ორშაბათი, აგვისტო 4, 2025
24.8 C
Tbilisi
Home Blog Page 1606

“NDI სატელეფონო კვლევები არაფერს გვაჩვენებს, გარდა იმისა, როგორი შეშინებულია ხალხი უზურპატორი რეჟიმით” – ნიკა გვარამია

“მთავარი არხის” დირექტორი ნიკა გვარამია NDI-ის კვლევების შეფასებისას აცხადებს, რომ მმართველი პარტიის ასეთი მაღალი რეიტინგი პოლიტიკური აბსურდია და თავის კონკრეტულ შენიშვნებს გამოთქვამს სატელეფონო კვლევებთან დაკავშირებით:

NDI სატელეფონო კვლევები არაფერს გვაჩვენებს, გარდა იმისა, როგორი შეშინებულია ხალხი უზურპატორი რეჟიმით. ყველაზე მძიმე პერიოდში – ოცნების ყველაზე მაღალი რეიტინგი – ეს რომ სტატისტიკური, ლოგიკური და პოლიტიკური აბსურდია, ამას ვინც ვერ ხვდება, სერიოზული პრობლემები აქვს, ან მკაფიო მიზანმიმართულობა.

შედარებულია კვლევის ორი სხვადასხვა მეთოდოლოგიით მიღებული პასუხი – პირისპირ გამოკითხვა (შიშიც ნაკლებია და პასუხიც მეტი) და სატელეფონო (შიში უზარმაზარი, უარი დაახლობით 50%). საერთოდაც, უარი პასუხზე რომ 50% გაქვს, ალოკაციის გარეშე (და ამ უარს ოპოზიციის მომხრე ამბობს) შედეგის გამოქვეყნება კვალიფიკაციის პრობლემაა.

80%-ს უნდა ოპოზიცია პარლამენტში – რატომ 100%ს არა? ზოგადად, მგონი ყველა ნორმალურს უნდა. თუ შეკითხვას დასვამ “უნდა იყოს თუ არა ოპოზიცია პარლამენტში“, და არა “ამართლებ თუ არა ოპოზიციის ბოიკოტს“, ამით უბრალოდ ატყუებ ხალხს და იღებ სხვა შეკითხვაზე პასუხს და ასაღებ სხვა პასუხად.

ესაა ჩემი კომენტარი NDI კვლევაზე.

ps თან დეკემბერში გაკეთებული “კვლევა” იანვრის ბოლოს რატომ უნდა გამოაცხადო და საეჭვოდ დაამთხვიო მანდატების განულების კენჭისყრას? ძაან უცნაურია,” -წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნიკა გვარამია.

“ვიტოვებთ იმედს, რომ ოპოზიცია ყურად იღებს ევროსაბჭოს ასეთ მკაფიო განცხადებას” – ირაკლი კობახიძე

დღეს იყო მნიშვნელოვანი დღე ჩვენი ქვეყნისთვის – განხილულ იქნა საარჩევნო ანგარიში და კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმას, რომ არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში, ასევე, დამტკიცდა მონიტორინგის ანგარიში, სადაც არის წარმოდგენილი რეკომენდაცია საქართველოსთან დაკავშირებით, რომელიც ასახავს ზუსტად ჩვენს სულისკვეთებას“, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა და ასამბლეის ვიცე პრეზიდენტმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე სტრასბურგში იმყოფება, სადაც დელეგაციასთან ერთად, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის მუშაობაში მონაწილეობს.

ანგარიშში კერძოდ საუბარია იმაზე, რომ ყველა ის დარღვევა, რაც გამოვლინდა ამ არჩევნებში, უნდა იყოს აუცილებლად გადამოწმებული და სწორედ ამისთვის ვთავაზობთ ჩვენ ოპოზიციას საგამოძიებო კომისიის შექმნას, და ასევე, არის ძალიან მკაფიო მოწოდება ოპოზიციის მიმართ, რომ ისინი უნდა შევიდნენ პარლამენტში და მათ უნდა დაიწყონ საპარლამენტო მუშაობა. ჩვენ კვლავაც ვიტოვებთ იმედს, რომ ოპოზიცია ყურად იღებს ევროსაბჭოს ასეთ მკაფიო განცხადებას“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

“რომელიმე “ოტოშნიკი” რომ გაგიჟდეს და ჩემი ჩანაწერი გამოაქვეყნოს, გვარამიას გინება მონაგონი იქნება” – ელისო კილაძე

NDI-ის მიერ კვლევების ჩატარებისას ე.წ. “ღია” სატელეფონო გამოკითხვების საკითხს ეხმიანება “ქრონიკა+”-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე და მიაჩნია, რომ ასეთი სახით გამოკითხვის ჩატარება არადამაჯერებელ შედეგებს მოგვცემს:

ქვეყანაში სადაც ტოტალური მოსმენებია და ეს იცის ყველამ, სატელეფონო გამოკითხვა რამდენად დამაჯერებელია?

მე კი ვლაპარაკობ ტელეფონზე იმას რასაც ვფიქრობ, მაგრამ სხვები?

ერთ დღესაც რომელიმე “ოტოშნიკი” რომ გაგიჟდეს და ჩემი ჩანაწერი გამოაქვეყნოს, გვარამიას გინება მონაგონი იქნება“, – წერს ელისო კილაძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

ჩვენ ვცდილობთ მივცეთ მაქსიმალური ვადა იმისათვის, რომ ოპოზიციამ მიიღოს სწორი, სახელმწიფოებრივი და რაციონალური გადაწყვეტილება – მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძემ, დღეს გამართულ ბრიფინგზე, პარლამენტის არჩეულ წევრთა უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს მაქსიმალურად ბოლო წუთამდე მიიყვანოს ვადა, რათა ოპოზიციის დეპუტაციას სწორი და სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების მისაღებად მაქსიმალური ვადა ჰქონდეს:

უფლებამოსილებასთან დაკავშირებით ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ბოლო წუთამდე მივიყვანოთ შესაბამისი ვადა და გადაწყვეტილება. საპროცედურო კომიტეტი განცხადებებს განიხილავს 27 და 28 იანვარს, შემდეგ წარედგინა ბიუროს რეგლამენტის თანახმად და 2 თებერვალს საქართველოს პარლამენტი კენჭს უყრის მათი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს.

ჩვენ ვცდილობთ მივცეთ მაქსიმალური ვადა იმისათვის, რომ მათ მიიღონ სწორი, სახელმწიფოებრივი და რაციონალური გადაწყვეტილება, სანამ პარლამენტი განიხილავს მათი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე, ასევე, ისაუბრა იმ საკითხებზე, რაც პარლამენტის რეგლამენტს შეეხება და რასთან დაკავშირებითაც მოხდება ცვლილებები, მისი თქმით, ოპოზიციის ინტერესებიდან გამომდინარე:

„ქართული ოცნების“ გუნდი ორიენტირებულია ოპოზიციურ პარტიებს მაქსიმალურად მისცეს შესაძლებლობა, რათა ისინი სრულად ჩაერთონ საპარლამენტო საქმიანობაში. შესაბამისად, მიმდინარე კვირაში რეგლამენტში განხორციელდება ცვლილებები რომლის მიხედვით, ოპოზიციის წარმომადგენელ პარლამენტის წევრებს შეეძლებათ გაერთიანდნენ ჯგუფად და წარადგინონ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურები.

ამავდროულად, ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც ვერ ქმნიან ფრაქციებს, ასევე შეეძლებათ კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთონ საპარლამენტო განხილვებში, რისთვისაც მათ საპარლამენტო დებატებში გამოსვლისთვის დრო 15 წუთამდე გაეზრდებათ. ამასთან დაკავშირებით “ევროპელ სოციალისტებს” ჰქონდათ გარკვეული წინადადება, ჩემთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის დროს ალეკო ელისაშვილმაც დააფიქსირა წუხილი და ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დრო გამოსვლებისთვის 15 წუთით განესაზღვროთ“, – განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

არჩილ თალაკვაძე: პარლამენტი საგაზაფხულო სესიის დასაწყისშივე იმსჯელებს ოპოზიციონერი დეპუტატების უფლებამოსილების თაობაზე

დღეს გაიმართა პარლამენტის ბიუროს სხდომა. სხდომის დასაწყისში პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ სამედიცინო პერსონალს მადლობა გადაუხადა.

მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ექიმებს, ექთნებს, ეპიდემიოლოგებს, ასევე ყველა იმ მოკავშირე სამსახურის წარმომადგენლებს, ვინც ამ რთული დღეების განმავლობაში ჩვენს ქვეყანას, ჩვენს საზოგადოებას ეხმარება, რომ შევაკავოთ ვირუსის გავრცელება, დავიცვათ რაც შეიძლება მეტი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. როგორც ხედავთ, ის ღონისძიებები, რაც ჩვენ საზოგადოებასთან ერთად განვახორციელეთ, შედეგიანი იყო და ვირუსის გავრცელების მასშტაბები მცირდება.

პარალელურად მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ – ხელისუფლება ძალიან აქტიურად ვმუშაობთ იმისათვის, რომ ყველაზე ადრე შესაძლებელ ვადაში მოხდეს ვაქცინაციის დაწყება, რადგან ეს თავის მხრივ, კავშირშია ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ აქტივობასთან, იმ შეზღუდვებთან, რომელიც დაწესებულია.

აქტიურად ვმუშაობთ პრემიერ-მინისტრთან და მთავრობასთან საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში, რომ პროცესის ოპტიმალური მართვა გაგრძელდეს. ხვალ გვექნება ასევე საბჭოს შეხვედრა, სადაც განვიხილავთ ეპიდემიოლოგიური კუთხით არსებულ დინამიკას და იმ ღონისძიებებს, რომელიც ეკონომიკურ აქტივობას უკავშირდება”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა დისკუსიას ოპოზიციონერი დეპუტატების მანდატებთან დაკავშირებით:

მოგეხსენებათ, რომ არჩევნების შემდეგ მათ განცხადებებით მიმართეს საქართველოს პარლამენტს მანდატების შეწყვეტაზე. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ვადა, რომლის განმავლობაშიც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი ვალდებულია საკითხი განიხილოს, გადასცეს ბიუროს და პლენარულ სხდომას – იწურება.

ჩვენი პოლიტიკური გუნდი მხარს უჭერდა დიალოგს და ჩვენი სურვილია პარლემენტი იყოს ზუსტად ისე წარმოდგენილი, როგორც ის ხალხმა აირჩია. დიალოგის მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით ფასილიტატორ ელჩებს, ქალბატონ დეგნანს და ბატონ ჰარცელს.

ჩვენ ბოლომდე გამოვიყენებთ იმ შესაძლებლობას, რაც რეგლამენტით აქვს პარლამენტს მოცემული, რათა მაქსიმალურად ამოვწუროთ ვადები, როდესაც ოპოზიციას კიდევ შეუძლია საკუთარ გადაწყვეტილებას გადახედოს. პარლამენტი მხოლოდ ამის შემდეგ, საგაზაფხულო სესიის დასაწყისში მიიღებს გადაწყვეტილებას ოპოზიციონერი დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტა-არშეწყვეტის თაობაზე.

რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება არის პარლამენტის მისაღები, რეგლამენტით, თითოეული დეპუტატები მონაწილეობს კენჭისყრაში. საკითხზე მსჯელობა პლენარულ სხდომაზე, 2 თებერვლიდან გვექნება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

“დღეს ენდიაიმ ის, რაც მე ვთქვი, პროცენტებში გამოსახა!” – ბონდო მძინარაშვილი

ჟურნალისტი, საზოგადოებრივი არხის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ბონდო მძინარაშვილი NDI-ს კვლევის პოლიტიკური პარტიების ნაწილის ერთ-ერთ დიაგრამას აქვეყნებს და ოპოზიციას მიმართავს გვერდიდან, უცხო თვალით შეხედონ თავიანთ თავს:

ერთი კვირის წინ საჯაროდ, სატელევიზიო გადაცემაში ვთქვი, რომ ოპოზიციამ სამარცხვინო მდგომარეობაში ჩაიყენა თავი!
დღეს ენდიაიმ ის, რაც მე ვთქვი, პროცენტებში გამოსახა!

კიდევ ერთხელ გეტყვით: შეხედეთ თქვენს თავს გვერდიდან, უცხო თვალით და… ნუ დაღალეთ ხალხი დაუსრულებელი სატელევიზიო დიმპიტაურით!
პრინციპში, შესაძლოა ეს დიმპიტაური კარგიც იყოს, – ყველა ბოლომდე გაშიშვლდა, გვარამია კი ჯერჯერობით ნაწილობრივ, თუმცა პირდაპირი მნიშვნელობით!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ბონდო მძინარაშვილი.

სრულად ვემიჯნები პროცესს, რასაც ქართული პარლამენტარიზმის დანგრევა ჰქვია – იაგო ხვიჩია

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებთან და საპარლამენტო საქმიანობასთან მიმართებაში თავის პოზიციას აფიქსირებს “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია და მიაჩნია, რომ ეს ყოველივე ჰგავს კორონა ისტერიას:

დღევანდელი საპარლამენტო ისტერია ძალიან ჰგავს კორონა ისტერიას.
მაშინაც ყველა პოლიტიკოსი და საჯარო პირი შეითქვა ადამიანების საწინააღმდეგოდ და შედეგის გაუაზრებლად, უფიქრელად ჩაება სამყაროში ყველაზე უაზრო და სულელურ #დარჩისახლში კამპანიაში.

მაშინ ჩვენი ამოცანა იყო ადამიანებისთვის გვეთქვა სიმართლე, რომ ირგვლივ ყველა იტყუებოდა და არავისთვის დაეჯერებინათ.

სხვა საკითხია დაგვიჯერეს თუ არა, მაგრამ ჩვენ ამ სწორი პოზიციის გამო პირნათელი ვართ საქართველოს მოსახლეობასთან.

ზუსტად იგივე ხდება ახლა, არც ოცნებას და არც ნაცებს არ უნდათ ეს პარლამენტი შედგეს, ორივე მათგანი სინქრონულად ანგრევს ქართულ პარლამენტარიზმს.

ჩვენ ჯერ პატარა პარტია ვართ და სამწუხაროდ ჩვენზე არაა დამოკიდებული შედგება თუ არა ეს პარლამენტი.

ქოცებზე და ნაცებზეა დამოკიდებული და მათ არც ერთს არ უნდა რო შედგეს.
ასეთ დროს ჩემი ამოცანაა, გითხრათ რომ სრულად ვემიჯნები ამ პროცესს, რასაც ქართული პარლამენტარიზმის დანგრევა ჰქვია.

მე ყველაფერი გავაკეთე რომ ეს არ მომხდარიყო, მაგრამ როცა ყველა მზადაა საკუთარი ინტერესებს შეწიროს საქართველოს მოქალაქეების ინტერესები, ჩვენნაირი პატარა პარტიის ძალისხმევა არაა საკმარისი.

დარჩენილ დღეებში ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი კოლეგების აზრზე მოსაყვანად, გამოვიყენებთ ამისათვის NDI კვლევის შედეგებსაც, მაგრამ თუ არაფერი გამოვიდა, მინდა გითხრათ, რომ მე ყველაფერი გავაკეთე რაც შემეძლო და ამით მინდა მოვიხსნა პასუხისმგებლობა მომავალზე, რომელიც ქოცების და ნაცების 9 წლიანი დაპირისპირების შედეგად მივიღეთ და ქართული პარლამენტარიზმის განადგურებით დამთავრდა“, – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე იაგო ხვჩია.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კახა კუჭავას ხელმძღვანელობით, 25-29 იანვარს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაში მიიღებს მონაწილეობას. ეს არის საპარლამენტო დელეგაციის პირველი ვიზიტი, რომელიც მეათე მოწვევის პარლამენტის ფარგლებში განხორციელდება.

სესიაზე მსჯელობის მთავარი თემა გლობალური პანდემია და კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების საკითხი იქნება. დელეგატებს სიტყვით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, ტედროს ადანომ გებრეისუსი მიმართავს.

სასესიო და საკომიტეტო მუშაობის პარალელურად, დელეგაციის წევრები მაღალი დონის შეხვედრებს გამართავენ.

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე პრეზიდენტი, ირაკლი კობახიძე, დეპუტატებთან ერთად, ასამბლეის პრეზიდენტს, რიკ დაემსს, გენერალურ მდივანს, მარია პეიჩნოვიჩ ბურიჩს, ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს, დუნია მიატოვიჩს, ვენეციის კომისიის პრეზიდენტ ჯანი ბუკიკიოს და კომისიის მდივანს, სიმონა მენგინი-გრანატას, ასევე, ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული მთავრობების კონგრესის გენერალურ მდივანს, ანდრეას კლეფერს შეხვდება.

2020 წელს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დელეგაცია გამართავს პირველ ვიზიტს, ზამთრის სესიაზე. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ ვიზიტის განხორციელება, რადგან არის ბევრი აქტუალური საკითხი, ანგარიში, რომელიც საქართველოს ეხება. ჩვენ ვაპირებთ, ძალიან აქტიურად მივიღოთ მონაწილეობა ამ განხილვებში. ერთ-ერთი მნიშნელოვანი დოკუმენტი, რომელიც პირველივე დღეს იქნება წარმოდგენილი, გახლავთ ევროსაბჭოს სადამკვირვებლო მისიის ანგარიში 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით. სადამკვირვებლო მისიის ის მიგნებები, რომელიც მათ დააფიქსირეს. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია მონიტორინგის ანგარიში და ის დადებითი შეფასებები, რომელიც წარმოდგენილია საქართველოს მიმართ“,- განაცხადა სტრასბურგში გამგზავრებამდე დელეგაციის ხელმძღვანელმა, კახა კუჭავამ.

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის შემადგენლობაში დეპუტატები: ირაკლი კობახიძე, მარიამ ქვრივიშვილი, გივი მიქანაძე, ირაკლი ჩიქოვანი, თამარ ტალიაშვილი და ფრიდონ ინჯია შედიან.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

“შევარცხვინე ის ხელისუფლება, ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც უნდა ხელისუფლებაში ყოფნა და ეროვნული თანხმობის ნაცვლად მოსყიდვა-გადაბირებაში არის ჩართული” – გიორგი ვაშაძე

მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე ამახვილებს ყურადღებას “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე. ოპოზიციონერ ლიდერს მიაჩნია, რომ ხელისუფლება საზოგადოების გაერთიანების ნაცვლად ხალხს ერთმანეთთან აპირისპირებს:

ხელისუფლებაში მყოფი ძალა უნდა იყოს მოტივირებული, რომ საზოგადოებრივი, ეროვნული თანხმობა არსებობდეს, ესენი კი არიან ადამიანები, რომლებიც თვითონ ერთმანეთს აპირისპირებენ ხალხს, საზოგადოებაში გახლეჩილობა შემოაქვს. ეს უნდა დავამთავროთ.

ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ და საჯაროდ განვაცხადეთ: თუ რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით შეთანხმება არ არსებობს, ეს ფახი-ფუხი, რასაც ხელისუფლების მხრიდან აქვს, ვიღაცის გადაბირება და ზეწოლა რომ არ მუშაობს, ესეც ფაქტია.

ერთეული ადამიანები, ვინც არ უნდა შევიდეს პარლამენტში, ეს არ ცვლის ფონს. აბსოლუტური უმრავლესობა, ვფიქრობ რომ, არ გადააბიჯებს ამ წითელ ხაზს. ქვეყანას სჭირდება არა გადაბირება, არამედ ეროვნული თანხმობა. შევარცხვინე ის ხელისუფლება, ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც უნდა ხელისუფლებაში ყოფნა და ეროვნული თანხმობის ნაცვლად მოსყიდვა-გადაბირებაში არის ჩართული,” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

“ადამიანზე უკნიდან მიპარვა და თავზე ნაგვის დაყრა არაა გმირობა, ლაჩრობაა” – სალომე სამადაშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი, სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელებში ადამიანისთვის თავზე ნაგვის დაყრასთან დაკავშირებით მის მიერ დაფიქსირებულ პოზიციასა და საკითხთან დაკავშირებით გაჩენილ აზრთა სხვადასხვაობის თაობაზე გამოთქვამს თავის მოსაზრებას:

გასაოცარია, განცხადებამ, რომ ადამიანისთვის თავზე ნაგვის დაყრა მიუღებელია, მსგავსი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ამიტომ მათთვის, ვინც ვერ გაიგო, ითხოვს, რომ ბოდიში მოვიხადო და ა.შ. კიდევ ერთხელ, ძალიან მკაფიოდ ვიტყვი-არასდროს, არანაირ ვითარებაში და არავისთვის, თავზე ნაგვის დაყრას არა აქვს გამართლება. არ არსებობს ‘მაგრამ,’ არ არსებობს არანაირი გარემოება, რომელიც ამართლებს ადამიანზე ძალადობას და მისი ღირსების შელახვას, მიუხედავად იმისა, რას ვფიქრობ ამ ადამიანზე ან მის საქციელზე.

ადამიანზე უკნიდან მიპარვა და თავზე ნაგვის დაყრა არაა გმირობა, ლაჩრობაა. “არ არსებობს დანაშაული, რომელიც ბრბოს მიერ განხორციელებულ მართლმსაჯულებას იმსახურებს” – აბრაჰამ ლინკოლნი. ადამიანებისთვის თავზე ნაგვის დაყრა, სწორედ ბრბობს მართლმსაჯულების ლოგიკიდანაა. ამიტომ არასოდეს, არავისთან მიმართებაში და არსად გავამართლებ.

გმადლობთ ყურადღებისთვის.

ვისაც არ მოგწონთ ეს პოზიცია, აქ კომენტარების წერით თავს ნუ დაიღლით, არაა ჩემთვის საინტერესო თქვენი აზრი, ვერ გადამარწმუნებთ, ჩემი მსოფლმხედველობა დიდი ხანია მკაფიოდაა ჩამოყალიბებული,” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე სალომე სამადაშვილი.

ინფორმაციისთვის: აჭარის უზენაესი საბჭოს არჩევნებში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშია”-ს სიით გასული დეპუტატის ირაკლი ჩავლეიშვილის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ უმაღლეს საბჭოში შესვლის თაობაზე ნეგატიური დამოკიდებულება გამოიწვია ოპოზიციაში, განსაკუთრებით კი აჭარაში გამართული აქციების მონაწილეებში. 23 იანვარს, ირაკლი ჩავლეიშვილი ქუჩაში გადაადგილდებოდა, რა დროსაც მას ერთ-ერთმა აქტივისტმა ნაგვის ურნიდან თავზე საყოფაცხოვრებო ნარჩენები დააყარა.