ხუთშაბათი, ივლისი 24, 2025
24.8 C
Tbilisi
Home Blog Page 1646

‘‘ამ გზაზე არ იქნება არანაირი დანდობა…’’ – ირმა ინაშვილი

‘‘საქართველოს პატრიოტთა ალიანსის’’ საგანგებო ბრიფინგზე პარტიის ლიდერი, ირმა ინაშვილი ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით გამოვიდა, მან ტოტალურ გაყალბებებზე ისაუბრა და მხარდამჭერებს უწყვეტი საპროტესტო აქციებისკენ მოუწოდა: 

“2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები ტოტალურად და სამარცხვინოდ გაყალბდა. ვფიქრობ, რომ ჩვენ მოწინააღმდეგეებსაც ესმისთ, რომ ‘‘საქართველოს პატრიოტთა ალიანსი’’ ვერანაირ გარემოებაში ვერ აიღებდა ასეთ დაბალ მაჩვენელს, 3%-ს. უახლოეს დღეებში ჩვენ დავასახელებთ 3700-ზე მეტი უბნის ბიულეტენის რაოდენობას, რაც ხელისუფლებამ სამარცხვინოდ მოგვპარა. საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლის თანახმად საქართველოს პარლამენტი ლეგიტიმური ვერ იქნება, თუ მასში 100 დეპუტატზე მეტის უფლებამოსილება არ იქნება ცნობილი.

სრულიად ნათელია, რომ ყველამ თქვა უარი გაყალბებული არჩევნების შედეგების აღიარებასა და პარლამენტში შესვლაზე. “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი’’ ცალსახად და საჯაროდ აცხადებს, რომ ჩვენ უარს ვამბობთ გაყალბებული არჩევნების შედეგების აღიარებასა და პარლამენტში შესვლაზე. მოვითხოვთ, „ქართულმა ოცნებამდანიშნოს ხელმეორე არჩევნები.

ამავდროულად, საზოგადოებას მინდა ვუთხრა, ჩვენ ვიწყებთ საპროტესტო კამპანიას. ეს იქნება უწყვეტი ფართომასშტაბიანი აქციები, ვიდრე ხელისუფლება არ დანიშნავს ხელახალ არჩევნებს.

7 ნოემბერს, შაბათს, 17:00 საათზე, ვიკრიბებით თავისუფლების მოედანზე. ყველა მხარდამჭერს მოვუწოდებთ, გადავიდეთ უწყვეტ საპროტესტო აქციების რეჟიმზე, რათა დავიცვათ ქვეყანა უზნეო გამყალბებლებისაგან. ‘‘ქართულ ოცნებას’’ მინდა ვუთხრა, რომ ამ გზაზე არ იქნება არანაირი დანდობა. მკაფიოდ ვამბობთ, “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი’’ ვმოქმედებთ დამოუკიდებლად და გვაქვს ჩვენი მოქმედების ტაქტიკა’’, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ავტორი
ანა რობაქიძე

ნიკა მელიას მიმართ სამართალწარმოების დაწყება არაკანონიერია – ადამიანის უფლებათა ცენტრი

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლო გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების საკითხს განიხილავს. ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადებით, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 122-ე მუხლისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-7 ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ნიკა მელიას მიმართ დაწყებული სამართალწარმოება სამართლებრივად უსაფუძვლო და არაკანონიერია:

“2020 წლის 1-ლ ნოემბერს საქართველოს პარლამენტთან, ოპოზიციური პარტიების საპროტესტო აქციაზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარლამენტის წევრობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ სიტყვით გამოსვლისას ელექტრონული სამაჯური მოიხსნა, გადააგდო და აღნიშნა, რომ მის ტარებას აღარ აპირებდა[1].

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 25 ივნისს, საქართველოს პროკურატურამ საქართველოს პარლამენტის წევრს, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარეს, ნიკანორ მელიას 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდება წარუდგინა[2]. თბილისის სააპელაციო სასამართლომ კი, აღკვეთის ღონისძიების ერთ-ერთ სახედ, 2019 წლის 2 ივლისის განჩინებით, პროკურატურას ნიკა მელიას გადაადგილებაზე ელექტრონული მონიტორინგის წარმოება დაავალა, სპეციალური სამაჯურის დამაგრებით[3].

2020 წლის 3 ნოემბერს, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიას მიერ აღკვეთის ღონისძიების პირობების დარღვევის – გადაადგილებაზე ელექტრონული მონიტორინგის წარმოების მიზნით, სამაჯურის მოხსნის გამო, სასამართლოს მისთვის უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით მიმართა. კერძოდ, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს – 100 000 ლარის ოდენობით შეფარდებას და სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შეზღუდვის დაწესებას ითხოვს[4].

საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ, ნიკა მელიას წინააღმდეგ დაწყებული სამართალწარმოება, სულ მცირე – ორი მიმართულებით სამართლებრივად პრობლემური და უსაფუძვლოა. კერძოდ:

  • საქართველოს საარჩევნო კოდექსით განსაზღვრულია საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის ხელშეუხებლობის გარანტიები[5]. ამავე კოდექსის 122-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი ცესკოს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებამდე, ხოლო მის მიერ საქართველოს პარლამენტის წევრად არჩეულად გამოცხადებული პირი – მისი უფლებამოსილების ცნობის საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე არ შეიძლება დააკავონ, დააპატიმრონ ან გაჩხრიკონ, თუ საქართველოს გენერალური პროკურორის წარდგინებაზე არ იქნა ცესკოს თანხმობა. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ცესკოს. თუ ცესკო მიიღებს სათანადო განკარგულებას, დაკავებული ან დაპატიმრებული საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს[6]. შესაბამისად, ნიკა მელიას, როგორც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პარლამენტის წევრობის კანდიდატის მიმართ სამართალწარმოების დაწყება – არაკანონიერია. ამასთან, ცესკოს განკარგულებას ზემოთ მითითებულ მუხლში აღნიშნული თანხმობის მიცემის შესახებ კენჭი უნდა ეყაროს საქართველოს გენერალური პროკურორის წარდგინების მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში[7], რაც პროკურატურის მხრიდან არ განხორციელებულა. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, კანონის ეს მოთხოვნაც უგულებელყოფილია. აქედან გამომდინარე, საპარლამენტო არჩევნების პარლამენტის წევრობის კანდიდატის მიმართ, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი მოცემულობის და მოთხოვნების დაცვის გარეშე სამართალწარმოების დაწყება, არაკანონიერია.
  • საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, უკვე არსებული 30 000-ლარიანი გირაოს ნაცვლად, გირაოს – 100 000 ლარის ოდენობით შეფარდებას და სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შეზღუდვის დაწესებას ითხოვს[8]. დანაშაულზე წასწრებისა და ცესკოს თანხმობის არსებობის შემთხვევაში, პროკურატურას არა უკვე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახის – გირაოს, არამედ უფრო მკაცრი ღონისძიების ვალდებულება აქვს, ვინაიდან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად[9], თუ ბრალდებულმა, რომლის მიმართაც აღკვეთის ღონისძიებად შერჩეულია გირაო, დაარღვია ამ ღონისძიების გამოყენების პირობა ან კანონი, პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს განჩინებით გირაო შეიცვლება უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით. აქედან გამომდინარე, გენერალურ პროკურატურას აღკვეთის ღონისძიების ალტერნატიულ სახედ, არა ღონისძიების იმავე სახის – გირაოს – 100 000 ლარის ოდენობით შეფარდება უნდა მოეთხოვა, არამედ – პატიმრობა, რაც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 205-ე მუხლით[10]. აღნიშნულს კი ვერ განახორციელებს, სწორედ ზემოთ განხილული საქართველოს საარჩევნო კოდექსის 122-ე მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, რაც განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის ხელშეუხებლობის გარანტიებს.

შესაბამისად, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 122-ე მუხლისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-7 ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ნიკა მელიას მიმართ დაწყებული სამართალწარმოება სამართლებრივად უსაფუძვლო და არაკანონიერია” – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში გამოყენებული წყაროები

[1] იხ.: ინფორმაცია სრულად: .

[2] იხ.: საქართველოს პროკურატურის განცხადება: . ასევე, იხ.: 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეების სამართლებრივი ანალიზი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, 2020 წელი, გვ. 7.

[3] იხ.: ინფორმაცია სრულად: .

[4] იხ.: ინფორმაცია სრულად: .

[5] იხ.: საქართველოს საარჩევნო კოდექსი: .

[6] იხ.: საქართველოს საარჩევნო კოდექსის 122-ე მუხლის 1-ლი ნაწილი: .

[7] იხ.: საქართველოს საარჩევნო კოდექსის 122-ე მუხლის მე-2 ნაწილი: .

[8] იხ. ინფორმაცია:  http://pog.gov.ge/news/saqarTv-1

[9] იხ.: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200  მუხლის მე-7 ნაწილი: .

[10] იხ.: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 205-ე მუხლი: .

პირბადეების ხმარება სავალდებულოა არა მხოლოდ დახურულ სივრცეში, არამედ ღია სივრცეებშიც –

ახალი რეგულაციის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციოს საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მთავრობის გადაწყვეტილებით, ღია სივრცეში პირბადის არგამოყენებისთვის მოქალაქეს 20 ლარიანი ჯარიმა დაეკისრება:

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ვინარჩუნებთ ძალიან კარგ დადებით დინამიკას, იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენი ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა არ არის ძალიან სწრაფი და ასევე გამოჯანმრთელებულების ძალიან კარგი დინამიკა გვაქვს, მაინც, რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ ვალდებულები ვიზრუნოთ, რომ ვირუსის გავრცელება შევანელოთ და არ დავუშვათ გავრცლების სწრაფი ზრდა.

სწორედ აქედან გამომდინარე, დღეს ჩვენ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პირბადეების ხმარება იყოს სავალდებულო არა მხოლოდ დახურულ სივრცეში, არამედ ღია სივრცეებშიც. იცით, რომ ეს არის ის ერთადერთი საშუალება დღეისთვის, რომელიც ყველაზე კარგად იცავს ჩვენს მოქალქეებს ინფიცირებისგან და ამასთან ერთად დაავადების გავრცელებისგან, ამიტომ ეს არის ყველაზე მარტივი, ეფექტური საშუალება და შესაბამისად, ყველამ ერთად ვატაროთ პირბადე“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ავტორი
ემილი ფეიქრიშვილი

“არ მივისწრაფვი რაიმე ექსკლუზიური როლისთვის, მე ვარ ერთ-ერთი თანასწორთა შორის” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალური ქსელის საშუალებით ეხმიანება საქართველოში მიმდინარე პროცესებს, ასევე მისი დაბრუნების საკითხს და ამასთანავე კმაყოფილებით აღნიშნავს, რომ შედგა უმნიშვნელოვანესი შეთანხმება ოპოზიციურ პარტიებს შორის:

მე საქართველოში ვერ ვბრუნდები არა იმიტომ, რომ რომელიმე ოპოზიციის წევრს არ სურს დავბრუნდე, არამედ იმის გამო, რომ ვიმყოფები პოლიტიკურ დევნილობაში არსებული დანაშაულებრივი რეჟიმის მიერ, რომელმაც ამ დღეებში ქართველ ერს მოპარა თავისუფალი არჩევანის უფლება. პრაქტიკულად, ივანიშვილმა მთელი საქართველოს დღევანდელ და მომავალ თაობებს წაართვა პერსპექტივა.

მიმაჩნია, რომ ამ დანაშაულებრივი რეჟიმის წინააღმდეგ ყველა ოპოზიციური პარტიის ერთობა არის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ნებისმიერი პიროვნების ბედი, თუნდაც ეს იყოს ჩემი მოკრძალებული პიროვნება.

მადლიერი ვარ იმ ხალხის, ვინც ჩემი დაბრუნების საკითხს აყენებს, რა თქმა უნდა, ჩემთვის უმძიმესია მრავალწლიანი განშორება სამშობლოსთან და ჩემთვის სამშობლოს მიწაზე ფეხის დადგმა ეს არის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე რომელიმე თანამდებობა, ან ნებისმიერი პოლიტიკური როლი.

მე არ მივისწრაფ რაიმე ექსკლუზიური როლისთვის, მე ვარ ერთერთი თანასწორთა შორის.
ახლა ყველანი უნდა ვკონცენტრირდეთ ოლიგარქის მიერი ჩატარებული მანიპულაციების წინააღმდეგ, რადგან ეს უსამართლობა არ შერჩეს ივანიშვილს.

აქვე ვიტყვი, თუ ქართული ოპოზიციური ერთობა ჩათვლის, რომ ივანიშვილის დასამარცხებლად ჩემი ჩამოსვლა იქნება ერთერთი იარაღი, გარწმუნებთ ვიპოვი საშუალებას საქართველოში შემოღწევის და ვერანაირი წინაღობა ამ სურვილს ხელს ვერ შეუშლის. ჩემი უსაფრთხოება მეასე ხარისხოვანია მაშინ, როცა სამშობლოს ვკარგავთ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს რაიმე განხეთქილების ან უთანხმოების თემა. მაშინ, როდესაც უკვე მიღწეულია უმნიშვნელოვანესი შეთანხმება ოპოზიციურ პარტიებს შორის’’,წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მიხეილ სააკაშვილი.

ავტორი
ანა რობაქიძე

გიორგი რურუასთან დაკავშირებული ინციდენტის ამსახველ ვიდეომასალას ავრცელებს სპეციალური პენიტენციური სამსახური

პენიტენციურ დაწესებულებაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რა დროსაც “მთავარი არხის” დამფუძნებელზე, პატიმარ გიორგი რურუაზე მოხდა ფიზიკური თავდასხმა, განცხადებას ავრცელებს სპეციალური პენიტენციალური სამსახური:

2020 წლის 2 ნოემბერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა“ სალომე სამადაშვილმა და გიორგი რურუას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა გამართეს ბრიფინგი, სადაც N8 პენიტენციურ დაწესებულებაში მომხდარ ინციდენტზე ისაუბრეს და განაცხადეს, რომ ეს იყო დაგეგმილი თავდასხმა.
„ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს იყო ხელისუფლების მხრიდან ორგანიზებული ძალადობა და თავდასხმა.” – განაცხადა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, მომხდარი ინციდენტის შესახებ სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა უკვე გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება და დეტალურად არის მოყვანილი ინციდენტის შესაბამისი ფაქტები.

ვინაიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს მომხდარის საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას, ნებისმიერი სახის პოლიტიკური სპეკულაციების სამომავლოდ თავიდან ასაცილებლად, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება, საჯარო გახადოს N8 პენიტენციურ დაწესებულებაში დღეს მომხდარი ინცინდენტის ამსახველი ვიდეომასალა. შეგახსენებთ, ფლიგელში, სადაც ინცინდენტი მოხდა, 24-საათიანი ელექტრონულ-ვიზუალური მეთვალყურეობა პატიმრობის კოდექსის შესაბამისად მიმდინარეობს.

აქვე აღვნიშნავთ, რომ გამოძიების ფარგლებში ადვოკატის თანდასწრების გარეშე გამოკითხვაზე გიორგი რურუამ უარი განაცხადა, ხოლო მისმა ადვოკატმა საძაგლიშვილმა, რომელიც მედიის წინაშე განცხადებებს აკეთებს, გამოძიების ორგანოს შეთავაზებაზე, მისულიყო საპატიმროში და დასწრებოდა გამოკითხვის პროცესს, ასევე უარი განაცხადა მოუცლელობის გამო“, – ნათქვამია განცხადებაში.

მომხდარი ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა

‘‘ქართული ოცნება’’ წამებით კლავს ჩემს ძმას, გადარჩენის შანსს არ უტოვებს – თორნიკე მამალაძე, გიორგი მამალაძის ძმა

ე.წ. “ციანიდის საქმეზე” დაპატიმრებული გიორგი მამალაძე სასჯელს იხდის ციხეში. პატიმრის ძმა, თორნიკე მამალაძე სოციალურ ქსელში საკმაოდ ემოციურ პოსტს აქვეყნებს, სადაც თავისი ძმის უმძიმეს მდგომარეობაზე საუბრობს, ამასთან ერთად, ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნით გამოდის და საზოგადოებას სთხოვს, აქტიურად ჩაერთონ არჩევნების შემდგომ პროცესებში:

‘‘ჩემო მეგობრებო, ახლობლებო, ნათესავებო, ნაცნობებო და უცნობებო – ყველამ იცით, რომ ჩემი ძმა საპყრობილეში უპატრონოდ მიგდებული, უმოძრაოდ საწოლზეა მიჯაჭვული. არ მკურნალობენ. წამლების შეგზავნის უფლებასაც არ გვაძლევენ. უმძიმესია ჩემთვის ამის დაწერა, ამ ნაწერს ხომ მისი შვილებიც წაიკითხავენ, მაგრამ არ შემიძლია არ გითხრათ, რაც მასთან ბოლო პაემანზე ვნახე. მამა გიორგის სასიცოცხლო ენერგია ეწურება ხალხო. ეს ბოროტი ძალა, რომელსაც ‘‘ქართული ოცნება’’ ჰქვია წამებით კლავს ჩემს ძმას. გადარჩენის შანსს არ უტოვებს. არ ვაჭარბებ გეფიცებით.

შეიძლება ეგოისტურად მოგეჩვენოთ ჩემი ეს ამოძახილი, მაგრამ, ჩემო ძვირფასებო, ღმერთმა არ გამოგაცდევინოთ საკუთარი ძმის, საკუთარი სისხლის და ხორცის ასეთ ტანჯვაში ყოფნა. არ გამოგაცდევინოთ იმის ყურება, როგორ დღითიდღე სანთელივით გიდნება უფროსი ძმა, რომელმაც გაგზარდა, სიკეთის ბევრი მაგალითი მოგცა და ცხოვრება გასწავლა.

ჩემო კეთილო ადამიანებო, მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ ჩემი ძმის სიკვდილის წამზომი შეაჩეროთ. ოცნების მთავრობის დასრულება მამა გიორგის საპყრობილედან გათავისუფლებას ნიშნავს. ხვალ მისი გადარჩენის ბოლო შანსია ჩემს სიცოცხლეს გეფიცებით. გთხოვთ, მიიღეთ მონაწილეობა მადლიან საქმეში, თქვენს შვილებს და ოჯახის წევრებს შეეწევა ადამიანის გადარჩენაში თქვენი მონაწილეობა. გთხოვთ, შეცვალეთ ხვალ ეს ბოროტი ხელისუფლება, გადაარჩინეთ ადამიანი, იხსენით წამებით სიკვდილისგან ერთი რიგითი მღვდელი. გთხოვთ…’’, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე თორნიკე მამალაძე.

ავტორი
ანა რობაქიძე

“ევროპული საქართველო” უარს ამბობს შევიდეს პარლამენტში – დავით ბაქრაძე

‘‘ევროპულმა საქართველომ’’ საგანგებო ბრიფინგი გამართა, რა დროსაც საზოგადოებას გააცნო პარტიის გადაწყვეტილება ახალი მოწვევის პარლამენტში შესვლასა და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებაზე უარის გაცხადებასთან დაკავშირებით. პარტიის ლიდერებმა თავიანთ გამოსვლებში აქცენტი გაამახვილეს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით:

‘‘ეს არჩევნები არ იყო არც თავისუფალი, არც სამართლიანი და იგი არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას, შესაბამისად, ჩვენ ყველამ ვიმსჯელეთ და მივიღეთ ერთსულოვანი გადაწყვეტილება – “ევროპული საქართველო’’ უარს ამბობს შევიდეს პარლამენტში, რომლის არჩევის ლეგიტიმურობასაც ჩვენ არ ვაღიარებთ და უარს ვამბობთ მონაწილეობა მივიღოთ მეორე ტურში’’, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

 

დღეს ამ პარლამენტში შესვლა ნიშნავს არა პარლამენტში შესვლას, არამედ “ქართულ ოცნებაში” შესვლას. ამიტომ, “ევროპული საქართველოს” გადაწყვეტილება არის სრული ბოიკოტი გამოუცხადოს ამ პარლამენტს. მთავარი, რასაც ვითხოვთ, ეს არის პატიოსანი და თავისუფალი რიგგარეშე არჩევნები, სხვა შემთხვევაში საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტი პირდაპირ დაემსგავსება ბიძინა ივანიშვილის ჯამახერია, თუმცა მაინც ძალიან მალე ჩამოიქცევა,’’ – მიაჩნია გიგი უგულავას.

 

ჩვენ გვაქვს ნებისყოფა და რწმენა, რომ მორალურად გავტეხოთ ეს კაცი და მისი პოლიტიკური კლოუნების გარემოცვა, რომელმაც საქართველოს თავს მოახვია ჩვენი ქვეყნისთვის უაღრესად საშიში ტენდენცია, სრული მონოპოლიზაცია ძალაუფლების. ეს არის კატასტროფა ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ვალია, ერთიანად დავუპირისპირდეთ ამას ყველანი’’, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ავტორი
ანა რობაქიძე

“ნაციონალური მოძრაობა” სხვა პარტიებზე ახორციელებს პოლიტიკურ შანტაჟს, რომ არ შევიდნენ პარლამენტში, მაშინ როდესაც, მოქალაქეებმა ეს პარტიები იმისთვის აირჩიეს, რომ პარლამენტში შევიდნენ და იმუშაონ – არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარე ეხმიანება ოპოზიციურ პარტიებში დაწყებულ დიალოგს პარლამენტის დეპუტატის უფლებამოსილებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით და მოუწოდებს პარტიებს შევიდნენ პარლამენტში:

ჩვენ გავატარეთ დემოკრატიული რეფორმები, რომ სხვა პარტიებიც შესულიყვნენ პარლამენტში და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მათ ამის შესაძლებლობა რეალურად მიეცათ. რომ არა ეს დემოკრატიული რეფორმები,  სხვანაირად, ისინი ვერ მოხვდებოდნენ პარლამენტში.

გახსოვთ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, პოლიტიკური სივრცე ჰქონდა ჩაკეტილი. ოპოზიციაშიც გადასვლის შემდეგაც, იგივეს აკეთებდნენ – მონოპოლია ჰქონდათ ოპოზიციაზე და სხვა პარტიებს მხოლოდ მათი ქოლგის ქვეშ შეეძლოთ არსებობა.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებით “ნაციონალური მოძრაობის” ოპოზიციური მონოპოლია დასრულებულია – პარტიები, რომელიც დამოუკიდებლად, მათ გარეშე შევიდნენ პარლამენტში, არ უნდა დაექვემდებარონ “ნაც.მოძრაობის” პოლიტიკურ შანტაჟს და გამოიყენონ შესაძლებლობა, რომელიც მათმა მხარდამჭერებმა მისცეს არჩევნებში.

ბოიკოტის თავს მოხვევის მცდელობა იქნება ბარიერგადალახული სხვა პარტიებისთვის ერთგვარი ტესტი, შეძლებენ თუ არა ისინი თავი დააღწიონ “ნაციონალური მოძრაობის” მონოპოლიას და დამოუკიდებელი პოლიტიკა აწარმოონ.

ყველამ პატივი უნდა სცეს საზოგადოების გადაწყვეტილებას და არჩევნების შედეგებს, რომელიც სადამკვირვებლო მისიებმა და საერთაშორისო საზოგადოებამ უკვე აღიარა, როგორც კონკურენტული არჩევნების შედეგი. ჩვენ მზად ვართ და ველით თანამშრომლობას ჯანსაღ ოპოზიციურ პარტიებთან ახალ პარლამენტში. მზად ვართ მშვიდი, საქმიანი პოლიტიკისთვის“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს

ცესკოს განცხადება საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებით გავრცელებულ არასწორ ინფორმაციებზე

სოციალური ქსელებისა და სხვადასხვა მედიასაშუალებით ვრცელდება საზოგადოების
შეცდომაში შემყვანი და არასწორი ინფორმაცია საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის
შედეგების შემაჯამებელ ოქმებში არსებულ ხარვეზებსა და დისბალანსთან დაკავშირებით,
რაც წარმოადგენს მიზანმიმართულ კამპანიას. არასწორი ინფორმაციის გავრცელების მიზანია
საარჩევნო პროცესისა და არჩევნების შედეგებისადმი უნდობლობის გაჩენა.

ცესკო, პირველ რიგში, აღნიშნავს, რომ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებში
დისბალანსი შესაძლოა გამოწვეული იყოს ობიექტური გარემოებებით. კერძოდ, რიგ
შემთხვევებში პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველს არ
აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს მაჟორიტარული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში, თუ
ის ხმას არ აძლევს რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, რაც იწვევს დისბალანსს
მაჟორიტარულ შემაჯამებელ ოქმში და სხვაობას საარჩევნო სუბიექტებისთვის მიცემული
ხმების ჯამსა და კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობას შორის.
რაც შეეხება ისეთ შემთხვევებს, როდესაც შემაჯამებელ ოქმებში, მართლაც არის დისბალანსი
მონაცემებს შორის, რომელიც გამოწვეულია შემაჯამებელ ოქმში მონაცემთა შეტანისას
დაშვებული შეცდომით, აღნიშნულ შემთხვევაში, შესწორების ოქმითა და შესაბამისი საუბნო
საარჩევნო კომისიის წევრთა ახსნა-განმარტებებით, აღმოიფხვრება უზუსტობა.

საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, თუ შემაჯამებელი ოქმის შევსებისას შეცდომა იქნა
დაშვებული, მის გამოსასწორებლად შემაჯამებელ ოქმში, შესაბამისი მონაცემის გასწვრივ,
მაშინვე კეთდება წარწერა „შესწორებულია“. საარჩევნო კომისიამ უნდა შეადგინოს
შესწორების ოქმი, რომელშიც აღინიშნება შემაჯამებელ ოქმში შეტანილი მონაცემის
შესწორება და ამ ოქმის შედგენის თარიღი და დრო. შესწორების ოქმს დაესმება საარჩევნო
კომისიის ბეჭედი, გატარდება ჩანაწერთა წიგნში და დაერთვება იმ შემაჯამებელ ოქმს,
რომელში შეტანილი მონაცემიც შესწორდა. შესწორების ოქმების შედგენა, საარჩევნო
კანონმდებლობის შესაბამისად, აგრეთვე შესაძლებელია განხორციელდეს არაუგვიანეს
კენჭისყრის დღის მეორე დღისა საოლქო საარჩევნო კომისიებში.

სამწუხაროა, რომ სხვადასხვა პირები მიზანმიმართულად და შეგნებულად აქვეყნებენ
შემაჯამებელ ოქმებს, რომლებშიც დისბალანსი გამოწვეულია ზემოაღნიშნული ობიექტური
საფუძვლებით და არსებობის შემთხვევაში, მათ მიერ არ ხდება შესწორების ოქმების ანდა
კომისიის შესაბამის წევრთა ახსნა-განმარტებების გამოქვეყნება, რის მიზანსაც, კიდევ
ერთხელ აღვნიშნავთ, წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და უნდობლობის
გაჩენა არჩევნების შედეგებისადმი.

ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობი დეპარტამენტი ავრცელებს

“გადავედი თვითიზოლაციაში და ამ რეჟიმშიც ვაგრძელებ მუშაობას” – გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საპარლამენტო არჩევნების მოკლე შემაჯამებელი პოსტი გაავრცელა სოციალურ ქსელში. გიორგი გახარიას აზრით 31 ოქტომბეია საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ გარემოში, სადაც ყველა ფუნდამენტური უფლება იყო დაცული:

საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ გარემოში, სადაც ყველა ფუნდამენტური უფლება იყო დაცული – ეს არის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების შეფასება.

მადლობა თითოეულ მათგანს, საქართველოს დემოკრატიის ერთგულებისთვის, იმისთვის, რომ გლობალური პანდემიის ფონზეც კი, ჩამოვიდნენ საქართველოში და მხარი დაუჭირეს ჩვენს ქვეყანას წინსვლის პროცესში.

როგორც ყოველთვის ვაცხადებდით, ამ ურთულეს პირობებშიც კი, საქართველომ შეძლო თავისუფალი, ღია და კონკურენტული არჩევნების ჩატარება. ცალკეული ხარვეზები კი, არის გამოსწორებადი, რომელზეც უნდა ვიმუშაოთ. სწორედ ეს მისწრაფება გვაახლოებს ევროპული სახელმწიფოს მშენებლობასთან.

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩვენს მოქალაქეებს აქტიურობისთვის. მადლობა ჩვენს მხარდამჭერებს, რომელთა სიმრავლე ჩვენ კიდევ უფრო მეტ სტიმულს გვაძლევს, რომ ერთად გავაგრძელოთ წინსვლა.

სამწუხაროდ, მე ახლა განსხვავებულ რეჟიმში მიწევს მუშაობა, რადგან ჩემს თანამშრომელს, რომელთანაც გუშინ მქონდა ხანგრძლივი კომუნიკაცია, მიზნობრივი შერჩევითი ტესტირებისას დაუდგინდა კორონავირუსი. შესაბამისად, გადავედი თვითიზოლაციაში და ამ რეჟიმშიც ვაგრძელებ მუშაობას“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე გიორგი გახარია.

ავტორი
ანა რობაქიძე