პარასკევი, მაისი 17, 2024
Home Blog Page 122

სს “თელასი”: 24 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის რამდენიმე რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით კონკრეტული სამუშაოს გამო:

24 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ლისის, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, ფერმწერთა, ავთო ვარაზის, ზაალიშვილის და ტაბიძის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), გიორგი ბრწყინვალის, მირიან მეფის, პეტრე იბერის (ნაწილობრივ), ვეფხისტყაოსნის, ავთანდილის, ასმათის, დავარის, საბურთალოს და უნივერსიტეტის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის I მიკრორაიონის და მარატ ნოზაძის ქუჩის მოსახლეობას.

ვაკის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შავთელის, ჩახრუხაძის, ავლევის და ნიშნიანიძის ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მიჩურინის, ართვინის, კაპანაძის და მამარდაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ინტენსიური თოვის, დაბალი ტემპერატურის თუ ლიპყინულის გამო შეზღუდვები დაწესდა საავტომობილო გზის კონკრეტულ მონაკვეთებზე

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით:

თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ178-კმ185 (კალა-უშგული) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

ამასთან, თოვლის და ლიპყინულის გამო, ამავე გზის კმ70-კმ185 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, ხოლო კმ100-კმ185 (ლახამულა-უშგული) მონაკვეთზე, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა თავისუფალია.

საავტომობილო გზის კმ1-კმ70 (ზუგდიდი-ხაიში) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ60 (თეთრიწყლები-ვერონა) მონაკვეთზე, მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტისათვის

“ჩვენ ვიქნებით ივანიშვილისა და მისი რეჟიმის პოლიტიკური მესაფლავენი. მათ პოლიტიკურ საფლავზე ჩვენ დავდგამთ ქვას, სადაც მათი სამარცხვინო საქმიანობა იქნება აღწერილი” – შალვა ნათელაშვილი

,,ლეიბორისტული” პარტიის თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი საგანგებო ბრიფინგზე განცხადებას აკეთებს ,,ქართული ოცნების” დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ფაქტობრივი სანქცირების პროცესთან დაკავშირებით. ამასთან, ოპოზიციონერი ლიდერი, ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებს, რომ ნებისმიერ ფორმატში ერთად გამართონ ტელედებატები:

,,როგორც საყოველთაოდ ცნობილია, ,,ლეიბორისტული” პარტიის თავგანწირულმა ბრძოლამ ოლიგარქი ივანიშვილი შეიყვანა ფაქტობრივი სანქცირების რეჟიმში. გამწარებულმა კი გამოაქვეყნა ,,ქართუ ფონდის” სახელით თავისი დაწერილი მორიგი პასკვილი, რომელიც მიუძღვნა სწორედაც ,,ლეიბორისტულ” პარტიას, ტრადიციულ სტილში და ჟანრში.

ჩვენ უკვე ათეული წელია, პირადად მე, ამ პიროვნებას ვიწვევ ტელედებატებში, მაგრამ თავისი აპარტამენტებიდან ვერაფრით ვერ გამოვიყვანე.

დღეს გამოვდივარ ძალიან უცნაური და მსოფლიო პოლიტიკაში არ გაგონილი წინადადებით: ბატონო ბიძინა ივანიშვილო, მე მოვალ – მარტო, პირადად შენს სასახლეში, დავჯდეთ და ჩავატაროთ პირდაპირი ტელედებატები. ნახოს მთელმა საქართველომ, ჩვენმა ხალხმა და მსოფლიომ, რა ბოროტებასთან აქვს საქმე შენი პერსონის და მმართველი გუნდის სახით, რომელმაც საქართველოს ბედი გაამრუდა და ცდილობს, რომ ქვეყნის ისტორია დაამთავროს. ამას გეტყვი პირდაპირ შენ სასახლეში, შენი ტელევიზიების ეკრანიდან. თუ ამაზეც უარს განაცხადებ, მაშინ შენ, ყველა სხვა უბედურებასთან ერთად, იქნები უკანასკნელი ლაჩარი, რაშიც, სხვათაშორის, პირადად მე ეჭვი არ მეპარება.

2011 წელი ვისაც გახსოვთ, მან პოლიტიკაში გამოსვლა დაიწყო ჩვენი ლანძღვა-გინებით – ,,ლეიბორისტული პარტია”, შალვა ნათელაშვილი, ,,ეფესბეს” დაფინანსება, ,,ნაცებთან შეკრული” და სხვადასხვა.

შემდეგ 2016-2020 წლებში კიდევ გამოძვრა, დარბოდა ტელევიზია-ტელევიზია რეგიონებში, აგრძელებდა ლანძღვას და პირდაპირ მოუწოდებდა ხალხს, რომ ,,არ მისცეთ ხმა მაგ ცრუ პარტიას, რომელიც გპირდებათ ანაბრების დაბრუნებას“. ის ავიწყდება, რომ მისმა ძმაკაცმა, პუტინმა ანაბრები დაუბრუნა. აღარ ვამბობ არაფერს სხვა პოსტსოციალისტურ ქვეყნებთან შედარებით.

ახლა, მე-3 მოსვლის ჟამს, პირველი განცხადება ერთთვიანი დუმილის შემდეგ, მოუძღვნა ისევ ,,ლეიბორისტულ” პარტიას. თუმცა, ის არ სცდება. ჩვენ განვაცხადეთ, რომ ვიქნებით ივანიშვილის და მისი რეჟიმის პოლიტიკური მესაფლავენი. მათ პოლიტიკურ საფლავზე ჩვენ დავდგამთ ქვას, სადაც მათი სამარცხვინო საქმიანობა იქნება აღწერილი. ამას ჩვენ შევასრულეთ აუცილებლად“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

“პოლიტიკოსები, რომლებიც ტირანი სტალინის დასაცავად თავს ესხმიან ბექა მინდიაშვილს, საკუთარ თავს ვნებენ და ბექას ამით ვერაფერს დააკლებენ” – გიორგი მშვენიერაძე

მმართველი პარტიის მხრიდან ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელის ბექა მინდიაშვილის წინააღმდეგ ერთგვარ გალაშქრებას, კონკრეტულ ბრალდებებს, ბექასადმი ემოციური მხარდამჭერი პოსტით ეხმაურება არასამთავრობო ორგანიზაცია “დემოკრატიის მცველების” თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძე:

ბექა მინდიაშვილის მსგავს ქრისტიანს, საკუთარი ცხოვრების წესითა თუ განათლებით, მე ბევრს ნამდვილად არ ვიცნობ.

ასევე, არავინ მახსენდება სტალინზე დიდი მტერი საქართველოს დამოუკიდებლობის, მისი მთლიანობის, ქრისტიანობისა თუ ადამიანის თავისუფლების.

პოლიტიკოსები, რომლებიც ტირანი სტალინის დასაცავად თავს ესხმიან ბექა მინდიაშვილს, საკუთარ თავს ვნებენ და ბექას ამით ვერაფერს დააკლებენ. ეს მის თავს პირველად არ ხდება და დროს ჩაურეცხავს ის ხალხი, ვისაც იგივე უცდია წარსულში.

ვამაყობ იმით, რომ ბექას და მისი შესანიშნავი ოჯახის მეგობარი ვარ და მადლობა მას, რადგან ბევრი რამ მასწავლა ცხოვრებაში“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე გიორგი მშვენიერაძე.

“ეს იქნება სერიოზული დანაშაული საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, თუ რაიმე ფორმის კონტაქტი და თანამშრომლობა ექნება რუსულ მხარესთან” – რომან გოცირიძე

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ,,ევროოპტიმისტების” თავმჯდომარე, რომან გოცირიძე ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, სადაც საუბარია საკუთარი მოქალაქეების აღრიცხვასთან დაკავშირებით, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან და ამ მხრივ ყურადღებას ამახვილებს საქართველოში მყოფ რუსეთის მოქალაქეებთან დაკავშირებით კონკრეტულ რისკ-საფრთხეებზე:

,,ნაწილობრივ, ეს შესაძლებელია საზღვრის კვეთიდან გამომდინარე, მაგრამ თუ მე-3 ქვეყანაში გადავა რუსეთის მოქალაქე შეუძლებელია, რომ ეს ინფორმაცია რუსეთის ხელისუფლებამ გაიგოს, თუ არ ითანამშრომლებს ამა თუ იმ ქვეყნის ხელისუფლება.

ამიტომ ეს იქნება სერიოზული დანაშაული საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, თუ რაიმე ფორმის კონტაქტი და თანამშრომლობა ექნება რუსულ მხარესთან“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

“რა პროექტებსაც ფონდი ახორციელებს, ბიძინა ივანიშვილის რამდენიმე თაობა იქიდან ვერანაირ მოგებას ვერ მიიღებს” – გიორგი ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს ოპოზიციის მწვავე კრიტიკულ შეფასებებსა და ,,ქართუ ბანკის” განცხადებაზე, სადაც საუბარია სამშენებლო ბიზნესში ,,ქართული ოცნების” დამფუძნებლისა და ამჟამად საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ჩართვაზე, რაც, მათი განმარტებით, ფონდის მეშვეობით ქველმოქმედებას უნდა მოხმარდეს:

,,ნამდვილ პოლიტიკოსებს ბერიკაობა არ უხდებათ. ეს ბერიკაობა მიმდინარეობს ახლა, რაღაც კლოუნადაა შექმნილი.

ადამიანმა, რომელმაც შექმნა ფონდი და თავისი რესურსები, რაც ჰქონდა და მისი დიდი ნაწილი ფონდს გადაურიცხა, ეს ფონდი საქველმოქმედო თუ საქართველოსთვის სხვა მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს. აქ რა კორუფციაზე ან მოგებაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი?!

რა პროექტებსაც ფონდი ახორციელებს, ბიძინა ივანიშვილის რამდენიმე თაობა იქიდან ვერანაირ მოგებას ვერ მიიღებს’’, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

პაატა მანჯგალაძე: “ძალიან რთულია “ქართულ ოცნებას” ლოგიკაში მისდიო”

საქართველოს პარლამენტის წევრი, ,,სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე ჟურნალისტებთან კომენტარში ირონიანარევ შეფასებებს აკეთებს ,,ქართული ოცნების” ცალკეული ლიდერების განცხადებებთან დაკავშირებით:

,,ძალიან რთულია ,,ქართულ ოცნებას” ლოგიკაში მისდიო.

ბიძინა ივანიშვილის მესამედ მოსვლამდე ,,ქართული ოცნება” 2 დღით ადრე განცხადებას აკეთებდა, რომ ,,ისე არ გვიჭირს, რომ ბიძინა ივანიშვილი გამოვიძახოთ და შევაწუხოთო“.

ეტყობა ძალიან გაუჭირდათ, მართლა.

ვინც შეშინებულია, ვხედავ, აგერ წერეთელზე, ხო?!“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

“ბიძინა ივანიშვილის როლი ქართულ პოლიტიკაში გაცილებით დიდია, ვიდრე პარტიული ინტერესებია” – კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები იბრძვიან, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში როგორმე 5%-იანი ბარიერი გადალახონ, ქვეყნის განვითარების რეალური გეგმა კი მხოლოდ მმართველ პოლიტიკურ გუნდს გააჩნია.

დედაქალაქის მერი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში იმიტომ დაბრუნდა, რომ მმართველი პარტია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს აგებს.

ძალიან ბევრჯერ გვისაუბრია ამ თემაზე და კარგად ვიცით, რა ხდება, რა მდგომარეობაა ქართულ პოლიტიკაში – რომელ პოლიტიკოსს და პოლიტიკურ პარტიას რა მხარდაჭერა აქვს. ოპოზიციის ძალიან დიდი ნაწილი დღეს იბრძვის იმაზე, რომ როგორმე 5%-იანი ბარიერის გადალახვა შეძლოს.

რეალურად, ჩვენ ვართ ის გუნდი, ვისაც შესწევს ძალა, გაატაროს ქართული პოლიტიკა, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესები; დაიცვას ჩვენი ქვეყანა; შეინარჩუნოს მშვიდობა და მოხდეს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება.

ბიძინა ივანიშვილის როლი ქართულ პოლიტიკაში ძალიან მნიშვნელოვანია და აქ მხოლოდ პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე არ ვსაუბრობ. კიდევ უფრო მაღლა დავაყენებდი მის როლს – ჩვენი ქვეყნისთვის, სამშობლოსთვის და ხვალინდელი დღისთვის ამ ადამიანის როლი განსაკუთრებული და მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კითხვაზე – რა პოტენციალი აქვთ ოპოზიციურ პარტიებს მომავალ საპარლამენტო არჩევნებში, კახა კალაძე პასუხობს, რომ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ უალტერნატივოა.

„ქართულ ოცნებას“ დღეს აქვს იმხელა მხარდაჭერა საზოგადოებაში, როგორიც 2012 წლის შემდეგ არ ჰქონია. ოპოზიცია იბრძვის, რომ როგორმე მოახერხოს საარჩევნო ბარიერის გადალახვა. ესაა რეალობა და მოცემულობა, რაც დღეს ქართულ პოლიტიკაში გვაქვს. „ქართულ ოცნებას“ აქვს უდიდესი შესაძლებლობა, რომ 2024 წლის არჩევნებში გაიმარჯვოს და მომავალ პარლამენტში კონსტიტუციური უმრავლესობა მოიპოვოს“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

22 იანვრის დღის ბოლოდან 24 იანვრამდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თოვლი, ზოგან ძლიერი, ნისლი, გზებზე ლიპყინული

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 22 იანვრის დღის ბოლოდან 24 იანვრამდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თოვლი, ზოგან ძლიერი, ნისლი, გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ სადენებზე შემოყინულობა.

❗️დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესებისა და ლიპყინულის გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

“პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება, მიმართული ჩემ წინააღმდეგ, არის მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირის ეთიკის უხეში დარღვევა” – ბექა მინდიაშვილი

სამების საკათედრო ტაძარში სტალინის გამოსახულების შემცველი ხატის დასვენების ფაქტს, ასევე შობის დღესასწაულის თარიღად 25 დეკემბრის დაწესების ინიციატივებს საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. მწვავე იყო შეფასებები მმართველი პარტიის ლიდერების მხრიდანაც, პარლამენტის თავმჯდომარე მწვავედ დაუპირისპირდა ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელს, რასაც ბექა მინდიაშვილის საპასუხო რეაქცია მოჰყვა:

კერძოდ, 18 იანვარს შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ბექა მინდიაშვილი რელიგიური შეუწყნარებლობით არის გამორჩეული და არ აქვს უფლება, მუშაობდეს სახალხო დამცველის აპარატში, ხოლო 20 იანვარს პრესკონფერენციაზე, ცალკეული პირები მართლმადიდებელ ეკლესიასა და პატრიაქზე თავდასხმაში დაადანაშაულა:

,,პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში გავხდით ეკლესიაში ხატის შეურაცხყოფის მოწმე.

კიდევ უფრო ცინიკური იყო ის ფაქტი, რომ ამ კამპანიის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე „სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის“ ხელმძღვანელი ბექა მინდიაშვილია. ადამიანი, რომელიც რელიგიურ შემწყნარებლობის იდეას უნდა ავრცელებდეს, თავად გახდა რელიგიური ნიშნით თავდასხმის კამპანიის სულის ჩამდგმელი.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქის მოხსენიება „ჯაშუშად“, ეკლესიის – „დეგრადირებულად“ და შობის, საერო კალენდრით, 7 იანვარს აღნიშვნისთვის „ანტიდასავლური სიბრიყვის“ წოდება, არის სწორედ რელიგიური შეუწყნარებლობა, მტრული რიტორიკა და სიძულვილის ენა, ანუ ის, რასაც ე.წ. „ტოლერანტობის ცენტრი“ წესით უნდა ებრძოდეს’’, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის ბრალდებებს, სახალხო დამცველთან არსებული, ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი, ბექა მინდიაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით ეხმაურება:

,,პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება, მიმართული ჩემი, როგორც ტოლერანტობის ცენტრის ხელმღვანელის წინააღმდეგ, არის მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირის ეთიკის უხეში დარღვევა.

აღნიშნული განცხადება უგულებელყოფს რელიგიური ნეიტრალობის, ეკლესიისა და სახელმწიფოს გამიჯვნის პრინციპებს.

ამავდროულად, პარლამენტის თავმჯდომარე არაკომპეტენტურია რელიგიური და თეოლოგიური ხასიათის საკითხებზე მსჯელობისა და შეფასებისას.

ამ კუთხით, მისი მხრიდან ეკლესიის „დაცვის“ მცდელობა ფარისევლობაა.

ამგვარი განცხადებების საფუძველი ხელისუფლების მხრიდან ეკლესიით პოლიტიკური მანიპულირების სურვილი და, ამავდროულად, ტოლერანტობის კულტურის, რელიგიის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული ქმედებები შეიძლება იყოს.

ტოლერანტობის ცენტრი დაარსების დღიდან იცავს რელიგიის თავისუფლებას და ემსახურება სამოქალაქო ინტეგრაციის მიზანს; მომავალშიც იმავეს გააგრძლებს, ვინც არ უნდა გამოვიდეს მისი საქმისა და არსებობის წინააღმდეგ.

ასევე, ტოლერანტობის ცენტრი, წლებია, წარმატებით თანამშრომლობს სახალხო დამცველთან, მაგრამ სახალხო დამცველის ინსტიტუტის სტუქტურულ ერთეულს არ წარმოადგენს“, – წერს ბექა მინდიაშვილი.

ინფორმაციისთვის: აღსანიშნავია, რომ სოციალურ ქსელში ვრცელდება ბექა მინდიაშვილისთვის მხარდასაჭერი პოსტები.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი