ოთხშაბათი, აპრილი 30, 2025
10.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიგვეძლევა შანსი, რომ მომავალში ჩვენი ერთად ყოფნა რაღაც...

გვეძლევა შანსი, რომ მომავალში ჩვენი ერთად ყოფნა რაღაც უზენაესად მნიშვნელოვანსა და გარდუვალზე ავაგოთ – ზაზა ფირალიშვილი

კორონავირუსის ეპიდემიაზე, ქვეყანაში და მთლიანად მსოფლიოში შეცვლილ რეალობაზე ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი საკმაოდ საინტერესო მოსაზრებას აქვეყნებს სოციალურ ქსელში:

“მოდი, ერთი მხრიდანაც შევხედოთ იმას, რაც ხდება.

ცხადია, ვირუსის გავრცელება უბედურებაა. როგორც ჩანს, ამ უბედურების მასშტაბები გაიზრდება. მისი წყალობით ყველანი სიკვდილის მეზობლობაში აღმოვჩნდით და ეს განცდა კიდევ უფრო გაიზრდება.

ძალიან დიდი ხნის წინ ითქვა და გავიმეორებ: ადამიანი სიკვდილთან მიმართებაში ადასტურებს იმას, რომ ადამიანია – მაშინ, როდესაც ფერმკრთალდება ყველა ის ღირებულება, რომლებითაც ცხოვრობდა და რაღაც უპირობოდ გარდუვალის, მთავარისა და მნიშვნელოვანის წინაშე აღმოჩნდება; როდესაც ის ხედავს, თუ წამებში როგორ შეიძლება დაინგრეს ის, რითაც არსებობდა: ზერელე ან ისტერიული რწმენა, გაბერილი ეგო, იდეები, რომლებითაც თავს იბრმავებდა და ა.შ. ესაა, რაც არ მოგვცემს საშუალებას, რომ ადრინდელ ფიქრებს და განწყობებს დავუბრუნდეთ.

ერთმა ჭკვიანმა კაცმა თქვა: სიკვდილთან მიმართება ქმნის ადამიანსაც და კულტურასაც. როდესაც ადამიანი ამ მიმართებას ივიწყებს, მოსიარულე მიცვალებულიღა გვრჩება. ეპიდემია ამ მიმართებას გვახსენებს მას შემდეგ, რაც ათასმა ზერელე იდეამ, კომფორტის უსაზღვრო წყურვილმა, ზნეობრივმა რელატივიზმმა თუ, უბრალოდ, წვრილ-წვრილმა ვნებებმა თითქოს საფუძვლიანად განდევნეს მისი ხსოვნა.

ჰოდა, რა ხდება? ვხედავთ, რომ ჩვენში ნელნელა იღვიძებს ის გენი, რომლისთვისაც სიკვდილის თანაობა ლამის საყველპურო რამ იყო. თითქოს ორასწლოვანი დაშორებისა და დაბნეულობის შემდეგ კვლავ შევხვდით ჩვენს წინაპრებს, თითქოს გაჩნდა შანსი, რომ დროთა კავშირი აღდგეს. რაღაც მადლიანმა ძარღვმა გაიღვიძა და ხელიდან არ უნდა გავუშვათ ის.

ამ თანაობაში უნდა დავადასტუროთ, რომ ღირსი ვართ სიცოცხლისა, სადღაც და ოდესღაც რომ მოგვეცა. ამას ჩვენში სიკეთის გაღვიძებაც შეუძლია და ბოროტებისაც – მშვიდი, სხვებზე მზრუნველი სიკეთისაც და სასოწარკვეთილი გაავებისაც. ყველა ვერ გავუძლებთ აზრს, რომ სიკვდილი ყველაზე ცუდი არ არის, რაც შეიძლება დაგვემართოს. ყველა შემთხვევაში, ამის შემდეგ ჩვენ იგივენი ვეღარ ვიქნებით.

საკუთარი თავისა და სხვების გაფრთხილება აუცილებელია თუნდაც საიმისოდ, რომ შანსი მოგვეცეს, მომავალში ამ გამოცდილებით ვიცხოვროთ. ეს უკანასკნელი, ალბათ. გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი განძი იქნება, ვიდრე ეკონომიკა ან რაიმე სხვაა. ეკონომიკასაც ის შექმნის, რადგან გაგვახსენებს შრომას, როგორც ჩვენს ადამიანურ ვალს. თითქოს ბედმა არარასთან შეგვახო, რათა შევძლოთ და ხელახლა დავიწყოთ ყველაფერი. ცხადია, ყველაფერი ეს მოხდება არა საჯაროდ, არამედ ყოველი ჩვენგანის სულში ფარულად და განუცხადლებლად და ყველა ვერ გავუძლებთ საფრთხესთან ამგვარ შეხვედრას. მაგრამ მაინც, ყველა შემთხვევაში გვეძლევა შანსი, რომ მომავალში ჩვენი ერთად ყოფნა რაღაც უზენაესად მნიშვნელოვანსა და გარდუვალზე ავაგოთ. თუკი ვინმე ვერ გადარჩება, იმის ძალიან მნიშვნელოვანი შანსი ეძლევა, რომ ამ გამოცდილებით წარდგეს. სასაზღვრო მოვლენებს ეს მადლი აქვს,” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ზაზა ფირალიშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“თანდათან ინგრევა ოპოზიციის და მათი საყველპურო ექპერტების თუ ენჯეოების პროგნოზები” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, კონკრეტული შეფასებებით და ოპოზიციისადმი მინიშნებებით, ეხმიანება...

“რუსთაველის გამზირზე დგომა ჩემი კონსტიტუციური უფლებაა. პრინციპული პოზიციაა, რომ არ გადავიხდი ამ ჯარიმებს” –...

“იმის თქმა, რომ ანწუხელიძე გმირია, საქართველოში არიან პოლიტპატიმრები, საქართველოს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ნანუკა ჟორჟოლიანი მათთვის საფრთხეა იმიტომ რომ ხმამაღლა ამბობს სიმართლეს და ხალხის მხარეს დგას”...

სხვადასხვა ფონდების ხელმძღვანელების სახლებში დილიდან პროკურატურის წარმომადგენლები შევიდნენ და...

მიხეილ სააკაშვილი: “შემდეგ დღეებში გაფორმდება უკრაინის გამარჯვება!”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქართულ და უკრაინულ ენებზე...

“ირაკლი ღარიბაშვილს რომ თავმოყვარეობა არ აქვს ეს არაერთხელ დამტკიცდა” – თინა ბოკუჩავა

“ირაკლი ღარიბაშვილს რომ თავმოყვარეობა არ აქვს ეს არაერთხელ დამტკიცდა,...