ველური ბუნების ეროვნული სააგენტო მორიგი საინტერესო ინფორმაცია საქართველოს ფლორის საყურადღებო წარმომადგენელზე:
🌲 საახალწლო განწყობის კიდევ ერთი შეუცვლელი სიმბოლო, რომელზეც დღეს უნდა მოგიყვეთ, ჭყორი (Ilex) იგივე ბაძგია.
მისი მარადმწვანე ტოტებისგან დაწნული დეკორაციები დღესასწაულის ერთ-ერთი მთავარი ელემენტია და სიცოცხლის მუდმივ განახლებას გამოხატავს.
ჭყორის ერთ-ერთი ქვესახეობა, კოლხური ჭყორი, კავკასიისთვის ენდემური და კოლხეთის რელიქტური ტყეების ერთ-ერთი გამორჩეული მცენარეა. ეს მარადმწვანე ბუჩქი ან მცირე ზომის ხე ბუნებრივად გვხვდება დასავლეთ საქართველოს ტენიან სუბტროპიკულ ტყეებში და კოლხეთის უნიკალური ეკოსისტემის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.
სხვა სახეობებისგან განსხვავებით, კოლხური ჭყორი გამოირჩევა შედარებით რბილი, უფრო ერთგვაროვანი და მბზინავი ფოთლებით. თვალშისაცემია მისთვის დამახასიათებელი წითელი ნაყოფი; განსაკუთრებით ზამთარში, როცა ბევრი სხვა მცენარე ფოთოლგაცვენილია.
კოლხურ ჭყორს ხშირად დეკორატიული მიზნებით იყენებენ, თუმცა მისი მნიშვნელობა მხოლოდ ესთეტიკით არ შემოიფარგლება. ტყეში ჭყორი თავშესაფარია ფრინველებისა და პატარა ცხოველებისთვის, ხოლო მისი ნაყოფი ზამთარში საკვების მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, ამ სახეობის შენარჩუნება აუცილებელია ტყის ბიომრავალფეროვნებისა და ეკოლოგიური ბალანსის დასაცავად.

