ორშაბათი, ივლისი 28, 2025
30.8 C
Tbilisi
Home Blog Page 1620

ვაზიანის სამხედრო ბაზიდან გაუჩინარებული ჯარისკაცი ნაპოვნია – შსს

ვაზიანის სამხედრო ბაზიდან გაუჩინარებული ჯარისკაცი, თეიმურაზ გიუნაშვილი 4 დღის ძებნის შემდეგ იპოვეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს უწყება ავრცელებს და აცხადებს რომ თავდაცვის სამინისტროს საკონტრაქტო მოსამსახურე თბილისში იპოვეს და ის თავს კარგად გრძნობს. რამდენიმე საათით ადრე კი თავდაცვის სამინისტრომ ვიდეომასალა და კონკრეტული ინფორმაცია გაავრცელა შესაბამის განმარტებასთან ერთად, იმის თაობაზე, რომ აღნიშნულმა პიროვნებამ განაწესის შეცვლის შემდეგ ისარგებლა კონტრაქტით გათვალისწინებული დათხოვნის უფლებით და დატოვა სამხედრო ნაწილის ტერიტორია:

 „შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციასთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული ინტენსიური სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თავდაცვის სამინისტროს საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე თ.გ. თბილისში იპოვეს.

სამხედრო მოსამსახურე თ.გ. 21 დეკემბერს 09:00 სთ-მდე იმყოფებოდა განწესში და ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას, ხოლო განაწესის შეცვლის შემდეგ ისარგებლა კონტრაქტით გათვალისწინებული დათხოვნის უფლებით და დატოვა სამხედრო ნაწილის ტერიტორია.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს.

სამხედრო მოსამსახურე თავს კარგად გრძნობს და გამოკითხვის მიზნით პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი“, – წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში

შეგახსენებთ, რომ გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები, თეიმურაზ გიუნაშვილი, ვაზიანის სამხედრო ბაზიდან 20 დეკემბერს გაუჩინარდა და ოჯახის ინფორმაციით, ის ბაზაზე 28 დეკემბრამდე უნდა ყოფილიყო.

ავტორი
ნინი შავლაძე

2020 წლის იანვარ-ნოემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 14.6 პროცენტით ნაკლებია საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა – საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტო 2020 წლის (იანვარი-ნოემბერი) საგარეო ვაჭრობის შესახებ წინასწარ მონაცემებს ვებგვერდზე აქვეყნებს. გამოქვეყნებული მონაცემებიდან ჩანს, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვის 14.6%-ით კლებაა დაფიქსირებული:

2020 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10 202.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 14.6 პროცენტით ნაკლებია. აქედან ექსპორტი 3 016.4 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (11.3 პროცენტით ნაკლებია), ხოლო იმპორტი 7 186.0 მლნ. აშშ დოლარს (15.9 პროცენტით ნაკლებია). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2020 წლის იანვარ-ნოემბერში, 4 169.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.9 პროცენტია.

საგარეო ვაჭრობის ზოგადი მაჩვენებელი ბოლო ექვსი წლის განმავლობაში კი ასე გამოიყურება:

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2020 წლის იანვარ-ნოემბერში უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი (445.9 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (399.6 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (396.6 მლნ. აშშ დოლარი), ხოლო საიმპორტო პარტნიორების პირველ სამეულში შედის: თურქეთი (1 257.9 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (789.1 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (646.3 მლნ. აშშ დოლარი).

2020 წლის მონაცემებით, ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები ასე გადანაწილდა: თურქეთი (1 429.3 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (1 185.7 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (1 092.2 მლნ. აშშ დოლარი).

უმსხვილესი საექსპორტო და საიმპორტო საქონლის ათეული 2020 წლის მონაცემებით:

 

საქონლით საგარეო ვაჭრობა ვიდეორგოლში

ავტორი
ნინი შავლაძე

დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 489 ფაქტი გამოვლინდა სამართალდამცველების მიერ ბოლო 24 საათის განმავლობაში

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ:

სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 489 ფაქტი გამოვლინდა.

პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 89 ფიზიკური პირი დააჯარიმა.

დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 400 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.

საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს.

პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42(11) -ე მუხლის შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით.

იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

სამხედრო მოსამსახურე თეიმურაზ გიუნაშვილმა ისარგებლა კონტრაქტით გათვალისწინებული დათხოვნის უფლებით და დატოვა სამხედრო ნაწილის ტერიტორია – თავდაცვის სამინისტრო

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე თეიმურაზ გიუნაშვილთან დაკავშირებით:

საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე თეიმურაზ გიუნაშვილი მსახურობს თავდაცვის ძალებში, მე-4 მექანიზებულ ბრიგადაში. აღნიშნული სამხედრო პირი 21 დეკემბერს 09:00 სთ-მდე იმყოფებოდა განწესში და ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას, ხოლო განწესის შეცვლის შემდეგ ისარგებლა კონტრაქტით გათვალისწინებული დათხოვნის უფლებით და დატოვა სამხედრო ნაწილის ტერიტორია, რაც დასტურდება პატაკითა და გამშვები პუნქტის სათვალთვალო ვიდეო კამერებით.

22 დეკემბერს, როდესაც აღნიშნული პირი შესაბამის დროს არ გამოცხადდა სამხედრო ნაწილში, მისმა უშუალო მეთაურმა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დროულად განახორციელა სატელეფონო ზარები ოჯახის წევრებთან და ნათესავებთან.

ამ დროისთვის, თავდაცვის სამინისტრო სრულ კოორდინაციაშია შესაბამის უწყებასთან სამხედრო მოსამსახურის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით“, – ნათქვამია განცხადებაში.

თუკი პოლიტიკური პარტია უგულებელყოფს მომრჩევლის ნებას, საბოტაჟს უცხადებს როგორც ამომრჩეველს, ასევე დემოკრატიის პრონციპს და პარლამენტს, როგორც კონსტიტუციურ ორგანოს, დაფინანსების მიზნობრიობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება – ანრი ოხანაშვილი

როდესაც ამომრჩეველმა გააკეთა საკუთარი არჩევანი და დაავალა კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას შესაბამისი ინტერესების წარმომადგენლობის განხორციელება, რაც არის დემოკრატიის პრინციპის მთავარი ფუნდამენტი, თუკი პოლიტიკური პარტია უგულებელყოფს ამომრჩევლის ნებას, უგულებელყოფს დემოკრატიის პრინციპს და საბოტაჟს უცხადებს როგორც ამომრჩეველს, ასევე დემოკრატიის პრონციპს და პარლამენტს, როგორც კონსტიტუციურ ორგანოს, დაფინანსების მიზნობრიობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება“, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც „პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების განხილვა მიმდინარეობდა. მისი თქმით, კანონპროექტი არ ეხება დღემდე წარმოშობილ ურთიერთობებს.

აქ შეიძლება დაისვას კითხვა, რამდენად ვანიჭებთ კანონპროექტით უკუძალას იმ წარმოშობილ ურთიერთობებს, რომელიც აქამდე არსებობდა. დღეს, ყველა პოლიტიკური პარტია, რომელმაც განაცხადი შეიტანა ცესკო-ში და მოიპოვა დაფინანსება, ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და წარმოდგენილი კანონპროექტითაც არ არის გათვალისწინებული დეკემბრის თვეში ან მომდევნო თვეებში პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტა. ეს ნიშნავს იმას, რომ კანონპროექტი დაარეგულირებს შემდგომში წარმოშობილ ურთიერთობებს და კიდევ მომდევნო 6 თვის განმავლობაში პოლიტიკური პარტიები მიიღებენ დაფინანსებას. ჩვენ ამ დაფინანსებას არავის ვუწყვეტთ, თუმცა საუბარი იქნება, თუ რამდენად მიზნობრივი იქნება სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიხარჯოს თანხა რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური პარტიისთვის. ჩვენ ვსაუბრობთ დემოკრატიულ პროცესზე, გრძელვადიან დემოკრატიულ პერსპექტივაზე, უნდა ჰქონდეს თუ არა პოლიტიკურ პარტიას დაფინანსება, რომელიც საბოტაჟს უცხადებს საკუთარ ამომრჩეველს დემოკრატიულ პრინციპებს და საკონსტიტუციო ორგანოს – პარლამენტს“, – განმარტა ანრი ოხანაშვილმა.

“გემრიელი აჭარა” – აჭარული სამზარეულოს პირველი საიმიჯო ვიდეორგოლი

„გემრიელი აჭარა“ – ასე ჰქვია აჭარული სამზარეულოს ახალ საიმიჯო ვიდეორგოლს, რომელიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ტრადიციული აჭარული კერძების პოპულარიზაციის მიზნით გადაიღო. ვიდეორგოლში ლაზური, მთიანიაჭარისა და ქობულეთური სამზარეულოსთვის დამახასიათებელი ნაკლებცნობილი კერძები და დესერტებია წარმოჩენილი. კლიპის გადაღებები აჭარის ტურისტულად მიმზიდველ ადგილებში ცნობილი ქართველი შეფმზარეულების ჩართულობით შემოდგომაზე მიმდინარეობდა. აჭარული სამზარეულოს მთავარი საპრომოციო კლიპის გარდა, ცალკ-ცალკე მომზადდა ლაზური, ქობულეთური და მთიანი აჭარის საიმიჯო ვიდეორგოლები, რომლებიც ონლაინ სივრცეში ეტაპოპრივად ჩაეშვება.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონში კულინარიის განვითარების მიზნით, ასევე მოამზადა ვიდეოგაკვეთილები და ფოტორეცეპტები, სადაც აჭარული კერძების მომზადებასა და სერვირებას ცნობილი შეფმზარეულები ადგილობრივ მზარეულებთან ერთად უზრუნველყოფენ. საიმიჯო რგოლების, ვიდეორგაკვეთილების, ფოტორეცეპტების, ისევე როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ტრენინგ-სემინარების ნახვა მსურველებს სერვისების ახალ ონლაინპლატფორმაზე იანვრიდან შეეძლებათ.

ძალიან ნაყოფიერი პროექტი გამოვიდა, რომლის მთავარი მიზანიც ერთის მხრივ აჭარულის სამზარეულოს შესახებ ცნობადობის გაზრდა, მეორეს მხრივ კი რეგიონში კულინარიის განვითარების ხელშეწყობაა. ოთხივე ვიდეორგოლი, ეფექტურად ასახავს იმ მრავალფეროვნებას და სიმდიდრეს, რაც აჭარულ სამზარეულოს აქვს. ჩვენი თითოეული კუთხისთვის დამახასიათებელი სამზარეულო, იქნება ეს ლაზური, ქობულეთური თუ მთიანი აჭარის კულინარია, საჭიროებს პოპულარიზაციას და რეგიონის სტუმრებისთვის მენიუს სახით შეთავაზებას. ახალი საიმიჯო რგოლები, რომელთა ჩაშვებასაც შიდა და საერთაშორისო ტურისტულ ბაზრებზე ვგეგმავთ სწორედ, ამ მიზანს ემსახურება. პროექტის ფარგლებში მომზადებული ფოტორეცეპტებით, ვიდეოგაკვეთილებითა და მასტერკლასებით ნებისმიერ ადამიანს, იქნება ეს დარგის წარმომადგენელი თუ უბრალოდ, ჩვენი კერძებით დაინტერესებული პირი, საშუალება ექნება ისწავლოს მათი მომზადება და სტუმრისთვის შეთავაზება. პროექტში ჩართულმა ყველა ადამიანმა, ცნობილმა შეფმზარეულებმა, ადგილობრივმა მზარეულებმა, ეთნოგრაფმა, სერვისის ექსპერტმა, გადამღებმა ჯგუფმა, ორგანიზატორებმა თუ ტექნიკურმა პერსონალმა მაქსიმალური შრომა ჩადო ამ პროექტში და შედეგმაც არ დააყოვნა,“ – განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძემ.

პროექტზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის დაკვეთით ქართული სამზარეულოს, ქართული კულინარიის განვითარებისა და პოპულარიზაციის ასოციაციამ იმუშავა. ვიდეორგოლები კი სარეკლამო კომპანიამ „რედპოინტი“ გადაიღო. გაერთიანებული საიმიჯო რგოლის მუსიკა აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლს “არსიანი” ეკუთვნის, ლაზური, ქობულეთური და მთიანი აჭარის კლიპებისთვის კი მუსიკა ჯგუფმა „ინსაითი“ დაწერა. პროექტზე ცნობილმა შეფმზარეულებმა მიშა ავსაჯანიშვილმა, გურამ ბაღდოშვილმა, დადუნა ღლონტმა, ასევე ადგილობრივმა მზარეულებმა რომა კაკაბაძემ, როინ ფაღავამ და გოგა ზანაქიძემ იმუშავეს. კერძების სერვირებაზე საერთაშორისო ტრენერმა ანდრია ქურასბედიანმა, ეთნოგრაფიაზე კი ნოდარ შოშიტაიშვილმა ისაუბრა.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს

“როგორც პარლამენტი არის ერთპარტიული, ასევე გვეყოლება ერთპარტიული საარჩევნო ადმინისტრაცია” – ანა კობახიძე

,,სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, პარტიის საარჩევნო და სამართლებრივი საკითხების მიმართულების ხელმძღვანელმა, ანა კობახიძემ სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ როგორც პარლამენტია ერთპარტიული, იგივე შეიძლება მოხდეს საარჩევნო ადმინისტრაციასთან მიმართებაშიც. იგი, ასევე, აღნიშნავს რომ, ოპოზიციამ კონკრეტული სქემა შესთავაზა ხელისუფლებას, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით, თუმცა ვარაუდობს, რომ ცესკო-საც ისეთივე ბედი ეწევა, როგორიც პარლამენტს:

  • მას შემდეგ, რაც მოხდა პარლამენტის უფლებამოსილება ცნობა, დაიწყო საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმირება და დაკომპლექტება, საარჩევნო კოდექსიის შესაბამისად, როგორია თქვენი შეფასება?

– მოქმედი საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, რადგანაც რეალურად პარლამენტი არის ერთპარტიული, ასეთივე გვეყოლება საარჩევნო ადმინისტრაციაც.

საარჩევნო კოდექსში პირდაპირ წერია: საარჩევნო კომისიაში წევრი შეიძლება ჰყავდეს იმ პარტიას, რომელიც ფრაქციას შექმნის პარლამენტში. ამ შემთხვევაში, განსაზღვრული ფორმულის შესაბამისად, გამოდის რომ ,,ქართულ ოცნებას”, ყველა დონის საარჩევნო კომისიაში, ეყოლება 3 წევრი და ასევე 3 წევრი ეყოლებოდა გაერთიანებულ ოპოზიციას “ძალა ერთობაშია”-საც, რადგანაც ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებული შედეგების თანახმად, მათ შეეძლებოდათ ფრაქციის შექმნა, ხოლო სხვა პოლიტიკურ სუბიექტებს არა. თუმცა, როგორც ცნობილია, ხელისუფლებასთან კონკრეტული შეთანხმების მიღწევის გარეშე, ოპოზიცია არ შედის პარლამენტში, შესაბამისად არც ფრაქციას შექმნის. აქედან გამომდინარე კომისიის წევრები არ ეყოლებათ. შესაბამისად, ადმინისტრაცია დაკომპლექტებული იქნება მხოლოდ “ქართული ოცნებისა” და ე.წ. ნეიტრალური წევრებისგან, რომელთა “ნეიტრალური” საქმიანობაც ნათლად ვიხილეთ წლების განმავლობაში.

ეს მიგვანიშნებს იმას, რომ როგორც პარლამენტი არის ერთპარტიული, ასევე გვეყოლება ერთპარტიული საარჩევნო ადმინისტრაცია. რაც სერიოზული პრობლემაა. ამის თაობაზე საუბარია ეუთო/ოდირს რეკომენდაციაში, ასევე ადგილობრივი სამთავრობო ორგანიზაციების შეფასებებსა თუ პოლიტიკური პარტიების პრეტენზიებში.

იმის გათვალისწინებით, რაც არჩევნების დროს მოხდა საარჩევნო კომისიებში და მსგავსი არ განმეორდეს, სრულიად ოპოზიციას შეთავაზებული აქვს წინადადებათა კონკრეტული პაკეტი, რომელიც მოიცავს საარჩევნო კოდექსში მნიშვნელოვან ცვლილებებს. ვიმედოვნებთ რომ, ოპოზიციის მიერ შეთავაზებული ყველა პუნქტი სრულფასოვნად და სწრაფად იქნება გათვალისწინებული და იგივე საარჩევნო ადმინისტრაცია არ დარჩება,  ზუსტად იგივე პრობლემებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზეც.

 

  • ოპოზიცია რაში ხედავთ გამოსავალს?

– ჩვენ წარდგენილი გვაქვს შეთავაზება, რომ ადმინისტრაცია დაკომპლექტდეს ყველა იმ პარტიის წარმომადგენლებით, რომლებმაც, თუნდაც, ცესკო-ს მიერვე დათვლილი შედეგების მიხედვით გადალახეს ბარიერი. ხოლო, რაც შეეხება ნეიტრალურ წევრებს, ისინი უნდა შეირჩნენ კომპეტენტური არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით, რომ აღარ არსებობდეს კითხვები მათ ნეიტრალურობასთან დაკავშირებით.

 

  • თქვენი აზრით, გაითვალისწინებს თუ არა ხელისუფლება ამ შეთავაზებას?

– ხელისუფლებას მოუწევს შეთავაზების გათვალისწინება, რადგანაც დღეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დაკომპლექტებული საარჩევნო კომისიები ქვეყნისთვის ისეთივე დიდი უსამართლობა იქნება, როგორიც საარჩევნო ადმინისტრაცია – ერთპარტიული და ერთპარტიული პარლამენტი.

შეგახსენებთ, რომ ,,სტრატეგია აღმაშენებელმა”, სხვა ოპოზიციური პარტიების მსგავსად, ხელისუფლებასთან შეთანხმების მიღწევამდე, ბოიკოტი გამოაცხადა და უარი თქვა პარლამენტში შესვლაზე.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

“ლეიბორისტულ პარტიას” აქვს არა 7%-იანი მხარდაჭერა, არამედ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერა – შალვა ნათელაშვილი

“ლეიბორისტული პარტიის” თავმჯდომარე, შალვა შათელაშვილი არჩევნების შედეგებს უნდობლობას უცხადებს და მიაჩნია, რომ მისი პარტიის მიმართ არა თუ 7%-იანი, არამედ მოსახლეობის აბსოლიტური უმრავლესობის მხარდაჭერაა:

“ლეიბორისტული პარტია” – იდეა, საუკუნეები იარსებებს და მას აქვს არა 7%-იანი მხარდაჭერა, არამედ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერა, იმ ხალხისა, ვისაც უნდა იცხოვროს დემოკრატიულ, სოციალურად თანასწორ, მხრებგაშლილ საქართველოში და ასეთია ჩვენი ხალხის უმრავლესობა და ამ იდეის მატარებელია “ლეიბორისტული პარტია”.

ბოიკოტი ნიშნავს იმას, რომ სხდომებზე არ უნდა იარო, მაგრამ საპარლამენტო დაფინანსება პიროვნებას და დეპუტატს ეკუთვნის. დღეს პარლამენტიდან გამოვედით და შესაბამისად, არც ხელფასი არ გვეკუთვნის,“ – აცხადებს შალვა ნათელაშვილი.

“კანონპროექტთა პაკეტის ზოგადი მიზანი არის პასუხის გაცემა საბოტაჟზე, რომელიც ხორციელდება პარლამენტზე კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხრიდან” – ირაკლი კობახიძე

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტთა პაკეტის ზოგადი მიზანი არის პასუხის გაცემა საბოტაჟზე, რომელიც ხორციელდება პარლამენტზე კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხრიდან. ესენი არიან რადიკალური ოპოზიციური პარტიები და მათი შანტაჟის და ბულინგის ქვეშ მოქმედი პოლიტიკური პარტიები“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, საბოტაჟი ბოიკოტისგან განსხვავებით, თავისი არსით ანტისისტემური მოვლენაა, რომელიც კონსტიტუციური წესრიგის და ქვეყნის მთავარი დემოკრატიული ინსტიტუტის – პარლამენტის წინააღმდეგაა მიმართული. „შესაბამისად, ქმედებას, რომელიც მიმართული არის კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ, სჭირდება შესაბამისი პასუხი კანონმდებლობის მხრიდან. სწორედ ეს პასუხია ასახული იმ პაკეტში, რომელიც არის წარმოდგენილი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, როდესაც პარლამენტის საბოტაჟი ხორციელდება აქ შეიძლება ორი ალტერნატიული პასუხი იყოს მოაზრებული. „ასეთ დროს პარტიამ შეიძლება აღიაროს არჩევნების გაყალბება, რაც ბუნებაში არ მომხადარა. ეს იქნებოდა პირველი თეორიული პასუხი ასეთ საბოტაჟზე. რაც შეეხება გაყალბებას, პოლიტიკურ პარტიებს ჩვენ არა ელრთხელ, შევთავაზეთ არჩევნების შედეგების გადამოწმება სხვადასხვა ფორმით მათ შორის, შევთავაზეთ 1500-მდე საარჩევნო უბნის გადათვლა, რაზეც მივიღეთ უარი პირველ რიგში, იმ პოლიტიკური პარტიებისგან, რომლებიც თვითონ იყვნენ წარმოდგენლი საარჩევნო უბნებში კომისიის წევრების სახით. მათ ყველაზე კარგად იციან, რომ რეალურად, არაფერი გაყალბებულა საარჩევნო უბნებზე ანუ გათათვლაზე მივიღეთ უარი. ასევე კამერების ჩანაწერების ნახვა, რაც არის უტყუარი დასტური იმისა რომ „კარუსელები“ საარჩევნო უბნებზე არ ყოფილა, ამაზეც მივიღეთ კატეგორიული უარი, იმავე პოლიტიკური პარტიების მხრიდან. ასევე, შევთავაზეთ, სატელევიზიო დებატები ყველა საკითხთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდებოდა არჩევნებს, ყველა საკითხთან დაკავშირებით შევთავაზეთ დებატები, მათ შორის, სატელევიზიო დებატები თუმცა, ამაზეც მივიღეთ კატეგორიული უარი. ამას აქვს მარტივი მიზეზი. რეალურად ოპოზიციას არ აქვს არავითარი მტკიცებულება იმისა, რომ რაიმე ტიპის სისტემურ თუნდაც, არა სისტემურ მანიპულაციას ჰქონდა ადგილი ამ საპარლამენტო არჩევნებზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, ერთადერთი რაც რჩება, ეს არის ოპოზიციის აღქმები ამ არჩევნებთან დაკავშირებით, რაც გამყარებულია პოლიტიკოსების ციტატებით.

„ნაციონალური მოძრაობა“ ამტკიცებს, რომ მათ აიღეს მინიმუმ 35%, მათი ლიდერის შესაბამისი განცხადება შეგიძლიათ იხილოთ. „პატრიოტთა ალიანსის“ აღქმა არის, რომ მათ მიიღეს მინიმუმ 23%. ესეც არის მათი ლიდერების ციტატა.

„ლეიბორისტული პარტია“ გარდაცვალების შემდეგაც იღებს 7%-ზე მეტს, ამ არჩევნებზე შალვა ნათელაშვილს და მის ლეიბორისტულ პარტიას აქვთ მინიმუმ 7% აღებული. „ლელო“ ამტკიცებს, რომ მათ ორჯერ მეტი აქვთ აღებული ვიდრე ეს არჩევნების შედეგებმა აჩვენა, ანუ გამოდის 6%. იგივეს ამბობს გიორგი ვაშაძეც, ანუ მასაც აქვს აღებული3-ის მაგივრად 6%. ევროპული საქართველო ციფრებს არ ასახელებს ცოტა მეტი გამჭრიახობა გამოავლინეს ამ კუთხით თუმცა, თუ ისინი საუბრობენ იმას, რომ არჩევნები სისტემურად გაყალბდა, 4-ის მაგივრად მინიმუმ 5% უნდა ჰქონდეთ აღებული. ბურჯანაძე ამტკიცებს რომ 1%-ის მაგივრად აღებული აქვს მინიმუმ 5%. „გირჩი“ ამბობს რომ მათთვის არაფერი წაურთმევიათ უბრალოდ ჩვენ მივითვისეთ. დავტოვოთ 3% და მოქალაქეებიც დაახლოებით იგივეს ამბობენ დავტოვეთ აქაც 1%. სხვა პოლიტიკური პარტიებს, რომელთაც აქვთ აღებული ნახევარი პროცენტი, ბევრი მათგანი ამტკიცებს იმას, რომ მათ გადალახული აქვთ საარჩევნო ბარიერი. აქაც ავიღოთ 6-ის მაგივრად 9%. ამ ყველაფრის ჯამი არის 100%. ანუ ოპოზიცია ამტკიცებს, რომ მათ ამ არჩვენებში აღებული აქვთ 100% და გამოდის, რომ „ქართული ოცნება“ ბუნებაში არ არსებობს და არსებობს მხოლოდ თამარ ჟვანიას ან ცესკოს ვირტუალურ აღქმაში.

თუ ჩვენ გვინდა, რომ გავყვეთ ამ არასერიოზულ მტკიცებას, ამ შემთხვევაში, შეგვიძლია ვაღიაროთ ის, რაც ბუნებაში არ არსებობს, ანუ არჩევნების გაყალბება, მაგრამ თუ ჩვენ გვინდა ვიყოთ სერიოზულები, ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, უნდა გავცეთ სათანადო პასუხი იმ პოლიტიკურ საბოტაჟს, რომელიც ხორციელდება რადიკალური ოპოზიციური პარტიების მხრიდან. შესაბამისად, საბოტაჟს უნდა დაუპირისპირდეს ერთადერთი რამ, ჩვენ სხვა ბერკეტი არ გვაქვს, ეს არის სამართლებრივი მექანიზმები და ზუსტად, ეს სამართლებრივი მექანიზმები არის ასახული წარმოდგენილი კანონპროექტების პაკეტში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, დამატებითი არგუმენტების სახით უნდა აღინიშნოს ის, რომ პარტია, რომელიც არ აღიარებს საპარლამენტო არჩევნებს, არ უნდა სარგებლობდეს არც იმ პრივილეგიებით, რომელიც ამ არჩევნებთან არის დაკავშირებული.

ეს არის უმარტივესი სამართლებრივი ლოგიკა, რომელიც არის ასახული კანონპროექტების პაკეტში. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ლოგიკას აღიარებს ზოგიერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია. „გირჩმა“ და „მოქალაქეებმა“ მწვავედ გააკრიტიკეს სხვა ოპოზიციური პარტიები. მათ პირდაპირ განაცხადეს, რომ თუ არ აღიარებ შენ არჩევნების შედეგებს, მაშინ არც დაფინანსება უნდა მოითხოვო. გამომდინარე იქიდან, რომ დაფინანსების მოთხოვნა არის არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობის ირიბი აღიარება, რაც არის აბსოლუტურად ლოგიკური. ჩვენ გვაქვს მოსაზრებების თანხვედრა ცალკეულ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან, ამ ლოგიკას ისინი იზიარებენ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს

ძნელია განასხვავო პოლიტიკური მებოიკოტეები დღეს მართლა მებოიკოტეები და პოლიტიკოსები არიან, თუ ქუჩის “საბოტაჟნიკები” – თეა წულუკიანი

მიზანმიმართული აღრევა ხდება იმისა, თითქოს ჩვენ პოლიტიკური ბოიკოტის გამო ვიღებთ ამ კანონს“,- ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს ორგანულ კანონის პროექტზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მსჯელობენ.

სავსებით ვეთანხმები ანრი ოხანაშვილს, რომ მიზანმიმართული აღრევა ხდება იმისა, თითქოს ჩვენ პოლიტიკური ბოიკოტის გამო ვიღებთ ამ კანონს. ასევე, არიან ძალები, რომლებიც აცხადებენ, თითქოს ირაკლი კობახიძეს ლექციები წაუკითხავს, შემდეგ ამ ლექციების შედეგად წიგნი შემდგარა. მე ბატონი ირაკლის ლექციები მომისმენია და მართლაც ძალიან საინტერესოა და წიგნები არა მხოლოდ შემდგარა, არამედ თავადაც დაუწერია და მრავლად. და ასაღებენ ისე, თითქოს სწორედ პოლიტიკური ბოიკოტის გამო მიიღება ეს კანონი, რაც არის მორიგი ყალბი ინფორმაცია და სიყალბე.

პოლიტიკური ბოიკოტი არის პოლიტიკური ცხოვრების ნაწილი, ჟესტი და მიუხედავად იმისა, რომ ქართულ რეალობაში ხანდახან ძნელია განასხვავო პოლიტიკური მებოიკოტეები დღეს მართლა მებოიკოტეები და პოლიტიკოსები არიან, თუ ქუჩის „საბოტაჟნიკები“. ეს ზღვარი ჩვენ უნდა გავავლოთ და ამაში ყველამ უნდა მივიღოთ მონაწილეობა და არა მხოლოდ იურიდიულმა კომიტეტმა. საქმე სინამდვილეში იმაშია, რომ ჩვენ საქმე გვაქვს ხალხთან, ვინც საკუთარ ამომრჩეველს უღალატა.

ჩვენ ეს მოგვწონს თუ არ მოგვწონს, „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი სხვადასხვა განყოფილების, იქნება ეს „ევროპული საქართველო“, „გირჩი“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ – მოგვწონს თუ არ მოგვწონს, მათ ჰყავთ ამომრჩეველი და ისინი არიან მრავლად. მათ ამ ამომრჩეველს უღალატეს და ის მანდატების ფული, უხეშად რომ დავარქვათ, რაც მათ არ აითვისეს, სწორედ ეს ერთმევათ მათ. თუ ისინი მანდატებს აითვისებენ, მაგრამ შემდგომ გამოაცხადებენ ბოიკოტს და არ ივლიან, რა თქმა უნდა, მათ არ შეუწყდებათ დაფინანსება, თუმცა ეს ასეც არ იქნება, ჩემი აზრით, მისასალმებელი საქციელი. ამიტომ, ეს ზღვარი რომ გაივლოს მკაფიოდ, ამაზე თქვენთან ერთად ჩვენ ალბათ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს