ორშაბათი, მაისი 19, 2025
14.8 C
Tbilisi
Home Blog Page 1777

თბილისის 116-ე საჯარო სკოლაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს მანდატურის სამსახური

სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებს, ინფორმაციას ავრცელებს თბილისის 116-ე საჯარო სკოლაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით:

მიმდინარე წლის 3 დეკემბერს, მანდატური ახორციელებდა სკოლის ტერიტორიის დისტანციურ მეთვალყურეობას, რა დროსაც მან ვიდეოკამერიდან შენიშნა, რომ შესვენების დროს, დერეფანში, უფროსკლასელი ბიჭების ხუმრობამ და თამაშმა უხეში ფორმა მიიღო. მანდატურმა ინფორმაცია მყისიერად გადასცა კოლეგას, რომელიც დაუყოვნებლივ მივიდა შემთხვევის ადგილზე.

სიტუაციის განმუხტვის და ვითარებაში გარკვევისთანავე, მანდატურმა აღმოაჩინა, რომ მე-8 კლასის მოსწავლე ბიჭს მიყენებული ჰქონდა მცირე ფიზიკური დაზიანება. მას ადგილზე გაეწია პირველადი დახმარება, თუმცა, მანდატურის მითითებით, სკოლის ექიმმა მაინც გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო ბრიგადა. თავად მანდატურმა კი ფაქტი აცნობა პოლიციას.

აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით, მანდატურის სამსახურისა და სკოლის ადმინისტრაციის მიერ გატარდა უსაფრთხოების წესით გათვალისწინებული ყველა საჭირო ღონისძიება. ამჟამად, ფაქტს პოლიცია სწავლობს. მე-8 კლასელი მოსწავლე ბიჭის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას არავითარი საფრთხე არ ემუქრება“, – ნათქვამია მანდატურის სამსახურის განცხადებაში.

ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო მორიგი შეუსაბამო გადაწყვეტილება, ამჯერად რეზიდენტურის გამოცდებთან დაკავშირებით – სერგო ჩიხლაძე.

სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ საკვალიფიკაციო და სასერტიფიკაციო გამოცდებზე გადასახადის დაწესებას ეხმიანება ჯანდაცვის ექსპერტი, სტრატეგია “აღმაშენებლის” ჯანდაცვის ქართული მოდელის თანაავტორი, მედიცინის დოქტორი სერგო ჩიხლაძე და გაუმართლებელ გადაწყვეტილებად მიაჩნია აღნიშნული ფაქტი:

ჯანდაცვის სამინისტრომ კიდევ ერთი გაუმართლებელი გადაწყვეტილება მიიღო გუშინ 2 დეკემბერს. საქმე ეხება სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ საკვალიფიკაციო და სასერტიფიკაციო გამოცდებზე გადასახადის დაწესებას. სააგენტოს გადაწყვეტილებით სასერტიფიკაციო გამოცდის საფასური 120  ლარი, ხოლო რეზიდენტურის – 80 ლარი გახდა.

თავად გადასახადის დაწესება საკმაოდ სადაოა, მითუმეტეს იმ უამრავი პრობლემის ფონზე რაც საქართველოში რეზიდენტურაში სწავლებას უკავშირდება. გაურკვეველია რით ხელმძღვანელობდა ჯანდაცვის სამინისტროს ეს სააგენტო ამ გადაწყვეტილების მიღებისას. თუმცა, მთავარი შეუსაბამობა აქ არის ის, რომ გადაწყვეტილება იქნა 2 დეკემბერს მიღებული, მაშინ, როდესაც გამოცდებზე გასვლის მსურველთა რეგისტრაცია უკვე დასრულებული იყო. ამ ადამიანებმა არაფერი იცოდნენ გადასახადის შესახებ და ამაზე საუბარიც არ ყოფილა,  როდესაც ისინი გამოცდებზე რეგისტრირდებოდნენ. ახალი მოთხოვნის თანახმად კი, რეგისტრირებული პირები ვალდებულები არიან გამოცდაზე წარადგინონ  ქვითარი, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ისინი უბრალოდ არ დაიშვებიან გამოცდაზე.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მიუღებელია და არ შეიძლება დააწესო რამე რეგულაცია და მას ქონდეს უკუქცევითი ძალა“ – აცხადებს სერგო ჩიხლაძე.

გუშინდელ აგრესიას ჩვენ მშვიდობიანი მსვლელობით ვპასუხობთ, სწორედ ამაშია ძალა – გიორგი ვაშაძე

ოპოზიციური პარტიის ლიდერები და მათი მხარდამჭერები, მცხეთაში სვეტიცხოველთან შეიკრიბნენ, საიდანაც მშვიდობიანი მსვლელობით გამგეობის შენობასთან მივიდნენ, რათა გაეპროტესტებინათ ის ფაქტი, რომ აღნიშნულ ქალაქში გუშინ სასტიკად გაუსწორდნენ ახალგაზრდებს, რომლებიც პროტესტის გამოსახატად მივიდნენ მერიასთან.

ოპოზიციური პარტიების ლიდერებსა და მხარდამჭერებს მერიასთან ადგილობრივი ხელისუფლების მხარდამჭერები დახვდნენ, რომლებსაც სიტყით მიმართა “ახალი საქართველოს” თავმჯდომარემ, გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ და მათ საქართველოს ჰიმნის ერთად შესრულებაც შესთავაზა:

„მოვუწოდებ ყველა აქ შეკრებილ მოქალაქეს, ერთად შევასრულოთ საქართველოს ჰიმნი. ერთად გავაპროტესტოთ ოკუპანტების მიერ ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის გატაცება. მოგიწოდებთ, რომ გავერთინდეთ ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობისთვის.

მშვიდობიანი არაძალადობრივი პროტესტი გრძელდება. გუშინდელ აგრესიას ჩვენ მშვიდობიანი მსვლელობით ვპასუხობთ. სწორედ ამაშია ძალა. მათ დესტრუქციულ, მართლაც თავზეხელაღებულ, კანონგარეშე ქმედებას ჩვენ კანონის შესაბამისად, მშვიდობიანი მსვლელობით ვპასუხობთ. ვერც ერთ შემთხვევაში ჩვენ ისინი ვერ გამოგვიწვევენ დაპირისპირებაში. ისინი უბრალოდ აჩვენებენ თავის რეალურ სახეს.

ვისთან გვაქვს საქმე – ადამიანებთან, რომლებიც ჩაბღაუჭებულები არიან თავიანთ თანამდებობას და იმის იქით ვერაფერს ვერ ხედავენ. ჩვენ კი ჩვენი ქვეყანა გვიყვარს და არც ერთ შემთხვევაში, საქართველოს არც ერთ მოქალაქეს არ ვაკადრებთ იმას, რომ ხელი შეუბრუნონ ამ, მართლაც, თავზეხელაღებულ ადამიანებს.

პირდაპირ გეუბნებით, დამარტყამენ ხელს, მე ხელის შებრუნებას არ ვაპირებ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გენადი მარგველაშვილი ლიბერალურ ღირებულებებთან ბრძოლის სანაცვლოდ კომიტეტის თავმჯდომარეობით დაჯილდოვდა ოლიგარქისგან – ნანა ტოხვაძე

“ახალი საქართველოს” პოლიტსაბჭოს წევრი ეხმიანება განათლების კომიტეტის თავმჯდომარედ გენადი მარგველაშვილის დანიშვნას. ნანა ტოხვაძის აზრით დეპუტატმა ეს თანამდებობა არაფორმალური მმართველისგან მიიღო ლიბერალურ ღირებულებებთან ბრძოლის სანაცვლოდ:

“მას შემდეგ, რაც პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილების თაობაზე კანონპროექტი ჩააგდო, საპარლამენტო უმრავლესობა 12 დეპუტატმა დატოვა, მათ შორის სამი იყო კომიტეტის თავმჯდომარე, რომელთაგან ერთი-ერთი ვაკანტური – განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი გენადი მარგველაშვილმა დაიკავა.

ქუთაისის №47 ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატი, რომელიც საზოგადოებას იმით დაამახსოვრდა, რომ  „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ერთადერთი ცვლილების ინიაციატორი იყო – ამოეღოთ ტერმინი „ლიბერალური“, როგორც მიუღებელი ღირებულება. საბედნიეროდ,  კანონპროექტმა ბარიერი ვერ გადალახა და პირველივე პლენარულ სხდომაზე ჩავარდა, თუმცა არაფორმალური მმართველისგან, ოლიგარქისგან, გენადი მარგველაშვილი ლიბერალურ ღირებულებებთან ბრძოლის სანაცვლოდ განათლების კომიტეტის თავმჯდომარეობით დაჯილდოვდა.

თუ ბიძინა ივანიშვილის ახალ გეგმასაც გავითვალისწინებთ, რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად დაცალოს საქართველო და ჩვენი მოქალაქეები დაასაქმოს იაფ მუშახელად დახიზნოს ევროპის მასშტაბით, რადგან მომდევნო ათწლეულშიც ქვეყნის შიგნით მათ დასაქმებას ვერ მოახერხებს, ვინ შეასრულებს ე.წ. “საპარლამენტო სახელმწიფოში” მიცემულ დირექტივებს გენადი მარგველაშვილზე უკეთ?!” – აცხადებს ნანა ტოხვაძე.

დედაქალაქის საზოგადოებრივ ტრანსპორტს 54 ავტობუსი შეემატა

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, მოსახლეობას დამატებით, ISUZU-ს მარკის 38 ერთეული 8-მეტრიანი და MAN-ის მარკის 16 ერთეული 10-მეტრიანი, დიზელის ძრავზე მომუშავე Euro 6 ემისიის სტანდარტის ავტობუსი წარუდგინა.

როგორც თბილისის მერმა განაცხადა, მუნიციპალიტეტის მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოწესრიგებული იყო.

„დღეს, ჩვენ – მოქალაქეები და ქალაქი, ერთდროულად გავდივართ ურბანულ ევოლუციას. ახლა სხვა მოთხოვნები და საჭიროებებია. რა თქმა უნდა, დედაქალაქის მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს მოთხოვნები დაკმაყოფილებული იყოს. ჩვენი გუნდისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. ამას წინასაარჩევნო პერიოდშიც დავპირდი მოსახლეობას. დღეს გვაქვს ავტოპარკი, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია, კრიტიკას ვერ უძლებს და მუშაობის ყველანაირი რესურსი ამოწურული აქვს. შესაბამისად, ჩვენ დავიწყეთ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება – საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება, ყვითელი ავტობუსების პარკის ახალი, ევროპული ტიპის თანამედროვე ავტობუსებით ჩანაცვლება. დღეიდან თბილისელებს მოემსახურება კიდევ 38 ISUZU-ს მარკის 8-მეტრიანი ავტობუსი და 16 ერთეული MAN-ის 10-მეტრიანი ავტობუსი. ჩვენი მთავარი მიზანი და ამოცანაა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი განვაახლოთ, იყოს ყველაზე მოწესრიგებული, გამართული, ყველაზე ეფექტური და სწრაფი. ძალიან ბევრი ადამიანი იყენებს მას და ჩვენი პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ კიდევ უფრო გავზარდოთ მოთხოვნა ავტობუსებზე და მეტროზე. გუშინ მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ რამდენიმე დღის წინ, 512 000 მგზავრი გადაიყვანა მეტრომ. ეს არის საოცარი მაჩვენებელი და თუ შევადარებთ წინა წლის ანალოგიურ პერიოდს, 100 000 მგზავრით მეტი ჰყავს გადაყვანილი. მეტროში მძიმე მდგომარეობა გვაქვს და ამიტომ მისი მოწესრიგება, რეაბილიტაცია და ახალი ვაგონების შესყიდვა, ასევე, ვაგონების მოდერნიზება გვაქვს დაწყებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დედაქალაქის მერია მომავალშიც გეგმავს ახალი ავტობუსების შემოყვანას და ყვითელი ავტობუსების პარკის ჩანაცვლებასთან ერთად, ახალი მარშრუტების დამატებას ისეთ უბნებში, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ დადის.

„ჩვენ არა მარტო ჩავანაცვლებთ არსებული ყვითელი ავტობუსების პარკს, არამედ დამატებით შემოვიყვანთ ავტობუსებს, რომ იმ უბნებში, რაიონებში, სადაც დღეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობას, ეს საკითხი მოგვარდეს. არის ქუჩები, სადაც ადამიანებს დიდხნიანი ლოდინი უწევს – 30-40 წუთი, სანამ ავტობუსი გამოივლის. გპირდებით, რომ თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი იქნება ყველაზე გამართული და სწრაფი. ყველა პროექტში, რომელსაც ინფრასტრუქტურის მიმართულებით ვახორციელებთ, გათვალისწინებული გვაქვს შესაბამისი ავტობუსის ზოლები.

ასევე, დღეს არის შშმ პირთა საერთაშორისო დღე, რომელიც გაეროს მიერ არის აღიარებული. მინდა ყველას მივულოცო ეს დღე და გითხრათ, რომ ყველა ჩვენი ავტობუსი არის ადაპტირებული და ყველა პროექტის განხორციელების დროს, ამას ვითვალისწინებთ, რომ ყველაფერი ადაპტირებული იყოს“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც ყოველდღიურ რეჟიმში ჩართულია მუნიციპალიტეტის საქმიანობაში და სხვადასხვა პროექტის განხორციელებაში.

ახალი ავტობუსები ეტაპობრივად, ერთი კვირის განმავლობაში, თბილისის სხვადასხვა მარშრუტზე გადანაწილდება. კერძოდ: N7 ავტობუსი – სოფელი დიღომი – მეტროსადგური „დიდუბე“; N12 – დიდი ლილო – მეტროსადგური „ისანი“; N13 – მეტროსადგური „დელისი“ – უნივერსიტეტის ქუჩა; N19 – ვაზისუბნის მე-2 მიკრორაიონი – ზემო ფონიჭალა; N36 – ლოტკინის დასახლება – რკინიგზის გადასასვლელი ხიდი; N48 – ჟღენტის ქუჩა – რკინიგზის გადასასვლელი ხიდი; N54 – დიდი დიღომი, მე-4 მიკრორაიონი -უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსი; N57 – სამგორის ქუჩა – კრწანისის ქუჩა; N65 – დოლიძის ქუჩა – რკინიგზის სადგური; N68 – ცხრა ძმის ქუჩა – სადგურის მოედანი; N75 – ზღვის უბნის მე-3 მიკრორაიონი – მეტროსადგური „სარაჯიშვილი“.

რაც შეეხება N77 ავტობუსს, მისი მოძრაობის მარშრუტი ტუბდისპანსერიდან რკინიგზის სადგურამდე იქნება, N80 – ორთაჭალის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩამდე იმოძრავებს, N110 – მახათას მთიდან რკინიგზის გადასასვლელ ხიდამდე, ხოლო N122 – მოძრაობას მუჯირიშვილის ქუჩიდან დაიწყებს და სადგურის მოედანზე დაასრულებს.

6 დეკემბერს, N37 სამარშრუტო ხაზზე (აეროპორტი – სადგურის მოედანი) MAN-ის მარკის 10-მეტრიანი ახალი ავტობუსები გავა. N37-ზე აქამდე მოძრავი MAN-ის მარკის 12-მეტრიანი ავტობუსები დიდი მოცულობის „ბოგდანის“ მარკის ძველ ავტობუსებს N15 მარშრუტზე ჩაანაცვლებს, რომელიც დიდი დიღმის მე-4 მიკრორაიონიდან სადგურის მოედნამდე მოძრაობს.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 2019 წელს MAN-ის 90 ერთეული 10-მეტრიანი და ISUZU-ს მარკის 220 ერთეული 8-მეტრიანი ავტობუსი შეიძინა. ოქტომბრის დასაწყისიდან დღემდე, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ავტოპარკი ISUZU-ს მარკის 83 ერთეული ავტობუსით შეივსო, რომლებიც უკვე 16 მარშრუტზე: N4, N5, N10, N28, N31, N34, N42, N56, N66, N78, N90, N103, N106, N108, N112 და N124-ზე მოძრაობს, ხოლო MAN-ის მარკის 58 ერთეული ავტობუსი N1, N50, N55 და N71 მარშრუტებს ემსახურება.

ავტობუსები მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში იქნა შესყიდული. ISUZU-ს მარკის 220 ერთეული 8-მეტრიანი ავტობუსი, ისევე, როგორც MAN-ის მარკის ავტობუსები, Euro 6 ემისიის სტანდარტის დიზელის ძრავზე მუშაობს. 8-მეტრიანი ავტობუსები გათვლილია 53 მგზავრზე, აქედან 21 დასაჯდომი ადგილით, ხოლო MAN-ის მარკის ავტობუსები სულ 82 მგზავრზე, რომელთაგან 27 დასაჯდომი ადგილია. ავტობუსები სრულად ადაპტირებულია შშმ პირთათვის: სალონში გამოყოფილია სპეციალური სივრცე და გააჩნია გადმოსაშლელი პანდუსი, ეტლით ავტობუსში ასვლის უზრუნველსაყოფად. ავტობუსში განთავსებულია, როგორც WiFi მოდემი, რომელიც უზრუნველყოფს მთლიანი ავტობუსის WiFi-ს სიგნალით დაფარვას, ასევე თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემები. ავტობუსს გააჩნია ანტივანდალური ვიდეო მონიტორინგისა და საინფორმაციო ხმოვანი შეტყობინებების სისტემები, ასევე USB-დამტენები.

ივანიშვილი ფაქტობრივად გვეუბნება, რომ ოჯახებს – ქვეყნის ფუნდამენტს დავანგრევ და ქვეყანაში მხოლოდ პენსიონერებსა და ახალგაზრდებს დავტოვებ დანარჩენები კი სამუშაოდ უცხოეთში გაიხიკებიან და იქ იმუშავებენო – გიორგი ვაშაძე

ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს ეხმიანება „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე, გაერთიანებული ოპოზიციის ერთერთი ლიდერი. გიორგი ვაშაძის აზრით საქართველოს ძალიან დიდი პერსპექტივა და მომავალი აქვს, სამუშაო ადგილები აქ შეგვიძლია შევქმნათ და არა ევროპაში:

„ივანიშვილისგან განსხვავებით, მე ვფიქრობ, რომ საქართველოს ძალიან დიდი პერსპექტივა და მომავალი აქვს. სამუშაო ადგილები აქ შეგვიძლია შევქმნათ და არა ევროპაში, როგორც ის ამბობს. ფაქტობრივად ის გვეუბნება, რომ ოჯახებს – ქვეყნის ფუნდამენტს დავანგრევ და ქვეყანაში მხოლოდ პენსიონერებსა და ახალგაზრდებს დავტოვებ დანარჩენები კი სამუშაოდ უცხოეთში გაიხიკებიან და იქ იმუშავებენო.

მე მსურს ჩვენს ემიგრანტებს მივმართო: ჩვენი ქვეყნის ძვირფასო მოქალაქეებო თქვენც ჩაერთეთ ამ პროცესებში და ხელისუფლებას გამოუცხადეთ, რომ საქართველოში დაბრუნება გსურთ და თქვენი მიზანი არ არის მუდმივად სხვა ქვეყანაში სარჩო – საბადებლად სიარული.

ქვეყნის დნმ არის ოჯახი და ამ სისხლის დნმ-ის დაშლას გვპირდება „ქართული ოცნება“, რადგან გაველურებულ საქართველოში ხელისუფლება სამუდამოდ შეინარჩუნოს  და ზოოპარკად აქციოს ეს ქვეყანა, რასაც მე ვერ შევეგუები. ჩვენ აუცილებლად დავასრულებთ ამ ხელისუფლებას.

აქედან გამომდინარე ჩვენ ისევ ვაგრძელებთ თავისუფლებისთვის ბრძოლას. პირველი მოთხოვნა არის ახალი საარჩევნო სისტემა და მეორე რიგგარეშე არჩევნები. ძალიან კარგად იცის ხელისუფლებამ, რომ რიგგარეშე არჩევნები მათთვის არის დამღუპველი. მე მსურს,  რომ მშვიდობიანი არჩევნები ჩატარდეს ქვეყანაში და ჩვენმა მოქალაქეებმა გადაწყვიტონ თუ ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში. არ მივესალმები რევოლუციური ან ნახევრად რევოლუციურ არჩევნებს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ყველაზე ბედნიერი ადამიანი ის არის, რომელიც ეხმარება სხვას ჯვრის ტვირთვაში – ილია მეორე

ადამიანს რთულ ცხოვრებაზე აკეთებს აქცენტს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ქადაგებისას და მრევლს ახსენებს, რომ ღმერთი არ გვაძლევს იმაზე მძიმე ჯვარს, რისი ტვირთვაც შეგვიძლია:

“რთულია ადამიანის ცხოვრება, ადამიანის ცხოვრება ეს არის გამოცდა, ეს არის ტვირთვა ჯვრისა, რომელიც ბოლომდე უნდა მიიტანოს მან. ძალიან ხშირი შემთხვევაა, როცა ჩვენ გვიჭირს ჯვრის ზიდვა, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი არ გვაძლევს იმაზე მძიმე ჯვარს, რისი ტვირთვაც შეგვიძლია.

ადამიანი ურთულესი აგებულებისაა. იგი არის უნიკალური. ერთხელ იბადება ამქვეყნად და ემზადება სამუდამო, მარადიული ცხოვრებისათვის. ბედნიერია ის, ვინც ღვთის ნებას, ღვთის განგებას ასრულებს.

,,წყალობა შენი უფალო თანამავალ მეყავნ მე ყოველთა დღეთა ცხორვებისა ჩემისათა.“

ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს. ჩვენ ვცხოვრობთ იმ დროს, როცა ადამიანი თვითონ ირჩევს სამოთხეს თუ ჯოჯოხეთს და ინებოს უფალმა, რომ სამოთხე აირჩიოს და მარჯვენა მხარეს დადგეს ყველა.

ყველაზე ბედნიერი ადამიანი ის არის, რომელიც ეხმარება სხვას ჯვრის ტვირთვაში. ურთიერთ სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ რჯული იგი ქრისტესი, – გვასწავლის ახალი აღთქმა.  სამწუხაროდ ჩვენ კი არ ვტვირთულობთ სხვის სიმძიმეს, პირიქით, უფრო მეტად ვამძიმებთ მოყვასის ჯვარს.

უნდა გახსოვდეთ, რომ ღმერთი არის სიყვარული, ღმერთი არის წყალობა, ღმერთი თავისი სიყვარულით ფარავს ჩვენს ნაკლსა და ჩვენ მადლობელი ვართ აი ამ შეწევნისათვის, ამ წყალობისათვის. წყალობა და სიხარული ღვთისა გფარავდეთ თქვენ. გაიხარეთ ორსავე სოფლესა შინა, აქაც და იქაც!” – ნათქვამია კათალიკოს-პატრიარქის ქადაგებაში.

ჯანდაცვის სისტემა გაბანკროტებულია, ხარჯების შეკავება კი გაუაზრებელი ტარიფებით ვერ მოხდება – სერგო ჩიხლაძე

ჯანდაცვის ექსპერტი, სტრატეგია “აღმაშენებლის” ჯანდაცვის ქართული მოდელის თანაავტორი, მედიცინის დოქტორი სერგო ჩიხლაძე ღია წერილით მიმართავს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს და შეახსენებს იმ შესაძლო ნეგატიურ მხარეებს, რაც შეიძლება მოჰყვეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 ნოემბრის 520-ე დადგენილების ამოქმედებას:

ქალბატონო მინისტრო,

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 ნოემბრის 520-ე დადგენილების ამოქმედების შედეგად შექმნილი მძიმე ვითარებიდან გამომდინარე,  კიდევ ერთხელ გავამახვილებ ყურადღებას იმ ნეგატიურ მხარეებზე, რაც ამ დადგენილების ამოქმედებას მოყვება.

პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ სამართლიანი და ადექვატური  ტარიფების დაწესებას არავინ ეწინააღმდეგება, მაგრამ ტარიფების გათანაბრება თვითღირებულებაზე ნაკლები ფასით ყოვლად დაუშვებელია. #520 დადგენილებით შემოთავაზებული ტარიფები ხშირ შემთხვევაში უფრო ნაკლებია, ვიდრე სახარჯი მასალის ღირებულება და ამ ტარიფებით  შეუძლებელია არათუ ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდება, არამედ ზოგიერთი სერვისების მიწოდება საერთოდ შეწყდება. სამწუხაროდ, ეს პროცესი უკვე დაწყებულია.

ქალბატონო მინისტრო, ხარჯების  შეკავება ამ გზებით არ ხდება. ახალი რეგულაციით კი თანხების დაზოგვა კი არა, კატასტროფულად დავარდება სამედიცინო მომსახურების ხარისხი, დაიხურება მთელი რიგი სამედიცინო დაწესებულებები (რაც ზოგიერთი რეგიონში ჯანდაცვის სერვისებისადმი საერთოდ ხელმისაწვდომობას მოსპობს), შემცირდება ხელფასები, მოხდება კვალიფიციური კადრების უცხოეთში გადინება, შემცირდება სამუშაო ადგილები. რაც მთავარია, #520 დადგენილებით საფრთხე ექმნება პირველ რიგში პაციენტებს, რომლებიც საერთოდ ვეღარ ისარგებლებენ მთელი რიგი სერვისებით, ხოლო რიგ სერვისებზე მნიშვნელოვნად შეეზღუდებათ წვდომა, რადგანაც ჯანდაცვის სამინისტროს ეს მცდარი ინიციატივა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ზოგიერთი სამედიცინო მიმართულებების არსებობას.

გასაგებია, რომ თქვენი მიზანია შეამციროთ ხარჯები, რომელსაც სამინისტრო უკვე წლებია ვერ აკონტროლებს, მაგრამ უსამართლო და გაუაზრებელი ტარიფებით ეს ვერ მოხდება. ჯანდაცვის სისტემა წლებია უკვე ფინანსურად ფაქტიურად გაბანკროტებულია. გარდა იმისა, რომ სამინისტრომ უკვე ამოწურა საბიუჯეტო სახსრები, სამედიცინო დაწესებულებების 6-7 თვის დავალიანება 300-400 მილიონ ლარს აღწევს. წლების განმავლობაში ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან გამოჩენილმა არაკომპეტენტურობამ და გულგრილობამ სრულ კრახამდე მიიყვანა სისტემა. კატასტროფულად დაეცა ხარისხი, ვერ განვითარდა პირველადი ჯანდაცვა, ვერ ხდება დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა და პრევენცია, სამედიცინო კადრები არათანაბარზომიერადააა გადანაწილებული, ექთნების კატასტროფული ნაკლებობაა ქვეყანაში, წამლების ხარისხი და უსამართლო ფასები უდიდესი გამოწვევაა მოსახლეობისთვის, სახელმწიფო პროგრამები ვერ ასრულებენ დასახულ ინდიკატორებს, პროგრამების უმეტესობა არახარჯთეფექტურია, კვლავ ვერ დაინერგა უწყვეტი სამედიცინო განათლების სტანდარტები. ეს მხოლოდ არასრული ჩამონათვალია პრობლემების. ყოველივე ამის ფონზე, თქვენ მიერ შეთავაზებული მთავრობის  ეს დადგენილება კიდევ უფრო ამძიმებს ჯანდაცვის სფეროში შექმნილ ისედაც მძიმე ვითარებას და საერთოდ ვერ პასუხობს ამ გამოწვევებს.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით, რომ გადახედოთ თქვენს მიერ დადგენილ ტარიფებს, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი დარგის სპეციალისტების, პრაქტიკოსი ექიმების და  ჯანდაცვის მენეჯერების ჩართულობით, რომელიც დაადგენს სამართლიან, ადექვატურ ტარიფებს და დაითვლის რეალურ ხარჯებს“, – ნათქვამია სერგო ჩიხლაძის წერილში.

ხელისუფლების მიერ შექმნილ მოლაპარაკების ფორმატი შირმაა – შოთა დიღმელაშვილი

სამოქალაქო აქტივისტი, რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ ზაფხულში მიმდინარე საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი, შოთა დიღმელაშვილი ეხმაურება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაწყებულ მოლაპარაკებს და შირმა უწოდა მის ფორმატს:

“ხელისუფლების მიერ შექმნილ მოლაპარაკების ფორმატი შირმაა. მასზე დაპატიჟებული ოპოზიცია ვერაფრით ისაუბრებს ჩვენი, აქციების საორგანიზაციო ჯგუფის სახელით.

ამ მორიგი ტყუილით ხელისუფლება დროს წელავს და საერთაშორისო პარტნიორებს თვალს უხვევს, თითქოს პოლიტიკური კრიზისის დეესკალაციას ცდილობს.

#სირცხვილიას არდაშვება მოლაპარაკებებზე ხელისუფლების მცდელობაა, ძირითადი მხარე დიალოგს გამოთიშოს და აქციები პარტიების მიერ მართულად წარმოაჩინოს. ამასთან, გააჩინოს დაპირისპირების კერები სამოქალაქო და ოპოზიციური სპექტრის ერთობაში.

ერთადერთი შეთანხმება, რასაც განვიხილავთ პოლიტიკური კრიზისის დეესკალაციის სანაცვლოდ პროპორციული არჩევნებია. თანახმა ვართ ე.წ. გერმანულ მოდელზე, რომელიც საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციასთან ერთად შევთავაზეთ. სხვა რაზეც არ უნდა შეთანხმდნენ, არ გვაინტერესებს”, – აცხადებს შოთა დიღმელაშვილი.

სამწუხაროა, რომ  ტურიზმის ადმნისტრაციამ მხოლოდ ღვინის ბოთლი დაიმახსოვრა

“ახალი საქართველოს” პოლიტსაბჭოს წევრი, თამთა შამათავა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ საქართველოს აეროპორტებში ტურისტებისათვის ღვინის დარიგების ფაქტს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ეს ინიციატივა “ახალი საქართველოს” გუნდმა და გიორგი ვაშაძემ რამდენიმე თვის წინ გააჟღერა, თუმცა ეს არ იყო მხოლოდ ღვინის გადაცემა:

ხელისუფლებისგან ჩვენი გუნდის მიერ გაჟღერებული ინიციატივების მითვისება ახალი ამბავი არ არის. ამჯერად, ტურიზმის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, ტურისტებს აეროპორტში ერთ ბოთლ ღვინოს გადასცემენ. ეს ინიციატივა “ახალი საქართველოს” გუნდმა და გიორგი ვაშაძემ რამდენიმე თვის წინ გააჟღერა, თუმცა ეს არ იყო მხოლოდ ღვინის გადაცემა. ეს იყო სტუმრის ბარათის  კონცეფცია, რომელიც რამდენიმე ინიციატივას აერთიანებდა.

სტუმრის ბარათის მიზანი ვიზიტორებისათვის მოტივაციის გაზრდა და მსგავსი კომუნიკაციით საქართველოში კვლავ ჩამოსვლის სურვილის გაჩენა იყო.  ამავდროულად, სტუმრის ბარათით ვიზიტორი საქართველოს რეგიონებში მცირე ზომის სასტუმროში უფასოდ გაათევდა ღამეს. ამით სახელმწიფო ერთგვარად  წაახალისებდა რეგიონებში ვიზიტორების ნაკადების ზრდას.  აღნიშნული ბარათი კიდევ არაერთ ბენეფიტს მოიცავდა.

სამწუხაროა, რომ  ტურიზმის ადმინისტრაციამ მთელი კონცეფციიდან მხოლოდ ღვინის ბოთლი დაიმახსოვრა. მივესალმებოდით, იდეა სრულყოფილად რომ განხორციელებულიყო. ნაწილობრივ, ფრაგმენტულად გაკეთებული საქმე ვერ მოგვცემს იმ ბენეფიტებს და დადებით ეფექტს, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება ამ მიმართულებით“, – აცხადებს თამთა შამათავა.