შაბათი, მაისი 17, 2025
17.8 C
Tbilisi
Home Blog Page 1786

3 მილიარდი ლარის ინვესტიცია სოფელს – გიორგი ვაშაძე

რიგით მეოთხე თემატურ პრეზენტაციაზე, რომელიც სოფლის მეურნების განვითარებას მიეძღვნა, ის მთავარი პრობლემები გამოიკვეთა, რაც სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას აწუხებს.

„ახალი საქართველოს“ ლიდერმა და სტრატეგია „აღმაშენებლის“ იდეის ერთ-ერთმა ავტორმა, გიორგი ვაშაძემ, საზოგადოებას პრობლემების მოგვარების ახალი ფორმულა შესთავაზა. ვაშაძის მიერ წარმოდგენილი გეგმის რეალიზაციის შემთხვევაში, ორი წლის შემდეგ სოფლის მეურნეობა დამატებით 3 მილიარდი ლარის ინვესტიციას მიიღებს.

სოფლის მეურნეობის მოდელი, რომელიც წარვადგინეთ, ითვალისწინებს იმას, რომ მისი რეალიზაციიდან სულ რაღაც ორ წელიწადში საქართველოში სოფლის მეურნეობის მიმართულებით, დაახლოებით სამი მილიარდი ლარის ინვესტიცია შემოვა. აქედან გამომდინარე კონკრეტულ შემოსავალს მიიღებენ ოჯახები, რომლებიც სოფლის მეურნეობით არიან დაკავებულნი.

დღეის მონაცემებით, სოფლის მეურნეობის პროდუქციაში 351,9 მლნ დოლარის უარყოფითი სავაჭრო ბალანსი გვაქვს. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ყოველწლიურად 351,9 მლნ დოლარით მეტ სოფლის მეურნეობის პროდუქტს ვყიდულობთ, ვიდრე ვყიდით. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ 725 000 ჰექტარი მიწის ფართობიდან, სარწყავ ფართებზე პრობლემა 598 000 ჰექტარზე გვაქვს. ხოლო 802 000 ჰექტარი, რომელიც გვაქვს, სახნავ-სათესი მიწებია და 600 000 ჰა აუთვისებელია.

ყველაზე საგანგაშო ისაა, რომ სოფლად მცხოვრები მოსახლეობის გამომუშავება ოჯახში მხოლოდ 57 ლარია. სწორედ ამ ძირითადი პრობლემების გადასაჭრელად შევიმუშავეთ ფორმულა, რომელიც ყველაფერ ამას მოაგვარებს და რომლის მეშვეობითაც სოფლად მაცხოვრებლების ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, სტრატეგია „აღმაშენებლის“ გუნდი თემატურ პრეზენტაციებს საზოგადობას ყოველკვირეულად წარუდგენს.

გძინავთ თუ ეს ყველაფერი ნებადართულია?! ნაძვნარი მასიურად იჩეხება – ლევან სამუშია

“თავისუფალი დემოკრატების” წევრი, ადვოკატი ლევან სამუშია სოციალურ ქსელებში ფოტოებს აქვეყნებს, რაც ადასტურებს ნაძვების მასიური ჭრის პროცესს წალკის რაიონის ს. ხაჩკოიში და ამ საკითხთან დაკავშირებით მიმართავს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს:

გძინავთ თუ ეს ყველაფერი ნებადართულია?! ნაძვნარი მასიურად იჩეხება, დღისით ბენზოხერხებით მიმდინარეობს გამალებული ჩეხვა“, – წერს ფეისბუკის პირად გვერდზე ლევან სამუშია.

პოსტს ერთი დღის შემდეგ გამოეხმაურა საყვედურის ადრესატი.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო კომენტარს აკეთებს კოსტში:

მოგესალმებით, ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში სასწრაფოდ უნდა დაუკავშირდეთ ცხელ ხაზს, ნომერზე 153, ინდექსის გარეშე ზარი უფასოა კონფიდენციალურობა დაცული. მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევითაა შესაძლებელი ყველა კანონდარღვევის ეფექტურად აღკვეთა“.

ასეთმა პასუხმა, ბუნებრივია, აღაშფოთა ლევან სამუშაო და არ დააყოვნა მისმა პასუხმაც:

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო როგორ ფიქრობთ თქვენი ეს პასუხი ადეკვატურია?! გწერთ ოფიციალურად თუ სად ხდება ტყის მასივის ჭრა, ფოტოსურათებიც მოგაწოდეთ და თქვენ ამ რაღაც დაკოპირებულ ტექსტს მწერთ და კონფიფენციალურობის გარანტიას მთავაზიბთ მაშინ , როდესაც ღიად მოგწერეთ ამ ფაქტის შესახებ. ფაქტის უკვე ცნობილია და თქვენ ვალდებული ხართ იმოქმედოთ!!!

 

სახეზეა ყველაზე რეპუტაციული ინსტიტუტის ნგრევის და დისკრედიტაციის მცდელობა “ქართული ოცნების” მხრიდან და ეს არის რეალობა – მამუკა ხაზარაძე

საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ეხმიანება საპატრიარქოში განვიტარებულ მოვლენებს და პასუხისმგებლობას, ყოველივე მომხდარში, აკისრებს “ქართულ ოცნებას”:

მინდა მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ჩვენი საზოგადოება წინა და არსებული ხელისუფლების დროსაც პოლიტიკოსებისა და სახელისუფლო სტრუქტურების მხრიდან უწმინდესზე, საპატრიარქოსა და ეკლესიაზე თავდასხმის მცდელობებს ხედავდა.

ამ პროცესმა ყველაზე სახიფათო ფორმა ,,ქართული ოცნების” მმართველობის დროს მიიღო. საქართველო პატარა ქვეყანაა და არაფერი იმალება. რა ვითარებაში ხდებოდა ეს, ამას არ აქვს მნიშვნელობა, ფაქტია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან არსებობდა კომუნიკაცია პატრიარქის გადადგომასთან დაკავშირებით. ეს არის ცნობილი და ძალიან ბევრმა სასულიერო პირმა დაადასტურა. ამიტომ არ შევალ დეტალებში.

მე მოვითხოვე, რომ როცა ასეთი რამ ხდება, თუკი ეს ნორმალური ქვეყანაა პროკურატურამ გამოძიება უნდა დაიწყოს. ჩვენს ქვეყანაში უნდა დასრულდეს სპეკულაციები. სახეზეა ყველაზე რეპუტაციული ინსტიტუტის ნგრევის და დისკრედიტაციის მცდელობა “ქართული ოცნების” მხრიდან და ეს არის რეალობა“, –  განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

პატრიარქი არის ჩვენი ქვეყნის სულიერების სიმბოლო და მსგავსი წარმოუდგენელი თავდასხმები გახლავთ შეტევა ქვეყანაზე, ჩვენს სახელმწიფოებრიობასა და ეკლესიაზე – გიორგი გახარია

თურქეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ წმინდა სინოდის სხდომის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე საგანგებო განცხადება გააკეთა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მსგავსი წარმოუდგენელი თავდასხმები საქართველოს პატრიარქზე, ქვეყნის სულიერ სიმბოლოზე, არის შეტევა ქვეყანაზე, ჩვენს სახელმწიფოებრიობასა და ეკლესიაზე.

საქართველოს პატრიარქი არის ჩვენი ქვეყნის სულიერების, ჩვენი წარსულის, დღევანდელობის და მომავლის შემკვრელი სიმბოლო. ადამიანები, რომლებიც ვერ თოკავენ საკუთარ ეგოს, უდიდესი რისკის ქვეშ აყენებენ ჩვენს დღევანდელობასა და ხვალინდელ დღეს. ეს აბსოლუტურად მიუღებელია და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე დღეს იქნება ჩვენი პატრიარქის გვერდით.

რა თქმა უნდა, ჩვენ ამასაც მოვერევით, ამასაც გავუძლებთ და აქედანაც უფრო გაძლიერებული გამოვალთ ჩვენი პატრიარქის ლოცვა-კურთხევით”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

წმინდა სინოდის განჩინება: სხდომის ოქმი

საქართველოს საპატრიარქომ გაასაჯაროვა დღეს, 31 ოქტომბერს ჩატარებული წმინდა სინოდის სხდომის ოქმი:

წმინდა სინოდის სხდომა ჩატარდა თბილისის საპატრიარქო რეზიდენციაში.

სხდომას ესწრებოდა 42 მღვდელმთავარი, სხდომას თავმჯდომარეობდა უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II.

სხდომის მდივნად დასახელდა ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი).

წმინდა სინოდის სხდომა გახსნა და მღვდელმთავრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ.

მისმა უწმინდესობამ ისაუბრა წმინდა სინოდის მღვდელმთავართა პასუხისმგებლობის შესახებ, ღვთისა და მამულის წინაშე. მან ბრძანა: ,,ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, როგორც ეკლესიაში, ასევე ქვეყანაში მშვიდობის დამკვიდრებისათვის. ჩვენ არ უნდა მივცეთ საბაბი საზოგადოებას დაბრკოლდეს ეკლესიისა და სარწმუნოების მიმართ.

დღეს ჩვენ აქ შევიკრიბეთ, არა იმისათვის რომ ვინმე დავსაჯოთ, არამედ იმისათვის რომ დავეხმაროთ ერთმანეთს. ჩვენ კი არ უნდა დავუმძიმოთ ერთმანეთს ტვირთი, არამედ უნდა შევუმსუბუქოთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის არაერთხელ დაუმძიმებიათ ჯვარი, მე არასოდეს მიფიქრია ვინმეს დასჯა. მე მუდამ მხოლოდ თქვენს დახმარებაზე ვფიქრობ.

მე აღვიზარდე ისეთ ოჯახში სადაც მუდამ იყო დიდი კრძალვა ღვთისადმი და თანაგრძნობა მოყვასისადმი. ჩვენი ოჯახი არაერთხელ იფარავდა დევნილ სამღვდელოებას.

დღეს რთული დროა. ჩვენ უნდა გავიაროთ ბეწვის ხიდზე. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ერი არ დაბრკოლდეს, ჩვენი ქცევისა და გამოსვლების გამო. ყოველ მღვდელმთავარს აქვს დადებული ფიცი ღვთისა და პატრიარქის წინაშე ერთგულებისა და ამ ფიცის დარღვევის შემთხვევაში, იგი დიდ ცოდვას იდებს საკუთარ თავზე.

დროის სირთულიდან გამომდინარე არ არის საკმარისი სინოდის წელიწადში ორჯერ მოწვევა. სინოდი უნდა იქნას მოწვეული უფრო ხშირად, ყოველი პრობლემის შემთხვევაში.

ერთერთი ასეთი პრობლემა არის დეკანოზ გიორგი მამალაძის  საკითხი. ჩვენმა სიყვარულმა უნდა დაფაროს უარყოფითი მხარე, რაც მან გამოიჩინა.

წმინდა სინოდმა მოისმინა საკითხი დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების თაობაზე. ამ საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა მოსაზრებები გამოთქვეს:

ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე),

გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა),

წალკელმა ეპისკოპოსმა გრიგოლმა (კაცია),

მარნეულისა და ხუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგიმ (ჯამდელიანი),

ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა პეტრემ (ცაავა), რუსთველმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი), დმანისისა და ლორე-ტაშირის მთავარეპისკოპოსმა ზენონმა (იარაჯული), ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა საბამ (გიგიბერია), ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბამ (ინწკირველი), ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი), ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ (შიოლაშვილი).

 

წმინდა სინოდმა განაჩინა:

დეკანოზ გიორგი მამალაძეს, რომელსაც შეჩერებული აქვს მღვდელმსახურება, გაეწიოს შუამდგომლობა საქართველოს პრეზიდენტთან შეწყალების თაობაზე, მისი ოჯახის რთული მდგომარეობისა და  არაერთგზის თხოვნის გათალისწინებით.

წმინდა სინოდმა განიხილა მთავარეპისკოპოს იაკობის (იაკობაშვილი) მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებები. მთავარეპისკოპოსმა იაკობმა გამოხატა სინანული თავისი არაკორექტული საჯარო გამოსვლების გამო.

წმინდა სინოდმა განაჩინა: მთავარეპისკოპოს იაკობს მღვდელმთავრისათვის შეუფერებელი საქციელის გამო მიეცეს გაფრთხილება, ხოლო განმეორების შემთხვევაში მიღებულ იქნას მკაცრი ზომები.

მღვდელმთავრებმა იმსჯელეს მიტროპოლიტ პეტრეს (ცაავა) მიერ, კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ისა და წმინდა სინოდის მიმართ საჯაროდ არაერთგზის გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებების თაობაზე.

წმინდა სინოდის წევრებმა აღნიშნეს, რომ  ეკლესიის ისტორიაში ჩვენ ვერ ვნახავთ პატრიარქის შეურაცხყოფის მსგავს მაგალითს. უწმიდნესმა ბრძანა, რომ მეუფე პეტრე იყო გამორჩეული მღვდელმთავარი, იგი იყო ახალშექმნილი ხევის პირველი ეპისკოპოსი და მეტად სამწუხაროა მისი ამგვარი ცვლილება.

წმინდა სინოდის მღვდელმთავრებმა კათოლიკოს-პატრიარქის არაერთგზის შეურაცხყოფის, დაუსაბუთებელი ბრალდებების, ხშირ შემთხვევაში ცილისწამებებისა და სხვა კანონიკური დარღვევების გამო, ერთხმად მოუწოდეს მეუფე პეტრეს სინანულისაკენ.

მიტროპოლიტმა პეტრემ არ სცნო თავი დამნაშავედ და არ დაეთანხმა სინოდის მოწოდებას მონანიების თაობაზე.

წმინდა სინოდმა განაჩინა:

მიტროპოლიტ პეტრეს, მოციქულთა 55-ე კანონის საფუძველზე (სადაც ნათქვამია, რომ მკაცრად ისჯება სასულიერო დასის წევრი (კლერიკოსი),[1] რომელიც შეურაცხყოფს საკუთარ ეპისკოპოსს) აეკრძალოს მღვდელმოქმედება, განთავისუფლდეს ეპარქიის მმართველობისა და წმინდა სინოდის წევრობისაგან და გამწესებულ იქნას მონასტერში მოსანანიებლად.

ჭყონდიდის ეპარქიის დროებით მმართველად დაინიშნოს ეპისკოპოსი გრიგოლი (კაცია).

ქუთაისისა და გაენათის ეპარქიაში მღვდელმთავრის დანიშვნის შესახებ.

წმინდა სინოდმა მოისმინა ქუთაისისა და გაენათის ეპარქიაში მღვდელმთავრის დანიშვნის საკითხი და განაჩინა:

ქუთაისისა და გაენათის ეპარქიის მღვდელმთავრად დაინიშნოს მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი).

რუსთავის ეპარქია დროებით დაექვემდებაროს მცხეთა-თბილისის ეპარქიას.

 

_____

[1] ცნობილი სერბი კანონისტის, ნიკოდიმოს მილაშის განმარტებით (ტრულის კრების  77-ე კანონზე დართულ კომენტარში), კლირიკოსში (κλήρος) მოიაზრება,  როგორც სამღვდელო დასი; ანუ ეპისკოპოსი, მღვდელი და დიაკონი; ისე დაბალი რანგის ეკლესიის მსახურნი: იპოდიაკონი, მედავითნე, მგალობელი და სხვა. (იხ. ნიკოდიმოს მილაში ,,მსოფლიო კრებათა კანონების განმარტება)

საქართველოს ეკლესიაში პიდარასტიის მხილება, მამათმავლობისა და პიდარასტული ცოდვის მხილება გახდა ჩემთვის მღვდელმოქმედების აკრძალვა – მეუფე პეტრე

საქართველოს საპატრიარქოში დღეს გამართულ წმინდა სინოდის სხდომაზე მიღებული განჩინების შემდეგ, რომლის თანახმადაც ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტ პეტრეს აეკრძალა მღვდელმოქმედება, მეუფე პეტრემ სკანდალური განცხადება გააკეთა:

“დღეს წინდა სინოდმა მიიღო უპრეცედენტო გადაწვეტილება, პირადად პატრიარქმა, სინოდის თავმჯდომარემ. მე მიმაჩნია, რომ უსამართლოდ განმაყენა  მღვდელმთავრობიდან.

მე ვფიქრობ, მიზეზი არის საქართველოს ეკლესიაში პიდარასტიის მხილება, მამათმავლობისა და პიდარასტული ცოდვის მხილება,“ – განაცხადა მეუფე პეტრემ.

 

ციხე-სოფელ მუცოს “საზოგადოების რჩეულის”, მისი რეაბილიტაციის პროექტს კი “ევროპა ნოსტრას” ჯილდო მიენიჭა

საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ეროვნული საგანძურის კიდევ ერთი აღიარება:

პარიზში ევროპული მემკვიდრეობის დაჯილდოებაზე ციხე-სოფელ მუცოს „საზოგადოების რჩეულის”, მისი რეაბილიტაციის პროექტს კი „ევროპა ნოსტრას“ ჯილდო მიენიჭა.

„ევროპა ნოსტრას“ ჯილდო კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის სფეროში ევროპის უმაღლესი აღიარების მქონე ტიტულია.

მუცოს არქიტექტურული კომპლექსის რეაბილიტაციის პროექტი გამარჯვებულად 34 ქვეყნის 149 განაცხადიდან შეირჩა.

მუცოს აღდგენისა და გადარჩენის ერთ-ერთ ურთულეს და მასშტაბურ პროექტს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, ფონდი “ქართუს”, საქართველოს მთავრობისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, 2014 წლიდან ახორციელებს.

კახა კალაძე კაბინეტურ-ჩინოვნიკურ ხიბლშია – გიორგი ვაშაძე

„ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ მწვავედ გააკრიტიკა დედაქალაქის მერის დღევანდელი განცხადება ჯარიმების გაზრდასთან დაკავშირებით. როგორც ვაშაძე აცხადებს, თბილისის მერი ჩინოვნიკურ-კაბინეტურ ხიბლშია შესული და მას მოსახლეობის ბედი არ ადარდებს.

ოპოზიციური პარტიის ლიდერის აზრით, კალაძის მმართველობის ორი წლის თავზე თბილისში სატრანსპორტო კოლაფსი შეიქმნა.

დღეს თბილისის მერი გამოვიდა და ზარ-ზეიმით გვამცნო, რომ თურმე დედაქალაქში პარკირების ჯარიმები იზრდება 10-დან 50 ლარამდე.

ბატონო კალაძე, თქვენ ხართ ჩინოვნიკური-კაბინეტურ ხიბლში შესული. თქვენ ხართ ჩვეულებრივი კორუმპირებული ადამიანი, რომელსაც საერთოდ არ ადარდებს, თუ რა ხდება ქალაქში. გარეთ გამოდით, ნახეთ რა მდგომარეობაა ქალაქში. ტოტალური უმუშევრობა, საშინელი სოციალური ფონი და სატრანსპორტო კოლაფსი, რომელიც მივიღეთ თქვენი მმართველობის ორი წლის თავზე.

საზოგადოებრივ ტრანსპორტში, პიკის საათის დროს, ადგილი არ არის, მეტროში ვერ ჩადიან მგზავრები, ავტობუსებში ფიზიკურად ადამიანები ვეღარ ეტევიან.

გადათხრილია მთელი ქალაქი. თქვენ პირობა დადეთ, რომ სექტემბერში გაიხსნებოდა გზა ჭავჭავაძის გამზირზე და გზა არათუ გახსნილია, არამედ გადათხრილია და ორი კაცი მუშაობს ამ ტერიტორიაზე. სამწუხაროთ თქვენ ეს არ გაღელვებთ იმიტომ, რომ ამ ყველაფერში ფულს აკეთებთ და ყოველივე ამის შემდეგ კიდევ გაჭირვებულ ადამიანებს გინდათ მიადგეთ და იმათ უძვირებთ ჯარიმებს?!

რამდენი საპარკინგე ადგილი შექმენით ბოლო პერიოდში?! სად უნდა დააპარკინგონ მოქალაქეებმა მანქანები, ან რომელი საზოგადოებრივი ტრანსპორტი შექმენით იმისთვის, რომ ადამიანებს არ ჰქონდეთ მოტივაცია მანქანებით იარონ და საზოგადოებრივი ტრანსპორტით ისარგებლონ?!

გაუსაძლისია ამ ქალაქში ცხოვრება. მილიონი ადამიანი ეძებს სამუშაო ადგილს და ვერ პოულობს. ტაქსის მძღოლებს რა გაუკეთეთ, ლუკმა პური მიჰქონდათ სახლში, რომ ოჯახი შეენახათ და ამის შესაძლებლობაც გამოსტაცეთ. ამას იცით რატომ აკეთებთ? იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ თქვენ და თქვენთან დაკავშირებული კომპანიები თეთრ ტაქსებს შემოიყვანენ თბილისში და ამაზეც დიდ ფულს იშოვნიან.

როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს ყველაფერი?! ელემენტარულად გამოდით და ნახეთ ქალაქში რა ვითარებაა. საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქალაქში უკვე აღარ არსებობს. ეს არის სრული საშინელება და ამას სჭირდება აუცილებლად ყურადღების მიქცევა.

2020 წლის არჩევნები აუცილებლად გამოგიტანთ საბოლოო განაჩენს!“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე, კახა კალაძემ განაცხადა, რომ თბილისში პარკირების წესის დარღვევაზე ჯარიმა 50 ლარამდე გაიზარდება.

წყალტუბო არის ივანიშვილის დაუცხრომელი მტაცებლობის და ბოროტმოქმედების გაგრძელება – შალვა ნათელაშვილი

წყალტუბოს რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა-გადაწყვეტილებას ეხმიანება “საქართველოს ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი:

,,მოვუწოდებ პარლამენტს, დროზე დაიწყეთ ჩვენი შემოტანილი ,,ქართველი ერის მიმიდინარე და ისტორიული გენოციდის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა და დროზე მიიღეთ, სანამ პუტინის კომენდანტი ოფიციალურად დანიშნულა თბილისში. განსაკუთრებით მოვუწოდებ საპარლამენტო ოპოზიციას, რომელიც ისევე დუმს ამ დოკუმენტზე, როგორც ,,ქართული ოცნება“.

,,წყალტუბო არის ივანიშვილის დაუცხრომელი მტაცებლობის და ბოროტმოქმედების გაგრძელება“

,,ყველა, ვინც აჩუქებს წყალტუბოს, ვინც აჩუქა აბასთუმანი, მწვანე კონცხი, დენდროპარკი, ბოტანიკური ბაღები თბილისსა და ბათუმში, იპოდრომი, ,,ლაგუნა ვერე“, ,,თბილისი პანორამა“, საყდრისი, ყველა ხელმომწერი თანამდებობის პირი წავა ციხეში, აგებს პასუხს და მერე ნუ დაიწყება ტირილი რეპრესიებსა და დევნაზე“, – აცხადებს შალვა ნათელაშვილი.

ავტომფლობელებს მინდა ვთხოვო და მოვუწოდო, სიფრთხილით მოეკიდონ პარკირების წესებს, რათა არ მოხდეს მათი დაჯარიმება – კახა კალაძე

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განცხადება გააკეთა პარკირების წესების დარღვევის გამო ჯარიმების გამკაცრებაზე, ისაუბრა ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის წესის შესახებ, კონკრეტულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით ამნისტიის კანონთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით.

„მინდა დედაქალაქის მოსახლეობას და პირველი რიგში, ავტომფლობელებს მივაწოდო ინფორმაცია, ვთხოვო და მოვუწოდო, სიფრთხილით მოეკიდონ პარკირების წესებს, რათა არ მოხდეს მათი დაჯარიმება. ასევე, მნიშვნელოვანია აღვნიშნო, რომ ჯარიმის ჩაბარების წესი შეიცვალა. აქამდე მხოლოდ ფოსტით ეგზავნებოდა ადრესატს სამართალდარღვევის ოქმი, ამის შემდეგ, თუ ფოსტით ვერ მოხდება სამართალდარღვევის ოქმის ჩაბარება, იგი გამოქვეყნდება სპეციალურ ვებგვერდზე, რომლის მისამართიც არის www.tp.ge. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს არის ჯარიმის ჩაბარებისა და გამოქვეყნების სწორედ ის მოდელი, რომელსაც იყენებს შინაგან საქმეთა სამინისტრო ვიდეოჯარიმებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ჯარიმის გამოწერიდან 10 დღის განმავლობაში, დაჯარიმებული პირი შევა ვებგვერდზე და გადაიხდის ჯარიმას, ის მიიღებს 20%-იან ფასდაკლებას და მას არ მოუწევს სრული ოდენობით ჯარიმის გადახდა. ჩვენ ასევე, უზრუნველვყოფთ დაჯარიმებული პირებისთვის SMS შეტყობინებების მიწოდებას მათზე დაკისრებული ჯარიმების შესახებ“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ კიდევ ერთხელ განმარტა ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის წესი და აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში მსგავსი პროექტი დედაქალაქის სხვა უბნებშიც განხორციელდება.

„იცით, რომ ჩვენ გადავდივართ ახალ სისტემაზე – ეს არის ზონალურ-საათობრივი პარკირება, რომელიც ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ნაწილია. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით იყო გარკვეული ხარვეზები. ჩვენ დავიწყეთ ყველაფრის მოწესრიგება. ორ კონკრეტულ ლოკაციაზე საპილოტე ზონალურ-საათობრივი პარკირების პროექტი ავამოქმედეთ, რომელიც საკმაოდ წარმატებულად მიმდინარეობს. ადგილობრივი მოსახლეობისთვის ავტომობილების გაჩერება არის უფასო. მათ უნდა დაარეგისტრირონ საკუთარი ავტომობილები შესაბამის ვებგვერდზე. ასევე, შშმ პირთათვის არის უფასო. სხვა დანარჩენებისთვის 15 წუთი არის უფასო, შემდეგ უკვე ზონიდან გამომდინარე გადახდის რეჟიმი ირთვება. მაგალითად, ერთი საათი ერთი ლარია. ჩვენ მსგავს პროექტს სხვა უბნებსა და ცენტრალურ რაიონებშიც განვახორციელებთ, რომ ეს მიმართულება მოწესრიგდეს“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ ფერის სტანდარტის დარღვევისა და ნებართვის არქონის გამო, პირველ ოქტომბერს დაჯარიმებული ტაქსის მძღოლები ჯარიმის გადახდის ვალდებულებისგან გათავისუფლდებიან. მისი თქმით, პარლამენტი ერთჯერადი ამნისტიის აქტს გამოსცემს.

„როგორც მოგეხსენებათ, პარლამენტი ამნისტიის კანონს იხილავს. ამ დღეებში პირველი მოსმენით განიხილეს კანონპროექტი. თქვენ იცით, რომ ერთჯერადი ამნისტიის აქტი გამოიცემა და ეს ჯარიმები იქნება ჩამოწერილი. ჯარიმებისგან გათავისუფლდებიან პირები, რომლებსაც პირველ ოქტომბერს საპატრულო პოლიციამ გამოუწერა ჯარიმა ფერის სტანდარტის დარღვევის გამო. ესენი არიან ტაქსის ის მფლობელები, რომლებსაც ჰქონდათ ტაქსის ნებართვა, მაგრამ ავტომანქანა არ იყო თეთრი. ასევე, გათავისუფლდებიან პირები, რომლებსაც 30 სექტემბერს გაუვიდათ ნებართვის მოქმედების ვადა და პირველ ოქტომბერს დაჯარიმდნენ ნებართვის არქონის გამო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

პირველი ნოემბრიდან A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს შესაძლებლობა ექნებათ, ავტომანქანის სალონების ქიმიური წმენდის ვაუჩერით ისარგებლონ და სერვისის მისაღებად კონკრეტულ კომპანიებს მიმართონ.

კახა კალაძის თქმით, ტაქსის მფლობელები სერვისს შემდეგ მისამართებზე მიიღებენ: „ავტო სპა“, ბერი სალოსის გამზირის N31-ში, „დირსის“ კორპუსების მიმდებარედ და „ავტო შხაპი“, შეშელიძის N68-ში.

„გამოქვეყნებულ კონკრეტულ მისამართებზე A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს შეუძლიათ მიბრძანდნენ და ყოველგვარი გადასახადების გარეშე ისარგებლონ ამ სერვისით. გარდა ამისა, ვინც ისარგებლებს აღნიშნული ვაუჩერებით, მათ უფასოდ გადაეცემათ ტექნიკურ მომსახურებაზე 20%-იანი ფასდაკლების ბარათები“,- განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ტაქსის სერვისის გამწევთა განახლებულ სტატისტიკაზეც ისაუბრა. მისი თქმით, A კატეგორიის ტაქსების რაოდენობა ბოლო ერთ კვირაში 2000-ით გაიზარდა.

„A კატეგორიაში მონაწილე ტაქსების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. დღეის მდგომარეობით, გაცემულია 13 000-მდე ლიცენზია. რეგისტრირებულთა რაოდენობა წინა კვირასთან შედარებით, 2000-ით გაიზარდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და დარწმუნებული ვარ, რომ ციფრი კიდევ უფრო გაიზრდება. რეფორმა წარმატებით მიმდინარეობს. სხვა მნიშვნელოვანი ეტაპებისა და მიმართულებების შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით გავავრცელებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.