პარასკევი, მაისი 16, 2025
8.8 C
Tbilisi
Home Blog Page 1025

კახა კალაძე: საქართველოს ხელისუფლებას პროდასავლური გზიდან არასდროს გადაუხვევია

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას არ გადაუხვევია იმ გზიდან, რომელიც ევროპულ ოჯახში გაწევრიანებას გულისხმობს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

კითხვაზე, ბოლო პერიოდში ქვეყნის ხელისუფლებამ დასავლეთთან მიმართებაში რიტორიკა შეცვალა თუ არა, კახა კალაძე პასუხობს, რომ ამ გზიდან გადახვევა არ ყოფილა.

საქართველოს ხელისუფლებას არანაირი პრობლემა არ შეუქმნია იმ გზისთვის, რომელიც ჩვენ გვაქვს აღებული – ეს არის გზა, რომელიც გულისხმობს საქართველოს ევროპულ ოჯახში გაწევრიანებას. რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ თანმიმდევრულები, მივყვებით ყველა იმ განსახორციელებელ რეფორმას და გადასადგმელ ნაბიჯებს, რომელიც აუცილებლად გასაკეთებელია ამ მნიშვნელოვან და რთულ გზაზე.

ჩვენ არანაირი გადახვევა არ გაგვიკეთებია. თუმცა, როდესაც ხდება არასწორი განცხადებების გაკეთება, შეურაცხმყოფელი რეზოლუციების მიღება, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან ამას ყოველთვის ექნება რეაგირება.

საქართველო, ჩვენი ხელისუფლება მზად არის მეგობრობისთვის, თუნდაც სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის უფრო გაღრმავებისთვის, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა იყოს ორმხრივი“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

“პრეზიდენტსაც კი აქვს განცდა, რომ უსმენენ, ისიც კი ერიდება ტელეფონთან ერთად მნიშვნელოვან საკითხებზე საუბარს” – პაატა მანჯაგალაძე

საქართველოს პარლამენტის წევრი, ,,სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე კომენტარს აკეთებს უკანონო მოსმენა-მიყურადების ფაქტებთან დაკავშირებით, რაზეც მწვავე განცხადებით გამოეხმაურა გუშინდელ მიმართვაში პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მმართველ გუნდს:

,,ეს ტოტალური მოსმენებია დამკვიდრებული ქვეყანაში. ამის დადასტურება იყო, რომ პრეზიდენტსაც კი აქვს განცდა, რომ მასაც უსმენენ. ისიც კი ერიდება ტელეფონთან ერთად მნიშვნელოვან საკითხებზე საუბარს.

აი, ამის დემონსტრირება იყო – ჩვენ ვნახეთ, გავრცელდა ფაილები, რომ უსმენდნენ ელჩებს, რაც არის კონვენციით დაცული; უსმენდნენ სასულიერო პირებს, პარლამენტის წევრებს, რაც არის კანონით დაცული და უვარდებოდნენ ადამიანებს საწოლში, სამზარეულოში, საძინებელში – რაც ასევე კონსტიტუციით უნდა ყოფილიყო დაცული.

ამის შემდეგ ნორმალურ ქვეყანაში აუცილებლად დადგებოდა პასუხისმგებლობის საკითხი“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

მაშველებმა 4 წლის დაკარგული ბავშვი უვნებელი დაუბრუნეს ოჯახს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მისაქციელიდან შეტყობინება შემოვიდა, რომ დაკარგული იყო მცირეწლოვანი ბიჭი. ოჯახის წევრის განცხადებით, 4 წლის ბავშვი დაახლოებით 1 საათის წინ საცხოვრებელი სახლიდან გავიდა და ვეღარ პოულობდნენ.

მაშველები დასახმარებლად დაუყონებლივ გავიდნენ და უმოკლეს პერიოდში საცხოვრებელი სახლიდან დაახლოებით 1,5 კმ-ის მოშორებით, სარწყავი არხის მიმდებარედ იპოვეს და უვნებლად დაუბრუნეს ოჯახს.

პატარა ბიჭი თავს კარგად გრძნობს. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

*(ფოტო ქვეყნდება მშობლის ნებართვით)

ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს

“არც არავის ვთხოვ გმირობას – უბრალოდ, უხერხულია!” – ელისო კილაძე

“ქრონიკა +”-ის დამფუძნებელი, ელისო კილაძე “მთავარი არხის” სხვადასახვა პროექტის პროდუსერის თუ წამყვანის, ვანო ჯავახიშვილის სხვა ტელეკომპანიაში გადასვლასთან დაკავშირებით დაფიქსირებულ არაერთგვაროვან პოზიციას და გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება:

აუ მორჩით რა, მორჩით!

ნოდარ მელაძე რომ წავიდა “მთავარი არხიდან”, მაშინაც ჭორაობდით ფული ქოცებმა გადაუხადესო!

დრომ დაარქვა სახელი ყველაფერს და კარგად გამოჩნდა ვინ გაიყიდა ფულზე და ვინ არა – “ნოდარ მელაძის შაბათი” ქოცების მუდმივ თავისტკივილად იქცა!!!

იარლიყების მიკვრა მაგარი იცით – ვანოსაც ბევრჯერ შეეძლო წასვლა (სთავაზობდნენ კიდეც), მაგრამ არ წავიდა!

ჰო, “კოლეგებს” გიყურებთ – როგორ ვერ ბედავთ იმ გუნდის დაცვას, რომლის გვერდით წლები გაატარეთ!

არც არავის ვთხოვ გმირობას – უბრალოდ, უხერხულია!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ელისო კილაძე.

“სპეცოპერაციის დროს მე ხმამაღლა ვუყვიროდი, რომ თვალებს ხომ ვერ დამალავთ-თქო, თქვენ თვალებით ამოგიცნობთ-თქო” – თეა მარტყოფლიშვილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, ამჟამად პატიმრობაში მყოფი სოსო გოგაშვილის მეუღლე, თეა მარტყოფლიშვილი ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს, სადაც საუბრობს მათ სახლში გოგაშვილის დაპატიმრების სპეცოპერაციის კონკრეტულ დეტალებზე:

,,შალვა ბედოიძეს მე ძალიან კარგად ვიცნობ, მაგის ამოცნობა ნამდვილად არ გამიჭირდებოდა. ნიღაბი ეკეთა, შეიძლება ცხვირი, ტუჩი დამალო, მაგრამ თვალებს ვერასდროს ვერ დამალავ.

იმ სპეცოპერაციის დროს მე ხმამაღლა ვუყვიროდი, რომ თვალებს ხომ ვერ დამალავთ-თქო, თქვენ თვალებით ამოგიცნობთ-თქო.

ძალადობას ახორციელებდა როგორც ღამბაშიძე, ისე ბედოიძეც, დვალიშვილი და პაპუნაც.

ტელეფონზე ესაუბრებოდნენ, ალბათ, ვახტანგ გომელაურს. ის ხომ დაბალი პოზიციის თანამშრომელს არ დაურეკავდა?! ხომ არ მოახსენებდა, თუ როგორი წარმატებული სპეცოპერაცია ჩაატარეს?!

კონკრეტული ჩხრეკის განჩინებით როცა შემოდიან, აუცილებლად იქ უნდა იყოს მარტო გამომძიებელი და პოლიციელი, არა თუ სპეცრაზმი და მაღალი თანამდებობის პირები. რა საჭიროებას მოითხოვდა ამათი იქ ყოფნა?! თუ არადა მათ თავისუფლად შეუძლიათ ანძებიდან ამონაწერები ამოიღონ და დამიმტკიცონ, რომ ისინი იქ არ იმყოფებოდნენ“, – განაცხადა თეა მარტყოფლიშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

“მარტო განცხადებები საკმარისი არ არის! თუ პრეზიდენტი შინა პატიმრობაშია და არ უშვებენ, ამაზეც უნდა ილაპარაკოს” – პაატა მანჯგალაძე

პრეზიდენტის მიმართვაზე პოლიტიკურ შეფასებას აკეთებს საქართველოს პარლამენტის წევრი, ,,სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე. ოპოზიციონერი ლიდერი სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს, რომ გამოიყენოს კონსტიტუციით განსაზღვრული უფლება-მოსილება:

,,საქართველო დგას ისტორიულ გზაგასაყარზე, ახლა არის მოქმედებების დრო! პრეზიდენტმა, როგორც სახელმწიფო მეთაურმა, უნდა გამოიყენოს კონსტიტუციით განსაზღვრული უფლება.

მარტო განცხადებები საკმარისი არ არის! თუ პრეზიდენტი შინა პატიმრობაშია და არ უშვებენ, ამაზეც უნდა ილაპარაკოს.

მაშინ თუ არ მოსწონს ის, რასაც ,,ქართული ოცნება“ აკეთებს, დაიწყოს თვითონ მოქმედებები. ჩვენ ვენდობით მხოლოდ მოქმედებებს! საუბარი საკმარისი არ არის!“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ინფორმაციისთვის: პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავის მიმართვაში ასევე აღნიშნა, რომ ის ვერ/არ მიდის კონკრეტულ საერთაშორისო შეხვედრებზე/ფორუმებზე, მათ შორის გაეროში

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

“აქ გადის გამყოფი ხაზი – ჩვენ ვართ საბჭოთა მემკვიდრეობაში თუ გადავდივართ მართლაც ევროპულ სისტემაში?” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საგანგებო ბრიფინგზე ვრცელ განცხადებას აკეთებს ქვეყნაში არსებული ფარული მოსმენა-მიყურადების ფაქტებთან დაკავშირებით:

,,არის საკითხები, როდესაც ვეტო ატარებს ძალიან მაღალ პოლიტიკურ ნიშანს. პოლიტიკური არა როგორც აქ ესმით – პოლიტიზირებული, არამედ პოლიტიკური იმიტომ, რომ ეს ეხება სისტემას. რა თუ არა მოსმენები, ეხება ჩვენს დღევანდელ და ხვალინდელ სისტემას. აქ გადის გამყოფი ხაზი – ჩვენ ვართ საბჭოთა მემკვიდრეობაში კიდევ თუ გადავდივართ მართლაც ევროპულ სისტემაში? არის დაცული ჩვენი პირადი ცხოვრება მოსმენებისგან თუ არ არის?!

ჩვენ ვიცით, რომ ვცხოვრობთ ჯერ კიდევ ქვეყანაში, სადაც ყველანი სადმე რომ შევდივართ და რამის საუბარი გვინდა, ვფიქრობთ იმაზე, რომ ტელეფონი დავიტოვოთ თუ გავიტანო?! მერე ვძლევთ ამას და ვამბობთ, რომ ჯანდაბას, იყოს ეს ტელეფონი და მოუსმინონ, რასაც უნდათ.

ეს არ არის ევროპული ცხოვრება!

იმ ფორმით, რომლითაც იყო მიღებული ეს ცვლილებები არადასაბუთებული, აჩქარებული წესით, არაინკლუზიური კონსულტაციებით, არავინ იქნა ჩართული ამ პროცესში, ეს ყველაფერი აჩენს ახალ ეჭვს, რომ ეს არის კიდევ და მხოლოდ ძალაუფლების გამყარებისთვის მიღებული ცვლილებები, რომ მოსმენები გახდეს კიდევ ერთხელ, როგორც ამ ქვეყანაში ვართ მიჩვეული, ძალაუფლების ერთ-ერთი ძლიერი ბერკეტი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

“უკადრებელს ნუ კადრულობ ‘’მეგობარო’’ ერთგულებაზე კრიტიკას ვერ მივიღებთ” – ვანო ჯავახიშვილი

სოციალურ ქსელში, სხვა არხზე გადასვლასთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა ვანო ჯავახიშვილმა:

მოგესალმებით, როგორც იცით მთავარ არხზე ფინანსური კრიზისის გამო დაიხურა ჩვენი ყველა გადაცემა და გვქონდა იძულებითი პაუზა. ახალი სეზონიდან შევხვდებით TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი -ს ეთერში. ველოდებით ჩვენს ერთგულ მაყურებელს “ტვ პირველის” ეთერში, იგივე დღეს და იგივე დროს✌️“, – აღნიშნა ვანო ჯავახიშვილმა.

ამ განცხადებას მალევე გამოეხმაურა ტელეკომპანია “მთავარი არხი”:

ძალიან ვწუხვართ იმ ფაქტის გამო, რომ „ვანოს შოუს“ გუნდმა „მთავარი არხის“ დატოვების და სხვა ტელეკომპანიაში გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

მძიმე ფინანსური კრიზისის მიზეზით ივნისის შუა რიცხვებში ჩვენ იძულებულნი გავხდით დაგვეხურა არხის მთავარი პავილიონი, სადაც იწერებოდა ან პირდაპირ ეთერში გადიოდა არაპოლიტიკური გადაცემები: „ვანოს შოუ“, „ახალი შაბათის შოუ“, „მთავარი ბიჭები“, „სხვა ნანუკა“, „შენი დილა“, „მთავარი ჭკვიანი“, „მხოლოდ ლელასთან“, „სპორტი დიდ ქალაქში“, „მთავარი დიაგნოზი“, „ლიტერატურული სამკუთხედი“, „ამინდზე მეტი“ და „მთავარი მსოფლიოში“.

პავილიონის შენახვა, მასშტაბური სტუდიების ნაქირავები ტექნიკით აღჭურვა და ადამიანური რესურსით უზრუნველყოფა იმდენად ძვირი ჯდებოდა, რომ ჩვენ, უბრალოდ, ვეღარ შევძლებდით ასეთი ხარჯების გაწევას. ამიტომ მივიღეთ პავილიონის გაუქმების მძიმე გადაწყვეტილება.
ზემოთჩამოთვლილი გადაცემებიდან ყველამ მიიღო ერთნაირი შეთავაზება, რომ გადასულიყვნენ თვითდაფინანსებაზე; საჭიროების შემთხვევაში, შეეკვეცათ ხარჯები; მორგებოდნენ ალტერნატიულ, უფრო მცირე ზომის ლოკაციებს ეთერში გასასვლელად; ახალ რეალობაზე მოსარგებად, შეეტანათ ცვლილებები გადაცემების ფორმატში.
მიუხედავად იმისა, რომ ეს არ იყო მარტივი ამოცანა, ფაქტობრივად, ყველა გადაცემამ თანხმობა განაცხადა შეთავაზებულ ცვლილებებზე.

მაგალითად, „შენი დილა“ კვირების განმავლობაში პირდაპირ ეთერში ეზოდან გადიოდა; მოგვიანებით არხის მთავარი ოფისის გვერდით ჩვენ გამოვყავით პატარა სივრცე და ერთგული მაყურებლისგან დახმარების ფონდზე შემოსული თანხებით მოვაწყვეთ მცირე ზომის სტუდია – ბევრად უფრო მოკრძალებული ზომის, ვიდრე ძველი პავილიონი – საიდანაც ახლა ეთერში გადის „შენი დილა“, „ლიტერატურული სამკუთხედი“, „მთავარი დიაგნოზი“ და ა.შ.

„სხვა ნანუკა“ პავილიონის დახურვის შემდეგ გადავიდა რეალითი-ფორმატზე, შემდეგ სახსრების არარსებობის გამო იძულებული გახდა ივლისში დროებით შეჩერებულიყო, თუმცა ამ პერიოდში ნანუკამ შეკრიბა ახალი გუნდი, მოიძია სპონსორები და სრული თვითდაფინანსებით და განახლებული ფორმატით სექტებმრიდან იწყებს ახალ სეზონს ჩვენს არხზე.

„მხოლოდ ლელასთან“ აგრეთვე გადავიდა რეალითი-ფორმატზე და სტუდიის გარეშე გადის ეთერში.

ერთადერთი გუნდი, რომელმაც განაცხადა, რომ ვერ შეძლებდა „მთავარი არხის“ ახალ რეალობაზე მორგებას და ამისთვის აუცილებელი ცვლილებების შეტანას გადაცემებში, „ვანოს შოუს“ გუნდი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ პავილიონის დახურვის შემდეგ ჩვენ მათთან არაერთი დამატებითი საუბარი გავმართეთ, შევთავაზეთ შემცირებული ზომის სტუდიის მოწყობა და შევთავაზეთ დახმარება სპონსორების მოძიებაში, მათ მაინც გადაწყვიტეს ჩვენთან თანამშრომლობის შეწყვეტა და არხიდან წასვლა. როგორც თვითონ განგვიმარტეს, მათ უკეთესი შეთავაზება მიიღეს სხვა ტელეკომპანიისგან.

ვწუხვართ, რომ ჩვენი უმძიმესი ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, ვერ შევძელით „ვანოს შოუს“ გუნდისთვის დამაკმაყოფილებელი პირობების შექმნა. ჩვენ დღემდე გვაქვს მათი სახელფასო დავალიანება, ისევე, როგორც აბსოლუტურად ყველა თანამშრომლის, რომელიც დღემდე მუშაობს „მთავარ არხზე“ – ხშირად ანაზღაურების გარეშე – და მაინც არ ტოვებს კომპანიას.

„ვანოს შოუს“ გუნდს უდიდესი წვლილი მიუძღვის „მთავარი არხის“ შექმნაში, წარმატებასა და მაღალ რეიტინგში. ჩვენ მრავალწლიანი თანამშრომლობა გვაკავშირებს და ამ ადამიანებთან ერთად ურთულესი ეტაპები გვაქვს გამოვლილი. ამიტომ მათი წასვლა არხისთვის ნამდვილად დანაკლისია. ეს ჩვენს ინტერესებში და გეგმებში არ შედიოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, მათ თვითონ გადაწყვიტეს ასე.

„ვანოს შოუს“ გუნდის წასვლის გამო, ჩვენ მუშაობა დავიწყეთ ახალ იუმორისტულ შოუზე – ახალი გუნდით და ახალი წამყვანით, რომლის ვინაობასაც მაყურებელი მალე გაიგებს. გადაცემა სწორედ იმ ახალი სტუდიიან გავა ეთერში, რომელზეც უარი თქვა „ვანოს შოუმ“ და ეყოლება ის სპონსორები, რომლებსაც ვთავაზობდით „ვანოს შოუს“.

ნაკლები პოლიტიკა და მეტი იუმორი – ასეთი იქნება ჩვენი ახალი იუმორისტული შოუ, რომელიც ეთერში გავა, რა თქმა უნდა, იგივე დღეს, იგივე დროს და იგივე ადგილზე – ყოველ პარასკევს, 22:00 საათზე, „მთავარ არხზე““, – ნათქვამია განცხადებაში.

საპასუხუხო განცხადება გაავრცელა “მთავარი არხის” უკვე ყოფილმა სახემ, ვანო ჯავახიშვილმა:

გავეცანი ‘’მთავარი არხის’’ განცხადებას ჩვენი გუნდის წასვლასთან დაკავშირებით.

მინდა გითხრათ რომ ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. ჩემი პრინციპებიდან გამომდინარე ვფიქრობდი რომ არ იქნებოდა კარგი შიდა ამბების გარეთ გამომზეურება, უბრალოდ ახლა ვთვლით რომ ეს არის ჩვენი გუნდის მიზანმიმართული დაზიანების მცდელობა.

სიმართლე ის არის, რომ ფინანსური კრიზისის გამო არხზე ჩვენი გადაცემები მართლა დაიხურა (”ვანოს შოუ”, ”ახალი შაბათის შოუ” , ”მთავარი ბიჭები”, ‘’მთავარი გოგოები’’) და არხზე დარჩა ისეთი გადაცემები, რომლებსაც სპონსორები ჰყავდათ . სამი თვის განმავლობაში ვიმუშავეთ აბსოლუტურად უხელფასოდ და ერთი წამითაც არ გაგვიჩერებია ეთერი. ჩემი გუნდის თანამშრომლები ჩაცვივდნენ მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში, დავალიანება დღემდე დავალიანებად დარჩა, იმის მიუხედავად, რომ არხზე დარჩენილი თანამშრომლები ჩვეულებრივად იღებენ ანაზღაურებას.

რაც შეეხება მთავარი არხის შემოთავაზებას, არხმა შემოგვთავაზა შემდეგი: მხოლოდ დარჩენს ‘’ვანოს შოუ’’, ხოლო დანარჩენი გადაცემები დაიხუროს. ეს ნიშნავდა იმას რომ გუნდის 70% სახლში უნდა გაგვეშვა, ის ადამიანები რომლებიც მთელი ჩვენი არსებობის განმავლობაში გვერდში გვედგნენ და ბოლომდე მოგვყვებოდნენ. ეს ის თანამშრომლები არიან, რომლებიც არც ერთი წამით არ იხევდნენ უკან, როცა არხს გასაჭირი ქონდა. რა თქმა უნდა ჩვენმა გუნდმა ერთიანობა ამჯობინა და ამიტომ დავთანხმდით ისეთ შემოთავაზებას, რომელიც საშუალებას მოგვცემდა გუნდი მაქსიმალურად შეგვენარჩუნებინა.

‘’მთავარი არხის’’ მხრიდან ამ ტიპის განცხადება და ჩვენთვის ზიანის მოყენების მცდელობა, არის პირდაპირ გეტყვით სრული უნამუსობა და ბოროტება. მივმართავ ზემოთხსენებული განცხადების ავტორს: უკადრებელს ნუ კადრულობ ‘’მეგობარო’’ ერთგულებაზე კრიტიკას ვერ მივიღებთ, რადგან ვთვლით რომ ერთგულება უნდა იყოს ორმხრივი და არა ცალმხრივი“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ვანო ჯავახიშვილი.

“გამოვასახლებ ურჩ დამქირავებელ რუსებს, ბინის ღირებულების 20%-ად” – ირაკლი ოქრუაშვილი

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციებს ეხმაურება, გაქირავებული სახლების მეპატრონეებისთვის რუსეთის თუ ბელარუსის მოქალაქეების მხრიდან შექმნილ პრობლემებთან დაკავშირებით და ბინების მფლობელების მიმართ ერთგვარი “ბიზნეს”-შეთავაზებით გამოდის პარტია “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი:

გამოვასახლებ ურჩ დამქირავებელ რუსებს, ბინის ღირებულების 20%-ად.

მაგაზე ნაკლების ღირსი არ ხართ“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ირაკლი ოქრუაშვილი.

თბილისის მერია სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტუდენტებისთვის 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით განცხადებების მიღებას იწყებს

თბილისის   მერია   სტუდენტთა  დაფინანსების პროგრამის  ფარგლებში  1  სექტემბრიდან   სოციალურად   დაუცველი,  მრავალშვილიანი ოჯახის  წევრი  და  შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2022-2023  სასწავლო  წლის შემოდგომის  სემესტრის  სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების  მიღებას იწყებს.

  1. პროგრამის  ფარგლებში   დაფინანსდებიან:

1.1 სოციალურად დაუცველი სტუდენტები: საქართველოს მოქალაქე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული  პირი, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით  ჩაირიცხა   ბაკალავრიატის, მაგისტრატურის  ან დოქტორანტურის   აკადემიურ საფეხურზე,  არის  აქტიური  სტატუსის მქონე   სტუდენტი,  რეგისტრირებულია სოციალური მომსახურების სააგენტოს ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და  მინიჭებული სარეიტინგო ქულა ტოლია ან  ნაკლებია 150 000-ზე   და  „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან“ ამონაწერში ოჯახის საცხოვრებელი ადგილის მისამართად მითითებულია  ქალაქი  თბილისი.

1.2 მრავალშვილიანი  ოჯახის  წევრი  სტუდენტები: საქართველოს მოქალაქე, ქალაქ თბილისის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირი, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით  ჩაირიცხა   ბაკალავრიატის, მაგისტრატურის  ან დოქტორანტურის   აკადემიურ  საფეხურზე,  არის  აქტიური სტატუსის მქონე   სტუდენტი  და კანონმდებლობით დადგენილი წესით არის მრავალშვილიანი ოჯახის წევრი (ოთხი და მეტი შვილი).

1.3  შეზღუდული  შესაძლებლობის  სტატუსის  მქონე  სტუდენტები:  საქართველოს მოქალაქე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირი, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით  ჩაირიცხა   ბაკალავრიატის, მაგისტრატურის  ან დოქტორანტურის   აკადემიურ საფეხურზე,  არის  აქტიური სტატუსის მქონე   სტუდენტი  და კანონმდებლობის  შესაბამისად მინიჭებული აქვს  ზომიერად,  მნიშვნელოვნად  ან  მკვეთრად   გამოხატული  შეზღუდული  შესაძლებლობის  სტატუსი.

 

დაფინანსების  ოდენობა   სემესტრულად  შეადგენს  არაუმეტეს  1125 ლარს  და დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში მიღებული   აკადემიური მოსწრების საშუალო  არითმეტიკულ ქულაზე:

 

  • 90-ზე მეტი – 100 ქულის ჩათვლით  –  სემესტრული თანხის არაუმეტეს  100% (1125 ლარი) სტუდენტებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ არის 150 000-ის ტოლი ან  ნაკლები, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტებისთვის და  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებისთვის;

 

  • 70-ზე  მეტი – 90  ქულის ჩათვლით – სემესტრული თანხის  არაუმეტეს 100%, (1125 ლარი) სტუდენტებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა   ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ არ  აღემატება 70 000-ს და მნიშვნელოვნად   ან მკვეთრად გამოხატული  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებისთვის;

 

ხოლო  სემესტრული თანხის არაუმეტეს  70%  (787.5 ლარი) სტუდენტებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ არის 70 000-ზე მეტი და 150 000-ის ტოლი ან ნაკლები, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტებისთვის და ზომიერად გამოხატული  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებისათვის;

 

  • ტოლია  ან  ნაკლებია  70  ქულაზე – სემესტრული თანხის არაუმეტეს 70% (787.5 ლარი)  მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტუდენტისათვის,  ხოლო სემესტრული თანხის   არაუმეტეს 50% (562.5 ლარი) სტუდენტებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ ტოლია ან ნაკლებია 150 000 -ის, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტებისთვის და ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებისათვის;

დაფინანსების მისაღებად  სტუდენტმა თბილისის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • პირადი განცხადება

  • საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი;

  • სოციალურად დაუცველი სტუდენტის  შემთხვევაში –  ამონაწერი „სოციალურად  დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან“,  შეზღუდული შესაძლებლობის  მქონე ან  მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტის  შემთხვევაში –  სტატუსის დამადასტურებელი   ცნობა  შესაბამისი  ადმინისტრაციული ორგანოდან;

  • ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას სტუდენტის  სტატუსის და წლიური გადასახადის შესახებ;

  • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი/ამონაწერი, წინა სემესტრში გავლილი საგნებისა და შეფასებების შესახებ (გარდა პირველი სემესტრის სტუდენტებისა);

  • იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის შემთხვევაში-დოკუმენტი, დროებითი რეგისტრაციის ადგილის შესახებ, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოდან.

  • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საბანკო რეკვიზიტები/ანგარიშფაქტურა.

  • შეზღუდული შესაძლებლობის  მქონე ან  მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტის  შემთხვევაში – თბილისში რეგისტრაციის დამადასტურებელი ცნობა (განცხადების შემოტანის მომენტისთვის სტუდენტს არანაკლებ ბოლო 6 (ექვსი) თვის განმავლობაში უნდა უფიქსირდებოდეს  რეგისტრაცია  ქალაქ  თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე).

 

პროგრამის  ფარგლებში  პირველი   სემესტრის სტუდენტები დაფინანსდებიან სემესტრული თანხის  (1 125 ლარი)   50%-ით.

განცხადების   მიღება   დაიწყება    2022   წლის  1    სექტემბრიდან  და   გაგრძელდება  30  ნოემბრის  ჩათვლით  (მის: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარია,  შარტავას ქ. N7).

სტუდენტებს    განცხადებების  შემოტანა   ასევე   შეუძლიათ   თბილისის  რაიონული გამგეობების   სერვის    ცენტრებში  ან ელექტრონულ პლატფორმაზე: ms.gov.ge (ელექტრონული ხელმოწერისთვის აუცილებელია სპეციალური მოწყობილობის არსებობის შემთხვევაში).