შაბათი, ივლისი 26, 2025
24.8 C
Tbilisi
Home Blog Page 1629

დღევანდელი შეხვედრის შემდეგ გვექნება შიდა განხილვები, საუბარი არის რიგგარეშე არჩევნებზე, პატიმრებზე და სხვა – გიორგი ვაშაძე

ფასილიტატორი ელჩების მონაწილეობით გამართული მოლაპარაკებების მე-3 რაუნდი, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, კვლავ უშედეგოდ დასრულდა. შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან კონკრეტული შეფასებები გააკეთა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ:

ნამდვილად პოზიტიური და საქმიანი იყო დღევანდელი შეხვედრა, ჩვენ გავიარეთ აბსოლუტურად ყველა საკითხი. არის საკითხები, რადაც ხდება პოზიციების დაახლოება, მაგრამ ძირითად საკითხებთან დაკავშირებით კვლავ არის მნიშვნელოვანი განსხვავება ჩვენი და ხელისუფლების პოზიციას შორის.

დღევანდელი დისკუსიის შემდეგ გვექნება შიდა განხილვები. რა თქმა უნდა, აქ საუბარია რიგგარეშე არჩევნებზე, პატიმრებზე და სხვა.

ვიმსჯელეთ აბსოლუტურად ყველა საკითხზე, რაც კი არის წამოწეული, არის საკითხები, სადაც ყველა თანხმდება, რომ ქვეყანაში ფუნდამენტურად შესაცვლელია საარჩევნო გარემო, არის საკითხები რაზეც გაგრძელდება მსჯელობა და არის საკითხები რაზეც ვერ ვთანხმდებით – ესაა რიგგარეშე არჩევნები, პოლიტპატიმრების საკითხი, თუმცა შევთანხმდით, რომ ვაგრძელებთ მუშაობას ამ მიმართულებით. ჯერჯერობით არც განიხილება საკითხი, რომ ვინმე პარლამენტში შედის,” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

“სამწუხაროდ, მთავარ საკითხებზე კომპრომისი ჰორიზონტზე არ ჩანს” – გრიგოლ ვაშაძე

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდის დასრულების შემდეგ, რომელიც საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მისთვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა, თუმცა ხელისუფლება კომპრომისზე არ მოდის:

 „მოლაპარაკებების რესურსი ყოვეთვის არსებობს, იმიტომ რომ მოლაპარაკებები თუ არ შედგა ჩვენი სახელმწიფო აღმოჩნდება ძალიან მძიმე დღეში. სამწუხაროდ, მთავარ საკითხებზე კომპრომისი ჰორიზონტზე არ ჩანს. „ქართული ოცნების“ მხრიდან მზაობა ჩანს მნიშვნელოვან საკითხებზე, მაგრამ არ ჩანს – მთავარ საკითხებზე, რომელზეც ოპოზიცია ლაპარაკობს პირველი ნოემბრიდან“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

პოლიტიკოსი განმარტავს, რომ ელჩების თხოვნით დეტალებზე საუბარი არ შეუძლია.

ავტორი
ნინი შავლაძე

“როდემდე უნდა ვუყუროთ პოლიტიკას, როგორც არაკომპეტენტური და უპასუხისმგებლო ადამიანების თავშესაფარს?!” – სოფიო ხორგუანი

არასამთავრობო ორგანოების საქმიანობასთან მიმართებაში კონკრეტულ პოზიციას აფიქსირებს უფლებადამცველი, სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე, სოფიო ხორგუანი და მიაჩნია, რომ უნდა მოხდეს არასამთავრობო სექტორის დისტანცირება პოლიტიკისგან:

თავი რომ დაანებოთ ენჯეოებს და აცალოთ ცხოვრება მათაც და სხვებსაც, არა?! უადგილოდ და უმისამართოდ რომ ცდილობთ არაპოლიტიკური ორგანიზაციების პოლიტიკურ პროცესში შემოყვანას?! პოლიტიკური პასუხისმგებლობა რომ უნდოდეთ იმათ, შევიდოდნენ პარტიებში და არჩევნებშიც წავიდოდნენ.

როდემდე უნდა ვუყუროთ პოლიტიკას, როგორც არაკომპეტენტური და უპასუხისმგებლო ადამიანების თავშესაფარს?!

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა უზანაესი სასამართლოს თავმჯდომარეობაზე კონკურსი რომ გამოგვიცხადა, იმის არ იყოს. და საცა კონკურსი იყო ჩასატარებელი, იქ რომ წინასწარ დალაგდა და ფორმალურად ჩაატარა“, – წერს სოფიო ხორგუანი ფეისბუქის პირად გვერდზე.

“ჩემზე არ არის დამოკიდებული გადაწყვეტილებების მიღება” – კარლ ჰარცელი

დღეს, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის რეზიდენციაში, ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ოპოზიციის ლიდერებს შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი გაიმართა. მოლაპარაკებების პროცესში ასევე ჩართულნი არიან ევროკავშირისა და აშშ-ს ელჩები. შეხვედრის დაწყებამდე, ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ შეთანხმების მისაღწევად პოლიტიკურმა მხარეებმა თავიანთი პოზიციების წარმოჩენა მაქსიმალურად უნდა შეძლონ. ელჩი იმედს იტოვებს, რომ მხარეები შეძლებენ ფართო შეთანხმების მიღწევას:

„არსებული სიტუაციიდან საუკეთესო გამოსავალი საერთო შეთანხმების მიღწევაა. მე არ დავიწყებ სხვადასხვა ელემენტებზე სპეკულირებას, რადგან ფასილიკატორი ვარ და არა მოსამართლე. ჩემზე არ არის დამოკიდებული გადაწყვეტილებების მიღება. ნებისმიერ მოლაპარაკებებში აუცილებელია მხარეებმა შეთანხმების მისაღწევად თავიანთი პოზიცია მაქსიმალურად წარმოაჩინონ, რაც თავისთავად მეორე მხარესაც დაეხმარება.

მე არ შემიძლია წინასწარ იმაზე საუბარი თუ რა შედეგებით დასრულდება მოლაპარაკება, რადგან ყველა მხარემ ძალიან რთული გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს. იმედი მაქვს შევძლებთ ფართო შეთანხმების მიღწევას, თუმცა დარწმუნებული ვარ თუ იქნება ამის შესაძლებლობა ყველა მხარე მაქსიმალურად იმუშავებს, რათა კარგ შედეგებს მივაღწიოთ“, – აცხადებს ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი

ცნობილია, რომ ოპოზიცია ხელისუფლებისგან მოითხოვს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციის ცვლილებას, რიგგარეშე არჩევნებსა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.

ავტორი
ნინი შავლაძე

“მოვუწოდებ მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელთაც აღენიშნებათ სიმპტომები, თვითდინებით მივიდნენ ამბულატორიულ დაწესებულებებში და ჩაიტარონ ტესტი” – ამირან გამყრელიძე

მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს წევრების ბრიფინგზე, განცხადება გააკეთა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ, რომელმაც ისაუბრა გლობალური და ასევე ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების შესახებ:

გლობალურად სიტუაცია კორონავირუსულ ინფექციასთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით უკან არ იხევს, 67 ნახევარი მილიონი ადამიანია ინფიცირებული, ახალი შემთხვევა დღეს იყო 535 ათასი, გამოჯანმრთელების მაჩვენებელი გლობალურად მსოფლიოში არის 69%,  სამწუხაროდ დაღუპულია მილიონ 541 ათასი ადამიანი, რაც ნიშნავს, რომ სიკვდილიანობა 2,3%-ია. აღსანიშნავია, რომ არსებულ გლობალურ პროცესში პირველ ადგილზე არის ჩრდილო და სამხრეთ ამერიკის, შემდგომ კი ევროპის ქვეყნები.

საქართველოში დღეს გვაქვს 2501 ახალი შემთხვევა, არ უნდა ჩავთვალოთ ახალი შემთხვევების რიცხვი განახევრებულად, ეს გახლავთ ძირითადად განპირობებული იმით, რომ ტესტირების ჩატარების რაოდენობა შაბათ-კვირა მცირდება.

მიზნად გვაქვს, რომ 20 ათასამდე ტესტი ჩავატაროთ ყოველდღიურად, რომელიც იქნება  ძირითადად PCR  და ანტიგენზე დამყარებული, მიზანი გახლავთ ადრეულ ეტაპზე გამოვავლინოთ ინფიცირებულები და მათ მივცეთ რეკომენდაცია იზოლირების შესახებ, რომ თავიდან ავიცილოთ დაავადების შემდგომი გავრცელება.

ქვეყანაში დაახლოებით 200-ზე მეტ ლოკაციაზე, ხელმისაწვდომია ანტიგენზე დამყარებული ტესტის ჩატარება უფასოდ, ყველა სტაციონარიზირებული ავადმყოფისთვის. მოვუწოდებ მოსახლეობის იმ ნაწილს რომელთაც აღენიშნებათ სიმპტომები, თვითდინებით მივიდნენ ამბულატორიულ დაწესებულებებში და ჩაიტარონ ტესტი, რომლის პასუხი 15-20 წუთში ცნობილი იქნება.

მნიშვნელოვანია, რომ გამოჯანმრთელების მაჩვენებელი იზრდება, ქვეყანაში 83% გვაქვს ამ ეტაპზე, საერთო ჯამში კოვიდ19-ით ინფიცირებულია 137 499 ადამიანი, დღეს გარდაცვლილთა მაჩვენებელია 36.

მაქსიმალურად ვეცადოთ ინტენსიურად ვატაროთ პირბადე, ყველა შემზღუდავ ღონისძიებასთან ერთად, დიდი მნიშვნელობა აქვს ტესტირების გაფართოებას, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე ტარდებოდეს დღეში 20 ათასი ტესტი და თუ ამ რიცხვს მივაღწევთ, შემდეგ უკვე ახალი სამიზნე გვექნება, რომ უფრო მეტად გაფართოვდეს აღნიშნული ტესტირება, დეკემბერი- იანვრში ქვეყანაში მაქსიმალურად უნდა გავაფართოვოთ ხელმისაწვდომობა, როგორც PCR ასევე ანტიგენზე დამყარებული ტესტირების, რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს შემდგომში, არსებული შეზღუდვების შემსუბუქებისთვის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ავტორი
ემილი ფეიქრიშვილი

წინასაარჩევნო მონიტორინგმა გამოავლინა ეთერში უხამსობის შემცველი გადაცემების განთავსება – კომუნიკაციების კომისია

კომუნიკაციების კომისია აქვეყნებს წინასაარჩევნო მონიტორინგის შედეგებს და ყურადღებას ამახვილებს ტელეეთერში უხამს გამონათქვამებსა და სიძულვილის ენაზე:

ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც კომუნიკაციების კომისიის წინასაარჩევნო მონიტორინგმა გამოავლინა ეთერში უხამსობის შემცველი გადაცემების განთავსებაა, რომელიც ლახავს ადამიანის ძირითად უფლებებს.

მონიტორინგმა აჩვენა, რომ „მთავარი არხის“ ეთერში გადაცემის წამყვანებისა და ჟურნალისტების მხრიდან ხშირად ისმოდა უხამსი გამონათქვამები, ამავე არხზე 27 სექტემბრის გადაცემაში დაფიქსირდა გინების შემთხვევაც. უხამსობის შემცველი გადაცემები ამავე არხზე ოქტომბერშიც გაგრძელდა.

სიძულვილის ენის შემცველი გამონათქვამები საანგარიშო პერიოდში შეიმჩნეოდა ასევე ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ეთერში. ოქტომბრის თვეში სიძულვილის ენა ისმოდა ტელეკომპანია „იმედიდანაც“, აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ არხზე სიძულვილის ენას რესპონდენტები იყენებდნენ, თუმცა, წამყვანებს ეთერში ამაზე რეაგირება არ მოუხდენიათ.

კომისია მოუწოდებს ყველა მაუწყებელს, არ განათავსონ ეთერში უხამსობის შემცველი პროგრამები, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომუნიკაციების კომისია იმოქმედებს კანონმდებლობით მასზე დაკისრებული უფლებამოსილების ფარგლებში და ამ გზით დაიცავს საზოგადოებას ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი სამაუწყებლო პროგრამებით გამოწვეული ზიანისაგან,” – წერია კომუნიკაციების კომისიის განცხადებაში.

გინდა რიგგარეშე იყოს, გინდა პლებისციტი, გინდ მარსზე გაფრენა, ცესკო-ს სრული რეფორმის გარეშე საკითხი არ განიხილება, პოლიტპატიმრების გარეშეც არ განიხილება – გიგი უგულავა

“ევროპული საქართველოს” გენერალური მდივანი, გიგი უგულავა, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაგეგმილი მოლაპარაკებების მე-3 რაუნდის წინ, “ლელოს” ოფისში ოპოზიციურ პარტიების ლიდერების შეხვედრასთან დაკავშირებით საუბრობს ჟურნალისტებთან და ოპოზიციის მხრიდან დაყენებული ძირითად მოთხოვნები გაახმოვანა:

ეს არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ეს არის ცესკო-ს სრული რეფორმა, ხაზს ვუსვამ, ეს არის ერთიანი პაკეტი, ცალ-ცალკე არ განიხილება და ეს არის რიგგარეშე არჩევნები. ცესკო-ს სრული რეფორმის გარეშე, გინდა რიგგარეშე იყოს, გინდა პლებისციტი, გინდ მარსზე გაფრენა, არ განიხილება, პოლიტპატიმრების გარეშე არ განიხილება.

რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნებს, იგი რჩება და არის ჩვენი უპირობო მოთხოვნა, პლებისციტი მხოლოდ და მხოლოდ შეიძლება იყოს რიგგარეშე არჩევნებამდე მისვლის გზა,” – განაცხადა გიგი უგულავამ.

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე შეშფოთებას გამოთქვამენ ეუთოს-ს ყოფილი, მოქმედი და მომდევნო 3 წლის თავმჯდომარე ქვეყნები

ეუთოს-ს ყოფილი, მოქმედი და მომდევნო 3 წლის თავმჯდომარე ქვეყნები ერთობლივ დოკუმენტში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე შეშფოთებას გამოთქვამენ.

ეუთო-ს 27-ე მინისტერიალის ფარგლებში მიღებული იქნა ე.წ. ხუთეულის განცხადება (ყოფილი, მოქმედი და მომდევნო 3 წლის თავმჯდომარე ქვეყნები – სლოვაკეთი, ალბანეთი, ჩვედეთი, პოლონეთი ჩრდილოეთ მაკედონია), როგორც მინისტერიალის ერთგვარი დასკვნითი დოკუმენტი, სადაც პირველად მრავალი წლის შემდგომ, საუბარია საქართველოში არსებულ კონფლიქტზე, გამოხატულია მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ხაზგასმულია საქართველოს რეგიონებში – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების სფეროში გაუარესებული მდგომარეობა და გამოხატულია მხარდაჭერა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმართ. ორგანიზაციის ყოფილი, მოქმედი და მომავალი თავმჯდომარეები გამოთქვამენ მზადყოფნას განაგრძონ ამ ფორმატში ეუთო-ს წამყვანი როლის შესრულება, ევროკავშირთან და გაეროსთან ერთად.

ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვხატავთ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ხაზს ვუსვამთ ჩვენს შეშფოთებას საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუარესების გამო. გამოვხატავთ ურყევ მხარდაჭერას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისადმი (GID), ამ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ხელშეწყობის მიზნით. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები რჩება უმთავრეს საერთაშორისო პლატფორმად ამ კუთხით და ეუთო მზად არის განაგრძოს ამ ფორმატის ხელმძღვანელობა, ევროკავშირთან და გაეროსთან ერთად”, – ნათქვამია განცხადებაში.

“პარლამენტში არშესვლა ნამდვილად არის ის ნაბიჯი, რომელიც დაანგრევს ივანიშვილის რეჟიმს” – ნინო ჯანგირაშვილი

ჟურნალისტი, ტელეკომპანია “კავკასიის” გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი ოპოზიციურ პარტიებს მიმართავს და პარლამენტში არშესვლისკენ მოუწოდებს. მისი აზრით პარლამენტში ოპოზიციის შესვლით ლეგიტიმაცია გაუკეთდება გაყალბებულ არჩევნებს:

ძვირფასო ოპოზიციონერებო: პარლამენტში არშესვლა ნამდვილად არის ის ნაბიჯი, რომელიც დაანგრევს ივანიშვილის რეჟიმს. აბა თუ მიხვდებით, რატომ იკლავს თავს ქოცნება რომ შეგიყვანოთ? დიახ, სწორედ იმიტომ, რომ ლეგიტიმაცია გაუკეთოს გაყალბებულ არჩევნებს და კიდევ რამდენიმე წლით დაიკანონოს ივანიშვილმა უკიდეგანო ძალაუფლება, რომლითაც ანგრევს სახელმწიფოს. ეს ძალიან მარტივი და ცხადია.

ამიტომაც, თუ რომელიმე გადაწყვეტთ თავი დაადოთ და შეხვიდეთ, თუ შეიძლება ნუ დაიწყებთ პოლიტ–ფილოსოფიურ წიაღსვლებს და ახსნას, როგორი აუცილებელი იყო თქვენი პარლამენტში შესვლა ქვეყნისთვის. უბრალოდ თქვით, რომ ფული გჭირდებათ, დასაქმება გჭირდებათ, აბა რა გექნათ, ამხელა ფულზე უარი როგორ უნდა გეთქვათ და ა.შ. ვიღაცამ იქნებ ადამიანურად გაგიგოთ და შეეცოდოთ(მე არ ვიქნები ეს ვიღაც) ოღონდ თქვენი პირიდან პოლიტიკაზე ლაპარაკი აღარ გავიგო, ეყარეთ იმ სკამებზე ჩუმად, სანამ ხალხი ქოცებთან ერთად გამოგიტანთ იქიდან,” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნინო ჯანგირაშვილი.

“განმეორებითი არჩევნები და მასთან დაკავშირებული რაიმე საკითხი ჩვენი მხრიდან არ განიხილება” – არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაგეგმილი დიალოგის მე-3 რაუნდის წინ თავის კონკრეტულ პოზიციას აფიქსირებს განმეორებით არჩევნებთან დაკავშირებით და აცხადებს რომ ეს თემა არ განიხილება, სხვა საკითხებთან მიმართებაში შესაძლებელია შეთანხმება:

განმეორებითი არჩევნები და მასთან დაკავშირებული რაიმე საკითხი ჩვენი მხრიდან არ განიხილება და სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციების გაჩერებას არ ვაპირებთ.

პანდემიის მიუხედავად, ორ მილიონამდე ჩვენმა თანამოქალაქემ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა და უფლება არ გვაქვს, ეჭვქვეშ დავაყენოთ მათი არჩევანი. სხვა საკითხებზე, კონსტიტუციის ფარგლებში, გვაქვს დიალოგი ოპოზიციასთან და შეთანხმება შესაძლებელია, თუმცა ბოლო ეტაპი მოითხოვს მეტ ნებისყოფას და ოპოზიციისგანაც სწორი გადაწყვეტილებების მიღებას, დესტრუქციული ელემენტებისგან თავისუფალ გარემოში.

გვსურს, ელჩებს კიდევ ერთხელ, გადავუხადოთ მადლობა დიალოგის მხარდაჭერისთვის,” – წერს არჩილ თალაკვაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.