შაბათი, მაისი 17, 2025
20.8 C
Tbilisi
Home Blog Page 1784

არაფერი გამოუვათ, ფონდი “იავნანა” აუცილებლად გაიმარჯვებს და ყველა სამარცხვინო და მავნებელი დაისჯება, ვინც ამ სისტემურ დანაშაულშია ჩართული – პაატა ბურჭულაძე

ფონდ “იავნანას” წინააღმდეგ წარმოებულ საგამოძიებო პროცესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე:

დღეს ფონდმა „იავნანამ“ პროკურატურის წერილის კიდევ ერთი ასლი მიიღო, სადაც ვკითხულობთ, რომ ამ ეტაპზე რომელიმე კონკრეტული პირი დაზარალებულად ან ბრალდებულად კვლავ არ არის ცნობილი.

მეგობრებო ამიხსენით! თუკი სამი წლის მანძილზე საქმეში ვერაფერს ვერ პოულობენ, აწი საიდან გაჩნდება? რაღას იძიებენ? მხოლოდ იმიტომ არ ხურავენ საქმეს, რომ ეს ფონდი კიდევ უფრო დააზიანონ? კიდევ მეტი ბოროტება, რომ ჩაიდინონ? მაინც ხომ არაფერი გამოუვათ, ფონდი „იავნანა“ ხომ აუცილებლად გაიმარჯვებს და ყველა სამარცხვინო და მავნებელი, ვინც ამ სისტემურ დანაშაულშია ჩართული დაისჯება საჯაროდ.

დიდი მადლობა უნდა გადავუხადო ქალბატონ ნინო ლომჯარიას და სახალხო დამცველის ყველა იმ თანამშრომელს, რომელიც გვერდით დაუდგა „იავნანას“. საქმე იმაშია, რომ ეს არ არის სახალხო დამცველის პირველი წერილობითი მიმართვა პროკურატურის მიმართ, თუმცა ყველა ჯერზე პასუხი უცვლელია – გამოძიება მიმდინარეობს!“, წერს ფეისბუკის პირად გვერდზე პაატა ბურჭულაძე.

უმნიშვნელოვანესი რეფორმის დასაწყისი, რომელიც ხელს შეუწყობს მიწის რეგისტრაციას – ლევან დავითაშვილი

მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში რეგისტრაციის გამარტივებული წესის შესახებ, იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა, მთავრობამ დღეს დაამტკიცა და პარლამენტს გადაუგზავნა. მინისტრის განცხადებით, იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონმდებლობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის მნიშვნელოვან საკითხებს გადაჭრის და სამინისტროს მიერ განხორციელებულ პროგრამებს კიდევ უფრო მოქნილს გახდის.

ეს პრობლემა ქვეყანაში წლებია დგას. სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით, ჩვენ ძალიან ბევრ პროგრამას ვახორციელებთ, მაგრამ მნიშვნელოვანი წინაპირობა რეგისტრირებული მიწის მფლობელობაა. ჩვენი გუნდი წლებია ამ თემაზე მუშაობს. საბოლოოდ ვფიქრობ, რომ ის პაკეტი, რომელიც დღეს არის წარმოდგენილი, ბევრი მიმართულებით არსებული საკითხის მოგვარებას ისახავს მიზნად. არსებულ კანონმდებლობაზე მუშაობის წინაპირობა იყო ის, რომ მიწის სისტემური რეგისტრაციის წარმართვის სწორი მეთოდოლოგია ჩამოგვეყალიბებინა. სახელმწიფო, უკვე 2020 წლიდან, მასშტაბურ და სისტემურ რეგისტრაციას დაიწყებს. ეს არის ერთადერთი გამოსავალი, რომ ჩვენ დაურეგისტრირებელი მიწები აღარ გვქონდეს, რაც არის საფუძველი იმის, რომ განვითარდეს მიწის ბაზარი და შესაბამისად სოფლის მეურნეობა“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მთავრობის სხდომაზე დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, მიწის რეგისტრაცია მოქალაქეებს უფრო უმარტივდებათ. 2022 წლის პირველ იანვრამდე დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია, გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დამოწმება, სანოტარო მედიაცია, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, ფაქტების კონსტატაცია უსასყიდლოდ, საზღაურის გარეშე შესრულდება, ხოლო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება და მასში ცვლილება სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე დარეგისტრირდება.

სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, 2022 წლის პირველ იანვრამდე სამკვიდრო მოწმობის გაცემა უფასო იქნება.

 

P.S. თეა წულუკიანის განმარტებები მიწის გამარტივებულ რეგისტრაციასთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების თაობაზე

http://paraleli.ge/5486/მიწის-რეგისტრაციას-საქარ/

მიხეილ ბატიაშვილი გადადგა, თუმცა სისტემის გარედან აპირებს გააძლიეროს ერთად დაწყებული საქმე

როგორც მთავრობის სხდომაზე გახდა ცნობილი, საკუთარი განცხადების საფუძველზე, თანამდებობიდან გადადგა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი. მინისტრი დაემშვიდობა თანამშრომლებს და დაპირდა, რომ სისტემის გარედან მოახდენს სამინისტროს მხარდაჭერას ცალკეული პროექტებით:

თითოეული თქვენგანის დამსახურებაა ყველა ის შედეგი, რასაც განათლების რეფორმის ფარგლებში ამ დროის განმავლობაში მივაღწიეთ. დარწმუნებული ვარ, ასევე გააგრძელებთ! მე კი სისტემის გარედან, დიდი საგანმანათლებლო პროექტებით, შევეცდები, კიდევ უფრო გავაძლიერო ის უზარმაზარი საქმე, რომელიც ერთად დავიწყეთ!“ – მიხეილ ბატიაშვილი

საქართველოს ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას კიბერუსაფრთხოება წარმოადგენს – გიორგი ვაშაძე

„ჰიბრიდული ომი, მისი მასშტაბებიდან გამომდინარე, ისეთი დონის პრობლემაა, რომ რეალურად მხოლოდ სახელმწიფოს შეიძლება ჰქონდეს მასთან გამკლავების საკმარისი ბერკეტი და რესურსი“ აცხადებს გიორგი ვაშაძე.

სტრატეგია „აღმაშენებლის“ ფარგლებში გამართულ პრეზენტაციაზე, რუსეთის ჰიბრიდული ომი და საქართველოს ეროვნული უსაფრთხოება განიხილეს. როგორც იდეის ავტორმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, საქართველოსთვის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევას კიბერუსაფრთხოება წარმოადგენს. მისი თქმით, სტრატეგიაზე მომუშავე გუნდს აქვს კონკრეტული ხედვა და ინიციატივა, ამ პრობლემების გადასაჭრელად.

ჰიბრიდული აქტივობები მოიცავს კიბერშეტევებს, საარჩევნო პროცესებში ჩარევას და დეზინფორმაციის კამპანიებს. ხშირ შემთხვევაში, სოციალური მედია გამოიყენება პოლიტიკური ნარატივის გასაკონტრლებლად.

ჰიბრიდული კონფლიქტის მეთოდები საკმაოდ ძველი და მრავალჯერ ნაცადია. რუსეთის ფედერაცია ამ მხრივ არის ლიდერი სხვა ქვეყნებს შორის. ჩვენ შეგვიძლია გამოვყოთ რუსული პროპაგანდის რამდენიმე უნივერსალური მახასიათებელი – გავრცელებისა და მოცვის მრავალარხიანი ქსელი, “ფეიკ ნიუსები”, ცრუ ინფორმაციის მრავალჯერადობა, ობიექტის დაბნევა და კრიტიკის არ დაშვება. რუსეთი ცდილობს მოქალაქეებში ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას და სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლება ამ ყველაფრის თანამონაწილეა. გარდა ამისა, რუსეთი ცდილობს სრული ეკონომიკური გავლენა მოიპოვოს საქართველოზე, ხელი შეუწყოს შიდა დაპირისპირებას და ნიჰილიზმი დანერგოს საზოგადოებაში.

ამ ყველაფრის ფონზე კი ვიმყოფებით იმ რელობაში, სადაც შესუტებულია და თითქმის არ არსებობს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვა, არ გვაქვს საფრთხეების შეფასების დოკუმენტი და არ გაგვაჩნია ეროვნული თავდაცის სტრატეგია.

სწორედ ამ თემებზე ვისაუბრეთ დღევანდელ ღოისძიებაზე, სადაც ჩვენს მიერ შემუშავებული დოკუმენტი გავასაჯაროვეთ. ეს არის გადაწყვეტა ყველა ზემოთჩამოთვლილ პრობლემაზე“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

სტრატეგია „აღმაშენებელი“ქართველი და უცხოელი ექსპერტების ერთობლიობას წარმოადგენს. გუნდის მიერ შემუშავებულია 20 ძირითადი მიმართულება, რომელიც საქართველოს განვითარებისა და წინსვლისთვი შეიქმნა. თემატურ პრეზენტაციებს გუნდი საზოგადოებას ყოველკვირეულად წარუდგეს.

სახალხო დამცველის განცხადება საპატრიარქოში განვითარებული მოვლენების შესახებ

საპატრიარქოში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და გაჟღერებულ ცალკეულ ინფორმაციებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას მოითხოვს:

ბოლო დღეების განმავლობაში, ცალკეული სასულიერო პირები მედიის საშუალებით აჟღერებენ ინფორმაციას, რომ მათთვის ცნობილია სასულიერო პირების მხრიდან განხორციელებული სავარაუდო სექსუალური შევიწროების და სექსუალური ხასიათის ქმედებების იძულების ფაქტების შესახებ. საუბრებში ისინი ასევე მიანიშნებენ, რომ ეს ქმედებები შესაძლოა ჩადენილი იყოს არასრულწლოვანთა მიმართაც.

მინდა განვმარტო, რომ გავრცელებული ინფორმაცია შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დასჯადი ქმედების ნიშნებს. შესაბამისად, მოვუწოდებ სამართლდამცავ ორგანოებს, დაინტერესდნენ და დაიწყონ გამოძიება თითოეულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. ასევე, მოვუწოდებ ყველა იმ პირს, რომლისთვისაც ცნობილია ზემოაღნიშნული სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ, დაუყოვნებლივ მიმართოს შესაბამის ორგანოებს.

აქვე აღვნიშნავ, რომ სახალხო დამცველის აპარატმა შესაბამისი რეაგირების თხოვნით წერილობით უკვე მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს, გენერალურ პროკურატურასა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.

მსურს საჯაროდ მოვუწოდო როგორც განცხადების ავტორებს, ასევე, ყველა ინფორმაციის მფლობელს, დაუკავშირდნენ სახალხო დამცველის აპარატს, რათა მაქსიმალურად სრულყოფილ ინფორმაციას მოვუყაროთ თავი და შევძლოთ მისი გადამოწმება. შესწავლის პროცესში, მოთხოვნის შემთხვევაში, განმცხადებლის კონფიდენციალურობა უზრუნველყოფილი იქნება,” – აცხადებს ნინო ლომჯარია.

ექსპერტიზის შეკითხვა გადმომცეს: დაკარგე თუ არა ჯანსაღი თვალი? – მაკო გომური

20 ივნისის მოვლენების დროს დაზარალებული მაკო გომური, რომელმაც იმ საბედისწერო ღამეს თვალი დაკარგა, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მხრიდან მისთვის დასმულ შეკითხვას ასაჯაროვებს:

4 თვეზე მეტია გასული, ექსპერტიზის დასკვნას ვინ ჩივის, არც გამოძიება ყოფილა დაწყებული.

დღეს დამირეკეს და ექსპერტიზის შეკითხვა გადმომცეს: დაკარგე თუ არა ჯანსაღი თვალი? მანამდე თვალზე რამე პრობლემა ხომ არ გქონდა?

წარმოიდგინეთ, მთელი 4 თვის განმავლობაში ექსპერტიზას მეტი შეკითხვა არ გაუჩნდა. ანუ -30 რომ მქონოდა ჯანდაბას, მაინც მოსაშორებელი თვალი იყო?” – წერს ფეისბუკის პირად გვერდზე მაკო გომური.

დაიწყო დიდი შეტევა ეკლესიაზე და ეროვნულ ფასეულობებზეც – საქართველოს საპატრიარქო ფილმზე “და ჩვენ ვიცეკვეთ”

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს ფილმ “და ჩვენ ვიცეკვეთ” სქქართველოს კინოთეატრებში ჩვენებასთან დაკავშირებით:

“დაიწყო დიდი შეტევა ეკლესიაზე და ეროვნულ ფასეულობებზეც. ბოროტი ცდილობს, შეურაცხყოს და ეჭვქვეშ დააყენოს ყოველივე ღირებული, ხალხს იდენტობა დააკარგვინოს და იმედი ჩაუკლას, თანაც ამას სიმართლისა და სიკეთის სახელი დაარქვას.

გარკვეულ ძალას, როგორც ჩანს, დიდად აწუხებს ეკლესიის ავტორიტეტი,  მოსახლეობის სიყვარული ღვთისა და  ტრადიციული ღირებებულებისადმი  და მის შესარყევად სხვადასხვა მეთოდს მიმართავს.

შემთხვევითი არ არის, რომ 31 ოქტომბრის წმინდა სინოდის სხდომის შემდეგ განვითარებული მოვლენების ფონზე ახლა ლევან აკინის ქართულ-შვედური სოდომური ფილმის, – ,,და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენება დაიგეგმა ბათუმში და თბილისის სამ კინოთეატრში. როგორც ვიცით, აქ ნაჩვენებია ახალგაზრდა მოცეკვავის ცხოვრება, რომელიც რადიკალურად იცვლება მამათმავალ მეტოქესთან  დაკავშირების  შემდეგ და სცენა ამ ფონზე ვითარდება.

ცნობილია ისიც, რომ განზრახული ჰქონდათ, ეს სიუჟეტი სუხიშვილების ანსამბლთან დაეკავშირებინათ, რაზეც მტკიცე უარი მიიღეს. შეგახსენებთ ქალბატონ ნინოს ნათქვამს: ,,მე ვთვლი, რომ ქართული ცეკვა ეროვნულობის გამომხატველია, სადაც ჩანს თავისუფლებისმოყვარე ქართველი ერი, – მამაკაცური და ვაჟკაცური. ეს ცეკვებში და მოძრაობებშია გამოვლენილი. მე არ მინდოდა ჩემს ანსამბლში გადაეღოთ ასეთი სიუჟეტის ფილმი. ეს იქნებოდა ტყუილი,.. რადგან ქართულ ცეკვაში განსაკუთრებულად ჩანს მამაკაცის დამოკიდებულება ქალის მიმართ — კდემამოსილება, ტრფობა, პატივისცემა.”

ამ პოზიციის გამო ანსამბლის ხელმძღვანელებზე დაიწყო საერთაშორისო მასშტაბის შეტევა და ზეწოლა, რაც მეტად სამწუხაროა; სამაგიეროდ ჩვენი ეროვნული ღირსების შეურაცხმყოფელ ფილმს კანის ფესტივალზე VII ადგილი მიანიჭეს, ხოლო მსახიობი ლევან გელბახიანი ამერიკული ჟურნალ “W” -ს მიერ ამ ფესტივალის 15 კინოვარსკვლავთა შორის დასახელდა.

რა თქმა უნდა, ყოველივე ეს, პირველ რიგში, გაკეთდა იმისთვის, რომ შეცვალონ ჩვენი ხალხის ცნობიერება, დააცხრონ ლგბტ ურთიერთობისადმი საზოგადოებაში არსებული  უარყოფითი მუხტი და საბოლოო ჯამში მიაღწიონ ამ ცოდვის ლეგალიზებას.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთვის იყო, არის და იქნება კატეგორიულად შეურიგებელი როგორც საერთოდ ცოდვის, ისე, მითუმეტეს, სოდომური  ურთიერთობების პოპულარიზაციისა და დაკანონებისადმი. ამიტომაც ყოვლად მიუღებლად მიგვაჩნია ასეთი ფილმის კინო-თეატრებში ჩვენება.

ამასთან დავძენთ, რომ როგორც ადრე, ამჟამადაც, რა თქმა უნდა,  ჩვენის მხრივ, ვემიჯნებით ძალადობას და ძალადობრივ ქმედებებს”, – ნათქვამია საპატრიარქის განცხადებაში.

IDFI-ის კვლევის შედეგები: 2017-2018 წლებში ქ. თბილისის მერიისა და საკრებულოს ხარჯები

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) დედაქალაქის თვითმმართველობაში შტატგარეშე თანამშრომელთა ანაზღაურების, წარმომადგენლობითი და სხვა ხარჯების კვლევის შედეგებს ასაჯაროვებს:

2018 წელს მერიაში შტატიანი თანამშრომლების ანაზღაურება 2017 წელთან შედარებით 4 მლნ ლარით შემცირდა. მერიის შტატგარეშე თანამშრომელთა ანაზღაურება კი 3,4 მლნ ლარით გაიზარდა.

2018 წელს თბილისის საკრებულოს შტატგარეშე თანამშრომელთა ანაზღაურება 461 ათასი ლარით გაიზარდა. საშტატო თანამშრომელთა ანაზღაურება კი 171 ათასი ლარით შემცირდა.

2017 წელს თბილისის საკრებულოს საშუალო სამივლინებო თანხა დაახლოებით 3,000 ლარს შეადგენდა, ხოლო 2018 წელს – 5,000 ლარს.

მერიის მიერ 2018 წელს დახარჯული სატელევიზიო სარეკლამო თანხების 69% ტელეკომპანია „იმედშია” კონცენტრირებული.

მერიის საწვავის ხარჯი 2018 წელს 278 ათასი ლარით გაიზარდა. 2018 წლის მონაცემებით, მერია 370 ერთეულ ავტომობილს ფლობდა.

საკრებულოს საწვავის ხარჯები 2018 წელს 38 ათასი ლარით გაიზარდა. საკრებულოს ჯამში 40 ავტომობილი და 43 მძღოლი ემსახურებოდა.

მერიის წარმომადგენლობითი ხარჯები 2018 წელს წინა წელთან შედარებით 32%-ით არის გაზრდილი.

2017-2018 წლებში საკრებულოს წარმომადგენლობითი ხარჯი 77,507 ლარს შეადგენდა.

გადაწყვეტილების მიმღებ ყველა პირს მოვუწოდებ იხელმძღვანელონ ჰუმანიტარული პრინციპით და თამარ გიგაურის ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნან – ქეთევან ციხელაშვილი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ოკუპირებულ ახალგორში დაშავებული თამარ გიგაურის საკითხზე საუბრისას მკაცრად გააკრიტიკა ის ფაქტი, რომ მას ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის საშუალება არ ეძლევა.

სახელმწიფო მინისტრის თქმით, სახელმწიფო ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს იყენებს დაშავებულის ინტერესების დასაცავად და კონტროლირებად ტერიტორიაზე მის  სამკურნალოდ გადმოსაყვანად.

თამარ გიგაურის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით ჩვენ გუშინვე გვქონდა კომუნიკაცია ყველა არხით – რამდენჯერმე იქნა გააქტიურებული ცხელი ხაზი, გუშინვე დავუკავშირდით წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს, ჩართულნი არიან ჟენევის თანათავმჯდომარეები. ჩვენი ძალისხმევა ახლაც, მიმდინარე რეჟიმშიც გრძელდება, მათ შორის, ცხელი ხაზის გააქტიურებით.

მინდა იმედი გამოვთქვა, რომ ამ ძალიან მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ საკითხს შეფერხება არ ექნება და დადებითად გადაწყდება, რადგან საქმე ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და აბსოლუტურად ფუნდამენტურ უფლებებს ეხება, რომელთა დაცვისაგან თავისუფალი არავინ არ არის.

გადაწყვეტილების მიმღებ ყველა პირს მოვუწოდებ, ესენი იქნებიან დე ფაქტო წარმომადგენლები, თუ წარმომადგენლები რუსეთის მხრიდან, რომ ასეთი საკითხების დროს და ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც, იხელმძღვანელონ ჰუმანიტარული პრინციპით და ამ ქალბატონის ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნან“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ლიბერალებს უნდათ ნამუსი აგვხადონ – ლევან ვასაძე

ბიზნესმენი ლევან ვასაძე ეხმიანება ფილმ “And Then We Danced” (“და ჩვენ ვიცეკვეთ”) დაგეგმილ ჩვენებას საქართველოს კინოთეატრებში და კატეგორიულად ეწინააღმდეგება ამას:

ლიბერალებს უნდათ ნამუსი აგვხადონ ამ კვირაში. მათ გრანტების ფულით გადააღებინეს ვიღაც უნამუსო, შვედეთში მცხოვრებ, ვითომ ქართველ ვაი-რეჟისორს ვინმე ლევან აკინს. ფილმი, სადაც მთელი ჩვენი ქვეყნისათვის სულში ჩამაფურთხებელი ამბავია მოთხრობილი, ვითომ ამბავი – ქართული ცეკვის 2 მამაკაც მოცეკვავეს, ამ ფილმის ავადმყოფი ავტორების ჩანაფიქრით ერთმანეთი უყვარდებათ და მამათმავლურ ცოდვაში ჩავარდნილები ერთად ცხოვრობენ.

ამ ფილმის გადაღებით მათ, მთელ მსოფლიოში, შეარცხვინეს მთელი ქართული კულტურა, არა მარტო ცეკვა, კინო, მთელი ჩვენი ფოლკლორია, შეურაცხყოფა მიაყენეს ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის, ჩვენი უამრავი სასიქადულო მოცეკვავისა და მომღერლის ნათელ ხსოვნას, ასევე ჩვენი ცოცხალი, ქართული ცეკვისა და სიმღერის, ათიათასობით მოღვაწეს, მოცეკვავეს პედაგოგს და ა.შ.

ესეც არ იკმარეს და ამ კვირაში გაუგონარ საქმეს ლამობენ. ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილი აქვთ ამ ფილმის 6 კინოთეატრში 3-დღიანი ჩვენება დღეში 2-2 სეანსი. თუ ჩვენ ამას დავუშვებთ ათასობით ადამიანი ნახავს ამ ფილმს და კიდევ უფრო გაირყვნება, კიდევ უფრო დეგრადირდება სულიერად, კიდევ უფრო ცინიკურ ცხოველად იქცევა.

ჩვენ, არავითარ შემთხვევაში, არ უნდა დავუშვათ ამ ფილმის ჩვენება, არცერთ ამ 6 კინოთეატრში, ამ 3 დღის განმავლობაში.

ჩვენი სამოქმედო გეგმა ამჯერადაც ძალზედ მარტივია. ჩვენ პარასკევს, 8 ნოემბერს, 16:00 საათზე დიდი რაოდენობით შევიკრიბებით ვერის ბაღში, დავიყოფით ხუთ ჯგუფად და დავიძვრებით იმ კინოთეატრებისაკენ, სადაც ეს ჩვენებები იგეგმება. ჩვენ შევალთ ამ კინოთეატრებში და არ მივცემთ მათ ამ სეანსების ჩატარების უფლებას. თუ ჩვენ იქ დაგვხვდება პოლიციის კორდონები, ჩვენ გავწევთ პოლიციელებს და მაინც შევალთ კინოთეატრებში.

მოვუწოდებ ჩვენს საამაყო პოლიციელებს, არ წავიდნენ ერის ტრადიციის წინააღმდეგ და არ დაიცვან ქვეყნის გარყვნა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი შეარცხვენენ საკუთარ გვარებსა და ოჯახებს და იძალადებენ საკუთარ ხალხსა და მის ტრადიციას.

მოვუწოდებ ყველას, არავითარი ცემა-ტყეპა, არავითარი კომბალი ან იარაღი, უბრალოდ შევდივართ შიშველი ხელებით კინოთეატრებში და ვშლით ამ სეანსებს, შევდივართ საოპერატოროში და ვთიშავთ ფილმის ჩვენებას”, – განაცხადა ლევან ვასაძემ ვიდეო მიმართვაში.

​ცნობისათვის: “And Then We Danced” გეი-დრამის რეჟისორი, ლევან აკინი, წარმოშობით საქართველოდანაა. ფილმი შვედეთის სახელით წარდგება ამერიკის კინოაკადემიის, “ოსკარის” დაჯილდოვების 92-ე ცერემონიალზე.