ორშაბათი, ივნისი 30, 2025
17.8 C
Tbilisi
Home Blog Page 14

ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 8.00%-ზე უცვლელი დატოვა

საზოგადოება და ბანკებმა ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა.

2025 წლის 1 მაისის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 198,873 სესხია გაცემული და მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. 18 ივნისის სხდომაზე ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 8.00%-ზე უცვლელი დატოვა. შესაბამისად, 198,873 მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი არ შეეცვლება.

198,873 ხელშეკრულებიდან, რაოდენობრივად უმეტესი წილი იპოთეკური და სამომხმარებლო სესხებია (82%). 16% მცირე და საშუალო ბიზნესზე გაცემული სესხები და მსხვილ ბიზნესზე ჯამური ხელშეკრულებების 2%-ია გაფორმებული.

ჯამურად, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე 15.9 მლრდ ლარის მოცულობის სესხებია გაცემული. ლარში გაცემული და ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული იპოთეკური სესხების მოცულობა 4.7 მლრდ. ლარს შეადგენს და სამომხმარებლო სესხების 2.9 მლრდ. ლარს.  მცირე და საშუალო ბიზნესის პორტფელი ყველაზე დიდია (5.3 მლრდ ლარი), ხოლო დიდ ბიზნესზე 2.9 მლრდ. ლარის სესხია გაცემული.

ლარში გაცემული და ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული იპოთეკური სესხის საშუალო მოცულობა 55,343 ლარს, სამომხმარებლო სესხის 37,556 ლარს, მცირე და საშუალო ბიზნესზე გაცემული სესხის 161,763 ლარს და დიდ ბიზნესზე გაცემული სესხის 911,741 ლარს შეადგენს.

გრაფიკი 1. ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხების რაოდენობა და მოცულობა (მლრდ. ლარი) 2025 წლის 1 მაისის მდგომარეობით.

წყარო: ეროვნული ბანკი

2023 წლის დასაწყისიდან ინფლაცია მნიშვნელოვნად მცირდებოდა და 2024 წლის ოქტომბრის თვეში 0.3% შეადგინა. თუმცა, ინფლაცია 2024 წლის ნოემბრიდან იზრდება და ბოლო სამი თვის მაჩვენებელი სამიზნე (3%) მაჩვენებელზე მაღალია. რეფინანსირების განაკვეთი ანალოგიურ პერიოდში 11%-დან 8.00%-მდე შემცირდა. არსებული არასტაბილური გარემო და გაუფასურების მოლოდინი წნეხს ჰქმნის ინფლაციის ზრდაზე მომდევნო თვეებში. თუმცა, მეორე მხრივ მოსალოდნელია ერთობლივი მოთხოვნის შემცირება.

გრაფიკი 2. ინფლაცია (საშუალო წლიური) და რეფინანსირების განაკვეთი

წყარო: ეროვნული ბანკი, საქსტატი

მომდევნო თვეებში მოსალოდნელია მივიღოთ გაზრდილი ფასები და შემცირებული შემოსავალი რაც მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობას მნიშვნელოვნად გააუარესებს. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წლიურად 30%-ით შემცირდა 1,334 მლნ. აშშ დოლარამდე 2024 წლის მდგომარეობით და შემცირება გაგრძელდა 2025 წლის პირველ კვარტალში (179 მლნ. აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია). ასევე, მცირდება უცხოური ვალუტის შემოდინების სხვა წყაროები (გრანტები და პროგრამები). მეორე მხრივ, შემცირებული ეკონომიკური აქტივობიდან გამომდინარე მოსალოდნელია მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის შემცირება რაც ერთობლივ მოთხოვნასაც შეასუსტებს.

იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლების არსებული პოლიტიკა გაგრძელდება, მოსალოდნელია ეკონომიკური აქტივობის შემცირება, ლარის მკვეთრი გაუფასურება, ინფლაციური რისკების ზრდა რაც გადაითარგმნება გაზრდილ უმუშევრობაში და გაუარესებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში.

ინფორმაციას ორგანიზაცია საზოგადოება და ბანკებ ავრცელებს

“ეს არის დიდი ხნის წინ დაწყებული სახელმწიფოს პოლიტიკის შედეგი” – ლევან სანიკიძე

ჩვენ მთლიანად გავხდით ისევ მიბმული საქართველოს ოკუპანტ სახელმწიფოსთან და ნაცვლად იმისა, შევქმნათ დამოუკიდებელი ენერგო სისტემა, რომელიც იქნება დივერსიფიცირებული, დღეს ის საქმე, რომელიც დაიწყო კახი კალაძემ, რომ ისევ მივბმულიყავით გაზპრომზე და როსნესტზე, გრძელდება ირაკლი კობახიძის ე.წ. მთავრობის მიერ,” – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, ლევან სანიკიძემ.

მისი თქმით, “ოცნების” წარმომადგენლები ხვდებიან როსნესტის წარმომადგენელს, რომელიც სანქცირებულია დასავლეთის ქვეყნების მხრიდან:

ნამდვილად არ არის გასაკვირი, რომ “ოცნების” წარმომადგენლები ხვდებიან “როსნესტის” წარმომადგენლებს. ადამიანს, რომელიც არის სანქცირებული დიდი ბრიტანეთის და დასავლური სახელმწიფოების მხრიდან.

ეს არის დიდი ხნის წინ დაწყებული სახელმწიფოს პოლიტიკის შედეგი და ჩემი აზრით ეს არის ცალსახად მოღალატეობრივი პოლიტიკა, რომლის მიზანიც არის საქართველოს ენერგოდამოკიდებულის ზრდა რუსეთის ფედერაციასთან მიმართებით.

ჩვენ მთლიანად გავხდით ისევ მიბმული საქართველოს ოკუპანტ სახელმწიფოსთან და იმის ნაცვლად, რომ ვცდილობდეთ ამ ვითარებით სარგებლობას და დამოუკიდებელი ენერგო სისტემის შექმნას, რომელიც იქნება დივერსიფიცირებული და 2012 წლებში სწორედ ეს იყო სახელმწიფო პოლიტიკა, დღეს ის საქმე, რომელიც დაიწყო კახი კალაძემ, რომ ისევ მივბმულიყავით გაზპრომზე და როსნესტზე, გრძელდება ირაკლი კობახიძის ე.წ. მთავრობის მიერ”, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.

ინფორმაციას “ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

სს “თელასი”: 19 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის საბურთალოს რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით კონკრეტული სამუშაოების გამო:

19 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას VII კვარტლის (ნაწილობრივ), ედიშერ მაღალაშვილის, ოთარ ჩხეიძის, მედეა ჩახავას, მარიკა ბარათაშვილის, უნივერსიტეტის, ოთარ ლორთქიფანიძის, ირინე სხირტლაძის, ყაზბეგის, პეტრე ქავთარაძის, მარიჯანის, გიორგი გეგეჭკორის, დავით თავხელიძის, ჯურხა ნადირაძის, ვლადიმერ უგრეხელიძის, მიხეილ თამარაშვილის, კალისტრატე ქუთათელაძის და ანტონოვსკაიას ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

“ეეეერთადერთი თხოვნა მაქვს ოპოზიციასთან – ეგ ყანწები მოაშორეთ აქედან და ისე გველაპარაკეთ” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია “კავკასიას” გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი ოპოზიციისგან თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით პოზიციის განმარტებას ითხოვს:

ეეეერთადერთი თხოვნა მაქვს ოპოზიციასთან – ეგ ყანწები მოაშორეთ აქედან და ისე გველაპარაკეთ. დებილი აქ არავინ არ არის!

მოდი სამართლიანობისთვის მაინც დავაკონკრეტებ – ლელოსთან მაქვს ძირითადად ეს თხოვნა“, – წერს ნინო ჯანგირაშვილი ფეისბუქის პირად გვრდზე.

“გახარიას დაჭერა თუ უნდა ბიძინას, ფორმალურად ამას უპრობლემოდ გააკეთებს” – ვახო სანაია

ჟურნალისტი ვახო სანაია ყოფილი პრემიერ მინისტრის, გიორგი გახარიას დაჭერის გზებზე აკეთებს მინიშნებებს, თუკი ბიძინა ივანიშვილი ამას გადაწყვეტს:

გახარიას დაჭერა თუ უნდა ბიძინას, ფორმალურად ამას უპრობლემოდ გააკეთებს.

მართალია, გახარია ,,დეპუტატად” ითვლება, ისიც მართალია, რომ ამ მომენტში ქართულ ოცნებას არა აქვს 90 ხმა, რომ იმუნიტეტი დღესვე მოუხსნას, მაგრამ არც არაფერში სჭირდება.

არსებობს სხვა გზაც – ბოიკოტს გაცდენაში ჩაუთვლიან და უფლებამოსილებას მოუხსნიან გახარიას 12 ,,დეპუტატს”, მათ შორის თავად გახარიას, შემდეგ კი დაიჭერენ, თუ ეს ბიძინას გადაწყვეტილი აქვს“, – წერს ვახო სანაია ფეისბუქის პირად გვერდზე.

“ნუ წვალობთ, მაინც ვერ შემაშინებთ! ბრძოლა რუსულ რეჟიმთან იქნება ბოლომდე! ✊🇬🇪” – მამუკა ხაზარაძე ხელისუფლებას მიმართავს

“ლელო – ძლიერი საქართველოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე, საგამოძიებო კომისიაში მის მორიგ დაბარებას, კონკრეტული პოზიციით ეხმიანება:

კიდევ დამიბარეს არალეგიტიმური პარლამენტის არალეგიტიმურ კომისიაში, ისევ “სიგნალით”, ისევ კონსტიტუციისა და კანონის დარღვევით.

მგონი მკაფიოდ გითხარით, რომ არ გაღიარებთ.

მოსვლას არ ვაპირებ!

ვიცი, რომ ჩემი დაჭერა გინდათ. ნუ წვალობთ, მაინც ვერ შემაშინებთ! ბრძოლა რუსულ რეჟიმთან იქნება ბოლომდე!✊🇬🇪“, – წერს მამუკა ხაზარაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

აჩხოტი-სნო-ახალციხე-ჯუთას საავტომობილო გზაზე დაზიანებული გზის აღდგენითი სამუშაოები დაწყებულია – საავტომობილო გზების დეპარტამენტი

საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს აჩხოტი-სნო-ახალციხე-ჯუთას საავტომობილო გზაზე დაზიანებული გზის აღდგენითი სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით:

🔵 აჩხოტი-სნო-ახალციხე-ჯუთას საავტომობილო გზაზე დაზიანებული გზის აღდგენითი სამუშაოები დაწყებულია.

🔵 აღნიშნულ გზაზე გადაადგილება აკრძალულია 2022 წლის ივნისიდან.

🔵 შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აჩხოტი-სნო-ახალციხე-ჯუთას საავტომობილო გზაზე მიმდინარე წლის აპრილიდან გააქტიურებულია არსებული (ისტორიული) მეწყერი და დაზიანებული მონაკვეთის აღსადგენად შესაბამისი სამუშაოები უკვე დაწყებულია.

🔵 ამ ეტაპზე, მეწყერი ისევ აქტიურ დინამიკაშია მოსული. პირველ ეტაპზე, პრიორიტეტად განისაზღვრა დროებითი გზის მოწყობა, რაც უზრუნველყოფს გადაადგილების მინიმალურ უსაფრთხოებას. პარალელურად, გრძელდება გეოლოგიური კვლევები და მუდმივი მონიტორინგი, რის საფუძველზეც დაიგეგმება გზის საბოლოო გამაგრება და სრულყოფილი რეაბილიტაცია.

🔵 ადგილზე იმყოფებიან დეპარტამენტისა და კონტრაქტორი ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომლებიც ადგილზე სწავლობენ არსებულ მდგომარეობას, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს დაზიანებული გზის აღდგენა და შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვა.

“მხოლოდ სრულად გამამართლებელი განაჩენი იქნება იმის ინდიკატორი, რომ ჯვებე ცირკში აღარ მუშაობს” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

მორიგი წერილი გამოგზავნა საპატიმროდან ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ, სადაც კონკრეტული განმარტრებები გააკეთა სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით. პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის წერილი გამოქვეყნდა მის საკუთარ გვერდზე, რასაც უცვლელად გთავაზობთ:

სასამართლო პროცესები იმიტომ არის საჭირო და მას იმიტომ ესწრებიან, რომ გაარკვიონ, ვიღაცამ ჩაიდინა დანაშული თუ არა.

მე არ მგონია, რომ ჩემთან მიმართებაში რამე იყოს გასარკვევი. იმ დარბაზში თუ დერეფანში არავინაა ისეთი, ვისაც რაიმე კითხვის ნიშანი გააჩნია ჩემთან მიმართებაში. სამყაროში არ არსებობს ადამიანი, რომელიც გამოვა და იტყვის, რომ მე მას ზიანი მივაყენე.

ამიტომ ეს სასამართლო ჩემზე არაა.

ეს სასამართლო ე.წ მოსამართლე ჯვებეზეა. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ამას ვერც ხვდება. ამ პროცესებზე ხალხი იმის სანახავად დადის, რომ ლაივში ნახოს – რას იზამს ჯვებე.

ჯვებემ კი სულ რაღაც 4-5 დღის წინ ჩემგან 3 საკნით დაშორებით ციხეში ჩასვა სრულიად უდანაშაულო ადამიანი. სადმე გარბოდა ნიკა გვარამია? თუ დანაშაული ჩაიდინა განმეორებით?

იგივე ჯვებემ, პოლიტიკური მოტივით დაჭერილ ანტონ ჩეჩინს, რომელსაც თავში გაურკვეველი სიმსივნური წარმონაქმნი აქვს და რომელსაც ტანზე დადასტურებულად ეტყობა ფიზიკური ზემოქმედების კვალი, არ შეუცვალა აღკვეთი ღონისძიება და ჩატოვა ციხეში.

ამიტომ არ მოვედი დღეს პროცესზე, ამიტომ არ მივალ არც 23-ში.

ვიღაც შიმპანზის მორალის მქონე ხალხმა, რომელთაც რუსეთის დღევანდელმა მეფისნაცვალმა ხელში ჩაუგდო პატარა ძალაუფლება, გადაწყვიტა, რომ თუ ციხით დამემუქრებოდნენ, კლოუნის წითელ ცხვირს დავიმაგრებდი და ვეახლებოდი.
ჩემი პასუხი გასაგებია.

23-ში საინტერესო იქნება ჯვებეს პასუხი.

მიუხედავად მისი ქმედებებისა, მისივე პროფესიიდან გამომდინარე, მას ყოველ ჯერზე აქვს შანსი – ისევ იქცეს ადამიანად. ამიტომ, 23-ში რაც გაირკვევა, ესაა – მზადაა თუ არა ჯვებე დათმოს დღევანდელი პატივი, წესდება, კეთილდღეობა და უარი თქვას კლოუნის წითელი ცხვირის ტარებაზე.

ოღონდ ეს ვერ იქნება ციხის ნაცვლად ჯარიმა ან სხვა რამე.

მხოლოდ სრულად გამამართლებელი განაჩენი იქნება იმის ინდიკატორი, რომ ჯვებე ცირკში აღარ მუშაობს.

P.S საუბედუროდ, კაცობრიობის ისტორია სავსეა ჯვებეებით. ჯვებეების მმართველობა (თუ ჯვებეებით მმართველობა) უნდა დასრულდეს!

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე
17.06.2025

“რაც მალე გავაცნობიერებთ ახალ რეალობას, მით ეფექტურად შევძლებთ რეალური ბრძოლის გამართვას რეჟიმთან” – გიგი უგულავა

ქვეყანაში შექმნილ რეალობასთან და ბიძინა ივანიშვილის კონკრეტულ გეგმებთან დაკავშირებით ერთგვარ ანალიზს ახდენს და პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს გიგი უგულავა:

კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო. ასე გამოიყურება ადგილობრივი არჩევნების პერიპეტიები. ივანიშვილს სულ კობახიძეზე კიდია მიიღებს თუ არა ევროპული ოპოზიცია მონაწილეობას. ის თავის გეგმით მიდის. ქმნის ახალ, რუსული ყაიდის სისტემას, სადაც ოპოზიციას დეკორაციული ფუნქცია აქვს – Системная Оппозиция – ასე ქვია ამას რუსეთში. ამ სისტემისგან განდევნეს ნემცოვი, ნავალნი (დახოცეს), კასიანოვი, ხადარკოვსკი და ბევრი სხვა. ამ სისტემაში დარჩნენ მირონოვი, ჟირინოვსკი, ქსენია სობჩაკი, პროხოროვი და ბევრი სხვა.

ქოცებმა თქვეს ოთხივე პარტიას გავაუქმებთ და მათ ლიდერებს დავიჭერთ. ამისკენ მიდის ყველაფერი. გინდ გამოთქვი სურვილი არჩევნებში მონაწილეობის გინდა არა. მეტიც ვინც ეტენება, უბრალოდ, სატირალთან ერთად უფრო სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდება.

არჩევნები მკვდარია რეჟიმის პირობებში. არაპარტიული გაერთიანებების, დისიდენტების და თავზეხელაღებული ხალხის დრო მოდის. პარტია ფურცელზე არ იარსებებს. ის იარსებებს იდეის სახით – თავისუფლების იდეის სახით.

რაც მალე გავაცნობიერებთ ახალ რეალობას, მით ეფექტურად შევძლებთ რეალური ბრძოლის გამართვას რეჟიმთან“, – წერს გიგი უგულავა ფეისბუქის პირად გვერდზე.

შეავსე განაცხადი და ისწავლე ჟურნალისტიკა – ComCom-ის “მედიასკოლის სტუდიაში” რეგისტრაცია სრულდება – კომუნიკაციების კომისია

ComCom-ის „მედიასკოლის სტუდიაში“ განაცხადების მიღება 13 ივლისს სრულდება. ინტენსიური და პრაქტიკული 4 თვიანი კურსი, ჟურნალისტიკით დაინტერესებულ ნებისმიერი ფაკულტეტის III-IV კურსის სტუდენტს, ან კურსდამთავრებულს, აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, შეისწავლონ აღნიშნული პროფესია სრულიად უფასოდ, პროფესიონალი მენტორების დახმარებით. კერძოდ, კურსის ფარგლებში, მონაწილეები სპეციალურად მათთვის შექმნილ ნიუსრუმში დაეუფლებიან ახალი ამბების თხრობას, სატელევიზიო თუ რადიო სიუჟეტების და გადაცემების მომზადებას, ინტერვიუს ხელოვნებას, ვიდეოგადაღებას, მონტაჟს, ასევე სოციალურ მედია მარკეტინგს და შექმნიან მრავალფეროვან მედიაპორტფელს.

მსურველები „მედიასკოლის სტუდიის“ კურსზე მოხვედრას შესარჩევი კონკურსის გავლის შემდეგ შეძლებენ. პირველი ეტაპისთვის, დაინტერესებულმა პირებმა 13 ივლისის ჩათვლით უნდა შეავსონ განაცხადი და გაიარონ რეგისტრაცია. მეორე ეტაპზე, 16-17 ივლისს, გაიმართება წერითი ტესტირება, ხოლო ბოლო ეტაპისთვის, კონკურსანტები გაივლიან ზეპირ გასაუბრებასა და სატესტო ვიდეოჩაწერას, რაც 21-22 ივლისს ჩატარდება. სამივე ეტაპის წარმატებით გადალახვის შემთხვევაში, მონაწილეები 4 თვის განმავლობაში, პრაქტიკოსი მედიაპროფესიონალებით დაკომპლექტებული ჯგუფისგან პრაქტიკულ ცოდნას, ხოლო კურსის დასასრულს – შესაბამის სერტიფიკატს მიიღებენ.
აღსანიშნავია, რომ „მედიასკოლის სტუდიის“ რამდენიმე კურსდამთავრებულმა, მედიასკოლის მიერ გაწეული რეკომენდაციისა და მიღებული გამოცდილების დახმარებით, სხვადასხვა მედიაორგანიზაციაში დასაქმება უკვე შეძლო.

სასწავლო და სამუშაო შეხვედრები 8 სექტემბრიდან 26 დეკემბრის ჩათვლით, შაბათ-კვირის გარდა ყოველდღე, 09:00-18:00 საათებში, მედიააკადემიის სივრცეში გაიმართება. კურსის ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნება ყველა საჭირო ინვენტარი, ტექნიკა თუ აღჭურვილობა, რაც რეალურ ნიუსრუმში მუშაობისთვის არის საჭირო.
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს –  რეგისტრაცია, დამატებითი კითხვების შემთხვევაში კი, გამოგზავნეთ შეტყობინება კომუნიკაციების კომისიის ან მედიააკადემიის ფეისბუქ გვერდებზე.

ინფორმაციას კომუნიკაციების კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის
სამსახური ავრცელებს