ორშაბათი, მაისი 19, 2025
18.8 C
Tbilisi
Home Blog Page 1793

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე გრიგოლ ლილუაშვილი დაინიშნა

საქართველოს პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურა დაამტკიცა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურას დეპუტატებმა 85 ხმით მხარი დაუჭირეს.

გრიგოლ ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ექვსი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

კენჭისყრამდე, გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა განიხილა. კომიტეტის სხდომაზე გრიგოლ ლილუაშვილმა ისაუბრა უსაფრთხოების კუთხით ქვეყანაში არსებულ მთავარ გამოწვევებსა და უწყების შემდგომი საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე, ასევე, დეპუტატების კითხვებს უპასუხა. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურას 11 ხმით მხარი დაუჭირა.

გრიგოლ ლილუაშვილის სუსის უფროსად დანიშვნას აფასებენ როგორც ხელისუფლებაში, ასევე ოპოზიციაში:

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე: ლილუაშვილი არის პროფესიონალი კადრი, ეს არის მნიშვნელოვანი და ამიტომაც მმართველი პარტია მის კანდიდატურას უჭერს მხარს.

“ევროპული საქართველოს” წევრი სერგი კაპანაძე: ლილუაშვილი არაა დამოუკიდებელი კანდიდატი, როგორც კანონითაა გათვალისწინებული, ის იქნება პირდაპირ ივანიშვილის პოლიტიკის გამტარებელი.

პარლამენტარი ეკა ბესელია: ლილუაშვილთან მიმართებაში სანდოობისა და ერთგულების საკითხი აღმოჩნდა გადამწყვეტი.

შეკითხვაზე, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს ბიძინა ივანიშვილთან, გრიგოლ ლილუაშვილი აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” თავმჯდომარესთან აქვს არაჩვეულებრივი ადამიანური ურთიერთობები.

თითოეულ მოქალაქეს ექნება ჯანდაცვის ინდივიდუალური გეგმა – გიორგი ვაშაძე

საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის ჯანდაცვის ინდივიდუალური გეგმის შექმნის იდეა „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, 16 ოქტომბერს გამართულ პრეზენტაციაზე გააჟღერა. სტრატეგია „აღმაშენებლის“ რიგით მეორე თემატური პრეზენტაცია ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებას ეხებოდა. კამპანიის იდეის ავტორმა, გიორგი ვაშაძემ იმ ახალ ინიციატივებზე ისაუბრა, რომელზეც სტრატეგიის ავტორები, რამდენიმე თვის განმავლობაში მუშობდნენ.

ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ქვეყანაში ადამიანები იყვნენ ჯანმრთელები. აქედან გამომდინარე, გაორმაგებული ჯანდაცვის ბიუჯეტის პირობებში, პირველად ჯანდაცვაზე განსაკუთრებული დაფინანსება იქნება გამოყოფილი.

თითოეულ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს პერსონალური ჯანდაცვის გეგმა – დაბადებიდან უნდა დაიწყოს ამ გეგმის რეალიზება. შესაბამისად, ოჯახის ექიმის მეშვეობით უნდა მოხდეს ადამიანის აცრა, კვლევების ჩატარება და სხვადასხვა ტიპის გამოკვლევები, ანუ ის, რაც ყველას ესაჭიროება. ამ სისტემის მიხედვით, თითოეულ ადამიანს ექნება პერსონალური გეგმა, რომლის საშუალებითაც ეცოდინებათ, როდის გაიკეთონ სისხლის ანალიზი, აცრა თუ სხვა საჭირო პროცედურები. სწორედ ამ მიზნით ჩვენ ვასამმაგებთ პირველად ჯანდაცვას და ვქმნით ულტრა თანამედროვე ამბულატორიების ქსელს საქართველოში. თითეული ასეთი ამბულატორია აღჭურვილი იქნება შესაბამისი ტექნიკითა და აპარატურით, რომელიც აუცილებელია გამოკვლევებისთვის თუ მკურნალობისთვის. გარდა ამისა, დამატებით გვექნება ჩამონათვალი იმ ავადობების, რომლის მკურნალობაც პირველად ჯანდაცვის დაფინანსებაში შევა.

გულსისხლძარღვთა დაავადებები მთლიანად უნდა აიღოს სახელმწიფომ საკუთარ თავზე. ადრეული ასაკიდან უნდა მოხდეს ყველა პრობლემის გამოვლენა, რათა, შემდგომ, დროულად და ეფექტურად მოხერხდეს ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ასევე, ქრონიკული დაავადებები, დიაბეტის პროგრამა, დიალიზის პროგრამა – ყველა ეს პროგრამა სრულად უნდა იყოს დაფარული სახელმწიფოს მხრიდან. სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს სიტემური მიდგომა თითოეული ამ დაავადების სამკურნალოდ.

ქვაკუთხედი ამ ყველაფრის არიან ოჯახის ექიმები და ექიმები. აქედან გამომდინარე მათი დაფინანსება გაიზრდება. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, ოჯახის ექიმი, რომელიც თავის პროფესიულ მოვალეობას პირნათლად შეასრულებს, დამატებით მიიღებს ბონუსურ თანხას, ანუ პრემიას. ოჯახის ექიმის პროგრამას ექნება ძალიან კარგი ელექტრონული მხარდაჭერა.

როდესაც სამოქალაქო რეესტრის ხელმძღვანელი ვიყავი, გავაკეთე შეტყობინების სისტემა- მშობლებს მისდიოდათ მოკლე ტექსტური შეტყობინება, ბავშვების აცრებთან თუ განვითარებასთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. სმს-ის საშუალებით, მშობლებს მიეწოდებოდათ ინფორმაცია, როდის უწევდა მათ შვილს სავალდებულო აცრა ან ექიმთან კონსულტაცია.

ამ ყველაფრის შინაარსი ისაა, რომ სისტემა მივიდეს ადამიანთან”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

კამპანია სტრატეგია „აღმაშენებლის“ ფარგლებში, 16 ოქტომბერს, მეორე თემატური პრეზენტაცია გაიმართა, სადაც ჯანდაცვის განვითარების ქართულ მოდელზე ისაუბრეს. ქვეყნის განვითარების ინდივიდუალურ გეგმაზე რამდენიმე თვის მანძილზე სტრატეგიის გუნდთან ერთად 50-მდე ქართველი და უცხოელი ექსპერტი მუშაობდა. „ახალი საქართველოს“ ლიდერი და სტრატეგიის იდეის ავტორი, გიორგი ვაშაძე სამუშაო გუნდთან ერთად მოსახლეობას თემატურ პრეზენტაციებს ყოველკვირეულად წარუდგენს.

“ქართული ოცნება” კი დათანხმდა პროპორციულ არჩევნებს, მაგრამ მენტალურად არაა მზად არც მრავალპარტიული პარლამენტისთვის, არც კოალიციური მმართველობისთვის – ირმა ინაშვილი

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პატრიოტთა ალიანსის გენერალური მდივანი საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ხელისუფლების სტრატეგიაზ აფასებს და რევოლუციითაც იმუქრება, თუკი ირაკლი კობახიძის პოლიტიკური პროგნოზი გამართლდება.

“როგორც ჩანს, “ქართულმა ოცნებამ” ორი მესიჯი დაამუშავა: პირველი – არ ითანამშრომლებენ სააკაშვილის და ბოკერიას პარტიებთან და მეორე – არ ითანამშრომლებენ პარტიასთან, რომელსაც განსხვავებული საგარეო ვექტორი აქვს, ანუ ჩვენთან! რომ კოალიციური თანამშრომლობისთვის იპოვიან ვინმე სხვას. აქვე მკაფიოდ ვამბობ: იმ ვინმე “სხვას” არანაირად არ ვეცილებით “ქართულ ოცნებასთან” პარტიორობაში.
ახლა დააკვირდით. “ქართული ოცნება” 8 წელია გადასარევად და კომფორტულად თანამშრომლობს სააკაშვილის და ბოკერიას პარტიებთან. ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, არ დასაჯა დამნაშავეები, ზემოხსენებულ პარტიას ყველა არჩევნებში ხელოვნურად დაუწერა მაღალი მაჩვენებელი, ხელოვნურად ამაგრებდა და აფიქსირებდა სააკაშვილისა და ბოკერიას პარტიებს, როგორც თითქოსდა მთავარ ოპოზიციურ ძალად. შეგნებულად არ უჭერს მხარს ჩვენს რეზოლუციას, რომ პოლიტიკური შეფასება არ მისცეს წინა რეჟიმს.

“ქართული ოცნება” კი გარდატყდა და დათანხმდა პროპორციულ არჩევნებს, მაგრამ მენტალურად არაა მზად არც მრავალპარტიული პარლამენტისთვის, არც კოალიციური მმართველობისთვის, ხელისუფლების გაყოფისა და დათმობისთვის ხომ საერთოდ… ამიტომ შემოაგდეს კობახიძის “პროგნოზი”, რომ დატესტონ ზოგადად საზოგადოების და კონკრეტულად პარტიების განწყობაც. კვლავ ვიმეორებ: 60%,- ესაა ხელისუფლების უზურპაცია და უზურპაციაზე პასუხი ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში, – ესაა მოქმედება უზურპაციის წინააღდეგ! დიახ, რევოლუცია ჰქვია ამას.

ამიტომ აქედანვე ვეუბნები ჩვენს მხარდამჭერებს და ქართველ ხალხს: რთული პროცესები გველის წინ. 2020 წელს ამ ქვეყანაში პოლიტიკური კლოუნადა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს. უბრალოდ, აღარ გვაქვს მორიგჯერ დასაკარგი წლები. ჩვენს ქვეყანას არა აქვს დასაკარგი დრო, თორემ ჩვენი პერსონალური წუხილები აქ მოსატანიც არაა.

თუ თქვენ გაბედავთ, ბატონებო და 2020 წლის არჩევნებში დაიწერთ 60 პროცენტს, დაუწერთ 20 პროცენტს სააკაშვილის და ბოკერიას პოლიტიკურ ჯგუფებს, ჩვენ, “საქართველოს პატრიოტები”, ქართველ ხალხთან ერთად მოგიწყობთ თქვენ ნამდვილ რევოლუციას”, – აცხადებს ირმა ინაშვილი.

დღეიდან ტელეკომპანია “პირველს” ინგა გრიგოლია უხელმძღვანელებს – ვახტანგ წერეთელი

ტელეკომპანია “პირველის” დამფუძნებელი ვახტანგ (ვატო) წერეთელი განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, მიღებული გადაწყვეტილების სესაბამისად, ჯურნალისტი და თოქ-შოუ “რეაქციის” წამყვანი ინგა გრიგოლია ინიშნება არხის გენერალურ დირექტორად”

დღეიდან ტელეკომპანია ,,პირველს,, ინგა გრიგოლია უხელმძღვანელებს. გადავდივართ განვითარების ახალ ეტაპზე, რომელსაც სათავეში ახალი დირექტორი ჩაუდგება, დიდი გეგმებით და მთელი გუნდის ერთიანი ძალისხმევით.

ინგა ,,პირველზე,, იმ დროს მოვიდა, როცა აქ პირველი აგური იდებოდა და ჩვენი ტელევიზიის ყველა თანამშრომელთან ერთად, მთელი ენერგია ჩადო ჩვენი ტელევიზიის განვითარებაში.

უკვე დღეიდან ,,რეაქციასთან ” ერთად ის მთელი არხის ახალ ეტაპზე გადასვლის პროცესს ჩაუდგება სათავეში. მჯერა, ეს ახალი ეტაპი კიდევ უფრო წარმატებული გამოგვივა. ინგა გრიგოლია, წარმატებებს გისურვებ!“, – წერს ფეისბუკის პირად გვერდზე ვახტანგ წერეთელი.

არავის ეჭვი არ ეპარება, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვებს “ქართული ოცნება” – ირაკლი კობახიძე

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მოსალოდნელ შედეგებზე თავის პროგნოზს აცხადებს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე:

არსებული სპექტრის პირობებში, რეალურად, გამარჯვებულმა პარტიამ უნდა მიიღოს დაახლოებით 45% მაინც, მინიმუმ, იმისთვის რომ შედგეს კოალიცია.

გამარჯვებულ პარტიას რაც შეეხება, არავის ეჭვი არ ეპარება, რომ ეს იქნება “ქართული ოცნება”, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში. თუმცა, რა თქმა უნდა, 45% არ არის ჩვენი მიზანი და ჩვენი ამოცანა.

მე ვფიქრობ, რეალური სურათი, რაც ალბათ შეიქმნება საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, არის დაახლოებით 60-20-20 – 60% “ქართული ოცნება”, 20% “ნაციონალური მოძრაობა”, თავისი “ევროპული საქართველოთი” და 20% დანარჩენი ოპოზიცია.

ეს არის რეალურად მიღწევადი შედეგი “ქართული ოცნებისთვის”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ღმერთი და ქართული პოლიტიკური რეალობა – ხათუნა ხოფერიას პოზიცია/შეფასებებში

ბოლოდროინდელი მოვლენების შეფასებას, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, ირონია/სატირის ნოტაზე ახდენს:

ღმერთი და ქართული პოლიტიკური რეალობა.

ყველაფერი დაიწყო ასე…
“შაირ-სიტყვითა მესტვირემ ღმერთი მაღალი ახსენა”.

მერე იყო მიშა, მკერდზე ჯვარი და ქრისტე ღმერთზე ამოსული მზე და მთვარე.

ამას მოყვა ბოკერია: – “ღმერთმა და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველო გამთლიანდეს” . ის საქართველო, სადაც გლდანის ეკლესიიდან დაწყებული და ფერიას მთით დამთავრებული ყველა ეკლესია შემუსრა და შებილწა.

ბოლოს იყო ილია ჯიშკარიანი, რომელსაც “ბრძოლის ძალას, მამაოებისა და დედაოების ლოცვა აძლევს.” ისე, მამაოები გავიგე და დედაოები რა შუაში არიან?… )))

ჰო და, იყო ნათელი და ნათელში იყო ბნელი და გაურკვეველი…
რა უნდათ ღმერთისგან?.. რატომ არ ასვენებთ ეშმაკი?…

ფინალი ხომ მაინც ერთია – “მარმარილოს ქვა დასწერეს, დასწერეს და დაადვესა:”

სხვაობა მხოლოდ ერთია, იტყვიან თუ არა შენზე შთამომავალნი:
აქაც კაი კაცი იყო, იქ ნათელი დაადგესა!“, – წერს ფეისბუკის პირად გვერდზე ხათუნა ხოფერია.

თბილისს უმაღლესი ხარისხის სასმელი წყალი მიეწოდება – GWP

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” სამოქალაქო აქტივისტის, გარემოსდამცველის ნატა ფერაძის მიერ გამოთქმულ ბრალდებებს პასუხობს:

ნატა ფერაძის მიერ გავრცელებული ლაბორატორიული ანალიზის პასუხი, რომელიც თბილისის ზღვაში ჩამდინარე წყალზე ჩატარდა, არანაირ კავშირში არ არის სასმელი წყლის ხარისხთან.

კიდევ ერთხელ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ თბილისში სასმელი წყლის ხარისხი უსაფრთხოა და სრულად შეესაბამება როგორც ეროვნული რეგლამენტის დადგენილ მოთხოვნებს, ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს.
რაც შეეხება ჯივიპის მიერ თბილისის წყალსაცავიდან ნედლი წყლის მოპოვებას და სასმელ წყლამდე დაყვანას – წყალაღება ხდება მხოლოდ სანიტარული ზონებით დაცული ტერიტორიიდან, რომელიც მდებარეობს ღრმაღელეს საფილტრე სადგურის მიმდებარედ, 10 მეტრის სიღრმეზე, სპეციალური ტუმბო აგრეგატებით.

ჯივიპი, როგორც მდინარე არაგვიდან, ასევე თბილისის წყალსაცავის სანიტარულად დაცული ტერიტორიიდან მოპოვებული ნედლი წყლის ანალიზს 24 საათიან რეჟიმში ახორციელებს. ლაბორატორიული ანალიზი ზედაპირული წყლების ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად ტარდება ქიმიურ და მიკრობიოლოგიურ მაჩვენებლებზე.
ამის შემდეგ ნედლი წყალი სასმელ წყლამდე დასაყვანად უწყვეტად გადის ტექნოლოგიური დამუშავების სრულ ციკლს: დალექვას, ფილტრაციას, წყლის გაუსნებოვნებას.

პროცესის ბოლო ეტაპზე, სასმელი წყლის ხარისხი მუდმივად, 24 საათის განმავლობაში, 30 წუთიანი შუალედებით მოწმდება ქიმიურ და მიკრობიოლოგიურ პარამეტრებზე. შემოწმებას ჯივიპის სსტ ისო/იეკ 17025:2018 სტანდარტის შესაბამისად აკრედიტირებული ლაბორატორიები ახორციელებენ, რის შემდეგაც თბილისის მოსახლეობას მაღალი ხარისხის სასმელი წყალი უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება“, – წერია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” განცხადებაში

უმნიშვნელოვანესია სახელმწიფომ უზრუნველყოს ბავშვის უსაფრთხო გადაადგილება, მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა – ეკა ბესელია

პარტია “სამართლიანობისათვის” ლიდერი, პარლამენტარი ეკა ბესელია მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების დროს საბავშვო სავარძლების გამოყენების ვალდებულებასთან დაკავშირებით პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივის შეტანასთან დაკავშირებით ავრცელებს ინფორმაციას:

“კანონის პროექტი, რომელიც ეხება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების დროს საბავშვო სავარძლების გამოყენების ვალდებულებას.

კანონპროექტის მიხედვით, 12 წლამდე და 135 სანტიმეტრამდე ბავშვის მსუბუქი ავტომობილის უკანა სავარძლით გადაყვანისას გამოყენებულ უნდა იქნეს სპეციალური საბავშვო ეტლი, სავარძელი ან დამჭერი მოწყობილობა, რომელიც შეესაბამება ბავშვის სიმაღლესა და წონას.

რეგულაციები არ გავრცელდება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე თუმცა ეს შემდეგი ეტაპი გახლავთ ,რათა მოემზადონ დროულად .

საქართველოში საგზაო უსაფრთხოების პრობლემა საკმაოდ თვალშისაცემია, რასაც ადასტურებს ბოლო წლებში გახშირებული ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაზარალებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდის მაჩვენებელი.

შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია, სახელმწიფომ უზრუნველყოს ბავშვის უსაფრთხო გადაადგილება, მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა.

ცვლილებები სრულ შესაბამისობაშია ევროკავშირის კანონმდებლობასთან. პროექტის მომზადების დროს შესწავლილ იქნა ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება და სამართლებრივი რეგულაციები.
ეს ინიციატივა ეხება ბავშვებია სიცოცხლის და ჯამრთელობის დაცვას!
ეს კეთდება თქვენი შვილებისთვის!
მადლობა ყველა იმ ორგანიზაციას ვისთან ერთადაც ვიმუშავეთ.
იმედი მაქვს პარლამენტი ამ ინიციატივას მაინც დაუჭერს მხარს.

პ.ს. ტელეკომპანია ,,იმედმა,, ისე გაახმოვანა ეს ინიციატივა დილის საინფორმაციო ეთერში, რომ არც კი გვახსენა ინიციტორები (ჩემი და ზვიად კვაჭანტირაძის გვარი)
ეს ისე”, – წერს ფეისბუკის პირად გვერდზე ეკა ბესელია.

ჩვენ არ უნდა გავიმეოროთ ეს სიველურე, რაც ხდება ბოლო წლების განმავლობაში – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვიდეო მიმართვით ეხმიანება პოლიტიკოსების ერთი ნაწილის მიერ გაჟღერებულ ინიციატივას – ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაში არ დაიწყოს ყოფილი ხელისუფლების პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა

რა თქმა უნდა ჩვენ არ უნდა გავიმეოროთ ეს სიველურე, რაც ხდება ბოლო წლების განმავლობაში, როცა მოდის ახალი მთავრობა და ნებისმიერი საბაბით იწყებს წინა მთავრობის დევნას. ეს არის არაცივილიზებული და ეს ძალიან აზარალებს საქართველოს.

რა თქმა უნდა ჩვენ გვჭირდება ეროვნული ერთიანობა, მაქსიმალური სულგრძელობა და მაქსიმალური პატიება, მაგრამ არსებობს რაღაც რეალობები. აი წარმოიდგინეთ მარტივად: თქვენ ცხოვრობთ თქვენთვის 3 ოთახიან ბინაში, ოჯახთან ერთად, გვერდზე, დიდ სახლში, ჩაგისახლდათ ყაჩაღი, ამ ყაჩაღს ემორჩილება პოლიცია, პროკურატურა და მერე ამ ყაჩაღმა მოინდომა და თქვენი 3 ოთახიდან წაიღო 2 ოთახი, თქვენ კი ბავშვებთან და მშობლებთან ერთად გადაგყარათ ერთ ოთახში. როცა შეიცვლება სიტუაცია, რას იტყვით – “იცხოვროს ამ ყაჩაღმა ჩემ ბინაში, შურისძიება იქნება, რომ წავართვა უკან ჩემი საკუთრება?!”

აი ასეა საქართველო და ივანიშვილი. ივანიშვილმა მიითვისა ეროვნული დოვლათის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი. ამგვარად საუბარი იმაზე, რომ ეს უნდა შერჩეს, არ არის სწორი, მაგრამ როგორ უნდა მოხდეს ამის უკან დაბრუნება? არა მურუსიძეების და თუნდაც ახალი მურუსიძეების მიერ, ეს უნდა მოხდეს საერთაშორისო ანტიკორუფციული სასამართლოს მიერ, სადაც ჩვენ მოვიწვევთ  ინგლისელ, ამერიკელ, ჰოლანდიელ, ნებისმიერ სხვა დასავლელ მოსამართლეს და ისინი ზედმიწევნით იურიდიული პროცედურების შედეგად, თუ დაუმტკიცდებათ დანაშაული, მოახდენს ყველაზე მაღალი თანამდებობის პირების საკითხების განხილვას.

დღეს წინასწარ გამოცხადება იმისა, რომ ყველას ყველაფერი შერჩება, ნიშნავს, რომ ვეუბნებით მოიპარეთ მეტი, გაძარცვეთ ხალხი რაც შეიძლება მეტი და ყველაფერი შეგრჩებათ ხელისუფლება თუ შეიცვლება და თუ არ შეიცვლება მით უმეტეს შეგრჩებათო.

ეს რბილად რომ ვთქვათ, უხერხულია!” – აცხადება მიხეილ სააკაშვილი.

ჩვენ რომ ვამბობთ, ჩვენთან არს ღმერთი, ეს ყველაფერზე მეტყველებს – ილია მეორე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე მნიშვნელოვან გზავნილებს შეიცავს საზოგადოებისადმი. ილია მეორე ქადაგებისას არაერთ ისტორიულ ფაქტს იხსენებს და უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს პიროვნების დაფასებას, რომ უნდა შეეწყოს ხელი პიროვნებას და ამ შემთხვევაში ჩვენ მივაღწევთ დიდ წარმატებას.

ჩვენთან არს ღმერთი

გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს.

,,დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი და ვერვინ შემძლებელ არს მადლის მიცემად საკვირველებათა შენთა”

საკვირველია ჩვენი წარსული, ჩვენი აწმყო და უფრო საკვირველი იქნება ჩვენი მომავალი.

პიროვნებას აქვს უდიდესი მნიშვნელობა. თქვენ წარმოიდგინეთ წმინდა ნინო რომ არ ყოფილიყო, წმ. მეფე-დედოფალი მირიანი და ნანა არ ყოფილიყო, სიდონია არ ყოფილიყო, ქრისტიანობა არ მიგვეღო (IVს-ში), ვინ ვიქნებოდით ჩვენ?

ჩვენ ვიქნებოდით რიგითი ადამიანები. ეხლა წყალობა ღვთისა ნათლად ჩანს და ეს წყალობა ღვთისა უნდა შევინარჩუნოთ. უნდა დავაფასოთ პიროვნება. პიროვნებას უნდა შევუწყოთ ხელი და ამ შემთხვევაში ჩვენ მივაღწევთ დიდ წარმატებას.

სვეტიცხოვლობა არის უდიდესი დღესასწაული. შემთხვევით არ არის რომ სვეტიცხოვლობა და მცხეთობა ერთ დღეს აღინიშნება.

მე მახსენდება წარსული წლები, როცა კომუნისტური რეჟიმი იყო და ბევრი გაჭირვება ჰქონდა საქართველოს ეკლესიას და ქართველ ხალხს. ვერავინ ახსნის, როგორ გავუძელით ათასგვარ შემოტევას, როგორ მოვედით დღევანდელ დღემდე. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ გამოვიარეთ ეს განსაცდელი და დიდი მწუხარება გარდაიქცა სიხარულად. სიხარული არ მოგაკლოთ მამაზეციერმა თქვენ და საქართველოს.

ღმერთი მოწყალეა, ჩვენ რომ ვამბობთ, ჩვენთან არს ღმერთი, ეს ყველაფერზე მეტყველებს. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ მარტონი არა ვართ, ჩვენთან არს ღმერთი!“, – აღნიშნავს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ქადაგებისას.