ხუთშაბათი, ივლისი 17, 2025
28.8 C
Tbilisi
Home Blog Page 1639

დღეს “ქართული ოცნება” რეალურად დაკავებულია ადამიანების გატაცებით, ეს არის ტერორიზმთან გათანაბრებული მოვლენა – ლევან კობერიძე

“ლელო საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ლევან კობერიძის განცხადებით „ოცნება“ დაკავებულია ადამიანების გატაცებით, ეს ტერორიზმთან გათანაბრებული მოვლენაა, როცა ხელისუფლება ადამიანებს იტაცებს. მისი თქმით ჩრდილოეთ კორეის მაგალითია, სადაც პარტია წყვეტს, როგორ უნდა მოიქცეს ცესკო. მან დღევანდელ ბრიფინგზე საოლქო საარჩევნო კომისიებში გუშინ განვითარებული მოვლენები შეაფასა და აღნიშნა, რომ „ლელო“ მოქალაქეების ხმების დასაცავად ყველა კანონიერ გზას გამოიყენებს:

გუშინ ჩვენ დავინახეთ კიდევ ერთი თვალნათელი მაგალითი, როდესაც პარტიული და სახელმწიფო სტრუქტურები ქვეყანაში რეალურად აღრეულია. პრაქტიკულად, პარტია იძლევა დავალებებს ნებისმიერი სახელმწიფო სტრუქტურის მიმართ. ეს არის ჩრდილოეთ კორეის მაგალითი, როდესაც პარტია წყვეტს, როგორ უნდა მოიქცეს ცესკო. ეს კიდევ ერთი დადასტურებაა, იმ ფაქტის, რაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის საელჩოს განცხადებაში მკაფიოდ ხაზგასმული იყო, როგორც ძალიან დიდი პრობლემა და წუხილი, რომ საქართველოში პარტიასა და სახელმწიფო სტრუქტურებს შორის რეალურად ზღვარი წაშლილია.

რა მივიღეთ ჩვენ გუშინ? ის, რომ პარტიული დავალების საფუძველზე ძალიან სწრაფად თქვეს უარი ყველა იმ საჩივარზე, რაც უკავშირდებოდა უბნების გახსნას და ხმების გადათვლას. გადაგვამისამართეს სასამართლოში. იმ სასამართლოში, ჩინჩალაძე-მურუსიძის სასამართლოში, რომელსაც ვერანაირად ვერ ექნება პრეტენზია სამართლიან სასამართლოზე. ამ სასამართლოს გამო დავტოვე თავის დროზე „ქართული ოცნება“, რადგან ვიცოდი, რომ სწორედ აქ მოვიდოდა დღეს ეს წერტილი, როდესაც ამ არასამართლიანმა სასამართლომ და კლანმა უნდა სცადოს და უნდა გაამაყაროს „ქართული ოცნების“ გაყალბებული არჩევნები. თუმცა, პირდაპირ მინდა გითხრათ, რომ ეს არ გაუვათ!

რაც ხდება, ეს არის არა ადამიანების ხმების მიტაცება, არამედ – პირდაპირ ადამიანების გატაცება. დღეს „ქართული ოცნება“ რეალურად დაკავებულია ადამიანების გატაცებით, ეს არის ტერორიზმთან გათანაბრებული მოვლენა. ეს არ არის უბრალოდ ხმები, ამ ხმების უკან არიან კონკრეტული ადამიანები, კონკრეტული ოჯახები“, – განაცხადა ლევან კობერიძემ.

ავტორი
ემილი ფეიქრიშვილი

ზესტაფონის 44-ე უბანზე დაფიქსირებულია 0 ხმა 27-ის ნაცვლად – ანა კობახიძე

პოლიტიკური პლატფორმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, პარტიის საარჩევნო და სამათლებრივი საკითხების მიმართულების ხელმძღვანელმა, ანა კობახიძემ კონკრეტული უბნების მაჩვენებლებსა და ოქმებზე დაკვირვების საფუძველზე კონკრეტულ დარღვევებზე საუბრობს. კერძოდ აცხადებს, რომ ოქმებში არსებული მონაცემების შესაბამისადაც კი არაა შეყვანილი ცესკოს ბაზაში ცალკეული მონაცემები:

,,ზესტაფონის 44-ე უბანზე აღმოვაჩინეთ, რომ გვაქვს 0 ხმა, შემდეგ გადავდივართ ოქმზე და  ვხდევათ, რომ დაფიქსირებულია 27 ხმა“ – განაცხადა ანა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური პარტიების მიერ შექმნილი იყო ე.წ. ხმების დათვლის შტაბი, სადაც გაერთიანებულიუ იყო ყველა ის პოლიტიკური პლატფორმა, რომლებიც ,,ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის მხარეს არანაირ შემთხვევაში არ გადავიდოდნენ. არჩვენების დღისთვის გაიხსნა საიტი 31.ge, სადაც შესაძლებელი იყო აეტვირთათ უბნებში დაფიქსირებული დარღვევები.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

 

დღეს ჩვენ გვყავს ოპოზიცია, რომელსაც არ უნდა, რომ იყოს ოპოზიცია, არჩევნების შედეგების მიუხედავად – არჩილ თალაკვაძე

„დღეს ჩვენ გვყავს ოპოზიცია, რომელსაც არ უნდა, რომ იყოს ოპოზიცია, არჩევნების შედეგების მიუხედავად და ამ ოპოზიციაში გვყავს ისეთი ძალა, „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ამბობს, რომ დემოკრატიული არის მხოლოდ ის არჩევნები, სადაც ისინი გაიმარჯვებენ“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ რადიო „იმედის“ პირდაპირ ეთერში განცხადა.

არჩილ თალაკვაძემ 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, იმისთვის, რომ საქართველოს ახალი პარლამენტო პლურალისტური, პოლიტიკურად უფრო სტაბილური და მრავალფეროვანი ყოფილიყო, მმართველმა გუნდმა ფუნდამენტური დემოკრატიული რეფორმები გაატარა.

ეს რეფორმები გატარდა საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში, შემდეგ ჩვენ შევცვალეთ საარჩევნო სისტემა – პირველად საქართველოს უახლეს ისტორიაში სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს შეცვალა საარჩევნო სისტემა. სხვა არცერთ ხელისუფლებას, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ აქტიურად ითხოვდნენ მერე უკვე ასეთი ცვლილებების გატარებას, არ გაუტარებია და არ გაუკეთებია ასეთი რეფორმები. თუმცა, ოპოზიციის ეს რადიკალური ნაწილი კიდევ უფრო ღრმად შევიდა საკუთარ პოლიტიკურ ტყუილში და მათ არც ოპოზიციაში ყოფნის დროს არ დაუჭირეს მხარი ამ ცვლილებებს. შეგახსენებთ, რომ ისინი საზოგადოებას ეუბნებოდნენ გარეთ, ეთერების საშუალებით, რომ ძალიან უნდოდათ არსებითად პროპორციული სისტემა, მაგრამ როდესაც საქმე საქმეზე მიდგა პარლამენტში, მათ არც ამ კენჭისყრაზე არ დაუჭირეს მხარი ამ დემოკრატიულ ცვლილებებს. შედეგად მერე მოხდა ის, როგორც ჩვენ წინასწარ ვამბობდით, რომ ოპოზიციაში არის დესტრუქციული ძალა „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი დანამატები, დანაყოფები, რომელთაც არ სურდათ ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნები და ეს მათთვის იყო მხოლოდ ლოზუნგები, სინამდვილეში ისინი არ უჭერდნენ მხარს რაიმე ტიპის გადაწყვეტილებები მიღებულიყო არჩევნებით. მათ არაერთხელ სცადეს საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით მიეღწიათ რაიმე ცვლილებისთვის ამ ქვეყანაში, თუმცა, საზოგადოებამ მაშინაც და დღესაც მკაფიოდ დააფიქსირა, რომ მას გადაწყვეტილებების მიღება სურს მხოლოდ საარჩევნო ყუთის საშუალებით. ჩვენ წინასწარ ჩავატარეთ არაერთი ბრიფინგი, სადაც ვთქვით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აპირებდა არჩევნების დისკრედიტაციას, ეს იყო ყალბი სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეგისტრაცია, ეს იყო დაგეგმილი პროვოკაციები უბნებზე, ხელმოწერები, ბიულეტენები თუ სხვა ტექნიკური პოლიტიკური ტრიუკები, რაც მათ აპრობირებული ჰქონდათ წარსულში, მათ ყველაფერი დაგეგმეს იმისთვის, რომ არჩევნებისთვის როგორმე ჩრდილი მიეყენებინათ.

მთავარი არის ის, რომ მიუხედავად პანდემიისა, ორ მილიონამდე ჩვენი ქვეყნის მოქალაქე მოვიდა არჩევნებზე, მათ გააკეთეს თავისი არჩევანი და ამით დააფიქსირა ჩვენმა საზოგადოებამ ურყევი ნება, რომ ქვეყანაში დემოკრატიული განვითარების პროცესი უნდა გაგრძელდეს და მხოლოდ არჩევნებით უნდა მოხდეს გადაწყვეტილებების მიღება.

სამწუხაროა, რომ დღეს ჩვენ გვყავს ოპოზიცია, რომელსაც არ უნდა, რომ იყოს ოპოზიცია და ამ ოპოზიციაში გვყავს ისეთი ძალა, „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ამბობს, რომ დემოკრატიული არის მხოლოდ ის არჩევნები, სადაც ისინი გაიმარჯვებენ. სხვა არცერთ არჩევნებს ისინი დემოკრატიულად არ აღიარებენ, გახსოვთ მათი მოწოდებები შუალედურ არჩევნებში სამეგრელოში, როდესაც ამბობდნენ, რომ ქვეყანა უნდა ავადუღოთ აქედან, გახსოვთ მათი მოწოდებები, რომ ავისხათ იარაღი, გახსოვთ მათი ძალადობრივი შეტევა პარლამენტზე, შესაბამისად, რასაც დღეს ჩვენ ვხედავთ, ეს არის ამ ხაზის გაგრძელება, ეს არის დესტრუქციული პოლიტიკური ძალა და დღეს ეს ძალა – „ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი ახორციელებენ პოლიტიკურ შანტაჟს სხვა პოლიტიკურ პარტიებზე. მათ აქვთ სერიოზული პრობლემა მომავლის განვითარებისთვის, ვინაიდან პირველად მოხდა, როდესაც საპარლამენტო არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგის გარეშე სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა, დამოუკიდებლად გადალახეს ბარიერი და შევიდნენ საქართველოს პარლამენტში. ეს ნიშნავს, რომ ისინი თუ პარლამენტში პოლიტიკურ პროცესში ჩაერთვებიან, მიიღებენ საკმაოდ სოლიდურ დაფინანსებას, 4 წლის განმავლობაში, უკეთ მოემზადებიან 2024 წლის არჩევნებისთვის“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.​

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს

‘‘ტრამპს ერთხელ არ უხსენებია მოსკოვისგან ოკუპირებულ-დაგლეჯილი საქართველო’’ – შალვა ნათელაშვილი

‘‘საქართველოს ლეიბორისტული პარტიის’’ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებს და მოქმედი პრეზიდენტის გადარჩევის აუცილებლობაზე საუბრობს. ოპოზიციონერმა ლიდერმა დონალდ ტრამპი პუტინის გეოპოლიტიკურ ლობისტად მოიხსენია და გამარჯვება ბაიდენს უსურვა:

‘‘როგორც ადრე განვაცხადე პრეზიდენტ ტრამპის გადარჩევა ორგანულად აუცილებელია ამერიკისა და მსოფლიო პოლიტიკისათვის. პიროვნულად ქარიზმატული ტრამპი ოლიგარქიის წარმომადგენელია, შესაბამისად, ის უყურებს კაცობრიობას როგორც ბიზნესკორპორაციას, ხოლო მისი საქმიანი კავშირები რუსეთთან მას ფაქტობრივად აქცევს კაგებეშნიკ პუტინის გეოპოლიტიკურ ლობისტად. აღნიშნული დიდი საფრთხეა არა მარტო მთელი დედამიწის უშიშროების, არამედ საქართველოს მომავლისათვის, რადგან სწორედ მოსკოვის ამერიკული ლობისტების მეშვეობით ბიძინა ივანიშვილი პერიოდულად ნახულობს მხარდამჭერებს ტრამპის უახლოეს გარემოცვაში, თუნდაც ბიზნესმენი სიძის, კუშნერის სახით, რათა გააგრძელოს თამაში იმ თოჯინით, რასაც საქართველო ქვია.

ტრამპს ერთხელ არ უხსენებია მოსკოვისგან ოკუპირებულდაგლეჯილი საქართველო. ამდენად, გამარჯვებას ვუსურვებ ბაიდენს. ოლიგარქია პოლიტიკიდან სამუდამოდ უნდა განიდევნოს ამერიკაშიც და სოლოლაკშიც. მერე გვექნება უსაფრთხო მომავალი ყველას’’, – წერს შალვა ნათელაშვილი Facebook გვერდზე.

ავტორი
ანა რობაქიძე

‘‘ამ გზაზე არ იქნება არანაირი დანდობა…’’ – ირმა ინაშვილი

‘‘საქართველოს პატრიოტთა ალიანსის’’ საგანგებო ბრიფინგზე პარტიის ლიდერი, ირმა ინაშვილი ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით გამოვიდა, მან ტოტალურ გაყალბებებზე ისაუბრა და მხარდამჭერებს უწყვეტი საპროტესტო აქციებისკენ მოუწოდა: 

“2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები ტოტალურად და სამარცხვინოდ გაყალბდა. ვფიქრობ, რომ ჩვენ მოწინააღმდეგეებსაც ესმისთ, რომ ‘‘საქართველოს პატრიოტთა ალიანსი’’ ვერანაირ გარემოებაში ვერ აიღებდა ასეთ დაბალ მაჩვენელს, 3%-ს. უახლოეს დღეებში ჩვენ დავასახელებთ 3700-ზე მეტი უბნის ბიულეტენის რაოდენობას, რაც ხელისუფლებამ სამარცხვინოდ მოგვპარა. საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლის თანახმად საქართველოს პარლამენტი ლეგიტიმური ვერ იქნება, თუ მასში 100 დეპუტატზე მეტის უფლებამოსილება არ იქნება ცნობილი.

სრულიად ნათელია, რომ ყველამ თქვა უარი გაყალბებული არჩევნების შედეგების აღიარებასა და პარლამენტში შესვლაზე. “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი’’ ცალსახად და საჯაროდ აცხადებს, რომ ჩვენ უარს ვამბობთ გაყალბებული არჩევნების შედეგების აღიარებასა და პარლამენტში შესვლაზე. მოვითხოვთ, „ქართულმა ოცნებამდანიშნოს ხელმეორე არჩევნები.

ამავდროულად, საზოგადოებას მინდა ვუთხრა, ჩვენ ვიწყებთ საპროტესტო კამპანიას. ეს იქნება უწყვეტი ფართომასშტაბიანი აქციები, ვიდრე ხელისუფლება არ დანიშნავს ხელახალ არჩევნებს.

7 ნოემბერს, შაბათს, 17:00 საათზე, ვიკრიბებით თავისუფლების მოედანზე. ყველა მხარდამჭერს მოვუწოდებთ, გადავიდეთ უწყვეტ საპროტესტო აქციების რეჟიმზე, რათა დავიცვათ ქვეყანა უზნეო გამყალბებლებისაგან. ‘‘ქართულ ოცნებას’’ მინდა ვუთხრა, რომ ამ გზაზე არ იქნება არანაირი დანდობა. მკაფიოდ ვამბობთ, “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი’’ ვმოქმედებთ დამოუკიდებლად და გვაქვს ჩვენი მოქმედების ტაქტიკა’’, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ავტორი
ანა რობაქიძე

ნიკა მელიას მიმართ სამართალწარმოების დაწყება არაკანონიერია – ადამიანის უფლებათა ცენტრი

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლო გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების საკითხს განიხილავს. ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადებით, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 122-ე მუხლისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-7 ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ნიკა მელიას მიმართ დაწყებული სამართალწარმოება სამართლებრივად უსაფუძვლო და არაკანონიერია:

“2020 წლის 1-ლ ნოემბერს საქართველოს პარლამენტთან, ოპოზიციური პარტიების საპროტესტო აქციაზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარლამენტის წევრობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ სიტყვით გამოსვლისას ელექტრონული სამაჯური მოიხსნა, გადააგდო და აღნიშნა, რომ მის ტარებას აღარ აპირებდა[1].

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 25 ივნისს, საქართველოს პროკურატურამ საქართველოს პარლამენტის წევრს, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარეს, ნიკანორ მელიას 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდება წარუდგინა[2]. თბილისის სააპელაციო სასამართლომ კი, აღკვეთის ღონისძიების ერთ-ერთ სახედ, 2019 წლის 2 ივლისის განჩინებით, პროკურატურას ნიკა მელიას გადაადგილებაზე ელექტრონული მონიტორინგის წარმოება დაავალა, სპეციალური სამაჯურის დამაგრებით[3].

2020 წლის 3 ნოემბერს, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიას მიერ აღკვეთის ღონისძიების პირობების დარღვევის – გადაადგილებაზე ელექტრონული მონიტორინგის წარმოების მიზნით, სამაჯურის მოხსნის გამო, სასამართლოს მისთვის უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით მიმართა. კერძოდ, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს – 100 000 ლარის ოდენობით შეფარდებას და სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შეზღუდვის დაწესებას ითხოვს[4].

საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ, ნიკა მელიას წინააღმდეგ დაწყებული სამართალწარმოება, სულ მცირე – ორი მიმართულებით სამართლებრივად პრობლემური და უსაფუძვლოა. კერძოდ:

  • საქართველოს საარჩევნო კოდექსით განსაზღვრულია საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის ხელშეუხებლობის გარანტიები[5]. ამავე კოდექსის 122-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი ცესკოს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებამდე, ხოლო მის მიერ საქართველოს პარლამენტის წევრად არჩეულად გამოცხადებული პირი – მისი უფლებამოსილების ცნობის საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე არ შეიძლება დააკავონ, დააპატიმრონ ან გაჩხრიკონ, თუ საქართველოს გენერალური პროკურორის წარდგინებაზე არ იქნა ცესკოს თანხმობა. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ცესკოს. თუ ცესკო მიიღებს სათანადო განკარგულებას, დაკავებული ან დაპატიმრებული საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს[6]. შესაბამისად, ნიკა მელიას, როგორც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პარლამენტის წევრობის კანდიდატის მიმართ სამართალწარმოების დაწყება – არაკანონიერია. ამასთან, ცესკოს განკარგულებას ზემოთ მითითებულ მუხლში აღნიშნული თანხმობის მიცემის შესახებ კენჭი უნდა ეყაროს საქართველოს გენერალური პროკურორის წარდგინების მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში[7], რაც პროკურატურის მხრიდან არ განხორციელებულა. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, კანონის ეს მოთხოვნაც უგულებელყოფილია. აქედან გამომდინარე, საპარლამენტო არჩევნების პარლამენტის წევრობის კანდიდატის მიმართ, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი მოცემულობის და მოთხოვნების დაცვის გარეშე სამართალწარმოების დაწყება, არაკანონიერია.
  • საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, უკვე არსებული 30 000-ლარიანი გირაოს ნაცვლად, გირაოს – 100 000 ლარის ოდენობით შეფარდებას და სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შეზღუდვის დაწესებას ითხოვს[8]. დანაშაულზე წასწრებისა და ცესკოს თანხმობის არსებობის შემთხვევაში, პროკურატურას არა უკვე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახის – გირაოს, არამედ უფრო მკაცრი ღონისძიების ვალდებულება აქვს, ვინაიდან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად[9], თუ ბრალდებულმა, რომლის მიმართაც აღკვეთის ღონისძიებად შერჩეულია გირაო, დაარღვია ამ ღონისძიების გამოყენების პირობა ან კანონი, პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს განჩინებით გირაო შეიცვლება უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით. აქედან გამომდინარე, გენერალურ პროკურატურას აღკვეთის ღონისძიების ალტერნატიულ სახედ, არა ღონისძიების იმავე სახის – გირაოს – 100 000 ლარის ოდენობით შეფარდება უნდა მოეთხოვა, არამედ – პატიმრობა, რაც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 205-ე მუხლით[10]. აღნიშნულს კი ვერ განახორციელებს, სწორედ ზემოთ განხილული საქართველოს საარჩევნო კოდექსის 122-ე მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, რაც განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის ხელშეუხებლობის გარანტიებს.

შესაბამისად, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 122-ე მუხლისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-7 ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ნიკა მელიას მიმართ დაწყებული სამართალწარმოება სამართლებრივად უსაფუძვლო და არაკანონიერია” – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში გამოყენებული წყაროები

[1] იხ.: ინფორმაცია სრულად: .

[2] იხ.: საქართველოს პროკურატურის განცხადება: . ასევე, იხ.: 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეების სამართლებრივი ანალიზი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, 2020 წელი, გვ. 7.

[3] იხ.: ინფორმაცია სრულად: .

[4] იხ.: ინფორმაცია სრულად: .

[5] იხ.: საქართველოს საარჩევნო კოდექსი: .

[6] იხ.: საქართველოს საარჩევნო კოდექსის 122-ე მუხლის 1-ლი ნაწილი: .

[7] იხ.: საქართველოს საარჩევნო კოდექსის 122-ე მუხლის მე-2 ნაწილი: .

[8] იხ. ინფორმაცია:  http://pog.gov.ge/news/saqarTv-1

[9] იხ.: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200  მუხლის მე-7 ნაწილი: .

[10] იხ.: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 205-ე მუხლი: .

პირბადეების ხმარება სავალდებულოა არა მხოლოდ დახურულ სივრცეში, არამედ ღია სივრცეებშიც –

ახალი რეგულაციის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციოს საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მთავრობის გადაწყვეტილებით, ღია სივრცეში პირბადის არგამოყენებისთვის მოქალაქეს 20 ლარიანი ჯარიმა დაეკისრება:

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ვინარჩუნებთ ძალიან კარგ დადებით დინამიკას, იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენი ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა არ არის ძალიან სწრაფი და ასევე გამოჯანმრთელებულების ძალიან კარგი დინამიკა გვაქვს, მაინც, რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ ვალდებულები ვიზრუნოთ, რომ ვირუსის გავრცელება შევანელოთ და არ დავუშვათ გავრცლების სწრაფი ზრდა.

სწორედ აქედან გამომდინარე, დღეს ჩვენ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პირბადეების ხმარება იყოს სავალდებულო არა მხოლოდ დახურულ სივრცეში, არამედ ღია სივრცეებშიც. იცით, რომ ეს არის ის ერთადერთი საშუალება დღეისთვის, რომელიც ყველაზე კარგად იცავს ჩვენს მოქალქეებს ინფიცირებისგან და ამასთან ერთად დაავადების გავრცელებისგან, ამიტომ ეს არის ყველაზე მარტივი, ეფექტური საშუალება და შესაბამისად, ყველამ ერთად ვატაროთ პირბადე“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ავტორი
ემილი ფეიქრიშვილი

“არ მივისწრაფვი რაიმე ექსკლუზიური როლისთვის, მე ვარ ერთ-ერთი თანასწორთა შორის” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალური ქსელის საშუალებით ეხმიანება საქართველოში მიმდინარე პროცესებს, ასევე მისი დაბრუნების საკითხს და ამასთანავე კმაყოფილებით აღნიშნავს, რომ შედგა უმნიშვნელოვანესი შეთანხმება ოპოზიციურ პარტიებს შორის:

მე საქართველოში ვერ ვბრუნდები არა იმიტომ, რომ რომელიმე ოპოზიციის წევრს არ სურს დავბრუნდე, არამედ იმის გამო, რომ ვიმყოფები პოლიტიკურ დევნილობაში არსებული დანაშაულებრივი რეჟიმის მიერ, რომელმაც ამ დღეებში ქართველ ერს მოპარა თავისუფალი არჩევანის უფლება. პრაქტიკულად, ივანიშვილმა მთელი საქართველოს დღევანდელ და მომავალ თაობებს წაართვა პერსპექტივა.

მიმაჩნია, რომ ამ დანაშაულებრივი რეჟიმის წინააღმდეგ ყველა ოპოზიციური პარტიის ერთობა არის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ნებისმიერი პიროვნების ბედი, თუნდაც ეს იყოს ჩემი მოკრძალებული პიროვნება.

მადლიერი ვარ იმ ხალხის, ვინც ჩემი დაბრუნების საკითხს აყენებს, რა თქმა უნდა, ჩემთვის უმძიმესია მრავალწლიანი განშორება სამშობლოსთან და ჩემთვის სამშობლოს მიწაზე ფეხის დადგმა ეს არის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე რომელიმე თანამდებობა, ან ნებისმიერი პოლიტიკური როლი.

მე არ მივისწრაფ რაიმე ექსკლუზიური როლისთვის, მე ვარ ერთერთი თანასწორთა შორის.
ახლა ყველანი უნდა ვკონცენტრირდეთ ოლიგარქის მიერი ჩატარებული მანიპულაციების წინააღმდეგ, რადგან ეს უსამართლობა არ შერჩეს ივანიშვილს.

აქვე ვიტყვი, თუ ქართული ოპოზიციური ერთობა ჩათვლის, რომ ივანიშვილის დასამარცხებლად ჩემი ჩამოსვლა იქნება ერთერთი იარაღი, გარწმუნებთ ვიპოვი საშუალებას საქართველოში შემოღწევის და ვერანაირი წინაღობა ამ სურვილს ხელს ვერ შეუშლის. ჩემი უსაფრთხოება მეასე ხარისხოვანია მაშინ, როცა სამშობლოს ვკარგავთ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს რაიმე განხეთქილების ან უთანხმოების თემა. მაშინ, როდესაც უკვე მიღწეულია უმნიშვნელოვანესი შეთანხმება ოპოზიციურ პარტიებს შორის’’,წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მიხეილ სააკაშვილი.

ავტორი
ანა რობაქიძე

გიორგი რურუასთან დაკავშირებული ინციდენტის ამსახველ ვიდეომასალას ავრცელებს სპეციალური პენიტენციური სამსახური

პენიტენციურ დაწესებულებაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რა დროსაც “მთავარი არხის” დამფუძნებელზე, პატიმარ გიორგი რურუაზე მოხდა ფიზიკური თავდასხმა, განცხადებას ავრცელებს სპეციალური პენიტენციალური სამსახური:

2020 წლის 2 ნოემბერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა“ სალომე სამადაშვილმა და გიორგი რურუას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა გამართეს ბრიფინგი, სადაც N8 პენიტენციურ დაწესებულებაში მომხდარ ინციდენტზე ისაუბრეს და განაცხადეს, რომ ეს იყო დაგეგმილი თავდასხმა.
„ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს იყო ხელისუფლების მხრიდან ორგანიზებული ძალადობა და თავდასხმა.” – განაცხადა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, მომხდარი ინციდენტის შესახებ სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა უკვე გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება და დეტალურად არის მოყვანილი ინციდენტის შესაბამისი ფაქტები.

ვინაიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს მომხდარის საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას, ნებისმიერი სახის პოლიტიკური სპეკულაციების სამომავლოდ თავიდან ასაცილებლად, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება, საჯარო გახადოს N8 პენიტენციურ დაწესებულებაში დღეს მომხდარი ინცინდენტის ამსახველი ვიდეომასალა. შეგახსენებთ, ფლიგელში, სადაც ინცინდენტი მოხდა, 24-საათიანი ელექტრონულ-ვიზუალური მეთვალყურეობა პატიმრობის კოდექსის შესაბამისად მიმდინარეობს.

აქვე აღვნიშნავთ, რომ გამოძიების ფარგლებში ადვოკატის თანდასწრების გარეშე გამოკითხვაზე გიორგი რურუამ უარი განაცხადა, ხოლო მისმა ადვოკატმა საძაგლიშვილმა, რომელიც მედიის წინაშე განცხადებებს აკეთებს, გამოძიების ორგანოს შეთავაზებაზე, მისულიყო საპატიმროში და დასწრებოდა გამოკითხვის პროცესს, ასევე უარი განაცხადა მოუცლელობის გამო“, – ნათქვამია განცხადებაში.

მომხდარი ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა

‘‘ქართული ოცნება’’ წამებით კლავს ჩემს ძმას, გადარჩენის შანსს არ უტოვებს – თორნიკე მამალაძე, გიორგი მამალაძის ძმა

ე.წ. “ციანიდის საქმეზე” დაპატიმრებული გიორგი მამალაძე სასჯელს იხდის ციხეში. პატიმრის ძმა, თორნიკე მამალაძე სოციალურ ქსელში საკმაოდ ემოციურ პოსტს აქვეყნებს, სადაც თავისი ძმის უმძიმეს მდგომარეობაზე საუბრობს, ამასთან ერთად, ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნით გამოდის და საზოგადოებას სთხოვს, აქტიურად ჩაერთონ არჩევნების შემდგომ პროცესებში:

‘‘ჩემო მეგობრებო, ახლობლებო, ნათესავებო, ნაცნობებო და უცნობებო – ყველამ იცით, რომ ჩემი ძმა საპყრობილეში უპატრონოდ მიგდებული, უმოძრაოდ საწოლზეა მიჯაჭვული. არ მკურნალობენ. წამლების შეგზავნის უფლებასაც არ გვაძლევენ. უმძიმესია ჩემთვის ამის დაწერა, ამ ნაწერს ხომ მისი შვილებიც წაიკითხავენ, მაგრამ არ შემიძლია არ გითხრათ, რაც მასთან ბოლო პაემანზე ვნახე. მამა გიორგის სასიცოცხლო ენერგია ეწურება ხალხო. ეს ბოროტი ძალა, რომელსაც ‘‘ქართული ოცნება’’ ჰქვია წამებით კლავს ჩემს ძმას. გადარჩენის შანსს არ უტოვებს. არ ვაჭარბებ გეფიცებით.

შეიძლება ეგოისტურად მოგეჩვენოთ ჩემი ეს ამოძახილი, მაგრამ, ჩემო ძვირფასებო, ღმერთმა არ გამოგაცდევინოთ საკუთარი ძმის, საკუთარი სისხლის და ხორცის ასეთ ტანჯვაში ყოფნა. არ გამოგაცდევინოთ იმის ყურება, როგორ დღითიდღე სანთელივით გიდნება უფროსი ძმა, რომელმაც გაგზარდა, სიკეთის ბევრი მაგალითი მოგცა და ცხოვრება გასწავლა.

ჩემო კეთილო ადამიანებო, მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ ჩემი ძმის სიკვდილის წამზომი შეაჩეროთ. ოცნების მთავრობის დასრულება მამა გიორგის საპყრობილედან გათავისუფლებას ნიშნავს. ხვალ მისი გადარჩენის ბოლო შანსია ჩემს სიცოცხლეს გეფიცებით. გთხოვთ, მიიღეთ მონაწილეობა მადლიან საქმეში, თქვენს შვილებს და ოჯახის წევრებს შეეწევა ადამიანის გადარჩენაში თქვენი მონაწილეობა. გთხოვთ, შეცვალეთ ხვალ ეს ბოროტი ხელისუფლება, გადაარჩინეთ ადამიანი, იხსენით წამებით სიკვდილისგან ერთი რიგითი მღვდელი. გთხოვთ…’’, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე თორნიკე მამალაძე.

ავტორი
ანა რობაქიძე