კვირა, ივლისი 27, 2025
22.8 C
Tbilisi
Home Blog Page 1627

“ამ ორმოც დღეში საბოლოოდ დაიმსხვრა ნაცსექტა-ბოკერვილების მედასავლეთეობის მითი” – ბონდო მძინარაშვილი

“ნაციონალურ მოძრაობასთან” მიმართებაში მწვავე პოზიციებით გამორჩეული ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი იგივე პათოსით აგრძელებს, ამჟამად კიდევ ერთი პარტიის “ევროპული საქართველოც” მიამატა მათ და რუსეთის სასარგებლო იდიოტებს და გავლენის აგენტებს უწოდებს:

ნეცსექტის ორმოცი

თემა იმდენად ვრცელია, რომ ფართო განხილვას მოითხოვს, მაგრამ, მოგეხსენებათ, ფეისბუქი “გრძელი სიტყვისთვის” არ არის და მეც “მოკლედ თქმა” ვამჯობინე.

ამ ორმოც დღეში საბოლოოდ დაიმსხვრა ნაცსექტა-ბოკერვილების მედასავლეთეობის მითი. ამ რუსეთის სასარგებლო იდიოტებს და გავლენის აგენტებს, წლების განმავლობაში ხალხს რომ აბრუებდნენ, ისევ ამერიკელმა და ევროპელმა ელჩებმა შემოახიეს მანტიები!

დიახ, ამ მანტიებს, გარედან დასავლური წარმოებისა რომ ჩანდა, შიგნით კრემლის გუმბათიდან ჩამოხსნილი წითელი ატლასი ჰქონდა გამოკრული და სწორედ ეს ატლასი სწვავდათ.
ეს ჰომო-ამორალესები!” – წერს ბონდო მძინარაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

კინაღამ ქვეყანა ააყირავეთ ამ “შეცდომით”! – თეა წულუკიანი

11 დეკემბერს, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED), 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგების, პარალელური დათვლის დაზუსტებული ინფორმაცია გამოაქვეყნა, სადაც ადრე, 1 ნოემბერს, გამოქვეყნებულ მონაცემებთან შედარებით გარკვეულ ცდომილებაზეა საუბარი:

“შიდა აუდიტის შედეგებმა დაადასტურა PVT მეთოდოლოგიის სიზუსტე და დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის სანდოობა. თუმცა, გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში. კერძოდ, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დათვლილ იქნა ბათილი ბიულეტენებიც, რისი გასწორების შედეგადაც საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა. აღნიშნული სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე”, – ნათქვამია „სამართლიანი არჩევნების“ განცხადებაში.

განახლებული შედეგების მიხედვით, ISFED-ის მიერ 11 დეკემბერსა და 1 ნოემბერს გამოქვეყნებული მონაცემების პროცენტული ცვლილების შედარება შემდეგნაირად გამოიყურება:

ქართული ოცნება – 47,6%, ნაცვლად 45.8%

ნაციონალური მოძრაობა – 27,4% – 26.4%

ევროპული საქართველო – 3,8% – 3.7%

პატრიოტთა ალიანსი – 3,2% – 3.1%

ლელო – 3,2% – 3.1%

სტრატეგია აღმაშენებელი – 3,1% – 3%

გირჩი – 3% – 2.8%

მოქალაქეები -1.3% – 1,3%

ლეიბორისტული პარტია – 1% – 1%

ერთიანი საქართველო – 0.9%- 0,9%

ISFED-ის მიერ განახლებული მონაცემების გამოქვეყნებას საზოგადოების ნაწილის, განსაკუთრებით კი პოლიტიკოსების მხრიდან არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელი, ელენე ნიჟარაძე განმარტებებს აკეთებს ამ თემასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ გუშინ გამოქვეყნებული ჩასწორებული მონაცემები, რაც არ უნდა მძიმე იყოს აღიარებისთვის, არის რეალური:

ძალიან მძიმე იყო ამ განცხადების გამოქვეყნება. ISFED-ისთვის, როგორც ორგანიზაციისთვის და მისი თითოეული თანამშრომლისთვის ახლა ყველაზე მძიმე და სტრესული პერიოდია. მე რაც ორგანიზაციაში ვარ 2012 წლიდან ასეთი მძიმე გამოწვევა ორგანიზაციას არ ქონია. მადლობა მინდა ვუთხრა თითოეულ თანამშრომელს მხნეობისა და გამძლეობისთვის.

პირადად ჩემი და ორგანიზაციის სახელით უღრმესი მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელმაც სტატუსით თუ სხვა სახით მხარდაჭერა გამოხატა და გვერდში გვიდგას.

ძალიან ვაფასებთ და ყველაზე მეტად ახლა გვჭირდება ეს მხარდაჭერა. 

ვიცი, რომ ბევრისთვის შოკისმომგვრელი იყო ეს განცხადება. ჩვენ ყველაზე კარგად გვესმის ეს მდგომარეობა. თუმცა, ეს არის რეალობა, რაც არ უნდა მძიმე იყოს. სამწუხაროდ, გვიწევს ხოლმე ასეთ მძიმე ფაქტებთან შეჯახება ცხოვრებაში და ამ დროს, ეტყობა, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეს რეალობა მივიღოთ და როგორღაც გავუმკლავდეთ. ძალიან მაღალი სტანდარტია, მაგრამ შევეცადეთ ეს მაღალი სტანდარტი დაგვეცვა და თვალი არ დაგვეხუჭა რაღაცაზე.

დარწმუნებული ვარ ბევრი კითხვები იქნება. შეგიძლიათ დამირეკოთ, მომწეროთ პირადში და შევეცდები ყველას გიპასუხოთ.  ყველას ეხება ეს, როგორც მეგობრებს, ასევე ჟურნალისტებს. მოკლედ, არ მოგერიდოთ და შემაწუხეთ. ამ წუთას ბრიფინგი დაგეგმილი არ მაქვს, თუმცა შეიძლება დღის განმავლობაში ჩავნიშნოთ და ამასაც ყველას შეგატყობინებთ.

კიდევ ერთხელ, ყველას დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის“, – აღნიშნავს ელენე ნიჟარაძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

ელენე ნიჟარაძის პოსტს ეხმიანება პარლამენტის წევრი, იუსტიციის ყოფილი მინისტრი, თეა წულუკიანი და ორგანიზაციას ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებს:

ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ეს განცხადება საკმარისი არაა! კინაღამ ქვეყანა ააყირავეთ ამ “შეცდომით”! და, თქვენი ეს მძიმე მდგომარეობა “მძიმე მდგომარეობაა”, ხოლო თქვენი “შეცდომის” გამო ცესკოზე (რომელიც, თქვენგან განსხვავებით, არა უბრალოდ NGO, არამედ  სახელმწიფო ინსტიტუტია!) საძაგელი და უზრდელი თავდასხმები მათთვის სავარაუდოდ ძალიან სახალისო პერიოდი იყო?! ხომ აღმოჩნდა, რომ თქვენმა პარალელურმა დათვლამ (ანუ დათვლა იმავე ოქმებზე დაყრდნობით!) ზუსტად იგივე შედეგი აჩვენა ყველა პარტიის შემთხვევაში, რაც ცესკოს დათვლამ? მაშინ რატომ შეუწყვეთ ხელი სახელმწიფო ინსტიტუტის ნგრევის მცდელობებს? მოიხადეთ ბოდიში “ხარვეზისათვის” (what a sexy name!), რომელსაც ამდენი ხნის განმავლობაში ეყრდნობოდა ოპოზიცია, იძახდა რომ გაყალბდა და გეგმავდა ამ ძლივს სტაბილურად შენარჩუნებულ დამოუკიდებელ ქვეყანაში დესტაბილიზაციას! ეგებ აღიდგინოთ ნდობა მომავალი არჩევნებისთვის!“, – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე თეა წულუკიანი.

ავტორი
ნინი შავლაძე

ეს არ არის ერთპარტიული პარლამენტი, ეს არის ერთი კაცის პარლამენტი – ნიკა მელია

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ნიკა მელია აცხადებს, რომ ოპოზიცია არ უფორმება ბიძინა ივანიშვილს მოპარულ არჩევნებს. ოპოზიციონერი ლიდერი დარწმუნებულია, რომ ქართველი ხალხი მალე დაიბრუნებს ძალაუფლებას:

,,დღეს მნიშვნელოვანი, ისტორიული დღეა. როგორც არასდროს საზოგადოება არის ერთიანი, გაერთინებული სიმართლის გარშემო.

დღეს ჩვენ რეალურად გარიგებაზე და თანამშრომლობაზე უარს ვეუბნებით ძალაუფლების მიმტაცებელს.

ჩვენს უკან დგას საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა. პარლამენტში კი შეკრებილები არიან ადამიანები, რომლებიც წარმოადგენენ მხოლოდ ერთ ადამიანს.

ეს არ არის ერთპარტიული პარლამენტი, ეს არის ერთი კაცის პარლამენტი. დარწმუნებული ვარ, რომ ეს დიდი ხანი ვერ გასტანს.

მჯერა, ცოტახანში ქართველი ხალხი დაიბრუნებს ძალაუფლებას, პარლამენტს და საქართველოს პარლამენტის მეშვეობით დაიბრუნებს სახელმწიფოს.

ქართველი ხალხი, როგორც სუვენერული ხალხი, ძალაუფლებას საკუთარ ხელში აიღებს.

უარს ვეუბნებით სისტემას, რომელსაც ნორმად აქვს ქცეული ადამიანების ტყვეობაში აყვანა და მათი განთავისუფლება პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, როცა მათ მოესურვებათ.
რეჟიმის მხრიდან ბევრი სხვა დეფექტი ამოტივტივდა უკანასკნელი წლების განმავლობაში.

ჩვენ არ ვუფორმებთ ბიძინა ივანიშვილს, როგორც ოლიგარქს, მოპარულ არჩევნებს“, – აცხადებს ნიკა მელია.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

დღეს ქვეყანაში არ არის კანონი, არ არის სამართალი, რადგანაც უპირველესი კონსტიტუციური უფლებაა მიტაცებული – თაკო ჩარკვიანი

,,სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი, თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ მხოლოდ რუსი მმართველობის ოლიგარქს შეეძლო რადიკალურად განსხვავებული პოლიტიკოსები ერთი საკითხის ირგვლივ გაეერთიანებინა. ოპოზიციონერი ლიდერი, ასევე, აღნიშნავს, რომ უპირველესი კონსტიტუციური უფლება მიტაცებულია და ,,სტრატეგია აღმაშენებელი” ხელს აწერს მემორანდუმს, საპარლამენტო ბოიკოტისა და მანდატებზე უარის თქმის თაობაზე:

,,სასიამოვნოა ასეთი ერთობის ხილვა. მე ვფიქრობ, მხოლოდ რუსი მმართველობის ოლიგარქს შეეძლო მოეხერხებინა ასე რადიკალურად განსხვავებული პოლიტიკოსები, ამ ერთ საკითხში, ერთად დავმდგარიყავით.
-რატომ? იმიტომ, რომ ქვეყანას პრაქტიკულად შეექმნა სახელმწიფოებრიობის დაკარგვის პრობლემა.

ხალხი არის სახელმწიფო და ის, ვინც ხალხს ხმას მოპარავს, თუ გაუვიდა, შეუძლია მოპარული, გაძარცული სახელმწიფო, თუ ეს გაუვიდა, ძალიან იოლად გადააბაროს იმ ერთ მტერს, რომელსაც საუკუნეების მანძილზე ჰქვია რუსი ოკუპანტი.
საქართველოს სხვა მტერი არ ჰყავს. ის მიდის დასავლეთის გზით, ნანატრი გზით, სულხან-საბა ორბელიანისა და ილია ჭავჭავაძისა, ამ გზას არ უნდა გადავუხვიოთ და ამისათვისაა საჭირო ეს ერთობა!

ვინაიდან მიტაცებული სახელმწიფოს გადაბარება, ჯიბეში ჩადებული ხალხის ხმების, ხალხისთვის მოპარული სახელმწიფოს გადაბარება ოლიგარქისთვის არაფერი არ იქნება.

სახელმწიფო – ეს არის კანონი და სამართალი. დღეს ქვეყანაში არ არის კანონი, არ არის სამართალი, რადგანაც უპირველესი კონსტიტუციური უფლება მიტაცებული გახლავთ და ეს დანაშაული ჩაიდინა რუსმა ოლიგარქმა ივანიშვილმა,” – აცხადებს თაკო ჩარკვიანი.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

სამწუხაროდ მივიღეთ ერთპარტიული, ერთი კაცის ნების აღმსრულებელი და ფაქტიურად არალეგიტიმური პარლამენტი – სერგო ჩიხლაძე

ოპოზიციის ბოიკოტი ოფიციალურად გაფორმდა, ერთობლივ დეკლარაციაზე ხელმომწერმა ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას განცხადებით მიმართეს და პარტიული სიის ანულირება მოითხოვეს. საარჩევნო ადმინისტრაციაში ოპოზიციის წარმომადგენლებმა მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლიდან გადაინაცვლეს. შესაბამისი განაცხადი ცესკო-ში “სტრატეგია აღმაშენებელის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა სერგო ჩიხლაძემ შეიტანა და გააკეთა კონკრეტული განმარტებებიც:

„სტრატეგია აღმაშენებელმა“ 4 მანდატზე თქვა უარი, მაგრამ სია ჩაიხსნა მთლიანად. დღეს შეიძლება ყოფილიყო მრავალპარტიული პარლამენტი, ყოფილიყო კვალიფიციური მთავრობის ფორმირება, ამის ნაცვლად ჩვენ სამწუხაროდ მივიღეთ ერთპარტიული, ერთი კაცის ნების აღმსრულებელი და ფაქტიურად არალეგიტიმური პარლამენტი, როგორც ქვეყნის შიგნით მოსახლეობის თვალში, ასევე ქვეყნის გარეთ. ეს არის მძიმე კრიზისი რომელიც კიდევ უფრო დამძიმდა”, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ავტორი
ემილი ფეიქრიშვილი

“სამწუხაროდ, ოპოზიცია აღმოჩნდა ძალიან უპასუხისმგებლო მთელი ქვეყნისთვის” – ნინო წილოსანი

დღეს, 11 დეკემბერს, მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა გაიმართა. სხდომას არ ესწრებოდა ოპოზიციური პარტიები, ისინი პარლამენტის ბოიკოტის რეჟიმში გადავიდნენ და გააფორმეს შესაბამისი მემორანდუმი. მმართველი გუნდის წევრებმა ხელი მოაწერეს ქვეყნისადმი ერთგულების ფიცს, აირჩიეს პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეები, ხოლო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ ისევ არჩილ თალაკვაძე იქნა არჩეული. სხდომის მიმდინარეობისას, მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრმა, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა:

„სამწუხაროდ, ოპოზიცია აღმოჩნდა ძალიან უპასუხისმგებლო მთელი ქვეყნისთვის. მე იმედს ვიტოვებ, რომ მათი გარკვეული ნაწილის მხრიდან აუცილებლად იქნება მიღებული გადაწყვეტილება პარლამენტში შემოსვლასთან დაკავშირებით. მათი მხრიდან, ეს არის შანტაჟი სახელმწიფოს მიმართ.

ჩემთან ერთად, ყველა, მთელი საზოგადოება თვალყურს ადევნებთ მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციებსა და კომენტარებს ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან და მეტნაკლებად გამოკვეთილია ვინ უფრო მეტად აზროვნებს სახელმწიფოებრივად. იმედი მაქვს, საბოლოო ჯამში, ისინი მიიღებენ სწორ გადაწყვეტილებას და დაუბრუნდებიან საპარლამენტო ცხოვრება, რადგან, მოსახლეობამ მათ სწორედ ამ მიზნით მისცა ხმა“, – აღნიშნავს ნინო წილოსანი.

ავტორი
ნინი შავლაძე

ივანიშვილის მცდელობა, რომ დაემყარებინა დიქტატურა არ გამოუვიდა – შალვა ნათელაშვილი

დღეს 2020 წლის პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად ოპოზიციურმა პარტიებმა ხელი მოაწერეს პარლამენტის მანდატებზე უარის თქმის მემორანდუმს და პარლამენტის წინააღმდეგ მიმართულ ბოიკოტს განაგრძობენ. ამასთან დაკავშირებით ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა  შალვა ნათელაშვილმა საპროტესტო აქციაზე ხალხს მიმართა. მისი თქმით მრავალპარტიული ერთიანობა და ჰარმონია გამარჯვების გარანტია:

„ივანიშვილის მცდელობა, რომ დაემყარებინა დიქტატურა არ გამოუვიდა, რადგან დღეს ქართველმა ხალხმა მსოფლიოს უთხრა, რომ მას ვერავინ დაიმორჩილებს, ვერ დაჩაგრავს და ვერავინ იბატონებს მათზე.

მე მოვუწოდებ მთელ მსოფლიოსა და დემოკრატიულ სამყაროს, რომ არ სცნონ ეს შეკოწიწებული პარლამენტად წოდებული, ქართუ ჯგუფიდან გამოვარდნილი ივანიშვილის ჯოგი. ის არ არის პარლამენტი, ისინი წარმოადგენენ უზურპატორებს და მათ ძალიან მალე ოფიციალურად უნდა დაამთავრონ ის ძალადობრივი გზა, რომელიც დაიწყეს.

მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს მრავალპარტიული ერთიანობა და ჰარმონია ქართულ პოლიტიკაში არის ძალიან დიდი გარანტია გამარჯვებებისა და ქვეყნის განვითარების. ის რაც დღეს მოხდა და ხდება წარმოადგენს ხავერდოვან, მშვიდობიან ევოლუციურ რევოლუციას ყოველგვარი სამოქალაქო დაპირისპირების, ხოცვა-ჟლეტის, მიტინგების, ემოციებისა და დაძაბულობის გარეშე. ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვლა დაწყებულია და ქართველი ხალხის გარდაუვალი გამარჯვებით დამთავრდება“, – აცხადებს შალვა ნათელაშვილი.

ავტორი
ნუცა ჯოხაძე

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადება

ფასილიტატორი ელჩების მონაწილეობით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართულმა დიალოგის ოთხმა რაუნდმა შედეგი ვერ მოიტანა, რასთან დაკავშირებით წუხილს გამოთქვამენ და მოლაპარაკებაში ჩართულ მხარეებს საგულდაგულოდ განიხილონ შესაძლებლობები შეთანხმების მისაღწევად, რომელიც საშუალებას მისცემს პარლამენტს, შეასრულოს თავისი სრულყოფილი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლი:

ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში საქართველოს პოლიტიკური ლიდერები ინტენსიურ პოლიტიკურ დიალოგში მონაწილეობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანი საკითხები კვლავ გადაუჭრელი რჩება, მხარეებმა უკვე მოახერხეს ფართო საარჩევნო რეფორმებზე ურთიერთგაგების მიღწევა, რაც მათი მიღების შემდგომ, არსებითად გააუმჯობესებს საქართველოს მომავალ არჩევნებს. ჩვენ ვაფასებთ ყველა პარტიის ლიდერის კონსტრუქციულ მონაწილეობასა და ამ დროისთვის არსებულ მიღწევებს ამ რთულ მოლაპარაკებებში.

დიალოგი მოიცავდა რთულ და მნიშვნელოვან საკითხებს. ამ საკითხებს მხარეები მიუდგნენ ქვეყნის დემოკრატიული მომავლის წინაშე პასუხისმგებლობით. ასეთი ტიპის ღია და პატივისცემაზე დამყარებული დებატები უაღრესად მნიშვნელოვანია, მაშინ, როდესაც საქართველო მიიწევს წინ უფრო პლურალისტური პოლიტიკური გარემოსკენ, რომელშიც უფრო მრავალფეროვანი შეხედულებები და ინტერესებია წარმოდგენილი. ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, გვჯერა, რომ მხარეები შეძლებენ მკვეთრად განსხვავებული პოზიციების შეჯერებას.

ჩვენი, როგორც ფასილიტატორების როლი, უმთავრესად, პარტიებისთვის ნეიტრალური ფორუმის უზრუნველყოფას გულისხმობდა, რათა მათ ემსჯელათ განსხვავებულ პოზიციებსა და მათი გადაჭრის გზებზე საქართველოს დემოკრატიული დღის წესრიგის გასამყარებლად. ჩვენ ვწუხვართ, რომ ვერ მოხერხდა ფართო შეთანხმების მიღწევა ახლადარჩეული პარლამენტის პირველ შეკრებამდე, მიუხედავად პარტიების ლიდერების ძალისხმევისა.

ახლა, ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, საგულდაგულოდ განიხილონ შესაძლებლობები შეთანხმების მისაღწევად, რომელიც საშუალებას მისცემს პარლამენტს, შეასრულოს თავისი სრულყოფილი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლი საქართველოს დემოკრატიის, ეკონომიკისა და უსაფრთხოების დასაცავად და გასაძლიერებლად. პარტიების თხოვნის საფუძველზე და შეთანხმების მიღწევის ჭეშმარიტი პოლიტიკური სურვილის არსებობის შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ ამ ძალისხმევის მხარდაჭერა“, – ნათქვამია განცხადებაში.

ბოიკოტის რეჟიმის პარალელურად ვაგრძელებთ მოლაპარაკებების პროცესის მხარდაჭერასაც – ხათუნა სამნიძე, თამარ კორძაია

“რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე და პარტიის პოლიტიკური მდივანი თამარ კორძაია განცხადებას ავრცელებენ, მათი პოზიციის განმარტების მიზნით და აცხადებენ, რომ თავიანთ გადაწყვეტილებას საპარლამენტო მანდატების დატოვების თაობაზე მიიღებენ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ:

საქართველოს რესპუბლიკური პარტია, ბლოკთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ აგრძელებს ბოიკოტის რეჟიმს და არ შედის პარლამენტში. ჩვენ, რესპუბლიკელები ხათუნა სამნიძე და თამარ კორძაია არ შევდივართ პარლამენტში, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, რომ პარტიას ეს 2 მანდატი მოგვანიჭა ძირითადად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველმა.

ამავე დროს, რადგან გრძელდება მოლაპარაკებების პროცესი საერთაშორისო ფასილიტაციით და მასში მონაწილეობა მნიშვნელოვანია შექმნილი კრიზისის გათვალისწინებით, ჩვენს მიერ ხელმოწერილი განცხადებებით საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმის თაობაზე პარლამენტს მივმართავთ დაუყოვნებლივ ამ პროცესის დამთავრების შემდეგ.

ცხადია, ვითვალისწინებთ ხელისუფლების აშკარა მცდელობებს, რომ ოპოზიციაზე თავდასხმებით ხელი შეუშალოს პროცესს და მთელი პასუხისმგებლობა გადაიტანოს ოპოციაზე და ვაცნობიერებთ, რომ სულ უფრო ვიწროვდება სივრცე მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევისთვის, ბოიკოტის რეჟიმის პარალელურად ვაგრძელებთ ამ პროცესის მხარდაჭერასაც,” – ნათქვამია განცხადებაში.

ის რომ პარლამენტი იქნება ერთპარტიული, ეს არაა გამარჯვება, არამედ არის უზარმაზარი პრობლემა და ქართული დემოკრატიის მარცხი – გიორგი ვაშაძე

პოლიტიკური პლატფორმა ,,სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ გუნდმა მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება პარლამენტში არ შესვლის საკითხზე. ასევე, აღნიშნავს, რომ ,,სტრატეგია აღმაშენებლის” გუნდს ისევე, როგორც აქამდე ყოველთვის ექნება დამოუკიდებელი პოზიციები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით.

,,გუნდში ჩვენ გვქონდა დეტალური განხილვა და ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენ დავწერთ განცხადებებს და ჩავხსნით ჩვენს სიებს.

საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ვაგრძელებთ, რაღა თქმა უნდა, ბოიკოტს.

მეორე მხრივ, ყველანაირად მოწადინებულები ვართ, რომ შეთანხმება შედგეს.

მონაწილეობას ვაპირებთ მოლაპარაკებებში.

სიტუაცია ძალიან მძიმეა. ის, რომ პარლამენტი იქნება ერთპარტიული, ეს არაა გამარჯვება, არამედ არის უზარმაზარი პრობლემა და ქართული დემოკრატიის მარცხი. ყველა უნდა დავფიქრდეთ, რომ ამ უმძიმესი პროცესიდან ვიხსნათ ქვეყანა.

ჩვენ, ,,სტრატეგია აღმაშენებლის” გუნდს ისევე, როგორც აქამდე ყოველთვის გვექნება დამოუკიდებელი პოზიციები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით და კიდევ უფრო მნიშვნელოვნად მიმაჩნია იმ ადამიანების უფრო მეტი კონსოლიდაცია, ვინც ფიქრობენ, რომ უნდა ჩაერთონ ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

შეგახსენებთ: პარტია ,,სტრატეგია აღმაშენებელის” და გიორგი ვაშაძის პოზიცია არის უცვლელი, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის პოლიტპატიმრების, რიგგარეშე არჩევნების და საარჩევნო რეფორმის საკითხებზე საერთო შეთანხმების გარეშე პარლამენტში შესვლის საკითხი არ განიხილება.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე