კვირა, ივლისი 27, 2025
33.8 C
Tbilisi
Home Blog Page 1624

დღეს ჩვენ უარი ვთქვით საკუთარ კეთილდღეობაზე იმ იმედით, რომ ,,ქართული ოცნება“ იგივე ნაბიჯს გადადგამს – პაატა მანჯგალაძე

,,სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა  პაატა მანჯგალაძემ ოფიციალურად თქვა უარი მანდატზე და აცხადებს, რომ ,,ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში არ დატოვა პოლიტიკის კეთების სივრცე. ასევე, აღნიშნავს, რომ დღევანდელი საქციელით  პოლიტიკოსებმა უარი თქვეს თავიანთ კეთილდღეობაზე, რომელიც დიდი ხანია არის ხალხის დაკვეთა:

,,ის, რომ ჩვენ დღეს უარს ვამბობთ მანდატებზე, არის ,,ქართული ოცნების“ დამსახურება იმიტომ, რომ მან პარლამენტში პოლიტიკის კეთების სივრცე არ დატოვა.

ის, რომ ,,ქართული ოცნება‘’ არ ელაპარაკება 1 მილიონზე მეტ ამომრჩეველს, იმაზე მეტს, ვიდრე მას დაუჭირა მხარი – ეს არის ძალიან მძიმე ვითარება ქვეყანაში.

ყოველთვის იყო ხალხისგან დაკვეთა, რომ ერთხელ მაინც თქვან უარი პოლიტიკოსებმა თავიანთ კეთილდღეობაზე.

დიახ, დღეს ჩვენ ამ ნაბიჯით უარი ვთქვით საკუთარ კეთილდღეობაზე იმ იმედით, რომ ,,ქართული ოცნება“ იგივე ნაბიჯს გადადგამს. არა იმისთვის, რომ ჩვენ გვჭირდება ეს, არამედ შეთანხმება სჭირდება საქართველოს“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

“სინამდვილეში ამიკოს ყველაზე ლამაზი ღიმილი აქვს და საოცრად უხდება სიცილი” – კახა კალაძე

გუშინ, მას შემდეგ, რაც თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამგორის რაიონში, აფრიკის დასახლებაში უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი დაიწყო, სოციალურ ქსელში გავრცელდა იქ მცხოვრები მამა-შვილის ემოციური ფოტო. აღნიშნულ ფაქტს საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება და თბილისის მერის მიმართ კრიტიკა მოჰყვა.

მომხდარ ფაქტთან და გავრცელებულ ფოტომასალასთან დაკავშირებით თბილისის მერი, კახა კალაძე პირად გვერდზე პოსტებს აქვეყნებს, უარყოფს ინფორმაციას, რომელიც გავრცელდა და ამბობს, რომ შეისწავლა ოჯახის მდგომარეობა და როგორც 6 შვილის გმირ მამას თავისი ოჯახის სახელით გადასცემს ბინას:

ახლა  დავბრუნდი  მერიიდან  და  არ შემიძლია  დღესვე  არ  დავწერო,  როგორც  მერმა  უკვე  ვისაუბრე  დღევანდელ  მოვლენებზე,  უბრალოდ  ჩემი  პირადი  პოზიცია  უნდა  დავწერო – მედიაში  რომ  დაიწყეს  მამა-შვილის  ფოტოს  გავრცელება,  როგორც  მსხვერპლის,  გული  მომიკვდა,  ტყუილის  ტირაჟირებისთვის  ბავშვი  რატომ-თქო? ისიც  კი  გავიფიქრე, სახე  მაინც  დაეფარათ, იქნებ  არ  უნდა  ოჯახს  ბიჭუნას  ასე  გამოჩენა-თქო….  მეგონა  მაგ  ზღვარს  არასდროს უნდა ჩავცდეთ,  რომ  ანტიპიარისთვის  ბავშვები  გამოვიყენოთ.

მოგვიანებით,  როცა  გაირკვა, რომ  ბავშვი  და მამამისი  იქვე  ცხოვრობენ ,  ჩემი  და  ჩემი შვილების  ფოტოები  მიაშენეს  მათ  ფოტოს. ვერც  ვბრაზდები, მგონი  არც  მიკვირს. 

ასეთ ადამიანებს  რა გითხრათ სხვა? – ეგეთი  ქცევა  თქვენი  არჩევანია. მთავარი  ამჯერად  ჩემთვის ისაა, რომ  როცა  შემიძლია  დავეხმარო,  ვეხმარები, ასე  გამზარდეს  ასე  ვზრდი  ჩემს შვილებს.  გმირობაა  მარტო  კაცი  ზრდის 6 შვილს. გმირი  მამაა  და  ჩემთვის  ძალიან  მნიშვნელოვანია  მხარში  ამოვუდგე  მას.  გავარკვიე    საღამოსვე  რა  პირობებში  ცხოვრობს  და  ჩემი  პირადი  საჩუქარი,  ჩემი  ოჯახის სახელით,  იქნება ბინა  ამ ოჯახისთვის.  

ამდენი  სიძულვილის, ცილისწამების  და  ტყუილის  ფონზე  ამ  ოჯახის  გაბედნიერებაა  ჩემთვის  დღევანდელი დღის  შედეგი“, – წერს თბილისის მერი ფეისბუქის პირად გვერდზე.

 

ცნობისთვის: დღეს თბილისის მერი შეხვდა აფრიკის დასახლებაში მცხოვრებ ოჯახს, რის შესახებაც ასევე მისი პირადი გვერდით გვატყობინებს:

სინამდვილეში ამიკოს ყველაზე ლამაზი ღიმილი აქვს და საოცრად უხდება სიცილი. მინდა სულ ღიმილიანი იყოს.

მის ხუთ და-ძმას კი ვუსურვებ საკუთარი საქმით, ცოდნით, შრომით მიაღწიონ დიდ წარმატებებს და გამოადგნენ ოჯახს და  სამშობლოს“, – აღნიშნავს კახი კალაძე.

ფოტოზე: მამა-შვილის ემოცია აფრიკის დასახლებაში მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ განხორციელებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟის დროს.

ავტორი
ნინი შავლაძე

“ვთხოვ მოსახლეობას, რომ ეს შობა-ახალი წელი ჩავატაროთ მოკრძალებულად, ნუ გამართავთ დიდ თავშეყრას, ხალხმრავალ დღესასწაულებს” – ამირან გამყრელიძე

მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს წევრების ბრიფინგზე, განცხადება გააკეთა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ, მან ისაუბრა შეღუდვების შემდეგ მიღებულ სტაბილურ მდგომარეობაზე და აღნიშნა, რომ ეს არ გვაძლევს დამშვიდების საფუძველს, ვინაიდან საქმე გვაქვს სერიოზულ გამოწვევასთან:

ჩვენს ქვეყანაში შემზღუდველი ღონისძიებების ფონზე შეიძლება ითქვას, რომ სიტუაცია სტაბილურია პანდემიის გავრცელების მხრივ, დღეს გვაქვს 3487 ახალი შემთხვევა. ბოლო დღეების განმავლობაში ვმერყეობთ 3 ათასიდან 4 ათასის ფარგლებში, ხოლო დადებითობის კოეფიციენტი ჩამოსულია 19%-ზე.

გასული დღეღამის განმავლობაში გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობიდან თბილისში – დაფიქსირებულია 1477, იმერეთში – 533, აჭარაში – 280.

შეზღუდვების ფონზე გვაქვს ახალ შემთხვევათა რიცხვის სტაბილიზაცია და ოდნავი კლების დინამიკა, ეს დამშვიდების საფუძველი არ არის, რადგანაც შემთხვევათა რიცხვი სერიოზულია, ამიტომ ვთხოვ მოსახლეობას, რომ ეს შობა-ახალი წელი ჩავატაროთ მოკრძალებულად, ნუ გამართავთ დიდ თავშეყრას, ხალხმრავალ დღესასწაულებს. წელს ვიყოთ საკმაოდ მოკრძალებულად, იმიტომ რომ საქმე გვაქვს სერიოზულ გამოწვევასთან, მსოფლიოში არის პანდემია, ჩვენთან კი სერიოზული ეპიდემია.

ჩვენთან მუშაობს ჯგუფი და შეიმუშავა კრიტერიუმები, რა ჯგუფები უნდა აიცრას, სერვისების მიწოდების და შეფასდა, ქვეყანაში “ცივი ჯაჭვის” სისტემა – რა გვაქვს.

ქვეყანას აქვს 2-დან 8 გრადუსამდე “ცივი ჯაჭვის” სისტემა და არაფრის დამატება არ არის საჭირო და შესაძლებელია “ასტრაზენეკას” და ისეთი ვაქცინების გამოყენება, რომლებსაც დაბალი ტემპერატურა არ სჭირდება.

“მოდერნას” ვაქცინას სჭირდება -20 გრადუსამდე ტემპერატურა – მუნიციპალიტეტებში არის შესაბამისი სამაცივრე დანადგარები და შესაძლებელია ამ ვაქცინის დანერგვა.

“ფაიზერის” ვაქცინას სჭირდება -80-დან -70 გრადუსამდე ტემპერატურა – ქვეყანაში 40-მდე მაცივარია, რომელიც დაკავებულია სხვადასხვა ტესტსისტემებით. რამდენიმე მაცივრის გათავისუფლების შესაძლებლობა არსებობს და რამდენიმეს ყიდვა იგეგმება.

ამ ორ ვაქცინაზე, რომელზეც საჭიროა -20 და -70 გრადუსი, საჭირო იქნება ადამიანების გადამზადება. ასევე, ყველა ვაქცინირებული ადამიანი შეყვანილი უნდა იყოს ბაზაში, როცა ერთ თვეში 200 ათასი ადამიანი უნდა აცრა, ამას კამპანია დასჭირდება და ეს არ იქნება რუტინული ვაქცინაციის მსგავსი, გეგმის პრეზენტაცია წლის ბოლოს იქნება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ავტორი
ემილი ფეიქრიშვილი

ვშიშობთ, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნის მიზანია “მთავარი არხის” სარედაქციო პოლიტიკის ცვლილება – კოალიცია “მედიის ადვოკატირებისათვის”

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას რომ მისი ოჯახის მიმართ არის ზეწოლა, მას კი დაჭერით და ქონების ჩამორთმევით ემუქრებიან, კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრი ორგანიზაციები ეხმიანებიან და მის წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნის მიზნად „მთავარი არხის“ სარედაქციო პოლიტიკის ცვლილებას მოისაზრებენ. კოალიციის წევრი ორგანიზაციები ნიკა გვარამიასა და „მთავარი არხის“ მიმართ მხარდაჭერას გამოხატავენ:

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრი ორგანიზაციები ვეხმიანებით “მთავარი არხის” დირექტორის და დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას განცხადებას, „რომ მას დაჭერით და ქონების ჩამორთმევით დაემუქრნენ.

ჩვენ არაერთხელ გამოვთქვით საფუძვლიანი ეჭვი , რომ კრიტიკული მოსაზრებების გამო ნიკა გვარამიას მიმართ სისტემატურად ხდება სხვადასხვა სახის ზეწოლა მმართველი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან.

2019 წლის ზაფხულში „რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას, ბრალი წაუყენეს მათ შორის, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და ქონების მიტაცების გამო. სამართალდამცავ ორგანოებს კი არ წარმოუდგენიათ რაიმე მნიშვნელოვანი განმარტება ამ საქმეზე. მნიშვნელოვანია რომ სახალხო დამცველმა გვარამიას მიმართ წარმოებული სისხლის სამართლებრივი დევნა შეაფასა, როგორც სამართლებრივად უსაფუძვლო. 2019 წლის 4 ნოემბერს სახალხო დამცველმა ნიკა გვარამიას მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს. საქმის შესწავლა საქართველოს სახალხო დამცველმა საკუთარი ინიციატივით დაიწყო; აპარატმა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები სრულად გააანალიზა. საჯარო დოკუმენტში მითითებულია, რომ „განხილული კანონმდებლობებისა და სასამართლო პრაქტიკის ანალიზის შედეგად ირკვევა, რომ საწარმოს დირექტორის მიერ მიღებული, თუნდაც საზიანო გადაწყვეტილება არათუ სისხლის, არამედ საკორპორაციო-სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც კი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ექვემდებარება. დირექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შესაძლებელია, თუნდაც ნაკლები მოგების მიღებას გულისხმობდეს, მაგრამ კორპორაციის საუკეთესო ინტერესებს ემსახურებოდეს და მოკლე, ან გრძელვადიანი რისკების დაზღვევას უზრუნველყოფდეს.”

2020 წლის მარტში დიპლომატიური კორპუსის მიერ ფასილიტირებული პოლიტიკური მოლაპარაკებების შემდგომ, ნიკა გვარამიასთან დაკავშირებული სასამართლო პროცესის მიმდინარეობა შეჩერდა. საყურადღებოა, რომ ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი განახლდა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, 2020 წლის 1 დეკემბერს, თუმცა მალევე, 2 დეკემბერს სასამართლოს სხდომა კვლავ გადაიდო.

12 დეკემბერს კი გვარამიამ გააკეთა განცხადება , რომ მას დაჭერით და ქონების ჩამორთმევით დაემუქრნენ.

აღსანიშნავია, ის ფაქტიც, რომ „მთავარი არხის“ წინააღმდეგ 2020 წელს საბოტაჟის ბრალდებით კიდევ ერთი გამოძიება დაიწყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, თუმცა გამოძიება არ დასრულებულა.

გასული წლის განმავლობაში რამოდენიმეჯერ დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ ნიკა გვარამიასა და მისი ოჯახის წევრების პირადი უსაფრთხოების საკითხი. 2020 წლის 30 იანვარს „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნიკა გვარამიას რამდენიმე პირი თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში თავს დაესხა და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. გამოძიების შედეგები საზოგადოებისათვის უცნობია. ასევე 2020 წლის დასაწყისში ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ მის ოჯახს პროკურატურა 28 დღის განმავლობაში უთვალთვალებდა. მისი განცხადებით, თვალთვალის შესახებ მისი ინფორმირება მიზნად ისახავდა მასზე და მის ოჯახზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას. კოალიციამ არაერთხელ განაცხადა, რომ დაუშვებელია მმართველი პოლიტიკური პარტიის და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ მედიაზე სიტყვიერი თავდასხმები და უპასუხისმგებლო შეფასებები. მათ შორისაა, საქართველოს პარლამენტის წევრის, თეა წულუკიანის 2020 წლის 14 დეკემბრის განცხადება ნიკა გვარამიას მეუღლესა და არასრულწლოვან შვილზე თვალთვალისა და მიყურადების შესახებ.

ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი მედიის მიმართ ხელისუფლების წარმომადგენლების მუდმივი კრიტიკის ფონზე, ვშიშობთ, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნის მიზანია „მთავარი არხის“ სარედაქციო პოლიტიკის ცვლილება. ეს პროცესი უარყოფითად აისახება “მთავარი არხის“ გუნდზე და ჟურნალისტების სამუშაო გარემოზე.

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრი ორგანიზაციები გამოვხატავთ მხარდაჭერას ნიკა გვარამიასა და „მთავარი არხის“ მიმართ. მოვუწოდებთ საერთაშორისო პარტნიორებს, პოლიტიკურ დღის წესრიგში დააყენონ ჟურნალისტთა უსაფრთხოებისა და მედიის თავისუფლების საკითხები, დაიცვან „მთავარი არხის“ დირექტორი და დამფუძნებელი აშკარა საფრთხეებისა და პოლიტიკური დევნისაგან“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ავტორი
ნინი შავლაძე

ცესკოს განცხადება საუბნო შემაჯამებელი ოქმების ე.წ. დისბალანსთან დაკავშირებით

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო), მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიიჩნევს გამოეხმაუროს „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ე.წ. დისბალანსებთან დაკავშირებით, რომელიც ორგანიზაციამ როგორც 1 ნოემბერს, ისე 11 დეკემბერს პარალელური დათვლის დაზუსტებულ შედეგებთან ერთად გამოაქვეყნა.
ცესკოს მიერ დამუშავებული მონაცემების მიხედვით, ე.წ. დისბალანსი, რომელიც უკავშირდება ბიულეტენების მეტობას არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობასთან მიმართებაში, საქართველოში გახსნილი ძირითადი საარჩევნო უბნების მხოლოდ 19 შემაჯამებელ ოქმში – 0,52%-ში ფიქსირდება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მასშტაბით, გახსნილი იყო 3 657 ძირითადი საარჩევნო უბანი (ამ უბნებში არ შედის სპეციალური და საზღვარგარეთ შექმნილი საარჩევნო უბნები). შესაბამისად, ორგანიზაციის მხრიდან, ბიულეტენების სიჭარბეზე აპელირება, რაც მათი განცხადებით, საარჩევნო უბნების 8%-ზე დაფიქსირდა, ოფიციალური მონაცემებით არ დასტურდება.

აღსანიშნავია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ, ჯერ კიდევ 4 ნოემბერს, დეტალურად დაამუშავა მონაცემები და მოამზადა სტატისტიკური ინფორმაცია საუბნო შემაჯამებელი ოქმებისა და შესაბამისი შესწორების ოქმების საფუძველზე. სწორედ ამ ეტაპზე დამუშავებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით ის დისბალანსი, რომელიც იწვევდა კითხვებს და უკავშირდება ბიულეტენების მეტობას არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობასთან (მონაწილეთა ხელმოწერები) მიმართებაში, ფიქსირდებოდა 60 საარჩევნო უბანზე, რაც წარმოადგენს საქართველოში გახსნილი ძირითადი საარჩევნო უბნების საერთო რაოდენობის 1.64%-ს.

შემდგომში, საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ შესწავლის და კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი მექანიზმების შესაბამისად, საოლქო საარჩევნო კომისიების განკარგულებებისა და გადათვლების საფუძველზე გარკვეულ შემთხევებში დაზუსტდა ე.წ. დისბალანსები. შესაბამისად, საბოლოო მონაცემებით, პროპორციული შემაჯამებელი ოქმების ნაწილში, ბიულეტენების მეტობა ამომრჩეველთა რაოდენობასთან მიმართებაში საქართველოში გახსნილი ძირითადი საარჩევნო უბნების 19 ოქმში ფიქსირდება. აღნიშნული ინფორმაცია დამუშავებულია 14 ნოემბრის მდგომარეობით და დეტალური ცხრილი განთავსებულია ცესკოს ვებგვერდზე.

იხილეთ დეტალური სტატისტიკა საუბნო საარჩევნო კომისიების მიხედვით (გამოქვეყნდა 15 ნოემბერს)

ასევე, ცესკომ გამოაქვეყნა ბიულეტენების ნაკლებობის შემთხვევებზე სტატისტიკური ინფორმაცია სხვადასხვა წლებში ჩატარებული არჩევნების მიხედვით (გამოქვეყნდა 15 ნოემბერს)

ზემოაღნიშნული ინფორმაციის გათვალისწინებით, გაურკვეველი რჩება ზუსტად რას გულისხმობს „სამართლიანი არჩევნების“ მიერ დასახელებული ბიულეტენების მეტობის ე.წ. დისბალანსი საარჩევნო უბნების 8%-ზე. ეს მონაცემი რადიკალურად განსხვავებულია და არსებითად აცდენილია საუბნო შემაჯამებელი ოქმების დამუშავებულ ცესკოს ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებს როგორც 4 ნოემბრის მდგომარეობით, ისე საბოლოო მონაცემების მიხედვით.
შესაძლოა დავუშვათ ვარაუდი, რომ ორგანიზაციამ არ გაითვალისწინა საუბნო საარჩევნო კომისიების შესწორების ოქმები, რომელიც საუბნო შემაჯამებელი ოქმების განუყოფელი ნაწილია და არაერთი არჩევნებია წარმოადგენს დამკვიდრებულ საკანონმდებლო მექანიზმს. სწორედ ამიტომ, აღნიშნული საჭიროებს დაზუსტებას და მეტი ინფორმაციის წარმოდგენას, რაც აუცილებელია საკითხის ობიექტური შესწავლის, შეფასებისა და ზოგადად პროცესის სანდოობისთვის.

საარჩევნო ადმინისტრაცია გამოთქვამს მზადყოფნას ამ და ნებისმიერ სხვა საარჩევნო საკითხთან დაკავშირებით, ითანამშრომლოს როგორც “სამართლიან არჩევნებთან”, ისე ნებისმიერ დაინტერესებულ მხარესთან.

ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს

“თეა წულუკიანის ხშირი საჯარო აპელირება ქალების გარეგნობაზე, სხვა პროფესიის ადამიანების კომპეტენციაა, რაშიც მე არ შევალ” – თინა ბოკუჩავა

‘‘ნაციონალური მოძრაობის’’ ერთ-ერთი ლიდერი, პოლიტსაბჭოს წევრი თინა ბოკუჩავა სოციალური ქსელის მეშვეობით სოლიდარობას უცხადებს ნიკა გვარამიას ოჯახს და თეა წულუკიანს შეახსენებს, რომ იგი იუსტიციის მინისტრი იყო, შესაბამისად უნდა იცოდეს, ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებზე უკანონო თვალთვალი და მათი დევნა ქვეყნის სირცხვილია. ოპოზიციონერი ლიდერისთვის ასევე გაუგებარია წულუკიანის ხშირი და საჯარო აპელირება ქალების გარეგნობაზე:

‘‘თეა წულუკიანის ხშირი საჯარო აპელირება ქალების გარეგნობაზე (მათ შორის ჩემზეც) სხვა პროფესიის ადამიანების კომპეტენციაა, რაშიც მე არ შევალ.

მაგრამ, როცა იუსტიციის მინისტრობის 8 წლიანი სტაჟი გაქვს, ახლა განათლების კომიტეტის ხელმძღვანელობა გაბარია და იმას ვერ ხვდები, რომ სახელმწიფო უშიშროების სამსახურების მხრიდან ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების ოჯახის წევრებზე უკანონო თვალთვალი ქვეყნის სირცხვილი და მისი დაღუპვის გზაზე დგომის უტყუარი მტკიცებულებაა, ეს გაცილებით საგანგაშოა.

არ აქვს მნიშვნელობა ვის მოგწონთ ან არ მოგწონთ ნიკა გვარამია, ეთანხმებით მას თუ არ ეთანხმებით, თავისუფალ საზოგადოებაში არ შეიძლება ადამიანებს დევნიდნენ კრიტიკული აზრის გამო, რაოდენ ვინმესთვის მიუღებელი ფორმით არ უნდა იყოს ის გამოხატული. ამაზე თუ ვერ ვთანხმდებით ერი, მაშინ ნურავის გაგიკვირდებათ რომ ერთ დღეს თქვენს შვილებს, ცოლებს, მშობლებს თუ მეგობრებს წულუკიანმა სამზარეულოსა თუ საძინებელში უთვალთვალოს ან მოუსმინოს. თქვენი ოჯახის კარზე რომ დააკაკუნებს ბიძინას გესტაპო, მერე მიხვდებით, რომ ძალიან დაგაგვიანდათ ხმის ამოღება.

ჩემი სოლიდარობა ნიკა გვარამიას და მის ოჯახს’’, – წერს თინა ბოკუჩავას პირად ფეისბუქ გვერდზე.

ავტორი
ანა რობაქიძე

“ზამთრის პერიოდში დემონტაჟის ღონისძიებების განხორციელება წარმოშობს არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის რისკებს, რასაც ემატება პანდემიიდან გამომდინარე საფრთხეებიც” – ნინო ლომჯარია

აფრიკის დასახლებაში საცხოვრებელი შენობა-ნაგებობის დემონტაჟის ფაქტს გამოეხმაურა საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და ფეისბუკის საკუთარ გვერდზე განცხადებას ავრცელებს. ომბუდსმენი აცხადებს, რომ დაუშვებელია აღნიშნული პროცესები ადამიანის უფლებების დარღვევის ხარჯზე განხორციელდეს და ამიტომ პროცესის კანონიერების საკითხს სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის:

მინდა გამოვეხმაურო სამგორის რაიონში, აფრიკის დასახლებაში საცხოვრებელი შენობა-ნაგებობის დემონტაჟის ფაქტს. თბილისის მუნიციპალური ინსპექციის განცხადების თანახმად, აფრიკის დასახლებაში 12 შენობა-ნაგებობის უნებართვოდ განთავსების შემთხვევა იქნა გამოვლენილი, რაც საფუძვლად დაედო ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან გატარებულ დემონტაჟის ღონისძიებებს.

უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყანაში უსახლკარო პირის სრულფასოვანი საკანონმდებლო განმარტების არარსებობა და აღნიშნულ პირთა შესახებ ზუსტი სტატისტიკის არქონა სისტემურ გამოწვევას წარმოადგენს, რაზეც წლებია ვსაუბრობთ. ამასთანავე, გამოწვევაა უსახლკარო პირთა თავშესაფრით უზრუნველყოფის საკითხი. მართალია თბილისში ფუნქციონირებს ლილოს თავშესაფარი, სადაც არის თავისუფალი ადგილები, თუმცა იქ არსებული ფართები არ არის გათვლილი ოჯახების, მათ შორის არასრულწლოვანი პირებისთვის.

უმძიმესი იყო მედიაში გავრცელებულ კადრებში იმ ოჯახების ხილვა, რომელთა საცხოვრებელი სახლებიც თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის დავალებით დემონტაჟს დაექვემდებარა. დაუშვებელია აღნიშნული პროცესები ადამიანის უფლებების დარღვევის ხარჯზე განხორციელდეს. კერძოდ, საცხოვრებელი სახლის დემონტაჟი, რა თქმა უნდა, დაკავშირებულია პირების უსახლკაროდ დარჩენის რისკებთან, რაც წარმოშობს სახელმწიფო მხრიდან აღნიშნული რისკების შეფასების და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი თავშესაფრით უზრუნველყოფის მიზნით ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მხარდამჭერი ზომების შეთავაზების აუცილებლობას. აქვე, ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტს, რომ ზამთრის პერიოდში დემონტაჟის ღონისძიებების განხორციელება წარმოშობს არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის რისკებს. აღნიშნულს ემატება, პანდემიიდან გამომდინარე საფრთხეებიც.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის მერიას მოვუწოდებ გაკეთოს ოფიციალური განცხადება, რომელიც მოცემული იქნება ამომწურავი ინფორმაცია რა ღონისძიებები იქნა და იქნება გატარებული იმ ოჯახების უსახლკარობისგან დაცვის მიზნით, რომელთა საცხოვრებელი სახლების დემონტაჟს დაექვემდებარა.

რაც შეეხება თავად დემონტაჟის კანონიერებას, მართალია, ხელისუფლებას გააჩნია უნებართვო მშენებლობების დემონტაჟის უფლება, თუმცა დაუშვებელია აღნიშნული პროცესები ადამიანის უფლებების დარღვევის ხარჯზე განხორციელდეს. სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის აღნიშნული პროცესის კანონიერების საკითხს,” – აცხადებს ნინო ლომჯარია

“სახელმწიფოს პრინციპული პოზიციაა, რომ მიწების დატაცება და უკანონო მშენებლობები არ იყოს დაშვებული” – კახა კალაძე

დედაქალაქის მერმა სპეციალურ ბრიფინგზე განცხადება გააკეთა თბილისის მუნიციპალური ინსპექციის მიერ აფრიკის დასახლებაში განხორციელებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟის ფაქტთან დაკავშირებით. კახა კალაძე აცხადებს, რომ აღნიშნული დემონტაჟი განხორციელდა დატაცებულ მიწაზე და ეს შეეხო უკანონოდ მშენებარე რამდენიმე შენობა-ნაგებობას:

თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ, დღეს, სამგორის რაიონში, დატაცებულ მიწაზე, უკანონოდ მშენებარე რამდენიმე მშენებლობის დემონტაჟი დაიწყო. კიდევ ერთხელ, ხაზი მინდა გავუსვა, დატაცებულ მიწაზე, უკანონოდ მშენებარე რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი დაიწყო. ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სამშენებლო სამართალდამრღვევის 12 ფაქტი გამოვლინდა. მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალურმა ინსპექციამ რამდენჯერმე გააფრთხილა კანონდამრღვევები როგორც სიტყვიერად, ისე წერილობით, სამწუხაროდ, გაფრთხილებას რეაგირება არ მოჰყოლია, რომ მათ თავადვე განეხორციელებინათ დემონტაჟი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მუნიციპალურმა ინსპექციამ კანონის შესაბამისად დემონტაჟის პროცესი დაიწყო.

ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ქვეყანაში ძალიან ბევრ ადამიანს უჭირს, გვყავს ბევრი ადამიანი, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ჩვენი თანადგომა და მხარდაჭერა, მაგრამ ეს ადამიანები პატივს სცემენ კანონს, შეზღუდვებს, რეგულაციებს, ყველაფერს იმას, რაზეც დგას სახელმწიფო. რომ არა კანონისადმი პატივისცემა დღეს ყველა ეს ადამიანი შეძლებდა სახლის უკანონოდ აშენებას და თქმას, რომ ეს მისი საკუთრებაა და მას არ უნდა შევეხოთ. ეს არის უსამართლობა და არავინ, არცერთი კანონმორჩილი მოქალაქე არ დაეთანხმება მსგავს უკანონობას.

ჩვენ კარგად გვესმის, რომ ქვეყანაში სახარბიელო სოციალური ფონი კვლავ არ არის, განსაკუთრებით პანდემიის პირობებში, თუმცა, სახელმწიფოს კუთვნილი მიწების დატაცება, მოპარვა წახალისებული არ და ვერ იქნება, ყოველ შეთხვევაში ჩემი მერობის პირობებში.

ფაქტია, რომ ბოლო წლებში მოქალაქეებმა, რომელთაც აქვთ უძრავი ქონება რეგიონებში, ასევე, ზოგს სხვის სახელზეც უფიქსირდება ქონება, დაიწყეს უკანონო მშენებლობები თბილისში სახელმწიფო მიწებზე. ეს მიწა არ არის კერძო პირის საკუთრება, ეს არის ჩვენი, თითოეული ამ ქვეყნის მოქალაქის ქონება და ეს პროცესი ამ ფორმით ვერ გაგრძელდება.

გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი რომ საქმე გვაქვს თაღლითურ სქემასთან, რომლის უკან დგანან გარკვეული პირები, რომლებიც ეკონომიკური სარგებელის მიღების მიზნით უბიძგებენ მოქალაქეებს კანონდარღვევისკენ. თბილისის მერია შესაბამის უწყებას მიაწვდის ყველა მასალას, რათა დაიწყოს საქმის მოკვლევა.

ამ ადამიანებმა ძალიან კარგად იციან, რომ ორივე ქმედება –  მიწების დატაცება და უკანონო მშენებლობა არის კანონით დასჯადი, თუმცა, ისინი არ ითვალისწინებენ არცერთ გაფრთხილებას და აგრძელებენ ამ უკანონო ქმედებებს.

ყველასთვის ცნობილია, თუ რა სასჯელს ითვალისწინებს დანაშაული,  ადამიანმა 200-300 ლარი რომ მიითვისოს უკანონოდ. ამავე დროს სახელმწიფო მიწების მიტაცება არათუ დანაშაულად ითვლება, პირიქით, ეს ადამიანები პრეტენზიას უყენებენ სახელმწიფოს. სწორედ ამიტომ, ჩვენ გვიწევს ამ მშენებლობების დემონტაჟი, რადგან პროცესის შეჩერება სხვაგვარად შეუძლებელია.

ასევე, გვინდა გამოვეხმაუროთ პოლიტიკური პარტიების მიერ გაკეთებულ ცილისმწამებლურ, სამარცხვინო  უფრო მეტიც, დანაშაულებრივ განცხადებებს, თითქოს მერიამ ხალხი გამოიყვანა დასრულებული სახლებიდან და ღია ცის ქვეშ დატოვა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არცერთი ნაგებობა, რომელიც დემონტაჟს დაექვემდებარა, არ იყო დასრულებული და მასში არ ცხოვრობდნენ ადამიანები. ეს შეგვიძლია ვნახოთ ფოტომასალაზე, შენობა-ნაგებობაზე თქვენ დაინახავთ თეთრ ფურცლებს, ეს არის ის წერილობითი მოთხოვნები დემონტაჟთან დაკავშირებით, რომელიც მუნიციპალურმა ინსპექციამ გაავრცელა.

სახელმწიფოს პრინციპული პოზიციაა, რომ მიწების დატაცება და უკანონო მშენებლობები არ იყოს დაშვებული და თუ სადმე მსგავსი ქმედება ხორციელდება, აღიკვეთოს.

რაც შეეხება იმ მოქალაქეებს, რომლებსაც არ გააჩნიათ საცხოვრებელი, თბილისის მერიაში მოქმედებს სპეციალური პროგრამა, რომლის წლიური ბიუჯეტი შეადგენს დაახლოებით, 7 მილიონ ლარს. ჩვენ ყოველწლიურად ასეთ ადამიანებს, ასეთ ოჯახებს ვეხმარებით, ვისაც საცხოვრებელი არ გააჩნია,  გაგვყავს ქირით და რა თქმა უნდა, მომავალშიც ამ პროგრამის განხორციელებას ვაპირებთ, რომ მაქსიმალურად დავეხმაროთ იმ ოჯახებს, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს.

ასევე, ხაზი მინდა, გავუსვა იმ გადაწყვეტილებას, რომ 350 მილიონი იქნება 2021 წლის ბიუჯეტი ზუსტად სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით. ეს, რა თქმა უნდა. იმისთვის, რომ კარგად გვესმის არსებული სოციალური ფონი, არსებული სოციალური მდგომარეობა პანდემიის პირობებში, რომელსაც მთელი მსოფლიო  ებრძვის და ჩვენი ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ არცერთი ადამიანი პრობლემების პირისპირ არ დავტოვოთ, ყველას დავეხმარებით, ყველას გვერდით დავუდგებით, მაგრამ კანონი ყველასთვის უნდა იყოს უზენაესი,” – აცხადებს კახა კალაძე.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

“არსებითად რჩება მთავრობის იგივე შემადგენლობა, რომელიც მუშაობდა აქამდე” – ირაკლი კობახიძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კობახიძე მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ გიორგი გახარიას კაბინეტის შემადგენლობა არსებითად არ შეიცვლება:

ჩვენ, პირველ რიგში, პრემიერის პოზიციას ველოდებით. პრემიერთან გვექნება შეხვედრა, უახლოეს რამდენიმე დღის განმავლობაში. მისგან მოვისმენთ მის შეხედულებას მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით. ამის საფუძველზე შედგება განხილვა საპარლამენტო უმრავლესობის ფორმატში და ერთობლივად მივიღებთ გადაწყვეტილებას მთავრობის შემადგენლობის ფორმირებასთან დაკავშირებით.

არსებითად რჩება მთავრობის იგივე შემადგენლობა, რომელიც მუშაობდა აქამდე. რაც შეეხება ცალკეულ ცვლილებებს, იუსტიციის ნაწილშია ჯერჯერობით გამოკვეთილი, რომ ცვლილება იქნება, სხვა რაიმე ინფორმაცია, ცვლილებასთან დაკავშირებით, არ არსებობს. აქედან გამომდინარე ჩვენ დაველოდებით პრემიერის პოზიციას. რაიმე მნიშვნელოვან ცვლილებას, მათ შორის, ჯანდაცვის ნაწილში ჩვენ არ ველოდებით“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

კახა კალაძე: მომღერლები ცუდ მდგომარეობაში არიან და ისინი მონაწილეობას მიიღებენ საახალწლო კონცერტებში

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მომღერლები მონაწილეობას მიიღებენ საახალწლო კონცერტებში, რომლებიც, საახალწლოდ, საშობაოდ და ძველით ახალ წელს გაიმართება. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა.

როგორც თბილისის მერმა განმარტა, პანდემიამ კულტურის სფეროს მწვავე პრობლემები შეუქმნა. მისი თქმით, ამ ვითარებაში საჭიროა სოლიდარობა.

კულტურის სფეროს წამომადგენლები თქვენთვის ადამიანები არ არიან? არ მიგაჩნიათ ადამიანებად და თქვენ გგონიათ, მათ არ აქვთ პრობლემები? ერთ-ერთი მიმართულება, რომელსაც სერიოზული პრობლემები შეექმნა, არის კულტურის სფერო. მე ადამიანებს არ დავტოვებ მარტო ამ პრობლემების პირისპირ. მაქსიმალურად ექნებათ ჩვენგან ხელშეწყობა და თანადგომა. როდესაც ვსაუბრობთ სოლიდარობაზე, მნიშვნელოვანია, ამ რთულ ვითარებაში ერთმანეთს დავუდგეთ გვერდში. მომღერლები არიან ცუდ მდგომარეობაში და ისინი მიიღებენ საახალწლო კონცერტში მონაწილეობას, რათა, ამ რთულ ვითარებაში, მოსახლეობას შეუქმნან კარგი განწყობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განცახდებით, კონცერტები ასევე გაიმართება შობას და ძველით ახალ წელს.

ეს არ არის ერთი კონცერტი. კონცერტები გაიმართება ასევე შობას და ძველით ახალ წელს. ყველას ანაზღაურება მოხდება. გარდა ამისა, 2021 წლის ბიჯეტში გამოყოფილია 350 მილიონი, ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით, რომ მაქსიმალურად დავეხმაროთ და ხელი შევუწყოთ იმ ოჯახებს, იმ ადამიანებს, ვისაც გაუჭირდა ამ რთულ პერიოდში“,- განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს