უკრაინის უმაღლესი რადას მიერ მიღებულ მიმართვას სალომე ზურაბიშვილისადმი, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით და 44 ევროპარლამენტარის მიერ საქართველოს მე-3 პრეზიდენტის მხარდამჭერ განცხადებას, მწავავე კრიტიკული შეფასებებით, ეხმაურება ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე:
“რიგითი სააკაშვილის გადარჩენის“ მორიგი სპეცოპერაცია დაწყებულია. ერთმანეთთან სინქრონულად 44 ევროპარლამენტარის და უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატების სრულიად აბსურდული და კანონთან კონფლიქტში მყოფი მოთხოვნები სააკაშვილის გათავისუფლებაზე, არის უფრო მეტი ვიდრე „სპეცოპერაცია“. ეს არის პირდაპირი შეტევა საქართველოზე, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოზე, მის კონსტიტუციურ წყობასა და უსაფრთხოებაზე. თუმცა, წუწუნის და კრიტიკის ნაცვლად, ჩემი მოკრძალებული აზრით, ხელისუფლებამ უნდა გადადგას კონკრეტული ნაბიჯები.
ევროპარლამენტს და ევროკავშირის ყველა სტრუქტურას უნდა გაეგზავნოს ძალიან მშვიდი ტონალობის, მაგრამ მკაცრად არგუმენტირებული წერილი, დეტალური განმარტებით, თუ რატომ ვერ მოხდება ვერც სააკაშვილის შეწყალება და მითუმეტეს ვერც მისი გათავისუფლება.
ერთი წუთითაც რომ დავუშვათ, რომ სასამართლომ მიიღოს გადაწყვეტილება სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებასა და მისი სამკურნალოდ გადაყვანაზე, გარანტირებულად შეიძლება ითქვას, რომ სააკაშვილი საქართველოში სასჯელის მოსახდელად არ დაბრუნდება. მას ხომ არაერთხელ აქვს გაცხადებული რომ არ ენდობა აქაურ მართლმსაჯულებას. მას ამაში მხარს უჭერენ მისი დასავლელი მეგობრებიც. შესაბამისად არსებობს მისი მიმალვის რეალური საფრთხე.
ხელისუფლებამ უნდა დეტალურად აუხსნას, განსაკუთრებით ჩვენი საზოგადოების იმ ნაწილს, ვინც ვერ გარკვეულა სადაა სიმართლე და სიცრუე, რომ ევროპარლამენტარების ეს ყბადაღებული წერილი არის საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესის შეგნებული საბოტაჟი. აუხსნას, რომ ევროკავშირში არიან ძალები რომლებსაც არ სურთ ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში საქართველომ სტატუსი მიიღოს და თუ ეს მოხდა, პასუხისმგებლობა სწორედ მათზე იქნება და არა ჩვენზე.
კარგი იქნება თუ დამოუკიდებელი იურისტები და მედიკოსები კვალიფიციურად განმარტავენ, რამდენად ჯდება სამართლებრივ და სამედიცინო ჩარჩოებში ევროპარლამენტარების და უკრაინის მოთხოვნა სააკაშვილის შეწყალება-გათავისუფლებაზე, ან სამკურნალოდ უცხოეთში გაშვებაზე.
და ბოლოს, „პრეზიდენტ“ სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც „შერჩა“ გვარამიას შეწყალება, უნდა მიიღოს მკაფიო გზავნილი საზოგადოებისგან, რომ სააკაშვილთან დაკავშირებით ეს აღარ შერჩება“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ზაალ ანჯაფარიძე.

