კვირა, მაისი 18, 2025
21 C
Tbilisi
Home Blog Page 1780

მაჟორიტარული სისტემა არის ის, რაც სჭირდება ხალხს – თეა წულუკიანი

იუსტიციის მინისტრი მოხარულია, რომ ნულოვანი ბარიერის პროპორციული მოდელი არ მიიღო პარლამენტმა. თეა წულუკიანს მიაჩნია, რომ მაჟორიტარული სისტემა არის ის, რაც სჭირდება ხალხს:

ვფიქრობ, ძალიან კარგია, რომ ნულოვანი ბარიერის პროპორციული მოდელი არ შემოვიდა ჩვენს ქვეყანაში და როგორც როგორც ყოფილი მაჟორიტარი, ვრჩები იმ აზრზე, რომელ აზრზეც ყოველთვის ვიყავი და ვფიქრობ, რომ მაჟორიტარული სისტემა არის ის, რაც სჭირდება ხალხს, იმისთვის, რომ პრობლემების მომგვარებელი არსებობდეს ამ ქვეყანაში და ეს სისტემა უნდა იქნეს შენარჩუნებული.

ეს არის გარანტია იმისა, რომ 2020-ის არჩევნების შედეგად ჩვენ მივიღებთ იმ მმართველ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც აირჩევთ თქვენ.

როდესაც მეორე მხარეს არის არა პოლიტიკური ძლიერი ოპოზიცია, არამედ მალე ბოქლომების მაღაზიას გახსნიან, ალბათ, მათთან ძნელია რაიმე ტიპის მთავრობის ფორმირებაზე საუბარი.

როცა იწყებ ვარდებით და ასრულებ ბოქლომებით, ეს რა თქმა უნდა მძიმე, გაკოტრებულ რეჟიმში მყოფი ძალაა,” – აცხადებს თეა წულუკიანი.

ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით სახელმწიფო ორგანოები, მთავრობა, შესაბამისი უწყებები აქტიურად მოქმედებენ 24 საათიან რეჟიმში – გიორგი გახარია

საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებულ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით სახელმწიფო ორგანოები, მთავრობა, შესაბამისი უწყებები აქტიურად მოქმედებენ 24 საათიან რეჟიმში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, მთავრობა იყენებს ყველა საერთაშორისო ინსტრუმენტს.

რა თქმა უნდა, სრულ სინქრონში ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, ვდგამთ იმ ნაბიჯებს, რომელიც აუცილებელია მსგავს მძიმე სიტუაციაში და ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ყველამ უნდა გავითვალისწინოთ ამ პროცესის სპეციფიურობიდან გამომდინარე, ინფორმაციის გავრცელების შესაბამისი სტანდარტები და პირველ რიგში, ეს სტანდარტები უნდა გავითვალისწინოთ ბატონი ვაჟას და მისი ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

თუ ქალბატონ ჩუგოშვილს აქვს ილუზია თითქოს ჩვეულებრივი საპარლამენტო საქმიანობა მიდის, ამით დაადასტურებენ, რომ ივანიშვილის პოლიტიკური მონების რიგში რჩებიან – გიგა ბოკერია

პარლამენტის თავმჯდომარის ყოფილ პირველ მოადგილეს, თამარ ჩუგოშვილს მიმართავს “ევროპული საქართველოს” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია და ურჩევს ჩამოყალიბდეს თავის კონკრეტული პოზიციაში, არ შექმნას საპარლამენტო საქმიანობის “ნორმალურობის” ილუზია:

თუ ქალბატონ ჩუგოშვილს აქვს ილუზია, თუ ვცდები – ბოდიშს ვიხდი, ან მის ყოფილ უფროსს – ივანიშვილს, რომ ამითი შექმნიან “ნორმალურობის” ილუზიას, ვითომ არაფერი არ მომხდარა, ჩვეულებრივად გრძელდება ამბავი – ჯერ ძალიან ცდებიან, ჩუგოშვილი და ვერავინ სხვა ვერ შექმნიან ამ განცდას, თითქოს ჩვეულებრივი საპარლამენტო საქმიანობა მიდის, ოღონდ ამ მცდელობით დაადასტურებენ, რომ კი დაამცირა ივანიშვილმა, კი გავიდნენ უმრავლესობიდან, რეალურად ივანიშვილის პოლიტიკური მონების რიგში რჩებიან,”- აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

 

 

სახეზე გვაქვს სრულიად ახალი პროცესი – წინააღმდეგობის არაძალადობრივი კამპანია – ხათუნა ლაგაზიძე

ხელისუფლების ჩანაფიქრზე, ოპოზიციის განსხვავებულ ტაქტიკასა და წინააღმდეგობის არაძალადობრივი კამპანიის ახალ პროცესზე საუბრობს პოლიტიკის ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე:

ეს დღეები თბილისში არ ვიყავი და ფიქრის დრო მქონდა: მთავარი კითხვა, რაზეც პასუხს ვეძებდი იყო შემდეგი – რაზე ითვლიდა ხელისუფლება, როცა პროპორციულ საარჩევო სისტემას აგდებდა, რა რეაქციას ელოდა ოპოზიციიდან და შესაბამისად – რას გეგმავდა შემდეგ ნაბიჯად? მან ხომ კარგად იცოდა, რომ ოპოზიციისგან შემხვედრი რეაქცია იქნებოდა?

ლოგიკურად ჩანს, რომ ხელისუფლება ოპოზიციისგან ელოდა საპასუხო აგრესიას, ძალადობრივ აქტებს პარლამენტთან, თავპირისმტვრევას, რასაც დიპლომატიურ კორპუსთან – ქვეყნის გარეთ და შუაშისტ ამომრჩეველთან – ქვეყნის შიგნით გააფორმებდა, როგორც გადატრიალების მცდელობას, რომელიც:

1. დესტაბილიზაციას გამოიწვევდა რეგიონში;

2. ფორას მისცემდა რუსებს;

3. შესაბამისად, დააფრთხობდა დასავლეთს;

4. აიძულებდა ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რომ შეგუებოდნენ „ოცნების“ მმართველობას, როგორც ნაკლებ ბოროტებას, როგორც სტაბილურობის გარანტორს მოძალადე და გადამტრიალებელი ოპოზიციის საპირწონედ.

პროპორციული არჩევნების ჩაგდებაც, „ოცნების“ ხელისუფლებაში უვადოდ და უალტერნატივოდ დარჩენაც და ამომრჩევლის და დასავლელი პარტნიორების „გადაგდებაც პრავდებოდა“ მოძალადე და გადამტრიალებელი ოპოზიციის ფონზე.

შედეგად რა მიიღო ხელისუფლებამ?! დაწვრილებით ხვალ მოგახსენებთ. დღეს კი მოკლედ გეტყვით, რომ მოლოდინის საწინააღმდეგოდ, „ოცნებამ“ საპასუხოდ მიიღო არაძალადობრივი და არააგრესიული წინააღმდეგობის კამპანია, რომლის მონაწილეებს სასამართლოში ბრალსაც კი ვერ უმტკიცებენ, შესაბამისად ხალხსაც ვერ იჭერენ არარასებული ბრალდებების გამო.

სახეზე გვაქვს სრულიად ახალი პროცესი – წინააღმდეგობის არაძალადობრივი კამპანია, რომელიც მშვიდობიანად აიძულებს ხელისუფლებას პარლამენტის ბიუროები და სესიები სპეცრაზმის თანხლებით ატაროს.

მოკლედ, კითხვა მაქვს თბილისში მყოფ და პროცესში აქტიურად ჩართულ მეგობრებთან: ვინ იყო ამ ახალი პროცესის – არაძალადობრივი პროტესტის ავტორი და ინიციატორი?! წინააღმდეგობის ეს ახალი ფორმა – ხელისუფლებაზე ზეწოლის არაძალადობრივი, მაგრამ უწყვეტი კამპანია, ახალი, ცივილური სიტყვაა ქართულ პოლიტიკაში და იმედი მაქვს – შედეგიანი,” – წერს ფეისბუკის პირად გვერდზე ხათუნა ლაგაზიძე.

საქართველოს ბუნება: კრწანისის ტყეპარკის მობუდარი ფრინველი მოლაღური – Oriolus oriolus

ველური ბუნების ეროვნული სააგენტო გაგვაცნობს კრწანისის ტყეპარკში მობუდარ მოლაღურს:

🐧შავი და ყვითელი ბუმბულით შემოსილი მგალობელი ფრინველი, გულყვითელა. სხეულის სიგრძე 22-25 სმ. მგალობელი ფრინველია.

ოქროს მოლაღური

🐧ულამაზესი ჩიტი, რომელიც ბინადრობს საქართველოში, გამოსაზამთრებლად მიფრინავს აფრიკაში. ის გამორჩეულია, როგორც ულამაზესი შეფერილობით აგრეთვე ულამაზესი ხმით, მამალი ოქროს მოლაღური კაშკაშა ყვითელი შეფერილობით გამოირჩევა, ხოლო დედალი მონაცრისფრო ოქროსფერია, ის ძირითადად დაფრინავს ნათელ ტყეებში, განსაკუთრებით იზიდავს ფართოფოთლოვანი ხეები. ბუდეს იკეთებს ხეებზე. იკვებება ხილით და მწერებით.

↘️კრწანისის ტყეპარკში 88 სახეობის ფრინველი გვხვდება

ველური ბუნების ეროვნული სააგენტო

ჩვენ პოლიტ-ოპონენტების არავითარი ვალი არ გვაქვს – გიორგი ვოლსკი

საარჩევნო სისტემებთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების შესახებ საუბრობს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრი:

გარკვეული მოსაზრებები მინდა გაგიზიაროთ საარჩევნო სისტემებთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების შესახებ.

რევოლუციური სცენარის გათამაშება და პარლამენტში შემოჭრა ვერ მოახერხეს! თუმცა საზოგადოებაში კვლავ დარჩა დაძაბულობის ის ხარისხი, რომელიც ემატება ჯერ კიდევ არსებულ არაერთ პრობლემას.
ბუნებრივია გადავწყვიტეთ, რომ პოლიტიკურ ველზე შექმნილი დაპირისპირების ხარისხი არ გადაგვეტანა საზოგადოებაში და ჩვენი მხრიდან ეს პოზიცია გავამყარებთ პროპორციული არჩევნების ჩატარების ინიციატივით.

ეს ჩვენი პოლიტიკური გუნდის ინიციატივა იყო. ეს არ ყოფილა ოპოზიციასთან არც რაიმე მოლაპარკებების და შეთახმების შედეგი. ამ ინიციატივას არ ყოლია მხარეები. ამის სანაცვლოდ არავისთვის არაფერი მოგვითხოვია. ჩვენ ინციატივა საზოგადოებას წარვუდგინეთ, ოპოზიცია აქ მხარე საერთოდ არ ყოფილა! მხარე მხოლოდ ამომრჩეველია და თუ ის გაგვინაწყენდა, მან იცის, რა დოზით მოგვთხოვოს პასუხი, რასაკვირველია საარჩევნო ყუთთან და არა ქვეყნის დამანგრეველი ჯახისას, როგორც ეს ძველ და ახალ ნაცმოძრაობას და მათ სატელიტებს წარმოუდგენიათ!

მიუხედავად ამისა, დაიწყო ახალი ჯახის მზადება….. წალეკეს მედიაველი შეძახილებით: წავართვით! დავაჩოქეთ! გავანადგურეთ! იტაცებენ საქართველოს! შტურმი მიიტანეს ეკლესიაზე, ჩართეს “ფეიკ ნიუსების” ყველა მექანიზმი… სამ თვეზე მეტი ლანძღვა გინებაზე ორიენტირებული მიტინგები არ შეუჩერებიათ.

აი მაშინ უკვე კვლავ დაბრუნდა განხილვების ფორმატში ჩემი კოლეგების დავიწყებული შეკითხვა – „კი მაგრამ, ვისთან ერთად ვაპირებთ კოალიციური პასუხისმგებლობის აღებას ქვეყნის სტაბილურობაზე, თუნდაც უმრავლესობის აღების შემთხვევაში?!“ მოვიგონოთ, რომ ეს ხალხი, მცირე გამონაკლისის გარდა, ჯერ 2024 წელს პროპორციული არჩევნების მხარდაჭერაზე დავითანხმეთ დიდი ძალისხმევით, მერე კი ამაზე 2020 წლისათვის შევითანხმეთ. კონსტიტუციაც შევცვალეთ, მოგაგონებთ, რომ ეს პროცესიც ნაცჯგუფის მხრიდან სრული დესტრუქციის პირობებში წარიმართა.

შემდეგ რა მოხდა? სწორედ საპარლამენტო განხილვების წინ, ნაცვლად ჩვენი ინიციატივის პოზიტიურობაზე სულ მცირე მინიშნებისა, საკუთარი ვერსია შემოგვთვაზეს, რასაკვირველია სახეცვლილი. როგორ თუ მხარი არ დაგვიჭირეთო, ინიციატივა არ გადმოგვიფორმეთო და ლანძღვა გინებამ კულმინაციას მიაღწია. და ამ ფონზე გაუკვირდათ კიდეც – როგორ თუ შერეული სისტებმის მომხრეებმა გინება არ შეირჩინეს და თავდახრილებმა და შეურაცხყოფილემა გაბედეს ხმის ამოღებაო, როგორ თუ სკეპტიციზმმა იმატაო! ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ ყველა ღონე იხმარეს რათა ამ გადაწყვეტილების მხარდაჭერა არ მომხდარიყო, ხოლო უმრავლესობა გახლეჩილიყო.

დაფიქრდით, იქნებ სწორედ ეს იყო მიზანი, რამეთუ სააკაშვილის მიერ არაერთგზის დაანონსებული რევოლუციური გზა მათთვის ერთადერთია წარმატების მისაღწევად. ეს ეჭვები ე.წ. „გერმანული მოდელის“ შემოთავაზებამ გამიმყარა, როცა ზუსტად იციან, რომ იგი კონსტიტუციას არ შეესაბამება და საზოგადოებას კვლავ ატყუებენ და ბარიკადებისაკენ მოუწოდებენ. ვითარება მყისიერად აისახა ვალუტის კურსზე, ეს რომ მათი ერთ-ერთი მთავარი მიზანია, ამაში კი ეჭვი ნამდვილად არ მეპარება.

ვიმეორებ, ჩვენ პოლიტ-ოპონენტების არავითარი ვალი არ გვაქვს. არავითარი უკანონობა არ მომხდარა. მხოლოდ ხალხს, ამომრჩეველს შეუძლია მოგვედაოს, რომ ვთქვით და ვერ შევძელით გაკეთება, თუ ამომრჩეველი გაწბილებულად ჩათვლის თავს, ამას საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებით ჩატარებულ არჩევნებზე გამოხატავს“, – აცხადებს გიორგი ვოლსკი.

CRRC და IPM კომპანიები დაკავშირებულები არიან ნაცმოძრაობის განშტოებებთან – ირაკლი კობახიძე

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ეხმიანება საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ გამოქვეყნებულ კვლევას, სადაც მმართველი პარტიის  რეიტინგის კლება ფიქსირდება და კვლევის ჩამტარებელ კომპანიებს წინა ხელისუფლების პარტიებთან დაკავშირებულებად მოიხსენიებს:

ეს არის ის კომპანიები, რომლებიცარიან პირდაპირ დაკავშირებულები კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებთან. CRRC არის დაკავშირებული ნაცმოძრაობის ერთ განშტოებასთან, IPM მეორე განშტოებასთან.

როდესაც ტარდება კვლევა, ძალიან კარგად ვხედავთ იმას, თუ როგორ დასრულდება შემდეგი საპარლამენტო არჩევნები და სწორედ ეს გვაძლევს ჩვენ იმის თქმის საფუძველს, რომ მნიშვნელოვნად ავცდებით ჩვენ 50%-იან მაჩვენებელს,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, IRI-ს კვლევის მიხედვით, შეკითხვაზე – “მომავალ კვირას, რომ არჩევნები, რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემდით ხმას?”, შედეგები ასე განაწილდა:

1. “ქართული ოცნება” – 23 %;

2. “ნაციონალური მოძრაობა” – 15%;

3-4. “ევროპული საქართველო” და “ლეიბორისტული პარტია” 5-5%;

5. “პატრიოტთა ალიანსი” – 4 %;

6. “სამოქალაქო მოძრაობა” – 3 %;

7-9. “ახალი საქართველო”, ნინო ბურჯანაძის “დემოკრატიულ მოძრაობა”, მამუკა ხაზარაძის “ლელო” 2-2 %;

10-11. “გირჩი”, “შენების მოძრაობა” – 1-1%.

 

ამ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება კანონის ფარგლებში სრულად დაცულია – გიორგი გახარია

შეკითხვა „ვინ გასცა ბრძანება“ მეორდება. ადრე ის, რაც ხდებოდა იყო პასუხისმგებლობა ჩემი, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის, დღეს ჩემი პასუხისმგებლობაა, როგორც პრემიერ-მინისტრის. სხვაობა ამაში საერთოდ არაფერი არ არის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ, ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება კანონის ფარგლებში სრულად დაცულია, თუმცა სახელმწიფო ინსტიტუტის უკანონო ბლოკირების შემთხვევაში პოლიცია იმოქმედებს სრულად კანონის ფარგლებში და გააკეთებს იმავეს.

„ამ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება კანონის ფარგლებში სრულად დაცულია. თქვენ გახსოვთ ყველას, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში ეს გამოხატვის თავისუფლება გრძელდებოდა ყველანაირი პრობლემების გარეშე. მაგრამ მას შემდგომ, რაც რამდენიმე უპასუხისმგებლო პოლიტიკოსმა მოუწოდა მოქალაქეებს ჯერ ქუჩების ბლოკირებისკენ და ბარიკადები იყო აღმართული ქუჩებზე, შემდგომ იყო ბლოკირებული პარლამენტის შენობა. ბლოკირების შემდგომ, ღამის განმავლობაში პარლამენტის ფუნქციონირება პირდაპირ დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ, მთავარი სახელმწიფო ინსტიტუტი – პარლამენტი ნახევარი დღის განმავლობაში ვერ ფუნქციონირებდა. ფაქტობრივად თავს დაესხნენ ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებს. ასეთ შემთხვევაში პოლიციამ და მთავრობამ მიიღო ის გადაწყვეტილება, რომლის უფლებაც ჰქონდა. სახელმწიფო ინსტიტუტის უკანონო ბლოკირების, უკანონო ქმედებების შეწყვეტის შესახებ, რაც გააკეთა აბსოლუტურად კანონის ფარგლებში. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, შემდგომშიც, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მიერ მსგავსი ქმედებების შემდგომ სახელმწიფო და პოლიცია იმოქმედებს სრულად კანონის ფარგლებში და გააკეთებს იმავეს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ჟურნალისტების კითხვაზე, შეეძლო თუ არა საკანონმდებლო ორგანოს გასვლითი სხდომა ჩაეტარებინა, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ პოლიტიკური პროცესი უნდა მიმდინარეობდეს პარლამენტში, მედიაში, საარჩევნო ყუთთან, ან უნდა მიმდინარეობდეს კანონის ფარგლებში გამოხატვის უფლების გათვალისწინებით.

„გადაკეტილი ქუჩები, გარდა იმისა, რომ ბევრ ჩვენს მოქალაქეს უქმნის სერიოზულ პრობლემას, ცეცხლი და აღმართული ბარიკადები თბილისის ქუჩებში, არის აბსოლუტურად მიუღებელი. პოლიტიკური პროცესი უნდა მიმდინარეობდეს პარლამენტში, მედიაში, საარჩევნო ყუთთან, ან უნდა მიმდინარეობდეს კანონის ფარგლებში გამოხატვის უფლების გათვალისწინებით. გამოხატვის უფლება ამ ქვეყანაში არის ყველასთვის თავისუფალი და არავინ არსად არ წავა არანაირი სხდომის მოსაწყობად, მაშინ, როდესაც არსებობს პარლამენტი. კანონის ფარგლებში არანაირი პრობლემა არ არის, მაგრამ როდესაც ხდება ბარიკადების აღმართვა და სახელმწიფო ინსტიტუტის ბლოკირება, პოლიცია იმოქმედებს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

არავის არაფერი არ შერჩენია ამ ქვეყანაში და არც ივანიშვილს შერჩება რამე, ეს საქართველოა – ბაია პატარაია

ხელისუფლების ძალადობასა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან მიმართებაში საზოგადოების დამოკიდებულებაზე საუბრობს ორგანიზაცია “საფარის” ხელმძღვანელი, სამოქალაქო აქტივისტი ბაია პატარაია:

ეხლა დავბრუნდი შინ. ზოგი იმედგაცრუებული დარჩა, ბევრი ხალხი არ გამოსულა. დაიღალა ხალხი, ამოუვიდათ ყელში ეს სპეც რაზმიც და ეს დარბევებიც. თითქოს მივეჩვიეთ და ბიძინასაც ჰგონია, რომ ივაჟკაცა, იკაცა და მოიგო, მაგრამ ის მწარედ ცდება.

დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა ქ-ოცნების ძალადობრივი სახე, დღეს კიდევ ერთხელ აგვიწია კალაძემ შუა თითი, დღეს კიდევ ერთხელ გვითხრეს, რომ პროპორციული, ანუ სამართლიანი არჩევნები არ გვექნება. შესაბამისად, ბიძინა კიდევ ერთი ნაბიჯით დაშორდა ხალხს და კიდევ უფრო მიემსგავსა უზურპატორსა და ავტორიტარს.

დღეს შეიძლება ქუჩაში არ გამორბის ხალხი, მაგრამ ხალხი ხედავს და იმახსოვრებს ყველაფერს. და ქართველ ხალხს არ უყვარს თავზე რომ აჯვამენ, ბიძინას კი ჰგონია, რომ ყველას იყიდის და ყველაფერი შერჩება, მაგრამ ამაოდ.

არავის არაფერი არ შერჩენია ამ ქვეყანაში და არც ივანიშვილს შერჩება რამე – ეს საქართველოა!

პ.ს. მადლობა #სირცხვილია -ს ყველა ორგანიზატორს, განსაკუთრებით Shota Dighmelashvili. მძიმე ომში არიან მწირი რესურსებით, მაგრამ სიმტკიცე და გამძლეობა არ აკლიათ. ეს კი გადამწყვეტია.

პ.პ.ს. თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს. ჩვენ არავის დავტოვებთ მარტოს,” – წერს ბაია პატარაია ფეისბუკის პირად გვერდზე.

მინდა ოპოზიციას სამახსოვროდ გადავცე და სიმბოლურად დავუბრუნო გაჭრილი ჯაჭვი და ბოქლომი, რომელიც სიმბოლურად გამოხატავს მათ მიდგომას და ღირებულებებს მოქალაქეების, სახელმწიფო მიმართ – არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარე, ბიუროს სხდომაზე ოპოზიციას იმ ჯაჭვს და ბოქლომს სთავაზობს, რომელიც პარლამენტის შესასვლელის პიკეტირებულ კარებს ჩამოხსნეს:

ეს არიან ის ადამიანები, ვინც თავის დროზე ბოქლომი დაადეს ადამიანის უფლებებს. ეს არიან ის ადამიანები, ვინც თავის დროზე ბოქლომი დაადეს მედიას, ბოქლომი დაადეს ინსტიტუტებს და ქვეყნის თავისუფლების იდეას და ამ ყველაფერს ისინი თარგმნიდნენ და მონოპოლიზებული მედიის საშუალებით საზოგადოებას არწმუნებდნენ, რომ ეს იყო თავისუფლება და დემოკრატია.

დღეს ცდილობდნენ, რომ ბოქლომი დაედოთ საქართველოს პარლამენტზე, ამიტომ მე მინდა მათ სამახსოვროდ გადავცე და სიმბოლურად დავუბრუნო გაჭრილი ჯაჭვი და ბოქლომი, რომელიც სიმბოლურად გამოხატავს მათ მიდგომას და ღირებულებებს მოქალაქეების, სახელმწიფო მიმართ“, – აცხადებს არჩილ თალაკვაძე