ორშაბათი, აგვისტო 4, 2025
25.8 C
Tbilisi
Home Blog Page 1608

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმა დაამტკიცა

ქვეყანაში დღეს მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმა დაამტკიცა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

მიღებული გადაწყვეტილებები ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ანალიზს ეფუძნება და მოიცავს ფრთხილ ნაბიჯებს, რათა შეზღუდვების შედეგად მიღწეული სტაბილიზაციის შემდეგ, ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებლები კვლავ მნიშვნელოვნად არ გაიზარდოს:

ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, შეზღუდვები ეტაპობრივად შემსუბუქდება:

პირველი თებერვლიდან:
1. ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში აღდგება
· მუნიციპალური ტრანსპორტის,
· სკოლების,
· მაღაზიების და სავაჭრო ცენტრების მუშაობა;

2. თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში
· 1-ლი თებერვლიდან განაახლებენ მუშაობას მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები;
· სკოლების და მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის განახლება დაგეგმილია 1-ლი მარტისთვის, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე;

3. ყველა ქალაქში ღია და დახურული ბაზრობები გაიხსნება 15 თებერვლიდან

4. იმის გათვალისწინებით, რომ აჭარაში ინფიცირების დადებითობის 7 დღის საშუალო მაჩვენებელი 4%-ზე დაბალია, აჭარაში 1-ლი თებერვლიდან დაშვებული იქნება კვების ობიექტებში ღია სივრცეებში სტუმრების მიღება. კვლავ ძალაში რჩება ქორწილების, სხვადასხვა სოციალური ღონისძიებისა თუ წვეულების გამართვასთან დაკავშირებით მოქმედი აკრძალვა.

5.სხვა რეგიონებში რესტორნები და კვების ობიექტები, მათ შორის სასტუმროებში, გააგრძელებენ მუშაობას არსებულ რეჟიმში – გატანა-მიტანის სერვისით.

6.საბავშვო ბაღების მუშაობის აღდგენა, ასევე პროფესიულ და უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში სტუდენტების აუდიტორიებში დაბრუნება დაგეგმილია 1-ლი მარტიდან.
ამასთან,
· 1-ელ მარტამდე ქვეყნის მასშტაბით ძალაში რჩება გადაადგილებაზე არსებული შეზღუდვა 21:00 საათიდან 05:00 საათამდე.

· გაზრდილი მობილობის კომპენსირების მიზნით, თებერვლის განმავლობაში შაბათ-კვირას არ იფუნქციონირებს მუნიციპალური ტრანსპორტი, ხოლო რესტორნები, კვების ობიექტები და მაღაზიები იმუშავებენ მხოლოდ გადატანა-მიტანის სერვისით; აგრარული ბაზრები, სურსათის და ცხოველების საკვების მაღაზიები, აფთიაქები გააგრძელებენ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში, შესაბამისი წესების დაცვით.
· ძალაში რჩება ყველა სხვა შეზღუდვა, მათ შორის სათხილამურო კურორტებზე.
· ამ ეტაპზე შეზღუდული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობაც.
· აუცილებელია პირბადის, მომხმარებელთა ნაკადების, რიგების და დისტანციის მართვა, რაც მკაცრად გაკონტროლდება.
· შეზღუდვების შემსუბუქების პარალელურად, ვირუსის გავრცელების შესაკავებლად, ბიზნესს ექნება ვალდებულება, იზრუნოს პერსონალის ტესტირებაზე.
· ბიზნესთან და ექსპერტებთან კონსულტაციების შედეგად, თითოეული ეკონომიკური საქმიანობისთვის, ეპიდემიოლოგიური რისკებიდან გამომდინარე, დადგინდა სავალდებულო ტესტირების პროტოკოლები – პერსონალის მინიმალური რაოდენობა და ტესტირების სიხშირე.
· ყველა ტიპის სავაჭრო ობიექტი, 30-ზე მეტი თანამშრომლით, მათ შორის ბაზრობები, ვალდებული იქნებიან, უზრუნველყონ 2 კვირაში ერთხელ თანამშრომელთა არანაკლებ 20%-ის ტესტირება.
· კვების ობიექტებისთვის სავალდებულო იქნება 2 კვირაში ერთხელ თანამშრომლების 50%-ის ტესტირება;
· ორ კვირაში ერთხელ განხორციელდება მასწავლებელთა სისტემური ტესტირება.
· დღეიდან, ბიზნესს ექნება საშუალება, დარეგისტრირდეს სპეციალურ პორტალზე – www.labour.moh.gov.ge და ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, 1-ელ მარტამდე, სახელმწიფო დაფინანსებით, უფასოდ გატესტოს თანამშრომლები.
· სახელმწიფოს დაფინანსებით გაგრძელდება სიმპტომიანი პაციენტების და სისტემური ჯგუფების პროაქტიული ტესტირება, რაც ხელს უწყობს ინფიცირების შემთხვევების სწრაფ გამოვლენას და ეფექტურ მართვას.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ ხელისუფლების მთავარი მიზანია მოქალაქეთა ჯანმრთელობასა და ეკონომიკის ინტერესებს შორის ბალანსის დაცვა.
აღნიშნული მიზნებიდან გამომდინარე, 15 თებერვლისთვის ეპიდემიოლოგიური ვითარება შეფასდება და 7 დღის დადებითობის საშუალო მაჩვენებლის 4%-მდე შემცირების შემთხვევაში, შეზღუდვების შემდგომი შემსუბუქება გაგრძელდება.

საბჭოს სხდომაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ შეზღუდვების მოხსნის თითოეული შემდგომი ნაბიჯი დაეფუძნება ეპიდემიოლოგიური ვითარების მკაცრ მონიტორინგსა და დეტალურ ანალიზს, რომელიც ორ კვირაში ერთხელ განხორციელდება“, – ნათქვამია უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებაში.

“სტრატეგია აღმაშენებელი” პარლამენტში იქნება მაშინ, როცა შეთანხმება იქნება მიღწეული იმ მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომლებიც აქამდე გვქონდა – პაატა მანჯგალაძე

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებებთან, ასევე ალექსანდრე ელისაშვილის პოზიციასთან დაკავშირებით შეფასებებს აკეთებს “სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე:

მოლაპარაკება საჭიროებს სიმტკიცეს და არა ყოველწუთს პოზიციების ცვლილებას. ჩვენ თუ გვინდა რომ მივიღოთ ის შედეგი, რომელიც სჭირდება ქვეყანას, აუცილებელია ოპოზიციის ერთიანობა და ნებისმიერი ცალკეული ინიციატივა, მათ შორის ელისაშვილის, დააზიანებს ამ ინტერესს.

ის შეხვედრები, რაც იმართებოდა ელჩების ფასილიტაციით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და “ქართულ ოცნებასთან” ცალკეულ შეხვედრას არანაირი აზრი არ აქვს.

“სტრატეგია აღმაშენებელი” პარლამენტში იქნება მაშინ, როცა შეთანხმება იქნება მიღწეული ვადამდელ არჩევნებთან, საარჩევნო სისტემებთან და პოლიტპატიმრებთან მიმართებაში და ყველა იმ მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომლებიც აქამდე გვქონდა,” – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნას, რომ რუსეთმა შეწყვიტოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აშკარა დარღვევები, სასამართლოს გადაწყვეტილება კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს – აშშ-ს საელჩოს განცხადება

საქართველოში აშშ-ის საელჩო განცხადებას ავრცელებს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების თაობაზე და ხაზგასმით აღნიშნავს რუსეთის მხარის უკანონო ქმედებებს და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მრავალი მუხლის დარღვევას:

„საქართველო რუსეთის წინააღმდეგ” სახელმწიფოთაშორის სარჩელში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ სასამართლომ გადაწყვეტილება მკაფიოდ საქართველოს სასარგებლოდ მიიღო და რუსეთი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მრავალი მუხლის დარღვევაში პასუხისმგებლად ცნო, მათ შორის ცალკეული პიროვნებების დაკავებასა და წამებაში და საქართველოს მოქალაქეებისთვის სახლებში დაბრუნების უფლების ჩამორთმევაში.

სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ რუსეთის მთავრობამ არ ჩაატარა სრული ან შესაბამისი გამოძიება იმ მოვლენებისა, რომელიც მოხდა საომარ მოქმედებამდე და მას შემდეგ.

სასამართლოს გადაწყვეტილება კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნას, რომ რუსეთმა შეწყვიტოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აშკარა დარღვევები.

განსაკუთრებით საგანგაშო და მიუღებელია რუსეთის მცდელობები, გააკონტროლოს და გამოიყენოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონები ბორდერიზაციის გზით, თვითნებური დაკავებებით, ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის გადაკვეთის შეზღუდვითა და სოციალურ-ეკონომიკური და სამხედრო „ხელშეკრულებების” დადებით საქართველოს ორ რეგიონთან. ეს ქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს ამ ტერიტორიებზე მცხოვრები ხალხის სიცოცხლეს, კულტურასა და პირად თავისუფლებებს და არ აძლევს მათ იმ უფლებებით სარგებლობისა და შესაძლებლობების გამოყენების საშუალებას, რაც საქართველოს ყველა მოქალაქისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

სტრასბურგის სასამართლოს ისტორიული გადაწყვეტილება: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, პრემიერ-მინისტრის და პრეზიდენტის შეფასებები

2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით, სტრასბურგის სასამართლოს ისტორიულ გადაწყვეტილებას ეხმიანებიან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი:

საქართველომ ისტორიული სამართლებრივი გამარჯვება მოიპოვა!
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით დასრულდა მრავალწლიანი სახელმწიფოთაშორისი დავა „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ საქმეზე, რომლითაც უტყუარად დადასტურდა, რომ 2008 წელს საქართველო და მისი მოსახლეობა იყო რუსული აგრესიის მსხვერპლი.

2008 წლის რუსული ოკუპაციის შედეგად, ჩვენმა თანამოქალაქეებმა დაკარგეს საცხოვრისი (სადაც დღეს რუსული სამხედრო ინფრასტრუქტურაა განლაგებული), მამაპაპისეული კერა და იქ გატარებული ცხოვრების ისტორია, თუმცა მათ არ დაუკარგავთ მომავლის იმედი და რწმენა სამართლიანობის მიმართ. უსამართლობის და ძალმომრეობის მაგალითად ჯერ კიდევ რჩება რუსული საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ აღმართული მავთულხლართები.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ, თითოეულ ჩვენგანში კიდევ უფრო განამტკიცა სამართლიანობის აღდგენის რწმენა.

ეს არის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის პირველი სამართლებრივი შეფასება საერთაშორისო სასამართლობის მიერ და წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს სამართლიანობის აღდგენის გზაზე.

სასამართლოში საქართველო ამტკიცებდა, რომ რუსეთ-საქართველოს ომის დროს რუსეთმა უხეშად დაარღვია ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი, მათ შორის: სიცოცხლის უფლება; წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა; თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება; პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება; საკუთრების უფლება; მიმოსვლის თავისუფლება და სხვა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით, ხელისუფლებამ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მყარ სამართლებრივ ანალიზთან ერთად წარუდგინა ამომწურავი მტკიცებულებები. მადლობას ვუხდი იუსტიციის უკვე ყოფილ მინისტრს, თეა წულუკიანს და მის მოადგილეებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და თითოეულ საჯარო მოხელეს, ვინც წარმატებით შეძლო დაეცვა საქართველოს და ჩვენი მოქალაქეების ინტერესები!
საქართველო აგრძელებს სამართლებრივ და მშვიდობიან გზას ოკუპაციის დასრულების და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ!” – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ.

 

დღეს საქართველოს უახლეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა!
დავა – საქართველო რუსეთის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში საქართველოს გამარჯვებით დასრულდა!
ეს საერთო გამარჯვებაა!” – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ.

 

დღეს ძალიან სიმბოლური დღეა, რომელსაც ბრიუსელში ვხვდები, სადაც ძალიან მაღალი დონის შეხვედრები ტარდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს სწორედ სტრასბურგმა მიიღო ეს ისტორიული გადაწყვეტილება. ისტორიულია და შემთხვევითი არაფერია! ეს ხდება ჩვენი ოკუპაციიდან 100 წლის შემდეგ, 30 წლის მერე, რაც აღვადგინეთ დამოუკიდებლობა და 2008 წლის ომიდან 12 წლის შემდეგ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან პირველად ისტორიაში და პირველად სხვა ქვეყნების ისტორიაშიც ხდება ის, რომ საქართველო სამართლებრივად გამართლებულია, სახელმწიფო აღიარებულია, როგორც ამ ომის მსხვერპლი და ეს ძალიან დიდი მიღწევაა ჩვენი ქვეყნის, ჩვენი საზოგადოების, ჩვენი ისტორიისა და ჩვენი მომავლისთვის, იმიტომ რომ ეს არის ის საყრდენი, რაზეც ახლა უნდა ავაშენოთ ჩვენი მომავალი და ჩვენი გაერთიანება.

მე მინდა კერძოდ, დიდი მადლობა გადავუხადო იუსტიციის სამინისტროსა და თეა წულუკიანს, რამეთუ ამ გამარჯვების ძალიან დიდი წვლილი მათ ეკუთვნით. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს არის მთელი საქართველოს გამარჯვება, მაგრამ უნდა ვიცოდეთ მადლობის თქმა“, – განაცხადა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.

“მე ვფიქრობ, რომ ალეკო ელისაშვილის გადაწყვეტილება და პოზიცია სახელმწიფოებრივია” – გიორგი ვოლსკი

ალეკო ელისაშვილის გადაწყვეტილებას, დაასრულოს ოპოზიციასთან დიალოგი და “ქართულ ოცნებასთან” გააგრძელოს, ეხმიანება პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი და პარტია “მოქალაქეების” ლიდერის გადაწყვეტილებას სახელმწიფოებრივს უწოდებს:

ოპოზიცია არც მალავს იმას, რომ დაპირისპირება არსებობს მათ რიგებში, თუმცა კვლავ უნდათ წარმოაჩინონ თავი ერთიან ორგანიზმად, თუმცა, მათ შორისაც გამოჩნდნენ სუბიექტები, რომლებსაც გაცილებით მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა აქვთ.

ჩემი პოლიტიკური ანტიპატიის თუ განსხვავების მიუხედავად, მე ვფიქრობ, რომ ალეკო ელისაშვილის გადაწყვეტილება და პოზიცია სახელმწიფოებრივია და უპირისპირდება იმ პოზიციას, რომელიც გააჩნია არა მარტო სააკაშვილს, არამედ გააჩნია საქართველოსთვის არაკეთილმოსურნე მხარეს, რომელსაც საქართველოში დესტაბილიზაცია მიაჩნია თავისი სტრატეგიის მთავარ ამოცანად. თუკი ეს პასუხისმგებლობა მან გაითავისა, რასაკვირველია, ისიც უნდა იცოდეს, რომ არსებობს თემები, რაზედაც საუბარი არა თუ შესაძლებელია, არამედ აუცილებელიც კია.

არის რამდენიმე მთავარი საკითხი, რისთვისაც ჩვენ მზად ვართ არა თუ ალეკო ელისაშვილს, ნებისმიერ ოპონენტს ვესაუბროთ.

საჯაროდ ვამბობ, რომ მზად ვართ მასთან შეხვედრისათვის,” – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

რუსეთს აუცილებლად მოუწევს პასუხისგება იმ დანაშაულებზე, რომელსაც სჩადიოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე – გიორგი ვაშაძე

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც რუსეთი დამნაშავედ იქნა ცნობილი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რამდენიმე მუხლში, ეხმიანება “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე. როგორც ოპოზიციონერი ლიდერი აღნიშნავს, ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოს განუყოფელი ნაწილებია:

დღეს სტრასბურგის სასამართლომ გამოიტანა საქართველოსთვის ისტორიული გადაწყვეტილება, რითაც კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი არის ჩვენი ქვეყნის განუყოფელი ნაწილები.

რუსეთს აუცილებლად მოუწევს პასუხისმგებლობლობის აღება იმ უკანონო ქმედებებზე და ომის დანაშაულებზე, რომლებსაც სჩადიოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

გილოცავთ მეგობრებო! ძალა ნამდვილად სიმართლეშია!” – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა

დღეს, სტრასბურგის სასამართლომ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო და 2008 წლის აგვისტოს ომში რუსეთი პირდაპირ დაადანაშაულა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რამდენიმე მუხლის დარღვევაში:

2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.

· სასამართლოს დიდი პალატის მიერ ამ დარღვევების აღიარებით დასტურდება, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთმა განახორციელა ქართველების ეთნიკური წმენდა.
· სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა საქართველოს პოზიცია და აღიარა რუსეთის პასუხისმგებლობა ქართველი სამხედრო ტყვეებისა და სამოქალაქო პირების მიმართ ჩადენილი წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისთვის.
· სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა საქართველოს პოზიცია და აღიარა რუსეთის პასუხისმგებლობა სამოქალაქო პირების თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების დარღვევისათვის.
· სასამართლომ გაიზიარა საქართველოს პოზიცია და დაადგინა რუსეთის პასუხისმგებლობა ომის დროს საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობების გამოუძიებლობისათვის და სხვა არაერთი დარღვევისათვის.

ეს ისტორიული გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანესი ბერკეტია საქართველოსათვის საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით კონფლიქტების მოწესრიგებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის,” – აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

“ჩვენ დავასრულეთ ოპოზიციასთან მოლაპარაკებებიც და კინკლაობაც” – ალექსანდრე ელისაშვილი

პარტია “მოქალაქეების” თავმჯდომარე, სოციალური ქსელის მეშვეობით, თავისი გადაწყვეტილების თაობაზე განცხადებას ავრცელებს. პარტიის სახელით გაკეთებული განცხადების შესაბამისად ალექსანდრე ელისაშვილი ოპოზიციასთან ასრულებს მოლაპარაკებებს და დიალოგის დაწყების მიზნით “ქართულ ოცნებას” მიმართავს:

ოფიციალურად და საჯაროდ მინდა ჩემი და ჩვენი პარტიის “მოქალაქეების” სახელით განვაცხადო: ჩვენ, დავასრულეთ ოპოზიციასთან მოლაპარაკებებიც და კინკლაობაც.

ის საკითხი, რომ თითქოს ვინმემ საიდანღაც გაგვრიცხა არის უბრალოდ ღიმილისმომგვრელი. ჩვენ ვინმეს საბავშვო ბაღში არ მივსულვართ რომ გაგვრიცხონ. ჩვენ ვართ ხალხის და ჩვენი მხარდამჭერების წინაშე ანგარიშვალდებული და მხოლოდ მათზე დამოკიდებუილი სად ვიქნებით ჩვენ პოლიტიკურ სივრცეში.

ასევე მინდა ოფიციალურად, პარტიის სახელით მივმართო “ქართულ ოცნებას” – ჩვენ: მე და ლევან იოსელიანი მზად ვართ საჯაროდ შეგხვდეთ და დავილაპარაკოთ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის პერსპექტივაზე. ჩვენ გვაინტერესებს ხართ თუ არა მზად შეასრულოთ შუამავალი ელჩების თანდასწრებით მოლაპარაკების რაუნდებისას შეთანხმებული პუნქტები? თქვენგან ველით პასუხს ასევე საჯაროდ და ოფიციალურად“, – აცხადებს ალექსანდრე ელისაშვილი.

გიორგი ვაშაძე: ვემიჯნებით ოპოზიციის შიგნით პიროვნულ გარჩევებსა და კინკლაობას, რადგან ეს საზოგადოებაში აღრმავებს იმედგაცრუებასა და ნიჰილიზმს

პოლიტიკური პლატფორმა “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ პარტია მზადაა ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებისთვის, თუ იგი შედეგის მომტანი იქნება და ვადამდელი არჩევნების საკითხის განხილვა მოხდება. ოპოზიციონერი ლიდერი ასევე აღნიშნავს, რომ მისი პარტიისთვის მიუღებელია ოპოზიციის შიგნით კინკლაობა და საქმის გარჩევები, რასაც ემიჯნებიან:

“სტრატეგია აღმაშენებელი” თვლის, რომ ელჩების ფასილიტაციით მიმდინარე მოლაპარაკების პროცესში ჩვენს მიერ პოზიციების ცვლილება და ახალ ალტერნატივებზე საჯაროდ მსჯელობა აღიქმება უკან დახევად, რაც ცრუ ილუზიას უქმნის ხელისუფლებას, რომ თანახმა ვართ ვადამდელი არჩევნების საკითხის განხილვის გარეშე კომპრომისებისთვის.

ამასთან, მზად ვართ ოპოზიციის შიგნით ვიმსჯელოთ და მოვისმინოთ ნებისმიერი განსხვავებული წინადადება, რომელიც ეხება ვადამდელი არჩევნების დანიშვნის საკითხს, ოღონდ მხოლოდ მას შემდეგ, როცა დავინახავთ ხელისუფლების მზაობას რიგგარეშე არჩევნების საკითხის განხილვასთან დაკავშირებით.

“სტრატეგია აღმაშენებელი” ემიჯნება ოპოზიციის შიგნით პიროვნულ გარჩევებსა და კინკლაობას, რადგან ვთვლით, რომ მსგავსი დაპირისპირება საზოგადოებაში აღრმავებს იმედგაცრუებასა და ნიჰილიზმს“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

“2 თებერვალს პროცესი ჩამინიშნეს, აღარც რვა მარტის შეთანხმება ახსოვთ, აღარც კორონას გამო მორატორიუმი” – ნიკა გვარამია

ტელეკომპანია “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, მის მიმართ სასამართლო პროცესების განახლების თაობაზე საუბრობს და ირონიულად მიმართავს პოლიტიკიდან წასულ ბიძინა ივანიშვილს:

ბატონო ბიძინა, თქვენ წახვედით თუ არა, სასამართლომ ეგრევე დაკარგა დამოუკიდებლობა და საშინლად მოქცევა დაიწყო! პროკურატურაც აჰყვა!

აი, მაგალითად, მე, 2 თებერვალს პროცესი ჩამინიშნეს. აღარც რვა მარტის შეთანხმება ახსოვთ, აღარც კორონას გამო მორატორიუმი.

მოკლედ, მეხსიერებაც მეესპოთ უთქვენოდ და სინდისიც წაიწყმიდეს. თქვენ აკი დაწერეთ საანდერძო უსტარში, მივდივარ და დიდი დარდი მიმყვება, გვარამიას ვერაფერი რომ ვერ ვუქენიო. ხოდა აგინს უნდათ ციხეში ჩასმა მიქნან. ხოდა, მობრუნდიიიიით რააააა, რა კაი იყო თქვენ დროს, სამართლიანი პროკურატურა და სასამართლოოოო!” – წერს ნიკა გვარამია ფეისბუკის პირად გვერდზე.