შაბათი, აგვისტო 2, 2025
35.8 C
Tbilisi
Home Blog Page 1611

“ქართული ოცნების” მე-6 ყრილობა: არჩეულია პარტიის ახალი თავმჯდომარე და პოლიტიკური საბჭო

როგორც ცნობილია 11 იანვარს მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა თანამდებობისა და პარტიის დატოვების თაობაზე განცხადება გაავრცელა, შესაბამისად გადაწყდა, რომ 16 იანვარს გამართულიყო პარტიის რიგგარეშე ყრილობა.

დღეს გაიმართა “ქართული ოცნების” მე-6 ყრილობა. ყრილობამ პარტიის თავმჯდომარედ აირჩია ირაკლი კობახიძე, გენერალურ მდივნად კახა კალაძე, ხოლო პარტიის თავმჯდომარის მოადგილედ ვასილ მაღლაფერიძე. არჩეულია ასევე პარტიის 21 წევრისგან შემდგარი პოლიტიკური საბჭო, სადაც შევიდნენ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ შემდეგი წევრები:

🔹 ირაკლი კობახიძე – მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე
🔹 კახა კალაძე – პარტიის გენერალური მდივანი და პოლიტიკური საბჭოს წევრი
🔹 ვასილ მაღლაფერიძე – პარტიის თავმჯდომარის მოადგილე და პოლიტიკური საბჭოს წევრი
🔹 გიორგი გახარია – პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი
🔹 არჩილ თალაკვაძე – პოლიტიკური საბჭოს წევრი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
🔹 მაია ცქიტიშვილი – პოლიტიკური საბჭოს წევრი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ვიცე-პრემიერი
🔹 გიორგი ვოლსკი – პოლიტიკური საბჭოს წევრი, პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი
🔹 ირაკლი ღარიბაშვილი – პოლიტიკური საბჭოს წევრი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი
🔹 თეა წულუკიანი – პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე
🔹 მამუკა მდინარაძე – პოლიტიკური საბჭოს წევრი, პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თამჯდომარე
🔹 კახაბერ კუჭავა – პოლიტიკური საბჭოს წევრი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე
🔹 ვახტანგ გომელაური – პოლიტიკური საბჭოს წევრი, შინაგან საქმეთა მინისტრი
🔹 ეკატერინე ტიკარაძე – პოლიტიკური საბჭოს წევრი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
🔹 ივანე მაჭავარიანი – პოლიტიკური საბჭოს წევრი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი
🔹 მაკა ბოჭორიშვილი – პოლიტიკური საბჭოს წევრი, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე
🔹 შალვა პაპუაშვილი – პოლიტიკური საბჭოს წევრი, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე
🔹 მარიამ ქვრივიშვილი – პოლიტიკური საბჭოს წევრი, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე
🔹 ნიკოლოზ სამხარაძე – პოლიტიკური საბჭოს წევრი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე
🔹 სოზარ სუბარი – პოლიტიკური საბჭოს წევრი, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე
🔹 დიმიტრი სამხარაძე – პოლიტიკური საბჭოს წევრი, პარტიის რეგიონული მდივანი, პარლამენტის წევრი
🔹 თორნიკე რიჟვაძე – პოლიტიკური საბჭოს წევრი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე

“თავმჯდომარე არა სტაფილო…” – ელისო კილაძე

შსს-ზე გავლენის მოპოვებაზე ოცნებობდა ირაკლი კობახიძეო, წერს სოციალურ ქსელში “ქრონიკა +”-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე და თავისი შეფასებით, “ქართულ ოცნებაში” შექმნილი რეალური სურათი წარმოადგინა:

МВД უნდა დავითრიოთო, – ოცნებობდა კობახიძე და გომელაური პოლიტსაბჭოში დაუსვეს – “გაუიასნეს” ვინაა ამ “გასწინიცაში” დირექტორი…

ახლა მთავარია, ვასიკომ სადმე კონსპირაციულ ბინაში არ მიაძინოს😜

თავმჯდომარე არა სტაფილო…

ვინც არ იცის, МВД რას ნიშნავს, განვმარტავ – შინაგან საქმეთა სამინისტროა!

გომელაური მოხსნა კი არა, მოადგილედ ვასილ მაღლაფერიძეს გინიშნავენ, ოფისი რომ არ გადაწვა,” – წერს ელისო კილაძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

გელათის მონასტრის კონსერვაცია-რესტავრაციის პროცესში გამოვლენილი ხარვეზების თაობაზე პარლამენტის განათლებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა გაიმართა

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი და კომიტეტის წევრები გელათში ვიზიტით იმყოფებოდნენ.

ისინი ძეგლზე რამდენიმე წლის წინ დაწყებულ სარესტავრაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ. ვიზიტის შემდეგ, ქუთაისის ეროვნული არქივის შენობაში გელათის მონასტრის კონსერვაცია-რესტავრაციის პროცესში გამოვლენილი ხარვეზების თაობაზე კომიტეტის სხდომა გაიმართა. დეპუტატებმა მოისმინეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ნიკა ანთიძის მოხსენება და რესტავრატორ კახა ტრაპაიძის შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით.

კომიტეტის სხდომას ასევე ესწრებოდნენ საზოგადოების წარმომადგენლები და დარგის დამოუკიდებელი სპეციალისტები. შეხვედრის დიდი ნაწილი გამოსავლის შესახებ მსჯელობას დაეთმო.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

“როცა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა როგორ იქნება ამ უსახელ-გვაროების ანუ სრულიად პარლამენტის ლეგიტიმაციის საქმე?!” – ხათუნა ლაგაზიძე

პოლიტიკის ექსპერტ ხათუნა ლაგაზიძეს მიაჩნია, რომ პარლამენტის “ქართული ოცნების” 90 დეპუტატი რეალურად უსახელგვარო პიროვნებები არიან, ისინი ბიძინა ივანიშვილის გამო აირჩიეს პარლამენტში და მმართველი პარტიის ლიდერის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ ევროპელი პარტნიორების პოზიცია აინტერესებს პარლამენტის ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით:

90 ბიძინა ივანიშვილი რომ აირჩია პარლამენტში “ოცნების” ამომრჩეველმა, ისე რომ პარლამენტში მსხდომების 90%-ის რეალური სახელი და გვარი მათივე ამომრჩევლის 90%-მა რომ არ იცის, ახლა როცა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა როგორ იქნება ამ უსახელ-გვაროების ანუ სრულიად პარლიამენტის ლეგიტიმაციის საქმე?!

ევროპელები კი მოგვძახიან არჩევნები კონკურენტულად ჩატარდაო, მარა ვინც აირჩიეს ის წავიდა და ვინც დარჩა, ისინი რომ არ აურჩევიათ, მაგის საქმე როგორ იქნება, იქნებ ამაშიც დაგვაკვალიანონ ჩვენმა ევროპელმა მეგობრებმა,” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ხათუნა ლაგაზიძე.

თუ იქნება მცდელობა ხელი შეეწყოს ან მოხდეს პროვოცირება რელიგიურ ნიადაგზე ჩვენს მოქალაქეებს შორის დაპირისპირებისა, სახელმწიფო და შსს იმოქმედებს უმკაცრესად – გიორგი გახარია

მთავრობის მეთაური დღევანდელ სხდომაზე გამოეხმაურა სოფელ ბუკნარში მომხდარ ინციდენტებს. გიორგი გახარიას შეფასებით, რელიგიური მრავალფეროვნება ქვეყნის სიმდიდრეა და იქ, სადაც იქნება მცდელობა, ხელი შეეწყოს რელიგიურ ნიადაგზე მოქალაქეებს შორის დაპირისპირებას, სახელმწიფო იმოქმედებს უმკაცრესად:

რელიგიური მრავალფეროვნება ისტორიული ფაქტია და ეს არის ჩვენი სიმდიდრე; ეს არის ის, როგორ ვაშენებდით ჩვენ საუკუნეების განმავლობაში ჩვენს სახელმწიფოს. საქართველოს მთავრობა იყო და იქნება გარანტი თითოეული მოქალაქისთვის, კონსტიტუციით მათთვის გარანტირებული უფლებების შესრულებისა.

ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, საქართველოს მოქალაქის უფლებები რაიმე სახით იყოს შეზღუდული, თუმცა ასევე არავის მივცემთ შესაძლებლობას, უკანონო ქმედებებით რაიმე სახის პროვოცირება გაუწიონ რელიგიურ ნიადაგზე ჩვენს მოქალაქეებს შორის დაპირისპირებას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე აქვს დავალება იმასთან დაკავშირებით, რომ იქ, სადაც იქნება ელემენტარული, მარტივი მცდელობა, ხელი შეეწყოს ან მოხდეს პროვოცირება რელიგიურ ნიადაგზე ჩვენს მოქალაქეებს შორის დაპირისპირებისა, სახელმწიფო და შინაგან საქმეთა სამინისტრო იმოქმედებს უმკაცრესად“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად ქვეყნის სხვადასხვა საავტომობილო მარშრუტზე მოძრაობა აღდგენილია

საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინფორმაციას ავრცელებს ქვეყნის მასშტაბით უხვთოვლიანობის გამო შეზღუდული მოძრაობის აღსადგენად ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების:

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა და ამჟამად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ60 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

 

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ90-კმ112 მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

 

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ182-კმ186 (კალა-უშგული) მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

 

ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ60 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

 

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ70-კმ100 (ხაიში-ლახამულა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

“ქვეყანაში პირველ თებერვლამდე გავაგრძელებთ იმ შეზღუდვებს, რომელიც დღეს მოქმედებს” – გიორგი გახარია

მიუხედავად იმისა, რომ ყველას გვესმის, გადადგმული ნაბიჯები იყო სწორი, მაინც უნდა მივიღოთ დღეს გადაწყვეტილება და არსებული შეზღუდვები პირველ თებერვლამდე გავახანგრძლივოთ“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მიზნობრივი შეზღუდვების შედეგად სახეზეა პოზიტიური დინამიკა, თუმცა დღეში, დაახლოებით 1 500-მდე შემთხვევა საქართველოსთვის მაინც მაღალი მაჩვენებელია.

თითქმის უკვე 1 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენ ყველას ერთად გვიწევს პანდემიასთან ბრძოლა და ეს ბრძოლა საქართველოშიც და გლობალურად, მსოფლიოშიც გრძელდება.

დღეის მონაცემებით, ჩვენ გვაქვს ინფიცირების 1 177 შემთხვევა, რაც, რა თქმა უნდა, დაწესებული მიზნობრივი შეზღუდვების ღონისძიებების შედეგად, ბოლო 2 თვის განმავლობაში პოზიტიურ დინამიკას აჩვენებს. თუმცა, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ აბსოლუტურ ციფრებში დღეს დაახლოებით დღეში 1 500 ინფიცირებული საქართველოსთვის საკმაოდ მაღალი რიცხვია და მიუხედავად იმისა, რომ ყველას გვესმის, რომ გადადგმული ნაბიჯები იყო სწორი, მაინც უნდა მივიღოთ დღეს გადაწყვეტილება და არსებული შეზღუდვები პირველ თებერვლამდე გავახანგრძლივოთ.

ვხედავთ, რა ხდება ევროპაში, ყველგან მძიმდება მდგომარეობა, შეზღუდვები სულ უფრო და უფრო მკაცრდება, თუმცა ჩვენ ამ შემთხვევაში, ქვეყანაში პირველ თებერვლამდე გავაგრძელებთ იმ შეზღუდვებს, რომელიც დღეს მოქმედებს,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებები აქტიურად მუშაობენ ეკონომიკის და ბიზნესის წარმომადგენლებთან, რათა შემუშავდეს კონკრეტული ღონისძიებები და შეიქმნას შესაძლებლობა, რომ ეკონომიკის გახსნა რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად დაიწყოს.

ეს არის როგორც ტესტირების სქემები, ასევე ვაქცინაციასთან დაკავშირებული საკითხები და ა.შ. ჯანდაცვის სამინისტრო უახლოეს პერიოდში წარმოადგენს ამ გეგმას, რომელზეც ეკონომიკისა და ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად ვიმუშავეთ. შემდგომი ეტაპისთვის, იმისთვის, რომ წარმატებულად გავაგრძელოთ როგორც ეპიდემიასთან ბრძოლა, ისე ეკონომიკის ეფექტური გახსნა, ცოტა უნდა შევცვალოთ მუშაობის სქემა. აქ 3 ახალი პრიორიტეტი ჩნდება პანდემიასთან ბრძოლაში, პირველ რიგში ეს გახლავთ – ტესტირების სქემის შეცვლა.

მოგეხსენებათ, ქვეყანაში ტესტირების რაოდენობა გაზრდილია და ჩვენ ასე უნდა გავაგრძელოთ. მეორე და ასევე მნიშვნელოვანი – მიზნობრივი ეფექტური შეზღუდვების შენარჩუნება, იქ, სადაც ეს საჭირო იქნება და რა თქმა უნდა, ვაქცინაცია,“ – განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ ყველა ის ხარისხიანი ვაქცინა, რომელიც შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ იქნება ავტორიზებული.

ვაქცინაციასთან დაკავშირებით ბევრი აბსურდული ჭორი და აზრი ისმის, უბრალოდ, ვერც ვხვდები, საიდან მოდის ეს ინფორმაცია. ვაქცინაციასთან დაკავშირებით შექმნილია ვაქცინაციის სპეციალური კომისია, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ხელმძღვანელობს და ეს კომისია რამდენიმე ამოცანას ისახავს მიზნად.

პირველი, ეს არის, მოაგვაროს ყველა ის საკითხი, რომელიც ლოგისტიკასთანაა დაკავშირებული. მოგეხსენებათ, სხვადასხვა ვაქცინას სხვადასხვა ლოგისტიკური რეჟიმი აქვს. ასევე – მოამზადოს ყველაფერი იმისთვის, რომ ქვეყანა იყოს მზად, დაიწყოს მოსახლეობის ვაქცინაცია.

მეორე საკითხი არის ის, რომ წინასწარ განვსაზღვროთ ის მიზნობრივი ჯგუფები, რომელთა აცრაც პრიორიტეტულად, პირველ რიგში უნდა დავიწყოთ და მესამე – რაც შეიძლება სწრაფად უზრუნველვყოთ ქვეყანაში ხარისხიანი და საერთაშორისო ავტორიზაციის მქონე ვაქცინის შემოტანა არა მხოლოდ COVAX-ის პლატფორმით, არამედ სხვა საშუალებებითაც. პირველი ორი მიზანი ჯანდაცვის სამინისტროს უკვე დამუშავებული აქვს და გეგმა არსებობს.

ორშაბათს საკოორდინაციო საბჭოზე სამინისტრო წარმოადგენს ამ გეგმას, რომელიც მთავრობის შემდეგ სხდომაზე დამტკიცდება. ამიტომ, არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ რაიმე კითხვის ნიშნები არსებობდეს. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ – საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ ყველა ის ხარისხიანი ვაქცინა, რომელიც შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ იქნება ავტორიზებული“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ამასთან, გრძელდება მოქალაქეების მიზნობრივი სოციალური დახმარება და დაწყებულია განაცხადების მიღება მოქალაქეებისგან, რომლებმაც დაკარგეს სამსახური ეპიდემიის მე-2 ტალღის შედეგად.

პრემიერის განმარტებით, შესაბამისი ფინანსური დახმარების გაცემა 28 იანვრიდან დაიწყება.
ეს გახლავთ 1 200 ლარი 6 თვის განმავლობაში. მინდა, ჩვენს თითოეულ მოქალაქეს მოვუწოდო, რაც შეიძლება სწრაფად გააკეთოს განაცხადი. დღეის მდგომარეობით, ჩვენს პორტალებზე ატვირთულია 45 000 ასეთი განაცხადი“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

18 იანვარს სასწავლო პროცესი დისტანციური სწავლების სრულად ელექტრონული მოდელის გამოყენებით დაიწყება ქალაქებში – თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ფოთი, მარნეული, გარდაბანი და ასევე აჭარაში

როგორც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ განაცხადა, ქვეყნის მასშტაბით ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში 2020-21 სასწავლო წლის მეორე სემესტრი მინისტრის 27 ნოემბრის ბრძანების შესაბამისად გაგრძელდება:

18 იანვარს სასწავლო პროცესი დისტანციური სწავლების სრულად ელექტრონული მოდელის გამოყენებით დაიწყება ქალაქებში: თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ფოთი, მარნეული და გარდაბანი. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები სასწავლო პროცესს ასევე გააგრძელებენ დისტანციურ რეჟიმში.

ის სკოლები, სადაც მეორე სემესტრი საკლასო ოთახებში განახლდება, სამინისტრომ, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სრულად უზრუნველყო პირბადეებით, დისტანციური, უკონტაქტო თერმომეტრებით, დეზობარიერითა და ზედაპირების სადეზინფექციო სითხეებით.

გარდა ამისა, სკოლებში კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების შემთხვევაში გაგრძელდება პირველ სემესტრში აპრობირებული მიდგომა წერტილოვანი შეზღუდვების შესახებ. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესების განხორციელების პროცესს განათლების სამინისტრო სისტემატურად დააკვირდება და განახორციელებს სკოლების მონიტორინგს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში სასწავლო პროცესის განახლებასთან ერთად, დისტანციური სწავლების მიმართულებით ერთ-ერთი მთავარი რესურსის „ტელესკოლის“ მეორე სემესტრის საგაკვეთილო პროცესიც გაგრძელდება. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს პირველი არხის ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტი 18 იანვარს 09:00 საათიდან განახლდება.

პანდემიის პირობებში დისტანციური სწავლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს მთავრობის ინიციატივით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საქართველოში მოქმედ სამ მობილურ ოპერატორთან – სს „სილქნეტთან“, შპს „მაგთიკომთან“ და შპს „ვიონი საქართველოსთან“ (ბრენდი „ბილაინი“) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი, რის საფუძველზეც საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები ივნისის ბოლომდე შეღავათიანი მობილური ინტერნეტ პაკეტით ისარგებლებენ. მობილური ინტერნეტ პაკეტის შეღავათიან ტარიფს ასევე მხარი დაუჭირა საქართველოს კომუნიკაციების კომისიამ.

დისტანციური სწავლების გამოწვევებისა და ტექნიკური საჭიროებების შესაბამისად, ინტერნეტ პროვაიდერები მოსწავლეებსა და მასწავლებლებს 20GB მობილურ ინტერნეტპაკეტს 10 ლარად შესთავაზებენ, რაც სტანდარტულ ღირებულებასთან შედარებით 2,5-ჯერ ნაკლებია. დარგის ექსპერტების რეკომენდაციით, 20GB საკმარისი ოდენობაა ერთი თვის განმავლობაში ონლაინ გაკვეთილებზე დასასწრებად და ინტერნეტ რესურსების მოსაძიებლად“, – ნათქვამია განათლების სამინისტროს განცხადებაში.

სტატისტიკის მშრალი რიცხვებით მანიპულაცია და დეზინფორმაციაა ისრაელში ვაქცინაციის არაეფექტურობის თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია – არჩილ მარშანია

ვაქცინაციასთან დაკავშირებით გავრცელებულ ცალკეულ ინფორმაციებს ეხმიანება რეფერალური დახმარების ცენტრის ექიმი არჩილ მარშანია და კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ ისრაელში ვაქცინაციის არაეფექტურობის თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია არის მხოლოდ რიცხვების მანიპულაცია და დეზინფორმაცია:

ვრცელდება ინფორმაცია რომ ვაქცინაციის პროგრამაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქვეყანაში, ისრაელში ვაქცინა ‘’არ მუშაობს’’ მიუხედავად იმისა, რომ აცრილია მოსახლეობის 20%.
ამის არგუმენტად კი მოჰყავთ ის, რომ ისრაელს 11 იანვარს ჰქონდა 9000-ზე მეტი დღიური ინფიცირების შემთხვევა, რაც ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელია პანდემიის დროს.

👉 რა ხდება სინამდვილეში:

✅ ფაიზერის ვაქცინის (რომელსაც ისრაელი იყენებს), კვლევებში მთავარი დაკვირვების საგანი იყო დადასტურებული კოვიდ19-ის შემთხვევების დათვლა, მეორე(!) დოზიდან მინიმუმ 7 დღის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ გადაუდებელი ავტორიზაცია აქვს ვაქცინას, კუმულაციური ინციდენტობის რეგისტრირება, ცალსახად აჩვენებდა ვაქცინის ჯგუფის უპირატესობას, პლაცებოს ჯგუფთან (ვაქცინირებულების ჯგუფში დაფიქსირდა მხოლოდ 8 კოვიდ19-ის შემთხვევა, ხოლო პლაცებოს ჯგუფში კი 162).

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ კვლევებიდან გახდა ცნობილი, არის ის, რომ ვაქცინა უსაფრთხოა და ის მწვავედ განვითარებული კოვიდ19-სგან იცავს:
კვლევისას დაფიქსირებული 10 მწვავე შემთხვევიდან მხოლოდ 1 იყო ვაქცინის ჯგუფში, დანარჩენი კი პლაცებოს ჯგუფში.
აქვე გასათვალისწინებელია რომ ვაქცინის ჯგუფში დაფიქსირებული შემთხვევა, ‘’მწვავეში’’ დარეგისტრირდა მხოლოდ იმიტომ, რომ ჰქონდა სატურაციის დაწევა 93%მდე, მას ჰოსპიტალიზაცია და სამედიცინო ჩარევაც არ დასჭირვებია. ();

✅ ისრაელში აქტიური შემთხვევების 99% არის მსუბუქი ან ასიმპტომური ();

✅ვაქცინაცია ისრაელში დაიწყო და ამჟამად მიწოდებულია ვაქცინის 1 910 000 დოზა*.
აქედან 1 817 000 არის პირველი დოზა, მეორე დოზის მიწოდება დაიწყო 10 იანვარს.
ანუ მოსახლეობის 20% კი არ არის აცრილი, მოსახლეობის 20%-ს გაუკეთდა ვაქცინის პირველი დოზა (, );

✅ კოვიდისთვის ზუსტი პროცენტის დასახელება რთულია თუმცა ე.წ. ჯოგური იმუნიტეტისთვის საჭიროა მოსახლეობის დაახლოებით 70% დან 95%მდე იმუნიზაცია (, https://mayocl.in/3bv5TBM);

✅ ვაქცინაცია პირველ რიგში უტარდებათ სამედიცინო პერსონალს, მომვლელებს და რისკ-ჯგუფებს და არა ზოგადად მოსახლეობას.
ინფექცია კი ძირითადად ვრცელდება ზოგადად მოსახლეობაში.

📌 დასკვნა:
არსებული ინფორმაცია არის სტატისტიკის მშრალი რიცხვებით მანიპულაცია და დეზინფორმაციის გავრცელება.

ჯანმრთელობას გისურვებთ,” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე არჩილ მარშანია.

მე დავტოვე პარტია “ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობა” და გენერალური მდივნის თანამდებობა – გიგლა ბარამიძე

პარტია “ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობისა” და გენერალური მდივნის თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაციას სოციალური ქსელის მეშვეობით ავრცელებს გიგლა ბარამიძე:

ძვირფასო მეგობრებო, მსურს გაცნობოთ, რომ ჩემი მოღვაწეობის ერთი ეტაპი დასრულდა. მე დავტოვე პარტია “ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობა” და გენერალური მდივნის თანამდებობა.

მადლობა ჩემს კოლეგებს. ყველას გულით ვუსურვებ წარმატებებს. წინ საინტერესო დრო გველის…” – წერს გიგლა ბარამიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.