვლის შემდეგ განიზრახეს. არ აქვს მნიშვნელობა ვინ და როგორი ბინძური გზებით შეძლო ჩემი დაკავშირება კონკრეტულ თემებთან თუ გამოგონილ ინტერესებთან. ფაქტია, რომ საზოგადოების ნაწილში მათ ეს გამოუვიდათ. დღეს პირველ რიგში ჩემს უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები, რომლებსაც ამ ყველაფრის გამო ყოველდღიურად უდიდესი სტრესის გადატანა უწევთ.

ჩემს უკან დგას გუნდი, რომელსაც ქვეყნის განვითარებასთან ერთად სიმართლისთვის ბრძოლაც უწევს ყოველდღიურად. მიუხედავად იმისა, რომ სიმართლე კონკრეტულ შემთხვევაშიც ჩემს მხარესაა, ნამდვილად არ მინდა ვიყო პროვოკაციების წყარო იმ ადამიანების თუ პოლიტიკური ჯგუფებისთვის, რომლებიც პოლიტიკური დღისწესრიგის შექმნას და პოზიტიური პროცესების დაზიანებას ჩემზე შეტევით თუ ტალახის სროლით ცდილობენ.

დგება მომენტი, როდესაც ვალდებული ხარ გაუფრთხილდე საკუთარ ოჯახს და შენს გუნდს. მე ვიცხოვრე ისე, რომ არასდროს შემრცხვებია სხვისთვის თვალებში ჩახედვის და ასე ვიცხოვრებ მომავალშიც, სხვებს კი მოვუწოდებ ნაკლები სიძულვილი და მეტი საქმე ქართულ პოლიტიკაში. ეს უნდა იყოს ჩვენი ღირსება. ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო საქართველოს პარლამენტი – დეპუტატის მანდატი. ამით კიდევ ერთხელ მივანიშნებ საზოგადოებას რომ თანამდებობა არის მხოლოდ საშუალება გამოადგე შენს ქვეყანას და ემსახურო თითოულ მოქალაქეს.

აქვე მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს, ვუსურვო მათ წარმატება და საკუთარი სიმართლის გატანა ყველა ვითარებაში”, – აცხადებს ვანო ზარდიაშვილი

საოცრად წინდახედული ადამიანი ყოფილა ბიძინა ივანიშვილი – ირაკლი ოქრუაშვილი

ფეისბუკის პირადი გვერდის მეშვეობით, ციხეში მის მიმართ შექმნილი დისკომფორტის თაობაზე, საზოგადოებას უყვება “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი, ბრალდებული ირაკლი ოქრუაშვილი:

საოცრად წინდახედული ადამიანი ყოფილა ბიძინა ივანიშვილი.

ორი თვის წინ ციხის ადმინისტრაციას ვთხოვე საწოლის გადიდება ( ერთი ფიცრის დამატება უნდა მხოლოდ ). სიმაღლეში 191 სმ ვარ, ხოლო საწოლი 157 სმ-ია. უარი მითხრეს – ეს ზომა ციხის სტანდარტია და გამონაკლისს ვერ დავუშვებთო.

წინდახედულობაა, აბა რა! წინასწარ ციხის საწოლის ზომის სტანდარტი საკუთარი ზომის მიხედვით დააწესო.

ხომ ხედავთ გახარიაზე სულ არ ფიქრობს ეს კაცი…“, – აღნიშნავს ირაკლი ოქრუაშვილი.

კანონი ყველასთვის უნდა კანონობდეს, საკმარისია ხელისუფლების მხრიდან შერჩევითი სამართალი – თეონა ჭალიძე

“ახალი საქართველოს” სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი, თეონა ჭალიძე ეხმიანება თბილისის საკრებულოს დეპუტატის ბიუროში მომხდარ ფაქტს და სწრაფი გამოძიებისკენ მოუწოდებს სამართალდამცავებს:

“სოლიდარობას ვუცხადებ თამთა თოდაძეს!

თბილისის საკრებულოს დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის მიერ მისი თანაშემწის სავარაუდო სექსუალურ და ფიზიკური ძალადობის ფაქტზე რეაგირება უნდა იყოს უმკაცრესი. კანონი ყველასთვის უნდა კანონობდეს! საკმარისია, ოცნების ხელისუფლების მხრიდან შერჩევითი სამართალი.

მიუღებელია თბილისის მერის, კახა კალაძის უკბილო იუმორი ამ საკითხთან დაკავშირებით. მივმართავ “ქართული ოცნების” დეპუტატის გარემოცვას – ნუ ცდილობთ თამთა თოდაძის დაბულინგებას და ნუ კადრულობთ უკადრებელს. გახსოვდეთ რომ ყველას გყავთ და, შვილი, მეუღლე. მეტად გაითავისეთ შექმნილი ვითარება.

საგამოძიებო უწყებებს კი მოვუწოდებ დროული და სწრაფი რეაგირებისკენ, რაც სამწუხაროდ ჯერ არ ხდება”, – აღნიშნავს თეონა ჭალიძე.

ყველას გეხვეწებით, გაუფრთხილდით და დაიფარეთ ოჯახები თქვენი, დაიფარეთ შვილები თქვენი – ილია მეორე

სამების საკატედრო ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქის საკვირაო ქადაგებისას ყურადღება გამახვილდა ოჯახზე და ურთიერთობებზე ოჯახის წევრებს შორის. ილია მეორე მოუწოდებს ერს იზრუნონ და დაიცვან ოჯახები:

ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო. ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ დროს. ბოროტი სული საშინლად ებრძვის ადამიანს და თქვენ უნდა ფრთხილად იყოთ. ყოველდღე, საღამოს, უნდა ასხუროთ ნაკურთხი წყალი თქვენს ოთახებს, თქვენს ეზო-კარს და ძილის წინ აუცილებლად წაიკითხოთ ლოცვები.

ხშირი შემთხვევაა, როცა ახალგაზრდები იკლავენ თავს და იღუპება ადამიანის სული. ეს ყველაფერი ბოროტი სულის გავლენაა. ამიტომ თვეში ერთხელ მაინც მღვდელს უნდა აკურთხებინოთ თქვენი საცხოვრებელი.

დღესაც ჩვენ მოგვივიდა ორი შეტყობინება, რომ მაღალი სართულიდან გადმოვარდა ორი ადამიანი. ფრთხილად უნდა ვიყოთ და ვიფიქროთ, რით წარვდგებით წინაშე ღვთისა.

ყველაზე დიდი ძალა, რომელიც თქვენ დაგეხმარებათ და ჩვენ დაგვეხმარება, არის ქველმოქმედება, თანადგომა გაჭირვებული ადამიანისა. ცხოვრების მიზანი უნდა იყოს ღვთის სადიდებლად გაჭირვებული ხალხის დახმარება. ზოგიერთი მიზნად ისახავს დააგროვოს სიმდიდრე, ეს სიმდიდრე სამარის კარამდე მიაცილებს მას, მერე კი ტოვებს.

იყო ასეთი შემთხვევა: ერთ ქვეყანაში ცხოვრობდა მეტად მდიდარი ადამიანი თავის ცოლ-შვილით. აგროვებდნენ სიმდიდრეს. ცოლი ავად იყო და ადარდებდა მხოლოდ ის – ვის დარჩება ჩემი სიმდიდრეო. სიკვდილის წინ გამოატანინა თავისი ყველაზე ძვირფასი კაბა, რომელიც მოქარგული იყო თვალ-მარგალიტით, მაგრად ჩასჭიდა ხელი და ასე გარდაიცვალა. რადგან ხელი ვერ გაუნთავისუფლეს გარდაცვლილს, ოჯახმა შემოაჭრა იმ კაბას დაჭერილი ნაწილი და ის წაიღო საიქიოს იმ ქალბატონმა.

მე კიდევ ერთხელ ყველას გეხვეწებით, გაუფრთხილდით და დაიფარეთ ოჯახები თქვენი, დაიფარეთ შვილები თქვენი.

არავითარ შემთხვევაში წყევლა არ წამოგცდეთ შვილისა ან ადამიანისა. ვინც იწყევლება, თავის თავსაც წყევლის და თავის ოჯახსაც. 

ჩვენი დროის სირთულე მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყნის აღსასრული არც ისე შორს არის, ახლოს არის და სწერია ბიბლიაში: როცა ბოროტი სული მიხვდება რომ აღსასრული მოდის, გააძლიერებს ბრძოლას ადამიანთან.

ჯვარი გეწეროთ, ღმერთმა დაგიცვათ და დაგიფაროთ ხილული და უხილავი მტრებისგან“, – ამბობს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ქადაგებისას.

კაბარე “მულენ რუჟი”: რომანტიკული გართობის 130 წელი

ღამის კაბარე “მულენ რუჟის” (ქართულად – “წითელი წისქვილი”) კარები ზუსტად 130 წლის წინ, 1889 წლის 6 ოქტომბერს გაიღო მნახველებისა თუ გართობის მსურველთათვის. აღსანიშნავია, რომ გასართობი დაწესებულების გახსნა კი პარიზში საერთოშორისო გამოფენის დაწყებასა და ეიბელის კოშკის მშენებლობის დასრულებას დაამთხვიეს.

კაბარეს გახსნიდან 4 წლის შემდებ “მულენ რუჟი” ერთგვარ ინტიმურ სკანდალში გაეხვია. 1893 წლის 9 თებერვალს,  ულამაზესი მოცეკვავე, სახელად მონა, ცეკვისას სრულიად გაშიშვლდა მაყურებლების წინაშე. აღნიშნული ფაქტის გამო მოცეკვავე გოგონა გოგონა დააპატიმრეს და 100 ფრანკით დააჯარიმეს, თუმცა, ამ ფაქტმა, მეორეს მხრივ დასაბამი მისცა სტრიპტიზს და ეს დღე მის დაბადების დღედაც მიიჩნევა.

1915 წელ “მულენ რუჟი” ხანძრის ალში გაეხვა და დაიწვა, თუმცა 6 წლის შემდეგ იგი ისევ გაიხსნა გართობის მოყვარულთათვის.

“მულენ რუჟს” ხშირად სტუმრობდნებ ცნობილი  მწერლები და მხატვრები, მათ შორის ოსკარ უაილდი, პაბლო პიკასო და სხვები.

1964 წელს ღამის კაბარეს სტუმრები ეროტიკული სანახაობის მოწმენი გახდნენ. გიგანტურ აკვარიუმში შიშველი მოცეკვავეები ცურავდნენ.

“მულენ რუჟს” არსად ჰქონია გასტროლები და მხოლოდ ერთაერთხელ ესტუმრნენ ლონდონს, რათა წარმდგარიყვნენ ბრიტანეთის დედოფალ ელიზაბეთ მე-2 წინაშე. ეს მოხდა 1981 წელს.

“მულენ რუჟი” შამპანურის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მომხმარებელია. წელიწადში საშუალოდ 240 ათასი ბოთლი ისმევა კაბარეში.

კაბარეს შესახებ რამდენიმე ფილმია გადაღებული 1928, 1934, 1940, 1944, 1952 წლებში.

2001 წელს კი “მულენ რუჟზე” ფილმი-მუზიკლი გადაიღეს. ფილმის მოქმედება 1899 წელს ხდება. პარიზის სახელგანთქმული კურტიზანი ქალის, ულამაზესი სატინის (ნიკოლ კიდმანი) სიყვარულის მოსაპოვებლად ერთმანეთს ეცილება ღარიბი მწერალი კრისტიანი (იუენ მაკგრეგორი), რომელიც თავდავიწყებით ჩაეშვა ღამის გართობის მორევში და მდიდარი ჰერცოგი (ჯონ ლეგუიზამო). სიყვარულის ეს ამაღელვებელი ისტორია კიდევ უფრო აჟლიერებს ინტერესს “მულენ რუჟისადმი”.