შაბათი, ივლისი 26, 2025
29.8 C
Tbilisi
Home Blog Page 1628

ვფიქრობ, დღეს ძალიან დაამძიმა ფონი ბატონი კობახიძის განცხადებამ, იმ საკითხთან დაკავშირებით, რაზეც ხანგრძლივი მსჯელობა გვქონდა – გიორგი ვაშაძე

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მორიგ მე-5 რაუნდის წინ კონკრეტულ შეფასებებს აკეთებს “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე და კრიტიკულ პოზიციას აფიქსირებს ირაკლი კობახიძის კონკრეტულ განცხადებებთან დაკავშირებით:

მოლაპარაკებების მე-5 რაუნდთან დაკავშირებით ველოდებით დიპლომატებისგან შეხმიანებას, როდის გაიმართება. ვფიქრობ, დღეს ძალიან დაამძიმა ფონი ბატონი კობახიძის განცხადებამ, იმ საკითხთან დაკავშირებით, რაზეც ხანგრძლივი მსჯელობა გვქონდა. იყო მის განცხადებაში რაღაც შემოთავაზებები გადათვლებთან და სხვადასხვა პროცედურასთან დაკავშირებით, კერძოდ ის, რომ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა მოხდება, თუკი საგამოძიებო კომისია ერთ პროცენტიან ცდომილებას მაინც დააფიქსირებდა “ქართული ოცნების” სასარგებლოდ. ამაზე საერთოდ რომ გვემსჯელა, იმდენი სხვა საკითხი იყო მის განცხადებაში წამოწეული, რომ ვერ მივედით შემოთავაზებამდე. ამასთან, ყველაფერი გადაიფარა ნეგატიური კომპონენტებით.

ჩვენს პარტიას ხვალ გვექნება პოლიტიკური საბჭოს სხდომა, სადაც საბოლოო გადაწყვეტილებებს მივიღებთ და გაგაცნობთ, როგორ და რანაირად მივიღებთ ამ პროცესში მონაწილეობას. სავარაუდოდ, იმ პროცესს შევუერთდებით, რაც არის, თუმცა, თუ განსხვავებული პოზიცია გვექნება, ამასაც გაცნობებთ აუცილებლად,” – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ინფორმაციისთვის: საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს დააინიციროს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა.

“სახელმწიფო დაფინანსებას და სხვა შესაბამის პრივილეგიებს ვერ მიიღებენ პარტიები, რომლებიც პარლამენტში არ იქნებიან წარმოდგენილი” – ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცმების” ოფისში გამართულ ბრიფინგზე, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ გააჟღერა კონკრეტული შეთავაზებები ოპოზიციისადმი. პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ბრიფინგზე, ასევე, დაანონსა ის საკანონმდებლო ცვლილებები, რასაც საპარლამენტო უმრავლესობა დააინიცირებს პარლამენტში პირველივე შეკრებისას:

მოლაპარაკებების დაწყებისთანავე, ჩვენ ოპოზიციურ პარტიებს შევთავაზეთ –
• პირველი, 1500-მდე საარჩევნო უბნის შედეგების გადათვლა, რათა დარწმუნებულიყვნენ იმაში, რომ საარჩევნო უბნებზე არავითარი სისტემური ხარვეზები არ არსებობდა;
• მეორე, საარჩევნო უბნებში დამონტაჟებული 3700-ზე მეტი ვიდეოკამერის ჩანაწერის გამოყენება, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ ე.წ. საარჩევნო კარუსელს ადგილი არ ჰქონია;
• მესამე, სატელევიზიო დებატები, რათა საზოგადოებისთვის გვეჩვენებინა სიმართლე არჩევნებთან დაკავშირებით – სამწუხაროდ, სამივე ამ შეთავაზებაზე მივიღეთ კატეგორიული უარი მათი მხრიდან.

აღსანიშნავია, რომ ჩვენი შეთავაზების მიმართ დადებითი დამოკიდებულება გამოხატეს ცალკეული პარტიების წარმომადგენლებმა, რომლებსაც წელს ჰქონდათ საარჩევნო დებიუტი, არ ჰყავდათ წარმომადგენლები საარჩევნო კომისიებში, რის გამოც მათი გულწრფელი ეჭვები არჩევნების კორექტულობასთან დაკავშირებით და გადამოწმების ინტერესი სავსებით ლეგიტიმურად უნდა შეფასდეს.

ყველა ზემოაღნიშნული ფაქტორის გათვალისწინებით, ჩვენს პარტიაში დღეს შედგა თათბირი პარტიის ლიდერების მონაწილეობით და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საპარლამენტო უმრავლესობა საპარლამენტო მანდატებს მათივე განცხადების საფუძველზე შეუწყვეტს ყველა იმ დეპუტატს, რომელიც არ ან ვერ შეეწინააღმდეგება ოპოზიციის რადიკალი ლიდერების ამბოხის სცენარს და პარლამენტს წარუდგენს შესაბამის განცხადებას. გარდა ამისა, სახელმწიფო დაფინანსებას და სხვა შესაბამის პრივილეგიებს ვერ მიიღებენ პარტიები, რომლებიც პარლამენტში არ იქნებიან წარმოდგენილი.

ამასთან, პირველი შეკრებისთანავე, საპარლამენტო უმრავლესობა დააინიცირებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას. კომისიის მუშაობაში ჩასართავად მოვიწვევთ ყველა დაინტერესებულ სუბიექტს, მათ შორის დამოუკიდებელ ექსპერტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და საერთაშორისო პარტნიორებს. ბუნებრივია საპარლამენტო პარტიები თავისთავად იქნებიან ჩართულნი ამ კომისიის მუშაობაში. კომისია უზრუნველყოფს არჩევნების სრულფასოვან შეფასებას სხვადასხვა ინსტრუმენტის, მათ შორის უბნების მასშტაბური გადათვლის გამოყენებით.

თუ დაფიქსირდება თუნდაც ერთპროცენტიანი, ხაზს ვუსვამთ, ერთპროცენტიანი გადახრაც კი „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ (დარწმუნებული ვართ, რომ გადახრა 0,1 პროცენტიც კი არ იქნება), „ქართული ოცნება“ გამოაცხადებს რიგგარეშე არჩევნებს. გარდა ამისა, როგორც „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ასეთ შემთხვევაში დავტოვებ ყველა პოლიტიკურ თანამდებობას და სრულად ჩამოვშორდები პოლიტიკურ საქმიანობას,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

“დაცვის მხარე ემზადება საერთაშორისო ექსპერტიზის დასანიშნად” – გიორგი მახარაძე

კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გამოძიებაში 3 ახალი ჩვენება დაემატა. ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის – გელა ბეჟუაშვილის, ბეჟან მაისურაძის და კონტრდაზვერვის თანამშრომლის ჩვენებების ბრალდებულისთვის გასაცნობად, ნატალია ილიჩოვას ადვოკატი, გიორგი მახარაძე იმყოფებოდა რუსთავის ქალთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ადვოკატმა ჟურნალისტებთან საქმის ახალ დეტალებზე გააკეთა კომენტარი:

„ახლა რისი თქმაც შეგვიძლია, არის შემდეგი რამ, რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტი რაღაც კითხვით თუ მიმართავს საგარეო საქმეთა სამინისტროს და იქიდან პასუხი არ აქვს, ან კონტრდაზვერვის დეპარტამენტი ჩადის გულგრილობასა და დანაშაულს ან საგარეო საქმეთა სამინისტრო ან ორივე ერთად. მესამე ვერსიაც არის, რომ არსებობს დოკუმენტები, რომლის გაცვლა-გამოცვლაც მოხდა, თუმცა ამას არ ასაჯაროვებენ. ეს სამი სცენარია და ყველაზე რეალური, რომ არსებობდეს, მესამე, ბოლო სცენარი მგონია. ნამდვილად იყო ურთიერთობა კონტრდაზვერვის დეპარტამენტსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის, რომელზეც უბრალოდ არ საუბრობენ.

ჩვენებაში კონტრდაზვერვის დირექტორი ამბობს, რომ ჩვენ მივმართეთ საგარეო საქმეთა სამინისტროს, მაგრამ იქიდან პასუხი არ ყოფილა და მორჩა ეს ამბავიო“, – განმარტავს ნატალია ილიჩოვას ადვოკატი, გიორგი მახარაძე

ადვოკატმა ასევე დაასახელა საქმის ახალი მონაწილეები, რომლებიც მისი თქმით გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი მოწმეები შეიძლება იყოს:

დაცვის მხარე ემზადება საერთაშორისო ექსპერტიზის დასანიშნად და ამ მიმართულებით გვაქვს მოლაპარაკებები რამდენიმე საერთაშორისო კომპანიასთან.

სიურპრიზი არ არის ის ამბავი, რომ ირაკლი ღარიბაშვილი აქამდე არ არის დაკითხული. ჩვენი აზრით, ის არის ძალიან მნიშვნელოვანი მოწმე საქმისთვის. ზოგადად მისი განცხადებითა და მიმართვით დაიწყო საქმის გამოძიება და უცნაურია რომ აქამდე არ გამოუკითხავთ.

მამა კირიონის პირველი კონტაქტი, ამ საკითხთან დაკავშირებით იყო ბატონ ირაკლი ალასანიასთან. ჩვენი აზრით, საინტერესო იქნება მისი ჩვენებაც. ალბათ, ჩვენც მივმართავთ ბატონ ირაკლის გამოკითხვის თხოვნით.

ზოგადად, როდესაც საქმეში არის ბევრი მოწმე, ყველა უნდა გამოიკითხოს“, – აღნიშნავს გიორგი მახარაძემ.

ავტორი
ნინი შავლაძე

პოლიტიკური ძალა, რომელიც ნატოში გაწევრიანების შანსს წაართმევს დღეს ქვეყანას, მოუწევს თავი დაანებოს პროდასავლურობით კეკლუცობას მომავალში – რომან კაკულია

საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის უმრავლესობის წევრი, რომან კაკულია მიმართავს იმ პოლიტიკურ სუბიექტებს, რომლებიც მომავალი პარლამენტის შემადგენლობასთან დაკავშირებით მოსაზრებებს გამოთქვამენ და აცხადებს, რომ ყველა უნდა დაფიქრდეს იმაზე, თუ რით არის განპირობებული საერთაშორისო პარტნიორების და განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული შტატების ასეთი მაღალი ინტერესი პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევასთან დაკავშირებით:

რეგიონის უახლოესი გამოწვევები იძლევა საშუალებას რეალური ნაბიჯები გადაიდგას, როგორც ნატოში გაწევრიანების, ასევე სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების კუთხით და თანაც ეს ნაბიჯები გადაიდგას სწორედ ქვეყნის რეალური უსაფრთხოების გამოწვევების გათვალისწინებით. ამ ნაბიჯების გადადგმა ერთპარტიული პარლამენტის ფონზე ძნელი ასახსნელი იქნება საერთაშორისო საზოგადოებისათვის. ამიტომ ნებისმიერი პოლიტიკური ძალა, რომელიც ამ შანსს წაართმევს დღეს ქვეყანას, მოუწევს თავი დაანებოს პროდასავლურობით კეკლუცობას მომავალში, იმიტომ რომ ასეთი შანსი ქვეყანას შეიძლება მომავალში აღარ ჰქონდეს.

ამიტომ  ვთხოვ ყველას ასეთი კუთხითაც შეხედოს მომავალი პარლამენტის შემადგენლობასთან დაკავშირებულ საკითხებს. რადგან, რეალურად რომც წარმოვიდგინოთ,  ახალი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა, რასაც პრაქტიკულად გამოვრიცხავ, მგონია, რომ არავითარ შემთხვევაში არ დადგება ის შედეგი, რისი პრეტენზიაც აქვს ოპოზიციას, იმიტომ, რომ ყველამ კარგად დაინახა როგორი იქნებოდა კოალიციური მთავრობა ამ შემადგენლობით და არა მგონია, ასეთი არჩევანი გააკეთოს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ.

პარლამენტში ერთი-ორი ადამიანით მეტის  წარმოდგენის შესაძლებლობა და ის დიდი შესაძლებლობა, რაც ქვეყანას აქვს, ერთმანეთისადმი არავითარ შემთხვევაში თანაწონადი მოცემულობა არ არის, ამიტომ ყველას ვთხოვ, რომ ეს გაითვალისწინოს“, – აცხადებს რომან კაკულია.

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უფასო სასადილოებით სარგებლობის მომლოდინე ადამიანების რაოდენობა გავანულოთ – კახა კალაძე

მთავრობის მუნიციპალიტეტის სხდომაზე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, განცხადება გააკეთა უფასო სასადილოების პროგრამასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ 3500 ადამიანი მოლოდინის რეჟიმშია, რათა ჩაჯდეს ამ პროგრამაში. მერიის გადაწყვეტილებით მომლოდნე ადამიანების რაოდენობა განულდება და მათაც მიეცემათ ამ პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა, ყოველი მათგანი მიიღებს აღნიშნული სერვისით სარგებლობის უფლებას:

ჩვენ გვაქვს უფასო სასადილოების პროგრამა, რის საშუალებითაც ვეხმარებით იმ ადამიანებს და ოჯახებს, რომლებსაც ძალიან უჭირთ და მძიმე სოციალურ მდგომარეობაში იმყოფებიან. ამ პროგრამას ჰყავს მომლოდინე ადამიანები. ამ ეტაპზე, საკვებით 40 ათასამდე ბენეფიციარს ვაკმაყოფილებთ, ხოლო დაახლოებით, 3500 ადამიანი არის მოლოდინის რეჟიმში, რომ უფასო სასადილოებით ისარგებლონ. მივიღეთ გადაწყეტილება, რომ მომლოდინე ადამიანების რაოდენობა გავანულოთ და ყველა მათგანი ჩავრთოთ უფასო სასადილოების პროგრამაში.

ვფიქრობთ, არსებულ რთულ ვითარებაში, ჩვენი მხარდაჭერა და თანადგომა თითოეული ამ ადამიანისთვის განსაკუთრებულად პრიორიტეტულია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ავტორი
ემილი ფეიქრიშვილი

“ჩვენი დასავლელი პარტნიორების ამოცანაა არ დაუშვან საქართველოს თურქმენიზაცია” – გიორგი რუხაძე

ექსპერტი საერთაშორისო ურთიერთობებსა და ევროპულ პოლიტიკაში, გიორგი რუხაძე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართულ მოლაპარაკებებში სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების ელჩების ჩართულობისა და მათი პოზიციების შეფასებას ახდენს:

მგონი ბევრს არ ესმის რა განაპირობებს ელჩების მოტივიას უბიძგონ ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ და ამიტომაც მიაჩნიათ ზოგიერთებს, რომ თითქოს ისინი ივანიშვილს ემხრობიან.

ჩვენი დასავლელი პარტნიორების ამოცანაა არ დაუშვან საქართველოს თურქმენიზაცია ანუ ერთპარტიული პარლამენტი (მიუხედსავად იმისა ვისი ბრალია ეს). ამიტომ, სანამ იარსებებს მექანიზმები, რომ ეს პარლამენტი მრავალპარტიულად შედგეს, ელჩების ტაქტიკა ანალოგიური იქნება. თუმცა, თუ ეს პარლამენტი საბოლოოდ გაფორმდება ერთპარტიულად და ოპოზიცია საბოლოოდ უარს იტყვის მანდატებზე, ეს აუცილებლად გამოიწევეს ელჩების პოზიციის ცვლილებას. მათი წნეხი კი გადაინაცვლებს ხელისუფლებზე, რომ დანიშნონ რიგგარეშე არჩევნები, რადგან სწორედ რიგგარეშე არჩევნები გახდება ამოცანის (მრავალპარტიული პარლამენტი) მიღწევის ერთადერთი საშუალება“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე გიორგი რუხაძე.

“ოპოზიციამ და ხელისუფლებამ, ჩანს, მაინც მოილაპარაკეს და შეთანხმდნენ ერთ რამეზე, რაზეც ბევრი ვიცინე” – არჩილ გამზადია

საზოგადოებრივი კომუნიკაციების კვლევისა და განვითარების ცენტრის დირექტორი, ჟურნალისტი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართულ მოლაპარაკების პროცესს ეხმიანება და თავის 5-პუნქტიან ვარაუდ/მოსაზრებას აფიქსირებს:

ოპოზიციამ და ხელისუფლებამ, ჩანს, მაინც მოილაპარაკეს და შეთანხმდნენ ერთ რამეზე, რაზეც ბევრი ვიცინე, მაგრამ ყველაზე რეალისტურია:

1. ოპოზიცია ოფიციალურად არ შევა პარლამენტში;
2. მმართველი პარტია არ მისცემს სამართლებრივ შესაძლებლობას ოპოზიციის გარეშე აღმოჩნდეს საპარლამენტო სოვრცე;
3. ოპოზიცია ფორმალურად არ დაესწრება პირველ სხდომას, შეიძლება რაღაც ხანი არც შევიდეს, თუმცა, ისინი სამართლებრივად მაინც დარჩებიან პარლამენტის წევრებად;
4. საბოლოო ჯამში აღმოჩნდება, რომ პარლამენტს გარეთ ყოფნას აზრი არ აქვს და მერე “ენერგიულად” და “თემატურად” შევლენ პარლამენტში;
5. ყველაფერი დადგება “თავის” ადგილზე, ოპოზიციას სირცხვილს ხელისუფლება “მოწმენდს”.

ყველა დარჩება კმაყოფილი – ოპოზიციაც, ხელისუფლებაც, ელჩებიც,
ხალხი დავრჩებით გაღიმებული, როგორც ყოველთვის.

ერთი რუსული გამოთქმაა Не можешь срать — не мучай жопу !
ჰოდა, ეგაა,” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე არჩილ გამზარდია.

“არის შემთხვევები პურის ფულით წიგნი გვეყიდოს…” – წერილი გიორგი კეკელიძეს

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი და მწერალი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში, ანონიმურობის დაცვით, ერთ-ერთი მკითხველის მიერ მისთვის გაგზავნილ წერილს აქვეყნებს, რომელშიც მწერალს წიგნების ჩუქებას სთხოვს, რათა მის მეუღლეს ახალ წელს სიურპრიზი გაუკეთოს.

‘‘სულისშემძვრელი წერილები კი მრავლად არის, მაგრამ დღეს ასეთიც მივიღე:

,,საღამო მშვიდობისა ბატონო გიორგი… გაწუხებთ ბოდიშის მოხდით…

მაინტერესებს, წიგნებს მხოლოდ სტიპენდიატებს ჩუქნით თუ სხვა ადამიანებსაც აქვს შანსი?

ჩემი მეუღლე არის ძალიან კარგი მკითხველი, ასევე წერს ლექსებს, ჩანახატებს…

თუმცა ამას პიარისთვის არ გწერთ…

უბრალოდ წიგნებს ვერ ვყიდულობთ, ქირით ვცხოვრობთ, ჩვენს 4 წლის გოგონასთან ერთად…

არის შემთხვევები პურის ფულით წიგნი გვეყიდოს, მაგრამ თუკი შანსი არსებობს, ახალი წელი მოდის და მინდა გავახარო ჩემი მეუღლე… არანაირ თანხას არ ვითხოვ…

თუ შესაძლებელია წიგნებს ვიჩუქებდით სიამოვნებით ნებისმიერს. მადლობა.

თქვენი მკითხველი.”

ჰოდა, განა რამე, ამ ოჯახის ბიბლიოთეკას ჩვენც გავწვდებით, უბრალოდ მინდოდა კიდევ ერთხელ შეგემჩნიათ, რომ საქართველო ასეთი ხალხიცაა, ასეთი უცნაურად მორიდებული ადამიანები. ისინი ვერასდროს მოხვდებიან რაღაც შოუ-გადაცემებში – მანერული მანჭვა არ არის მათი საქმე. და არც უნდა იყოს. რადგან ქვეყანა ასეთ ადამიანებზე იდგა. აქამდეც და ხვალაც იდგება’’ – წერს გიორგი კეკელიძე ფეისბუქ პირად გვერდზე.

ავტორი
ანა რობაქიძე

ამ სეზონზე პირველად გამოჩნდა გრიპის ვირუსი კორონავირუსის ინფექციასთან ერთად – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, B ტიპის გრიპმა უკვე დაიწყო ცირკულაცია. მისი თქმით, დისტანციასა და სანიტარულ წესებს დაცვის შემთხვევაში, გრიპის სეზონი წინა წლებთან შედარებით, ოდნავ მსუბუქი იქნება:

ჩვენ ვაწარმოებთ ყოველკვირეულ მონიტორინგს და კვირაში ერთხელ ვაახლებთ გრიპის ვირუსის და რესპირაციული ვირუსების ცირკულაციას ქვეყანაში და პირველად ორშაბათს გამოჩნდა, რომ B ტიპის გრიპის ვირუსმა დაიწყო ცირკულაცია. ამ სეზონზე პირველად გამოჩნდა გრიპის ვირუსი კორონავირუსის ინფექციასთან ერთად და ჩვენ არ ვიცით რამდენად აქტიური იქნება ის წელს. თუ ავიღებთ სამხრეთ ნახევარსფეროს გამოცდილებას, ზაფხულის გრიპი ნაკლებად აქტიური იყო და ამაზე ბევრი ვერსია არსებობს, მათ შორის ისიც, რომ მოსახლეობა მიეჩვია პრევენციულ ღონისძიებების დაცვას, ვთქვათ პირბადის ტარებას, უფრო მეტი ადამიანი აიცრა გრიპის ვაქცინით, იცავენ დისტანციასა და სანიტარულ წესებს. ამიტომაც შეიძლება რომ გრიპის სეზონი ოდნავ მსუბუქი იყოს, თუმცა რა თქმა უნდა, ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს.

რესპირაციული ვირუსების სეზონი უფრო აქტიურ ფაზაში შედის, ამიტომ იმ ყველა პრევენციული ზომების დაცვა, რაზეც ყოველთვის ვსაუბრობთ უნდა გახდეს სრულიად მანდატორული და ყველამ გავითავისოთ, რადგან დეკემბერში, იანვარსა და თებერვალში პირბადის ტარება აუცილებელია, ის დაგიცავთ გრიპისგან და Covid ინფექციისგან.

ამასთან ერთთად, პირველ რიგში გთხოვთ, ვისარგებლოთ იმ შესაძლებლობით გრიპთან მიმართებაში, რაც გვაქვს და ეს არის 2 მიმართულება:

  • გრიპთან მიმართებაში – რადგან სახელმწიფოს ვაქცინა საკმარისია და რისკჯგუფები, მათ შორის ორსული ქალბატონები, აუცილებლად  უნდა აიცრან;
  • სერიოზულად ფართოვდება ტესტირების მასშტაბი, ამიტომ ვთხოვ ყველა სიმპტომიან ადამიანს, რომელთა სიებიც გამოქვეყნებულია ჩვენს ვებ-გვერდსა და ფეისბუქის გვერდზე, მივიდნენ კლინიკებში. მიბრძანდით და ჩაიტარეთ ანტიგენის ტესტი, ის პასუხს დაახლოებით 15 წუთში მოგცემთ.

რაც შეეხება კორონავირუსის ვაქცინას, მოგეხსენებათ, რომ არსებობს ე.წ. COVAX პლატფორმა, რომელშიც ჩვენ ვართ გაერთიანებული. ეს პლატფორმა შეისყიდის 4-5 ვაქცინას და ჩვენ ისეთი კონტრაქტით ვთანამშრომლობთ, რომ შეგვიძლია ავარჩიოთ სასურველი ვაქცინა. შემოტანის დრო უნდა იყოს მარტი ან აპრილი“, – განაცხადა ამირან გაყრელიძემ.

ავტორი
ნუცა ჯოხაძე

ახლა მიმდინარეობს ოპოზიციის ოცნებიზაცია – ჯერ იმათ მოგვპარეს ხელისუფლება და ახლა ზუსტად იგივეს აკეთებთ თქვენ – გვპარავთ სიმართლეს და მასთან ერთად ხელისუფლებას – ნიკა გვარამია

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი გაიმართა, თუმცა უცნობია რა გადაწყვეტილებები მიიღეს პოლიტიკოსებმა და რა არის მათი შეთანხმება. რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ორივე მხრიდან გაკეთდა კომენტარები, მაგრამ დეტალებზე არცერთ მათგანს უსაუბრია. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე პოსტს აქვეყნებს „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია და მიმართავს ოპოზიციას, რომ გაასაჯაროვონ მოლაპარაკებების პროცესი:

„ღიად და პირდაპირ მივმართავ ოპოზიციას:

რას ნიშნავს დაუსრულებელი არგასაჯაროება და დამალვა, რაზე მიდის მოლაპარაკებები?

რატომ გვამკითხავებთ, ვინ შედის, ვინ არა, ვინ რაზე თანახმაა, ვინ რისი წინააღმდეგია?

თუ თქვენ ვერ ხვდებით, მე გეტყვით: ახლა მიმდინარეობს  ოპოზიციის ოცნებიზაცია – ჯერ იმათმა მოგვპარეს ხელისუფლება და ახლა ზუსტად იგივეს აკეთებთ თქვენ – გვპარავთ სიმართლეს და მასთან ერთად ხელისუფლებას, ხალხისგან ფარულად თანხმდებით ჯერ ერთმანეთთან და მერე – “ქართულ ოცნებასთან”.

გახსოვდეთ, ხელისუფლება წაგვართვეს ჩვენ – ხალხს, და არა თქვენ – ოპოზიციურ პარტიებს. თქვენ წარმოადგენთ ხალხს და არა საკუთარ თავს და საკუთარ ინტერესებს. კეთილი ინებეთ და ჩვენც გაგვაგებინეთ რაზე მიდის შეთანხმება/მოლაპარაკებები.

მთავარი არხის სახელით მოვითხოვ (იმედია, სხვა მედია საშუალებებიც შემოგვიერთდებიან),

გასაჯაროვდეს, რაზე მიდის მოლაპარაკებები და რატომ დაემსგავსა ეს ყველაფერი ვაჭრობას;

დაიშვას მედია ოპოზიციის საერთო შეკრებებზე და მოხდეს პირდაპირი ტრანსლირება, რათა გაირკვეს, ვინ შედის, ვინ რაზეა თანახმა, ვინ უგორებს კოჭს ივანიშვილს და ვინ იცავს ხალხის პოზიციას“, – წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

ავტორი
ნინი შავლაძე